მთავარი,სიახლეები

როგორ იმართება ბირთვული ღილაკი: ქიმიური იარაღი და უკრაინის ომი – ინტერვიუ გერმანელ დოქტორთან

19.12.2022 • 1158
როგორ იმართება ბირთვული ღილაკი: ქიმიური იარაღი და უკრაინის ომი – ინტერვიუ გერმანელ დოქტორთან

ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოება, მასობრივი იარაღის გამოყენებით პოლიტიკური მკვლელობები, დღესაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. რუსეთ-უკრაინის ომში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეტევით კი, რუსეთი დასავლეთზე ზეწოლას ცდილობს. რამდენად რეალურია ატომური ომის საფრთხე და რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს ის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების გერმანელ ექსპერტს, დოქტორ მარკ მაიკლ ბლუმს ესაუბრა, რომელსაც  ამ მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.

 2012-2019 წლებში დოქტორი ბლუმი მუშაობდა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში (OPCW), სადაც სკრიპალების მოწამვლის საქმეზეც იმუშავა. 

  • ბატონო მარკ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო და ხელში ჩაიგდო ზაპოროჟიეს ატომური სადგური, გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა რუსეთმა ატომური დაბინძურების რისკის ქვეშ დააყენოს არა მარტო უკრაინა. რამდენად რეალურია ეს საფრთხეები?  

ვფიქრობ, ბირთვული ესკალაციის რისკი მცირეა. ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რისკი დაბალია. ეს რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ უკრაინაში ისეთი სამხედრო სამიზნეები არ არსებობს, რის გამოც რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმა იქნებოდა გონივრული. თუ შეიძლება ამას საერთოდ გონივრული ვუწოდოთ.

თუ რუსეთი გადაწყვეტდა ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა შესაბამისი რეაქციები, არა მხოლოდ უკრაინის მხრიდან, არამედ სხვა ქვეყნების მხრიდანაც.

რუსეთს ძალიან მაღალი პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევდა ამისთვის. ასევე, დააზარალებდა საზოგადოებრივ აზრს იმ ქვეყნებში, რომლებიც ასე თუ ისე ნეიტრალურად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ, როგორიც არის, ვთქვათ, ინდოეთი ან ბრაზილია.

მაგრამ კარგი განმარტება და დასაბუთება შეგვიძლია მოვუძებნოთ იმას, თუ რუსეთმა რატომ დაიწყო ეს ნარატივი და მუდმივად აჟღერებს ამ ბირთვულ საფრთხეებს.

  • ალბათ პოლიტიკური შანტაჟისთვის, არა?

შიშის აღძვრის მიზნით, ფსიქოლოგიური იარაღის სახით იყენებს. არა მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინელებში აღძრას შიში, არამედ დასავლურ ქვეყნებშიც გააჩინოს ბირთვული ესკალაციის შიში.

მაგალითად, ჩემს ქვეყანაში, გერმანიაში, უბრალოდ სიტყვა ბირთვულის ხსენებაც კი შიშს იწვევს ხალხში. გერმანია ფრონტის ხაზი იყო ცივი ომის პერიოდში და ბირთვული ომის საწინააღმდეგო ძალიან მძლავრი მოძრაობები იყო. ეს შიში გამჯდარია ადამიანებში, განსაკუთრებით ასაკოვან მოსახლეობაში. Მათ არ სურთ ბირთვული ჰოლოკოსტი, ამიტომ ემხრობიან მოლაპარაკებებს.

რუსეთსაც სწორედ ეს უნდა, რომ დასავლეთმა რაღაცნაირად შეამციროს, შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა ამ შიშის გამო.

  • დასავლეთმა ხომ იცის, რომ რუსეთი ამას ხელაღებით ვერ გააკეთებს. Რამდენად პროგნოზირებადია რუსეთის ქმედებები?

დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში შეჭრაც მცდარი ეგონა ხალხს. ფიქრობდნენ, რომ არ შევიდოდა რუსეთი. შესაძლოა ვერ გათვალა ხალხმა კრემლის პოლიტიკა, სწორი პროგნოზირება ვერ გააკეთეს.

მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ რუსები არ არიან სულელები, მათ ხელმძღვანელობასაც სურს, რომ გადარჩეს პოლიტიკურად და ფიზიკურადაც.

ამდენად, ბირთვული ესკალაციის დაინტერესება, ჩემი ვარაუდით, არ ექნებათ.

  • უკრაინის მთავრობის პოზიციაა, რომ ეს ომი მაშინ შეჩერდება, როცა რუსი ჯარისკაცები დატოვებენ უკრაინას. ეს ხომ პუტინის მარცხს ნიშნავს. Როგორ ფიქრობთ, შეეგუება ამ მარცხს ის? რას შეიძლება ველოდეთ გაბოროტებული პუტინისგან, თუ ბირთვულ საფრთხეებს გამორიცხავთ?

უკრაინაში რუსეთმა უკვე განიცადა ძალიან სერიოზული მარცხი. ამიტომ ბომბავენ ენერგოსისტემას და სტრატეგიულ ობიექტებს. ანალოგიურს და იმავე მასშტაბით ამას ვერ გააკეთებს უკრაინა რუსეთში, ეს პრობლემაა.

საჰაერო ბაზას დაესხნენ, მაგრამ მასშტაბი მცირე იყო.

მინდა კიდევ ერთი საკითხი აღვნიშნო ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, ფრონტის ხაზი ამჟამად უკრაინის ანექსირებულ ტერიტორიებზე გადის, პუტინის თვალთახედვიდან ეს მათი ტერიტორიაა, ამიტომ თუ გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს ფრონტის ხაზზე, მაშინ გამოდის, რომ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენებს.

  • არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილია

რა თქმა უნდა, არავის სჯერა. უბრალოდ, რუსული სისტემა ტყუილებით არის გაჯერებული. იმიტომ მოახდინეს ანექსია, შემდეგ ჩაატარეს ფსევდო რეფერენდუმი, რომ ამით ცდილობენ სამართლებრივი ნორმების შექმნას. რუსეთის გარეთ ამის არავის სჯერა, ეს შიდა მიზნებისთვის იყო გაკეთებული.

  • არსებობს მითები ე.წ. ბირთვულ ღილაკზე. სად არის ეს ღილაკი, როგორ კონტროლდება, ვის მიუწვდება ხელი და როგორია ბირთვული ქვეყნების შეთანხმება მის კონტროლზე?

ბირთვული იარაღის გამოყენება უნდა იყოს ნებადართული და ავტორიზებული პრეზიდენტის მიერ. ვიღაცამ უნდა გადაამოწმოს, ნამდვილად გასცა პრეზიდენტმა ეს ბრძანება თუ არა. შტატებშიც იგივე პრინციპი მოქმედებს. მაგალითად, შტატებში ასეა, არსებობს კოდები, რომლებიც მუდმივად იცვლება. პრეზიდენტმა უნდა შეიყვანოს ეს კოდები სპეციალურ საკომუნიკაციო საშუალებაში, რომელიც სხვა პირმა უნდა გადაამოწმოს და დაადასტუროს. უფრო კონკრეტული დეტალები, რა თქმა უნდა, საიდუმლოა.

ცივი ომი საკმარისად ხანგრძლივი იყო იმისათვის, რომ ამ პერიოდში შექმნილიყო ბირთვული კონტროლის მექანიზმები, რაც მაქსიმალურად დაიცავს ბირთვულ პროცესს.

ფურცელზე შესაძლოა ჩანდეს, რომ ბირთვული ომი ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეალურად, სხვა პირებიც არიან ჩართულნი კონტროლში.

არსებობს მექანიზმი, რომ შეაჩერო, ვერ განხორციელდეს ბირთვული შეტევა, თუკი პრეზიდენტს ნერვული აშლილობა აქვს და თუ ამ ფონზე გადაწყვეტს ომის დაწყებას.

აქ საქმე ისაა, რამდენად არიან რუსეთში და პუტინის გარემოცვაში ისეთი ადამიანები, რომლებსაც მსგავსი აფექტის შემთხვევაში სურვილი ექნებათ პუტინი შეაჩერონ.

ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ისინი არ არიან სუიციდისკენ მიდრეკილები, იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება ომი უკრაინაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა გერმანია დამარცხდა და საბჭოთა კავშირმა აიღო ბერლინი, ჰიტლერმა თავი მოიკლა. ასეთი რაღაც რუსეთში არ არის მოსალოდნელი, Რადგან უკრაინა არ შეიჭრება რუსეთში. შესაძლოა ომი წააგონ, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოს არსებობის პრობლემა არ დადგება.

იმ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე, თუ რუსეთის სახელმწიფოს არსებობა დადგება რისკის ქვეშ.

უფრო მაღალი ალბათობით, დასავლეთი არ დაუშვებს, რომ უკრაინა შევიდეს რუსეთში, თვითონ უკრაინაც არ შევა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფრო მეტი დასაბუთება ექნება.

შესაბამისად, ნაკლებ სავარაუდოა ბირთვული ომის საფრთხე. ამას უფრო პოლიტიკური, ფსიქოლოგიური თამაშის დატვირთვა აქვს.

თუმცა შემთხვევით რაღაცის გაჟონვა ან გაშვებაც არ არის გამორიცხული.

მაგრამ ესეც სწორედ ამ შიშის აღძვრის მიზნით კეთდება, ვინაიდან ყველას ახსოვს ჩერნობილი.

  • როგორც ვიცით, რუსეთი ხშირად მიმართავს აკრძალულ იარაღს, იგივე კასეტურ ბომბებს, რომლებსაც უკრაინაში იყენებს და ასევე გამოიყენა საქართველოში აგვისტოს ომის დროს, ამის გამო რაიმე სანქცია არსებობს?  

კლასტერული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, თუმცა რუსეთი ამ ხელშეკრულების ხელმომწერი არ არის.

რატომ არის აკრძალული? – იმიტომ, რომ მიწაზე იფანტება ბომბის პატარა ნაწილები, რომლებიც შესაძლოა იმ წუთში არ აფეთქდეს და შემდეგ მოსახლეობას უქმნის საფრთხეს.

ეს ნაწილები პატარა სათამაშოებს ჰგავს, შეიძლება ბავშვმაც აიღოს ხელში და აფეთქდეს.

ასევე დიდი პრობლემაა ნაღმები, რომლებიც სამოქალაქო პირებს უქმნის საფრთხეს.

უკრაინას წლები დასჭირდება იმ ტერიტორიების გასაწმენდად, სადაც რუსებმა ჩატოვეს ეს ნაღმები. ამის გაწმენდას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება და, შესაბამისად, ეს ნაღმები გრძელვადიან რისკს წარმოადგენს უკრაინისთვის.

ასევე არსებობს თავდასხმების რისკი სამოქალაქო ობიექტებზე, ქარხნებზე, ისეთ ობიექტებზე, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება და შესაძლოა მოხდეს გაჟონვა.

ვხედავთ ხომ სოციალურ მედიაში, როგორ ესხმის თავს რუსეთი ასეთ ობიექტებს უკრაინაში.

  • ჩვენ ვნახეთ სირიის ომი და ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვები. უკრაინაში მებრძოლი ქართველებიც გვეუბნებოდნენ, რომ ისინი „ზარინით“ მოწამლეს. „ზარინი“ იყო ნახსენები სამედიცინო დასკვნაშიც, რომელიც მათ გვაჩვენეს. არსებობს სანქცია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, როგორია ამაზე შეთანხმება?

სირიაზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან OPCW -ში ყოფნის დროს ვმუშაობდი სირიიდან შემოტანილ მასალებზე და კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება მაქვს. Რაც შეეხება უკრაინას, მე პირადად ვეჭვობ, რომ „ზარინი“ გამოეყენებინათ.

  • ამ მოწამვლის დროს რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, სხვები კი რამდენიმე თვეა მკურნალობენ. მაშინ რა შეიძლება ყოფილიყო ეს?

სხვა გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება იყოს. რასაკვირველია, ბევრი დოკუმენტაციაა რუსეთის  სამხედრო დანაშაულებზე არა მხოლოდ ბუჩაში ან სხვაგან, რომელიც დოკუმენტირებულია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ჰააგის თემაა, მაგრამ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული განცხადებისა და ბრალდების შემთხვევები უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით.  

  • თუ დადასტურდა, რა ხდება მაშინ?

ჯერ ნიმუშები OPCW-ში უნდა გაიგზავნოს, ვინაიდან სწორედ ეს არის ის ორგანო, რომელიც კონვენციას აკონტროლებს.

თუ დაუდასტურათ, რომ „ზარინთან“ შეხება ჰქონდათ ადამიანებს, უნდა დადგინდეს რა სახით მოხდა ექსპოზიცია, უნდა განისაზღვროს, შემთხვევითი იყო თუ განზრახ. ეს გარემოებები უნდა დადგინდეს.

მერე უკვე უშიშროების საბჭოში შეიძლება ამ საკითხის შეტანა. ვიცი, რომ იქ რუსეთს ვეტოს უფლება აქვს, მაგრამ მაინც გასაჯაროვდება, თუ ეს დადგინდა.

თუმცა მე მაინც მგონია, რომ ნერვული აგენტის – „ზარინის“ გამოყენების შემთხვევაში, უკრაინა საერთაშორისო მასშტაბით გაავრცელებდა ინფორმაციას.

რაც შეეხება სანქციას, ეს შეიძლება იყოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური.

მაგალითად, ახლახან ბრიტანულმა ორგანიზაციამ გამოავლინა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში, მოსკოვში ის პასუხისმგებელი პირები, ვინც უკრაინაში მაღალი დამიზნების რაკეტების მართვაზეა პასუხისმგებელი და გუშინ, ევროკავშირმა ამ პირებს სანქციები დაუწესა.

30-ზე მეტი სამხედრო ინჟინერია, რომლებსაც პერსონალური სანქციები დაუწესდა. ჩამოთვლილია მათი სახელები და თანამდებობები.

  • როგორც ფაქტები გვაჩვენებს, რუსეთი არ ამბობს უარს ნერვული აგენტების გამოყენებაზე. ამის მაგალითია ნავალნის, ლიტვინენკოს, სკრიპალების შემთხვევები. ალბათ იცით, რომ პუტინს არც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოსწონდა. სააკაშვილი ახლა პატიმარია და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაში მკურნალობს. ამერიკელმა ექსპერტმა თქვა, რომ მის ორგანიზმში ვერცხლისწყალი, დარიშხანი და სხვა მძიმე მეტალები აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება, რომ სააკაშვილიც ქიმიური იარაღის მსხვერპლი იყოს?

ტოქსინებით შეიძლება ადამიანის დაავადება, ამის მაგალითი იყო გეორგი მარკოვი, ბულგარელი დისიდენტი, რომელიც 70-იან წლებში ლონდონში „რიცინით“ მოწამლეს.

„დიოქსინი“ იყო გამოყენებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იუშენკოს მოწამვლის შემთხვევაში. ცხადია, დარიშხანი და ვერცხლისწყალიც მძიმე მეტალია და იწვევს მძიმე შედეგებს. ძალიან დიდი დრო სჭირდება მისგან განკურნებას.

  • და ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ, ოდესმე დასრულდება ბირთვული ომით შანტაჟი და რა შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს?

რატომ დაასრულებს მაგალითად რუსეთი? ის ყოველთვის გამოიყენებს ამ შიშებს, როგორც იარაღს მანიპულაციისთვის. 

პრინციპში, არც არსებობს ამის დასრულების რეალური სურვილი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: