ბათუმის ბიუჯეტი 9 თვის ანგარიშის მიხედვით, ხარჯვით ნაწილში ვერ შესრულდა. ჩავარდნა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებშია. მიზეზად კი, მერიაში მიმწოდებელი კომპანიების მერ ვალდებულებების ვერშესრულებას ასახელებენ. არის სხვა პრობლემებიც.
სამრეწველო ზონის მიმდებარედ მახოს ხიდიდან გონიოს ხიდამდე და „გეზის“ მიმდებარედ არსებული გზების მშენებლობა-მოწყობის სამუშაოებისთვის მერიას 2022 წელს 10 მილიონი უნდა დაეხარჯა, თუმცა, შესრულდა მხოლოდ პროექტის 30 პროცენტი. 10-მილიონიანი დაფინანსებიდან 7 მილიონ 486 296 ისევ ბიუჯეტში დარჩა.
მერიის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეფერხებით დაიწყო, რადგან ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსების საკანალიზაციო სისტემის დაერთება თავდაპირველად არსებულ პროექტზე დაგეგმა, რაც მერიის განმარტებით შემდგომში დიდ ცვლილებებს გამოიწვევდა.
„გამომდინარე აქედან კომპანიამ ვერ დაიწყო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სამუშაოების დროს შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე საჭირო გახდა ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილებები, ასევე შემსრულებელი კომპანია უამინდობის გამო სამუშაოებს აწარმოებს შეფერხებით, რამაც საბოლოოდ იმოქმედა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე.“ – წერს მერია.
- ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა
ბათუმში, ე.წ. „შანხაის დასახლებაში“ სოციალური სახლის მშენებლობა არ დაწყებულა. 2 მილიონ 181 154 ლარი, რომელიც ამ პროექტისთვის უნდა დახარჯულიყო, ხელუხლებლად დარჩა ბიუჯეტში.
მერია წერს, რომ სოციალური სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოიკვეთა ახალი გარემოება, რომელიც მოითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანას და კორექტირებას.
სატენდერო დოკუმენტაციის ფასების ცხრილში გამოვლინდა ხარვეზი: კერძოდ, ერთ-ერთი ბლოკის მონოლითური რკინაბეტონის საძირკვლის ფილის მოწყობა განსაზღვრული იყო 3,447 ტონა ბეტონით, ნაცვლად 207,541 ტონისა, აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენის დროს ტენდერის სტატუსი იყო შერჩევა/შეფასება, რის გამოც ცვლილებების შეტანა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის შეწყვეტის თაობაზე. დაგეგმილია განმეორებითი ტენდერის გამოცხადება.
- ბაღების მშენებლობა / დაირღვა გეგმა-გრაფიკი
მხოლოდ 27 პროცენტით შესრულდა ბათუმში, ქათამაძის ქ. №38-ში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი. ბიუჯეტში დარჩა მილიონ 508 169 ლარი. მერიაში განმარტეს, რომ შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევით აწარმოა.
იგივე მიზეზით მშენებელმა ბაგრატიონის #127-ში ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხიდან, მხოლოდ 953 775 ლარის ათვისება შეძლო, ბიუჯეტში დარჩა მილიონ 120 225 ლარი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ გეგმა-გრაფიკით ვერ წარმართა დაბა ჩაქვში, ჭავჭავაძის ქ. №7-ის მიმდებარედ საბავშვო ბაღის მშენებლობაც.
- ჩაქვში დაგეგმილი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ვერ დაიწყო
ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში დაგეგმილი სარეკრეაციო სივრცისა და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომლისთვისაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში მილიონ 181 985 ლარი იყო გათვალისწინებული ვერ დაიწყო.
ბათუმის მერიამ ტენდერის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინა, რომ პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
- სკვერები
თამარ მეფის გამზირზე, N20-ში მერიას სკვერის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი, რისთვისაც 2022 წლის ბიუჯეტში 552 500 ლარი იყო გათვალისწინებული, ათვისებულია მხოლოდ 129 643 ლარი. მიზეზი ამ შემთხვევაშიც გეგმა-გრაფიკის დარღვევაა.
ამავე ქუჩაზე, რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ, მერია კიდევ ერთი სკვერის მოწყობას აპირებდა – ეს პროექტიც ვერ შედგა. მერიის განმარტებით ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ვერ შეასრულოს.
„აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კეთილმოწყობის სამმართველომ შემსრულებელ კომპანიას აცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების შესახებ.“
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროექტი ჩავარდა
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეკონსტრუქციის პროექტს მერია აჭარის მთავრობიდან მიღებული სპეციალური ტრანსფერის ფარგლებში ახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი 89 პროცენტით არის შესრულებული, მერია რისკებს მაინც ხედავს და ეჭვობს, რომ კომპანია საქმეს ვერ დაასრულებს.
- ჩავარდა ფასადების რეაბილიტაციის პროექტიც
ქალაქში არსებულ სახლებზე დაზიანებული ფასადების რეაბილიტაცია მერიამ ვერ დაიწყო იმის გამო, რომ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. აუთვისებელი დარჩა 325 000 ლარი.
- ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი 7 მილიონი ისევ ბიუჯეტშია
ისევ ბიუჯეტშია ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერი, 7 მილიონი ლარი. მერიის განმარტებით, შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების გაფორმება ახლა მიმდინარეობს.
ბათუმისთვის 65 ახალი ავტობუსის შესყიდვასა და მათი გეგმიური ფლობის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი 2022 წლის ნოემბერში დასრულდა. გამარჯვებულად გამოვლენილია შპს „ჯი-თი გრუპი“, რომელიც მერიას ერთ ავტობუსს 536 600 ლარად მიჰყიდის. ანუ, ჯამში ქალაქი 34 879 000 ლარს გადაიხდის 65 ავტობუსში [დღგ-სა და ყველა მომსახურების ჩათვლით].
- კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციის და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა
კობალაძის ქუჩის რეაბილიტაციისა და აღმაშენებლის ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულების მოსაწყობად 925 930 ლარი იყო გამოყოფილი. ბიუჯეტის 9 თვის ანგარიშის მიხედვით დახარჯულია 355 877 ლარი. პროექტი მხოლოდ 38 პროცენტით შესრულდა.
მერიის განმარტებით, კომპანიამ წერილობით აცნობა შემსყიდველს, რომ ტურისტული სეზონის გამო სექტემბრის თვეში ხალხმრავლობა სამშენებლო ობიექტის მიმდებარედ არ შემცირებულა, რის გამოც სამშენებლო კომპანიას არ მიეცა გზის დაკეტვის შესაძლებლობა სამუშაოების საწარმოებლად. შსს-სგან კი სავალი გზის შეზღუდვაზე თანხმობა 26 სექტემბრამდე ვერ მიიღეს.
- ჩავარდა ქართული ჭიდაობის ნახევრად ღია ტიპის საჭიდაო მოედნის მოწყობის პროექტი
საჭიდაო მოედანი იმის გამო ვერ მოაწყვეს, რომ ტენდერში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა. მერიამ ტენდერი გაზრდილი ფასით განმეორებით გამოაცხადა, თუმცა ტენდერი ისევ არ შედგა.
მერიაში იმედი აქვთ, რომ მესამე შემთხვევაში კომპანიის შერჩევა და ხელშეკრულების გაფორმება სამუშაოების შესყიდვაზე მოხერხდება. შესყიდვის ღირებულებაა – 214 000 ლარი.