ჩაირთე დღეს სილქფესტის სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტები და ისარგებლე მთელი თვე სასურველი პირობით

მხოლოდ 22 დეკემბერს, სილქფესტით შესაძლებელია მინიმალურ ფასად, მაქსიმალურად მეტი სერვისი ჩაირთოთ.

კომბინაციით  *202# , აპლიკაცით „My Silknet” ან პირდაპირ საიტიდან გაიაქტიურეთ:   

  • 3000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 5₾
  • 400 ადგილობრივი წუთი – 7 ₾
  • 250 ადგილობრივი წუთი და 8000 MB – 14 ₾
  • 25 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი – 16₾

აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა;

გაუაქტიურეთ სილქფესტის პაკეტები სხვასაც – კომბინაციით  *202#!

ცუდად გაწვრთნილ „ვაგნერს“ ბახმუტის ქუჩის ბრძოლები გაუჭირდება – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 21 დეკემბრის მონაცემები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ეხება. როგორც ბრიტანული დაზვერვა წერს, გასულ კვირას „ვაგნერის“ ძალებმა მცირე წინსვლას მიაღწიეს ბახმუტის აღმოსავლეთ კიდესთან.

რუსი ქვეითები სავარაუდოდ ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ ზონაში არიან გამაგრებულები და დროდადრო მიიწევენ ქალაქის საცხოვრებელი უბნებისკენ. მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ანგარიშში მიმოხილულია ბახმუტის სექტორში ბრძოლების ინტენსიურ ფაზაზე გადასვლის ეტაპები. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ბახმუტის სექტორში 2022 წლის ივნისიდან დაიწყო, თუმცა ბრძოლები ძირითადად გაშლილ ტერიტორიაზე – ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომების ირგვლივ მიმდინარეობდა.

ბრიტანული დაზვერვა ასევე საუბრობს დასახლებულ არეალში ფართო მასშტაბის ბრძოლებზე. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მსგავსი ბრძოლები ივლისის შემდეგ დაიწყო, ეს ის პერიოდია, როდესაც რუსებმა წინსვლას მიაღწიეს ლისინჩანსკსა და სევეროდონეცკისკენ.

თუმცა დაზვერვა იქვე აფასებს, რომ ფართო მასშტაბის ბრძოლები დასახლებულ არეალში მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს შესანიშნავად გაწვრთნილი უმცროსი დონის მეთაურებით. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ტიპის ბრძოლები აწყობდეთ ცუდად გაწვრთნილ „ვაგნერის“ მებრძოლებს და რუსული არმიის მობილიზებულ რეზერვისტებს.

პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს – ISW-ის ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი ISW-ის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობის მორიგ ყოველდღიურ ანგარიშს აქვეყნებს.

ბელარუსის ჩართვა ომში

ანგარიშის თანახმად, კრემლი ზრდის ზეწოლას ბელარუსის პრეზიდენტზე, ალექსანდრე ლუკაშენკოზე, „რომელსაც სულ უფრო და უფრო ცოტა სივრცე რჩება მანევრისთვის“.

ექსპერტების მოსაზრებით, ლუკაშენკო პუტინის მზარდ მოთხოვნებზე (ომში უშუალოდ ჩართვა) დათანხმების შეფერხებას შედარებით მცირეზე დათანხმებით ახერხებს, როგორიც, მაგალითად, ბელარუსში „C400-ის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებაა.

უკრაინელი სამხედროები, თავის მხრივ, სულ უფრო მეტს საუბრობენ ბელარუსიდან რუსეთის მორიგი იერიშის საშიშროებაზე. უკრაინის გაერთიანებული ძალების მეთაურის, სერჰი ნაიევის თქმით, ბელარუსში მყოფ რუს ძალებს აქვთ საკმარისი პოტენციალი უკრაინისთვის საფრთხის შესაქმნელად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ადრე უკრაინელები ბელარუსში არსებულ რუსულ ძალებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევდნენ. თუმცა, ნაიევის თქმითვე, უკრაინა მზადაა, ბელარუსიდან იერიშის შეტევისას ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაიცვას. ინსტიტუტის ექსპერტები, თავის მხრივ, არ მიიჩნევენ, რომ ასეთი იერიში გარდაუვალია.

  • ზელენსკის ვიზიტი ბახმუტში

ანგარიშის ავტორების აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტმა ბახმუტში, ფრონტის წინა ხაზზე, დაჩრდილა პუტინის PR-კამპანია, რომლის ფარგლებშიც ის საკუთარი თავის ეფექტიან ლიდერად წარმოჩენას ცდილობს.

ექსპერტების თქმით, ზელენსკისგან განსხვავებით, პუტინი აჯილდოებს არა ჯარისკაცებს, არამედ „თავის წრეს“, რომელიც ომში უშუალოდ არცაა ჩართული, რაც რუსეთში ომის მომხრეების კრიტიკასაც კი იწვევს.

ამასთან, როგორც ინსტიტუტი წერს, რუსულმა ძალებმა სამი თვის განმავლობაში ბახმუტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სულ 192 კვადრატული კილომეტრის დაკავება შეძლეს, აქედან ასის – ოქტომბერში.

  • „პრიგოჟინი ძირს უთხრის პუტინს“

ანგარიშის თანახმად, „კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი, ძირს უთხრის პუტინს რუსეთის საინფორმაციო სივრცეში. ამის საილუსტრაციოდ პრიგოჟინის ბახმუტთან ახლოს ჩასვლაა მოყვანილი.

პრიგოჟინმა ბახმუტთან ახლოს გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ზელენსკისთან საუბრის სურვილს გამოთქვამს ამ ტერიტორიების კონტროლთან დაკავშირებით.

მართალია, პრიგოჟინი ოფიციალურად არ არის სამხედრო ან პოლიტიკური თანამდებობის პირი, იგი წარმოადგენს თავს როგორც ცნობილ სამხედრო-პოლიტიკურ ფიგურას, ხოლო „ზელენსკისთან საუბრის“ სურვილი პასუხია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ პუტინს პირისპირ, რუსეთის უკრაინიდან გასვლის შემდეგ მოელაპარაკება.

„პრიგოჟინის გამოჩენა ფრონტის წინა ხაზზე კიდევ უფრო ასუსტებს პუტინს, როგორც ომის დროის ლიდერს, ვინაიდან პუტინი არათუ არ ყოფილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე – იგი ფრონტის ხაზთან ახლოსაც კი არ ჩასულა“, – ნათქვამია ანგარიშში.

___

მთავარი ფოტო: რუსეთის ძალების წინსვლა ბახმუტისკენ

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 99 740 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +510]
  • ტანკი – 3 002 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 5 979 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 972 ერთეული [+12]
  • MLRS – 412 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 282 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 267 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 688 ერთეული [+8]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 608 ერთეული [+9]
  • სპეცტექნიკა – 178 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 348 თვითმფრინავი
  • 187 ვერტმფრენი
  • 2 691 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 399 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 179 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 932 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 696 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 693 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ზელენსკი ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდება[/yellow_box]

ამავე თემაზე:

რუსეთს განწყობის შეცვლის იმედი აქვს, ევროპა ისტორიული გამოწვევის წინაშეა – ომის ექსპერტი

ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დაიწვა

დღეს, 21 დეკემბერს, ბათუმში “ლიბერთი ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში ცეცხლი გაჩნდა. ნაწილობრივ დაიწვა ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული ფილიალი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობა ცარიელი იყო. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.

“ლიბერთი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება დაიწყო.

“დღეს დილით, ბათუმში, ფარნავაზ მეფის 62/64-ში მდებარე ლიბერთი ბანკის ფილიალში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ბანკი აცხადებს, რომ ინციდენტი მოხდა არასამუშაო დროს, გამთენიისას, დაზიანებულია მხოლოდ ბანკის კუთვნილი ინვენტარი. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცეცხლი “ლიბერთი ბანკის” ფილიალში დილით გაჩნდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა

რა არის „დაშენებული პაკეტი“ და რატომ ითხოვენ სადაზღვევო კომპანიები მის დაბრუნებას

„ამით არ ავშენდებით, მაგრამ კიდევ 2 მილიონ ადამიანს ექნება საშუალება, ის სერვისები, რომლებიც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში ან ნაწილობრივ იფარება, დაფაროს არა საკუთარი ჯიბიდან, არამედ სადაზღვევო კომპანიიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა მოქალაქეებისათვის და მთელი ჯანდაცვის სისტემისთვის,“ – ასე ხსნის საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტების მნიშვნელობას.

სადაზღვევო სექტორი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთი წელია სთხოვს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მონაწილეებისთვის შემავსებელი, ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პაკეტები დააბრუნოს.

ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ დუმს. სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები კი აქცენტს იმ სარგებელზე აკეთებენ, რასაც სახელმწიფო, მოქალაქე და კერძო სექტორი მიიღებენ, თუკი შემავსებელი სისტემა აღდგება.

  • რა არის დაშენებული სადაზღვევო პაკეტი

დაშენებული სადაზღვევო პაკეტი მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთი მხრივ, იყოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში, ხოლო ის დაავადებები, რომლებსაც საყოველთაო დაზღვევა არ ფარავს, კერძო სადაზღვევო კომპანიიდან შეივსოს.

დაშენებული სადაზღვევო სისტემა ხელისუფლებამ 2017 წლის მაისიდან გააუქმა, მას შემდეგ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა.

2021 წლის დეკემბერში კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობას ჯანდაცვის სფეროში გასატარებელი ცვლილებების რეკომენდაციით მიმართა. ამ რეკომენდაციებში ცალკე პუნქტად იყო გამოყოფილი „საყოველთაო და კერძო სადაზღვევო შემავსებელი პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფა“.

„მედიკამენტებზე და ზოგადად, სამედიცინო მომსახურებაში „ჯიბიდან“ გადახდების შესამცირებლად, სასურველია, მომხმარებელს შეეძლოს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემავსებელი კერძო სადაზღვევო პროდუქტის შეძენა – სულ მცირე, მედიკამენტების კომპონენტის ნაწილში,“- ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებში.

„არასოდეს არ მომისმენია არგუმენტი, ეს რატომ გაკეთდა. არც პრეცედენტია მსოფლიოში, რომ ასეთი რამ ხდებოდეს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, დღეისათვის დაშენებული პაკეტით სარგებლობის უფლება აქვთ უმწეოებს, პენსიონერებს, ბავშვებს და 1000 ლარამდე შემოსავლის მქონე ადამიანებს.

„იმ ჯგუფს, ვისაც საყოველთაო დაზღვევაზე დაშენების უფლება აქვს, ყველაზე მეტად უჭირს ამის გაკეთება. უმწეოებს იმიტომ, რომ ფული არ აქვთ. ძირითადად გვხვდება ბავშვებში, ნაკლებად – პენსიონერებში, რომლებიც სარგებლობენ ორივე პროგრამით, როგორც საყოველთაო, ისე – დაშენებით.

მოსახლეობის ნახევრისთვის, რომელიც ძირითადად შრომობს, შემომტანია, ეს თემა არის დახურული. იმიტომ, რომ თუ იყიდიან დაზღვევას, დაკარგავენ საყოველთაოს. ჩვენ ვამბობთ, რომ მოხსნან ეს შეზღუდვა.

მოვუწოდებთ [მთავრობას] დავსხდეთ, გავიაროთ რისკები. ამ ცვლილებას ბევრი არაფერი სჭირდება, მხოლოდ ერთი ჩანაწერი პროგრამაში,“- ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს ვკითხეთ, რა სარგებელი ექნება დაშენების სისტემის აღდგენით მოქალაქეს, სახელმწიფოს და სადაზღვევო კომპანიას.

„მაგალითად, ავიღოთ მოქალაქე, რომელსაც აქვს 1500 ლარი ხელფასი და სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემით. გეგმიური ამბულატორია ძალიან სუსტია, ძალიან ცოტა რამე ფინანსდება. წამალი მცირედით ფინანსდება, ახლა უკვე უწევს თანაგადახდები ჰოსპიტალში. ეს ხარჯები შეეძლება დაიფაროს სადაზღვევოდან, თუკი იყიდის ამ, ე.წ. დაშენებულ პაკეტს. ეს არის ის უპირატესობა, რაც აქვს ამ პაკეტს, მოქალაქე აღარ შიშობს – ვაიმე, ახლა 500 ლარი სად ვიშოვო.

სახელმწიფოსთვისაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა ადამიანებზე, მათთვის ჯანდაცვის იმ ნაწილების დაფინანსება, რასაც სახელმწიფო პროგრამები არ ფარავს.

ორივესთვის არის ეს მომგებიანი, როგორც მთავრობისთვის, ისე – მოქალაქეებისთვის. ნამდვილად დაეზოგება მთავრობას ბიუჯეტური სახსრები.“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

  • რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან

„ახლა კიდევ პატარა წერილს ვამზადებთ მინისტრის სახელზე, სადაც ვთხოვთ დაშენებულ სადაზღვევო პაკეტებთან და DRG სისტემასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნას,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი კითხვის პასუხად, თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან.

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ცვლილებები შესაძლებელი იქნება.

„მიმაჩნია, მთავრობამ სტიმულირება უნდა გაუკეთოს იმას, რომ ადამიანებმა იყიდონ დაშენებული პაკეტები და არ ის, რომ აკრძალოს. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესია ამაში, მნიშვნელოვანია თვითონ მოქალაქეთა ინტერესიც. ამ სისტემით ადამიანი არის დაცული.

ახლა ვფიქრობ, რომ ეს საქმე გამოვა. რეალურად რომ დაფიქრდე, აწონ-დაწონო, მთავრობის და მოქალაქის ინტერესი უფრო დიდია აქ, ვიდრე სადაზღვევო ინდუსტრიის. სადაზღვევო ინდუსტრიას აინტერესებს მეტი ახალი კონტრაქტი, ახალი გამოწვევა. თორემ ძირითადი ბენეფიციარი არის ადამიანი და მთავრობა,“ – ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობენ.

ვინ უნდა იყიდოს მაღალი სახანძრო კიბე ბათუმისთვის? – მერია და საკრებულო დუმს

„ვოქსის“ კორპუსში, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ და „შლანგებიც თავად აჭიმეს“, როგორც ეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს. მეხანძრისთვის ნაკლებია საფრთხე, თუ ხანძრის ქრობის დაწყება შენობის გარე პერიმეტრიდან იქნება შესაძლებელი, მით უმეტეს მაშინ, თუ მაღლივ შენობას მხოლოდ ერთი კიბე აქვს – ასეთ შემთხვევაში დაკვამლიანების რისკი მაღალია.

18 დეკემბერს „ვოქსის“ კორპუსში ხანძარი 23-ე სართულზე, რესტორანში გაჩნდა. მაღალი იყო რისკი ხანძრის ქვედა სართულებზეც გავრცელებისა. მეხანძრეები გარე პერიმეტრიდან ხანძრის კერას ვერ მისწვდნენ და ვერც სახანძრო კიბე გამოიყენეს. სცადეს, თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ 40- მეტრიანი სახანძრო კიბე, რომელიც მაქსიმუმ მეთერთმეტე სართულს სწვდება, 23-ე სართულზე ხანძრის ჩასაქრობად გარე პერიმეტრიდან სამუშაოდ არ გამოდგებოდა.

რა მოხდება, თუ ხანძარი 55-ე სართულზე გაჩნდება, რა რესურსით შეძლებს სამაშველო სამსახური ხანძრის ჩაქრობას? – ჩვენი ინფორმაციით, ბათუმში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი სახანძრო კიბე აქვს. ერთი ძველი – 30-მეტრიანი და 40-მეტრიანი გასაშლელი კიბე, რომელიც გასულ წელს საგანგებო სიტუაციების სამსახურს საქართველოში იაპონიის საელჩომ აჩუქა.

სახანძრო მანქანა, რომელიც ბათუმს იაპონიის საელჩომ გადასცა – საელჩოს საჩუქარი. გასაშლელი კიბე 140 000 აშშ დოლარი ღირს.

ბოლო წლებში ბათუმში ძირითადად მაღლივი საცხოვრებელი კორპუსები შენდება, მათგან უმეტესობას არ აქვს დაცული სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებიც კი. მერია პროექტებზე ნებართვების გაცემისას უსაფრთხოების ნორმებს უგულებელყოფდა, რადგან არ იყო ამოქმედებული საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილება, იგივე უსაფრთხოების რეგლამენტი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს აწესებს.

ამაზე გუშინ, 19 დეკემბერს, ბათუმის ვიცე-მერმაც ისაუბრა.

რა რესურსია ბათუმში მაღალ სართულებზე ხანძრის ქრობისთვის და რა საჭიროებები აქვს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბათუმში მაღალ სართულებზე უსაფრთხოდ მუშაობისთვის? – ამ კითხვებზე სამსახურში არ გვიპასუხეს. გვითხრეს, რომ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ.

ბათუმის მერიაში კი არ გვიპასუხეს კითხვაზე, ხომ არ დაგეგმავს მუნიციპალიტეტი ბათუმისთვის 40 მეტრზე მაღალი სახანძრო კიბის შესყიდვას, რომელსაც შემდეგ სახანძრო სამსახურს გადასცემს… მსგავსი კიბის საჭიროება ორი დღის წინ დადგა მწვავედ დღის წესრიგში, მოსახლეობა კი შესაბამისი სახანძრო კიბის არქონის გამო „ვოქსზე“ მოდებული ცეცხლის გაჭიანურებით ჩაქრობაზე პასუხს სწორედ მერიისგან ითხოვდა. იმავე კითხვაზე არც ბათუმის საკრებულოში გვიპასუხეს.

სპეციალისტების განმარტებით, შესაბამისი ტექნიკის არქონა ბათუმისთვის საგანგაშოა და ამ საკითხის გადაწყვეტაზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მით უფრო, რომ დამატებით პრობლემას ქმნის ერთი გარემოებაც – ბათუმში, მაღლივ კორპუსებში, გათვალისწინებული არ არის უსაფრთხოების ელემენტარული მოთხოვნები, მათ შორის არ არსებობს სახანძრო მილები მაღალ სართულებზე წყლით მომარაგებისთვის: „ფეხით ასვლა ნაკლები პრობლემა იქნებოდა, სახანძრო მილი და შესაბამისი წყალმომარაგება რომ არსებობდეს“.

___

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბუნებრივი აირის მილებიც უსაფრთხოების დარღვევით არის გაყვანილი. ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სოკარ ჯორჯია გაზის“ კონტრაქტორი ფირმის საპროექტო და სამშენებლოს ყოფილმა უფროსმა, ლაშა წულუკიძემ ისაუბრა:

 

„ბომბია ფაქტობრივად“ – „სოკარის“ ყოფილი მენეჯერი საფრთხეზე, რასაც ადასტურებს სემეკიც

„მადლობელი უნდა ვიყო, რუსეთში რომ გავიზარდე“ – ინტერვიუ პეტერბურგელ ქართველთან

რას ფიქრობენ რუსეთ-უკრაინის ომზე რუსეთში მცხოვრები ქართველები, რა მდგომარეობაა მათი დაკვირვებით რუსეთში, შეცვალა თუ არა ომმა იქ მცხოვრებთა ყოველდღიურობა და როგორ აფასებენ რუსეთში მცხოვრები ქართველები მიმდინარე ომს, აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომებს.

ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებს“ 33 წლის მარიამ გ-ს ესაუბრა პეტერბურგიდან. მარიამი გვარის და პროფესიის დაფარვას გვთხოვს. რუსეთში ომის წოდება ისჯება და კონტროლდება. მარიამს კი, როგორც თავად გვეუბნება, პეტერბურგში ნაცნობების დიდი წრე ჰყავს და ღიად საუბარი მისთვის საფრთხეს შეიცავს.

მარიამ გ. ფიქრობს, რომ „არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი [უკრაინაში]“. მისი აზრით, ამ საკითხში უკრაინელი ხალხის აზრიც ორად იყოფა, ხოლო პირადად მას „საერთოდ არ ესიმპათიურება უკრაინის სათავეში ვინც არის“. როგორ შეიცვალა ცხოვრება უკრაინის ომის დაწყებიდან 300 დღის თავზე რუსეთში? – მარიამ გ-ს კომენტარს სტილის დაცვით გთავაზობთ.

  • მარიამ გ. რუსეთში მცხოვრები ქართველი

ომის შემდეგ ძალიან შეიცვალა რუსეთში ჩემთვის რამე-მეთქი, ვერ ვიტყვი.

თუმცა ბევრისთვის შეიცვალა რადიკალურად ყველაფერი – ვინც საკუთარი პოზიცია გამოამჟღავნა და ხალხზე ზეგავლენა ჰქონდა, მალევე დატოვა კიდეც ქვეყანა.

ვერ ვიტყვი, რომ საშუალო ფენას ახლა რუსეთში რამე უჭირს, ცვლილებები მხოლოდ ნაწილობრივ იგრძნობა.

მაგალითად, თუ საშუალო შესაძლებლობის რუსეთის მოქალაქეები ომამდე ხშირად დადიოდნენ საზღვარგარეთ, ასე მარტივად ვეღარ დადიან. ძალიან გაძვირდა მოგზაურობა, გაძვირდა თვითმფრინავის ბილეთები. საქართველოს მიმართულებითაც გაძვირდა ფრენა, მაგრამ განსაკუთრებით გაძვირდა ფრენა ევროპის მიმართულებით.

გაძვირდა შიდა ტრანსპორტით მგზავრობისა და საკვების ფასი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს მოულოდნელი იყო. ზოგადად რუსეთი, პეტერბურგი, ძვირიანი ქალაქებია. ყველგან ვარ ნამყოფი, ევროპის ქვეყნებში, ამერიკაშიც და ყოველთვის ვამბობდი, ადრეც შემიდარებია, რომ რუსეთში გაცილებით ძვირი იყო სულ ცხოვრება.

არ მაქვს განცდა, რომ ომმა გააძვირა ყველაფერი, რადგან 2, 3 წელიწადში ერთხელ ყოველთვის ძვირდებოდა რუსეთში ფასები, მათ შორის საკვებ პროდუქტებზეც.

იცით, რომ დაიხურა ტანსაცმლის ზოგიერთი ბრენდის მაღაზია, ზარა და ეიჩ ენდ ემი მაგალითად. ეს არ არის მაღალი კლასის ბრენდები, მაგრამ საშუალო შესაძლებლობის ხალხი ძირითადად ამ მაღაზიებში ყიდულობდა ტანსაცმელს. რუსეთში დარჩა პოლონური და თურქული ბრენდის ტანსაცმლის მაღაზიები.

Apple-ის სმარტფონის უახლესი მოდელი რამდენიმე დღის წინ ვიყიდე პეტერბურგში, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს.

მაკდონალდსიც თითქოს დაიხურა რუსეთში, მაგრამ არ ვიცი რა ქნეს მხარეებმა – მოილაპარაკეს თუ რა როგორ გადაწყვიტეს, ფაქტია, რომ ხალხის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტი იყო და ზუსტად იგივეა, რაც იყო, უბრალოდ სახელი და შეფუთვა აქვს სხვანაირი.

კოკა-კოლა ჯერჯერობით არის მაღაზიებში, მაგრამ მგონი მარაგები იწურება და ალბათ ახალი შეფუთვით გაყიდიან.

სოციალური ქსელები და ინტერნეტი ჩვეულებრივად მუშაობს თუკი აპლიკაცია VPN გაქვს გადმოწერილი. ჩინეთშიც ეს პრინციპია, ხანდახან  VPN-ის გარეშეც ჩვეულებრივად მუშაობს სოცქსელები მთელი კვირა, შევდივართ ყველა პლატფორმაზე, სადაც გვინდა, ინფორმაციის მისაღებად.

ადამიანების აზრი რუსეთში ორადაა გაყოფილი: უმეტესობა ომის წინააღმდეგია, მაგრამ წასასვლელი არსად აქვთ. ხალხზე ამბობენ, რატომ ითმენენ ამ ხელისუფლებას, როგორ ძლებენ რუსეთშიო, მაგრამ ძალიან დიდია რუსეთი, დიდი ნაწილი საჯარო სამსახურზე, ხელფასსა და პენსიაზეა დამოკიდებული. არ აქვთ საშუალება სადმე წავიდნენ, სად უნდა წავიდნენ? ვისაც შეეძლო დატოვა ქვეყანა. ბევრმა შვილები გაუშვა და თვითონ აქ დარჩა.

პირადად ჩემთვის, როგორც აქ მცხოვრები ქართველისთვის, რუსეთი და უკრაინა ერთია. მთელი ცხოვრება რუსების და უკრაინელების გვერდით გავატარე, ყოველთვის ვთვლიდი, რომ ერთნი არიან. ქუჩაში რომ გააჩერო რუსი, ბებია, ბაბუა, დედა ან ბიძა უკრაინელი ჰყავს, ამიტომ ესენი ყველანი ერთნი არიან.

ომამდე ამ საკითხს ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა.

რა ხდება ომში? ჩვენ ვერასდროს გავიგებთ სიმართლეს. ჩემთვის საკვირველია, რომ 21-ე საუკუნეში ხდება ეს ყველაფერი, როცა განვითარებულები ვართ თითქოს ადამიანები.

მე არცერთ მხარეს ვემხრობი, არც მეორეს. ჩვეულებრივ ადამიანებს ვემხრობი, რომლებიც ამ ყველაფერში იჭყლიტებიან, რუსი იქნება ეს თუ უკრაინელი. ყველა იჩაგრება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიწყო ომი ან ვინ დაამთავრებს და ვინ მოიქცა ცუდად.

უკრაინის სათავეში ვინც არის, საერთოდ არ მესიმპათიურება. პირადად ვიცი რაც ხდება, ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში, ბევრს ვურეკავდი და ვეკითხებოდი, როგორ არიან, რას შვრებიან და მათგან ვიცი ბევრი რამ.

უკრაინელი ხალხის აზრიც იყოფა ორად: ზოგი ამტყუნებს თავის სახელმწიფოს და ზოგი სხვას. ამიტომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა ხდება. ბევრი უკრაინელი ემხრობა მოწინააღმდეგის [რუსეთის] მხარეს.

უკრაინელების ერთი ნაწილი თავად ამბობს, რომ ხედავდნენ, მათი ქვეყანა როგორ იშლებოდა, თუმცა ამბობდნენ: ეს არის ჩემი პრეზიდენტის და ჩემი ხალხის ბრალიო, ამიტომ არავინ ვიცით სიმართლე.

30 წელია რუსეთში ვცხოვრობ. ბაღი, სკოლა და ინსტიტუტიც აქ დავამთავრე. 90-იან წლებში შევედი სკოლაში, რუსეთში ამ დროს რთული პერიოდი იდგა კავკასიელებისთვის, სკინჰედებს არ მოსწონდათ კავკასიელები და ებრაელები, „ნერუსკებს“ გვეძახდნენ, ქართველი და კავკასიელი ბიჭები სულ ჩხუბობდნენ სკინჰედებთან. ზოგს ჭრიდნენ, ბანდებად დადიოდნენ, ერჩოდნენ ებრაელებს და კავკასიელებს, ზოგი კავკასიელი ბიჭი, მათ შორის ქართველებიც შეეწირნენ  ამ დაპირისპირებებს.

პუტინის გამოჩენის შემდეგ სკინჰედები სადღაც გაქრნენ. სკოლა რომ დავამთავრე და ინსტიტუტში ჩავაბარე, ეს დამოკიდებულება გაქრა. სკოლიდან და ინსტიტუტიდან ბევრი კარგი მეგობარი მყავს, ჩამოდიან საქართველოში, უყვართ აქაურობა, ვმეგობრობთ ოჯახებით.

ინსტიტუტში სხვაგან მინდოდა ჩაბარება, მაგრამ რუსეთში ჩავაბარე და ბედნიერი ვარ. ჩემი ქვეყანა რუსებმა შემაყვარეს. მეუბნებოდნენ პედაგოგები ინსტიტუტში: ქართველი ხარ? მაშინ შეუძლებელია ნიჭიერი არ იყო, ცისფერსისხლიანი ხარო.

მას შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება ძალიან ვამაყობ და ვამაყობდი, რომ ქართველი ვარ.

რუსეთმა მომცა საშუალება ვიამაყო, რომ ქართველი ვარ.

აქ ბევრი ქართველი მართავს კონცერტს, ვზეიმობთ ქართულ დღესასწაულებს, ქართველები გამოდიოდნენ და გამოდიან დიდი ქართულ დროშებით, შეძახილებით „გაუმარჯოს საქართველოს“. ასე იყო 10, 15, 20 წლის წინაც. ვაფრიალებდით ამ დროშებს და ვყვიროდით „გაუმარჯოს საქართველოს“. არავინ მოსულა და არ უთქვამს, ვინ ხართ, რატომ აფრიალებთ თქვენს დროშას შუა პროსპექტზეო, ასეთი რამ არასდროს მომხდარა.

ვერ წარმოიდგენთ როგორ უყვართ რუსებს ქართველები და საქართველო.

რამდენიმე წლის წინ მყავდა სტუმარი საქართველოში რუსეთიდან, ჩვენი მეგობარი ქალი ორი შვილით, წავიყვანე კონცერტზე რიყის პარკში, ქართული ხმების კონცერტი იყო და „თბილისო“ იმღერეს, ცრემლები წამომცვივდა. ბავშვობა მახსენდებოდა, როგორ ჩამოვდიოდი საქართველოში. გავხედე ამ ქალს და ისიც ტიროდა, გამიკვირდა, შენ რაღატომ ტირიხარ-მეთქი, ვკითხე. როგორ თუ რატომ ვტირი, ეს ხომ ჩემი ბავშვობაცაა, ჩემი სტუდენტობა და ჩვენი საერთო ისტორია, მაჟრიალებს ამ ყველაფერზეო.

ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი, მადლობელი უნდა ვიყო რუსეთში რომ გავიზარდე, რადგან დიდი სიყვარული გვაქვს საქართველოს მიმართ, ეს არამხოლოდ ჩვენი მშობლების, არამედ გარშემომყოფი რუსების დამსახურებაცაა, იცით როგორ არის? როცა გეუბნებიან, რომ ქართველი თუ ხარ, მაგარი ხარ, ეს კარგია, სულ სხვა სიყვარული აქვთ ქართველების. ამიტომ მე მადლობელი ვარ.

მეკითხებით, რას ვფიქრობ აფხაზეთის და 2008 წლის ომებზე. საქართველოში ვიყავი 2008 წლის ომის დროს. 17, 18 წლის ვიქნებოდი. დიდი განცდები მქონდა, ვნერვიულობდი. ტკივილი, ზიზღი, ყველა გრძნობა ერთად იყო. იმავე წლის სექტემბერში დავბრუნდი რუსეთში, სასწავლებელში. ომის ერთი და იგივე კადრები გადიოდა საქართველოშიც და რუსეთშიც, მაგრამ სხვანაირად მოწოდებული და გაჟღერებული, საინფორმაციო ომი იყო.

ანწუხელიძის და შინდისის გმირების ამბები თუ ვიცი, მეკითხებით. ვიცი, მაგრამ მაშინ ამ ამბებს ვერ ვწვდებოდი. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია და რა ვიცი, რა უნდა ვთქვა.

ნორმალურ ადამიანს უნდა აწუხებდეს, რაც ახლა მსოფლიოში ხდება. რაღაცნაირად არ გაქვს ხალისი და ვეღარ ხედავ მომავალს, ძალიან რთულია ახლა რამე დაგეგმო და იფიქრო მომავალზე, ბევრი ადამიანია ასე, ჩემსავით.

რაც ომი დაიწყო, დეპრესიაში ვარ, აქედან ბევრი წავიდა და ჩემს მშობლებსაც დიდი ხანია უნდათ დაბრუნდნენ საქართველოში, მაგრამ არ იყო და არ არის ამის საშუალება, რა სჯობს საქართველოში ცხოვრებას, სადაც სულ მზეა, შენი ახლობლები ცხოვრობენ და შენი სახლია, მაგრამ ბევრნი ვართ ოჯახში და ყოველ წელს მთელი ოჯახი რომ თითოჯერ ჩამოვიდეთ ზაფხულობით, ესეც დიდ ხარჯებს მოითხოვს.

5,6 წლიდან ვფიქრობდი, რომ რუსეთიდან სხვაგან მინდოდა წასვლა და ცხოვრება. ვოცნებობ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე, რომლის სახელსაც არ ვასახელებ. სულ მინდოდა იქ სწავლა და ცხოვრება. ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ, ვიყავი ჩემი ოცნების ქვეყანაში, იქ დარჩენის შესაძლებლობაც მქონდა, მაგრამ მშობლები მარტო ვერ დავტოვე, მერე პანდემია დაიწყო და ა.შ.

ომის გამო არა, სხვა დროსაც მიოცნებია რუსეთიდან წასვლაზე, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ, აქ გავიზარდე. ბევრს ვმოგზაურობდი ევროპაში. ახლა, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა აღარაა.

ხულოს 40-მდე სოფელში მოსაცდელი არ არის და არც იქნება

ხულოს მუნიციპალიტეტის 40-მდე  სოფელში მოსახლეობა სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს ღია ცის ქვეშ ელოდება. მუნიციპალიტეტში, სადაც რთული და ხანგრძლივი ზამთარი იცის, სულ 83 სოფელია და მოსაცდელებს მხოლოდ ამ სოფლების ნახევარში ვხვდებით.

დანარჩენ სოფლებში მგზავრები ტრანსპორტის მოლოდინში ვერც მზეს არიდებენ თავს, ვერც წვიმასა და თოვლს.

ეს მდგომარეობა არც მომავალ წელს შეიცვლება. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხულოს 2023 წლის ბიუჯეტში მხოლოდ ერთი მოსაცდელის მშენებლობაა გათვალისწინებული, სოფელ ვაშაყმაძეებში.

სოფლებში, სადაც მოსაცდელები არ არის, ადგილობრივი მოსახლეობა მათ საჭიროებაზე საუბრობს.

მაგალითად, ხულოს სოფელ გელაძეებსა და მანიაკეთში სამგზავრო მიკროავტობუსები არ დადის. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე წლის წინ სამარშრუტო ხაზი ორივე სოფელში იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში სოფლები ცარიელდება, რამაც სამარშრუტო ხაზების გაუქმება გამოიწვია და მოსახლეობა, რომელიც ჯერ ისევ ცხოვრობს გელაძეებსა და მანიაკეთში, მეზობელი სოფლების სამარშრუტო ხაზზე მოძრავ „მარშუტკებს“ იყენებს მუნიციპალიტეტის ცენტრში და ბათუმში გადაადგილებისთვის.

„გელაძეებში მოსაცდელი არ გვაქვს. ჩვენი სოფელი მივარდნილია. მოსაცდელი აქამდეც არასდროს გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროება ნამდვილადაა.

ამის შესახებ რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ მაინც არ გამოყვეს [ბიუჯეტი], რომ გაგვეკეთებინა. რამდენიმე ადგილობრივი გავედით, ვესაუბრეთ ხულოს მერს, ვახტანგ ბერიძესაც 2-3 წლის წინ.

12 ლარს ვიხდით მგზავრობაში. მქონია შემთხვევები, როცა ცენტრალურ გზაზე დავლოდებივარ „მარტშუტკას“. ხან ავდარია, ხან წვიმს…  მოსაცდელი არ არის და სხვა გზაც არ გვაქვს, მაინც ველოდებით მარშუტკას“, – გვეუბნება გელაძეების მკვიდრი მურმან გელაძე.

სოფელ მანიაკეთის მკვიდრი, ალექსანდრე საგინაძე გვეუბნება, რომ სოფლის მაღლობზე მცხოვრებ ოჯახებს ცენტრალურ გზასთან 3-4 კილომეტრი აშორებთ და აუცილებელია სოფელში ჰქონდეთ მოსაცდელი შენობები, სადაც მოსახლეობა დასვენებას და ტრანსპორტის დალოდებას შეძლებს.

მისი თქმით სოფელს მოსაცდელი არასდროს ჰქონია:

„წვიმს, ცუდი ამინდებია… ერთი მოსაცდელი მაინც უნდა იყოს სოფელში. ამაზე სოფლის კრებაზეც ვისაუბრეთ, აგერ, 2 თვის უკან.

ცენტრალური გზიდან ხალხი მოშორებით ცხოვრობს. მაგალითად, 2 კილომეტრს ხალხი სახლიდან ფეხით რომ გამოივლის, ვისთან წავიდეს, გაჩერდება მოსაცდელში, რამე „მარშუტკას“ რომ გაყვეს“, – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრეს თქმით, ხშირად, ადამიანები, რომლებიც შორს ცხოვრობენ სოფლის ცენტრიდან, „მარშუტკებს“ ცენტრთან ახლოს მცხოვრებ ოჯახებში ელოდებიან, რათა წვიმაში არ დასველდნენ ან მზეს აარიდონ თავი.

„ვინც ცენტრალური გზიდან შორს ცხოვრობს და კილომეტრებს გადის ფეხით სახლიდან, სად წავიდეს? ვინც ცენტრალურ გზაზე, გზასთან ახლოს ცხოვრობს, მათთან აფარებენ თავს და იქ ელოდებიან “მარშუტკას”. დილით გამოვიდა ადამიანი სახლიდან, სად უნდა წავიდეს, სცივა“, – გვითხრა ალექსანდრემ.

მოსაცდელი ჰქონდა სოფელ ბეღლეთს, თუმცა ბოლო 2 თვეა შენობა დაანგრიეს. როგორც რუსლან კახაძემ, ბეღლეთის მკვიდრმა გვითხრა, თქვეს, ცენტრალური გზის მშენებლობას ხელს უშლიდაო.

„ეს სიტუაცია დისკომფორტს ქმნის. იმიტომ, რომ ხან წვიმაა, ხან ავდარი და მგზავრებს მოსაცდელი, რა თქმა უნდა, სჭირდებათ.

როდის გააკეთებენ ამ მოსაცდელს ისევ, ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ რამდენადაც დასაწყისში იყო ამაზე საუბარი, [ცენტრალური გზის] გაკეთების დასრულებისთანავე იქნება მოსაცდელიცო.

ის მოსაცდელი, რომელიც აქამდე გვქონდა არ იყო დაზიანებული. შეეძლო ადამიანს თავი შეეფარებინა და არ დასველებულიყო“ – გვითხრა რუსლან კახაძემ.

___________________

ფოტოზე: გზა ხულოში მოსაცდელის გარეშე.

სასულიერო პირების ჯარში გაწვევა გაუმართლებელია – სონღულაშვილი

12 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იქმნება ახალი სამხედრო კოდექსი, რომელიც ყველა პირს დაავალდებულებს გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ახალ კოდექსში აღარ იქნება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს სამხედრო სამსახურის გადავადება შეეძლოთ.

პრემიერ ღარიბაშვილის მიერ სამხედრო კოდექსში დაანონსებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ჯარში წასვლის ვალდებულება მხოლოდ მართლმადიდებელ სასულიერო პირებს აღარ ექნებათ: დომინანტური რელიგიური ორგანიზაციის მსახურებს ჯარისგან სახელმწიფოსთან გაფორმებული კონკორდატი დაიცავს.

ღარიბაშვილმა სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა „გირჩის“ მიერ დაფუძნებულ „ბიბლიურ თავისუფლებაზე“, რომლის წევრებიც, სასულიერო პირის სტატუსით, თავიდან ირიდებდნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

„ანტიეროვნული, მავნებლური, უმსგავსო და მკრეხელური“, – ამ ეპითეტებით მოიხსენია „ბიბლიური თავისუფლება“ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე და თქვა, რომ ახალი კოდექსი „ბიბლიური თავისუფლების“ სასულიერო პირებს ამ უფლებას შეუზღუდავს.

ღარიბაშვილის თქმით, სასულიერო პირებთან დაკავშირებული ჩანაწერის ამოღება საპატრიარქოსთან შეათანხმა. სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილს არ უხსენებია სხვა რელიგიური კონფესიები.

შეიცავს თუ არა დისკრიმინაციის ნიშნებს მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი სამხედრო კოდექსი და დაავალდებულებს თუ არა სახელმწიფო არამართლმადიდებელ სასულიერო პირებს მოიხადონ სამხედრო სამსახური, ამ თემაზე ღარიბაშვილს არ უსაუბრია.

„ცივილიზებულ სამყაროში ვერ  ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც სასულიერო პირებს აიძულებდნენ გაიარონ სამხედრო სამსახური, რადგან ეს განსხვავებული პროფესიაა, რომელიც გამორიცხავს მათ მონაწილეობას სამხედრო სამსახურში, თუ მათ არ აქვთ საგანგებო სასულიერო პასუხისმგებლობა და აქ იგულისხმება საკაპელანო სამსახური“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი.

მისი თქმით, საკაპელანო სამსახური გულისხმობს სასულიერო პირების არა ბრძოლებში ან საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, არამედ „ჯარისკაცების ემოციურ მხარდაჭერას ომისა თუ მშვიდობის დროს“.

„ამის მიღმა სასულიერო პირების ჩართვა სამხედრო სამსახურში არის სრულიად გაუმართლებელი და ვერ ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც სასულიერო პირი შეიძლება მიჰყავდეთ ჯარში“, – გვეუბნება ის.

მალხაზ სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ახალი სამხედრო კოდექსი მიმართული იქნება მხოლოდ რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცალსახად დისკრიმინაციული.

„ეს იქნება ანტიკონსტიტუციური მიდგომა, თუ ხდება თანასწორობის დარღვევა მოქალაქეებს შორის რელიგიური ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში, ნებისმიერი ორგანიზაციის დევნა და შევიწროება გაუმართლებელია.

თუ ჩვენ გვაქვს შემთხვევა, რომ მოქალაქეები ეძიებენ თავშესაფარს, კონკრეტულად რომელიმე ორგანიზაციაში, არ აქვს მნიშვნელობა „ბიბლიური თავისუფლებაა“ ეს თუ სხვა ორგანიზაცია და ხელისუფლება ამაში ხედავს საფრთხეს, მაშინ უნდა შეისწავლოს, გამოიკვლიოს, რატომ არიდებს ადამიანი სამხედრო სამსახურს თავს.

რა არის მიზეზები, რა არის პრობლემები და რატომ აღმოჩნდა ეს შესაძლებლობა მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის, რომ მიაკითხოს „ბიბლიურ თავისუფლებას“. მე მგონი, ამის კვლევა უფრო საშურია და მნიშვნელოვანი, ვიდრე ვინმეს დასჯა და კუთხეში დაყენება, რაც სრულიად გაუმართლებელია“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.

მისი აზრით, უფრო გამართლებული იქნება გაიმართოს საჯარო მსჯელობა, რატომ გაჩნდა სამხედრო სამსახურზე თავის არიდების საჭიროება, რა არის ამის მიზეზი. „ზოგადად, როგორი ფილოსოფიაა ამ ქვეყანაში სამხედრო სამსახურთან მიმართებაში, მოქალაქის პასუხისმგებლობასთან მიმართებაში“, – გვეუბნება ის.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ცხოვრობს ომის აჩრდილის ქვეშ, გვყავს მეზობელი, რომელიც რეგულარულად გვიქმნის საფრთხეს, ეს საქმე ნამდვილად არის მოსაწესრიგებელი და მოსაგვარებელი. მაგრამ ვიდრე მოწესრიგდება, ამას სჭირდება არა დევნა და დისკრიმინაცია, არამედ კარგი კვლევა, დაფიქრება და პასუხების გამონახვა“, – ამბობს მალხაზ სონღულაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე რელიგიურ უმცირესობებთან კონსულტაცია არ გაუვლია. „მე მსგავსი რამ არ ვიცი, ჩემთვის უცნობია. შეიძლება სხვა ვინმესთან გამართეს, მაგრამ ჩემთვის ეს უცნობია, არასდროს ჩვენთან არანაირ საკითხზე კონსულტაცია სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა“, – გვეუბნება ის.

„ბათუმელები“ ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელს, მაკო ღავთაძესაც ესაუბრა. მისი აზრითაც, ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული ახალი სამხედრო კოდექსი, რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის საფრთხეს შეიცავს.

„ჩვენ არ ვიცით, რას ჩაწერენ ახალ კოდექსში, საერთოდ ამოიღებენ თუ არა ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებს უვადდებოდათ აქამდე სამხედრო სავალდებულო სამსახური. შესაბამისად, ბუნებრივია, დისკრიმინაციაზე საუბარი წინასწარ რთულია.

თუმცა, ის ფაქტი, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირები მთლიანად გათავისუფლებული არიან სამხედრო სამსახურიდან, ხოლო სხვა კონფესიების სასულიერო პირებს უვადდებათ სამხედრო სამსახური, ეს ისედაც იკითხება, როგორც დისკრიმინაციული კანონმდებლობა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მისი თქმით, რადგან აქამდე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს შეეძლოთ გადავადების უფლებით მაინც ესარგებლათ, ამ დისკრიმინაციული ჩანაწერის გამო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღარ მიუმართავთ.

„მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა გადავადების გარეშე მოუწევთ რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებს, მაშინ პრაქტიკაში, შედეგიც დისკრიმინაციული დადგება და შესაძლოა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ამბობს ღავთაძე.

დღეს მოქმედი კოდექსი მართლმადიდებელ სასულიერო პირებს არ ავალდებულებს სამხედრო სამსახურის გავლას, რადგან მართლმადიდებელი სასულიერო პირები კონკორდატის მიხედვით სრულიად გათავისუფლებული არიან ამ ვალდებულებისგან.

„სავარაუდოდ, ორი ვარიანტი აქვს მთავრობას, ან უნდა ჩაეწერათ კანონში და დაეზუსტებინა, რას ნიშნავს რელიგიური ორგანიზაცია ან სასულიერო პირი, რომ ვეღარ ჩამჯდარიყო „ბიბლიური თავისუფლება“ ამ კრიტერიუმებში, რაც ასევე ძალიან საშიშია, ან მეორე – ამოეღოთ კანონიდან ჩანაწერი სასულიერო პირების შესახებ, რაც ასევე პრობლემურია“.

რაც შეეხება რწმენის საფუძველზე კეთისლინდისიერ წინააღმდეგობას, ეს ცალკე საკითხია და არაა კავშირში მთავრობის მიერ აღნიშნულ სასულიერო პირების სამხედრო სამსახურში გაწვევასთან.

კეთილსინდისიერი წინააღმდეგობით კანონმდებლობით სარგებლობენ ის პირები, ვისაც საკუთარი მრწამსის გამო არ სურთ სამხედრო ფორმით გაიარონ სამსახური. ამ შემთხვევაში, მათთვის არსებობს ალტერნატიული სამსახური. ეს რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში არსებული პრობლემური საკითხი 2011 წელს, სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოგვარდა“, – ამბობს მაკო ღავთაძე.

მთავრობის სხდომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან ახსენა დისკრიმინაციის საფრთხე და თქვა, რომ გაიაზრეს საკონსტიტუციო სარჩელის რისკი. „კოდექსი მაქსიმალურად გამართული და სამართლიანი იქნება“, – განაცხადა მან.

ახალი სამხედრო კოდექსი 2025 წლიდან ამოქმედდება. მინისტრის თქმით, სავალდებულო სამხედრო სამსახური 6-8 და 11-თვიანი იქნება. ვადები დამოკიდებული იქნება კონკრეტულ გარემოებებზე და ყველა პირი სამხედრო სამსახურს თავდაცვის უწყებაში გაივლის.

ბათუმის მერია ეშმაკის ბორბალს 896 500 ლარად ასხვისებს – 2 წლით

ბათუმის მერია „ეშმაკის ბორბალს“ 2 წლით, ჯამში 896 500 ლარად ასხვისებს. შესაბამისად, 1 წლით სარგებლობის საფასური 448 250 ლარი იქნება.

ერთი წლით სარგებლობის ფასი იმ აუქციონზე დაფიქსირდა, რომელიც მერიამ გამოაცხადა. აუქციონი შედგა და მასში მონაწილე კომპანიამ ერთი ბიჯით გაიმარჯვა.

ბათუმის მერიაში არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, თუ ვინ გაიმარჯვა აუქციონში.

„გამარჯვებულის ვინაობა კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი“ – გვითხრეს მერიაში.

ამ დრომდე „ეშმაკის ბორბალი“ იჯარით გადაცემული იყო შპს „პანორამა 2018“-ზე, რომელმაც წინა აუქციონში გაიმარჯვა. მაშინ აუქციონს ორი მონაწილე ჰყავდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომპანია „პანორამა 2018“-ს, სადაც დაგვიდასტურეს, რომ ბოლო აუქციონში თავად მონაწილეობდნენ და მერისთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებასაც გეგმავენ – ატრაქციონის მომდევნო 2 წლით სარგებლობაზე.

„ეშმაკის ბორბალზე“ ბილეთის ფასი 10 ლარია. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბილეთის გაძვირებას არ გეგმავენ.

ხედი ეშმაკის ბორბლიდან / ბათუმი, 10.12.2022

მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონი 2022 წლის 5 დეკემბერს დაიწყო და 19 დეკემბერს დასრულდა.

მანამდე, „ეშმაკის ბორბლის“ საწყისი საიჯარო ქირის განსასაზღვრად, ქალაქის მერიამ საკრებულოს მიმართა.

ამ თემაზე:

ეშმაკის ბორბლის საწყისი ქირა აუქციონზე 435 250 ლარი იქნება – 1 წლით სარგებლობისთვის 

ფეისბუქის რეაქცია ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტზე – „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებია“

„თვითმფრინავით მოდიანო!“ – ერთგვარი ირონიით წერს ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარებელი კომენტარს ნიუსზე, სადაც აღწერილია, რომ ხელვაჩაურში „ღამის შოუს ბენდი“ წინასაახალწლოდ კონცერტს გამართავს და ამისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება.

თვითმფრინავზე კომენტარი ასობით კომენტარიდან ერთ-ერთია, როცა კონცერტის ჩატარების ამბავი გაიგეს ადამიანებმა და დაწერეს ხელვაჩაურის გზის, საათობით მთავარი ქუჩაზე საცობებში გაჭედვის, ან სასმელი წყლის შესახებ… საგულისხმოა ერთი ქალის ფეისბუქსტატუსიც ხელვაჩაურში გასამართ კონცერტზეც. იგი აღწერს, რომ ორმოებიანი და გაუნათებელი გზის გავლა უწევს ღამით, სასმელ წყლამდე მისვლა რომ შეძლოს.

ფეისბუქრეაქციით ჩანს, რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როცა ხელვაჩაურის მერია კონცერტისთვის ემზადება: გზა, სასმელი წყალი, საკვები პროდუქტების ფასი…

ხელვაჩაურის მერიის მიერ შედგენილ დოკუმენტაციაში კი ის წერია, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ერთ-ერთი გადაცემის მუსიკალური გამფორმებელი – „ღამის შოუს ბენდი“ „მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა“. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ეს ბენდი „თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.“

„ბათუმელების“ ფეისბუქგვერდიდან რამდენიმე კომენტარს გაგაცნობთ.

„ყოველდღე ვუსმენთ ორსაათიან საცობში“, – წერს მოქალაქე „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტზე და ისიც ხელვაჩაურის საცობზე ამახვილებს ყურადღებას.

 

გზას მიხედეთ, თორემ ხალხს კონცერტზე მისვლა დააგვიანდება – ირონიულად შენიშნავს კიდევ ერთი მოქალაქე.

ხელვაჩაურში მცხოვრები ეს ადამიანი ცალკე პოსტით ეხმაურება წინასაახალწლო კონცერტის ამბავს ხელვაჩაურში. „გზაზე ჩემი სიმაღლე ორმოებიაო“, – წერს ის. მოქალაქე აღწერს, რომ ორმოებიანი გზის სიბნელეში გავლა უწევს, სასმელ წყლამდე მისვლა რომ შეძლოს.

გზის პრობლემას ვერავინ უარყოფს ხელვაჩაურში, ტროლებიც კი… ერთ მოქალაქეს „გამოსავალი“ უპოვია: „თვითმფრინავით მოდიანო!“

ერთ მოქალაქეს, მაგალითად, ხანძარი ახსენდება ბათუმში, რომლის ჩასაქრობადაც შესაბამისი ტექნიკა არ აქვს ქალაქს, სადაც არაერთ ცათამბჯენია.

„ღამის შოუს ბენდის“ კონცერტზე ხელვაჩაურში ზოგიერთს კასპის ბიუჯეტი ახსენდება.

ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ფეისბუქმომხმარებელს სხვადასხვა ვერსია აქვს: „ვინ ითხოვს და „ატკატები“ – წერს ერთი მოქალაქე. „ხალხს მიაწერენ ალბათ,“ – ასკვნის მეორე.

ეს ვერსია კი, უფრო გაგახალისებთ:

ადამიანები ხელვაჩაურიდან წერენ უსახლკარობის, საკვების გაძვირების პრობლემაზეც…

„მანდარინი კაი ფასში გაყიდეთ ეტყობა,“ – ხელვაჩაურელებს სეზონური პრობლემაც გაახსენეს. ზოგიერთის პოზიცია კი,  კატეგორიულია.

კომენტარები „ბათუმელების“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ ნიუსზე „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტთან დაკავშირებით

„ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი, შესყიდვის დოკუმენტაციის მიხედვით, ხელვაჩაურის მერიის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნაა. „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრს ჰკითხა, რა ფორმით გამოიკვლიეს მოსახლეობის აზრი და რატომ არ იყო ეს პროცესი საჯარო?  ხელვაჩაურის მერიაში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ჯერ ის არ მიგვიღია. 

___

ხელვაჩაურში საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი 2022 წლის 26 დეკემბერს – „ღამის შოუს ბენდის“, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება.

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან „ღამის შოუს ბენდს“, 30 000 ლარს გადაუხდიან, ხოლო 13 იანვრის კონცერტში 143 363 ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

 

ბათუმში მედიკამენტების პროგრამას დიაბეტი და ეპილეფსია დაემატა

მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის ბათუმის მერიის პროგრამაში, რომელიც ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად 200-ლარიანი დახმარების გაცემას მოიცავდა, მომავალი წლიდან 500-ით მეტი ბენეფიციარი ჩაერთვება. შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი მილიონი ლარის ნაცვლად, 1 100 00 ლარი იქნება.

გარდა ამისა, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა, რომლის მიხედვითაც ეპილეფსიის დიაგნოზისა და შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირები, შშმ პირები, ომის ვეტერანები და ასაკით პენსიონერები, 9 თვის განმავლობაში მათთვის საჭირო მედიკამენტებს აიღებენ უფასოდ.

ბათუმის მერიის ჯანმრთელობის განყოფილების უფროსი, მარინე რუხაძე ამბობს, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატება ბენეფიციარების მოთხოვნამ განაპირობა, რადგან მათ ჯანდაცვის სამინისტროს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტები მხოლოდ რამდენიმე თვეს ჰყოფნიდათ.

„ახალი კომპონენტია შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, რომელთაც სახელმწიფო წლის განმავლობაში მხოლოდ 40 ლარს ურიცხავდა. მათ ამ თანხის ფარგლებში შეეძლოთ აეღოთ შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტები, რაც არ იყო საკმარისი. ეს არის თანხა, რომელიც ძირითადად შეუძლიათ სამი თვის განმავლობაში აითვისონ და შემდეგ ისინი ამ მედიკამენტებს ვერ იღებდნენ.

ამის გათვალისწინებით, ძალიან ბევრმა მოგვმართა შაქრიან დიაბეტზე, ასევე იყო მომართვა ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებისგან, რომლებიც ძირითადად იღებენ „ლევეტირეცეტამს“. ეს საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტია, მათი წლიური ლიმიტი 300 ლარის ფარგლებშია, ანუ ეს საშუალოდ სამ თვეზეა გათვლილი“, – განმარტავს მარინე რუხაძე.

მერიაში განმარტავენ, რომ მომავალი წლიდან, შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორით დაავადებული 2200 ბენეფიციარი, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად მიიღებს შემდეგ მედიკამენტებს – „დიაბეტონ MR“, „ამარილი“ და „სიოფორი“;

მედიკამენტებს მიიღებს ეპილეფსიით დაავადებული 300 ბენეფიციარი.

„ამ ადამიანებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს „ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილია 40 ლარისწლიური ლიმიტი (რომელიც საშუალოდ სამი თვის მედიკამენებს ყოფნის), მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე დავამატეთ მედიკამენტებით უზრუნველყოფა 9 თვის განმავლობაში.

ასევე ეპილეფსიით დაავადებული 300 პაციენტი (19 წლამდე და 19 წლის ზემოთ), რომელთაც აქვთ შშმ სტატუსი, მიიღებენ ეპილეფსიის საკმაოდ ძვირადღირებულ მედიკამენტ „ლევეტირეცეტამს“, 9 თვის განმავლობაში“.

კიდევ ერთი ცვლილებაა იშვიათი პათოლოგიების მქონე ბავშვების დახმარების ნაწილში: პროგრამის კიდევ ერთი დიაგნოზი დაემატება – ჰომოცისტეინურია. შესაბამისად, მომავალი წლიდან 18 წლამდე ასაკის ჰომოცისტეინურიით, ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პირებს, საკვები დანამატების შეძენის მიზნით, 3000 ლარს გამოუყოფენ. მარინე რუხაძის განმარტებით, ბათუმში ეს კონკრეტული დიაგნოზი 15 ბავშვს აქვს.

მერიაში ამბობენ, რომ მედიკამენტებს მარტიდან შეიძენენ, ტენდერს მარტის თვეში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაატარებს და დარეზერვებულ მედიკამენტებს ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ბათუმის მერიას.

ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტთა და მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მედიკამენტებითა და ჯანმრთელობისთვის საჭირო საკვები დანამატებით უზრუნველყოფის ფარგლებში მედიკამენტები მიეწოდება ბათუმის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ:

  • ბრონქული ასთმით და ქოდის მქონე 19 წლამდე ასაკის პირებს; 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს;
  • ეპილეფსიით დაავადებულ 18 წლის ჩათვლით ასაკის პირებს; 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირს; შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს 9 თვის განმავლობაში აპრილი – დეკემბერი (300 ლარით ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით);
  • პარკინსონით დაავადებულ 0-დან 100 000 ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს;
  • ფენილკეტონურიით დაავადებულ პირებს საკვები დანამატების შეძენის მიზნით გაეწევათ მატერიალური დახმარება;
  • სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • 18 წლამდე ასაკის ჰომოცისტეინურიით, ცელიაკიით, გალაქტოზემიით და მუკოვისციდოზით დაავადებულ პირებს საკვები დანამატების შეძენის მიზნით გაეწევათ მატერიალური დახმარება;
  • შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით დაავადებულ 0-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირებს, შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს; 9 თვის განმავლობაში აპრილი – დეკემბერი; შშმ პირებსა და ასაკით პენსიონერებს (40 ლარით ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით).

რუსეთიდან შემოტანილი 20 ტონა უვარგისი კარტოფილი საბაჟოდან უკან გააბრუნეს

საქართველოში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგში“, 20 ტონა კარტოფილი, რომელიც რუსეთიდან შემოჰქონდათ, უკან გააბრუნეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილი 20 000 კგ. კარტოფილის შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საქონელი უკან, საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, გააბრუნეს.

 

წელს საქართველოში 5 მილიონი დოლარის პიროტექნიკა შემოიტანეს

2022 წელს საქართველოში 5 მილიონ 816 ათას 200 აშშ დოლარის ღირებულების პიროტექნიკა შემოიტანეს. აქედან 3 მილიონ 99 ათას 900 აშშ დოლარის მარტო ფეიერვერკია.

სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკებსა და სხვა პიროტექნიკაზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

საქართველოში იმპორტირებულ პიროტექნიკაში შედის ფეიერვერკები, სასიგნალო რაკეტები, წვიმის რაკეტები, ნისლსაწინააღმდეგო სიგნალები და სხვა ნაწარმი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2017 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სულ შემოტანილია 25,9 მილიონი აშშ დოლარის პიროტექნიკა.

სტატისტიკა წლების მიხედვით:

  • 2022 წელი [დეკემბრამდე] – 5 მლნ 816 ათასი აშშ დოლარი
  • 2021 წელი – 1 მლნ 844 ათასი აშშ დოლარი
  • 2020 წელი – 3 მლნ 554 ათასი აშშ დოლარი
  • 2019 წელი – 6 მლნ 305 ათასი აშშ დოლარი
  • 2018 წელი  – 4 მლნ 383 ათასი აშშ დოლარი
  • 2017 წელი – 4 მლნ 021 ათასი აშშ დოლარი

საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად არაერთი ადამიანი ზიანდება. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩაში მცხოვრები ცხოველებისთვის.

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით პიროტექნიკის არასრულწლოვნისთვის მიყიდვა დასჯადია. ის, ვინც არასრულწლოვანს პიროტექნიკას მიჰყიდის 100 [ფიზიკური პირის შემთხვევაში] ან 200 ლარით [იურიდიული პირის შემთხვევაში] ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმა ორმაგდება.  ამის მიუხედავად, ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია. 

_______________________

ფოტოზე: საახალწლო პიროტექნიკა. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ამავე თემაზე: 

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

 

ზელენსკი ჩავიდა ბახმუტში, ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილში – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში, ომის ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს პრეზიდენტის პრესსპიკერზე დაყრდნობით.

„ის ნამდვილად იმყოფებოდა იქ და უკვე უნდა წამოსულიყო. უსაფრთხოების დაცვის გამო კომენტარებისგან ჯერ თავს ვიკავებთ“ – აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერგეი ნიკიფოროვმა უკრაინულ მედიასთან.

მედიის ცნობით, ბახმუტში ზელენსკი უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და რამდენიმე მათგანს ჯილდო გადასცა. მისი ბახმუტში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი.

ზაფხულის ბოლოდან მოყოლებული ქალაქი ბახმუტი ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ფრონტის ხაზზე.

გომისმთაზე მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 7 პირს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ დაბა გომისმთაში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალი 7 პირს წარუდგინეს.

უწყების ცნობით, 2021 წელს ბრალდებულებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები, თითქოს 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.

„აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.

დანაშაულის ჩამდენ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინათ,“ – იუწყება პროკურატურა.

პროკურატურის ცნობით, შვიდივე ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ ჩამოერთვათ თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც სახელმწიფოს დაუბრუნდა.

დაბა გომისმთასა და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“

საქართველოში 154 ათასზე მეტი “ჟიგულია” დარეგისტრირებული – კვლევა

„საქართველოს ავტოპარკის 35% თბილისშია თავმოყრილი, დანარჩენი კი რეგიონებში“, – ამბობს „თიბისი კაპიტალის“ კვლევა, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა.

კვლევის თანახმად, თბილისზე მოდის საქართველოში ახლადდარეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილიც.

საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების ხუთეული ასე გამოიყურება – მერსედესის მარკის 166 669 მანქანაა რეგისტრირებული, ტოიოტას მარკის 156 682 მანქანა. მესამე ადგილზეა საბჭოური VAZ -ი. ამ ფირმის 154 769 მანქანაა რეგისტრირებული. მეოთხე ადგილზე ოპელის მარკის ავტომობილები [138 138] და მეხუთე ადგილზე ფორდის [92 491] მარკის.

ათეულში ასევე შედის BMW, ნისანი, ფოლკსვაგენი, ჰონდა და მიცუბიში.

რაც შეეხება ახლადდარეგისტრირებულ ავტომობილებს, ბაზრის ანალიზით ირკვევა, რომ ქართველი მომხმარებლები ახლა უპირატესობას ტოიოტას ბრენდის ავტომობილებს ანიჭებენ.

ბოლო 9 თვეში საქართველოში ტოიოტას მარკის 14 641 ავტომობილი დარეგისტრირდა, ფორდის მარკის – 9 310 და  მერსედესის მარკის 6 321 ავტომობილი. ხუთეულში შედის ოპელი [5 075] და ჰიუნდაი [3 910].

საბჭოური VAZ-ის ე.წ. „ჟიგულის“ სიაში მოხვედრას კვლევის ავტორები საქართველოს საკანონმდებლო სისტემით ხსნიან. საქართველოში დღემდე არ არსებობს ავტომობილის რეგისტრაციის გაუქმების შესაბამისი მექანიზმი.

„სამწუხაროდ, ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია, მხოლოდ ჩვენი ვარაუდი შემიძლია გაგიზიაროთ. საქართველოში ავტომობილებს რეგისტრაციიდან აქტიურად არ ხსნიან.  ჩვენი ვარაუდით, ამ 154 ათასი „ჟიგულიდან“, შესაძლოა დიდი ნაწილი არ იყოს რეალურად ექსპლუატაციაში. უბრალოდ, ფიქსირდება მათი კვლავ აქტიური სტატუსი“, – ამბობს ანდრო თვალიაშვილი, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.

მისივე თქმით, მოქალაქეებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ ძველი ავტომობილის რეგისტრაცია გააუქმონ, რადგან ამაზე გადასახადის გადახდა არ უწევთ. შესაბამისად, წლებია VAZ -ი ფორმალურად ლიდერ პოზიციაზე რჩება.

„ავტომობილზე ერთადერთი გადასახადი რაც არსებობს, არის ქონების გადასახადი, როცა ოჯახის შემოსავალი აჭარბებს 40 ათას ლარს. უკვე სავალდებულოა მოძრავი ქონების მითითებაც და ძალიან მცირე თანხაა. თუ მოქალაქის შემოსავალი არ აჭარბებს 40 ათას ლარს, რეალურად შეუძლია ჰყავდეს 100 მანქანა საკუთარ სახელზე და არანაირ გადასახადს არ გადაიხდის. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი. მოტივაცია არ აქვს არანაირი მფლობელს, რომ მის სახელზე არ ირიცხებოდეს ძველი რეგისტრირებული ავტომობილები,“ – ამბობს ანდრო თვალიაშვილი.

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის თანახმად ქართული საავტომობილო პარკი ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული, რაც საერთო ავტოპარკის 35%-ია.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვეყნის საერთო ავტოპარკის 14% იმერეთშია, 10% ქვემო ქართლში, 9% კახეთში, 7% სამეგრელოში, 8% აჭარაში, 6% შიდა ქართლში, 4% სამცხე ჯავახეთში და სხვა რეგიონებში – 8%.

ასევე, ახლადრეგისტრირებული ავტომობილების 41%-იც თბილისზე მოდის.

„ისტორიულად რომ შევადაროთ 2022 წლის 9 თვეში უკვე იმაზე მეტი ახალი ავტომობილი არის საქართველოში დარეგისტრირებული, ვიდრე მთლიანად 2019 წელს,“ – ამბობს ანდრო თვალიაშვილი, „თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი.

ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოს საავტომობილო სექტორში ახალ დარეგისტრირებულ ავტომობილებში გაზრდილია გაზზე მომუშავე მანქანების წილი.

რაც შეეხება კვლევის სხვა მიგნებებს, საქართველოში ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს წლიური მაჩვენებელი გადააჭარბებს პანდემიანდელ [2019 წლამდე] არსებულ დონეს.

რუსეთს განწყობის შეცვლის იმედი აქვს, ევროპა ისტორიული გამოწვევის წინაშეა – ომის ექსპერტი

კრემლი ახლა ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა წამგებიანია, რუსეთი ელის განწყობის ცვლილებას – ამბობს ომის ექსპერტი, პოლკოვნიკი მარკუს რაისნერი „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მარკუს რაისნერი სამხედრო ისტორიკოსია, ავსტრიის არმიის გენერალური შტაბის ოფიცერი, ვენის სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელიც მსახურობდა ბალკანეთში, ავღანეთსა და აფრიკაში.

„ზაფხულში უკრაინის არმიის შეტევა და ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლება იყო გამარჯვება ქულების მიხედვით. მაგრამ ნოკაუტი არ ყოფილა. დიახ, რუსებმა დატოვეს ტექნიკა და უკან დაიხიეს, მაგრამ რუსი ჯარისკაცების მნიშვნელოვანი რაოდენობის ტყვედ აყვანა საკმარისი არ აღმოჩნდა და ეს რუსეთში საზოგადოებას არ აფიქრებს, რომ ომი დიდი დანაკარგების ფაზაში შედის.

უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლია ინიციატივის ხელში ჩაგდება ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეზე. მაგრამ სტრატეგიულ დონეზე სიტუაცია უფრო რთულია. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება რუსეთის თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. აქ უკრაინას სჭირდება დიდი მხარდაჭერა დასავლეთისგან, რათა დაიცვას თავისი, ასე ვთქვათ, ცენტრალური ნერვული სისტემა.

და მეორე მნიშვნელოვანი გარემოება სტრატეგიულ გეგმაში არის ის, რომ რუსებმა გააცნობიერეს, რომ ომის ბედი წყდება არა ბრძოლის ველზე, არამედ დასავლეთის ქვეყნებში, საიდანაც მოდის უკრაინის დახმარება,“ – ამბობს ომის ექსპერტი.

იგი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა ელოდება განწყობის ცვლილებას როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში.

„რუსეთი ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის წამგებიანობაში, ცდილობს გაანადგუროს ევროპის ერთიანობა, ევროპაში განწყობის ცვლილების იმედი აქვს“.

მარკუს რაისნერი მიიჩნევს, რომ ახლა ომთან დაკავშირებით მხოლოდ ორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლება:

„პირველი არის მტკიცედ დგომა უკრაინის მხარეს და მისი მხარდაჭერა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ბრძოლა, თუ მას არა მარტო აშშ, არამედ ევროპაც დაუჭერს მხარს.

მეორე გამოსავალი არის ის, რომ ევროპამ გააცნობიეროს, რომ ომი მოულოდნელად დაატყდა თავს და ის არ არის მზად უკრაინის მხარდასაჭერად. და თუ სწორედ ასეთია უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე სიტუაციის გაგება, მაშინ ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული მოლაპარაკებების დასაწყებად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად.

ეს არის ორი შესაძლო გამოსავალი.

ის კი, რაც ახლა ხდება, არის გაჭიანურება, გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მიღების დაგვიანება და ეს ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან, ერთი მხრივ, არის რუსული არმია, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სტრატეგიული ინიციატივის უნარი – ეს უნდა ვაღიაროთ. რუსეთი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულა.

მეორე მხრივ, უკრაინის არმიას სამომავლოდ მუდმივი, უწყვეტი მხარდაჭერა სჭირდება. თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, ის ამ ომს ვერ მოიგებს.

ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც დახმარება საკმარისი არ არის გადასარჩენად, მაგრამ ძალიან ბევრია დასაღუპად. ეს პრობლემა ჩვენს საინფორმაციო სივრცეში არსებობს, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კარგად მიდის და უკრაინას შეუძლია თავისითაც გაუმკლავდეს [რუსეთს]. მაგრამ ეს არასწორია“.

მისი თქმით, ეს ევროპისთვის ისტორიული მომენტია:

„პრობლემა ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ 80 წელი იარსება ომის გარეშე. და მხოლოდ სირიის ომი შეეხო მას ირიბად, ვგულისხმობ ლტოლვილთა ტალღას. ახლა კი ომი ევროპის კარზეა და ყველას ეშინია, რომ ომი კონტინენტს მოიცავს – სწორედ ამ შიშს ასტიმულირებს რუსეთი.

ამას კი სხვა შიშები უკავშირდება: გამოიწვევს თუ არა ომი ეკონომიკურ კრიზისს, გამოიყენებენ თუ არა „ბინძურ ბომბს“, იქნება თუ არა საკვების მიწოდება, პირველ რიგში – მარცვლეულის, იქნება თუ არა მიგრანტების ახალი ტალღები შიმშილის გამო? და რუსეთი აქტიურად ავრცელებს ასეთ შიშებს.

ევროპის ქვეყნებში ხელმძღვანელობა კი ამას არასაკმარის ყურადღებას აქცევს. პრობლემა ისაა, რომ ევროპა ყოველთვის პოზიციონირებდა, როგორც მშვიდობიანი ობიექტი. იგი გაფართოვდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხარჯზე, რომლებსაც სურდათ მასში გაწევრიანება.

ახლა კი დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ არსებობს ძალა, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ევროპის გაფართოება. რუსეთი აკეთებს იმას, რაც ბოლო დრომდე შეუძლებელი იყო. ახლა დგება სიმართლის მომენტი: შეუძლია თუ არა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ დემოკრატიულ გაერთიანებას თავისი თანამოაზრეების დაცვა?

რუსეთი ამას ცხადად ხვდება და სწორედ ამაზე დებს ფსონს – იგი მიიჩნევს ჩვენს საზოგადოებას დეკადენტურად, დაცემულად და თავდაცვის უუნაროდ. ევროპას ჯერ არ გაუცნობიერებია, რა ისტორიული გამოწვევის წინაშე დგას,“ – ამბობს ომის ექსპერტი.

_______________

ფოტოზე: მარკუს რაისნერი. კადრი ვიდეომასალიდან.

„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“ – ISW ყოველდღიური ანგარიში

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის დღევანდელ ანგარიშში იმის შესახებ წერს, ჩაერთვება თუ არა უკრაინის ომში ბელარუსი.

ინსტიტუტის ექსპერტების მოსაზრებით,  უშედეგოდ დასრულდა ვლადიმერ პუტინის მცდელობა, გააღრმაოს რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო ინტეგრაცია. თუმცა მინსკში გამართულ შეხვედრაზე ორმა დიქტატორმა სამხედრო სფეროში მეტი თანამშრომლობა დააანონსა. კერძოდ:

  • პუტინმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ბელარუსული მფრინავების წვრთნები „სპეციალური რაკეტების“ გამოყენებაში, მოკავშირე სახელმწიფოს საზღვარზე არსებული ვითარების გამო;
  • ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი ბელარუსს მოამარაგებს „C-400“-ის და „ისკანდერის“ საჰაერო თავდაცვის კომპლექსებით.

მიუხედავად ამისა, ინსტიტუტში ამბობენ, რომ ბელარუსის ომში ჩართვა ნაკლებსავარაუდოა. მათი თქმით, ამაზე ლუკაშენკოს რიტორიკაც მიუთითებს.

„ლუკაშენკო იყენებს ნატოსგან ბელარუსის საზღვრების დაცვის რიტორიკას, რათა თავიდან აიცილოს უკრაინაში შეჭრა“, – წერენ ანგარიშის ავტორები.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი არ წასულა მინსკში ბელარუსის ომში ჩასართავად და დაამატა, რომ ასეთი სპეკულაციები „უსაფუძვლო და სულელურია“.

ინსტიტუტში, თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ პესკოვი ამ უარყოფით ცდილობს დამალოს პუტინის „სასოწარკვეთილი და ყოველ ჯერზე წარუმატებელი მცდელობა, დაარწმუნოს ლუკაშენკო ომში ჩართვაზე“.

„უკრაინელებმა იციან კამიკაძე-დრონებისგან თავდაცვა“

ანგარიშის თანახმად, უკრაინულმა მხარემ რუსეთის გუშინდელი დრონებით დაბომბვისას ირანული წარმოების 30 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდო.

ოლექსი დანილოვის, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, რუსეთს დარჩა რაკეტები სამი ან ოთხი ასეთი დაბომბვისთვის, შემდეგ კი მოსკოვს მეტის ყიდვა მოუწევს თეირანისგან. თუმცა დანილოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა იციან „კამიკაძე-დრონებისგან“ თავდაცვა.

რუსმა ბლოგერებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, სამხედროები უმნიშვნელო მიზნებზე იერიშის მიტანისთვის გააკრიტიკეს.

„რუსეთს ქალაქებისა და ოლქების დათმობაც კი მოუწევს“

იგორ სტრელკოვი [ნამდვილი გვარი – გირკინი], რომელიც 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა და იქამდე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში [ფსბ] მუშაობდა, აგრძელებს სამხედრო ხელმძღვანელობის კრიტიკას.

კერძოდ, მან წარადგინა რუსი მოხალისის პესიმისტური პროგნოზი ომთან დაკავშირებით:

„რუსულ ძალებს მოუწევთ, დათმონ უფრო და უფრო მეტი ქალაქები და მთელი ოლქებიც კი, რადგანაც ვერ მოახერხებენ შესაძლო კონტრიერიშისგან თავი დაიცვან“.

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ შეფასებით, ის ფაქტი, რომ სტრელკოვმა ეს პროგნოზი გააჟღერა, მიანიშნებს, რომ იგი მას თავადაც შეიძლება ეთანხმებოდეს.

უთანხმოება საოკუპაციო რეჟიმებში

„გადამზიდავთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ანატოლი ცურკინმა საჯაროდ მიმართა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერს, დენის პუშილინს და სთხოვა, ეგრეთ წოდებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე „სამხედრო, ადმინისტრაციული, სამართალდამცავი და ბიუროკრატიული ორგანოების… უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებს“ რამე მოუხერხოს.

ცურკინის თქმით, სატრანსპორტო ჰაბში, რომელიც ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს (ქერჩის ხიდის დაზიანების შემდეგ), „სამართალდამცავები“ უმიზეზოდ აკავებენ მანქანებს მათი უკანონო კონფისკაციისთვის.

ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ ცურკინის მიმართვა ნაწილობრივ გამოძახილია ზეწოლისა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებისგან ყირიმთან ალტერნატიული ლოგისტიკური გზის გამონახვას ითხოვს. ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიმართვა აჩვენებს დაპირისპირებას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკასა“ და სხვა პრორუსულ ელემენტებს შორის.

ბათუმში გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20 დეკემბრის 21 საათიდან 21 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და მთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 12 – 17 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 22-23 დეკემბერს ბათუმში და მთელს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად, ბათუმში უნალექო ამინდი 26 დეკემბრამდე შენარჩუნდება.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

რატომ შეხვდა პუტინი თავის გენერლებს კამერების თანდასწრებით – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

გაერთიანებული სამეფოს 20 დეკემბრის დაზვერვის ანგარიში, „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაერთიანებულ შტაბში“ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს მიმოიხილავს.

როგორც დაზვერვა ანგარიშში ასკვნის, თავის გენერლებთან ამ შეხვედრას რამდენიმე მიზანი ჰქონდა, მათ შორის ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პუტინს თავიდან ააცილონ პასუხისმგებლობა უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობაზე, სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელსა და მობილიზაციაზე საზოგადოებაში მზარდ უკმაყოფილებაზე.

შეხვედრა 16 დეკემბერს შედგა და მისი ამსახველი ვიდეოკადრები ფართოდ გავრცელდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში.

რუსეთის პრეზიდენტი გადაიღეს რამდენიმე მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, მათ შორის გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვს და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად.

პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარდგენა სთხოვა მაღალჩინოსნებს, რითაც, ბრიტანული დაზვერვის ვარაუდით, შეეცადა ეჩვენებინა კოლექტიური პასუხისმგებლობა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსული ძალების ჯგუფის მეთაური, გენერალი სერგეი სუროვიკინი ერთ-ერთი იყო, ვინც საკუთარი მოხსენება წარადგინა.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ბოლო ანგარიშში მიუთითებს, რომ პუტინისგან პასუხისმგებლობის გადატანის, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებზე გადანაწილების გარდა, კადრები, რომლებიც შეხვედრიდან გავრცელდა, სავარაუდოდ ასევე მიზნად ისახავდა გენერალ გერასიმოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სოციალურ მედიაში გავრცელებული ჭორების გაქარწყლებას.

___

ხულოში წუხელ ღამით გათოვდა – ფოტო

ხულოს რამდენიმე სოფელში წუხელ ღამით გათოვდა.

„ღამის 2 საათიდან დაიწყო თოვა. ეს პირველი თოვაა წელს ჩვენ სოფელში“, – გვითხრა გულნარა გელაძემ, ხულოს სოფელ ბეღლეთიდან. „ძლიერი თოვა არ ყოფილა და შეფერხებებიც არ გამოუწვევია“, – ამბობს ის.

დღეს დილიდან თოვა შეწყდა.

 

ხულო, სოფელი ბეღლეთი
ხულო, სოფელი ბეღლეთი

ახალი მონაცემები რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 99 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +430]
  • ტანკი – 2 995 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 5 974 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 1 960 ერთეული [+7]
  • MLRS – 410 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 212 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 266 ერთეული [+2]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 680 ერთეული [+23]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 599 ერთეული [+7]
  • სპეცტექნიკა – 177 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 20 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 347 თვითმფრინავი
  • 186 ვერტმფრენი
  • 2 689 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 168 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 693 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 674 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რატომ შეხვდა პუტინი თავის გენერლებს კამერების თანდასწრებით – ბრიტანეთის დაზვერვის შეფასება

ამავე თემაზე:

როგორ იმართება ბირთვული ღილაკი: ქიმიური იარაღი და უკრაინის ომი – ინტერვიუ გერმანელ დოქტორთან

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი კირთაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოში 2022 წლის 19 დეკემბერს, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გიორგი კირთაძის მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“ – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განცხადება 19 დეკემბერს, გვიან ღამით გაავრცელა.

გიორგი კირთაძეს თავს გუშინ, 19 დეკემბერს, დაესხნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გიორგი კირთაძე ტელეკომპანია “ფორმულას” პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვებს პასუხობდა.

ამავე თემაზე:

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

ხალხი ტანკებს არ ჭამს: რუსეთის ეკონომიკის პროგნოზი – BBC

გამოცემა BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს რუსეთის ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე. რუსეთში სანქციები ამოქმედების, მობილიზაციის გამოცხადების და ხალხის მასობრივი გადინების ფონზე BBC შეეცადა გაერკვია რა ელის რუსეთის ეკონომიკას 2023 წელს.

თავად რუსეთის ეკონომიკის კვლევის ცენტრის დირექტორის, ოლეგ ბუკლემიშევის თქმით, ეკონომიკაზე ცუდად აისახება იანვრის მობილიზაციის დიდი შიში. ეკონომისტის თქმით, რუსეთში შიშობენ, რომ იანვრიდან სამხედრო მობილიზაციის მეორე ტალღა დაიწყება. თუმცა საჯაროდ კრემლი და სხვა რუსი ჩინოვნიკები ამას უარყოფენ.

კვლევითი ცენტრის დირექტორი გამოცემასთან ამბობს, რომ მობილიზაციაზე ჭორებიც კი დამაზიანებელია ეკონომიკისთვის და ძირს უთხრის მომხმარებლის ნდობას ბიზნესის მიმართ, შედეგად კი მომხმარებლები ხარჯავენ ნაკლებ ფინანსურ რესურსს, ბიზნესს კი თანხის ინვესტირების ეშინია, რომელიც განვითარებაში უნდა დააბანდოს.

ეკონომიკის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი განმარტავს, რომ ინფლაცია რუსეთში ნოემბრის ბოლისთვის 12 % იყო. საცალო ვაჭრობის ბრუნვა კი 10%-ით შემცირდა წლის განმავლობაში.

ზოგიერთი ბიზნესის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა რუსეთში, მაგალითად ხალხი ნაკლებად ყიდულობს უძრავ ქონებას, ბინებს, მცირდება საავტომობილო ბაზარიც.

რუსები ნაკლებად დადიან საყიდლებზე, ვიდრე ომამდე დადიოდნენ, თუმცა მობილიზაციამდეც მათი ხარჯები მკვეთრად შემცირდა.

BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში Loko-Invest-ის საინვესტიციო დირექტორი, დიმიტრი პოლევოი ადასტურებს, რომ რუსეთში შემცირდა სამომხმარებლო აქტივობები, შემცირდა მოთხოვნა იპოთეკურ სესხებზე და გაუარესდა ბიზნესის განწყობა.

BBC წერს, რომ მიუხედავად ზემოთმოყვანილი შეფასებებისა, გასათვალისწინებელია, რომ სტატისტიკური მონაცემების ბაზები რუსეთში თანდათან იხურება. შესაბამისად, გამოცემისავე შეფასებით სრული სურათი ჯერ არ ჩანს და ეკონომისტებიც ამ დასკვნებს მხოლოდ მათ ხელთ არსებული, ფრაგმენტული მონაცემების საფუძველზე აკეთებენ.

„საერთო ტენდენცია ასეთია – ეს ხანგრძლივი და შეუქცევადი დაცემის დასაწყისია“, – ასე აღწერს რუსეთის ეკონომიკის ახლანდელ მდგომარეობას BBC-თან ეკონომისტი რუბენ ენიკოლოპოვი.

„რუსი ჩინოვნიკები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022-2023 წლებში მკვეთრად გაუარესდება“ – წერს BBC.

სანქცირებული ალფა ბანკის ეკონომისტების შეფასებით კი, რუსეთის ეკონომიკა 2023 წლისთვის 6,5 %-ით დაეცემა.

ამავე ბანკის ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი ომისა და სამხედრო მობილიზაციის გამო უკვე დატოვა ქვეყანა მთელი სამუშაო ძალის 1,5 პროცენტმა, ძირითადად საშუალო ფენამ.

გამოცემის შეფასებით, ქვეყნიდან წასულმა რუსებმა გაიტანეს რუსეთიდან ფულიც: თუ 2022 წლის დასაწყისამდე რუსები უცხოურ ბანკებში დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს ინახავდნენ, 2022 წლის სექტემბერში ეს თანხა 66 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი.

„საქონლის იმპორტის შეზღუდვისა და დასავლური კომპანიების გაყვანის პირობებში, ბიზნესინვესტიციები და ექსპორტი შემცირდება – ეს ყველაფერი კი ერთად ღრმა რეცესიას გამოიწვევს“, – წერს BBC ეკონომისტების შეფასებებზე დაყრდნობით.

რუსეთის ცენტრალური ბანკი წელს ქვეყნის ეკონომიკის 2,9%-ით და მომავალ წელს 2,4%-ით დაცემას ელის.

ეკონომისტი პოლევოი ყურადღებას ამახვილებს კომპანიებზე. მისი ინფორმაციით, სექტემბერში კორპორაციული მოგებების შემცირებამ, რაც ზაფხულში დაიწყო, 730 მილიარდ რუბლს მიაღწია. ასეთ პირობებში კი, მისი გათვლით საეჭვოა, რომ კომპანიებმა რუსეთში განვითარებისთვის რესურსი გაიღონ ან ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი სამომავლო პროექტები დაგეგმონ.

ბიზნესისგან ეკონომიკის მხარდაჭერას არც Bloomberg Economics-ის ეკონომისტი ალექსანდრ ისაკოვი ელის. ის დარწმუნებულია, რომ დასავლური კომპანიების ახალი მფლობელები არ დააბანდებენ დიდ თანხებს განვითარებისთვის მხოლოდ იმ იმედით, რომ ამ კომპანიებს წინა მფლობელები სრულად არ ტოვებენ და შესაძლოა რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდნენ კიდეც.

Bloomberg Economics-ის ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ვარდნა 2022 წელს რუსეთში 2,6% იქნება, მომავალ წელს 1,5%.

BBC-ის შეფასებით, ომის მიმდინარეობისას რუსეთის სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში დიდია და კვლავ იზრდება.

გასულ კვირას მაგალითად რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა მესამე კვარტალში მშპ-ს 3.7%-იანი ვარდნის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, მაგრამ დაწინაურდა ზოგიერთი სექტორი: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა და ყველაფერი, რაც სახელმწიფო ადმინისტრაციასთან, სამხედრო უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.

ბიუჯეტი, რომელიც სულ უფრო და უფრო მეტად ასაიდუმლოებენ, ითვალისწინებს მნიშვნელოვან ხარჯებს უშიშროების სხვადასხვა ძალაზე – ჯარზე, პოლიციაზე, ეროვნულ გვარდიაზე და სხვა.

ცუდია თუ კარგი ეს ეკონომიკისთვის? ამაზე ეკონომისტებს საერთო აზრი არ აქვთ.

„მშპ ნამდვილად უჭერს მხარს სამხედრო სექტორს და მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ ხალხი ტანკებს არ ჭამს“, – ასე აღწერს მდგომარეობას ეკონომისტი ენიკოპოლოვი.

კრიზისის ფონზე ხალხი ნაკლებ ფულს ხარჯავს, ბიზნესი ინვესტიციას არ ეწევა, სახელმწიფო მზადაა დახარჯოს ბიუჯეტიდან რესურსი, მაგრამ ეს ხარჯები სპეციფიკურია: სამხედრო ტექნიკის წარმოება და უშიშროების ძალები, რაც ეკონომიკას არ აუმჯობესებს, არ აუმჯობესებს არც ადამიანების ცხოვრებას – წერს BBC.

გამოცემის შეფასებით, სანქციები რუსეთის ტექნოლოგიურ ჩამორჩენის მიზეზიც გახდება: ქვეყანაში უახლესი ტექნოლოგიების შემოტანა გართულდება, მაგრამ  გაურკვეველია სერიოზულად იმოქმედებს თუ არა სანქციები ეკონომიკური ზრდის ტემპზე.

„მომდევნო ორი წლის კრიზისი, ეკონომისტების აზრით, რუსეთის ეკონომიკას ხუთი ან 10 წლით უკან დახევს“, – წერს გამოცემა.

საიას შეფასება კირთაძის წინააღმდეგ თავდასხმაზე – შსს-მ გამოძიება არ დაიწყო 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, რა რეაგირება მოჰყვა გიორგი კირთაძეზე თავდასხმის ფაქტს. დაიწყო თუ არ გამოძიება, როცა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს და ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ქუჩაში, კამერების წინ თავს დაესხნენ? – კითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში არ პასუხობენ.

გიორგი კირთაძეს დღეს, 19 დეკემბერს დაესხნენ თავს. შემთხვევიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ იგი აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ის შენობიდან ჯერ არ გამოსულა.

„ეს არის პრაქტიკა, რასაც კანონი არ სცნობს, როცა გამოძიება არ დაუწყიათ და ისე იბარებენ ადამიანს გამოკითხვაზე. გამოძიება უნდა დაწყებულიყო და გამოძიებამ უნდა დაადგინოს ფაქტები… შსს კანონს არღვევს, როცა ფაქტზე გამოძიება არ იწყება, ეს არის არაეფექტური და არასათანადო გამოძიება,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

იურისტი ყურადღებას ამახვილებს გამოძიების დროულად დაწყებაზე, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირი შესაძლოა მიიმალოს. საია-ს იურისტის დაკვირვებით, თავდასხმის შემთხვევა ფიზიკური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.

„შესაძლო, სხვა შემადგენლობა დადგინდეს გამოძიების შედეგად. შესაძლოა დადგინდეს ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღევა, რადგან იქ გვესმოდა შეურაცხყოფაც,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე „ბათუმელებთან“.

კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს თავს დაესხა

საია-ს იურისტის თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად, საგამოძიებო ორგანო გამოძიებას არც კი იწყებს.

„ეს არის სისტემური პრობლემა, რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა სახალხო დამცველსაც ჰქონდა რეკომენდაცია, დაწყებულიყო გამოძიება, რადგან არსებობდა კონკრეტული მუხლები დანაშაულის შემადგენლობა. შსს-ს არ აქვს უფლება, რომ გამოძიება არ დაიწყოს, როცა არსებობს სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.

___

მთავარი ფოტო: კაცი, რომელიც გიორგი კირთაძეს კამერების თანდასწრებით თავს დაესხა და სავარაუდოდ მიიმალა

„ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა“ – კონკურსი, რომელშიც ციხისძირელმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს

„მედიის განვითარების ფონდის“ კონკურსის – „ყველაზე მედიაწიგნიერი სკოლა 2022“ გამარჯვებული აჭარიდან სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლის გუნდი „ოპიზა“ გახდა.

„ოპიზამ“ მეორე ადგილი დაიკავა ამ კონკურსში. 

მოსწავლეთა გუნდის მიზანია ხელი შეუწყონ მედიაწიგნიერების პოპულარიზაციას და მათი პროექტის დახმარებით მოსწავლეებმა ყალბი და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა შეძლონ.

გუნდი ხუთი წევრისგან შედგება. „ბათუმელები“ რამდენიმე მათგანს ესაუბრა.

„ოპიზას“ ერთ-ერთი წევრია მეათეკლასელი ნინა ბერიძე. მისი აზრით, დღეს მწვავე პრობლემა ყალბი და რეალური ინფორმაციის ამოცნობაა, რომელიც ბევრ ადამიანს უჭირს.

„აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა იდეა, რომ მოგვეძებნა ამ პრობლემის გადაჭრის გზები.

დალი მასწავლებელთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი და ჩამოვწერეთ აქტივობები, რომლებიც არ იყო დამღლელი ბავშვებისთვის და უფრო მოსახერხებელიც იყო“, – გვიყვება ნინა.

მისი თქმით, როცა რაიმე ინფორმაციის გადამოწმება სურს, ცდილობს ინფორმაცია იმ წყაროებთან გადაამოწმოს, რომლებსაც ენდობა საზოგადოება.

„თუ ეს ინფორმაცია ემთხვევა იმ ინფორმაციას, რაც ჩემთვის სანდო წყაროს მიერაა გავრცელებული, მაშინ ვრწმუნდები, რომ ინფორმაცია ყალბი არ არის.

თუ სამეცნიერო ინფორმაციის გადამოწმება მსურს, უფრო მეტად ვენდობი ინგლისურენოვან ვიკიპედიას, თუ ჯანდაცვის საკითხია, ოფიციალურ ვებგვერდებზე ვამოწმებ ხოლმე“, – გვითხრა ნინამ და პანდემიის წლები გაიხსენა, როცა ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი ინფორმაცია ირეოდა სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ უცნობ ვირუსთან დაკავშირებით.

„იგივე ვაქცინებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ვაქცინა ადამიანებს კი არ იცავდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლეს და ბევრს სჯეროდა ამის.

BBC-ზე ვკითხულობდი ხოლმე ვაქცინებზე ინფორმაციას და ეს იყო პირადად ჩემთვის სანდო ინფორმაცია.“

მისი დაკვირვებით, სოციალურ ქსელებში ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ცნობილი პირების ფოტოები გაყალბებული წარწერებით.

„ერთ-ერთი ცნობილი პიროვნების ფოტო გავრცელდა, უფრო სწორად, კადრი იყო ამოჭრილი სატელევიზიო გადაცემიდან და გამოტანილი იყო რაღაც ფრაზა, რის გამოც ამ ადამიანს ლანძღავდნენ ფეისბუქში.

ჩვენ მოვძებნეთ ეს გადაცემა და როცა გადავამოწმეთ, აღმოჩნდა, რომ ფოტოზე მიწერილი ფრაზა გაყალბებული იყო. ამ მეთოდით ვცდილობთ ხოლმე ვიდეოების გადამოწმებას“, – გვეუბნება ნინა.

მისი თქმით, გუნდის წევრები ასევე აქტიურად ცდილობენ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობას.

„ახალგაზრდებიც ძალიან ბევრ ცრუ ინფორმაციას იჯერებენ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვასწავლოთ ბავშვებს ყალბი ამბების ამოცნობა და ამაში ძალიან გვეხმარება არაფორმალური განათლება.“

დავით რომანაძეც „ოპიზას“ წევრია და ისიც მეათეკლასელია.

ყალბი ინფორმაციის გადამოწმებაზე საუბრისას, ნინის მსგავსად, ისიც პანდემიის პერიოდს იხსენებს, როცა ადამიანებს ყალბი ინფორმაციის ნაკადში უწევდათ სიმართლის გარკვევა.

„ამ დროს ყველაზე მეტად ჯანმოს ვენდობოდით და  შემდეგ NCDC-ის გვერდზე ვამოწმებდით ინფორმაციას.

ასევე, ანტივაქსერების რიცხვი იყო ძალიან მაღალი ქვეყანაში, რადგან ადამიანები ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი იყვნენ. ამაზეც გვქონდა დებატები სკოლაში, რომელ წყაროებს უნდა დავყრდნობოდით სინამდვილის გასაგებად და იყო თუ არა ნამდვილად სახიფათო ვაქცინა“, – გვეუბნება დავითი.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, დავითი ამბობს, რომ  Youtube – ზე ხშირად უყურებს რუსულენოვან არხებს, სადაც კარგად ჩანს რუსული პროპაგანდის მასშტაბი.

„უკრაინის ომმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რამდენად ძლიერად მუშაობს რუსული პროპაგანდა და ყალბი ამბები.

„რაშა თუდეიზე“ ვრცელდებოდა, მაგალითად, ინფორმაცია, რომ „სპუტნიკი“ იყო კარგი ვაქცინა და აიცერითო, ხოლო თავის უცხოენოვან არხზე კი ამბობდნენ, რომ ვაქცინა ცუდია და სხვადასხვა დაავადებას იწვევსო. ორი განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა ერთმა და იმავე მედიამ ორ სხვადასხვა ენაზე.

ასე, რომ ვცდილობთ ვისწავლოთ ყალბი ინფორმაციის ამოცნობა და ჩვენს თანატოლებსაც დავეხმაროთ  პროპაგანდის და ყალბი ინფორმაციის ამოცნობაში“, – გვეუბნება დავითი.

„ოპიზას“ ხელმძღვანელი დაწყებითი განათლების მენტორი მასწავლებელი დალი თურმანიძეა. მისი თქმით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ყალბი და რეალური ინფორმაციის გამიჯვნა შეეძლოთ.

„შარშან ამ დროს, დეკემბერში, ათი რეგიონი იყო დასახელებული მედიაწიგნიერების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით და იმ ათ რეგიონს შორის აჭარიდან დასახელდა ჩვენი სკოლა.

საჭიროება არსებობს, რადგან ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ინტერნეტში, მიდის დისკუსიები, დებატები და შემდეგ ვიგებთ, რომ ამბავი არარეალურია.

სკოლაშიც იყო შემთხვევა, როცა დებატკლუბში თამაშის დროს არასწორი ინფორმაცია მოიტანეს ბავშვებმა და შემდეგ ამაზეც გაიმართა ცალკე დებატები, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ ტყუილი და რეალური ფაქტები.

ამიტომ მოსწავლეებმა ინფორმაციის მოძიების პროცესში უნდა იცოდნენ, რომელი წყარო გამოიყენონ და რომელი – არა. ყალბის და რეალურის ამოცნობა რომ იცოდნენ ბავშვებმა, ამიტომ არის მედიაწიგნიერების პოპულარიზაცია საჭირო,“ – ამბობს მასწავლებელი.

პედაგოგის თქმით, მედიაწიგნიერების შესახებ პროექტები შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, მიიღონ სანდო წყაროების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ, ინფორმაციის გადამოწმების დროს, ეს წყაროები გამოიყენონ მოსწავლეებმაც.

პროექტს „ყველაზე წიგნიერი სკოლა“ ახორციელებს „მედიის განვითარების ფონდი“  (MDF) The Critical Mass LLC-თან (TCM) თანამშრომლობითა და ნატოს სახალხო დიპლომატიის ოფისის (NATO in Georgia) თანადაფინანსებით.

________________

მთავარი ფოტო: გუნდი „ოპიზა“: დავით რომანაძე, ნინა ბერიძე, ანანი ხინკილაძე, ლანა დიასამიძე და ნიკა შავაძე.

კაცის უკანონო დაკავებისთვის შსს მხოლოდ 100 ლარით დააჯარიმეს

მოქალაქე ირაკლი კიკილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში საქმე მოუგო შს სამინისტროს და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციულ დაკავება ქუჩაში უკანონო იყო. სასამართლომ შსს-ს კომპენსაციის სახით მხოლოდ 100 ლარის გადახდა დააკისრა, ანუ მინიმალური ოდენობა. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მოქალაქემ ამჯერად საკონსტიტუციოს მიმართა.

ირაკლი კიკილაშვილი აქტივისტია. ის 2016 წლის 5 ნოემბერს ღამის საათებში პოლიციამ ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩერა, მაგრამ მოქალაქემ პოლიციელებს ამის საშუალება არ მისცა და შემოწმების საფუძვლის განმარტება ითხოვა. პოლიციელებმა მოქალაქე იქვე დააკავეს განმარტების ნაცვლად, ოქმში კი ჩაწერეს, რომ დაუმორჩილებლობა დაფიქსირდა. პოლიციელებმა დაკავებული კაცი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს და იქ 13 საათი გააჩერეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა დასტურდება, რომ პოლიცია მოქალაქეებს ადმინისტრაციული წესით უკანონოდ აკავებს. მაგალითად, მოქალაქე თამარ კურატიშვილმა 2021 წლის 19 ნოემბერს მოუგო შსს-ს სასამართლო დავა და დაადასტურა, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავებაც უკანონო იყო – აქტივისტი თამარ კურატიშვილი აქციის დროს სუს-თან ვიდეოს იღებდა. ის 43 საათი გააჩერეს წინასწარი დაკავების იზოლატორში მაშინ, როცა მისი მცირეწლოვანი შვილი გარეთ მარტო დარჩა. უკანონოდ დაკავებულს ასევე 5 საათი არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების საშუალება.

შსს-ს წინააღმდეგ მორალური კომპენსაციის მიღებას ცდილობს თამარ კურატიშვილიც. მან შესაბამისი სარჩელით უკვე მიმართ სასამართლოს, თუმცა სასამართლოს ჯერ ამ სარჩელის განხილვა არ დაუწყია.

უკანონო დაკავების პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, როცა ადმინისტრაციული დაკავების ვადა პარლამენტმა გაახანგრძლივა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, დაკავებული პოლიციამ შესაძლოა 48 საათი გააჩეროს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

„დემონსტრანტების წინააღმდეგ“ ცვლილებები კანონმდებლობაში ნახეთ აქ.

„ირაკლი კიკილაშვილის საქმე“ კი აჩვენებს კიდევ ერთ პრობლემას, რასაც კანონმდებლები არ იმჩნევენ  – შესაძლოა, 48 საათი გაგაჩერონ იზოლატორში მაქსიმალური დროით და შემდეგ მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტოს. თუმცა იგივე საქმეზე მოსამართლე ვერ იმსჯელებს, იყო თუ არა დაკავება უკანონო.

„…მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი კიკილაშვილი გამართლდა, იმავე სასამართლომ არ იმსჯელა, იყო თუ არა კანონიერი მისი დაკავება და იზოლატორში მოთავსება. სამწუხაროდ, არსებული კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, სამართალდარღვევის განმხილველმა მოსამართლემ შეამოწმოს პირის დაკავების კანონიერების საკითხიც. ამიტომ, ირაკლის მოუწია ახალი დავის დაწყება საპატრულო პოლიციის წინააღმდეგ. ეს დავა სასამართლოში 5 წელი განიხილებოდა და საბოლოოდ, 2021 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა,“ – აღნიშნავს საია, რომელიც ირაკლი კიკილაშვილის ინტერესებს იცავდა სასამართლოში.

ხუთწლიანი დავის შემდეგ მოსამართლემ მოქალაქეს დაუდასტურა უკანონო დაკავებაც, თუმცა მოთხოვნილი 3 ათასი ლარის ნაცვლად, მორალური ზიანის ოდენობად 100 ლარი განსაზღვრა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ პოლიციისთვის დაკისრებული 100 ლარის ანაზღაურება არ შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, მათ შორის, კონსტიტუციის მე-13 მუხლის ჩანაწერს: „უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება“.

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი: „არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუდასტურებია, რომ მოსარჩელე რამდენიმე საათი იყო უკანონოდ დაკავებული, „რა დროსაც შეიზღუდა მისი თავისუფალი მიმოსვლის უფლება, „შეილახა პირის ღირსება“, – დასძენს მოსამართლე, რომელმაც განსაზღვრა, რომ მორალური ზიანი ამ შემთხვევაში მხოლოდ 100 ლარი უნდა იყოს.

„…ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ,“ – ჩაუწერია გადაწყვეტილებაში მოსამართლეს.

მოსარჩელე მიუთითეს ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც. სტრასბურგის სასამართლო აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სასამართლოებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კონკრეტული ქვეყნის „ცხოვრების დონეს“.

„ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ რთულია პატიმრობის დროს განცდილი ფიზიკური და სულიერი ზიანის ოდენობის შეფასება. არ არსებობს არავითარი სტანდარტი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ტკივილის, ტანჯვის, ფიზიკური დისკომფორტის, ფსიქოლოგიური შფოთის და ტანჯვის ფულში გამოსახვა…

ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ამ საქმეში ქვეყნის შიდა სასამართლოები შეეცადნენ, კეთილსინდისიერად, მათი შესაძლებლობის ფარგლებში, შეეფასებინათ მომჩივანების მიერ, უკანონო პატიმრობის გამო, განცდილი ტანჯვის, შფოთის, დარდის ან სხვა უარყოფითი შედეგების მასშტაბები. ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ამგვარი შეფასება უნდა ჩატარდეს ქვეყნის შიდა კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე. შიდა სასამართლოებმა მხედველობაში უნდა მიიღონ ქვეყანაში არსებული ცხოვრების დონე და ამის გამო, შესაძლებელია გადასახდელი კომპენსაციის ოდენობა ევროპული სასამართლოს მიერ მსგავს შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდეს,“ – ევროსასამართლოს ეს მიდგომაა განხილული მოქალაქის სარჩელში, რომლის განხილვაც ჯერ საკონსტიტუციოს მოსამართლეებს არ დაუწყიათ.

მთავარი ფოტო: ირაკლი კიკილაშვილი, აქტივისტი

კონცერტი 30 000 ლარად – ვინ ითხოვს „ღამის შოუს ბენდს“ ხელვაჩაურში?!

ხელვაჩაურში საახალწლო დღეებში ორი კონცერტია დაგეგმილი: 2022 წლის 26 დეკემბერს – „ღამის შოუს ბენდის“, ხოლო 2023 წლის 13 იანვარს, კონცერტი საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება. კონცერტებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჯამში, მინიმუმ 173 363 ლარი დაიხარჯება.

ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან „ღამის შოუს ბენდს“, 30 000 ლარს გადაუხდიან, ხოლო, 13 იანვრის კონცერტში 143 363 ლარი დაიხარჯება.

ყველა შესაბამის მომსახურებას მუნიციპალიტეტის მერია ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით შეისყიდის.

იანვრის კონცერტთან დაკავშირებით მერიას გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა უკვე მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან [ამ შემთხვევაში ხელვაჩაურის მერიას ხელშეკრულება შპს „კონსიერჟ თბილისთან“ აქვს გაფორმებული], „ღამის შოუს ბენდთან“ დაკავშირებით განაცხადის განხილვა კი, ხვალ, 20 დეკემბერსაა ჩანიშნული.

რატომ „ღამის შოუს ბენდი“?

ხელვაჩაურის მერიის განაცხადის მიხედვით, „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი „დაგეგმილი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში“ გაიმართება.

ამასთან, „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტი [როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქედაში, ოღონდ არასაახალწლოდ], ხელვაჩაურის მერიის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნაა.

„2022 წლის 26 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია გასართობი ღონისძიების ჩატარება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მოთხოვნით შერჩეული იქნა პოპულარული ჯგუფი „ღამის შოუს ბენდი“, რომელიც თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში მაღალი რეიტინგით, დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს.“

იგივეა აღნიშნული ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის სახელზე, განათლების და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელისგან გაგზავნილი მოხსენებით ბარათშიც, სადაც ხაზგასმულია, რომ „ბენდის“ მოწვევის მიზანი – საახალწლო ღონისძიებების მაღალორგანიზებულად ჩატარებაც არის:

მერია „ბენდისგან“ 2-საათიანი პროგრამის შესყიდვას გეგმავდა, თუმცა, „ღამის შოუს ბენდი“ თანახმაა ხელვაჩაურში საათ-ნახევრიანი კონცერტი გამართოს – 30 ათას ლარად. ეს თანხა თავად „ბენდმა“ მოითხოვა. მერია კი, ცალკე უზრუნველყოფს საჭირო სცენას, განათებას და გახმოვანებას, რაც ამ თანხაში არ შედის.

2 საახალწლო კონცერტი ხელვაჩაურში?

2023 წლის 13 იანვარს კონცერტი ხელვაჩაურში, საქართველოს მთავრობის დავალებით ჩატარდება და, ვინაიდან მთავრობის დადგენილება 29 ნოემბერს გამოიცა, ტენდერის ჩატარება დროში ვერ ხერხდებოდა – აღნიშნულია მერიის კიდევ ერთ განაცხადში.

„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას ჰკითხა – იყო თუ არა დაგეგმილი საახალწლო კონცერტი და შესაბამისად გათვალისწინებული თანხა? თუ დაგეგმილი იყო – რატომ არ გამოცხადდა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე? რატომ ტარდება 2 საახალწლო კონცერტი?

მერიას ისიც ვკითხეთ, სად ნახეს 143 363 ლარი, რომელიც მთავრობის დავალების შესასრულებლად უნდა დაიხარჯოს? [განაცხადის მიხედვით, „მიმდინარე წლის 5 დეკემბერს შევიდა ცვლილება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოიყო თანხა 143 364 ლარის ოდენობით“].

ხელვაჩაურის მერიის პასუხებს პრესსამსახურისგან ველოდებით და მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

„ღონისძიება ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაული არის წლის მთავარი მოვლენა, ყველაზე მასშტაბური საზეიმო დღესასწაული, რომელიც მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში აღინიშნება სხვადასხვა საზეიმო შოუ-პროგრამებითა და ღონისძიებებით და მასში ჩართულია ყველა ასაკის მოქალაქე“, – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის განაცხადში.

საქართველოს მთავრობის „თხოვნითა და დავალებით“, ახალი წლის დღესასწაულთან და მიმდინარე წლის დასრულებასთან დაკავშირებით, საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 62 მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.

მთავრობის განკარგულებით საახალწლო კონცერტები აჭარაში, ხელვაჩაურის გარდა, ასევე ჩატარდება:

  • ქობულეთში – 2023 წლის 6 იანვარს – დაიხარჯება 134 891 ლარი;
  • ქედაში – 2023 წლის 3 იანვარს – დაიხარჯება 198 506 ლარი;

მთავრობის განკარგულების საფუძველზე საახალწლო ღონისძიებების მომსახურების ტენდერის გარეშე შესყიდვებისთვის ჯერ არ მიუმართავთ შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს.

[toggle title=”მთავრობის განკარგულების სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

[/toggle]

 

ამავე თემაზე:

ბათუმის მერია საახალწლო ნაძვის ხის შეძენას გეგმავს და გამოკითხვას ატარებს

 

544 პირი დააკავეს გამაყუჩებლების, კიბოს და სხვა მედიკამენტების გაყალბებისთვის – ევროპოლი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ევროპოლის კოორდინაციით ჩატარებულ მედიკამენტების ფალსიფიკაციასა და დოპინგ ნივთიერებებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ ოპერაციაში, Shield II-ში  მიიღო მონაწილეობა.

ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჯამში 25 მილიონ ერთეულზე მეტი მედიკამენტი ამოიღეს, გამოავლინეს 59 დანაშაულებრივი ჯგუფი, დააკავეს 544 პირი, დახურეს 5 საიდუმლო ლაბორატორია და ამოიღეს 63 მილიონი ევროს ღირებულების ფალსიფიცირებული ან ყალბი მედიკამენტი, დოპინგ პროდუქტი და ნივთიერება, არალეგალური საკვები და სპორტული დანამატი, ყალბი COVID-თან დაკავშირებული, სანიტარული პროდუქტი და სამედიცინო მოწყობილობა.

„მედიკამენტების ბოროტად გამოყენება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა კიდევ უფრო დიდია ზიანი ყალბი მედიკამენტების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. მიწისქვეშა ლაბორატორიებში, ჰიგიენის ან უსაფრთხოების ნორმების გარეშე შექმნილი ეს პროდუქტები ხშირად შეიცავენ მავნე ინგრედიენტებს.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან კრიმინალებმა დამატებითი ძალისხმევა გასწიეს იმ მედიკამენტების გაყალბებისთვის, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია. მეტი მოგებისთვის, კრიმინალური ქსელები ფოკუსირდნენ კორონავირუსის სამკურნალო ყალბი საშუალებების გავრცელებაზე, ასევე სამედიცინო მოწყობილობებისა და სადეზინფექციო საშუალებების გაყალბებაზე, რომლებიც შემდეგ ონლაინ იყიდება“ – იუწყება ევროპილი.

ოპერაცია Shield II-ის დროს სამართალდამცავების სამიზნეს წარმოადგენდნენ კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ვაჭრობდნენ დოპინგ ნივთიერებებით (ჰორმონები და მეტაბოლური რეგულატორები) და სხვადასხვა მედიკამენტით, ისეთიც, როგორიცაა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებები, ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, ფსევდოეფედრინი, ტკივილგამაყუჩებლები, ანტიესტროგენები, ანტივირუსული მედიკამენტები, ჰიპნოტიკები, ანტიჰისტამინური საშუალებები და ტრანკვილიზატორები (ანქსიოლიტიკები).

ევროპოლის ცნობით, ამოღებულია: 3 მილიონი ერთეული COVID-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებული მოწყობილობა; 3,5 მილიონი შეფუთვა მედიკამენტი; 18,5 მილიონი ტაბლეტი, 600 000 ფლაკონი/ამპულა; 2 500 ლიტრი ნედლეული, 47 ტონა მყარი ნედლეული.

საერთაშორისო ოპერაციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი.

ოპერაციაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩართული იყო, როგორც მესამე მხარის ქვეყანა ბოსნია ჰერცეგოვინასთან, კოლუმბიასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასა და შეერთებული შტატებთან ერთად.

წყარო: europol

ოპერაციას კოორდინირებას უწევდა ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი (OLAF), ხოლო ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (EUIPO) უზრუნველყო მისი ფინანსური მხარდაჭერა. ოპერაცია 2022 წლის აპრილ-ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა. მასში ასევე ჩართული იყო ფრონტექსი, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტო (WADA), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) და მედიცინის ეროვნული სააგენტოები.

ტრეფიკერები ძირითადად არაპროფესიონალ სპორტსმენებს უმიზნებენ, უკანონო დოპინგ ნივთიერებებს ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით ან პირადად ყიდიან.

ეფექტურობის გამაძლიერებელი ნარკოტიკების არალეგალური ბაზარი შედარებით უცვლელი დარჩა, ხოლო COVID-19-თან დაკავშირებული საშუალებების გაყალბების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა დააფიქსირეს თაღლითობის რამდენიმე მცდელობა, რომლებიც მიმართული იყო ეროვნული ორგანოების მიმართ, სთავაზობდნენ მედიკამენტებს და სამედიცინო მოწყობილობებს, როგორიცაა პირბადეები და სადეზინფექციო საშუალებები.

რა არის პრედიაბეტი და რა მიგვანიშნებს მასზე – ენდოკრინოლოგის რჩევები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში შაქრის მაჩვენებელი ნორმაზე მაღალია, მაგრამ არა ისე, რომ დაისვას ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზი.

„ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ენდოკრინოლოგი გიზო გორგილაძე ამბობს, რომ დროული ჩარევის გარეშე გარეშე პრედიაბეტით დაავადებული ადამიანები არიან მაღალი რისკის ქვეშ, რომ რამდენიმე წელიწადში მათ ტიპი 2 დიაბეტი განუვითარდებათ, რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული დაავადებაა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელ წლებში საქართველოში აღინიშნება ზოგადად დიაბეტის კლების ტენდენცია, თუმცა 2021 წელს დაფიქსირდა შაქრიანი დიაბეტის ტიპი II ახალი შემთხვევების მატება.

  • ბატონო გიზო რას ნიშნავს პრედიაბეტური მდგომარეობა?

პრედიაბეტი წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტის წინა მდგომარეობას, რომლის დროსაც ორგანიზმს უჭირს ჰორმონ ინსულინის საკმარისი რაოდენობით გამომუშავება, ან გამომუშავდება, მაგრამ ორგანიზმი სათანადოდ ვერ მოიხმარს ამ ჰორმონს.

ამ დროს სისხლში შაქრის, ანუ გლუკოზის დონე მომატებულია.

როგორც წესი, პრედიაბეტი წინ უძღვის შაქრიანი დიაბეტის განვითარებას დაახლოებით 7-10 წლით, შესაბამისად თუ ჩვენ ხელსაყრელ პირობებს არ შევუქმნით პრედიაბეტის შემდეგ განვითარებას, გადავავადებთ ან თავიდან ავიცილებთ დიაბეტის განვითარებას.

_______________

  • ნორმად ითვლება, როცა უზმოზე შაქრის დონე სისხლში არის 60-100 მგ/დლ-მდე; ჭამიდან ორი საათის შემდეგ კი შაქრის დონე სისხლში – 140 გ/დლ-მდე;
  • პრედიაბეტის დროს უზმოზე გაზომილი გლუკოზა სისხლში არის 100-დან 126 მგ/დლ-ის ფარგლებში.  ხოლო გლუკოზის მიმართ დარღვეული ტოლერანტობის შემთხვევაში, გლუკოზის მაჩვენებელი ჭამიდან ორ საათში არის 140-199 მგ/დლ.
  • ტიპი 2 შაქრიან დიბაეტად ითვლება, თუ უზმოზე შაქრის დონე სისხლში არის 126-ის ზემოთ მმ/დც, ხოლო ჭამიდან ორ საათში 199-ზე მეტი მგ/დც.

_______________

  • ვინ არიან პრედიაბეტის რისკ-ჯგუფში?

დღეს ძალიან გახშირდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ასევე, რა თქმა უნდა, პრედიაბეტი. აღსანიშნავია, რომ ფაქტორები, რაც ზრდის ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზის შანსს, ასევე ზრდის პრედიაბეტის რისკს.

პრედიაბეტის რისკ-ფაქტორია ჭარბი წონა და სიმსუქნე, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 25-ზე მაღალი. სიმსუქნის დროს ვითარდება ინსულინის მიმართ რეზისტენტობა, არ ხდება მიღებული ნახშირწყლებისა და ინსულინის კარგი ურთიერთკავშირი, რაც საბოლოო ჯამში სამომავლოდ იწვევს დიაბეტის განვითარებას და ასევე წონის მატებას პრედიაბეტის დროს.

რაც შეეხება სხვა რისკ-ფაქტორებს:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა – პრედიაბეტის რისკი იზრდება, თუ გყავთ მშობელი ან და-ძმა ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზით;
  • არაჯანსაღი კვება – ცომეული, ფასთ-ფუდი, ტკბილეული და შაქრიანი სასმელების მიღება ა.შ.;
  • უმოძრაო ცხოვრების წესი – რაც უფრო ნაკლებად აქტიური ხართ, მით მეტია პრედიაბეტის განვითარების რისკი.
  • რისკ-ფაქტორია ასაკი. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, პრედიაბეტის რისკი იზრდება 35 წლის შემდეგ.
  • ასევე გესტაციური დიაბეტი – მაგალითად როცა ქალს მხოლოდ ორსულობის დროს აქვს დიაბეტი, რისკ-ფაქტორად ითვლება დიაბეტი ტიპი ორისთვის, ასევე ჰიპერტენზია (მაღალი წნევები).

ეს რისკ-ფაქტორები არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს სამომავლოდ აუცილებლად დაემართება დიაბეტი, თუ ის შეცვლის ცხოვრების უმოძრაო წესს, დაიწყებს ჯანსაღ კვებას და რაციონში  ექნება ნაკლებკალორიული პროდუქტები, რომლებიც ნაკლებად შეიცავენ ნახშირწყლებს.

MayoClinic: თამბაქოს მოხმარებას შეუძლია გაზარდოს ინსულინის წინააღმდეგობა და გაზარდოს ტიპი 2 დიაბეტის რისკი პრედიაბეტის მქონე ადამიანებში. მოწევა ასევე ზრდის დიაბეტის გართულებების რისკს. 

  • პრედიაბეტის დროს ცხოვრების წესის შეცვლის მიუხედავად, რა განაპირობებს დიაბეტის განვითარებას?

თუ პასიური ცხოვრების სტილს შევცვლით აქტიურით, არაჯანსაღ კვებას – ჯანსაღი კვებით, შესაძლებელია, რომ ადამიანმა გადაავადოს, ან თავიდან აიცილოს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება.

საქმე ის არის, რომ ცხოვრების წესის შეცვლა არ არის გარანტია, რომ წლების შემდეგ მას არ განუვითარდება შაქრიანი დიაბეტი, მაგალითად, თუ ადამიანი გენეტიკურად დატვირთულია, ანუ დედ-მამა, ახლო ნათესაობა თუ არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მაშინ მაღალია დიაბეტით დაავადების რისკი. ასევე, სხვა რისკ-ფაქტორების არსებობა, კიდევ უფრო ზრდის რისკებს.

თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, შესაძლებელია პაციენტმა ამ ყველაფრის დაცვის ფონზე გადაავადოს შაქრიანი დიაბეტის განვითარება რამდენიმე წლით.

  • რა პროფილაქტიკური კვლევა შეიძლება ჩაიტაროს რისკ-ჯგუფში მყოფმა ადამიანმა?

ამ შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზი არაფერს მოგვცემს,  ზოგადად როცა ადამიანი გადაშორებულია 40-45 წელს, აუცილებელია წელიწადში ერთხელ მაინც გაიზომოს შაქარი სისხლში, აქ საუბარი მაქვს ნორმალური წონის მქონე ადამიანზე.

ვისაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე აქვს, მან აუცილებელია ჩააბაროს სხვა ანალიზებიც, მაგალითად გლუკოზა-ტოლერანტული ტესტი (გლუკოზის დატვირთვის ფონზე ვადგენთ როგორ რეაგირებს პანკრეასი და რამდენად ნორმალურად გამოიმუშავებს ინსულინს), ასევე შეიძლება ანალიზი გავაკეთოთ ინსულინზე, რადგანაც პრედიაბეტის დროს ხშირად არის ინსულინის რეზისტენტობა, რის ფონზეც მატულობს ინსულინის დონე სისხლში. ასევე შეიძლება გავიკეთოთ ლიპიდების განსაზღვრა და გლიკოზირებული ჰემოგლობინი, რომელიც იძლევა მაჩვენებელს, ბოლო 4-5 თვის განმავლობაში, შაქრის რა დონე ჰქონდა პაციენტს.

  • რა უნდა ამოვიღოთ კვების რაციონიდან პრედიაბეტის დროს?

პრედიაბეტის შემთხვევაში აუცილებელია სწორი კვება, ეს დიეტა მოიცავს ნახშირწყლების შეზღუდვას, უნდა შეწყვიტოთ სწრაფი კვების ობიექტებში კვება, უნდა ამოიღოთ გაზიანი და შაქრიანი სასმელები, ასევე შეზღუდული რაოდენობით უნდა იყოს კვების რაციონში ცომეული, ტკბილეულობა, მათ შორის თაფლი, მურაბა, ჯემი, კანფეტები… ასევე უნდა შეიზღუდოს ისეთი ტკბილი ხილი, როგორიცაა ხურმა, ყურძენი, მსხალი…

უნდა მიირთვათ პროდუქტები, რომლებშიც ნაკლებია ნახშირწყლები. მაგალითად, შეიძლება ბოსტნეული, კიტრი,  პომიდორი, პარკოსნები, სალათის ფოთლები, ბადრიჯანი, ყაბაყი, კვერცხი – უფრო მოხარშული, უცხიმო რძის პროდუქტები – ყველი, ხაჭო, მაწონი; საკვების დასამზადებლად გამოყენებული უნდა იქნეს უფრო ზეთი, რაც შეეხება კარაქს, შესაძლებელია კვირაში ერთხელ 20-25 გრამი  კარაქის მიღებაც, რადგანაც როგორც ცხიმი, ისე ნახშირწყალიც, აუცილებელია ორგანიზმში ნორმალური მეტაბოლიზმისთვის.

კარგია ის ხილი, რომელიც ცოტათი მომჟავოა და ნაკლებად ტკბილი – ვაშლი, ციტრუსი (თუ ტკბილი ციტრუსია, ერთ მიღებაზე დიდი რაოდენობით არ უნდა მივირთვათ), ფეიხოა, კივი… თუმცა ყველაფერი ზომიერების ფარგლებში.

  • ფიზიკური აქტივობა რამდენად მნიშვნელოვანია?

პრედიაბეტის დროს აუცილებელია ზომიერი ფიზიკური აქტივობა – ფიტნესი, ვარჯიშიც შეიძლება, მაგრამ თუ დიდი წონაა, აუცილებლად ინსტრუქტორის რჩევებით უნდა ივარჯიშოთ. ყოველ დღე ფეხით უნდა იაროთ, ისეირნოთ მინიმუმ 30 წუთი მაინც ან ველოსიპედით – ეს ხელს შეუწყობს იმ მომენტისთვის ორგანიზმში არსებული ზედმეტი შაქრის დაწვას.

  • რას მოიცავს მედიკამენტური მკურნალობა პრედიაბეტისას?

ამ დროს გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მოხსნას. მაგრამ მთავარი მიზანი პრედიაბეტის მკურნალობაში არის ცხოვრების წესის შეცვლა – კვების მოწესრიგება და აქტივობის გაზრდა, რაც მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს სხეულის მასის ინდექსი 7 პროცენტით, შესაბამისად მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვადაში დაიკლებს წონას პაციენტი.

როგორც კი პუტინი წავა, იჩქერია კადიროვთან ერთად ან მის გარეშე იქნება თავისუფალი – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ ვლადიმირ პუტინი როგორც კი აღარ იქნება რუსეთის პრეზიდენტი, იჩქერია გათავისუფლდება.

„როგორც კი პუტინი აღარ იქნება [პრეზიდენტი], იჩქერია გახდება თავისუფალი ქვეყანა. კადიროვთან ერთად ან კადიროვის გარეშე. დამიჯერეთ, ეს მოხდება აუცილებლად და ძალიან, ძალიან სწრაფად. რადგან ეს არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან“, – განაცხადა დანილოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში.

დანილოვის თქმით, კადიროვისა და მისი თანამზრახველებისთვის პუტინს რომ არ მიეცა საშუალება დაუსჯელად ეკეთებინათ ის, რასაც ისინი რუსეთის ფედერაციის ნებისმიერ ქალაქში სჩადიან, მაშინ იჩქერია დიდი ხნის წინ აჯანყდებოდა და უკვე თავისუფალიც იქნებოდა.

„მათ აქვთ ასეთი შეთანხმება – პუტინი ყველაფერს აძლევს: ფულს, პრეფერენციებს, შესაძლებლობებს, მედლებს. ყველაფერს. სამაგიეროდ, იჩქერია რჩება რუსეთის შემადგენლობაში“, – განაცხადა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში ოლექსი დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, „სინამდვილეში, პუტინს ეშინია კადიროვის, რადგან ეს ის ადამიანია, ვისაც შეუძლია მას ბევრი თავსატეხი გაუჩინოს“.

ამავე ინტერვიუში დანილოვმა ისაუბრა რამზან კადიროვის მამაზე – ახმად კადიროვზე. მისი თქმით, ჩეჩნეთში, რამზან კადიროვის ჩათვლით ყველამ იცის, რომ მისი მამის მოკვლის ბრძანება სწორედ პუტინმა გასცა. „იმ კანონების მიხედვით, რაც ამ ერს აქვს, ამაზე პასუხის გაცემა სავალდებულოა. რატომ არ აკეთებს ამას კადიროვი, ეს ცალკე საკითხია“.

ახმად კადიროვი ჩეჩნეთის ერთ-ერთი პრეზიდენტი იყო. ის 2004 წელს მოკლეს.

ოლექსი დანილოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა ვითარებაზე, რომელშიც ახლა რუსეთის პრეზიდენტი იმყოფება. „პუტინი კუთხეში მიმწყვდეულ ვირთხას ჰგავს. მისი ცხოვრება კოშმარად იქცა“, – მიაჩნია ოლექი დანილოვს.

___

ჩეჩნეთის

სლავური ერების გაერთიანებას, რუსიზმს უკრაინელები არასოდეს შეეგუებიან – დუდაევი რუსეთის გეგმებზე I ფოტო

მეგო ბარათი, ბაზისბანკის საკრედიტო ბარათი ახალი დიზაინით და პირობებით

19 დეკემბრიდან, ბაზისბანკი, საქართველოში პირველ საკრედიტო მეგო ბარათს, ახალი დიზაინითა და გაუმჯობესებული, კლიენტის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით სთავაზობს მომხმარებელს.

საკრედიტო ბარათი იდეალური საშუალებაა შოპინგის ან გაუთვალისწინებელი ხარჯის დროს, როდესაც ხელფასამდე ცოტა დროა დარჩენილი. მეგო ბარათის მეშვეობით კი, მომხმარებელი შეძლებს, ისარგებლოს 55 დღიანი უპროცენტო საშეღავათო პერიოდით, საკომისიოს გარეშე გადაიხადოს პროდუქტის ან მომსახურების ღირებულება და მიიღოს ქეშბექი, ათვისებული თანხის 1%-ის ოდენობით.

მეგო ბარათით სარგებლობა შესაძლებელია ყველაზე მაღალი, 30,000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ყოველთვიური შენატანის ოდენობა კი ათვისებული თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ბარათის ერთ-ერთ უპირატესობას, ბაზარზე არსებულ ბარათებთან შედარებით, ბანკომატში განაღდების დაბალი საკომისიო განაპირობებს, რაც 2.5%, მინიმუმ 1 ლარია.

„ბაზისბანკმა, 2006 წელს, საქართველოში პირველმა, შესთავაზა მომხმარებელს ქართული რეალობისთვის სრულიად ახალი საბანკო პროდუქტი – საკრედიტო ბარათი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობდა იმაზე, რომ მეგო ბარათს მიეღო ახალი, თანამედროვე ვიზუალი და, ამასთანავე, მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. დღეიდან კი, ამაყად შეგვიძლია შევთავაზოთ სრულიად ახალი ტიპის საკრედიტო ბარათი, რომელიც ითვალისწინებს მათ ინტერესებს და, პირობებისა და მოქნილობის კუთხით, კონკურენტუნარიანია ბაზარზე არსებულ საკრედიტო ბარათებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მეგო ბარათი სრულად გაამართლებს მომხმარებლის მოლოდინებს.“ – ბაზისბანკის პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარეხ საჯაია.

რამდენი ბინა დააზიანა ხანძარმა „ვოქსში“ – მერიის განმარტება

ბათუმის ვიცე-მერის, ლევან დავითაძის განმარტებით, ბათუმის მერიას „ვოქსის“ კორპუსიდან დაზარალებულები ქირით არ გაუყვანია, რადგან ისინი თავად გადავიდნენ ახლობლებთან: „შესაბამისი მომართვიანობის შემთხვევაში ვიმსჯელებთ და დავეხმარებით მათ.“

რაც შეეხება ზიანს, რომელიც კოპურში მცხოვრებლებს მიადგა, მონაცემებს ჯერ ისევ აგროვებენ. გარდა იმისა, რომ რესტორანი „ვოქსი“ დაიწვა, მერიას ამჟამად ხანძრისგან კიდევ ორი ბინის შესაძლო დაზიანების შესახებ აქვს ინფორმაცია.

მერიაში ჯერ არ იციან, რამდენი ბინა დაზიანდა წყლის ჭავლის შედეგად.

„ჯერჯერობით ორ ბინაზეა საუბარი, თუმცა შეიძლება დაემატოს, დღის ბოლოს გვექნება ინფორმაცია“, – ამბობს ლევან დავითაძე.

„ვოქსში“ მცხოვრებლების ინფორმაციით კი, დაზიანდა მხოლოდ რესტორნის ქვედა სართულებზე არსებული ბინები. კორპუსი სამი ბლოკისგან შედგება – გვერდითა ორი ბლოკი არ დაზიანებულა. რამდენიმე მოქალაქემ გვითხრა, რომ ჯერ ბინაში ვერ შევიდა, შესაბამისად, არ იციან რა ხდება მათ ბინებში: „სამაშველო არ გვიშვებს, კორპუსს რეცხავენ.“

ვიცე-მერმა თქვა ისიც, რომ კორპუსს სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სისტემა არ აქვს, რადგან ის 2010 წლამდეა აშენებული, როცა 41-ე დადგენილება არ იყო მიღებული, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს აწესებს:

„მოცემული მომენტისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება ჩვენი სამსახურების მიერ, რომელიც შემდეგ წარედგინება სტიქიის კომისიას, განიხილება და მაქსიმალურად დავეხმარებით ჩვენს თანამოქალაქეებს. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ბუნებრივია, ამ მიმართულებით შესაბამისი სამსახურები იმუშავებენ.

როგორც იცით, მიღებულია 41-ე დადგენილება, რომელიც არეგულირებს სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს და ნორმებს. ყველა პროექტი, რომელიც მერიაში თანხმდება, არის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისი, რაც უზრუნველყოფს შესაბამის სტანდარტების დაცვას. ეს კორპუსი არის აშენებული 2010 წლამდე, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა 41-ე დადგენილებას, რის გამოც კორპუსს არ გააჩნია აღნიშნული სისტემები“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახანძრო სისტემა ბათუმში ბოლო წლებში არსებულ ბევრ სხვა კორპუსს არ აქვს. მეტიც, ახლაც აშენებენ კორპუსებს წინა წლების რეგულაციების შესაბამისად.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ 41-ე დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2017 წელს ნაწილობრივ აამოქმედა, 2019 წელს კი – სრულად.

გიორგი კირთაძეს ბათუმში, კამერების წინ თავს დაესხნენ

გიორგი კირთაძეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს, რამდენიმე სატელევიზიო კამერის წინ თავს დაესხნენ.

გიორგი კირთაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია.

თავდამსხმელმა ოპოზიციური პარტიის რეგიონულ ლიდერს კვერცხი ესროლა და ხელი დაარტყა. მან სიტყვიერად შეურაცხყო ჟურნალისტებიც.

შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ოფისის წინ მოხდა.

„რაფერ რა მინდა, პირდაპირ მოღალატე ხარ… მერე რა, რომ პირდაპირ ეთერში ვარ. შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? ხოდა, ხელი გამიშვი. სახელი კი არა, მოღალატე ხარ ქვეყნის,“ – მიმართა თავდამსხმელმა გიორგი კირთაძეს.

„ვინ გამოგიშვა, სახელი მითხარი,“ – მიმართა თავდამსხმელს გიორგი კირთაძემ, თუმცა მან ვინაობა არ დაასახელა.

„ვინმეს არ გამოვუშვივარ, დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე ვარ. რა სახელი, ბიჭო,“ – ამბობს თავდამსხმელი.

ფორმულას თანახმად, თავდამსხმელს კიდევ ერთი კაცი ეხმარებოდა, რომელიც იქვე მდებარე „ალტ ინფოს“ ოფისიდან გამოვიდა.

ამ დროისთვის ადგილზე უკვე გამოჩნდნენ სამართალდამცველები.

შსს-ში ამ ეტაპზე არ ამბობენ, დაიწყო თუ არა გამოძიება.

Exit mobile version