მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი

08.12.2022 • 1681
ბათუმის მერია 3 საბავშვო ბაღის აშენებას აპირებდა, მაგრამ ერთიც ვერ ააშენა – რიგშია 842 ბავშვი

2022 წლის ბოლომდე ბათუმის მერია მოსახლეობას მინიმუმ სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ჰპირდებოდა. წლის ბოლოს გაირკვა, რომ ბათუმში სამიდან ერთი ბაღიც ვერ აშენდა.

სამი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 8 მილიონ 617 ათას 402 ლარი გამოიყო, სამუშაოების მხოლოდ მცირე მოცულობა შესრულდა და შეწყდა. შეწყდა ხელშეკრულებებიც.

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წელს სამივე მშენებლობა მოინახულა და ფეისბუქპოსტებიც დადო. დაპირებებში ის ხაზს უსვამდა მშენებლობის „წარმატებით“ მიმდინარეობას და იმასაც, რომ ბათუმში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნებოდა – ერთი საბავშვო ბაღი მართლაც გაიხსნა ლერმონტოვის ქუჩაზე, თუმცა მისი მშენებლობა წელს არ დაწყებულა. იქ ჯერ კიდევ 2020 წლიდან უნდა ევლოთ ბავშვებს.

საბავშვო ბაღის რიგში მინიმუმ 842 ბავშვია – ესეც ბათუმის მერიის განახლებული სტატისტიკაა.

  • სად შენდებოდა სამი საბავშვო ბაღი ბათუმში

2022 წლის პირველ ივლისს, როცა არჩილ ჩიქოვანი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ათვალიერებდა მეზღვაურთა ქუჩაზე, თქვა:

„წელს, ბათუმში 4 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. შედეგად, ორასზე მეტი ადამიანი დასაქმდება და, რაც მთავარია, 1000-ზე მეტი ბავშვი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს“.
ჩაქვში 300-მდე ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი შენობა შენდებოდა, სპორტული მოედანიც უნდა მოწყობილიყო და საბავშვო ატრაქციონებიც. ბიუჯეტიდან მარტო ერთი ბაღისთვის 3 მილიონ 475 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
„სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება“, – ამ აღწერით სრულდებოდა 2022 წლის პირველ ივლისს, ბათუმის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებული პოსტი.

2022 წლის პირველი ივლისი. არჩილ ჩიქოვანი ჩაქვში, მეზღვაურთა ქუჩაზე, სადაც ამ წლის ბოლომდე საბავშვო ბაღი უნდა აშენებულიყო.

საბავშვო ბაღი ბათუმის მერიამ ვერც ბაგრატიონის ქუჩაზე ააშენა.

„ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ 2022 წლის 11 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქ 300-მდე ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად 2 მილიონ 574 ათასი იყო გათვალისწინებული.

„საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს,“ – ეს ხელშეკრულებაშიც ჩაიწერა და ბათუმის მერის საჯარო განცხადებაშიც აღნიშნული იყო.

კიდევ ერთი დეტალი ბათუმის მერიის საჯარო განცხადებიდან: „წარმატებით მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე“.

2022 წლის 11 აპრილი. საბავშვო ბაღის მშენებლობა ბაგრატიონის ქუჩაზე. არჩილ ჩიქოვანი მშენებლობას ათვალიერებს

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ასაშენებელი საბავშვო ბაღის ესკიზი.

მესამე მისამართი ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღი ვერ აშენდა ბარცხანაა, ქათამაძის ქუჩა.

2021 წლის 29 ოქტომბრის საჯარო განცხადებაში ბათუმის მერია იტყობინებოდა, რომ „ქათამაძის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება“. ამ საბავშვო ბაღისთვის ჯამში 2 მილიონ 626 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო.

საბავშვო ბაღის ესკიზი

  • რა ჩანს დოკუმენტებიდან 

სამი ახალი საბავშვო ბაღი ბათუმში კომპანიებს: „დამბას“ და „ინსტალს“ უნდა აეშენებინათ.

მაგალითად, კომპანია „დამბასთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის 17 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან [2021 წლის 26 აგვისტო] 14 თვე გავიდა და კომპანიამ მხოლოდ 1 032 282 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა [ღირებულების 40%]. ასათვისებელი დარჩა 1 541 617 ლარი.

იგივე კომპანიას უნდა აეშენებინა საბავშვო ბაღი წლის ბოლომდე ბათუმში, ქათამაძის ქუჩაზე 2 მილიონ 573 962 ლარად. ამ შემთხვევაში ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველო ბრძანებაში წერს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 14 თვეში სამუშაოების მხოლოდ 30% შესრულდა.

„ასათვისებელია 1 750 217,34 ლარის სამუშაოები. ასევე მონიტორინგის შედეგად ობიექტზე არ არის სამუშაოების ტემპი გაზრდილი, რაც დასტურდება დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველის, ი/მ ნუგზარ ბოლქვაძის წერილობითი შეტყობინებით,“ – ვკითხულობთ ბრძანებაში.

ბათუმის მერიის სამმართველომ ხელშეკრულება შეუწყვიტა შპს „ინსტალსაც“ – 2022 წლის 21 ნოემბერს. აქაც სამმართველო ბრძანებაში აღწერს, რომ „სამუშაოს ტემპი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად შეჩერებული“.

„ხელშეკრულების გაფორმებიდან [2021 წლის 14 სექტემბრიდან] დღემდე გასულია 14 თვე და შესრულებული აქვს მხოლოდ 884 671 ლარის ღირებულების სამუშაოები [ღირებულების 25%], ხოლო თანხობრივად ასათვისებელია 2 584 869 ლარის სამუშაოები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამუშაოების შესრულების ტემპი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად შეჩერებული.

დღეის მდგომარეობით ობიექტზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის კარკასის მოწყობის სამუშაოები, რაც მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის საფუძველზე უნდა დაესრულებინა აგვისტოს თვეში,“ – ვკითხულობთ კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ბრძანებაში.

კომპანია „დამბასთან“ დაკავშირება ამ ეტაპზე „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა, კომპანია „ინსტალის“ წარმომადგენელმა, გიორგი გორგილაძემ კი გვითხრა, რომ კომენტარს ვერ მოგვცემს, თუმცა აღნიშნა, რომ კომპანიაში მერიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ და სარჩელს ამზადებენ.

  • რას განმარტავენ მერიაში? 

„უღალატა [კომპანიამ] ბავშვებსაც და საკუთარ პრინციპებსაც, ჩვენ ველოდებოდით დეკემბერში 3 საბავშვო ბაღის ჩაბარებას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძე, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი. მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ ვერ მოახერხეს კომპანიებმა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

ბათუმის მერიის 2022 წლის პირველ ივლისს გაცემულ დაპირებაში გაჟღერებული ფრაზას – „1000-ზე მეტი ბავშვი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სიარულს“ – პრაქტიკულად გამორიცხავს „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელი, როცა ის ამბობს, რომ „ამ ეტაპზე მხოლოდ 842 ბავშვი ელოდება რიგს“.

2021 წელს, პანდემიის დროს, ბათუმში 1659 ბავშვი საბავშვო ბაღს მიღმა დარჩა. წელს როგორ შემცირდა ეს მონაცემი, როცა მოსახლეობის რაოდენობა ქალაქში იზრდება, სამი ახალი ბაღიდან კი ერთიც ვერ აშენდა?

დავით დიასამიძის განმარტებით, წელს უფრო მეტი ბავშვი გავიდა საბავშვო ბაღიდან, ვიდრე მიიღეს:

„არის რამდენიმე საბავშვო ბაღი, სადაც ვაკანსია გვაქვს, დაახლოებით 142 ადგილია, მაგალითად, თამარის დასახლებაში, ბარცხანაში, მახინჯაურში…

მესმის, რომ ბევრს არ სურს, მელიქიშვილზე ცხოვრობდეს და მახინჯაურში ატაროს ბავშვი… ჯამში რომ დავაბალანსოთ, ნორმალური სიტუაციაა. მომავალ წელს, როცა უკვე 6 ახალი ბაღი აშენდება, რეზერვიც გვექნება,“ – ოპტიმისტური პასუხის გაცემა სცადა დავით დიასამიძემ.

„6 ბაღში“ საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი გულისხმობს ბათუმის მერიის მორიგ დაპირებას, ისევ 3 ახალი ბაღი აშენდეს გაისად. ამას ემატება 3 საბავშვო ბაღი, რომელიც წელს ვერ ააშენეს.

სად აპირებს მერია დამატებით 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას?

„ეს არის მახვილაურის ტერიტორია, მეორე – საბავშვო ბაღი აშენდება ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარედ, მესამე – ტაბიძის ქუჩაზე, სადაც მოთხოვნა ძალიან მაღალია,“ – განმარტა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.

„3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიზნით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა [2 კომპანია] ვერ შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის საფუძველზეც კონტრაქტები შეწყდა და კომპანიების მიმართ დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება განმეორებითი ტენდერი,“ – მოგვწერეს ბათუმის მერიის პრესცენტრიდან, სადაც კომენტარი კეთილმოწყობის სამმართველოსგან ვითხოვეთ. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ დღეს ამ საკითხზე რომელიმე ხელმძღვანელი პირის კომენტარს ვერ მივიღებთ.

ბათუმში სულ 33 საბავშვო ბაღია. აქედან 5 საბავშვო ბაღის N13, 14, 22, 31 და 33-ე ბაღების რეაბილიტაციაზე მერიამ ხელშეკრულებას ხელი 2022 წლის 26 ოქტომბერს მოაწერა. რეაბილიტაცია უტარდება, მაგალითად, 33-ე საბავშვო ბაღსაც, რომელიც ცოტა ხნის წინ, 2017 წელსაა აშენებული.

„ამ საბავშვო ბაღების აღსაზრდელები სხვა საბავშვო ბაღებში გადავიყვანეთ, ამიტომაც გაგვეზარდა რიგი,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ დავით დიასამიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: