შესაძლოა რუსეთი ზამთარში კიევზე თავდასხმას ამზადებდეს, თუმცა ქალაქს ვერ აიღებს – ISW

ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსული ჯარები შეძლებენ კიევის აღებას, თუნდაც კვლავ დაესხან უკრაინის დედაქალაქს ბელორუსის ტერიტორიიდან, აცხადებენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი კვლავ შეუტევენ კიევს.

ISW დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში განმეორებითი შეტევის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარები 2023 წლის ზამთარში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე 2022 წლის თებერვალში მოახერხეს.

ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძლიერ დეგრადირებულები არიან და არ გააჩნიათ ის საბრძოლო სულისკვეთებაც კი, რაც ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის მიერ კიევის აღების მცდელობისას – 2022 წლის თებერვალში და ეს სრულმასშტაბიანი მცდელობა ჩავარდა.

ინსტიტუტში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო თავისი მიღწევების დაცვა უკრაინაში და უკვე დაკარგა 70 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ოკუპირებული ტერიტორია მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბახმუტში რუსები დღეში, წინ, მხოლოდ დაახლოებით 100-200 მეტრით მიიწევენ, მაშინ, როცა აქ საკუთარი მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს.

ასევე, ISW-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ვერ მოიპოვა უპირატესობა ჰაერში და დიდწილად ამოწურა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების არსენალი.

„უკრაინის არმიამ, თავის მხრივ, მოაწყო მნიშვნელოვანი თავდაცვითი სიმაგრეები ჩრდილოეთ უკრაინაში და ახლა უკეთ არიან მზად თავდაცვისთვის, ვიდრე 2022 წლის თებერვალში.

ბელორუს-უკრაინის საზღვრის მახლობლად არსებული რელიეფი მანევრირებადი ომისთვის არ არის ხელსაყრელი და შესაძლო შემოჭრის მარშრუტები ბელორუსიდან კიევზე თავდასასხმელად გავიდეს ჩერნობილის დახურულ ზონაში არსებულ ვიწრო გასასვლელებზე, რომელთა დაცვაც უკრაინის არმიამ უკვე ისწავლეს“, – დასძენს ინსტიტუტის ანალიტიკოსები..

ISW-ის სხვა ძირითადი მიგნებები:

  • შესაძლოა, რუსეთი, 2023 წლის ზამთარში, უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის პირობებს ამზადებდეს. ნაკლებსავარაუდოა, რომ მსგავსი თავდასხმა იქნება წარმატებული. თუმცა, ბელორუსიდან რუსეთის ჯარების უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი არ არის.
  • ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა.
  • პუტინი ერთდროულად ორი სახის სამხედრო ძალისხმევას მიმართავს საკუთარი მიზნების – უკრაინის დაპყრობისა და მნიშვნელოვანი დათმობების მისაღწევად.
  • პუტინი, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულამდე განახლებული შეტევის საფუძველს ამზადებს, რათა უკრაინა აიძულოს დათმობაზე წავიდეს.
  • რუსეთის ჯარს შეუძლია შექმნას პირობები ბელორუსის ტერიტორიიდან შეტევისთვის, თუმცა ISW კვლავაც თვლის, რომ ბელორუსი სამხედროები არ ჩაერთვებიან უკრაინასთან ომში.
  • უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას კრემენნაიასა და სვატოვოს მიმართულებით.
  • რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკას მიდამოებში.
  • რუსული ჯარები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას სამხრეთში, მდინარე დნეპრიდან უკრაინის სამხრეთით.
  • რუსეთის ოფიცერთა კორპუსი კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის უკრაინაში.
  • უკრაინელმა პარტიზანებმა ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს ოლქში სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დივერსია მოაწყვეს.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 97 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +680]
  • ტანკი – 2 980 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 952 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 1 946 ერთეული [+3]
  • MLRS – 410 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 648 ერთეული [+4]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 563 ერთეული [+0]
  • სპეცტექნიკა – 172 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 344 თვითმფრინავი
  • 184 ვერტმფრენი
  • 2 673 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 134 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 689 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 625 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთის არმია კიევის აღებას ვერ შეძლებს, თუნდაც კვლავ დაესხას თავს – ISW[/yellow_box]

ამავე თემაზე:

12 კადრი რუსეთ-უკრაინის ომიდან – ფოტორეპორტაჟი

შაბათ-კვირას ბათუმში გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 18 დეკემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 19-20 დეკემბერს კი აჭარის ბარში – წვიმა, მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსეთი უბრუნდება პოზიციურ ომს, ისევ თავდაცვით კონსტრუქციებს აშენებს – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 16 დეკემბრის ანგარიში რუსეთის საომარ სტრატეგიას განიხილავს. როგორც დაზვერვა იუწყება, რუსეთი უბრუნდება პოზიციურ ომს, რომელიც სამხედროების უმრავლესობამ დასავლეთში ბოლო ათწლეულებია უარყო.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ვიზუალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო კვირებში, რუსეთის ძალები აგრძელებენ ფრონტის ხაზის გასწვრივ ვრცელი თავდაცვითი პოზიციების მშენებლობას, რისთვისაც მნიშვნელოვან ძალისხმევას იღებენ. ამავე მონაცემებით თანახმად, რუსეთის მთავარი პრიორიტეტი სავარაუდოდ ჩრდილოეთ სექტორია, ქალაქ სვატოვეს ირგვლივ.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის შეფასებით, რუსული კონსტრუქციები მიჰყვება გამაგრების ტრადიციულ სამხედრო გეგმებს, რომლებიც ძირითადად უცვლელია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ასეთი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, დაუცველი იქნება თანამედროვე, ზუსტი დარტყმების მიმართ.

ძირითადი თავდაცვითი ხაზების მშენებლობას, ბრიტანული დაზვერვა იმის კიდევ ერთ ილუსტრაციად მიიჩნევს, რომ რუსეთი პოზიციურ ომს უბრუნდება. ამ ტიპის ომი კი, თანამედროვე, დასავლური ქვეყნების სამხედროების უმეტესობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უარყო.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ეს სამხედრო სტრატეგია შიდა სამხედრო წრეებში განხილვის და კრიტიკის საგანიც კი გახდა. ერთ-ერთი საჯარო კრიტიკოსი, რომელიც რუსეთის პოზიციურ ომსა და თავდაცვითი ხაზების მშენებლობას აკრიტიკებს, იგორ გირკინია (სტრელკოვი), ცნობილი ნაციონალისტი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2014 წელს რუსულ არმიას ყირიმის ანექსიასა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული მილიციის შექმნაში დაეხმარა.

სწორედ გირიკინის შესახებ წერდა ბრიტანული თავდაცვა 14 დეკემბრის ანგარიშში.

„იქნება აქციები და პროტესტი“ – ენმ ბათუმის საკრებულოში სხდომებს აღარ დაესწრება

ენმ-ს წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან. ბრიფინგი ბათუმის საკრებულოში დღეს, 16 დეკემბერს გაიმართა, საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყების წინ, სადაც ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ.

„არ დავესწრებით სხდომებს, სანამ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ იქნება დაცული ელემენტარული უფლებები. ნამდვილად არ ვაპირებთ შევუქმნათ „ოცნებას“ დემოკრატიის ფასადი,“ – ამბობს ნოდარ დუმბაძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი, ენმ: „ბიძინა ივანიშვილი გვიკეტავს დემოკრატიის გზას. ამიტომ საკრებულოში ჯდომა დღეს სწორი არ იქნება. ერთადერთი გზა გადის ევროპაზე… ისინი კლავენ საქართველოს პრეზიდენტს, ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ მოუსავლეთში. ყველას მოვუწოდებთ: ქუჩა და გარეთ. ადამიანს კლავენ. პარტიის გეგმაზე გაცნობებთ, იქნება აქციები და პროტესტი, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები“.

დღევანდელ ბრიფინგზე ენმ-ს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტზე მათი არცერთი შენიშვნა მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა.

გუშინ, 15 დეკემბერს, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ენმ-დან თქვეს, რომ აღარ დაესწრებიან სხდომებს.

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები და განცხადება გაავრცელა.

ამ თემაზე:

პენიტენციურმა სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა 

რა იწვევს ოსტეოართრიტს და როგორ ავიცილოთ თავიდან – ექიმის რჩევები

ოსტეოართრიტი ართრიტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც მილიონობით ადამიანს აწუხებს მთელ მსოფლიოში. დაავადება საკმაოდ გავრცელებულია საქართველოშიც.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მოწვეული რევმატოლოგი ხათუნა გერმისაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე ოსტეოართრიტის სიმპტომების მართვა არამედიკამენტური მკურნალობით, კერძოდ წონის კორექციისა და სამკურნალო ვარჯიშებითაც ეფექტურად არის შესაძლებელი, თუმცა ეს პროგრესირებადი დაავადებაა.

  • ქალბატონო ხათუნა, რა არის ოსტეოართრიტი, რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

ოსტეოართრიტი ადრე მოიხსენიებოდა, როგორც ოსტეოართროზი. ახალი დეფინიცია განაპირობა იმან, რომ აღნიშნულ დაავადებას ხშირ შემთხვევაში თან ახლავს ანთებითი კომპონენტიც.

ეს არის ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადება, რომელიც აზიანებს სახსრის ყველა კომპონენტს: ხრტილს, სინოვიუმს [სახსრების გარეთა საფარველი], სასახსრე ჩანთას, ძვალს, სახსრის მიმდებარე კუნთებს, კუნთების ძვალთან მიმაგრების ადგილებს – მყესებსა და იოგებს.

დაავადება პროგრესირებს და ვითარდება სახსრის დესტრუქცია, დეფორმაცია და დეფიგურაცია, აღნიშნული სახსრის ფუნქციის შეზღუდვით.

  • კონკრეტულად რა იწვევს სახსრის დეფორმაციას?

დეფორმაცია ძირითადად ვითარდება ძვლის და ხრტილის რემოდელირების ხარჯზე. ამის მიზეზია კიდითი ძვლოვანი წანაზარდები, რომელიც ოსტეოფიტების სახელწოდებითაა ცნობილი.

ადრე მათ მოსახლეობაში „მარილების“ სახელით მოიხსენიებდნენ, ახლა – უფრო იშვიათად. სინამდვილეში ეს არანაირად არის მარილების დაგროვება, არამედ – ხრტილის ზედაპირი იცვლება თვისობრივად, ცვდება, კარგავს თავის ფუნქციას, როგორც ამორტიზატორის, დამცავი ზედაპირის და შემდგომ გაშიშვლებული ძვალი, წანაზარდებით, იწვევს დეფორმაციას, რასაც ჩვენ ვიზუალურად, ხშირ შემთხვევაში შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ. ამის მაგალითია ხელის თითებზე განვითარებული „ჰებერდენის“ და „ბუშარის“ კვანძები.

  • რა ხდება დაავადების განვითარების მაპროვოცირებელი ორგანიზმში?

უპირველეს ყოვლისა ამ დაავადების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ჭარბი წონა და წონით სახსრის დატვირთვა; მდედრობითი სქესი, განსაკუთრებით, მენოპაუზის შემდეგ; გადატანილი სახსროვანი ტრავმები; ასევე, სახსრის ისეთი ხანგრძლივი ტრავმატიზაცია, როგორც ხდება პროფესიული სპორტის დროს.

დაავადების განვითარებას ასევე ხელს უწყობს შრომითი საქმიანობის თავისებურებანი, თანმხლები დაავადებები – დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, სახსრების ანთებითი დაავადებები (როდესაც მეორადად ვითარდება ოსტეოართრიტი და არა – როგორც პირველადი – ხრტილის დესტრუქციით და დეგრადაციით დაწყებული); შესაძლოა განვითარდეს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის თანდაყოლილი ან შეძენილი თავისებურებების ფონზე, როგორიც არის ტანდეგობის დარღვევა, ბრტყელტერფიანობა, სახსრების ჰიპერმობილობის სინდრომი, თანდაყოლილი დისპლაზიები.

რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს, ასევე, ადინამია და ჰიპოდინამია, ანუ ცხოვრების უმოძრაო წესი; ასაკი – როგორც წესი, ამ დაავადების განვითარება 45 წლის შემდეგ იწყება (დაავადების სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად იზრდება), როდესაც პირველად ოსტეოართრიტზე ვსაუბრობთ, თუმცა, ანთებითი დაავადების ფონზე, შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

  • როგორ ვლინდება ოსტეოართრიტი, რა ახასიათებს?

დაავადება ვლინდება ძირითადად ყრუ ხასიათის ტკივილით სახსარში. ტკივილი ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს, ხანგრძლივი სიარულისას და მცირდება ან სრულად გაივლის მოსვენებულ მდგომარეობაში.

დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, მსუბუქი სიმპტომატიკით და დიაგნოსტირება მოხდეს იმ ეტაპზე, როდესაც პაციენტს უკვე მოძრაობის შეზღუდვა აქვს, რაც სხვადასხვა ხარისხით ვლინდება – უმნიშვნელოდ გამოხატულიდან დაწყებული – ფუნქციის სრულ შეზღუდვამდე. სახსარში მოძრაობის შეზღუდვა ვითარდება ოსტეოფიტების ხარჯზე, კაფსულის გასქელების, სინოვიური გარსის ჰიპერპლაზიის და გამონაჟონის გამო. საბოლოოდ ვიღებთ სახსრების დეფორმაციას ქვე-ამოვარდნილობით [არასრული ამოვარდნილობა] და ამოვარდნილობით.

ოსტეოართრიტის დროს დილის შებოჭილობაც გვხვდება – იღვიძებს პაციენტი და პირველი, აქტიური მოძრაობების შესრულება უჭირს, მაგრამ ეს არ გრძელდება ნახევარ საათზე მეტ ხანს, განსხვავებით ანთებითი დაავადებისთვის დამახასიათებელი დილის შებოჭილობისგან, რომლის ხანგრძლივობაც საათზე მეტია.

  • რა ხდება, როცა ანთებითი კომპონენტი ემატება პროცესს?

თუ ანთებითი კომპონენტი დაერთო, ესე იგი, გაჩნდა გამონაჟონი სახსარში და ამას ოსტეოართრიტის ფონზე განვითარებული რეაქტიული სინოვიტი ჰქვია. სახსარი შესივებულია, ზომაში მომატებული, ადგილობრივად სიწითლე, როგორც ასეთი, არ ახასიათებს, მაგრამ შესაძლოა, შეინიშნოს ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, ანუ, შეხებით – ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მეტ – ნაკლებად შეიძლება განსხვავებული იყოს.

ანთებითი კომპონენტის თანდართვა აღნიშნულ სახსარში მოძრაობის შეზღუდვით ვლინდება.

  • როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა ხდება ძირითადად, კლინიკური ნიშნებით (ეს არის მუდმივი ხასიათის ტკივილი ერთ ან რამდენიმე სახსარში, რომელიც დატვირთვასთანაა კავშირშია, 30 წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის დილის შებოჭილობა და ა.შ.), პაციენტის გასინჯვით, სახსრების შეფასებით და ანამნეზის შეგროვებით, თუმცა, დამხმარე მეთოდებიც გვჭირდება: ინსტრუმენტული-რენტგენოგრაფია – ოსტეოართრიტის სტადიის დასადგენად; ასევე – სახსრის ულტრასონოგრაფია (თანდართული რეაქტიული სინოვიტის სადიაგნოსტიკოდ), რათა მოხდეს გამონაჟონის რაოდენობის, რბილი ქსოვილების დაზიანების ხარისხის შეფასება.

იშვიათად მივმართავთ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას.

რაც შეეხება ლაბორატორიულ კვლევებს, მწვავე ფაზის, ანთებითი პროცესის მაჩვენებლები, როგორიცაა ერითროციტების დალექვის სიჩქარე და C რეაქტიული ცილა, ძირითადად ნორმის ფარგლებშია ოსტეოართრიტის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა თანდართულია ანთებითი კომპონენტი, რეაქტიული სინოვიტი.

  • მკურნალობა როგორია დაავადების სხვადასხვა ეტაპზე?

ამ დროს მივმართავთ არამედიკამენტურ და მედიკამენტურ მკურნალობას.

ვიწყებთ პაციენტის ინფორმირებით. მან უნდა იცოდეს ამ დაავადების მიზეზები, რისკ-ფაქტორები, განსაკუთრებით ის ფაქტორები, რომელთა მართვაც შესაძლებელია და უნდა იცოდეს, რა არის პროგნოზი. თუკი ამას გააცნობიერებს პაციენტი, მაშინ უკვე შესაძლებელია არამედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობასაც მივაღწიოთ.

არამედიკამენტური მკურნალობის ფორმაა, მაგალითად, წონის კონტროლი.

კვლევის საფუძველზე დადგენილია, რომ ჭარბი წონის შემთხვევაში, პაციენტის რეალური წონის არანაკლებ 10%-ით შემცირება 50%-ით ამცირებს ტკივილის ინტენსივობას მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის დროს.

სწორად შერჩეულ სამკურნალო ვარჯიშს ისეთივე როლი აქვს ტკივილის მართვაში, როგორიც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომელსაც ვიყენებთ ოსტეოართრიტის მკურნალობის დროს.

ასევე ვიყენებთ ორთეზებს, იგივე ფიქსატორებს.

რაც შეეხება მედიკამენტურ  მკურნალობას, ეს ემსახურება ტკივილის მართვას. ესენია – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, რომლებიც ასევე გვეხმარება ანთებითი პროცესის კონტროლის მიღწევაში.

ზოგჯერ პაციენტი მიმართავს ექიმს, როდესაც ქვე-ამოვარდნილობა, სახსრის ამოვარდნილობა ვითარდება და სახსარი სრულიად ფუნქციადაკარგულია. ასეთ შემთხვევაში, კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია და ქირურგიული ჩარევა, კერძოდ – ენდოპროთეზირება, ანუ ხელოვნური სახსრის გამოყენება ხდება საჭირო (ძირითადად-მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრების ოსტეოართრიტის დროს). ენდოპროთეზირება, დღესდღეობით, წარმატებით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის ნეგატიური ფაქტორები, რაც ბუნებრივ სახსარზე უარყოფითად ზემოქმედებდა, მაგალითად, ჭარბი წონა, ხელოვნური სახსრისთვისაც არასასურველ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

ამიტომ, წონის კონტროლი ამ შემთხვევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეთხოვება პაციენტს, მით უფრო, რომ ოსტეოართრიტი არ არის ერთი სახსრის დაავადება, ეს არის გენერალიზებული პროცესი და შესაძლოა, სხვა ნებისმიერი სახსარიც დაზიანდეს.

  • თვითმკურნალობა რამდენად საზიანო შეიძლება იყოს?

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები საჭიროა ტკივილის კუპირებისთვის. ჩვენ ვიყენებთ ანთებითი პროცესის კონტროლის მისაღწევად, მაგრამ მიუღებელია პაციენტების მიერ მათი თვითნებურად, მით უფრო, უკონტროლოდ გამოყენება.

დღეს ასევე ძალიან ხშირად ვხვდებით კვებითი დანამატების უკონტროლო მოხმარებას. ასეთი ძალიან ბევრი პრეპარატია შემოსული ფარმაცევტულ ბაზარზე, რომელსაც პაციენტები თვითნებურად მოიხმარენ. აღნიშნულ კვებით დანამატებს არ გააჩნია კვლევებით მხარდაჭერა. გვრჩება მხოლოდ გაწეული ხარჯები და რიგ შემთხვევებში – გამოხატული გვერდითი მოვლენები.

მნიშვნელოვანია მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ფიზიკური აქტივობა – კვირაში სამი დღე 30 წუთი ფეხით სიარული. ეს გახლავთ არაჩვეულებრივი არჩევანი ოსტეოართრიტის განვითარების პრევენციისთვის და ტკივილის მართვის თვალსაზრისითაც, როდესაც უკვე ამ დაავადებასთან გვაქვს საქმე.

ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია

„კორუფციას აქვს ადგილი“, „10 წელი რომ ერთი და იგივე ქუჩას აკეთებ, აქ უკვე სხვა მხარეა სალაპარაკო, რატომ აკეთებ ასე,“ – გვითხრეს ადამიანებმა, რომლებიც ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ცხოვრობენ, ქუჩაზე, რომელიც ახლაც გადათხრილია.

„უსასრულოა, დამთავრება აღარ იქნა,“ – ამბობს ქალი, რომელსაც ბაგრატიონის და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთასთან ვესაუბრეთ. – „დღეს თუ გააკეთეს ეს მონაკვეთი, ოთხი თვე არ გავა, ისევ გადათხრიან“, – დასძენს ის.

ბაგრატიონის ქუჩის მაცხოვრებლებს უჭირთ გახსენება, ბოლო 10 წელში უკვე მერამდენედ გადათხარეს ქუჩა. „არ დაგვითვლია“, – ამბობენ ისინი.

რასაც მოქალაქეები ამბობენ, ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებითა და „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება – ბაგრატიონის ქუჩა დაუსრულებლად რეაბილიტირდება. 2014 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის მინიმუმ 23 მილიონ ლარი და 16 მილიონ ევრო დაიხარჯა. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქის სამი მერი შეიცვალა.

ამ ქუჩის ძირითადი ნაწილის მოწყობა 2009 წელს, მთლიანობაში კი 2014 წელს დასრულდა. ძველი და ახალი მერების საჯარო განცხადებების არქივი კი გაგახსენებთ, წლების განმავლობაში რამდენჯერ მოვისმინეთ: „ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია დაიწყო“.

ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი
ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი
[red_box]ბაგრატიონი – ქუჩა, რომელსაც სულ „აკეთებენ“: 2015-2022 წლების ქრონოლოგია[/red_box]
ბაგრატიონის ქუჩა, 14 დეკემბერი, 2022 წელი
„ბათუმელებმა“ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოების შესახებ ბათუმის მერიის მიერ დღემდე გაკეთებული საჯარო განცხადებები და შესაბამისი დოკუმენტები შეისწავლა. ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტაცია მიმდინარეობს ახლაც – ამჯერად ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთიდან ჟიული შარტავას წრიულამდე. კომპანია „ნიუპოვერთან“ კონტრაქტი 6 მილიონ 688 ათას ლარზეა გაფორმებული.

[red_box]2022 წელი – მერი არჩილ ჩიქოვანი[/red_box]

2022 წელს, წინა წლების მსგავსად, ბათუმში მოსახლეობამ მერიისგან რამდენჯერმე მოისმინა ეს ფრაზა: „ბაგრატიონის ქუჩა გადაიკეტა“, „ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო“…

9 იანვარი – „ბაგრატიონის ქუჩაზე, სელიმ ხიმშიაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუჩის გზაგამყოფ ზოლზე მოაჯირების მოწყობასა და გარეგანათების სისტემის მონტაჟს. ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაციისათვის 8 მილიონ 640 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი,“ – ეს ბათუმის მერიის მიერ 2022 წლის 9 იანვარს გავრცელებული ინფორმაციაა.

ბაგრატიონის ქუჩა - 2022 წლის 9 იანვარი
2022 წლის 9 იანვარი – ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია

3 თებერვალი – „აქტიურად მიმდინარეობს ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია,“ – წერდა ბათუმის მერია.

23 მარტი – „ბაგრატიონის ქუჩის [შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე] სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება,“ – იტყობინებოდა ბათუმის მერია.

აქ უკვე ირკვევა, რომ სამუშაოები მანამდე პრაქტიკულად გაჩერდა – ბათუმის მერიამ საჯაროდ თქვა, რომ შპს „ზიმო-7“-მა ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში შეასრულა სამუშაოების საერთო ღირებულების მხოლოდ ¼, რაც სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზე მიუთითებდა, ხოლო „ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში, ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო“.

ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის გამო მოსახლეობის უკმაყოფილება ბათუმის მერიამ შეიმჩნია და სცადა პასუხისმგებლობა ბიზნესისკენ მიემართა.

„მიუხედავად კომპანიის მრავალგზის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევაში სამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ზიმო-7“-თან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე,“ – იტყობინებოდა 2022 წლის მარტში ბათუმის მერია.

რატომ ვერ აკეთებენ ბაგრატიონის ქუჩას 8 წელია? - რას ფიქრობს ხალხი

ბათუმის მერიამ მაშინ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ექსპერტიზა შეამოწმებდა „შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას“.

ექსპერტიზის პასუხების შესახებ მეტი ინფორმაცია ბათუმის მერიას არ გაუსაჯაროებია.

ბათუმის მერია მოქალაქეებმა მონიშნეს მოქალაქე რამაზ ქობულაძის ფოტოზე და მიაწერეს: „ჩიქოვანის სახე !!!“ „ამაზე მეტი ღორობა რა გინდა?“ ფოტოზე ასახულია ბაგრატიონის ქუჩის კონკრეტული მონაკვეთი.

ბაგრატიონის ქუჩა. ფოტო ფეისბუქიდან

21 მაისი – ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი პარლამენტარ რესან კონცელიძესთან ერთად ბაგრატიონის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წელსვე დასრულდება, რომელიც 300-მდე ბავშვზეა გათვალისწინებული.

რაც შეეხება ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციას, სამუშაოების დასრულების მიზნით, უკვე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი,“ – დასძინა 2022 წლის ბათუმის მერმა 21 მაისს, თუმცა საბავშვო ბაღი ვერ აშენდა, თანაც, არამხოლოდ ბაგრატიონის ქუჩაზე.

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და პარლამენტარი რესან კონცელიძეს ბაგრატიონის ქუჩაზე – 2022 წლის 21 მაისი
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და პარლამენტარი რესან კონცელიძეს ბაგრატიონის ქუჩაზე – 2022 წლის 21 მაისი

11 აგვისტო – ბაგრატიონის ქუჩაზე სკვერი მოაწყვეს. „უკვე დაიგო კაუჩუკის საფარი და დეკორატიული ფილები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საპარკე ინვენტარი, დამონტაჟდა ლამპიონები…“ – გვაუწყეს ამ დღეს ბათუმის მერიიდან.

25 აგვისტო – „ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა ხორციელდება,“ – მოქალაქეებს ეს ინფორმაციაც ბათუმის მერიამ მიაწოდა. ზაფხულის პერიოდში სარეაბილიტაციო მონაკვეთში ასფალტზე ამომტვრეული მონაკვეთები დააკერეს. თუმცა, ეს მონაკვეთი დაახლოებით ორ თვეში სრულებით აყარეს და გადათხარეს.

12 სექტემბერი – ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა და მიმდინარეობს მეორე ფენის დაგება. სამუშაოების ღირებულება 6 მილიონ 688 ათას 888 ლარს შეადგენს.

ბაგრატიონის ქუჩა, 2022 წლის 12 სექტემბერი
2 დეკემბერი – „ბათუმელები“ წერდა, ბათუმში, ბაგრატიონის ჩიხში თითქმის ერთი თვეა საკანალიზაციო ჭა ღიაა. პირველ დეკემბერს, ჭაში ბავშვს ფეხი ჩაუვარდა, მას დახმარება გამვლელმა გაუწია.
ბაგრატიონის ქუჩა, 2022 წლის პირველი დეკემბერი
[red_box]2021 წელი – მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი[/red_box]

2021 წლის აპრილში ბათუმის მერიამ მოსახლეობას ბაგრატიონის ქუჩასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აცნობა, რომ იწყება რეკონსტრუქცია.

„იწყება ბაგრატიონის ქუჩის კაპიტალური რეკონსტრუქცია, რომელსაც დაახლოებით 15 თვე დასჭირდება,“ – აცხადებდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი. მისივე თქმით, ძველი, დაზიანებული ფილების ნაცვლად, „აქ მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო ინფრასტრუქტურას.“

„ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია ბათუმისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია. ქუჩაზე არსებული ფილები, რომლის დემონტაჟიც უკვე დავიწყეთ, ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა, როგორც საფეხმავლო, ასევე სატრანსპორტო გადაადგილებისას. ფილების ნაცვლად დაგეგმილია ორფენიანი ასფალტის საფარის დაგება.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სატრანსპორტო სისტემის გამართულ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით, სამუშაოები შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს. პარალელურად, ბაგრატიონის ქუჩაზე, ბათუმის წყლის მიერ წყალარინების ახალ სისტემაზე სამასამდე აბონენტის დაერთება მიმდინარეობს“, – ამბობდა არჩილ ჩიქოვანი.

ბაგრატიონის ქუჩაზე ფილები ნამდვილად აყარეს და ახლა ქუჩის დიდ მონაკვეთზე მხოლოდ ტალახია.

2021 წლის 29 აპრილი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა

19 აგვისტო – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა, ვაჟა-ფშაველადან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში, ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. „აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე გამოიცვალა გრუნტი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები,“ – აცხადებდნენ იმ დღეს ბათუმის მერიაში.

27 სექტემბერი – „ბაგრატიონის ქუჩის რეკონსტრუქცია ინტენსიურად მიმდინარეობს… ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წელს დასრულდება“ – ბათუმის მერია.

ბათუმი ბაგრატიონის ქუჩა, 2021 წელი

14 სექტემბერი – „ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წლის აგვისტომდე დასრულდება,“ – ბათუმის მერია.

2021 წლის 14 სექტემბერი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა
2018 და 2020 წლებში ბაგრატიონის რეაბილიტაციის შესახებ ბათუმის მერიის გვერდზე ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. ამ პერიოდში მერი ლაშა კომახიძე იყო.

[red_box]2019 წელი – მერი ლაშა კომახიძე[/red_box]

14 მარტი – „ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. მიმდინარე წელს ე.წ. ჭაობის დასახლების ქუჩების კეთილმოწყობის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ქუჩების, შესახვევებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია, მათ შორის, ბაგრატიონის ჩიხი,“ – ბათუმის მერია.

17 აგვისტო – „ბათუმში ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარიანი ქუჩების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის რკინა-ბეტონის ფილების შეკეთება-შეცვლის სამუშაოები ბაგრატიონის ქუჩაზე ხორციელდება. ასფალტირებული და რკინა-ბეტონის საფარიანი ქუჩების სარემონტო სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. პროგრამის ბიუჯეტი 1 20 000 ლარს შეადგენს.

ბაგრატიონის ქუჩა, 2019 წელი
5 ნოემბერი – ამ ეტაპზე ბაგრატიონის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე მონაკვეთში ახალ წყალარინების ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. წყალარინების ახალ ქსელზე 2000-მდე ოჯახი დაერთდება.
[red_box]2017 წელი – მერი ლაშა კომახიძე[/red_box]

20 ნოემბერი – ბაგრატიონის ქუჩაზე, აეროპორტის გზატკეცილსა და აღმაშენებლის ქუჩაზე წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, ხორციელდება წყალარინების ახალი ქსელის მშენებლობა, ასევე ქსელის დიამეტრის გაზრდის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ბათუმის წყლის“ ტექნიკური ჯგუფები ასრულებენ – ბათუმის მერია.

10 ივლისი – ბაგრატიონის ქუჩაზე დილიდანვე დაიწყო ზებრა გადასასვლელების, გზის გამყოფი ზოლებისა და პარკირების ადგილების განახლება.
[red_box]2016 წელი – მერი გიორგი ერმაკოვი[/red_box]

18 იანვარი – ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება. პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება. მიმდინარე ეტაპზე სამუშაოები სულაბერიძის ქუჩიდან, შავშეთისა და ერისთავის ქუჩების გავლით, გოგოლის ქუჩამდე ტარდება…. სამუშაოების ღირებულება 13 მილიონ 500 ათას ლარს შეადგენს.

6 თებერვალი – ბაგრატიონის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – ბათუმის მერია.
2016 წლის 6 თებერვალი – ბათუმი, ბაგრატიონის ქუჩა
25 დეკემბერი – „დემეტრე თავდადებულისა და ლერმონტოვის ქუჩაზე, ორბელიანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდა. მოეწყო სანიაღვრე სისტემა და მიმდინარეობს მოასფალტება,“ – ბათუმის მერია
[red_box]2015 წელი – მერი გიორგი ერმაკოვი[/red_box]

10 დეკემბერი – „ამჟამად ბაგრატიონის ქუჩაზე ხორციელდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, პარალელურად მიმდინარეობს საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია შავშეთიდან ერისთავის ქუჩებს შორის მონაკვეთში, რომელიც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ბიუჯეტი – 16 მილიონ 300 ათასი ევრო,“ – ბათუმის მერია.

ამავე წელს ბათუმის მერია იტყობინებოდა, რომ ბაგრატიონის ქუჩაზე რვა სკვერის გაშენებას იწყებდა.

[red_box]რა ხდება დღეს ბაგრატიონის ქუჩაზე და რას ამბობენ მერიაში?[/red_box]

ამჟამად ბაგრატიონის ქუჩა ხიმშიაშვილიდან ლერმონტოვამდეა გადათხრილი და ერთი მიმართულება გადაკეტილი.

ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დაგვხვდა, თუმცა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის „ნიუპოვერის“ დირექტორმა, მალხაზ სარჯველაძემ გვითხრა, რომ კომენტარს არ აკეთებს.

გასაუბრების დროს მან აღნიშნა, რომ ამ დრომდე ბაგრატიონის ქუჩაზე ჩატარებულ სამუშაოებთან მის კომპანიას შეხება არ ჰქონდა, მიმდინარე საქმეს კი, მომავალი წლის ზაფხულამდე დაასრულებს.

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია – 15 დეკემბერი, 2022

კომპანია „ნიუპოვერთან“ ხელშეკრულება ბათუმის მერიამ 2022 წლის 29 ივნისს გააფორმა ბაგრატიონის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე. კონტრაქტის ღირებულება ზუსტად 6 მილიონ 688 876 ლარია.

რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, შპს „ნიუპოვერი“ 2015 წელს ფოთში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორი მალხაზ სარჯველაძეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, „ნიუპოვერს“ 60-ზე მეტი სხვადასხვა ტენდერი აქვს მოგებული, მათ შორის, აჭარაში.

„ჯამში რამდენი დაიხარჯა, ვერ გეტყვით, თუ მოგვმართავთ საჯარო ინფორმაციით, დავითვლით,“ – გვითხრა ბათუმის მერიის კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველოს ხელმძღვანელმა, აკაკი ბერიძემ, რომელსაც ვთხოვეთ დაესახელებინა კონკრეტული ციფრი: რა თანხა დაიხარჯა ბოლო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე.

აკაკი ბერიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიგეგმა: პირველი ნაწილი იყო ვაჟა ფშაველას ქუჩის კვეთიდან ბონამდე, რაც დასრულდა 2017 წელს, მეორე ეტაპის სამუშაოებზე კი, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას ძეგლამდე, ტენდერი 2021 წელს გამოცხადდა.

„მეორე ეტაპის სამუშაოები ვერ შესრულდა სრულად იმიტომ, რომ კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულებები. ჩვენ რა ვალდებულებაც გვქონდა, ის შევასრულეთ, კომპანიამ პირგასამტეხლო გადაიხადა, 452 ათასი ლარი.

ექსპერტიზა ჩატარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე და მომზადდა ახალი საპროექტო დოკუმენტაცია. ამის საფუძველზე გამოცხადდა ახალი ტენდერი,“ – ამბობს აკაკი ბერიძე.

აკაკი ბერიძე გვიყვება, რომ გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ზიმო 7“-მა, ვისთანაც ხელშეკრულება შეწყდა, ძირითადად ბაგრატიონის ქუჩის ერთ მხარეს გააკეთა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამჯერად კი, კომპანია „ნიუპოვერმა“ დაიწყო იგივე ქუჩის რეაბილიტაცია ბაგრატიონის ქუჩის მარცხენა მხარეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე ამბობს, რომ 2021 წლამდე, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ქუჩის კვეთიდან ჟიული შარტავას წრიულამდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია არ ჩატარებულა.

მას ვახსენებთ ბათუმის მერიის საჯარო განცხადებებს და ტენდერებს წინა წლებიდან.

„2021 წლამდე რაც იყო, ეს არ იყო კაპიტალური სამუშაოები… პერიოდულ შეკეთებას თუ გულისხმობთ, სხვა ამბავია…. რა იყო წლების წინ დაანონსებული, არ ვიცი. ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან რეფერალურამდე, მანამდე რეაბილიტაციის კუთხით არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა,“ – გვითხრა აკაკი ბერიძემ.

2015 წლიდან დღემდე ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 23 მილიონ 093 729 ლარი დაიხარჯა, ამას ემატება 16 მილიონ 300 ათასი ევრო, რაც 2015 წელს გამოიყო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკიდან ბაგრატიონის და მისი მიმდებარე ქუჩების კანალიზაციის სისტემისთვის. 

უშუალოდ ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან შარტავას წრიულამდე 9 მილიონ 593 729 ლარი იხარჯება. თავდაპირველად ამ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ ასრულებდა 8 მილიონ 640 ათას ლარად, თუმცა მან 2 704 841 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა. მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კი, 6 688 000 ლარს დახარჯავს.

ბაგრატიონის ქუჩა – 15 დეკემბერი, 2022
ბაგრატიონის ქუჩა – 15 დეკემბერი, 2022

ვის აძლევს მერია რეკლამის განთავსების უფლებას ბათუმში 20 წლით

ბათუმის გარე რეკლამის ბაზარი ამ ეტაპზე თავისუფალია. შპს „აჯადს“, რომელიც გარე რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობდა, ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ვიდრე ამ უფლებას სხვა მფლობელს გადასცემენ, ბათუმის მერია საკრებულოს რეკლამის განთავსების წესში ცვლილების დამტკიცებას სთხოვს.

მერია ითხოვს, დადგენილებაში, კერძოდ მერვე მუხლში ცვლილებას და გარე რეკლამის განთავსების უფლების გასხვისების ვადების შეცვლას. ამ დრომდე მერიას ამ უფლების კერძო კომპანიისთვის გადაცემა მაქსიმუმ ათი წლით შეეძლო. ცვლილების შემდეგ ეს ვადა 20 წლამდე გაიზრდება.

დადგენილების პროექტის მიხედვით, გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 20 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მერიამ აუქციონი უნდა გამოაცხადოს. ის ასევე უფლებამოსილია გააგრძელოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა, ზედა ზღვრამდე – 20 წელი.

ამ დრომდე ბათუმში გარე რეკლამის განთავსებების უფლება შპს „აჯადს“ ჰქონდა გადაცემული, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის გარე რეკლამის ბაზრის ათვისება „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულ კომპანიას შპს „ალმას“ სურს.

ბათუმის მერიას შპს „ალმასთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, კომპანიას ბათუმის სხვადასხვა უბანში ათვისებული აქვს 6-6 კვადრატული მეტრი, მოსაცდელების განთავსების პირობით [ასზე მეტი მოსაცდელი]. მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ალმას“ ამ მოსაცდელების მოვლა-პატრონობაც ევალება. სანაცვლოდ კომპანია ამ მოსაცდელების სივრცეებს სარეკლამო ბანერების განსათავსებლად აქირავებს.

წაიკითხეთ – ავტობუსის გაჩერებები მოსაცდელების გარეშე ბათუმში

პანდემიის პირობების გათვალისწინებით, კომპანიამ 2021 წლის მარტში მერიისგან გარკვეული შეღავათები მოითხოვა და მიიღო კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არც თუ ისე ჯეროვნად ასრულებდა.

2021 წლის მარტში ბათუმის მერიამ შპს „ალმასგან“ წერილი მიიღო, სადაც კომპანიის დირექტორი, გიორგი ტრაპაიძე წერდა, რომ პანდემიის გამო დაზარალდა და შეღავათებს ითხოვდა. ზარალის დასადასტურებლად კომპანიამ მერიას ექსპერტიზის დასკვნაც კი წარუდგინა.

„ალმას“ განმარტებით, ის პანდემიის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების გამო დაზარალდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას უფლების გადაცემის მთელი პერიოდისთვის წინასწარ, სრულად აქვს გადახდილი უფლების გადაცემის საფასური – 4 მილიონ 100 000 ლარი, მათ შორის იმ პერიოდისთვის, როდესაც ბათუმის ავტოტრანსპორტი ვერ უწევდა შპს „ალმას“ მომსახურება, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, [მერიისგან] დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 156 461 ლარს…“ – წერდა შპს „ალმას“ დირექტორი მერიას.

საბოლოოდ კომპანია ბათუმის მერიას სთხოვს, რომ ან თანხა დაუბრუნოს, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაუგრძელოს – ექსპერტის შეფასებით 55 თვით მეკუთვნის გაგრძელება, მაგრამ ამდენს არ ვითხოვ და 18 თვით გაგრძელებაზეც თანახმა ვარო.

ბათუმის მერიამ, კომპანიას ხელშეკრულების ვადა გაუგრძელა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მუნიციპალურ ავტოტრანსპორტზე რეკლამის ექსკლუზიურად განთავსებაზე უფლება კომპანიამ ასევე პანდემიის პირობებში, 2020 წლის 27 აგვისტოს მიიღო.

„ალმას“ ინფორმაციით, კომპანიას 400-ზე მეტი ბილბორდი აქვს მთელ საქართველოში. 10-მდე მონიტორი თბილისში, 1000-მდე ავტობუსის მოსაცდელი საქართველოში. რეკლამის ექსკლუზიურად განთავსების უფლება თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში.

რუსები არ უყვართ ჩეჩნებს და დაღესტნელებს, საქართველო ტოლერანტია – რუსეთის მოქალაქე

22 წლის ანდრეი გრომოვი საქართველოში მოსკოვიდან 2 კვირის წინ ჩამოვიდა ლარსის გავლით. ამბობს, რომ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაცია არ ყოფილა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. ანდრეი ამბობს, რომ მისი მთავარი ინტერესები კრიპტოვალუტას უკავშირდება, რაც, მისი თქმით, საქართველოში ხელმისაწვდომია.

ანდრეი IT სპეციალისტია. ამბობს, რომ საქართველოში სულ მცირე 1 წლით აპირებს დარჩენას. ქვეყნის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რუსეთის 22 წლის მოქალაქე გართულებულ ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს, ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,05%-ია.

  • ანდრეი, როგორ ჩამოხვედით საქართველოში და რას ფიქრობთ რუსეთში მობილიზაციის შესახებ?

აქამდეც მინდოდა წამოვსულიყავი, მაგრამ არ გამოდიოდა, ომი არაფერ შუაშია, ბევრი მიზეზის გამო წამოვედი. ომი არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც წამოვედი. ყველას თავისი ინტერესები და გეგმები აქვს, ეს პირადი საკითხებია.

  • ანუ ომი და მობილიზაცია არ არის მთავარი მიზეზი, რატომაც წამოხვედით რუსეთიდან?

არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, მინდოდა რუსეთიდან სადმე წასვლა. იყო რაღაც ინფორმაცია, რის საფუძველზეც აუცილებელი გახდა ჩემი წამოსვლა.

  • ზოგადად რას ფიქრობთ მობილიზაციაზე, უკრაინაში ომზე?

არ არის კარგი რამე ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია, როგორც მას უწოდებენ.

  • ეს სამხედრო ოპერაციაა თუ ომი?

ომია.

  • როდის  ჩამოხვედით საქართველოში?

2 კვირის წინ.

  • რატომ ჩამოდიან საქართველოში რუსები? ომი არ სურთ უკრაინასთან და წინააღმდეგი არიან მობილიზაციის საშუალებით ფრონტზე გაწვევის, თუ უბრალოდ სანქციებს არიდებენ თავს?

 იმიტომ, რომ ყველაფერი იზღუდება რუსეთში ნელ-ნელა და გვავიწროებენ. ვერავინ ხედავს მიზანს და იდეას ამ ომში. არ ვიცით, რატომ უნდა გავწიროთ საკუთარი სიცოცხლე. ეს ომი რუსეთის ხელისუფლების ინტერესშია და არა ხალხის.

  • რუსეთში რომ დარჩენილიყავით გამოგიძახებდნენ?

კი. ვარ ჯარში ნამყოფი. ვიცნობ ხალხს, ვინც გამოიძახეს. არ ვიცი მათ სურდათ ომში წასვლა თუ არა.

  • საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე რა იცით? რა გსმენიათ ან წაგიკითხავთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, ომებზე?

როგორც ვიქტორ ცოი ამბობდა, ადამიანი იბადება არა ქვეყანაში, არამედ დედამიწაზე, ამიტომ არ უნდა განვასხვაოთ ადამიანები ეროვნების მიხედვით.

  • არავისგან გასხვავებთ, უბრალოდ არსებობს ფაქტები და არსებობს ისტორია, თუ როგორ მოქმედებდა ესა თუ ის ქვეყანა უახლოეს წარსულში და ახლა, ამ ფაქტებზე რას ფიქრობთ, როგორც რუსეთის მოქალაქე, საინტერესოა ჩვენთვის.

რაც 2008 წელს მოხდა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ წავიკითხე.

  • არამხოლოდ 2008 წელს, ბოლო 30 წლის განმავლობაში ორჯერ დაესხა რუსეთი თავს საქართველოს. დღემდე მცოცავი ოკუპაციით იტაცებენ საქართველოს ტერიტორიებს რუსი ჯარისკაცები. არ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?

ერთი ომის შესახებ ვიცოდი. მე ამას ასე არ ვუყურებ, ეს პოლიტიკაა და მშვიდად ვრეაგირებ, თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას? ომები ყოველთვის იყო, არის და იქნება, არამხოლოდ რუსეთის მხრიდან, ზოგადად.

  • კონკრეტულად საქართველოს ახლანდელ მდგომარეობას აღგიწერთ: თბილისიდან სულ რამდენიმე კილომეტრში დგანან რუსი ჯარისკაცები და ნელ-ნელა, იტაცებენ საქართველოს ტერიტორიებს, თვითნებურად ავლებენ მავთულხლართებს, საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ ადამიანებს, რას იტყოდით ამ კონკრეტულ ფაქტზე.

არ ვიცოდი ამის შესახებ. ახლახან წავიკითხე. ეს სახელმწიფოს ინტერესებში, ჩვენი – არა. მე რას გავაწყობ? რა უნდა ვთქვა.

  • როგორც რუსეთის მოქალაქემ რომ შეაფასოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს სურს უკრაინის ოკუპაცია, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი მიტაცებული აქვს და ნაწილს კი მცოცავი ოკუპაციით იტაცებს.

აბსოლუტურად ყველა ხელისუფლებას თავისი ათწლიანი გეგმა აქვს და ეს ყველაფერი ზემოდან მოდის. ეს შორს არის ჩვენი, ხალხის ინტერესებისგან, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას თავისი ცხოვრება აქვს.

  • ანუ თქვენ არ გეხებათ რუსეთის ხელისუფლების გეგმები?

არ მეხება მათი გეგმები, მაგრამ მეხება იმ თვალსაზრისით, რომ თუ რუსეთში რამე მოხდება, შემეხება, მე მაქვს ჩემი აზრი, აი ხომ გპასუხობთ. აუცილებლად რადიკალური უნდა ვიყო, რომ წინააღმდეგი ვარ ომის?

  • არა, უბრალოდ საინტერესოა, რას ფიქრობს საქართველოში გადმოსახლებული რუსეთის მოქალაქე უკრაინის ომზე, მცოცავ ოკუპაციაზე საქართველოში. რას ნიშნავს თქვენთვის, როგორც რუსეთის მოქალაქისთვის, რომ თქვენ მიერ დაფინანსებული ჯარი იპყრობს სხვა ქვეყნებს.

ეს არ არის კარგი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია, ჩემი მსოფლმხედველობის მიხედვით გამოტანილი დასკვნა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი: სახელმწიფოს სხვა ინტერესები აქვს, სამყაროს სხვაგვარი ხედვა აქვს ჩვენს ხელისუფლებას, მათ თავისი ცხოვრება აქვთ.

  • რატომ გადაწყვიტეთ რუსეთიდან წასვლა? ალბათ რთულია, საკუთარი ქვეყნის დატოვება და გადასახლება.

არ არის რთული, მე მარტივად მივიღე გადაწყვეტილება. ბევრმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა აქ წამოსვლა, პირველ რიგში ეკონომიკურმა. მომავალშიც ალბათ კიდევ რაღაცები გამწვავდება.

  • რუსეთში რომ იყოთ და გამოეძახებინეთ, რას იზამდით, წახვიდოდით ომში?

არ ვიცი, ალბათ არა. უამრავი საშუალებაა რომ არ წახვიდე. უამრავი რამეა ცხოვრებაში, რაზეც ზემოქმედებას ვერ მოახდენ.

  • მომავალში სად გეგმავთ ცხოვრებას?

ალბათ დავრჩები საქართველოში. პირადი საკითხია. IT სპეციალისტი ვარ. მომწონს საქართველო. ლამაზი ქალაქია ბათუმი, განვითარებულია კრიპტოვალუტა, რითაც მე ვარ დაინტერესებული, შესაძლოა ერთი წელი მაინც მშვიდად დავრჩე, რადგან ხალხი ტოლერანტულია.

ვიცი მაგალითად ისეთი ერები, როგორც დაღესტნელები და ჩეჩნები არიან, ძალიან სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ რუსების მიმართ, არ უყვართ.

  • რთულია ჩეჩნებს რუსები უყვარდეთ, რუსული აგრესიის შედეგად ომში 16 ათასზე მეტი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.

არა, ჩვენ არ ვხოცავდით, ჩვენი ხელისუფლება ხოცავდა ჩეჩნებს. თქვენ რა, ყველაფერი კარგად გაქვთ თქვენს ქვეყანაში? ყველა ქვეყანას თავისი ამოცანა აქვს.

___

მთავარი ფოტო: pexels, ფოტოზე არ არის რესპონდენტი გამოსახული.

13 პირი დააკავეს ნოემბერში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციისთვის – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „2022 წლის ნოემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 29 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, 27 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 13 პირი დააკავეს.“

უწყების ინფორმაციითვე, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 44 841 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 220 000 ლარს აღემატება.

„გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

ამავე თემაზე:

9 პირი დააკავეს და 37 პასუხისგებაში მისცეს უაქციზო საქონლის შენახვა-რეალიზაციისთვის 1 თვეში

12 კადრი რუსეთ-უკრაინის ომიდან – ფოტორეპორტაჟი

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. თითქმის ათი თვეა უკრაინაში მიმდინარეობს ომი, რომელმაც ათი ათასობით უკრაინელის, სამხედრო პირების, მშვიდობიანი მოსახლეობის, ბავშვების სიცოცხლე შეიწირა.

ამ ფოტორეპორტაჟში ნახავთ 12 ფოტოს, რომელიც ევროპის პრესფოტო სააგენტოს ფოტოგრაფებმა გადაიღეს უკრაინაში.

ხარკოვი, 2022 წლის 25 თებერვალი. ჯარისკაცის ცხედარი დამწვარი ტანკის წინ. ფოტო: EPA/SERGEY KOZLOV
ბოროდიანკა, უკრაინა. 2022 წლის 3 მარტი. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ ქალაქის დაბომბვის ფონზე. ფოტო: EPA/ALEXA YAKUBOVICH
გაქცევა ირპინიდან. ხალხი გადადის დანგრეულ ხიდზე, რათა რუსული არმიის დაბომბვას გადაურჩნენ. 2022 წლის 7 მარტი.
ლვოვი. უკრაინის არმიის დაღუპული ოფიცრის დედა შვილის კუბოსთან. 2022 წლის 17 მარტი. ფოტო: EPA/ATEF SAFADI
ბუჩა. მშვიდობიანი მოქალაქეების ხელებშეკრული ცხედრები ქალაქის ქუჩაში. 2022 წლის 3 აპრილი. EPA/MIKHAIL PALINCHAK
ბუჩა. უკრაინელები რუსული არმიის განადგურებული ტექნიკით სავსე ქუჩაში. 2022 წლის 6 აპრილი. ფოტო: EPA/ROMAN PILIPEY
სევეროდონეცკი, უკრაინის უცხოური ლეგიონის დაჭრილი მებრძოლი. 2022 წლის 2 ივნისი.
ხარკოვის ოლქი, ქალაქ შევჩენკოვოს გზაზე. 2022 წლის 15 სექტემბერი. ფოტო: EPA/OLEG PETRASYUK
ყირიმის ხიდი. 2022 წლის 8 ოქტომბერი.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩართვა ნატოს 68-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მადრიდში. 2022 წლის 21 ნოემბერი. ფოტო: EPA/EFE /CHEMA MOYA
მარიუპოლი, უკრაინა – ქალაქის დაბომბვისას დაღუპული პირების საფლავები. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY
ჩაბნელებული კიევი. ფოტო: EPA-EFE/OLEG PETRASYUK

ახალი მანქანა მერიას მთავრობისგან, რომელიც ირაკლი თავდგირიძეს ემსახურება

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ირაკლი თავდგირიძეს ახალი მანქანა – „დუსტერი“ მოემსახურება. „ბათუმელების“ ინფორმაციით ეს მანქანა აჭარის მთავრობამ მერიას გადასცა შემდგომში საკრებულოსთვის გადაცემის მიზნით. მთავრობის პრესსამსახური დაგვპირდა, რომ მოგვაწვდიდა მანქანის გადაცემასთან დაკავშირებულ ბრძანებას, თუმცა ის ამ დრომდე არ მიგვიღია.

ჩვენთვის უცნობია მთავრობის რომელმა უწყებამ შეისყიდა მანქანა, როდის და რა ფასად. შესაბამის ვებგვერდებზე არსებული ინფორმაციით კი, ამ მარკის მანქანის ფასი 17 000 დოლარიდან იწყება.

თავად ირაკლი თავდგირიძის ინფორმაციითაც, მანქანა მთავრობამ მერიას გადასცა, მერიამ კი საკრებულოს.

„მანქანა გადმომცა საკრებულომ ჩვეულებრივად, მეც მემსახურება, სხვებსაც ემსახურება. სამართლებრივად, როგორ მოხდა და რა მოხდა არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ მერიამ გადმოგვცა ჩვენ. მე ისეთ კომუნიკაციებში ვერ შევდივარ, ვინ ვის რატომ გადასცა. იცით, რომ დიდი ხანია საკრებულოს ავტოპარკი არ განახლებულა. ამიტომაც ამ მანქანას მეც ვსარგებლობ და სხვებიც. გარდა ამისა, ჩემი პირადი ავტომანქანით ვსარგებლობ ხშირად, რომელიც დეკლარაციაშიც მითითებული მაქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი თავდგირიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, კანონის შესაბამისად მძღოლიც ემსახურება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თავად საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძეს ემსახურება „კია სერატო“, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოში პირველ მოადგილეს, თამაზ სალუქვაძეს ემსახურებოდა.

ირაკლი თავდგირიძის თქმით, ამ ეტაპზე საკრებულო ავტოპარკის განახლებას არ გეგმავს.

____

ირაკლი თავდგირიძე ბათუმის საკრებულოს წევრი გახდა გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“. თუმცა მან პარტია საკრებულოში შესვლის წინ დატოვა იმ მოტივით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებდა. მისი ამ გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოში ბალანსი შეიცვალა: ირაკლი თავდგირიძის ამ გადაწყვეტილებამდე „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი შეჰყავდა, ხოლო ოპოზიციას – 19.

2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგების მიუხედავადა, დღეს ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში მაინც „ქართული ოცნებაა“ – საბოლოოდ ეს შედეგი მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე დღეში ენმ-ს წევრი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა,

ხელახალ არჩევნებში კი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.

მართალია, „ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე“ გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე პროკურატურას შედეგი არ დაუდია. ფუტკარაძეს „ნეიტრალურის დაჭერას“ სთხოვდნენ იმ აუდიოჩანაწერის მიხედვით, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, 24 ნოემბერს გაავრცელა.

პარტიიდან ირაკლი თავდგირიძის წასვლის შემდეგ გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ „გასაყიდი უნდა გაიყიდოს“.

ირაკლი თავდგირიძე ამ დროისთვის დამოუკიდებელი წევრია, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ ის თავმჯდომარის პირველი მოადგილეც აირჩია.

2022 წლის 30 მაისს, ირაკლი თავდგირიძემ საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატს – რამაზ ჯინჭარაძეს დაუჭირა მხარი.

გახარიას პარტიიდან წასული დეპუტატი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა

რა მისამართებზე გაითიშება გაზი ხვალ ბათუმსა და ქობულეთში

კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 16 დეკემბერს, ბათუმსა და ქობულეთში გაზი ორ მისამართზე გაითიშება.

კერძოდ, ბათუმში გაზის მიწოდება 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეუწყდებათ ბაგრატიონის ქუჩის #129-ში, ხოლო ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის #121ა-ში მცხოვრებ აბონენტებს. 

„სოკარის“ ცნობით, გაზის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე  დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. 

კომპანია აბონენტებს მოუწოდებსდაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით უკვე მესამედ ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 18-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების  წინაშე 12 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

დემო დღის მონაწილე სტარტაპები:

  • e-Consul – მოგზაურების ციფრული სივრცე, რომელიც აერთიანებს ყველა სამოგზაურო ინფორმაციას და ახდენს სავიზო აპლიკაციების შევსების ავტომატიზაციას.
  • LitKids – საბავშვო ლოტერატურის ციფრული გზამკვლევი მშობლებისთვის, რომელიც მშობელს უგენერირებს ბავშვის ასაკსა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს და იქვე აძლევს მათი ყიდვის შესაძლებლობას.
  • MLbee – SaaS მომხმარებლების შენარჩუნების საპროგნოზო ხელსაწყოები, ელ-კომერციის პლატფორმებისთვის.
  • Tradetkt – სხვადასხვა ღონისძიებისა თუ აქტივობის ბილეთების გაყიდვა/გადაცვლის უსაფრთხო და კომფორტული პლატფორმა.
  • Tao Technology – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ვებ.აპლიკაციის ფაიერვოლი, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესებისთვის.
  • Georgian Wine Club – პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის შერჩევის პროცესის სრულ ავტომატიზებას და ღვინის სადეგუსტაციო ნაკრებების საბსქრიფშენს.
  • Cartune – ავტოსახელოსნოების შესადარებელი პლატფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის.
  • DiFlex – ვებ აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს სატელეფონო კვლევების ჩატარების და ანალიზის პროცესს.
  • Base2 – მობილური თავსატეხი (ფაზლ) თამაში, რომელიც ეხმარება მოთამაშეებს პროგრამირების საფუძვლების შესწავლაში.
  • SOS Auto – სასწრაფო დახმარება შენი ავტომობილისთვის, ევაკუატორის და ავტო ასისტენტის მომსახურებისთვის.
  • Happykids – საბავშვო ნივთების მარკეტფლეისი.
  • Carusell – მანქანების ყიდვა/გაყიდვის ონლაინ პლატფორმა.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, საერთო ჯამში 60-მდე სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა, ქეთი ებანოიძემ.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, ისრაელის საელჩო საქართველოში, USAID Agriculture Program, Cartooli, Webiz, აჭარა ჯგუფი.

თურქეთში მედიკამენტებზე ფასი იზრდება

თურქეთმა ევრო-ლირის კონვერტაციის კურსი წამლის ფასებისთვის 36.77%-ით გაზარდა. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილება ამის შესახებ 15 დეკემბერს გამოქვეყნდა.

„გადაიდგა პირველი ნაბიჯი ბაზარზე მედიკამენტების დეფიციტის მოსაგვარებლად… ფასის განახლებამ, რომელიც თებერვალში უნდა მომხდარიყო, გადმოიწია“, – დაწერა თურქეთს ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ Twitter-ზე.

მედიის ცნობით, თურქეთში წლის ბოლოს გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა, რაც ლირის კურსის დაცემას უკავშირდება. ქვეყანაში მედიკამენტების მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა განაცხადეს, რომ ისინი განიცდიან ზარალს, რადგან კონვერტაციის კურსი საბაზრო კურსზე გაცილებით დაბალია და მოითხოვეს ფასების კორექტირებას.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თურქეთში ზოგიერთი მედიკამენტის დეფიციტია:

„არ ვაპირებ უარვყო, რომ არის წამლები, რომელთა სიმწირეც შეინიშნება. თუმცა, არსებობს გლობალური მიწოდების პრობლემა, და სხვა პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების მიწოდებასთან“.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ ავრცელებს მინისტრის კომენტარს, სადაც იგი აღნიშნავს, რომ წელიწადში წამლების ერთხელ გაძვირება არ არის სწორი და ეს შესაძლოა წელიწადში ორჯერაც მოხდეს.

ენმ აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აღარ დაესწრება – ბოიკოტი

„არ დავესწრებით აჭარის უმაღლესი საბჭოს არცერთ სხდომას, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში“, – აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი კირთაძე.

დღეს, 15 დეკემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

პლენარული სხდომა, სადაც აჭარის ბიუჯეტი უნდა განიხილონ, დღეს, 12 საათზე დაიწყო.

„ბუნებრივია, სხდომაზე არ შევალთ მანამ, სანამ სააკაშვილის სიცოცხლე არის საფრთხეში. მას ხელისუფლებამ პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“. მით უმეტეს, როცა რაღაც დემოკრატიის იმიტაცია უნდა ვითამაშოთ და მეტი არაფერი.

რაც  შეეხება იმას, რომ დატოვებაზე [აჭარის უმაღლესი საბჭოს] იყო საუბარი, როგორც კი პარტია გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დატოვებაზე, ბუნებრივია, მას შეუერთდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქაც, ადგილზე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი კირთაძემ.

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დამონტაჟებული კადრები და განცხადება გაავრცელა.

სამსახურის თანახმად, კადრები ასახავს „მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.“

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 96 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
  • ტანკი – 2 975 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 5 946 ერთეული [+9]
  • საარტილერიო სისტემა – 1 943 ერთეული [+12]
  • MLRS – 406 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 644 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 563 ერთეული [+1]
  • სპეცტექნიკა – 172 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 344 თვითმფრინავი
  • 184 ვერტმფრენი
  • 2 669 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 127 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 614 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსი და ბელარუსი სამხედროები წარმატებით ვერ დაესხმიან თავს უკრაინას – ბრიტანეთის დაზვერვა

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 დეკემბრის 21 საათიდან 16 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: -2 – +3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით,  17-18  დეკემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რუსი და ბელარუსი სამხედროები წარმატებით ვერ დაესხმიან თავს უკრაინას – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 15 დეკემბრის მონაცემები, ბელარუსში მიმდინარე ვადამდელ სამხედრო წვრთნებს ეხება. ბრიტანული დაზვერვა „ნაკლებ სავარაუდოდ“ აფასებს წვრთნებში მონაწილე რუსი და ბელარუსი სამხედროების პოტენციურ შესაძლებლობას, ჩრდილო უკრაინაზე წარმატებული ახალი თავდასხმის განხორციელებისთვის.

ბელარუსმა, ქვეყნის სამხედრო მზადყოფნის ინსპექტირებისთვის ვადამდელი წვრთნები 13 დეკემბერს გამოაცხადა. როგორც გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში ვკითხულობთ, გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნები ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, უკრაინის საზღვრიდან მოშორებით მიმდინარეობს.

ამავდროულად, დაზვერვა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ახლახან, რუსეთმა ბელარუსში მობილიზებული რეზერვისტების დამატებით ქვედანაყოფი განათავსა. აღსანიშნავია, რომ სწორედ უკრაინის მეზობელი ბელარუსის ტერიტორიას იყენებს რუსეთი და მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის არმია პირდაპირ არ ჩართული უკრაინაში რუსეთის ომში, ბელარუსმა მაინც კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პირველივე დღიდან.

ბელარუსის ტერიტორიას იყენებდა რუსეთი თავისი ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად. ასევე, კიევმა არაერთხელ მიუთითა, რომ მოსკოვი საჰაერო თავდასხმისთვის ბელარუსის ტერიტორიას იყენებს.

ბრიტანული დაზვერვა 3 ნოემბერს წერდა, რომ საკუთარი შეიარაღების ნაკლებობის გამო რუსეთმა სულ მცირე 100 ტანკისა და დამატებითი ჯავშანმანქანებისთვის ბელარუსის სამხედრო მარაგებს მიმართა.

მიუხედავად ამისა, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, ამჟამად ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში მონაწილე ბელორუსის ჯარისკაცები და რუსული ქვედანაყოფები წარმოადგენენ ძალას, რომელსაც შეუძლია განახორციელოს წარმატებული ახალი თავდასხმა ჩრდილოეთ უკრაინაში.

რატომ აჩენენ „ოცნების“ დეპუტატები და თანამდებობის პირები შვილებს ევროპასა და აშშ-ში

„ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც ბოლო პერიოდში დასავლეთის ღია კრიტიკას არ ერიდებიან, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებენ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს, ასევე უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, საკუთარი შვილებისთვის მომავალს სწორედ დასავლეთში გეგმავენ.

გუშინ, 14 დეკემბერს, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენიანმა ლიდერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს „არაფრის მომცემი სტატუსი“ შეუძლიათ „თავისთვის დაიტოვონ“.

ეს იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას სურს ევროპული პერსპექტივა.

ქართველი მაღალჩინოსნები არათუ სასწავლებლად აგზავნიან თავიანთ შვილებს ევროპაში, არამედ ევროპის წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში აჩენენ კიდეც და ამით თავიანთი შვილების დაცულ მომავალს საქართველოს გარეთ უზრუნველყოფენ. შესაბამისად, პასუხგაუცემელია კითხვა – თუ ეს პერსპექტივა მმართველი გუნდის გადასახედიდან გარკვეული მოთხოვნების გამო ასე „არაფრისმომცემია“, თავად რატომ ირჩევენ თავიანთი შვილების მომავლისთვის ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს?

მაგალითად, თბილისის მერს, კახა კალაძეს ოთხი შვილი ჰყავს – ყველა მათგანი ევროპაშია დაბადებული.

თბილისის მერის პირველი შვილი 2009 წელს იტალიაში დაიბადა, მაშინ, როცა კალაძეს ამ ქვეყანაში საფეხბურთო კარიერა არ ჰქონდა დასრულებული. 2012 წლიდან კი კალაძე უკვე საქართველოში ცხოვრობს – ამავე წელს მას ენერგეტიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად ნიშნავენ. მოგვიანებით კახა კალაძე თბილისის მერი ხდება და დღემდე ამ პოზიციაზე საქმიანობს.

მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში ცხოვრობდა და მმართველი პარტიის გუნდის წევრი იყო, მისი მომდევნო სამი შვილი არა საქართველოში, არამედ მილანსა და პარიზში დაიბადა.

კალაძემ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „აბსოლუტურად სამარცხვინო“ უწოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით და თქვა, რომ საქართველო ისჯება იმის გამო, რომ არ ჩაერთო უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანა უნდა დაიჩაგროს იმისთვის, რომ ომში არ ჩაერთო“, – ამბობდა კალაძე და ამით მან გააგრძელა ის ანტიდასავლური რიტორიკა, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ზოგიერთი ლიდერი მკვეთრად გამოხატავს.

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით „საქართველოში ომში ჩართვის იძულება“ რუსული პროპაგანდაა.

აშშ-ში დაიბადა„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის ორივე შვილი. ღუდუშაურმა უკრაინაში მებრძოლი ქართველები „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთ ტრაგიკულ პერსონაჟს – „კიკუს“ შეადარა და ამით მიანიშნა, რომ ისინი თურმე უკრაინაში არა საქართველოს მომავლისთვის, არამედ ფულის გამო იბრძვიან.

2015 წელს ღუდუშაურის ჯერ ერთი შვილი დაიბადა ნიუ-იორკში, 2017 წელს კი – მეორე, ისევ ნიუ-იორკში.

აშშ-ის კანონმდებლობით, ამერიკაში დაბადებულ ადამიანს, ავტომატურად ენიჭება აშშ-ის მოქალაქის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ღუდუშაურის შვილებიც დაბადებით ამერიკის მოქალაქეები არიან.

ღუდუშაურის ბიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ის მოცემულ პერიოდში აშშ-ში არც საქმიანობდა და არც სასწავლებლად იყო წასული. 2014-2020 წლებში ღუდუშაური შპს „კიკის“ იურისტად მუშაობს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქეა. ასევე იყო საქართველოში დაფუძნებული კიდევ ერთი კომპანიის – „ჯეო კონსალტინგის“ დირექტორი.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შვილიც აშშ-ში, კერძოდ ილინოისშია დაბადებული. პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ოდიშარიას ბიოგრაფიულ მონაცემებში არსად არ არის მითითებული შვილის შეძენის პერიოდში რა აკავშირებდა მას ამერიკასთან. 

მხოლოდ „ვიკიპედიაში“ არსებულ ინფორმაციაში ჩანს, რომ 2010 წლიდან ის კომპანია Jindal Petroleum Operating Company LLC-ის გენერალური დირექტორია. კომპანია საქართველოშია დაფუძნებული. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ასევე „ქართული ოცნების ფრაქციის“ თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩიქოვანის შვილიც 2009 წელს აშშ-ში, ნიუ იორკშია დაბადებული. 2009 წელს ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქმიანობდა, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ის 2012 წელს პარლამენტის წევრი გახდა „ბიძინა ივანიშვილი – დემოკრატიული საქართველოს“ მეშვეობით.  

ისი განცხადებები არ არის ღიად ანტიდასავლური ან ანტიუკრაინული, თუმცა ერთ-ერთ კომენტარში ჩიქოვანმა საყვედური გამოთქვა უკრაინის მთავრობის მიმართ, როცა უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის რამდენიმე წევრს სანქციები დაუწესა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი გავლენიანი წევრის, ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი გერმანიაში, ბერლინშია დაბადებული – 2013 და 2015 წლებში. 2010 წელს ის გერმანიაში სწავლობდა, 2015 წელს კი ერთ-ერთი გერმანული ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ (DGStZ) სამეცნიერო რედაქტორი იყო.

ოხანაშვილი პარლამენტში დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, თუმცა მიიჩნევს, რომ კანონი ბიძინა ივანიშვილზე ვერ გავრცელდება, რადგან ოხანაშვილის აზრით, ივანიშვილი არა ოლიგარქი, არამედ მეცენატია. 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, დავით სონღულაშვილის ერთ-ერთი შვილი კი საფრანგეთშია დაბადებული. ბიოგრაფიის მიხედვით, სონღულაშვილი 2007 წლიდან შპს „ედრესის“ მმართველი დირექტორი იყო, კომპანია საქართველოშია რეგისტრირებული. 

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას შვილიც აშშ-ია დაბადებული. ვლადიმერ ჩაჩიბაია გენერალ-ლეიტენანტია და 2007-2008 წლებში აშშ-ის არმიის „ომის კოლეჯში“ სწავლობდა. ამავე დროს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში. მისი შვილი აშშ-ი 2008 წელს დაიბადა. 

  • „ქართული ოცნებისგან“ განდგომილი დეპუტატები

ოფიციალურად საპარლამენტო უმრავლესობის სიაში მყოფი, „ოცნებისგან განდგომილი“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის შვილებიც ევროპაში, კერძოდ კი ინგლისსა და შვეიცარიაში არიან დაბადებული. 1997 წლამდე ყაველაშვილი ინგლისური საფეხურთო კლუბის, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იყო. 2001 წელს, მეორე შვილის დაბადებისას, ის „ალანია-ვლადიკავკაზში“ ასპარეზობდა (2004 წელი) და ამის შემდეგ (2005-2006 წლებში) გახდა „ბაზელის“ მოთამაშე.

ევროპული ცხოვრების და საფეხბურთო კარიერის მიუხედავად, ყაველაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, გაერთიანდა მოძრაობაში, რომელიც დაფუძნების დღიდან ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა.

ის აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს დიპლომატიას უწუნებს, მისი „ოთხეული“ კი ელჩს ბრალს სდებდა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩართვის მცდელობაში.

„ომში ჩართვის ნარატივი თქვენგან დაფინანსებული ადამიანებისგან მოდის“, – წერდა ყაველაშვილი კელი დეგნანს.

ხულო-ზარზმის გზა – მესაკუთრეებს მიწის ნაკვეთს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაქსაძეების ოჯახს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან 432 კვადრატულ მეტრს ექსპროპრიაციის წესით ჩამოართმევენ.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებაზე შესაბამისი ბრძანება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გამოსცა.

პაქსაძეების ნაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. ავტომაგისტრალის ამ ნაწილში ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული ვალერი, თამარა, ლევან და მერი პაქსაძეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე… ვინაიდან,  დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების  ჩამორთმევის  საჭიროება“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო – ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო – სარეკონსტრუქციო სამუშაოების (I ლოტი – ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი) პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ,  ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დანისპარაულში მდებარე ვალერი, თამარა, ლევან და მერი პაქსაძეების თანასაკუთრებაში არსებულ 7 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილზე  – 482 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ ნაგებობასა (ღობე) და მრავალწლიან ნარგავებზე“ – წერია ბრძანებაში.

პაქსაძეების საკუთრებაში არსებული ნაკვეთი [7 000 კვ.მ, მონიშნულია მკრთალად] სოფელ დანისპარაულში
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ის შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. მინისტრის ბრძანება 14 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე:

სახიფათო ადგილები ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე [ფოტო]

 

 

„ჩითილს ისე სჭირდება მოვლა, როგორც ჩვილ ბავშვს” – აჭარელი ეკომიგრანტი წალკიდან

39 წლის იამზე შავაძე აჭარელი ეკომიგრანტია წალკიდან. იამზე ჯერ გურიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ბოლო 15 წელია კი წალკაში ცხოვრობს.

იამზე ამბობს, რომ წალკაში საცხოვრებლად გადასვლა არ იყო მარტივი და საკმაოდ რთულ ეკონომიკურ მდგომარეობასაც უკავშირდებოდა. მან შეძლო და საკუთარი შემოსავლის ძირითად წყაროდ ჩითილების გამოყვანა აქცია.

ჩითილების გამოყვანა იამზეს გურიაში ცხოვრებისას ასწავლა აგრონომმა მამამთილმა. იამზეს წალკაში 14 წელია ჩითილები ღია გრუნტზე და პატარა, საკუთარი ძალებით მოწყობილ, ერთჯერადი ცელოფნით გადახურულ სათბურებში მოჰყავდა.

„ნელ-ნელა შევისწავლე ეს საქმე. ხან გამოდიოდა, ხან – არ. გააჩნია იმასაც, თუ რა თესლს დათესავ. ღია გრუნტზე ძალიან უჭირს თესლს გახარება. თუ სიცივე შეხვდა ამოსულ ჩითილს, აფუჭებს, თუ ზედმეტი სიცხე შეხვდა – ესეც აფუჭებს.

წალკაში ცივი კლიმატია, ხშირადაა ქარი. როცა ჩამოვედი, 2-3 წელი, ძალიან გავწვალდით, გაგვიჭირდა. გაზაფხულზე ყინვები იცის. პატარა სათბურებს ვაკეთებდით და არ იყო იმდენი სითბო, რომ ჩითილები გაზრდილიყო. ხან ქარი მიწეწავდა, მინგრევდა სათბურებს. ძალიან რთული იყო მუშაობა, სანამ წალკის ნიადაგს შევისწავლიდით.

ძალიან ბევრი სირთულე გადავიტანეთ, მაგრამ ჩითილების გამოყვანაზე რომ ვიყავით დამოკიდებული და მეტი შემოსავალი არ გვქონდა, თავს არ ვანებებდით. ნელ-ნელა ვისწავლეთ რა დროს უნდა მოგვერწყო, გაგვემარგლა ჩითილები. გაგვეხსნა სათბურები და ა.შ.“, – გვიყვება იამზე.

მისი თქმით, ყველაზე დიდი სირთულე ამ საქმეში იმ პერიოდის გადალახვაა, როცა ამა თუ იმ ბოსტნეულის თესლი არ ამართლებს.

„ეს როცა თესლი ცრუ გამოდგება და ხანდახან არის, რომ საერთოდ არ ამოდის ხოლმე. ხანდახან 50% არ ამართლებს. აი, ერთ წელიწადს, მახსოვს, საერთოდ არ ამოვიდა, 1 პროცენტიც კი არ ამოვიდა. თან ძალიან ძვირი ჯდება თესლების შეძენა. ყველაფრის თესლს სახლში ფიზიკურად ვერ გამოიყვან“ – ამბობს იამზე.

იგი დღის განმავლობაში მინიმუმ 5-6 საათს მაინც უთმობს ნარგავებსა და უკვე ამოსულ ჩითილებზე ზრუნვას:

„რაც უფრო მეტ დროს გაატარებ სათბურში, მეტად მოუვლი ნათესსა და ჩითილებს, მით უფრო კარგია. ეს საქმე შრომატევადია. ჩითილს, როგორც ჩვილ ბავშვს, ისე თუ არ მოუარე, თავის დროზე წყალი, სასუქი არ მიეცი, არ გაიხარებს.

როცა ვყიდი ჩემს ჩითილებს, სულ მაინტერესებს, მერე თუ გაიხარებენ. ჩემს მომხმარებლებს დაუზარებლად ვაძლევ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოუარონ. ყველა ჩითილის მოვლას თავისი წესი აქვს. ზოგს არ უყვარს ღრმად ჩარგვა, არ უხდება ბევრი წყალი… ზოგი კიდევ შედარებით მარტივი მოსავლელია და ყველაფერს იტანს – სიცხესაც, სიცივესაც“.

წალკაში ცხოვრების პირველ წლებში იამზეს სულ რამდენიმე სახეობის ბოსტნეულის: კიტრის, პომიდვრის, ბულგარულის და წიწაკის ჩითილები გამოჰყავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს ჩამონათვალი გაზარდა.

იამზეს მომხმარებლები ძირითადად წაკლაში და წალკის სოფლებში მცხოვრებლები არიან. კვირას, ბაზრობის დღეს იამზეს თავისი ჩითილები წალკის ცენტრში მიაქვს გასაყიდად, სხვა დღეებში კი მომხმარებლებს სახლში მასპინძლობს.

იამზე ამბობს, რომ მთელი 14 წელი ოცნებობდა სათბურის ქონაზე. მან ეს ოცნება ერთი წლის წინ აიხდინა. იამზემ თანადაფინანსება მოიპოვა პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში და ახლა სათბური აქვს.

მისი სათბური ჯამში 240 კვადრატული მეტრია, აქვს სარწყავი სისტემაც:

„სათბური დახურულია და სიცივეში, ქარში, წვიმაში, ყოველდღიურად შემიძლია ვიმუშაო, რაც ძალიან კომფორტულია.

იამზეს სათბური

შედარებით მარტივად ამოვიდა ჩითილებიც. აღარ მაქვს შიში, რომ ქარი, წვიმა ან სეტყვა გამიფუჭებს, ცელოფანი აიგლიჯება… ჯერ სათბურში მუშაობის დიდი გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ უკვე ერთი წელია ვსწავლობ სად რა უნდა დავრგო, რა დროს რა უნდა დავთესო და ა.შ.

ღია გრუნტზე და ჩვენით მოწყობილ სათბურებზე მუშაობა განსხვავებულად გვიწევდა“.

იამზე საყვარელი საქმე მცენარეებთან ურთიერთობაა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანითაა დაკავებული, ამბობს, რომ დღემდე ოცნებად აქვს მრავალი მცენარის მოშენება შეძლოს.

„ძალიან მიყვარს ყვავილები და ძალიან მახარებს, რომ ახლა ყვავილების დათესვაც შემიძლია. წელს, მაგალითად, ცოტა დანაზოგი გავაკეთე და 2 000-მდე ვარდის ნერგი შევიძინე, რომლებიც ღია გრუნტზე მქონდა. შენახვით მხოლოდ 50-მდე ნერგის შენახვა შევძელი, რომლებიც ქოთნებში გადავრგე და სათბურში შევიტანე, დანარჩენი გავყიდე. ზამთარში ძალიან ცივა და ღია გრუნტზე ვერ გაძლებდნენ ვარდის ნარგავები, გაიყინებოდა და გაფუჭდებოდა.

დიდი სურვილი მაქვს, რომ სათბურში ვარდის ნარგავები მქონდეს, მაგრამ ჯერ ამის საშუალება არ მაქვს.

სათბურის შეძენა ჩემი ოცნება იყო და ავიხდინე. ახლა ოცნებად მაქვს, რაღაც თანხა ან შანსი რომ გამოჩნდეს ჩემი სათბურის გამრავალფეროვნებისა და ყვავილების წარმოებისთვის. ყვავილებთან და მცენარეებთან მუშაობა ყოველთვის მიყვარდა“.

საუბრის დასასრულს იამზე გვეუბნება, რომ ვერ წარმოუდგენია დღე, როდესაც სათბურში არ შევა და ჩითილებსა და ნათესებზე არ იზრუნებს:

„სურვილი მაქვს, ჩემს ნარგავებთან ვიყო. მათ შვილივით სჭირდებათ მოვლა, რათა გაიზარდონ“.

იამზეს ვარდები

ბათუმის მერია ფერიის სასაფლაოზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებს

ბათუმის მუნიციპალურ სასაფლაოებზე ვიდეოკამერებს დაამონტაჟებენ. შესაბამისი მომსახურების შესყიდვის მიზნით 2023 წლის ბიუჯეტში ქალაქის მერიამ 22 000 ლარი გაითვალისწინა. საერთო ჯამში კი,  მუნიციპალური სასაფლაოების მოვლა-პატრონობისთვის მერია მომავალ წელს 1 მილიონ 11 ათას 300 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ამ დაფინანსების ფარგლებში მერიის შესაბამისმა ორგანიზაციამ, ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ ორი ქვეპროგრამა უნდა განახორციელოს, გარდა ამისა, ამ თანხაში შედის ადმინისტრაციული ხარჯიც.

„ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის, ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, დაახლოებით 12 ვიდეოკამერის დამონტაჟებას გეგმავენ ფერიის სასაფლაოზე, სადაც ძარცვის შემთხვევები დაფიქსირდა: „სხვაგან არ გვაქვს საჭიროება. ფერიის სასაფლაო კი მუდმივ კონტროლს საჭიროებს, იყო ძარცვის და დაზიანების ფაქტები. მოიპარეს ჭიშკარი. ლატუნის [თითბერის] დეტალები“.

ჩაქვის დასახლებაში ბათუმის ახალი სასაფლაოს გახსნა ჯერ ისევ მერიის შეუსრულებელი პროექტების ჩამონათვალში რჩება. სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღემდე არ არის გახსნილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა.

ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი იყო საკრებულოშიც, თუმცა განხილვა ისე დასრულდა, რომ არ გაირკვა, რა გეგმები აქვს მერიას ამ მიმართულებით.

ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, მერია განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს: „წერილი გვაქვს გაგზავნილი სამხარაულის ბიუროში, რომ ისევ გადამოწმდეს. თუ კვლავ დაიდება დასკვნა, რომ ადგილი მეწყერსაშიშია, რას ვიზამთ, სხვა ადგილის გამოძებნა მოგვიწევს.“

2023 წელს „ბათუმის სასაფლაოებმა“ უნდა უზრუნველყოს მოქმედი სასაფლაოს მოვლა-პატრონობა – მთელი წლის განმავლობაში სასაფლაოებზე მისასვლელი ბილიკების დაგვა-დასუფთავება, გამწვანება, ამორტიზებული ხეების მოჭრა, საჭირო სამუშაო იარაღებითა და ინვენტარით, მუშა-მესაფლავეების სპეციალური უნიფორმით და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, ბალახის, ბუჩქების და ხეების მოვლა, სტრუქტურის წესრიგში მოყვანა.

ასევე, სასაფლაოს მოვლა-პატრონობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენა და მომსახურება, ტერიტორიის გამწვანება, ჩაქვისა და სხვა სასაფლაოების ოფისებში ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა.

ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვასთან დაკავშირებით მერია განმარტავს:

„სასაფლაოების პასპორტიზაციის დასრულებით მუნიციპალიტეტს ექნება ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია თავისუფალი, უპატრონო და სამემკვიდრეო სასაფლაოების შესახებ. ამასთან, შექმნილი სრული ბაზა და საფლავების ნუმერაცია გააადვილებს საფლავის ძებნას და მემკვიდრის დადგენას. პასპორტიზაციით უკვე მიღებულია პირველი შედეგები, უსახელო საფლავების მოძიებასა და მეპატრონის დაზუსტების საქმეში.“

კიდევ ერთი ქვეპროგრამა უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს ითვალისწინებს.

მერიის ინფორმაციით, „აღნიშნული ღონისძიებით ხორციელდება ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა მათთვის სპეციალურად გამოყოფილ სასაფლაოზე, ხდება მათი რეგისტრაცია, ნომრის მინიჭება და ელექტრონული არქივის შედგენა.“

„ბათუმის სასაფლაოებს“ მუნიციპალური სასაფლაოები, სულ 44 ჰექტარი აქვს მართვაში გადაცემული.

სათამაშო ბიზნესიდან ბათუმი 37 მილიონზე მეტს ელის – მერია მოსაკრებელს ზრდის

ბათუმის მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს ზრდის. შესაბამისი დადგენილების პროექტი საკრებულოში დასამტკიცებლად უკვე გადაგზავნილია. ამ პროექტის მიხედვით, მერია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების სახით კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობებს გამოიყენებს. შესაბამისად, მომავალ წელს ამ კატეგორიიდან 9 მილიონით მეტის ამოღებას გეგმავს.

ბიუჯეტის საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, 2022 წლის გეგმა 28 მილიონი იყო, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი, სათამაშო ბიზნესიდან მერია 37 მილიონზე მეტს ელოდება.

პროექტის მიხედვით, 2023 წლიდან სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი 40 000 ლარით განისაზღვრება, ამ დრომდე 24 000 ლარი იყო. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონის მიხედვით, თითოეულ სამორინეს მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია კვარტალში 20 000-დან 40 000 ლარის ჩათვლით. პროექტის მიხედვით, მერია მაქსიმალური ოდენობის გამოყენებას გეგმავს.

თითოეულ სათამაშო აპარატზე კი მოსაკრებლის განაკვეთი მოქმედი კანონით კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარამდეა. 2023 წლიდან ბათუმის მერია ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურ ოდენობას გამოიყენებს და გადასახადი 4 000 ლარი იქნება, ნაცვლად 2 600 ლარისა.

რაც შეეხება სათამაშო აპარატებზე მოსაკრებელს, თითოეულ სათამაშო აპარატზე მოსაკრებლის განაკვეთი კანონით კვარტალში 2 000-დან 4 000 ლარის ოდენობით შესაძლებელია იყოს განსაზღვრული. მერიის განკარგულების პროექტის მიხედვით, ბათუმში სათამაშო აპარატებზე მოსაკრებელი 4 000 ლარი იქნება, ნაცვლად არსებული 2 600 ლარისა.

თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე კანონით მოსაკრებლის განაკვეთი შეადგენს საპრიზო ფონდის 10 პროცენტს. ამ შემთხვევაში მოსაკრებელი არ იცვლება, რადგან ამ დრომდეც 10 პროცენტს ითხოვდა მერია.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 250 000 -დან 300 000 ლარს ოდენობით არის განსაზღვრული. 2023 წლიდან ბათუმში ეს მოსაკრებელი განისაზღვრება 300 000 ლარით, ნაცვლად 250 000 ლარისა.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე მოსაკრებლის განაკვეთი კვარტალში 1500 – დან 20 000 ლარის ოდენობით ჩათვლით. პროექტის მიხედვით, ბათუმში მოსაკრებელი 2023 წლიდან განისაზღვრება 20 000 ლარით, ნაცვლად 6000 ლარისა.

თითოეული კლუბის მაგიდაზე მოსაკრებლის განაკვეთი კი კვარტალში განსაზღვრულია 4 000-დან 14 000-ლარის ჩათვლით. [კანონით] ბათუმის მერიის განკარგულების პროექტის მიხედვით, მოსაკრებელი ბათუმში განისაზღვრა 14 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 6000 ლარისა.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

რატომ ჩნდება ფერისმჭამელები და შავი წერტილები სახეზე – ექიმის რჩევები

სახის კანზე გაჩენილი შავი და თეთრი წერტილები, ე.წ. ფერისმჭამელები, კანის დაავადების, აკნეს გამოვლინებაა. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ეს პრობლემა შესაძლოა გენეტიკური წინასწარგანწყობითაც იყოს განპირობებული, ზოგჯერ კი, შესაძლოა, ჰორმონალური დისბალანსის, მაგალითად ქალების შემთხვევაში ციკლის დარღვევის გამოც გამწვავდეს.

  • ქალბატონო თათია, რას წარმოადგენს შავი და თეთრი წერილები ე.წ. ფერისმჭამელები კანზე?

ჩვეულებრივი ფერისმჭამელა რასაც ჰქვია, ახასიათებს დაავადებას, რომელსაც ჰქვია აკნე. ეს კანის ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების დაავადება, ამ დროს ხდება ცხიმის აქტიური სეკრეცია,  ანუ მისი გამოყოფა ცხიმოვანი ჯირკვლებიდან.

ფერისმჭამელა გვხვდება ჩვეულებრივი გამონაყარის ან მცირე ცხიმდაგროვების სახით, რომელსაც მილიუმს ეძახიან. აკნეს დროს გვხვდება კიდევ შავი წერტილები, ეს ღია და დახურული სახის კომედონებია [კანქვეშა ცხიმები]. ღია კომედონი არის ის, რასაც უშუალოდ შავ წერტილს ეძახიან, დახურული კომედონი არის თეთრი, პატარა წერტილი, რომელსაც პაციენტი კანის წვალებით ვერ ამოაგდებს, შავი წერტილებისგან განსხვავებით, რომელსაც ბევრი იღებს სხვადასხვა მეთოდით.

აკნეს შემთხვევაში კიდევ ბევრნაირი გამონაყარია ხოლმე წარმოდგენილი სახეზე და არა მარტო ჩვეულებრივი ფერისმჭამელები, შავი წერტილები, პატარა ღია და დახურული კომედონები, კანქვეშა დიდი გამაგრებული კერები და სხვა.

  • რას ნიშნავს, როცა კანზე არ არის გამოხატული სხვადასხვაგვარი გამონაყარი, მაგრამ ჩნდება ფერისმჭამელები?

ეს უფრო ისეთ პაციენტებთან ხდება, ვისაც მიდრეკილება აქვს ცხიმიანი და კომბინირებული კანისკენ, ვისაც მშრალი კანი აქვს, მას ნაკლებად აწუხებს ფერისმჭამელებისა და შავი წერტილების პრობლემა.

ანუ შესაძლებელია აკნეს დაავადება არ იყოს უხეშად წარმოდგენილი, არ ჰქონდეს რთული ფორმა, მაგრამ იყოს მიდრეკილება ფერისმჭამელებისკენ, რადგან პაციენტს აქვს ცხიმიანი ან კომბინირებული (როცა რაღაც ზონები შედარებით უფრო ცხიმიანია) კანი.

  • რამდენად ეფექტური და უვნებელია შავი წერტილების მოსაშორებელი ცხვირის პატჩები და შავი ნიღბები?

დღეს ბევრნაირი საშუალება არსებობს საამისოდ და თითქოს მარტივია ამ პრობლემასთან ბრძოლა. პაციენტები ხშირად მიმართავენ კოსმეტიკურ წმენდას, დადიან  სახის ღრმა წმენდაზე, იყენებენ პატჩებს შავი წერტილების მოსაშორებლად, მაგრამ როცა საქმე აკნესთან გვაქვს, ეს ყველაფერი არის დროებითი. ასეთი მანიპულაციებით კანი სუფთავდება ფერიმჭამელებისგან, მაგრამ რაღაც ხნის შემდეგ ისევ გასაწმენდი ხდება.

საქმე ის არის, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი არის ცხიმის აქტიური სეკრეცია, რომელიც თუ არ დაითრგუნა, ცხიმის გამოყოფა კვლავ პრობლემად დარჩება. ამის შედეგად პაციენტს  ყოველ თვეში ან ყოველ ორ თვეში ერთხელ მოუწევს სახის გაწმენდა.

მკურნალობა ინიშნება იმისთვისაც, რომ შევამციროთ კანის ტრავმატიზაცია, რომ პაციენტს ხშირად არ მოუწიოს ასეთი გაწმენდა, რის დროსაც ხდება კანზე მუშაობა [სპეციალური] კოვზებით, ხელებით, მერე ფორები რომ იხსნება, ძალიან ძნელია ამ ფორების შეკუმშვა, ჩნდება ნაწიბური და მივდივართ უკვე სერიოზულ პრობლემასთან – დაზიანებულ კანთან.

ეს პატჩები და შავი წერტილების საწინააღმდეგო ნიღბები იმდენად საზიანო არ არის, რამდენადაც ნაკლებად ეფექტური.

  • როგორია მკურნალობა?

მკურნალობის რამდენიმე ეტაპი არსებობს, დაავადების სიმძიმიდან და ჩივილებიდან გამომდინარე. ზოგადად, ამ დაავადების დროს გამოიყენება ისეთი მედიკამენტების ჯგუფი, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ცხიმის გამოყოფის დათრგუნვაზე და ეს პრობლემა გვარდება ეტაპობრივად. არსებობს როგორც გარეგანი გამოყენების გელები, ასევე შინაგანი, ანუ მედიკამენტური მკურნალობა. მკურნალობის ფორმას არჩევს უშუალოდ ექიმი, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ადვილად სამართავი არ არის ეს დაავადება, საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და პაციენტები გაფრთხილებულნი არიან, რომ აუცილებლად უნდა გამოიჩინონ ნებისყოფა, რათა საბოლოოდ მივიღოთ კარგი შედეგი. სრულ განკურნებას, ნაწიბურების ალაგების ჩათვლით, დაახლოებით ერთი წელი – წელიწად-ნახევარი სჭირდება.

  • რა აუარესებს მდგომარეობას, რისი გაკეთება არ შეიძლება?

ძალიან ხშირად პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ ხოლმე, იწყებენ მკურნალობას მეზობლის, ახლობლის რჩევებით, როგორც შინაგანს ისე გარეგანს და ასეთი მკურნალობა ძალიან არის აცდენილი დიაგნოზსს, ახლოსაც არ არის სწორ მკურნალობასთან. თვითონაც იკეთებენ სხვადასხვა ნიღაბს, აკნეზე ისვამენ სტეროიდულ კრემებს, რაც არაფრით არ შეიძლება. არ შეიძლება არც კანის მატრავმირებელი პროცედურების ჩატარება.

მკურნალობის პერიოდში, როცა უკვე ექიმთან დიაგნოსტირებულია პაციენტი და ექიმის მიერ ინიშნება მკურნალობა, რა თქმა უნდა, ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ არ შეიძლება კანის გაღიზიანება, მისი წვალება, არ შეიძლება რუჯის მიღებაც, რადგან აკნეს მკურნალობის დროს ისეთი მედიკამენტები ინიშნება, რომლის დროსაც ნაჩვენები არ არის რუჯი, არ არის ნაჩვენები მკურნალობა ორსულობის, ლაქტაციის პერიოდში, რადგან რეტინოიდები, ანუ A ვიტამინის შემცველი პრეპარატები ინიშნება და გარკვეული შეზღუდვები ახლავს.

როდესაც მედიკამენტურ მკურნალობაზე გვყავს პაციენტი, იგი აყვანილი გვყავს სრულ მონიტორინგზე, კონტროლდება ანალიზები.

  • როგორი უნდა იყოს სახის ჰიგიენა მცირედ გამოხატული აკნეს, შავი წერტილებისა და ფერისმჭამელების დროს?

ამ დროს აუცილებელია რუტინის გამომუშავება პრობლემური კანისთვის. სანამ ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და დანიშნავს მკურნალობას, უნდა გამოვიყენოთ ჩვენი კანის ტიპისთვის განკუთვნილი პროდუქცია, მათგან აუცილებელია სახის დასაბანი საშუალება (ე.წ. ქლინზერი) და ჩვენი კანის ტიპის შესაბამისი დამატენიანებელი საცხის და რა თქმა უნდა, მზისგან დამცავის საცხის გამოყენება.

ცხიმიანი და პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საშუალებების გამოყენება, მკურნალობის დაწყებამდე, ცხიმის ჰიპერსეკრეციის შემცირებაში და მდგომარეობის შემსუბუქებაში დაგვეხმარება.

  • კვება რამდენად შეიძლება იყოს კავშირში ამ პრობლმასთან?

პაციენტებთან, ვისთანაც წარმოდგენილია მრავლობითი ფერისმჭამელები, იზღუდება ცხიმიანი საკვები, თხილეული, ნიგოზი, მზესუმზირა – ყველა ეს პროდუქტი მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვალზე და უფრო აქტიურად ხდება ცხიმის გამოყოფა.

მომისმენია პაციენტებისგან – „ექიმო, თხილს რომ შევჭამ, ერთ-ორ დღეში მემატება გამონაყარი“. ჰგონიათ, რომ ეს ალერგიაა, სინამდვილეში კი ამ პროდუქტების მიღება ზემოქმედებს ცხიმოვან ჯირკვალზე, რის გამოც უფრო აქტიურად ხდება ცხიმის გამოყოფა.

ბათუმის მერის ხელფასი 6050 ლარამდე იზრდება, ხელფასები ემატებათ სხვა მოხელეებსაც

მუნიციპალიტეტების მერიებში ხელფასები 10 პროცენტით იზრდება. შესაბამისი ხარჯები 2023 წლის ბიუჯეტების პროექტებში უკვე გაითვალისწინეს. ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით განკარგულების პროექტები აჭარის ყველა თვითმმართველ ორგანოში უკვე მოამზადეს და მის დამტკიცებას დეკემბრის თვის სხდომაზე გეგმავენ.

გადაწყვეტილება ძალაში პირველი იანვრიდან შევა.

ბათუმის საკრებულოს განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს, ცვლილების შემდეგ ბათუმის მერის ხელფასი 6050 ლარი იქნება [ამ დროისთვის მერის ხელფასი 5500 ლარია], ვიცე-მერის ხელფასი 5170 ლარი, ხოლო მოადგილის ხელფასი 4565 ლარი იქნება.

ხელფასების გაზრდის თხოვნით ბათუმის მერმა საკრებულოს ორი თვის წინაც მიმართა. ოქტომბერში ვიცე-მერის ხელფასი 300 ლარით გაიზარდა და 4700 ლარს მიაღწია. მერის მოადგილის ხელფასი კი 4150 ლარამდე გაიზარდა.

ადმინისტრაციის უფროსის ხელფასი 3872 ლარამდე გაიზრდება, ოქტომბერში დამტკიცებული ცვლილების მიხედვით მისი ხელფასი 3520 ლარი იყო.

სამსახურების უფროსების ხელფასი 3872, ხოლო განყოფილების უფროსის ხელფასი 3388 ლარი იქნება. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 2299 ლარს, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1936 ლარს, ხოლო მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1815 ლარს მიიღებს ხელფასის სახით.

ოქტომბერში ცვლილების შემდეგ მერიის ერთი თვის სახელფასო ფონდი 48 915 ლარით გაიზარდა, რაც ერთ წელში ნახევარ მილიონზე მეტია [586 980 ლარი]. ამჯერად ეს თანხა გაორმაგდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მერიის სახელფასო ფონდის ნამატი ოქტომბერ-დეკემბერში წლის განმავლობაში მილიონამდე ლარს მიაღწევს.

ხელვაჩაურის მერის ხელფასი 5 566, მისი პირველი მოადგილის ხელფასი 4235, ხოლო მეორე მოადგილის ხელფასი 3872 ლარი იქნება.

ბათუმის მერმა ხელფასების გაზრდის თხოვნით საკრებულოს მიმართა

102 წლის ქალი, რომელიც ჰოლოდომორს გადაურჩა – „მინდა ამ გამარჯვებას მოვესწრო“

102 წლის ლიუბოვ იაროში გადაურჩა საბჭოთა გადასახლებას, ჰოლოდომორსა და მეორე მსოფლიო ომს. 102 წლის ასაკში მას კვლავ ომში ცხოვრება უწევს და უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უჭერს მხარს. მის შესახებ სტატიას „დოიჩე ველე“ აქვეყნებს. „ბათუმელები“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

თავის სახლში, მდივანზე ზის და ძაფებს ერთმანეთის მიყოლებით არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა მხედველობისა და სმენის სირთულეები ჰქონდეს, ლიუბოვ იაროში ენერგიითაა სავსე, დაუღალავად ქსოვს კომუფლაჟის ბადეებს უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის ომის წინააღმდეგ იბრძვიან.

102 წლის ქალი სოფელ ხოდორკივში ცხოვრობს. იგი 1920 წელს, მეზობელ სოფელ პუსტელნიკიში დაიბადა, ჩრდილოეთ ჟიტომირის რეგიონში.

ლიუბოვ იაროშის ოჯახი იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, ჰყავდათ ქათმები, ღორები და ცხენები. მაგრამ საბჭოთა კავშირმა მთელი მათი ფერმერული და საოჯახო ქონების კონფისკაცია მოახდინა და კოლექტივს გადასცა.

როდესაც უკრაინაში ჰოლოდომორი, მასობრივი შიმშილობა დაიწყო, ლიუბოვ იაროში 13 წლის იყო.

საბჭოთა ხელისუფლებამ მასობრივი შიმშილი უკრაინაში, 1932-33 წლებში, განზრახ, უკრაინელი გლეხების კოლმეურნეობებში ძალით გასაწევრიანებლად და ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის გასანადგურებლად მოაწყო.

1931 წლისთვის ათობით ათასი ინტელექტუალი გადაასახლეს ციმბირში, მათ შორის ქვეყნის ყველზე მნიშვნელოვანი პოეტები, მწერლები და არტისტები. ამ დევნისა და ჰოლოდომორის შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება მხოლოდ 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდად გამოაცხადა. უკრაინელი ისტორიკოსების თანახმად, თითქმის 4 მილიონი ადამიანი დაიღუპა 1930-იანი წლების შიმშილობის შედეგად.

2022 წლის 30 ნოემბერს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰოლოდომორის გენოციდად ცნობას.

  • „არაფერი იყო, რომ გეჭამა“

„ძველი პური არ იყო საკმარისი და ახალი პური საერთოდ არ იყო. ისინი, ვისაც კარტოფილი ჰქონდა, თლიდნენ და ნათალს თესლად ინახავდნენ. კარტოფილის ნათალს ვთესავდით, რათა ახალი კარტოფილი გვქონოდა. ასე ვცდილობდით კარტოფილის მოყვანას“, – სევდით იხსენებს ლიუბოვ იაროში, – „არაფერი იყო, რომ გეჭამა“.

გადარჩენისთვის ადამიანები ცაცხვის ყვავილებსა და ჭინჭარს აგროვებდნენ, ფქვავდნენ და მისგან ორცხობილებს ამზადებდნენ.

„ცოტაოდენი ხორბალი დავფქვით და თხელი სუპი მოვამზადეთ მისგან, მოვწრუპავდით ცოტას, იმდენს, რომ რაღაც მიეღო ორგანიზმს და კვლავ ვწვებოდით“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

მუდმივმა არასათანადო კვებამ მისი ხელებისა და ფეხების შეშუპება გამოიწვია. როგორც იგი იხსენებს, მტკივნეული წყლულები ჰქონდა და სიარული არ შეეძლო. მამას ხელით გაჰყავდა გარეთ. ლიუბოვს ჰალუცინაციები დაეწყო და მშობლებს ეშინოდათ, რომ იგი ვერ გადარჩებოდა.
  • „ბავშვები სახლში კვდებოდნენ“

ქალი ამბობს, რომ მაშინ ბევრი ბავშვი დაიღუპა შიმშილისგან:

„ბავშვები სახლში კვდებოდნენ. კაცებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალა, ჩამოიარეს სახლები და ნახეს, რომ ზოგი ქურაზე ესვენა, ზოგი – სხვაგან. შეაგროვეს გარდაცვლილი ბავშვები, ურემზე დაასვენეს, შემდეგ დიდი ორმო გათხარეს. 10 ბავშვი ან უფრო მეტი იქნებოდა. ყველა მათგანი ასე დამარხეს“.

ლიუბოვ იაროში 5 და-ძმასთან ერთად გაიზარდა. მისი უფროსი ძმა, მიხაილო პოლიციამ დაიჭირა, როდესაც სხვა სოფელში ოჯახისთვის თალგამის მოსაძებნად წავიდა. იგი პოლიციამ სიკვდილამდე სცემა, უმცროსი და, ოლია კი შიმშილმა მოკლა.

ლიუბოვ იაროშის მამას მოუწია თავისი შვილები მარტოს დაემარხა.

„ჩვენ სასაფლაო ძალიან ახლოს გვქონდა. მამაჩემმა უფროსი ვაჟი იქ წაიყვანა და დამარხა“, – იხსენებს ქალი და ცრემლმორეული ამატებს, რომ მისი ძმა და ოთხი წლის და კუბოს გარეშე დამარხეს: „დედამ მაშინ რაღაც ნაჭერი იპოვა ოლიას გასახვევად“.

ლიუბოვ იაროში ჰყვება, რომ იმ დროისთვის კოლმეურნეობაში ძროხები შიმშილით კვდებოდნენ, რადგან მათი საძოვარზე გაყვანა არავის შეეძლო. მაგრამ ხალხს არც მკვდარი საქონლის ხორცის აღების უფლებას აძლევდნენ. მისი თქმით, იყო ასეთი საწამლავი, სახელად კრეოლინი, რომელიც ბოთლებში ესხა. მკვდარი საქონლის ნეშტს ჭრიდნენ და კრეოლინით ჟღენთდნენ ხორცს. ქალი დასძენს, რომ უკრაინელები ათობით წლის განმავლობაში ვერ ბედავდნენ ამ საშინელებებზე საუბარს, რადგან გისოსებს მიღმა აღმოჩენის ეშინოდათ.

  • ჰოლოდომორი, მეორე მსოფლიო ომი და ახლა რუსეთის ომი

ლიუბოვ იაროში გადაურჩა ჰოლოდომორს, მაგრამ მალევე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ნაცისტებმა ორჯერ სცადეს მისი გერმანიაში იძულებით შრომაში ჩასართავად დეპორტირება, მაგრამ მან ორივეჯერ მოახერხა თავის დაღწევა.

„მათ გერმანიაში წამიყვანეს, მაგრამ გავიქეცი. შემდეგ, როდესაც მათ კიდევ სცადეს ჩემი სახლიდან წაყვანა, ავიღე დანა, დავისერე ხელები და გულმკერდი და ჭრილობებზე მარილი მოვიყარე. თავს ეს ჭრილობები მე თვითონ მივაყენე“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, ლიუბოვ იაროში ახალგაზრდა ქალი იყო. მუშაობდა კოლმეურნეობაში და სახერხ საამქროში, ტრაქტორით მინდვრის დამუშავებაც კი ისწავლა, რადგან საბჭოთა კავშირში ყველა მამაკაცი გაწვეული იყო ნაცისტურ გერმანიასთან საბრძოლველად.

ახლა, სიბერეში, მას კვლავ უწევს ომის გამოცდა – ამჯერად რუსეთის ყოვლისმომცველი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს ყველაზე საშინელი ომია“ – ამბობს ქალი.

  • სამი შვილიშვილი ფრონტზე

ლიუბოვ იაროშის სამი შვილიშვილი ახლა ბრძოლის წინა ხაზზე, მოხალისედ მსახურობს, სანამ მათი ბებია, ქალიშვილთან ერთად კამუფლაჟის ბადეებს ქსოვს. მათ უკრაინის არმიას უკვე 9 მსგავსი ბადე გაუგზავნეს.

„ბიჭები მათ ქვეშ იმალებიან და ასე ვერავინ მოარტყამს მათ“, – ამბობს ლიუბოვ იაროში.

102 წლის ქალი ყოველ დღე უსმენს ახალ ამბებს და იმედოვნებს, რომ ჯარისკაცები სახლში ცოცხლები დაბრუნდებიან. მას უნდა იმდენ ხანს იცოცხლოს, რომ უკრაინის გამარჯვების მოწმე გახდეს.

„უკვე იმდენი რამ გადავიტანეთ – შიმშილი და სიცივე. მიუხედავად ამისა, კიდევ უნდა ვიტანჯოთ. კვლავ ველოდებით გამარჯვებას, მაგრამ მინდა ამ გამარჯვების მოწმე გავხდე“ , – ამბობს ლიუბოვ იაროში.

_________

წყარო:  DW 

თარგმანი: ირმა დიმიტრაძე

მთავარი ფოტო: ლიუბოვ იაროში, DW

აშშ-ში შესაძლოა ტიკტოკი დაბლოკონ – კონგრესის კანონპროექტი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლის საშუალებითაც შეთავაზებულია იმ სოციალური ქსელების დაბლოკვა აშშ-ში, რომლებიც ჩინეთთან, რუსეთთან, კუბასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ვენესუელასთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა სოციალური ქსელი „ტიკტოკი“.

მედიის ცნობით, კანონპროექტის მიზანია დაბლოკოს წვდომა „ტიკტოკსა“ და სხვა აპლიკაციებზე, რომელთა საშუალებითაც თეორიულად შესაძლებელია გაჟონოს ამერიკელ მომხმარებელთა პირადმა ინფორმაციამ, რეპრესიულ მთავრობებს კი ამით მიეცემათ ახალი ამბების ცენზურისა და საზოგადოების სხვადასხვაგვარად მანიპულირების შესაძლებლობა.

კანონპროექტის ავტორები რესპუბლიკური პარტიიდან არიან სენატორი მარკო რუბიო და კონგრესმენი მაიკ გალახერი, დემოკრატებიდან კი – წარმომადგენელთა პალატის წევრი რაჯა კრიშნამურტი. ისინი მიუთითებენ მიუთითებენ  ByteDance-ის (ტიკტოკის მფლობელი კომპანიის) ხელმძღვანელობისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირებზე, რის შესახებაც გამოცემა The Washington Post-ის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

გამოცემის თანახმად, კომპანია ByteDance-ის 23 დირექტორს ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამთავრობო მედიაში მუშაობის გამოცდილება, ByteDance-ის არანაკლებ 15 თანამშრომელი კი ახლაც იქ მუშაობს.

თავის მხრივ „ტიკტოკში“ უარყოფენ ამერიკელი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის გამოყენების გეგმის არსებობას და ამით ჩინეთისთვის დახმარების გაწევას.

აღსანიშნავია, რომ მერილენდისა და სამხრეთ დაკოტას შტატებში უსაფრთხოების მიზნით სამთავრობო უწყებების მოწყობილობებზე უკვე დაბლოკეს „ტიკტოკი“. ამასთანავე, ინდიანას შტატი უჩივის „ტიკტოკს“ მომხმარებელთა მოტყუების, მონაცემებთა ადვილად ხელმისაწვდომობისა და ბავშვთა უსაფრთხოების დარღვევისთვის.

ბილეთით ტყეში შეშის მოჭრა 2026 წლამდე იქნება შესაძლებელი – ახალი ცვლილება

ტყეში შეშის მოჭრა სპეციალური ბილეთის საფუძველზე 2023 წლიდან უნდა აკრძალულიყო, თუმცა, პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ცვლილება, რომლის მიხედვითაც შეშის მოჭრა ბილეთის საფუძველზე 2026 წლამდეა დაშვებული.

„ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლების ხე-ტყის დამზადების ბილეთის საფუძველზე გაცემა დასაშვებია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე“, – აღნიშნულია კანონში, რომელიც 2022 წლის 13 დეკემბერს ამოქმედდა.

საქართველოს მთავრობას ტყით სარგებლობის წესიც აქვს დამტკიცებული, რომელიც შეშის ფასსაც ადგენს. ეს წესი 2021 წლის მაისიდან ამოქმედდა და დადგენილ ფასად შეშის ყიდვა მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში – საქმიან ეზოებში იყო შესაძლებელი.

დღემდე მოქმედი კანონით, ერთდროულად, როგორც შეშის მოჭრა ბილეთით, ასევე შეშის ყიდვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, 2023 წლამდე შეიძლებოდა. ეს ვადაც, ამჯერად, 2026 წლამდე გადაიწია.

„ტყითსარგებლობის წესით საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, დაახარისხებენ და განათავსებენ დასაწყობების ადგილებზე, ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომლებიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს“, – აღნიშნული იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2021 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან:

სოფლის მცხოვრებლები ტყეში შეშას ვეღარ მოჭრიან, ეს წესი 2023 წლიდან შედის ძალაში

 

სტრეპტოკოკ A თურქეთში 3 ბავშვს დაუდასტურდა – რა ვიცით ამ ინფექციაზე

თურქეთის სამ სხვადასხვა პროვინციაში, სამი ბავშვის შემთხვევაში დააფიქსირეს ბაქტერიული ინფექციის – სტრეპტოკოკ A-ს პირველი შემთხვევა, რომელმაც ევროპასა და აშშ-ში ამ დრომდე, ჯამში 10-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

თურქული გამოცემა hurriyet-ი იუწყება, რომ სამ ბავშვს ანკარაში, სტამბოლსა და იზმირის დასავლეთ პროვინციაში დაუდგინდა სტრეპტოკოკი A ინფექცია, რომელიც სწრაფად ვრცელდება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

ორი დღის წინ, 12 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის რეგიონში გაიზარდა ბავშვებში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციების, მათ შორის ფატალური შემთხვევები.

ჯანმოს ცნობით, სექტემბრის შემდეგ საფრანგეთში, ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში დაფიქსირდა 10 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვის სიკვდილი, რომელიც დაკავშირებულია ინვაზიურ A ჯგუფის სტრეპტოკოკულ დაავადებასთან.

რამდენიმე დღის წინ დაავადების შესახებ წერდა CNN-იც. გამოცემის ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ამ ინფექციით 6 ბავშვი დაიღუპა.

„სტრეპტოკოკ A-ს შეუძლია გამოიწვიოს მთელი რიგი მძიმე და მსუბუქი სიმპტომები, მაგრამ ის არ არის ფატალური ინფიცირებული ადამიანების უმეტესობისთვის“- წერს გამოცემა.

ევროპის რიგმა ქვეყნებმა (მათ შორის საფრანგეთმა, ირლანდიამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ) აღნიშნეს 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების შემთხვევების ზრდა 2022 წელს, განსაკუთრებით სექტემბრის შემდეგ – ჯანმო.

ბავშვი ანკარის საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს, ხოლო სტამბოლში ბავშვს სტრეპტოკოკი A-თი გამოწვეული მენინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.

სტრეპტოკოკ A ბაქტერია, რომელიც მძიმე დაავადებებს იწვევს, თურქეთში წინა წლებშიც იყო დაფიქსირებული.

hurriyet-თან საუბრისას თურქი პედიატრი ერგინ ჩიფტჩი ამბობს, რომ თურქეთში ამ დაავადების შედეგად სიკვდილის გამოსავალი არასოდეს დამდგარა „მაგრამ საზღვარგარეთ ბაქტერიით გამოწვეული სიკვდილი შემაშფოთებელია. სიფრთხილეა საჭირო“, – განმარტა ჩიფჩიმ.

„ეს განკურნებადი დაავადებაა და ანტიბიოტიკები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტისთვის. ეს არ არის COVID-19-ის მსგავსი დაავადება, რომლის შესახებაც არაფერია ცნობილი“, – განმარტავს ის  –  „ეს არის ძალიან მგრძნობიარე ბაქტერია ანტიბიოტიკების მიმართ და მისი გადადება მთავრდება ანტიბიოტიკის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში“, ამბობს პედიატრი.

ჯანმო წერს, რომ მოკვლევები მიმდინარეობს, თუმცა არსებული მონაცემების თანახმად, სავარაუდოდ, შემთხვევების ზრდა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ ან ახალ შტამთან და არც A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიების ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის ზრდასთან.

ჯანმო: A ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიები სკოლის ასაკის ბავშვებში ბაქტერიული ფარინგიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ეს ინფექციები ჩვეულებრივ იწვევს მსუბუქ დაავადებებს, მათ შორის ყელის ტკივილს, თავის ტკივილს და ცხელებას, წვრილ, წითელ გამონაყართან ერთად (ალისფერი ცხელება). A ჯგუფის სტრეპტოკოკული ფარინგიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებითა და სხვა დამხმარე ზრუნვით.

ჯანმოს ცნობით, იშვიათ შემთხვევებში, A ჯგუფის სტრეპტოკოკულმა ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე, სიცოცხლისათვის საშიში ინფექცია, რომელიც ცნობილია როგორც ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ბაქტერიემიის, პნევმონიის ან კანისა და ძვლის ინფექციების სახით (ცელულიტი, ოსტეომიელიტი, ნეკროზული ფაშიიტი).

ბავშვები, რომლებსაც აქვთ ისეთი ვირუსული ინფექციები, როგორიცაა ჩუტყვავილა ან გრიპი, იმყოფებიან ინვაზიური A ჯგუფის სტრეპტოკოკული დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.

ბენქსის თქმით, უკრაინელმა ბებიამ, რომლის სახლზეც ხატავდა, პოლიცია გამოიძახა

ცნობილი ბრიტანელი ანონიმი არტისტი, ბენქსი უკრაინის დასახმარებლად 50 ნამუშევარს ჰყიდის. ერთი ნამუშევრის ფასი 5000 ფუნტი სტერლინგია, თითოეულ მყიდველს უფლება აქვს იყიდოს მხოლოდ ერთი ნახატი.

ბენქსის ნამუშევარი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, Legacy of War Foundation-ის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. ეს ორგანიზაცია მხარს უჭერს სამოქალაქო პირებს ომის ზონებში. გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებას უკრაინისთვის.

ამავე ვებგვერდზე ბენქსი წერს, რომ ამ ორგანიზაციის სასწრაფო დახმარების მანქანით სარგებლობდა, როცა ნოემბერში უკრაინაში კიევსა და მიმდებარე ქალაქებში ხატავდა.

„მათ [ფონდმა] დამითმეს თავიანთი ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა სამუშაოდ, რომელიც აღმოჩნდა განსაკუთრებით სასარგებლო, როცა გაბრაზებულმა „ბაბუშკამ“, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ მის სახლზე ვხატავდი, პოლიციაში დარეკა. ყველაზე მცირე, რაც უნდა გავაკეთო, ისაა, რომ საკმარისი თანხა უნდა შევაგროვო იმ სასწრაფო მანქანის ნომრების შესაცვლელად,“ – წერს ბენქსი ვებგვერდზე.

ბენქსის გრაფიტები უკრაინაში ნოემბერში გამოჩნდა.

უკრაინაში შექმნილ მის გრაფიტებს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასობით უკრაინელი მას მადლობას უხდის და ეპატიჟებიან უკრაინაში. „ხარკოვში თუ იქნები და დარჩენა დაგჭირდება, არ მოგერიდოს, მე და ჩემმა ცოლმა ვიცით როგორ შევინახოთ საიდუმლო“, „უკვე ხერსონშიც შეიძლება საზამთროზე ჩამოსვლა,“ – წერენ ბენქსის ინსტაგრამის გვერდზე უკრაინელები.

______________________

ფოტოზე: ბენქსის ნამუშევარი ბოროდიანკაში. გრაფიტი ასახავს, როგორ ამარცხებს ბავშვი ძიუდოს ფორმაში გამოწყობილ კაცს, რომელიც ჰგავს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

ამავე თემაზე: 

ბენქსის გრაფიტის გამო სახლი 4,7 მილიონით გაძვირდა

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,4 მილიონი პირია – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3 719  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 28 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა.

„ამასთან, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში  1 457 526 პირის შესახებ  არის ინფორმაცია შეტანილი.

შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება  2022 წლის 1-ელი მარტიდან განხორციელდა.“ – აცხადებს სამსახური.


2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ.

თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებსაც.

ამავე თემაზე:

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

 

რას აცხადებს საგამოძიებო ხულოში ქალზე ძალადობის, შანტაჟისა და გამოძალვის საქმეზე 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების, სქესობრივი კავშირის იძულების და გამოძალვის ფაქტზე ნოემბრის თვეში ხულოში ორი პირი დააკავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 24 ნოემბერს მ.შ-ს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ბრალდებული ბ. გ. და 1997 წელს დაბადებული ა.ხ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე პირადი შეხვედრისას, დაზარალებულს ემუქრებოდნენ, რომ თუ ეს უკანასკნელი მათთან არ დაამყარებდა სქესობრივ კავშირს, გაახმაურებდნენ მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებს.

ასევე, ბრალდებულმა ა.ხ.-მ დაზარალებულთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, რაც ფარულად გადაიღო თავისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, რის შემდეგაც გააკეთა ვიდეოს ე.წ „სქრინები“ (ფოტოსურათები) და „ფეისბუქის“ აპლიკაცია „მესენჯერის“ საშუალებით აღნიშნული ფოტოსურათები გაუგზავნა სხვა პირებს, ხოლო ბრალდებულმა ბ.გ-მ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით დაზარალებულს გამოსძალა თანხა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2022 წლის 29 ნოემბერს ორივე პირი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. 30 ნოემბერს დაკავებულ ბრალდებულებს პროკურატურის მიერ წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება), 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის იძულება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით) და სასამართლოს მიერ შეეფარდათ პატიმრობა.

ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გირკინი დასცინის თავდაცვით მშენებლობაზე რუსების აქცენტებს – ბრიტანეთის დაზვერვა 

სამხედრო ლიდერებისადმი უკმაყოფილებასა და ომის წარმოებასთან დაკავშირებით რუსეთში არსებულ დებატებს მიმოიხილავს გაერთიანებული სამეფოს  დაზვერვის 14 დეკემბრის ანგარიში. ამჯერად, ბრიტანული დაზვერვის ფოკუსში იგორ გირკინი (სტრელკოვი) მოხვდა, ცნობილი ნაციონალისტი, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც 2014 წელს რუსულ არმიას ყირიმის ანექსიასა და შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსული მილიციის შექმნაში დაეხმარა.

ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში გირკინის 6 დეკემბრის განცხადება მოხვდა, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ორი თვე გაატარა ფრონტის ხაზზე, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბატალიონში.

იგორ გირკინის მტკიცებით, ფრონტზე გატარებული დროის განმავლობაში მიღებული გამოცდილება აჩვენებს უკრაინის ოპერაციაში რუსეთის „სტრატეგიული დაგეგმარების კრიზისს“.

გირკინმა ასევე დასცინა გაფართოებული, პოზიციური თავდაცვითი სამუშაოების მშენებლობაზე რუსი სამხედროების ამჟამინდელ აქცენტებს, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათი სარგებლიანობა თანამედროვე ომის წარმოების პირობებში.

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, გირკინის საჯარო განცხადებები ხაზს უსვამს მწვავე დებატების არსებობას, რომელიც ომის წარმოებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა წრეებში. თუმცა დაზვერვამ ვერ დაადასტურა სოციალურ ქსელებში ბოლო 48 საათის განმავლობაში გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, რომ რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვალერი გერასიმოვი შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის შეფასებით, არსებული დაძაბულობა და დაპირისპირება, დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო იერარქიის სათავემდე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ გირკინის მტკიცებით, ბრძოლის ხაზზე მყოფი რუსი სამხედროების ნაწილი ომის სუსტად წარმართის გამო სამხედრო ლიდერებითა და ვლადიმერ პუტინით უკმაყოფილოა. მეტიც, გირკინის თქმით, თავად საშუალო დონის სამხედრო მაღალჩინოსნებიც კი იზიარებენ ამ მოსაზრებას.

___

უკრაინის დაზვერვამ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გირკინის დატყვევებისა და გადაცემისთვის $100 000-ს გადაიხდის.

იგორ გირკინი (სტრელკოვი) მალაიზიური MH17-ის ჩამოგდების საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი 2014 წლის 17 ივლისს კუალა ლუმპურიდან ამსტერდამში მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე გასროლილმა რაკეტამ ჩამოაგდო. ჩანაწერების მიხედვით MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერები, მათ შორის გირკინი, რომლებსაც კრემლის მაღალჩინოსნები მართავდნენ.

აშშ უკრაინას თავდაცვის სისტემა Patriot-ს გადასცემს – მედია

CNN-ი და Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – Patriot-ს გადასცემს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ერთეულზეა საუბარი.

ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, გარდა მისი დიაპაზონისა, არის ბალისტიკურ რაკეტებთან გამკლავების უნარი. უკრაინის საჰაერო თავდაცვას ამჟამად არ აქვს საშუალება, გაუმკლავდეს ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ფრთოსანი რაკეტისგან განსხვავებით, რომელიც თვითმფრინავის მსგავსად მიფრინავს სამიზნეზე, ბალისტიკური რაკეტა მაღლა ადის ჰაერში, მაღალ სიჩქარეს კრეფს და შემდეგ ეცემა სამიზნეს. ასეთი რაკეტის ჩამოგდება ძალიან რთულია. როგორც უკრაინელი სამხედროები და ექსპერტები ამბობენ, ახალი, დასავლური IRIS-T და NASAMS სისტემებიც კი ვერ უმკლავდებიან რუსულ „ისკანდერებს“.

რუსეთი ამ იარაღს ბოლო დროს ისე ხშირად არ იყენებდა, როგორც ომის დასაწყისში, მაგრამ ნოემბრის ბოლოს საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი ცდილობს იყიდოს ბალისტიკური რაკეტები თეირანიდან და საუბარია ასობით ბალისტიკურ რაკეტაზე.

თუ რუსეთის არმიას ექნება ეს იარაღი, ის შეძლებს კიდევ უფრო ძლიერად დაარტყას უკრაინის ინფრასტრუქტურას.

______________

ფოტო: ვიკიპედია

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 14 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 96 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +740]
  • ტანკი – 2 970 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 5 937 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 1 931 ერთეული [+0]
  • MLRS – 404 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 617 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 592 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 562 ერთეული [+13]
  • სპეცტექნიკა – 171 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 343 თვითმფრინავი
  • 183 ვერტმფრენი
  • 2 658 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 396 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 099 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 685 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 599 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინის 29 წლის გმირი, რომელმაც აფეთქებისას სხვა გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

მინიმუმს აძლევენ, დავალების შესრულების შემდეგ თბილი საჭმელი რომ შეჭამონ – ქართველი მებრძოლი

Exit mobile version