მთავარი,სიახლეები

გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

18.12.2022 • 21431
გუშინ 10 ლარი გამოვიმუშავე, საკვებში არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი – 54 წლის მეურიკე ბათუმში

„მარშუტკებს“, მსუბუქ ავტომობილებსა და ავტობუსებს შორის გაძრომას ცდილობს. მძღოლები ჩამოწეული საქარე მინებიდან ერთხმად უყვირიან: „გაიწიე!“, „გამოიწიე“, „მალე წადი“, „დროზე“…

დეკემბრის მზიანი ბათუმური დღე 54 წლის ნუგზარ მუშარბაძისთვის დილის 5 საათზე დაიწყო. ნუგზარი უკვე 4 თვეა, რაც ყოველ დღე, მათ შორის ცივ და წვიმიან ამინდებში ურიკით ტვირთს ხან ბაზრიდან ბაზარში და ხანაც საბითუმო მაღაზიებიდან სხვადასხვა ქუჩის კუთხეებში, გარემოვაჭრეებსა და გადამყიდველებთან ეზიდება.

ურიკა მისი არ არის. ყოველდღე ბაზარში 4 – 5 ლარად ქირაობს იმათგან, ვისაც საგანგებოდ რამდენიმე ურიკა გასაქირავებლად შეუძენია. ნუგზარს უნდა, რომ საკუთარი ჰქონდეს, „მაგრამ აქამდე იმდენი ფულის გამომუშავება ვერ შევძელი, ფულის შეგროვება რომ დავიწყო ურიკის შესაძენადო“.

ნუგზარს მაშინ შევხვდით, როცა „ფარეხიდან“ მოზრდილ ურიკაზე დატვირთულ კარტოფილის, ხახვის, ლობიოს ტომრებს, ვაშლითა და სხვა ხილით სავსე მოზრდილ ყუთებს, პლაზასთან ახლოს, გარემოვაჭრეებისკენ მიათრევდა.

ნუგზარს თუ გაუმართლებს, რაც მისი თქმით, არც ისე ხშირად ხდება, მაქსიმუმ შეიძლება 50 ლარი გამოიმუშაოს. არის დღეები, როცა მხოლოდ 10 ლარს ან საერთოდ ვერაფერს შოულობს ამ საქმით. „ბაზარზეა ეს დამოკიდებულიო“, გვეუბნება და როგორი იყო გუშინდელი საღამო მისთვის, ამის შესახებ გვიყვება.

„დღეში 3-ჯერ ჭამა გინდა. ურიკაზე რომ მუშაობ კარგად ნაჭამი უნდა იყო, ენერგია რომ გქონდეს. გააგორო და დაეკიდო ურიკას. არის დღეები, როცა მუშაობა მშიერსაც მიწევს. ერთხელ ვჭამ და მაღამდება, იმიტომ, რომ ჯიბეში ფული არ მაქვს.

მაგალითად, გუშინ მხოლოდ 10 ლარი გამოვიმუშავე, რაც საკვებშიც არ მეყო და საღამოს უჭმელი დავწექი ლოგინში, რომ დღეს დილით ყავა დამელია და 1 ცალი ხაჭაპური შემეჭამა. მას შემდეგ არც მიჭამია რამე“, – ამბობს ის. ნუგზარს რომ შევხვდით  შუადღე კარგა ხნის გადაწურული იყო.

ნუგზარმა ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიიტანა. ის მხოლოდ კი არ ეზიდება ტვირთს ერთი ადგილიდან მეორეზე, ის ამ ტვირთს თავად აწყობს ურიკაზე, შემდეგ კი ცლის. კაცი ურიკას აჩერებს და ბოსტნეულისა და ხილის გამყიდველ გარემოვაჭრეებს ეკითხება, სად დავცალოო. გარემოვაჭრეები პასუხის დაბრუნებას არ აყოვნებენ და ნუგზარიც სწრაფ-სწრაფად იწყებს ყუთებისა და ტომრების ურიკიდან გადმოღებას. გარემოვაჭრე ნუგზარს უთითებს, ტომრები სიგრძეზე დაალაგე ერთმანეთს, ჰორიზონტალურად არ დააწყოო.

ნუგზარმა ურიკა დააცარიელა თუ არა გვერდით მიმოფანტული ცარიელი პლასტმასის კალათებისა და მუყაოს ყუთების ურიკაზე დატვირთვა დაიწყო. თვალებს ავლებს ყველა კუთხე-კუნჭულს, იქეთ-აქეთ იხედება, ყველგან ცარიელ ყუთებს ეძებს, უცებ რაიმე არ გამომრჩესო.

როცა ნუგზარის სახეს მზე ხვდება, შუბლზე ოფლი ბრჭყვიალს იწყებს და დაღლილობა, რომელიც მის გახშირებულ სუნთქვას ისედაც ეტყობა, უფრო მეტად ჩანს.

„მორჩა?“კითხულობს ნუგზარი და გარემოვაჭრეებისგან დასტურს ელოდება. გარემოვაჭრემ  ურიკიდან ერთი ცალი „კარდონი“ აიღო. „ეს დამიტოვეო”. ნუგზარი პასუხობს – „ჩემი არ არის, სადაც და რასაც გამატანთ იმას წავიღებ“, ერთ ცალ მანდარინს გასაყიდი კალათიდან იღებს, დამსახურებულ გასამრჯელოს ჯიბეში ინახავს და ურიკას ძრავს. ნუგზარი ისევ ბაზარში ბრუნდება, რომ იქიდან ახალი ტვირთი წამოიღოს.

კაცი მრავალშვილიანი მამაა. მისი თქმით, შვილებს თავის დროზე უნივერსიტეტში იმიტომ ვერ ასწავლა, რომ მათთვის სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლო – „ფინანსურად ყოველთვის ძალიან გვიჭირდაო“.

ის ოჯახთან ერთად ხულოს სოფელ საციხურში ცხოვრობდა, საიდანაც 2 წლის წინ წამოვიდნენ – საცხოვრებლად გურიაში გადავიდნენ, სახლი იქირავეს. მისი თქმით, ასე არ მოიქცეოდა, იძულებული რომ არ გამხდარიყო.

„საციხურიდან იმიტომ წამოვედით მე და ჩემი ოჯახი, რომ გზა-კვალი არ იყო, რაიმე დახმარება: პენსია, ხელფასი არ გვქონდა. მხოლოდ 100 მეტრო მიწა მქონდა, არაფერი მებადა მეტი – არც ჭალა, არც ტყე, საერთოდ არაფერი.

ხულოში ზამთრობით თითქმის 7 თვე ვიკეტებოდით. 4 მეტრომდე თოვლი მოდის. გზა გაჭირვებაა, პროდუქტის მომარაგება გაჭირვებაა. ჩამოვდიოდით და ერთდროულად, ბათუმიდან მოგვქონდა 6-7 თვის პროდუქტი, რომ გამოგვეზამთრა.

საქონელი გვყავდა. იალაღზე დავდიოდი. 1000 ლარამდე მეხარჯებოდა მთაში აბარგვა-ჩამობარგვაში… რძის პროდუქტიდან მქონდა ცოტა შემოსავალი, მაგრამ წავიღებდი, გავყიდდი და ისევ, ძლივს 10-20 ტომარა ქატოს ვყიდულობდი ძროხებს რომ ეჭამათ.

სოციალური დახმარება არ მაქვს და არც აქამდე მქონია. ამაზეც ბევრჯერ დავწერე განცხადება, მაგრამ არაფერი. მეუბნებიან, რომ მაღალი ქულა მაქვს. კომისია მოვიდა, მაცივარი და ტელევიზორი გაქვსო. აბა, მაცივარი და ტელევიზორი თუ არ გაქვს, მაშინ ბოსელში უნდა დაჯდე, იქ უნდა იყო. მაცივარი და ტელევიზორი განვადებით გამოვიტანე. ავაგროვებდი, ვთქვათ, 30 ლარს წავიღებდი და გადავიხდი.

ხულოში საერთოდ არ არის სამუშაო ადგილები. აქ მაინც კარტოფილს დაცლი მანქანიდან, ურიკას გააგორებ, რაღაცას გავაკეთებ“, – გვეუბნება ნუგზარი.

ნუგზარის თქმით, საციხურში 60-მდე ოჯახი ცხოვრობდა, ახლა კი მხოლოდ 4 ოჯახია დარჩენილი, რომლებსაც მის მსგავსად, რთული ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ: „ვინც საციხურში დარჩა ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს. სოციალური დახმარება, პენსია, ხელფასი, საერთოდ არაფერი აქვთ. ოჯახები წავიდნენ ახალქალაქში, წალკაში, გურიაში… ზოგი იმიტომ, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდნენ, ზოგი იმიტომ, რომ სახლი დაეწვათ. ბევრი სახლი დაიწვა [ჩემს სოფელში]“.

წლების წინ სახლი, ბოსელთან და პირუტყვთან ერთად ნუგზარსაც დაეწვა. მისი თქმით, განცხადებით მიმართა ხულოს, ბათუმის მუნიციპალიტეტებს, თუმცა დახმარების სახით არაფერი მიუღია – „100 ლარიც კი“ და სოფელში ახალი, პატარა ხის სახლი მეუღლის ოჯახის დახმარებით ააშენა.

ნუგზარი ახლა ხულოში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, მხოლოდ მნიშვნელოვან დღესასწაულებზე მიდის, მიუხედავად იმის, რომ ძალიან უყვარს იქაურობა.

სანამ მეურიკედ დაიწყებდა მუშაობას, გულმოდგინედ ამუშავებდა მიწას გურიაში: „ვთესავდი სიმინდს. ხან მომცემდა მოსავალს, გამიმართლებდა – ხან არა. 8 ძროხა მყავდა, მაგრამ ხეირი ისევ არაფერი მოიტანა საქონელმა და გავყიდე, მხოლოდ 3 ძროხა დავიტოვე“.

თავიდან ნუგზარი სამუშაოს გურიაში ეძებდა, რომ მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ეცხოვრა. ოჯახის წევრები დღემდე ეუბნებიან გურიაში ჩამოდი და დასაქმდიო, მაგრამ მისი თქმით, სამსახური ვერც გურიაში იპოვა, სადაც იმდენი თანხის გამომუშავებას შეძლებდა, რომ ქირის გადახდა და საჭმლის ყიდვა მოეხერხებინა ოჯახისთვის.

„[ოჯახის წევრები] მირეკავენ – გააგდე ეგ საქმე, ავად გახდები, ფეხები აგტკივდება, რთული სამუშაოა, მაგრამ… რა ვქნა, გაჭირვებაა. ნახავ 100 ლარს, დაახურდავებ, უცებ დაგეხარჯება. ხვალ ვინმეს სამძიმარი იქნება, აუცილებლად წასასვლელი იქნები, მაგრამ ვერ წახვალ, გზის ფული არ გექნება და აი, სწორედ ამის გამო ვმუშაობ.

აქ ჭამის ფულს გამოვიმუშავებ. იმდენს, რომ ოჯახში პროდუქტი მივიტანო. ოჯახს ბევრი საჭიროება აქვს. ფული არ გვყოფნის. სამძიმარია, ქორწილია… ტანსაცმელი გჭირდება, ქირის თანხა გჭირდება… ეს ყველაფერი დიდ ხარჯზე გადის.

ვაპირებ, რომ ისევ ურიკაზე ვიმუშაო. სხვა სამსახური არ არის. ვცადე მუშაობა სხვაგანაც დამეწყო, ვთქვათ: ფურნეში, მიმტანად რესტორანში, დამლაგებლად, მეეზოვედ, მაგრამ მითხრეს მხოლოდ 20-30 ლარი გექნება დღეშიო და ამ საქმით, ხანდახან  დღეში 30-40 ლარს გამოვიმუშავებ. გამყიდველებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვთქვათ, თუ 8 ლარი მიწევს, 2 ლარს მჩუქნიან ხოლმე“.

ნუგზარი ბათუმშიც ქირით, 1 პატარა ოთახში ცხოვრობს – ერთი საწოლი ძლივს ეტევაო, აღწერს ის.

„გაზი არ არის შეყვანილი, გათბობა არ მაქვს. პატარა შეშის ღუმელი მიდგას. თუ სადმე შეშას ვნახავ, დავჩეხავ და მივიტან. ხან „კარდონებს“ ვხევ და ასე ვანთებ ცეცხლს“.

ნუგზარ მუშარბაძე

გურიაში ოჯახთან ხან 3 კვირაში, ხან კი 2 კვირაში ერთხელ ჩადის. მისი თქმით, მუდმივად ენატრება ოჯახის წევრები და ცხელი წვნიანები, მაგრამ უფულობის გამო უფრო ხშირად ჩასვლას ვერ ახერხებს. ნუგზარის ჩასვლა, ყოველთვის ძალიან ახარებს მეუღლეს და  შვილებს.

„მიმაქვს პროდუქტი, ვაშლი და სხვა ხილი. აქ საჭმელს ვერ ვაკეთებ. ჩაის ვსვამ. პურს და ხანდახან „კალბასს“ ვჭამ. როცა სახლში მივდივარ, ჩემი მეუღლე ყოველთვის წვნიანებს მიმზადებს. იცის, რომ მიყვარს წვნიანები. როცა მოვდივარ საჭმელსაც მატანს, მაგრამ 1-2 დღე მყოფნის მხოლოდ, მეტი არა. ფუჭდება და ბათუმში მაცივარი არ მაქვს“.

დამშვიდობებისას ნუგზარი გვეუბნება, რომ მხოლოდ ერთი ოცნება აქვს: ჰქონდეს სამუშაო, სადაც იმდენს გამოიმუშავებს, რომ ქირის გადახდა, საჭმლის ყიდვა და სხვა, აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება შეძლოს – თავისი და საკუთარი ოჯახისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: