ბათუმის 2023 წლის ბიუჯეტი 285 მილიონ 950 000 ლარია. მომავალი წლის პრიორიტეტებში ისევ ინფრასტრუქტურა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, ასვე განათლება ჩაწერეს. ბიუჯეტი ბათუმის საკრებულომ დღეს, 16 დეკემბერს დაამტკიცა. სხდომას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ დაესწრო.
ბიუჯეტის დამტკიცებამდე საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ „გახარია საქართველოდან“ და „ლელოდან“ ვაჟა დარჩიამ განაცხადეს, რომ ოპოზიციის შენიშვნები მერიამ არ გაითვალისწინა. ვაჟა დარჩიამ ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა მიმწოდებლები [ტენდერში გამარჯვებული კომპანიები] მომავალ წელსაც არაკეთილსინდისიერები აღმოჩნდნენ და ბიუჯეტი ისევ ვერ შესრულდეს.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მიხედვით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომავალ წელს, 121 მილიონ 366 500 ლარი დაიხარჯება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 25 მილიონ 462 ათას 300 ლარით დააფინანსეს, განათლება – 36 მილიონ 329 200 ლარით, ხოლო კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა – 18 მილიონ 594 ათას 900 ლარით დაფინანსდება.
მომავალ წელს მერია კიდევ 13 ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებას გეგმავს, ეს ქუჩებია: გრიგოლ ფერაძის, ივანე მესხის ქ. #14-16-18-ის მიმდებარედ, გიორგი ლეონიძის, ხახულის მე-2 შესახვევის #10-დან, იმედაშვილის, შავშეთის, ბაგრატიონის, შინდისის, მამია ვარშანიძის, ფანასკერტელ-ციციშვილის, ხახულის, ხახულისა და ოშკის ქუჩების დამაკავშირებელი გზა, ბაღის ქუჩის პირველი ჩიხი.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ბათუმში 6 ახალი ბაღი უნდა აშენდეს, მათ შორის არის ის სამი ბაღი, რომელიც წელს უნდა აშენებულიყო, მაგრამ არ აშენებულა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს 17 საბავშვო ბაღს. მათ შორის, 12 ბაღში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტების დანერგვაა დაგეგმილი.
ავარიული სახლების პროგრამისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 22 მილიონ 500 ათასი ლარი გაითვალისწინეს – მერია ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში 10 საცხოვრებელი სახლის აშენებას გეგმავს.
სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა დაგეგმილია ჩაქვის დასახლებაში, დავით აღმაშენებლის ქ. #32, #30, #34-ში, გიორგი ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების გადაკვეთაზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე, მეფე მირიანის ქ. #13-15 -ში, კაკაბაძისა და ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში.
ჩაქვში მერია სარეკრეაციო სივრცის მოწყობას 2022 წელსაც გეგმავდა, თუმცა პროექტი ჩავარდა, ბათუმის მერიამ ტენდერის მსვლელობის პროცესში აღმოაჩინა, რომ პროექტი თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, რაც არ იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მერია მომავალი წელს სკვერის მოწყობას გეგმავს ასევე გუდიაშვილის ქუჩაზე – „დინამო“ ბათუმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
სარეაბილიტაციო სკვერების ჩამონათვალშია ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერი, აკაკი წერეთლის სახელობის სკვერი და ევროპის მოედანი.
სატრანსპორტო სერვისის განვითარებისთვის 30 მილიონ 139 500 ლარი გაითვალისწინეს, დაგეგმილია 60 ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენა.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით 5 მილიონი ლარით გაიზარდა. მერიის ინფორმაციით, პროგრამებით 55 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა გაიზარდა 427 ათას 600 ლარით და 1 639 500 ლარი შეადგინა. ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია – 2 636 700 ლარით დააფინანსეს. ბათუმში მცხოვრებ ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის დაფინანსება 151 200 ლარია. ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება – 201 600 ლარი. შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო რეაბილიტაცია – ბიუჯეტი გაიზარდა 116 800 ლარით და შეადგინა 716 800 ლარი. მერიის ინფორმაციით, ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა 200-ით გაიზარდა. მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისთვის 1 მილიონ 76 000 ლარი გაითვალისწინეს.
ბათუმის სამედიცინო სასწრაფო დახმარების მომსახურების განვითარებისთვის ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი გამოიყო.
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირების ბიუჯეტი 832 300 ლარია. მოწყვლადი სოციალური კატეგორიების დახმარებისთვის კი მომავალ წელს ბიუჯეტში 3 მილიონ 886 ათას 200 ლარი იქნება.
მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური სასადილოების დაფინანსება ბენეფიციარების რაოდენობის ზრდის შესაბამისად 610 900 ლარით გაიზარდა და შეადგენს 7 მილიონ 137 600 ლარს.
დროებითი ღამის თავშესაფრისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 756 500 ლარი გაითვალისწინეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება 176 300 ლარით დაფინანსდება.
___
ამავე თემაზე:
ბაგრატიონი – ქუჩა ბათუმში, რომელსაც სულ აკეთებენ | ბოლო 8 წლის ქრონოლოგია