მთავარი,სიახლეები

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

15.12.2022 • 1187
ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე.

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო.

„ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას ხელისუფლებამ პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“. მით უმეტეს, როცა რაღაც დემოკრატიის იმიტაცია უნდა ვითამაშოთ და მეტი არაფერი.

რაც  შეეხება იმას, რომ დატოვებაზე [აჭარის უმაღლესი საბჭოს] იყო საუბარი, როგორც კი პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დატოვებაზე, ბუნებრივია, მას შეუერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქაც, ადგილზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კირთაძემ.

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: