ბათუმი,მთავარი,სიახლეები

პროგრამების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და ბუნდოვანია – აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტზე

18.12.2022 • 1182
პროგრამების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მიზანი და ბუნდოვანია – აუდიტი აჭარის 2023 წლის ბიუჯეტზე

უმაღლესმა საბჭომ აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი 15 დეკემბერს დაამტკიცა, სახელმწიფო აუდიტმა კი, მეორე დღეს, 16 დეკემბერს გამოაქვეყნა დასკვნა, აჭარის მთავრობის მიერ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე.

აუდიტის დასკვნით, „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გაუმჯობესდა პროგრამების/ქვეპროგრამების, მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის ხარისხი, იგი ჯერ კიდევ საჭიროებს შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებას.“

ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღნიშნული დასკვნა სხდომაზე უმაღლეს საბჭოს, აჭარაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, კახაბერ კირტავამ წარუდგინა.

„რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრული ცალკეული პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში, შეინიშნება სხვაობა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციასა და მომავალი წლის დაფინანსების მოცულობას შორის – აცხადებს აუდიტი და ასკვნის, რომ „ბიუჯეტის გადასახდელების დაგეგმვისას, სხვა მიზეზებთან ერთად, მიზანშეწონილია შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან გათვალისწინებულ იქნეს გასული და მიმდინარე წლების შესრულების ტენდენციები“.

აუდიტის დასკვნიდან:

„პროგრამული ბიუჯეტის დანართი“ მოიცავს ინფორმაციას პრიორიტეტების ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შედეგების შეფასების ინდიკატორების შესახებ.

2023 წლის პროგრამული ბიუჯეტის დანართის ანალიზისას გამოვლენილია პროგრამების შემუშავების პროცესში არსებული შემდეგი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები:

პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების ფორმირების პროცესი

დანართში წარმოდგენილი 60 პროგრამიდან5 17 პროგრამა [28.3%] არ არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად;

მაგალითად, „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფა,“ „მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშგანახლების ხელშეწყობა,“ „სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქცია,“ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა“ და სხვა პროგრამები.

შუალედური და საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორების შემუშავება

პროგრამების/ქვეპროგრამების მოსალოდნელი შუალედური/საბოლოო შედეგების ნაწილს არ გააჩნია კონკრეტული მისაღწევი მიზანი, ასევე შეფასების ინდიკატორში განსაზღვრული მაჩვენებელი ბუნდოვანია და არ ასახავს კონკრეტულად რა მიზნის მიღწევას ემსახურება, რაც ანგარიშგების ეტაპზე გაართულებს აღნიშნული პროგრამის/ქვეპროგრამის ეფექტიანობის შეფასებას;

მაგალითად, „დარგის საჭიროებებისა და განვითარების პოტენციალის კვლევის და სტატისტიკის წარმოების“ ქვეპროგრამა.

ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების განსაზღვრა

პროგრამული ბიუჯეტის დანართში წარმოდგენილი ინდიკატორების 100%-ის შემთხვევაში, არ ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით არსებული ნაკლოვანებების ეტაპობრივი გამოსწორებისა და ამ მიმართულებით საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები, შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით.“

აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 512 549 400 ლარს, ხოლო გადასახდელების საპროგნოზო მოცულობა − 535 549 400 ლარს.

სამინისტროების მიხედვით,  ფინანსები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – 133 483 600 ლარი
  • ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო – 33 235 000 ლარი
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 29 531 000 ლარი
  • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 105 446 800 ლარი

პლენარულ სხდომას, რომელზედაც ბიუჯეტი დაამტკიცეს, არ ესწრებოდნენ დეპუტატები ენმ-დან. მათ უმაღლესი საბჭოს სხდობებს ბოიკოტი გამოუცხადეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: