მთავარი,სიახლეები

შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან

16.12.2022 • 5275
შეიძლება გალიფ ოზთურქის ბინაში ვინმე აივნიდანაც შესულიყო? – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ეს საგამოძიებო მოქმედება დაიგეგმა წინასწარ“,- თქვა დღევანდელ პროცესზე გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ. მან დღეს, 16 დეკემბერს „მილიონერ ოზთურქის საქმეზე“ სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.

„რა დაიგეგმა ოზთურქის პირად ჩხრეკაზე კონკრეტულად?“- ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა. მან რამდენიმე სხვა მოწმესთან სცადა იმის დადგენა, თუ რატომ არ გადაუღეს ვიდეო ბრალდებულ ოზთურქს პირადი ჩხრეკის დროს, როცა მისი აპარტამენტის ჩხრეკის პროცესი საგამოძიებო უწყებამ სრულად გადაიღო.

„პირად ჩხრეკას მე არ დავსწრებივარ“, – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ თავდაპირველად გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა მას ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავება. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.

მოწმეებმა და, მათ შორის, გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ დაადასტურა, რომ იქვე სპეცდანიშნულების თანამშრომლებიც იყვნენ.

„ისინი ჩხრეკაში არ იღებდნენ მონაწილეობას… იყვნენ იმიტომ, რომ ზედმეტ ექსცესებს არ ჰქონოდა ადგილი“, – დასძინა გამომძიებელმა.

„ხელთათმანები გეკეთათ, ან ნიღაბი?“ – ჰკითხეს ადვოკატებმა გამომძიებელს, რასაც მან მოკლედ უპასუხა: „არა“.

„ეს წვრილმანი იყო და არ დაგიგეგმიათ ხომ?“ – გაღიმება სცადა ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა.

ადვოკატმა წინა პროცესებზე აქცენტი გააკეთა გამოძიების ვიდეოჩანაწერზე, სადაც ჩანს, რომ გამომძიებლებს ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ამოღების დროს შესაბამისად აღჭურვილი არ იყვნენ, გენეტიკური ექსპერტიზით კი, კოკაინის შეფუთვაზე ოზთურქის გენეტიკური პროფილი დადასტურდა.

ადვოკატი ირიბ მინიშნებას აკეთებს იმაზე, რომ შესაძლოა, ვინმე ოზთურქის ბინაში აივნიდანაც შესულიყო. ამ შესასვლელს დაცვა არ აკონტროლებდა. გალიფ ოზთურქი მე-18 და მე-19 სართულზე ცხოვრობდა, ორსართულიან ბინაში.

„მე-19 სართულზეც იყვნენ ეს ნიღბიანი პირები?“ – დაინტერესდა მოსამართლე ლევან ყოლბაია.

„არა, იქ არ იყვნენ“, – უპასუხა მოსამართლეს გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ.

„რატომ დარჩა საჭირო ეს სპეცოპერაცია? თქვენ ხომ აღნიშნეთ, რომ დაიგეგმა ეს ოპერაცია?“ – გამომძიებელს მიუბრუნდა ადვოკატი ენვერ ბარდაქი.

„არ ვიცი, მანამდე რა ეტაპზე იყო გამოძიება“, – მოწმემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ის ამ საქმის მთავარი გამომძიებელი არ იყო.

„გქონდათ ინფორმაცია, მაგალითად, რომ ნადგურდებოდა, ან განადგურდა რამე ფინანსური დოკუმენტაცია?“ – აღარ მოეშვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს ადვოკატი ენვერ ბარდაქი.

„არა, არ გვქონდა“, – თქვა მოწმემ, თუმცა პაუზით საგრძნობი გახდა ეჭვი: თუ დოკუმენტაციის განადგურების საფრთხე არ არსებობს და ამაზე ინფორმაცია გამოძიებას არ ჰქონდა, მაშინ რატომ ატარებ სპეცოპერაციას?

„ჩხრეკა ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებაა“, – დასძინა გამომძიებელმა ანდრო კაპანაძემ.

„აივანზე ხომ არ შეგიმჩნევიათ ვინმე?“ – ეს ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა ჰკითხა კიდევ ერთ გამომძიებელს, მირიან გოგიტიძეს.

„არა“, – დაფიქრდა და ისე უპასუხა ადვოკატს გამომძიებელმა. ისიც ფინანსური დოკუმენტების ამოსაღებად შესულა ოზთურქის აპარტამენტში. მისი თქმით, ჩხრეკის დროს ჩხრეკის პროცესში „ფხვიერი მასა“ შეხვდათ – ერთი ოთახში მდგარ ტუმბოში, მეორე – აბაზანაში.

„ჩვენ იქ შევედით ფინანსური დოკუმენტაციის და კომპიუტერული ტექნიკის ამოსაღებად“, – თქვა გამომძიებელმა, მირიან გოგიტიძემ.

მოწმეების გამოკითხვა გრძელდება.

ახალ წლამდე პროკურატურა ბრალდების მხარის მოწმეების სასამართლოში წარმოდგენას დაასრულებს. შემდეგ დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ოზთურქს განაჩენი მომავალი წლის თებერვლის დასრულებამდე უნდა გამოუტანოს.

—————–

მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულს ედავებიან: სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159  გრამი კოკაინი ამოიღეს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოზთურქს 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელის.

5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: