გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 ივნისის 21 საათიდან 14 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – ზოგან, დღის მეორე ნახევრიდან კი უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 15 ივნისს მოსალოდნელია ბათუმში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, 15-17 ივნისს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 216 650 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
ტანკი – 3 935 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 7 642 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 3 766 ერთეული [+20]
MLRS – 601 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 363 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 300 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 309 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 183 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 473 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 511 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 13 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
442 თვითმფრინავი
238 ვერტმფრენი
4 585 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 939 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 100 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 927 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს.
„გვთხოვდნენ რუსულად საუბარს რუსულენოვან მომხმარებელთან, მათთვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია, მათ ენაზე უნდა დავლაპარაკებოდით. ეძებდნენ რუსულენოვან მიმტანებს. მთხოვდნენ, ტელეგრამ არხებში დამეწერა, რომ ვაკანსია გვქონდა. ეს უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო“ – გვიყვება მარია ზოიძე, ბათუმში მდებარე კაფე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი.
მარია მათ შორისაა, ვინც „რეტროში“ სამსახური, ერთ-ერთ მიმტანთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. სწორედ მან გამოაქვეყნა „რეტროში“ დირექტორის, თეიმურაზ ვარშანიძის მიერ მიმტანზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ფეისბუქზე.
მარია ამბობს, რომ ამ კადრების აღების მოთხოვნით მის ახლობლებს ურეკავდნენ, შეტყობინებები თავადაც მიიღო, თუმცა ვიდეო არ წაუშლია.
მარია „რეტროში“ 2019 წელს დასაქმდა, მაშინ აბიტურიენტი იყო და უნივერსიტეტისთვის ფულს აგროვებდა. მალევე სტუდენტი გახდა და რიგი გამოწვევების წინაშე დადგა, რის გამოც დროებით მიატოვა სამსახური, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა.
პანდემიის აქტიური პერიოდის ჩავლის შემდეგ, როცა კაფეები გაიხსნა, უნივერსიტეტი ისევ ონლაინ სწავლებაზე დარჩა და მარია „რეტროში“ მიმტანის პოზიციაზე დაბრუნდა.
ცოტა ხანში ის სუპერვაიზერი გახდა: „ახალ მენეჯერს ვეხმარებოდი, ისიც თავის მხრივ მასწავლიდა ყველაფერს. მოვეწონე და სუპერვაიზერობა შემომთავაზეს“. მენეჯერის წასვლის შემდეგ კი ეს პოზიცია მარიამ დაიკავა.
მარიას, როგორც მენეჯერს, ზაფხულის აქტიური სეზონისთვის ახალი თანამშრომლებიც მოძებნასაც ავალებდნენ, მოთხოვნა რუსების აყვანა იყო. მარიას ახსოვს ისიც, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვის უფლება არ მისცეს:
„როცა უკრაინაში ომი დაიწყო ისევ მიმტანი ვიყავი. შეძრული ვიყავი ამ ომის გამო, მეზიზღება რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, მეზიზღება რუსული პოლიტიკა, ოკუპაციის პოლიტიკა. ომის პირველივე დღიდან ვთხოვე ჩემს დირექტორს, რომ დავბეჭდავდი პატარა პოსტერს, დროშას ან ფრაზას, ვთქვათ „სლავა უკრაინეს“, რაც იქნებოდა უკრაინის მხარდამჭერი და გავაკრავ- მეთქი, პასუხად მივიღე, ჩვენ რუსი მომხმარებლებიც გვყავსო.“
მარია გვიყვება, რომ „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ მის სამსახურშიც ჰქონდათ გაზიარებული:
„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ არასდროს. ეს ნიშნავს, რომ მოსულ რუს ტურისტს არ მოეწონებოდა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იყო კიდევ ის, რომ რუსების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოგვეჩინა“.
ყოფილი მენეჯერი გვიყვება, რომ თანამშრომლის ასაყვანად გასაუბრებისას რუსულის ცოდნა პრიორიტეტად აქციეს:
„ინგლისურის ხსენებამდე ეკითხებოდნენ გამართული ქართული და რუსული თუ იცითო. დიახ, ამას ვეკითხებოდით ყველას, ასე იყო ნორმალური მათთვის. გარდა ამისა ჩემი უფროსი მიგზავნიდა რუსულ ტელეგრამ არხებს, სადაც რუსები იყვნენ, მე სამსახური უნდა შემეთავაზებინა მათთვის. რუსულად უნდა განმეთავსებინა ინფორმაცია, რომ გვქონდა ვაკანსია და შეეძლოთ მოსულიყვნენ. ეს იყო ჩვენი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, მე ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, არასდროს დამიმალავს.“
მარია ამბობს, რომ მისი პასიურობა რუსულენოვანი თანამშრომლების მოძებნასთან დაკავშირებით დირექტორს არ მოეწონა:
„რუსულენოვან თანამშრომლებს რომ არ ვეძებდი, ამის გამო ბრაზდებოდა კიდეც. თუ დაწერე იმ არხებშიო – მეკითხებოდა. მართლა დავწერე ერთხელ, ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა, რადგან დავალება იყო. ან უნდა დავრჩენილიყავი და მემუშავა, ან უნდა წავსულიყავი, ასეთი იყო გარემო. ან უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მათ უნდათ, ან, თუ არ გინდა – წადი – ეს არის მათი პოლიტიკა. რამდენიმე რუსულენოვანი თანამშრომელი მოვიდა კიდეც. ბოლოს უკვე მენეჯერიც რუსულენოვანი იყო“.
მარია გვიყვება, როგორ ღიზიანდებოდა ადგილობრივი მომხმარებელი, როცა მათ რუსულენოვანი მიმტანი სთავაზობდა მომსახურებას:
„წარმოიდგინეთ, ქართულ რესტორანში შედიხარ და მიმტანი რუსულად გესაუბრება. ეს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. ამის გამო ძალიან დაძაბული ვიყავი, რაზეც ჩვენი უფროსის პასუხი იყო, რატომ მიუშვით ქართველთან რუსიო. თან უნდა დაგვემალა, რომ რუსები იყვნენ, უთხარით, რომ უკრაინელები არიანო. როგორ უნდა მოიტყუო? – ყველამ იცის, ყველა ხვდება“.
მარიას თქმით, გაღიზიანებას რუსი მომხმარებელიც ღიად გამოხატავდა, როდესაც ინგლისურად პასუხობდა მათ:
„იძაბებოდნენ, რატომ არ მესაუბრებით რუსულადო. რატომ ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ვართ ვალდებულები თავიანთ ენაზე ვესაუბროთ. უფროსი ითხოვდა მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, თუ რუსული არ იცით, ნუ მიდიხართ მაგიდებთანო – ამასაც გვეუბნებოდა. ვინც იცის, ის მიუშვით, ნუ უქმნით დისკომფორტსო“.
მარია ცდილობს აგვიხსნას, რომ მის გაღიზიანებას უცხო ქვეყანა ან ენა კი არ იწვევს, არამედ რუსული პოლიტიკა, ოკუპაცია.
„რომ შემოსულიყო მაგალითად ბრიტანელი, ან უკრაინელი, მათ პირადად ჩემგან არ ექნებოდათ არანაირი დისკომფორტი. რუსებს კი მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მე ვალდებული არ ვარ კომფორტი შევუქმნა. ეს არის ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ სხვა თანამშრომლებისაც. იმის ნაცვლად რომ რაღაც შეცვალონ, მოდიან და აქეთ გავიწროებენ შენსავე საწყალ ქვეყანაში.
ჩემი დამოკიდებულება რუსების მიმართ გამოწვეულია არამხოლოდ იმით, რომ ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არამედ იმითაც, რომ ახლა აწარმოებენ ომს უკრაინასთან, სხვანაირად მე არც ვიცნობ იმ ადამიანებს, არცერთს არ ვიცნობ. ჩემთვის საშინელებაა, შევიდე რესტორანში და იქ ვიღაც რუსულად მესაუბროს. მაშინ როდესაც ამდენი სტუდენტია, ვისაც სჭირდება დასაქმება და ანაზღაურება. ქართველი სტუდენტების მიმართ არასდროს ყოფილან ისეთი ჰუმანურები, როგორებიც არიან რუსების მიმართ.
მარია ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ახლა „რუსული მთავრობა“ ჰყავს და თავის არგუმენტებზე გვიყვება:
„ახლა, შეიძლება ითქვას, რუსული მთავრობა გვყავს. ასე ვფიქრობ იმის გამო, რომ მთელი თავისი სამყარო ფრენებს უჩერებს და ვიზებს არ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს, ქონებაზე სანქციებს უწესებენ, ჩვენთან კი, ქალაქის პრესტიჟულ უბნებში უკვე ბიზნესი აქვთ და რეკლამებს ვხვდები რუსულ ენაზე“.
კიდევ ერთი რამ, რაზეც მარია საუბრობს, დასაქმებულების უფლებების დარღვევა, მათი მაქსიმალური დატვირთვაა. ამბობს, რომ რეალურად ერთი თვე ასრულებდა იმ მოვალეობებს, რაც მენეჯერს ევალება, შემდეგ კი ფუნქციები დაუმატეს და თანდათან ყველაფერი გართულდა.
მარია გვიყვება, რომ მას შეუთავსეს პიარ-მენეჯერის მოვალეობებიც, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, ასევე, დაავალეს კაფეს დაკეტვა სამუშაოს დასრულების შემდეგ, მანამდე კი შემოსული თანხა უნდა ჩაებარებინა და დაეთვალა, შემდეგ კი ინფორმაცია სპეციალურ ჟურნალებში შეეტანა.
„ხშირად უთანხმოების მიზეზი იყო ის, რომ მთხოვდნენ ფეისბუქის კონტენტი მემართა მე. პიარის სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლა, არ ვიცი რატომ. მთხოვდნენ, რომ ვიდეოები და ფოტოები განმეთავსებინა სოციალურ ქსელში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მენეჯერის მოვალეობა არ არის, მით უმეტეს სერვისმენეჯერის, თავიდანვე არ ვიყავი ამაზე შეთანხმებული, ვუთხარი, რომ არ შემეძლო, არ ვიცოდი ფეისბუქგვერდის მართვა, არ მაქვს სათანადო გამოცდილება. მაინც მთხოვდნენ, მეორე-მესამე დღეს მიბრაზდებოდნენ იმის გამო, რომ ახალი პოსტი არ მქონდა განთავსებული“.
მარიამ გვითხრა ისიც, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროფკავშირებმა გამოუცხადეს, მათი პოლიტიკა და ღირებულებები კი არის დასავლური და ევროპული, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა მარიას, რომ ვინც ევროპისკენ არ არის, მას მხარდაჭერაც არ შეუძლია.
„პრემიერ- მინისტრს რომ ეკითხებიან, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო და ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და არ პასუხობს, ისედაც ჩანს და ნათელია, საით მიჰყავს საქართველო. ჩემთვის არ შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტში სწავლა და მათი შვილებისთვის „გარყვნილად“ წოდებული ამერიკაც შეიძლება და ევროპაც. მე არ დამინახავს, რომ მათი რომელიმე შვილი რუსეთში სწავლობდეს“.
მარიას თქმით, არასოდეს დაიწყებს სამსახურს ხელშეკრულების გარეშე და მომზადებულ ხელშეკრულებას აუცილებლად კარგად წაიკითხავს. ახლა 21 წლის მარია ახალი სამსახურის ძიებაშია და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად არის.
________________
3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები ფეისბუქზე გავრცელდა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება 4 ივნისს დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 5 ივნისს კი პოლიციამ დააკავა თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მესაკუთრე. გამოძიება მას მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება.
6 ივნისს სასამართლომ „რეტროს“ მესაკუთრე გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
„ქართულ რეალობაში ალბათ ყველაზე ხშირად ირღვევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი,“ – პრაქტიკის შესახებ გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, თამარ წულუკიძე, რომელიც შენიშნავს, რომ იგივე ზეგანაკვეთური შრომის პირობების დარღვევის, ან სხვა ხარვეზების გამო უფლებადამცველებამდე ადამიანები იშვიათად მიდიან.
„ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა ესა თუ ის პირი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია,“ – ამბობს თამარ წულუკიძე.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ უსამართლოდ ვერ დაგვითხოვონ სამსახურიდან? არის თუ არა ზეპირი შეთანხმება იურიდიული ძალის მქონე და თავის დაცვის რა მექანიზმებს გვთავაზობს კანონი შრომითი ურთიერთობების დროს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე თამარ წულუკიძეს ესაუბრა.
ქალბატონო თამარ, რა შემთხვევაში შეუძლია დამსაქმებელს გაათავისუფლოს დასაქმებული?
საქართველოს შრომის კოდექსში გვაქვს მოცემული საფუძვლები, როდესაც შესაძლებელია დასაქმებულის გათავისუფლება. ეს შეიძლება იყოს: რეორგანიზაცია, როცა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა ორგანიზაცია ან ტექნოლოგიური ცვლილებებია. ამ დროს საჭიროა დასაბუთება დამსაქმებლის მხრიდანაც, რატომ არის საჭირო რეორგანიზაცია.
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ასევე ხელშეკრულების ვადის გასვლა, როცა კონკრეტული სამუშაო იყო შესასრულებელი და ეს ვერ შესრულდა კონკრეტული პირის მიერ. შეიძლება, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება უნდა შეწყდეს. დასაქმებულს შეუძლია თვითონ დაწეროს განცხადება და დატოვოს პოზიცია, თუმცა ზოგჯერ არის ფარული იძულების ნიშნები.
გათავისუფლების საფუძველი ასევე შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება – გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე არის შრომისუნარიანობის ნაწილი – თუ შრომისუუნარობის გამო ზედიზედ 40 კალენდარული დღის განმავლობაში ვერ ცხადდება დასაქმებული სამსახურში, ის, შესაძლოა, გათავისუფლდეს.
კვალიფიკაცია რამდენად შეიძლება გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი?
შესაძლებელია ეს იყოს გათავისუფლების საფუძველი. არსებობს გამოსაცდელი 6-თვიანი პერიოდი, როდესაც დამსაქმებელს შეუძლია შეაფასოს კადრის უნარ-ჩვევები. დამსაქმებელს აქვს ვალდებულება, რომ დაეხმაროს დასაქმებულს კვალიფიკაციის ამაღლებაში, თუმცა ხელშეკრულებით შეთანხმებული არიან მხარეები კონკრეტულ პირობებზე და ავტომატურად მისი ცვლილება მისაღები არ არის.
თუ იზრდება სტანდარტები, დამსაქმებელს შეუძლია მოითხოვოს ისეთი კადრი, რომელიც ამას დააკმაყოფილებს, თუმცა არაა მისაღები გამოცდილი კადრი ავტომატურად გათავისუფლდეს. გათავისუფლება არაა მისაღები იმ მოტივით, რომ კომპანია ითხოვს მაღალი კვალიფიციკაციის მქონე კადრს – პირველ რიგში, მან უნდა იზრუნოს არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და შემდეგ უნდა ეძებოს გარეთ ასეთი კადრი.
ხელშეკრულებად ითვლება თუ არა სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის?
შრომის კოდექსში გვაქვს ჩანაწერი, რომ შეთანხმებაა აუცილებელი. შეთანხმების მომენტიდან ითვლება, რომ შრომითი ურთიერთობა დაიწყო.
აუცილებელი არ არის წერილობით იყოს გამოხატული შეთანხმება – ზეპირი ფორმით არსებული შეთანხმება შრომითი ურთიერთობის ნაწილია, თუმცა მტკიცების შემთხვევაში რთულია ამტკიცო ზეპირი შეთანხმების დროს რაზე შეთანხმდნენ მხარეები.
თუმცა სხვადასხვა გარემოებით ამის დადასტურებაც შესაძლებელია. შესაბამისად, დავის საგანი შესაძლოა გახდეს ზეპირი შეთანხმებაც, თუმცა უმჯობესია, რომ ხელშეკრულება წერილობითი ფორმით იყოს გამოხატული
რა უპირატესობა აქვს წერილობით ხელშეკრულებას?
წერილობით ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია პირობები. მაგალითად, ხელშეკრულების ვადა, სამუშაოს შესრულების ადგილი, სამუშაოს შესრულების პირობები, შრომის ანაზღაურება, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, შვებულება, მივლინების დაფარვა და ასე შემდეგ. ამ ხელშეკრულებას ორივე მხარე აწერს ხელს და აღიარებულია, როგორც უფლებები, ისე ვალდებულებები, ასეთ შემთხვევაში მტკიცება გაცილებით უფრო მარტივია.
საინტერესოა ისიც, რომ ზოგიერთი დამსაქმებელი ცდილობს არ დაარქვას შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულებას და დაარქვას მომსახურების ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის მიზანია, ის ვალდებულებები, რაც აქვს შრომითი ურთიერთობის დროს დამსაქმებელს: ზეგანაკვეთურის ანაზღაურება თუ მივლინების დაფარვა, თავიდან აირიდონ. ამიტომაც, ისინი ამჯობინებენ, რომ გააფორმონ მომსახურების ხელშეკრულება. შრომითი ხელშეკრულება ნიშნავს, რომ შრომის კოდექსი ვრცელდება ამ ურთიერთობაზე, მომსახურების ხელშეკრულება კი, სამოქალაქო სამართლის სფეროა.
შეიძლება თუ არა ადამიანი გაათავისუფლონ სამსახურიდან იმ პირობების დარღვევის გამო, რაც მის ხელშეკრულებაში მითითებული არ არის?
აუცილებელია, ხელშეკრულებაში ისეთი პირობა იყოს მითითებული, რაც შრომის კოდექსში გვაქვს მოცემული. შრომით ხელშეკრულებაში არ შეიძლება იყოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც აუარესებს პირის მდგომარეობას.
კანონი გვაძლევს მითითებას, რომ შესაძლოა განსხვავებული პირობა ჩაიწეროს ხელშეკრულებაში, მაგრამ ეს უნდა აუმჯობესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას, მაგალითად, კანონი ითვალისწინებს დასაქმებულის შვებულებას დასაქმებიდან 11 თვის გასვლის შემდეგ. შესაძლოა, დამსაქმებელმა ჩაწეროს ხელშეკრულებაში, რომ შვებულებაში უშვებს დასაქმებულს დასაქმებიდან 9 თვის შემდეგ, ეს პირობა მისაღებია და კანონიერი, მაგრამ თუ ჩაწერს, მაგალითად, რომ დასაქმებულს 12 თვის შემდეგ შეუძლია შვებულებით სარგებლობა, ეს უკანონო იქნება.
რა კუთხით ირღვევა ძირითადად დღეს შრომითი კონტრაქტები, თქვენი პრაქტიკა რას აჩვენებს?
ქართულ რეალობაში ალბათ ყველაზე ხშირად ირღვევა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების წესი.
მნიშვნელოვანია, დასაქმებულმა იცოდეს, რომ მას შეუძლია მოითხოვოს თანხა ამ დროს გაზრდილი ოდენობით, ან დასვენების დროით ისარგებლოს. ეს გულისხმობს იმას, რომ საშუალოდ რა ანაზღაურებაც გამოსდის ჩვეულებრივი მუშაობის პირობებში მას დღეში, იმაზე მეტი ოდენობის თანხის მოთხოვნა შეუძლია ზეგანაკვეთური შრომის დროს.
კანონი ასევე ითვალისწინებს დამატებით დასვენების დღეების გამოყოფას ზეგანაკვეთური შრომის სანაცვლოდ.
დაირღვევა ხელშეკრულება, თუ მხარეები შეთანხმებიან, რომ მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომისთვის საშუალოდ გამოანგარიშებული ჯამაგირის ნახევარს მიიღებს მხარე, ან ამ ანაზღაურების გარეშე იმუშავებს ზეგანაკვეთურად?
ხელშეკრულება გულისხმობს მხარეების თავისუფალი ნების გამოვლენას. თუ მხარეები თანხმდებიან, მათ შეთანხმებას ენიჭება უპირატესობა, თუმცაღა უნდა ვიცოდეთ, რომ კანონი იცავს დასაქმებულს და მან არ უნდა მისცეს უფლება დამსაქმებელს იმაზე უარეს მდგომარეობაზე შეუთანხმდეს, ვიდრე ეს კანონშია მოცემული.
მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომის პირობებზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები. რამდენად აქვს დასაქმებულს იმის შანსი, რომ ამ დროს სასამართლო პროცესს მოიგებს?
მე ვურჩევდი, რომ ასეთ სიტუაციაში მიმართონ შრომის ინსპექციას. ინსპექციამ უნდა დაადგინოს შრომით ხელშეკრულებაში დარღვევები. შესაძლებელია ინსპექციისთვის ანონიმური ფორმით მიმართვაც. ინსპექციას შეუძლია საკუთარი ინიციატივით მიმართოს რომელიმე კომპანიას და შეამოწმოს. შესაბამისად, ვინაობის გამჟღავნების რისკი არ არის.
შრომის ინსპექცია სასამართლოსთან შედარებით უფრო სწრაფად სწავლობს საქმეებს. ვიცით, რამდენად გაჭიანურებულია მართლმსაჯულება – წლობით გრძელდება საქმეების განხილვა, მათ შორის, შრომითი დავები. ინსპექცია კი მარტივი მექანიზმია დარღვევის დასადგენად.
ინსპექციის ვალდებულებაა, შეამოწმოს შრომითი პირობები როგორია კომპანიაში, მათ შორის – რამდენად სწორად არის გაფორმებული ხელშეკრულებები, ასევე, აწარმოებენ თუ არა კომპანიები დროის ტაბელების შევსებას – კომპანიებმა მუდმივად უნდა აღრიცხონ თანამშრომლების მისვლა სამსახურში და სამსახურიდან გასვლა.
რამდენად მუშაობს პრაქტიკაში შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებები და ჯარიმები – რას ცვლის ეს?
ჩვენი დაკვირვებით, ეს მუშაობს. საიაშიც არის მომართვიანობა ამ კუთხით, რომ შრომის ინსპექცია შევიდა კომპანიაში, დაადგინა დარღვევა, დაჯარიმდნენ და კომპანიები ცდილობენ, იპოვონ გზები, როგორ გამოასწორონ ეს დარღვევები. კომპანიები დარღვევის დაფიქსირების შემდეგ ხშირად ცდილობენ იპოვონ იურისტები, რომლებიც მათ ხარვეზების გამოსწორებაში დაეხმარებათ.
ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არის მიღებული ეს ცვლილებები და დავუახლოვდით ევროპის სივრცეს. ქართული რეალობის მორგება ევროპულს სტანდარტთან, ბუნებრივია, მარტივი არ არის.
რა ეტაპზე მოგმართავენ ძირითადად დასაქმებულები და რის გამო?
ძირითადად მოგვმართავენ მაშინ, როცა ესა თუ ის პირი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია. თუ რამე ხარვეზი აქვს ხელშეკრულებას ან ხელშეკრულების გაფორმებამდე არ მოდიან იურისტებთან. არის შემთხვევები, როცა რეორგანიზაციის გამო გაათავისუფლეს პირი და რეალურად რეორგანიზაცია არ მომხდარა. რეორგანიზაცია გულისხმობს ფინანსების დაზოგვას, კადრების შემცირებას, ამ დროს ვნახეთ, რომ კადრები უცვლელი დარჩა. ამ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო გაათავისუფლეს ადამიანი სამსახურიდან, უკანონოდ.
ასევე იყო შემთხვევა, როცა კონკურენციის გამო გაუშვეს სამსახურიდან დასაქმებული – აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრი კონკურენტ სამშენებლო კომპანიაში დასაქმდა. ამ ადამიანს სთავაზობდნენ, თავად მას დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლაზე. ის ჩვენთან კონსულტაციაზე მოვიდა და ვურჩიეთ, რომ არ უნდა დაეწერა განცხადება. შემდეგ მან მაინც დაწერა განცხადება და სამსახური დატოვა. ამ პირმა საბოლოოდ მაინც მიმართა სასამართლოს იმ არგუმენტით, რომ აიძულეს სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაეწერა.
გვქონია დისკრიმინაციის შემთხვევაც, მათ შორის, საჯარო სამსახურებში პოლიტიკური მოტივაციის გამო. ამ შემთხვევებში დავა ძალიან დიდხანს გრძელდება და პრობლემურია დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოსამართლეების მხრიდან. თითქოს უჭირთ ხოლმე ამ კუთხით გადაწყვეტილებების მიღება, რომ ნამდვილად დისკრიმინაციასთან გვქონდა საქმე.
რა ნიშნით დისკრიმინაცია გვხდება?
განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაცია, სქესის ნიშნით, ასაკის ნიშნით… მაგალითად, ვაკანსიის გამოცხადების ეტაპზეც რიგ კომპანიებში თვლიან, რომ აუცილებელია გოგო უნდა იყოს 25 წლამდე, მაგრამ არ არის დასაბუთებული: რატომ?
პრობლემურია დაწინაურებაც – შესაძლოა, ადამიანი არ დააწინაურონ მხოლოდ იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება აქვს, ან იმიტომ, რომ ქალია.
რამდენად დიდია სასამართლოს მოგების შანსი, როცა ადამიანი სამსახურიდან უკანონოდ გაუშვეს?
არის მოგებული პროცესები და არის მორიგებით დასრულებული პროცესებიც, რადგან დასაქმებული იაზრებს, რომ დარღვევა მართლაც არსებობს და დიდხნიან დავას აჯობებს მორიგებას. დამსაქმებელი ასევე იაზრებს, რომ რაც უფრო იწელება დრო, იზრდება იმის შანსიც, რომ განაცდურის გადახდაც მოუწიოს.
ბათუმში ბოლო ასეთი დავა ეხებოდა მშენებლობაზე შრომის ანაზღაურებას – მშენებლებს ხელფასს არ ურიცხავდნენ. ამ შემთხვევაში დასრულება დაგვიანდა იმიტომ, რომ ხელოსნებს სამშენებლო მასალები არ მიაწოდეს. ამ დავის ფარგლებშიც მხარეები მორიგდნენ.
უვადოდ დასაქმებულად ვინ ითვლება და რა უპირატესობაა ეს?
30 თვით დასაქმების შემდეგ პირი ითვლება უვადოდ დასაქმებულად. ჩვენს რეალობაში, მოკლევადიან ხელშეკრულებებს აფორმებენ ძირითადად დამსაქმებლები: 3 თვე, 6 თვე, რაც არ არის სწორი. აუცილებელია, მინიმუმ ერთწლიანი იყოს ხელშეკრულება. გამონაკლისია სეზონური საქმიანობა ან როცა დასაქმებულს დროებით ანაცვლებს სხვა ადამიანი.
როგორც წესი, მოკლე ვადით ხელშეკრულებით დამსაქმებელი იტოვებს მექანიზმს, მარტივად გაუშვან ადამიანი სამსახურიდან. უვადოდ დასაქმების შემთხვევაში კი, ამ მექანიზმს ვერ გამოიყენებენ. უვადოდ დასაქმებულის გათავისუფლება ასე მარტივად ვეღარ მოხერხდება იმის გამო, რომ ხელშეკრულების ვადა ამოწურულია.
როცა ადამიანი ერთი და იგივე პოზიციაზე მუშაობს 30 თვეზე მეტი ვადით და შრომით ურთიერთობაში ცვლილებებია, ამ შემთხვევაში შესაძლოა გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, მაგრამ აქ ვადა საერთოდ აღარ უნდა იყოს მითითებული.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დასაქმების დროს, რომ ვიყოთ დაცული?
ჩემი მოწოდება იქნება, რომ ხელშეკრულება აუცილებლად გააფორმონ წერილობითი ფორმით. ეს მაღალი დაცვის გარანტიას ქმნის. წერილობით ხელშეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა არსებითი პირობა, რაც შრომის კოდექსშია მოცემული.
ხელშეკრულებაში ასევე უნდა იყოს მითითებული კონკრეტულად: ვადა, შრომის ანაზღაურების წესი, შვებულების და ზეგანაკვეთურის შრომის ანაზღაურება, მივლინების დაფარვა – ამ ნაწილს გულდასმით უნდა გაეცნოს დასაქმებული.
კიდევ ერთი ნაწილია შინაგანაწესი – როგორც წესი, კომპანიებს გააჩნიათ შინაგანაწესი და ხელშეკრულებებში წერია, რომ შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ხდება ხოლმე, რომ ამ შინაგანაწესს არ ეცნობიან მხარეები. ხელშეკრულების დადების დროს უნდა მოვითხოვოთ შინაგანაწესის გაცნობაც, რადგან შესაძლებელია, იქ უფრო ჩაშლილი იყოს პირობები დეტალურად, ან რამე ისეთი ეწეროს, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
გათავისუფლების დროს კი, უნდა მოვითხოვოთ დასაბუთება – ერთთვიანი ვადა არსებობს, რომ ამ მოთხოვნით მივმართოთ დამსაქმებელს, შემდეგ კი, 7 დღე აქვს ვადა დამსაქმებელს, რომ დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. პასუხის მიღებიდან ერთთვიანი ვადაა გათვალისწინებული იმისთვის, რომ მხარემ მიმართოს სასამართლოს.
კომპანია „სოკარის“ ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისის 01:00 საათიდან 17 ივნისის 11:00 საათამდე ქობულეთის მუნიციპალიტეტში რუსთაველის ქუჩის, აღმაშენებლის ქუჩის, შახტიორის უბნის, პარკის უბნის და ფიჭვნარის უბნის აბონენტებს გაზმომარაგება შეუწყდება.
გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებია.
„სოკარი“ აცხადებს, რომ აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] დოკუმენტის მომზადებაზე მუშაობს.
სამინისტრომ სკოპინგის განცხადებით გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტომ უკვე მოამზადა სკოპინგის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ექნება შესასწავლი და დასაზუსტებელი.
„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ, კონცეფციის სგშ-ის ანგარიში სავალდებულოა მომზადდეს სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის შესაბამისად“ – აღნიშნულია სააგენტოს დასკვნაში.
კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „გოდერძის უღელტეხილი და მისი შემოგარენი არაერთ კულტურულ ძეგლს აერთიანებს. დამახასიათებელი ტრადიციული აჭარული სახლების ნაწილი მიტოვებულია, თუმცა შესაძლებელია ამგვარი ძველი ტრადიციული სახლების აღდგენა და მათი ტურისტული მიზნებისათვის გამოყენება“.
ის არეალი, რიმლის განვითარებაც აღნიშნული კონცეფციის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, მოიცავს ბუნების ძეგლის – გოდერძის ნამარხი ტყის ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთსაც.
ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ კონცეფციის მიხედვით, „ბუნების ძეგლების კატეგორიაში გამოირჩევა გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს არსებული, კავკასიაში ერთადერთი „გოდერძის ნამარხი ტყე“, რომელსაც მინიჭებული აქვს „ბუნების ძეგლის“ ოფიციალური სტატუსი. ამის მიუხედავად, ძეგლის ტერიტორიაზე გამოყოფილი იყო ტყეკაფები და გატარებულია სატყეოს გზები. შედეგად, გაჩნდა მეწყრები და მცირე ზომის მეწყრული საფეხურები.“
სააგენტოში კი მიიჩნევენ, რომ ამ ნაწილში „საჭიროა მითითებული იყოს, რომ გოდერძის ნამარხ ტყეს 2013 წლიდან მინიჭებული აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი და გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების შემდგომ ტერიტორიაზე არ განხორციელებულა ტყეკაფების გამოყოფა და სატყეო გზების გაყვანა.“
ბეშუმის განვითარების კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმაში“ – მწირია ინფორმაცია ბუნების ძეგლის შესახებ და მითითებულია გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლისათვის მენეჯმენტის გეგმის მომზადების საჭიროება.
სააგენტოს დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ „დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა მოიცავს ადმინისტრაციას მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებს. შესაბამისად, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი უკვე იმართება „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილისა და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლის მენეჯმენტის გეგმის“ შესაბამისად.
[toggle title=”იმის სანახავად, თუ რას უნდა მოიცავდეს სგშ-ს ანგარიში, დააწკაპუნეთ აქ”]
სგშ-ს ანგარიშის მომზადებისთვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი [სკოპინგის დასკვნის მიხედვით]:
სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს სხვადასვა ინფორმაციას, მათ შორის:
ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სკოპინგის განცხადებაში მითითებული (განსაზღვრული, ჩასატარებელი) კვლევების შედეგები, მოპოვებული და შესწავლილი ინფორმაცია; სტრატეგიული დოკუმენტისთვის საკვანძო გარემოსდაცვითი საკითხები და სგშ-ის პროცესში შესწავლილი ზემოქმედებები;
უნდა შეფასდეს გეგმის სხვადასხვა სექტორულ და მულტისექტორულ სტრატეგიულ დოკუმენტებთან კავშირი;
სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია, თარიღების, განხილული საკითხებისა და სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესში მიღებული შენიშვნების გათვალისწინების შესახებ.
გეოლოგიური ნაწილი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით: რელიეფი (გეომორფოლოგია); გეოლოგიური აგებულება; სეისმური პირობები; ჰიდროგეოლოგიური პირობები; საინჟინრო-გეოლოგიური პირობები; გეოლოგიური საფრთხეების შეფასება, შესაბამისი ზონირების რუკის შემუშავებით.
სგშ-ს ანგარიშში უნდა აისახოს ზურმუხტის ქსელზე ზემოქმედების შეფასება (ზზშ), იმ სახეობებისა და ჰაბიტატებისთვის, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა ზურმუხტის ქსელის დამტკიცებულ „Goderdzi – GE0000026“ საიტი, რომელსაც ემთხვევა სტარტეგიული დოკუმენტის განხორციელების ტერიტორიის ნაწილი.
ნარჩენების მართვის საკითხები წარმოდგენილი უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.
მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გამართული ფუნქციონირება. აგრეთვე, მუნიციპალური ნარჩენების წყაროსთან სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა.
დეტალურად უნდა იყოს აღწერილი სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების ტერიტორიაზე წყალმომარაგების და ასევე ჩამდინარე წყლების მართვის საკითხები.
სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს განაშენიანების პარამეტრები, სიმჭირდოვეები, შეზღუდვები, შენობებისთვის დასაშვები სიმაღლის ზღვრები.
უნდა აისახოს ინფორმაცია საკურორტო-სარეკრეაციო ქვეზონის (შზ-4) შემადგენელი ნაწილების – საკუთრივ „კურორტი ბეშუმის“ და საკურორტო სექტორების (A, B, C) განაშენიანების პარამეტრების, მათზე დაგეგემილი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების, ფუნქციისა და შეზღუდვების შესახებ.
სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ლანდშაფტის დაცვის კონცეფციით განსაზღვრული მწვანე ტერიტორიის ოთხივე ზონისთვის დადგენილი შეზღუდვების და ნებადართული საქმიანობების შესახებ. სგშ-ის ანგარიშში განისაზღვროს აღნიშნული “მწვანე ტერიტორიების” წილი მთლიან გეგმარებით არეალზე.
სგშ-ის ანგარიშში აისახოს ლანდშაფტის მნიშვნელოვანი ან დამახასიათებელი თვისებების კონსერვაციისა და შენარჩუნების საკითხები, მათ შორის ტერიტორიის სამომავლო განვითარების ადაპტირება არსებულ ბუნებრივ და სახეცვლილ ლანდშაფტთან, უხეში ჩარევის გარეშე. უნდა აისახოს ინფორმაცია საფეხმავლო ინფრასტრუქტურის (ბილიკები, ტროტუარები) შესახებ.
სგშ-ის ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედების თაობაზე, შესაბამისი პრევენციული და შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით;
სგშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შემთხვევაში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილების, შერბილებისა და კომპენსირებისათვის;
ანგარიშში უნდა აისახოს ინფორმაცია ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ნაკადის ზრდის გათვალისწინებით, გარემოზე ზემოქმედების შესახებ;
განხილული, შეფასებული და შედარებული უნდა იყოს ალტერნატივები სტრატეგიულ, გეგმარებით და კონკრეტულ დონეზე.
ანგარიშში უნდა აისახოს პოტენციური ტურისტული მარშრუტები და ბილიკები, ასევე განისაზღვროს ტურისტული აქტივობების ლიმიტები/პირობები.
წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, გზებისა და ხიდების (ასეთის შემთხვევაში) მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე ატმოსფერულ ჰაერზე და გარემოს სხვა კომპონენტებზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ;
სგშ-ის ანგარიშში ასახული უნდა იყოს სტრატეგიული დოკუმენტით გათვალისწინებული სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და განსახორციელებელი საქმიანობების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია (მათ შორის ვერტოდრომი, ავტომობილების პარკინგი, ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, სასმელი წყლის რეზერვუარები, ქვესადგური, ჰიდროელექტროსადგური, ავტოგასამართი სადგური, თხევადი გაზის რეზერვუარი/გაზმომარაგების მანქანის სადგომი, სამთოსათხილამურო ტრასები, საბაგიროები).
[/toggle]
კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა, ხულოს მერიის განცხადებით, ხულოში 2023 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. კონცეფციის შესახებ მოსაზრებები დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ ელ. ფოსტაზე info@khulo.gov.ge.
რაც შეეხება სგშ-ს, ეს არის სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურა, რომელიც მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას სტრატეგიული დოკუმენტის მიღებისას.
გოდერძის ნამარხი ტყე, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან, სოფელ უტყისუბნიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც, სოფელ რიყეთამდე. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია.
„მგონია, რომ ეს ყველაფერი მაინც მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ… ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა,“ – მიიჩნევს გერმანიაში მცხოვრები ქართველი მკვლევარი მიხეილ სარჯველაძე. მას ირაკლი ღარიბაშვილის ოლაფ შოლცთან შეხვედრის შესახებ ვესაუბრეთ – რა გამოჩნდა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან?
„როგორც ვხედავთ გერმანულ-ფრანგული ტანდემი გააქტიურდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე… როცა ასე რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, საქართველომ ეს უნდა გამოიყენოს, მაგრამ საქართველო ამას მიზანმიმართულად არ იყენებს და ახდენს ევროინტეგრაციის საბოტაჟს,“ – მიიჩნევს მიხეილ სარჯველაძე.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შოლცის „ყვითელ ბარათს“ საქართველოსთვის? – „ბათუმელებმა“ მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა, ის უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გერმანული ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარია.
ბატონო მიხეილ, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქში წერდით: „ეს ყველაფერი საქართველოსთვის ყვითელი ბარათის ჩვენებას უფრო ჰგავს“. რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება?
ეს შთაბეჭდილება შეხვედრამდეც გამიჩნდა, იმიტომ, რომ როგორც ჩანს, ეს ვიზიტი მოჰყვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის – მიჰაელ როტის ვიზიტს საქართველოში. სწორედ მან გააკრიტიკა პირველმა საქართველოს მთავრობა და დაწერა, რომ საქართველომ უნდა გაარკვიოს ურთიერთობები ნატოსა და ევროკავშირთან, რადგან მისთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ იმეორებდა ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ პრპაგანდისტულ გზავნილს როტის ეს განცხადება მოჰყვა პრემიერის განაცხადს, რომ უკრაინაში ომი დაიწყო უკრაინის სურვილის გამო – გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადება გერმანიის ხელისუფლებისთვის სხვა მიზეზებთან ერთად სავარაუდოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ეს შეხვედრა მოეწყოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ამ შეხვედრას არ მოჰყოლია პრესკონფერენცია. მსგავსი შეხვედრების სხვადასხვა ფორმატი არსებობს, თუმცა პრესკონფერენცია რადგანაც არ იყო, გამოდის, რომ რაზეც დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს შოლცმა და ღარიბაშვილმა, არ იყო ფართო საზოგადოებისთვის განკუთვნილი. ეს მანიშნებელია იმის, რომ შეხვედრაზე განხილული თემები პრემიერ-მინისტრისთვის არცთუ ისე სასიამოვნო იქნებოდა.
ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვნახეთ კანცლერის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც ცხადად იყო მითითებული თემები, რომლებიც შეხვედრაზე განიხილეს და ეს თემები ეხებოდა საქართველოს, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას. განცხადებაში დაკონკრეტებული იყო, რომ საქართველომ სწრაფად უნდა გაატაროს რეფორმები შემდეგ კვირებში, ანუ უახლოეს მომავალში და საქართველოს ხელისუფლებამ რეალურად და სწრაფად უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები, თუ სურს მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუმცა გერმანიის სრული მხარდაჭერა კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ საქართველოს ხელისუფლება კანცლერის მოწოდებებს გაითვალისწინებს.
ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში სამი საკითხი – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენა, რეფორმების გატარების აუცილებლობა და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობა კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად -ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა.
ეს რომ „ყვითელი ბარათი“ არ ყოფილიყო, კანცლერის ადმინისტრაციის განცხადებაში ეს საკითხები ასე ღიად გამოყოფილი არ იქნებოდა.
მიხეილ სარჯველაძე
„ყვითელი ბარათი“ უფრო რუსეთისთვის? ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ღიად უცხადებს მხარდაჭერას საქართველოს.
ვფიქრობ, რომ „ყვითელი ბარათი“ უპირველეს ყოვლისა განკუთვნილი იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რუსეთისადმი გზავნილი მოვისმინეთ 2023 წლის მარტში, როცა საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა. მაშინ მართლაც ისტორიული წინადადება თქვა ანალენა ბერბოკმა, რომ ქართველი ხალხის ადგილი არის ევროკავშირში.
მსგავსი წინადადების მოსმენას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან სამი ათწლეული დასჭირდა. ყველაფერი შეიცვალა უკრაინის ომის კონტექსტში.
გერმანია ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოს ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის მიმართ. წარმოიდგინეთ, გერმანიის ბუნდესტაგის ბოლო არჩევნებზე 2021 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობაც კი, არ ყოფილა პარტიების პროგრამებში ერთ-ერთი პრიორიტეტი. მხოლოდ „მწვანეთა პარტიამ“, რომელსაც ახლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს, ძალიან მოლედ აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით, რომ იგივე ტრიოს ქვეყნების მომავალი არის ევროპაში. დანარჩენი პარტიებისთვის კი, აღმოსავლეთ პარტნიორობა მხოლოდ გაკვრით იყო ნახსენები პარტიულ პროგრამებში.
როცა ასე რადიკალურად იცვლება მდგომარეობა, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, მაგრამ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არ იყენებს ამ შანსს და ფაქტიურად ახდენს ევროინტეგრაციის საბოტაჟს. სხვა სახელს ამ ყველაფერს ვერ დავარქმევთ. ეს ასე აღიქმება გერმანიასა და ბერლინშიც.
ამიტომაც, ეს იყო გაფრთხილება, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს ეს საბოტაჟი, შეცვალოს დესტრუქციის პოლიტიკა და გადაერთოს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
გაფრთხილებაში რა იგულისხმება? ფიქრობთ, რომ გერმანია განიხილავს ივანიშვილის ან ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას?
სპეკულაცია იქნება ჩემი მხრიდან, ვისაუბრო სანქციებზე, თუმცა გამორიცხული არაფერია.
როგორც ვხედავთ, გერმანულ-ფრანგული ტანდემი განსაკუთრებით გააქტიურდა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. დღეს, 12 ივნისს, დაგეგმილია „ვაიმარის სამკუთხედის“ ფარგლებში პოლონეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა პარიზში. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ხმა გაძლიერებულია პოლონეთის სახით. გერმანიაში საქართველოს შესახებ ბევრი საკითხი დაგროვდა, რომელიც გერმანიის მთავრობის თუ ცალკეული პარტიების გადმოსახედიდან პრობლემატურია. ეს იყო კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, მეორეა ის, რომ„ქართულმა ოცნებამ“, მართალია, დამკვირვებლის სტატუსით იყო, მაგრამ მაინც დატოვა ევროპელი სოციალისტების პარტია. ამას დაემატა ანტიდასავლური რიტორიკა და ყველაზე მნიშვნელოვანი: გერმანიაშიც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ხელს უწყობს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. თუ ეს დადასტურდა, საქართველო კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
გერმანიის მხარდაჭერა უსასრულოდ არ გაგრძელდება. ეს დამოკიდებულია საქართველოზეც. თუ საქართველო არ გამოიყენებს შესაძლებლობების ფანჯარას, რაც ახლა არსებობს უკრაინის დამსახურებით, არ ვიცით, მომავალში გვექნება თუ არა კიდევ ერთხელ მსგავსი შანსი.
გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ საქართველოს მთავრობა და შიდა პოლიტიკა უფრო ავტორიტარული მიმართულებით განვითარდება, რაც კიდევ უფრო მეტად დააბრკოლებს ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვხედავთ, რომ ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების პარალელურად, „ქართული ოცნებისთვის“ უფრო და უფრო მიუღებელი ხდება ამ პროცესით განპირობებული ძალაუფლების გადანაწილების აუცილებლობა. მმართველი პარტია და ზოგადად საქართველოს ხელისუფლება ამ ფონის გათვალისწინებით ერთგვარად თავდაცვის რეჟიმზეა გადასული.
შოლცისა და ღარიბაშვილის შეხვედრა ბერლინში. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN
რას აჩვენებს გერმანიის გააქტიურება საქართველოს მიმართ და რა შეიძლება ამან შეცვალოს?
ეს მიუთითებს იმას, რომ გერმანიამ რადიკალურად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძიერეულ ცვლილებებს ნიშნავს.
ეს მიუთითებს იმაზეც, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინის ომმა გააერთიანა თუნდაც იმ ღირებულებების ირგვლივ, რომელსაც ევროკავშირი ეყრდნობა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი სახელმწიფოებიც იყვნენ სოლიდარულები უკრაინასთან მიმართებით, იზიარებდნენ საერთო ღირებულებებს და მინიმუმ არ იმეორებდნენ რუსულ ნარატივს.
ამიტომაც, აქ საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დადგომაზე, იმ ქვეყნების და ალიანსების მხარეს, რომლებში ინტეგრაციაც საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი, როგორც უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიზანი. პრაქტიკულ დონეზე, კი საქართველო აცხადებს, რომ ის პროდასავლური სახელმწიფოა, თუმცა რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული თვითდაქვემდებარების პოლიტიკას აწარმოებს. საქართველომ, როგორც მცირე სახელმწიფომ შეზღუდული რესურსებით და რთული გეოპოლიტიკური მდებარეობით, ფიზიკურად შეუძლებელია, გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი მულტივექტორული საგარეო პოლიტიკის წარმოება შეძლოს.
რა მექანიზმი აქვს იგივე გერმანიის მთავრობას, რომ შოლცის„ყვითელ ბარათს“ ჰქონდეს ეფექტი?
ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს დასწრების ეფექტით. გაგახსენებთ, რომ ახლო წარსულში ევროკავშირის მაკრო-ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა საქართველოს ხელისუფლებამ და დაასწრო ევროკავშირს იმ არგუმენტით, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, თუმცა კი, მალე აზიის განვითარების ბანკისგან 100 მლნ. დოლარის ოდენობის სესხი მიიღო.
ახლაც „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო ევროპელი სოციალისტების პარტიას, რომელიც აპირებდა „ქართული ოცნების“საკითხის გადახედვას პრემიერის კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) გამო და თავად დატოვა ეს პარტია. ჩვენ ვხედავთ, რომ პირობითობის პრინციპი შედარებით შედარებით სუსტად ფუნქციონირებს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით, რადგან მმართველი პარტიის პრიორიტეტს არა სახელმწიფო, არამედ ვიწრო, კერძო ინტერესები წარმოადგენს.
გერმანია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, როცა საქმე ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ კავშირებს და გერმანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ გადაუხვიოს დემოკრატიული გზიდან.არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოსახდენადერთ-ერთი მეთოდი იყოს სანქციები „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად აისახა შოლცთან შეხვედრა საქართველოს მთავრობაზე?
ვერ ვხედავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად შეცვალა რიტორიკა, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს იყო „შესანიშნავი შეხვედრა“ მაშინ, როცა ეს არ ყოფილა „შესანიშნავი“ შეხვედრა – იქ პრობლემებზე იყო საუბარი. მე ვერ ვხედავ ამ ყველაფრის გამოსწორების სურვილს ვერც შოლცთან შეხვედრის შემდეგ და არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს აისახება 12 რეკომენდაციის შესრულებაზე.
„ქართული ოცნების“ რიტორიკაში უკვე დიდი ხანია ვხედავთ პროპაგანდისტულ ხაზს, რომ დასავლეთი და უკრაინა მიიჩნევა „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილად. ეს არის დღეს „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ საქართველოს მთავრობა ომს არიდებს ქვეყანას თავიდან და საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს უკრაინა, ევროკავშირი და ნატო. რეალურად კი ილუზიაა, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს კრემლში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. თავად გერმანიამ ვერ შეძლო შეეჩერებინა ომი უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ევროპაში ათწლეულების მანძილზე რუსეთის “ადვოკატად“ ითვლებოდა.
ამ რიტორიკის შედეგია ისიც, რომ შოლცთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობის განცხადებაში არ იყო აღნიშნული უკრაინაში მიმდინარე ომი, რაც არ არის ახალი – როდესაც საუბარია ისტორიის სწორ მხარეს დადგომაზე, თუ „ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკას გააგრძელებს, როცა ომი დასრულდება, საქართველო აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში და რუსულ ორბიტაზე. ჩვენ უკვე ვხედავთ პრაქტიკულ შედეგებს „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკის, როცა საქართველო ფაქტობრივად უკვე ამოვარდნილია ტრიოდან [საქართველო, უკრაინა, მოლდოვა]. როგორც ვხედავთ, რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დიდია იმის შანსი, საქართველომ კანდიდატის სტატუსიც ვერ მიიღოს. თუ ასე მოხდება, საქართველო საბოლოდ ჩამორჩება ტრიოს და გაუჭირდება ჩამორჩენის აღმოფხვრა.
ჩვენ ვერ ვხედავთ ასევე საქართველოს მთავრობის აქტიურობას, როცა საქმე ეხება ნატოში ინტეგრაციას.
ნატო ემზადება ვილნიუსის სამიტისთვის, მაგრამ სამიტამდე დისკუსიაში არ იკვეთება საქართველოს მისწრაფება, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. საქართველო ჩახსნილია დასავლურ ალიანსებში ინტეგრაციისთვის საჭირო მატარებელს, რომლის ლოკომოტივი უკრაინაა.
ჩვენ პირიქით ვხედავთ კონტრპროდუქტიულ ქმედებებს, როცა საქართველოს მთავრობა პირიქით ცდილობს, ხელი შეუშალოს აღნიშნულ პროცესს.
საქართველო, საგარეო პოლიტიკური პასიურობის გამო, ჩრდილშია მოქცეული და მთლიანი საგარეო პოლიტიკა მხოლოდ საშინაო პოლიტიკურ დისკურსზეა მორგებული. ეს პასიური პოლიტიკა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვერ აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიზნებზე, რომლებიც გაწერილია ჩვენს კონსტიტუციაში.
თქვენი დაკვირვებით, რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ხელისუფლების ამგვარი პოზიციონირება?
გერმანია და ევროკავშირი ითხოვს, რომ საქართველომ უახლოესი კვირების მანძილზე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. შუალედური შეფასება მზადდება ევროკავშირის მიერ და თუ საქართველომ ახლა თუ არ იმოქმედა, ბუნებრივია, შეფასება პოზიტიური ვერ იქნება. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ: „ქართული ოცნების“ რიტორიკის მიხედვით, დეოლიგარქიზაციის კანონი არ ეხება ბიძინა ივანიშვილს, რაც ევროპულ დედაქალაქებში და მათ შორის ბერლინში, წარმოუდგენელი მიდგომაა. არ შეიძლება, რომ ადამიანს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცებას და ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს ასრულებს, არ ეხებოდეს ანტიოლიგარქიული კანონი.
ამიტომაც, არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ თუნდაც მედიაგარემოს გაუმჯობესების კუთხით გააქტიურდება, ან პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებას ეცდება. კარგი მაგალითია, თუნდაც ახალი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი, რეალურად დამოუკიდებელი ვერ იქნება, რადგან მის ხელმძღვანელს ირჩევს პრემიერ-მინისტრი. ერთი ადამიანის ინტერესების სახელმწიფოს ინტერესებზე წინ დაყენება, ამჟამად საქართველოს უდიდესი გამოწვევაა, რომელიც როგორც ვხედავთ ქვეყნის მომავალს განაპირობებს.
ხელისუფლების ეს რიტორიკა რა გზავნილია თქვენთვის – რამდენად შეიძლება ჰქონდეს გავლენა სანქციებს?
წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, თუმცა თუ ავიღებთ მოსამართლეების დასანქცირების მაგალითს, ვნახავთ, რომ ამ შემთხვევაში მოსამარლეებისთვის დიდ ტრაგედიას ეს არ წარმოადგენს – მათთვის მთავარია შიდაპოლიტიკური გარემო და საკუთარი ძალაუფლების უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მიზანია, გაიმყაროს ძალაუფლება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საქართველოს ავტომატურად წაიყვანს ავტორიტარული მიმართულებით. ეს სანქციებისადმი გარკვეული მზაობასაც გულისხმობს.
შესაძლოა, ეს დაეხმაროს ივანიშვილს, რომ უზრუნველყოს საკუთარი ძალაუფლება – თუმცა ის საქართველოს რუსეთის ბუნებრივ მოკავშირედ აქცევს. რუსეთს განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირდება იმისთვის, რომ საქართველო ისევ საკუთარ ორბიტაზე მოაქციოს.
მიგაჩნიათ, რომ ესეც დილემაა ევროკავშირისთვის, სანქციები დაუწესონ თუ არა ბიძინა ივანიშვილს?
უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირი დგას დილემის წინაშე, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული პოლიტიკის მიუხედავად, მისცეს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რაც ერთგვარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება იყოს ევროკავშირის მხრიდან. დაუშვებელია, რომ ამ ფონზე საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად უშლის ხელს ევროკავშირს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ.
____________________
ფოტოზე: 9 ივნისი, ბერლინი. გერმანიის კანცლერი ელოდება ირაკლი ღარიბაშვილს. ფოტო: EPA-EFE/CLEMENS BILAN
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა დღეს, 12 ივნისს, ტვიტერზე წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტიური იმიჯი მზარდი კრიტიკის ფონზე.
„შოიგუმ სულ მცირე ორი კომენტარი გააკეთა რუსეთის თავდაცვითი ოპერაციების შესახებ და ასევე, აშკარად გაზვიადებული განცხადება გააკეთა უკრაინის დანაკარგებთან დაკავშირებით. ეს განსხვავდება ომის სხვა მომენტებისგან, როცა შოიგუ ქრებოდა საჯარო სივრცეებიდან“ – წერს დაზვერვა.
ასევე, დაზვერვა აღნიშნავს, რომ შოიგუმ მოუწოდა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიას, გააორმაგოს ძალისხმევა და გააკრიტიკა დასავლეთის სამხედრო ოლქის ოფიცრები იმის გამო, რომ სარეზერვო ჯავშანტექნიკა ფრონტზე საკმარისად სწრაფად არ გაგზავნეს.
„შოუგუ, სავარაუდოდ, აცნობიერებს პოზიტიური იმიჯის შენარჩუნების აუცილებლობას ზოგიერთი მისი თანამემამულის სულ უფრო ღია კრიტიკის ფონზე“ – წერს დაზვერვა.
„ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღების დეფიციტია და პრაქტიკულად, ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი, სამი საბავშვო ბაღი, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ დაკეტილია და ახლა დამატებით ხარჯავენ მილიონებს“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ესენია: ბათუმის მე-13, 31-ე და 33-ე საბავშვო ბაღები.
რეზო ხარაზის თქმით, მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 747 ათას 658 ლარი დაიხარჯა, თუმცა შენობა ერთ წელიწადში ავარიულად გამოაცხადეს და სამი წელია დაკეტილია.
„ახლა შენობის აღდგენაზე დამატებით მილიონ 218 ათას 509 ლარია გამოყოფილი.
31-ე საბავშვო ბაღზე 892 ათას 258 ლარი დაიხარჯა. დღეს კი, დამატებით ერთი მილიონ 170 ათას 899 ლარი უნდა დახარჯონ ისევ. თითქოს გაარემონტეს და ახლა, ბაღი თავიდან გასარემონტებელია.
დღეს ვიყავი 33-ე საბავშვო ბაღთანაც, რომელიც 2018 წელს გაიხსნა და ერთი მილიონ 998 ათას 427 ლარი დახარჯეს. თუმცა, გახსნიდან მალევე გაუჩნდა ბზარები შენობას, ახლა, როგორც ვიცით, ბიუჯეტიდან ისევ გამოყეს ერთი მილიონ 753 ათას 296 ლარი“ – ამბობს რეზო ხარაზი.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მან გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ უწყებას მოკვლევაც კი არ დაუწყია.
„ახლა ვაპირებთ მივმართოთ ანტიკორუფციულ სამსახურს და გვაინტერესებს, დაიწყებენ თუ არა მოკვლევას ამ ფაქტებზე“ – ამბობს რეზო ხარაზი.
ბათუმის ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ ვერ უთხრეს, ზუსტად რამდენი ბავშვია საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბათუმში ბოლო მონაცემებით. გაერთიანების დირექტორი დათო დიასამიძე ამბობს, რომ კვირის ბოლომდე მონაცემებს დაამუშავებენ და ზუსტად ეცოდინებათ ეს რიცხვი.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოებს, მისი თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღები სექტემბრისთვის გაიხსნება.
„ყოველწლიურად 3-4 ბაღი უნდა გარემონტდეს, რათა დავაკმაყოფილოთ ავტორიზაციის მოთხოვნები.
130-მდე ადგილი გვაქვს ბაღებში: თამარის დასახლებაში, მახინჯაურსა და ჩაქვში, მაგრამ ბავშვები არ მიდიან. ტრანსპორტირებასაც ვთავაზობთ, მაგრამ…
ახლა სარემონტოდ ვუშვებ მე-14, მე-4 ბაღს და ეს ბავშვები უნდა გადანაწილდნენ.
ახალი ბაღი გაიხსნება ჩაქვში, ცენტრთან მისვლამდე, ერთი ბარცხანაში და მესამე „აგროჰაბის“ უკან, ბაგრატიონზე, ყველა არის ცხრაჯგუფიანი ბაღი“- ამბობს დათო დიასამიძე.
მისი თქმით, მე-13, 33-ე და 31-ე საბავშვო ბაღები მშენებლებმა 15 სექტემბრისთვის უნდა ჩააბარონ. „31-ე შეიძლება 15 დღე დაგვიანდეს და დანარჩენი ჩაგვბარდება“ – ამბობს დიასამიძე.
საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია 2030 წელს უნდა გაიარონ.
„უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე სამ ადგილას და მიაღწიეს ტერიტორიულ გამარჯვებას 10 და 11 ივნისს“ – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 11 ივნისის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები ეყრდნობიან უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის რაიონში, ხოლო რუსული წყაროები წერენ, რომ უკრაინის სახმელეთო შეტევები გრძელდება ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე.
„გეოლოკაციური კადრები და რუსული წყაროები აჩვენებდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დონეცკის ოლქის დასავლეთით. რუსული წყაროების ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეტევას ორიხოვის სამხრეთ-დასავლეთით ზაპოროჟიას ოლქში და უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს წარმატებას ამ მხარეში“ – წერია მიმოხილვაში.
ISW-ი ასევე წერს, რომ ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცრისფერ ზონაში“ ან სადავო ტერიტორიებზე და უკრაინული ძალები მოქმედებენ იმ ადგილებში, რომლებიც რუსეთს სრულად არ ჰქონდა დაკავებული. „რუსული წყაროები უკრაინის ტერიტორიულ წინსვლას, სავარაუდოდ, მოიხსენიებენ როგორც „ნაცრისფერი ზონების“ ხელში ჩაგდებას, რათა შეამცირონ უკრაინის მიღწევები და არ გაავრცელონ ინფორმაცია უკრაინული ძალების მიერ რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შესახებ“ – წერენ ანალიტიკოსები.
ISW-ი ასევე წერს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს კრემინას სამხრეთით, ასევე შეტევა გრძელდება ბახმუტის ირგვლივ და ავდიივკა-დონეცკის ხაზზე.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს დღეს, 12 ივნისს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 35-ე ბრიგადის კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალარის განცხადებებზე დაყრდნობით.
„ოდესის საზღვაო ქვეითებმა, კონტრშეტევის ფარგლებში, გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე, რომელიც ოკუპირებული იყო 2022 წლის მარტიდან.
დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე რაშისტი განადგურდა, ოთხი ტყვედ აიყვანეს. დღეს ისევ ფრიალებს ეროვნული დროშა და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“.
უკრაინის საზღვაო ქვეითებმა კონტრშეტევა დილის 5 საათზე დაიწყეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების არტილერიით პასუხის მიუხედავად, უკრაინელებმა მოახერხეს ინიციატივის საკუთარ ხელში აღება.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), ღია მონაცემებზე დაყრდნობით, თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ჯარებმა აიღეს ბლაგოდატნოე, მაკაროვკა და ამ ადგილას მდებარე სულ მცირე ორი სოფელი, მათ შორის არის სტოროჟევოეც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 216 180 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +540]
ტანკი – 3 931 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 7 636 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 3 746 ერთეული [+10]
MLRS – 601 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 362 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 307 ერთეული [+7]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 183 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 471 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 510 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 12 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
442 თვითმფრინავი
238 ვერტმფრენი
4 579 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 915 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 093 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 905 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბათუმში, ფიროსმანის #21-ში კიდევ ერთი ცათამბჯენის მშენებლობა დააანონსეს. პროექტის პრეზენტაციას ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.
პრეზენტაცია ერთ-ერთმა სახელისუფლებო არხმა გააშუქა. როგორც ჩანს, კომპანიამ, რომელსაც სახელმწიფოსთან ვალდებულება აქვს და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, სხვა მედიების მიწვევა საჭიროდ არ ჩათვალა.
სიუჟეტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე ამ პროექტის გამო ძალიან გახარებულები არიან.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე პრეზენტაციაზე
ფიროსმანის #21-ში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ბრძანებას არჩილ ჩიქოვანმა ხელი 2023 წლის თებერვალში მოაწერა. ნებართვა შპს „ბიჩ ბილდინგ ბათუმმა“ მიიღო.
რენდერი
ბრძანების მიხედვით, შენობის კონსტრუქციული სიმაღლე 144 მეტრი იქნება, ხოლო სართულების რაოდენობა – 44.
სამშენებლო ფართობი – 3769 კვ.მეტრი ფიროსმანის #21-ში აჭარის მთავრობამ პირობიანი აუქციონის წესით 2016 წელს გაყიდა.
აუქციონიდან მალევ მიწის ნაკვეთი რამდენჯერმე გადაყიდეს.
მიწის ნაკვეთის თავდაპირველი მყიდველი „ჯეო დეველოპმენტი“ იყო. ამ კომპანიას უკრაინის მოქალაქე ნატალია ტოვაჩი ფლობდა. ქონების შესყიდვიდან ცოტა ხანში მან სიმბოლურ ფასად, 100 ლარად კომპანიის ასივე პროცენტი ირაკლი სირაძეს გადაუფორმა. 2018 წელსვე „ჯეო დეველოპმენტის“ ასივე პროცენტის მფლობელად „ორბი ჯგუფი“ დარეგისტრირდა.
შპს „ბიჩ ბილდინგ ბათუმმა“ მიწის ნაკვეთი 2022 წლის მარტში იყიდა „ორბი ჯგუფისგან“, შემდეგ კი მშენებლობის ნებართვაც მიიღო.
2023 წლის მარტიდან ქონება შპს „პრემიუმ მეტროპოლ ინკ“-ის საკუთრებაა – კომპანიის 75 პროცენტი, მშენებლობის ნებართვის მფლობელს „ბიჩ ბილდინგს“ ეკუთვნის. 25 პროცენტი კი შპს „პრემიუმ ჯგუფს“ საკუთრებაა.
„პრემიუმ ჯგუფი“ ჯემალ ჩურუკბას ეკუთვნის. შპს „ბიჩ ბილდინგს“ კი რამდენიმე მესაკუთრე ჰყავს, მათ შორის არიან გოგა ხაჩიძე, ვანო გიგლემიანი, კნიაზ დასენი [ორმაგი მოქალაქეობა საქართველო რუსეთი] გიორგი ჩხეიძე, კობა გიგლემიანი, ლევან ახვლედიანი, თემურ მიქელაძე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ივნისის 21 საათიდან 12 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარის რეგიონში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 21 – 26 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მთაში:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +19 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 13-14 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში ზოგან ხანმოკლე წვიმა.
მთავარი ფოტო: ბათუმი / გურამ მურვანიძე/ბათუმელები /26.05.2023
ქობულეთის საკრებულო 14 ივნისის სხდომაზე 5 სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და კონცეფციის წარდგენას გეგმავს. დოკუმენტი განაშენიანების არეალში გარკვეული კვლევების მომზადებას ითვალისწინებს, რაზეც დავალებას მერია გასცემს.
წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სპეციალისტები წერენ, რომ ქობულეთის სანაპიროს წარეცხვისგან დაცვა სჭირდება.
„ანთროპოგენურმა ზემოქმედებამ და ფართო მასშტაბიანმა ტექნოგენურმა დატვირთვამ უარყოფითი გავლენა იქონია ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე მორფოდინამიკურ პროცესებზე, რომელიც ნაპირების წარეცხვაში და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა…
დატვირთვა ყველაზე მეტად შეეხო ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს. პლაჟი ბუნებრივი ნაპირდამცავი მექანიზმია, რომელიც იცავს სანაპიროზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებს ნგრევისა და წარეცხვისაგან. აქედან გამომდინარე, ქობულეთის ურბან-მენეჯმენტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ზღვის ნაპირის წარეცხვისაგან დაცვა წარმოადგენს. აშკარაა ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი პრობლემის აქტუალობა და მისი დეტალური ანალიზის აუცილებლობა“, – ნათქვამია კონკრეტული უბნის განაშენიანების კონცეფციაში, რომელიც მერიას შპს „ჰოლდინგმა“ წარუდგინა.
სპეციალისტი ასევე წერს, რომ ქობულეთის სანაპირო ზოლი [დაახლოებით 11 კმ] ერთ-ერთი ავარიული უბანია აჭარის ფარგლებში. განსაკუთრებული ავარიულობით გამოირჩევა ქალაქის სამხრეთი ნაწილის 4 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც ყოველი ძლიერი შტორმი იწვევს პლაჟების წარეცხვას, საყრდენი კედლის და ზღვისპირა ბულვარის საფარის დაზიანებას, მიმდებარე ტერიტორიების დასილვას.
სპეციალისტის განმარტებით, ძველი ნაპირგასწვრივი ზვინული აგებულია მდინარე ჭოროხის მასალით – მასზე კი გაშენებულია ქობულეთი. მის წინ არსებული პლაჟები, ნატანის დეფიციტის გაჩენამდე, შავი ზღვის სანაპიროზე გამოირჩეოდა დიდი სიმაღლითა და სიგანით. გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის და დასავლეთის ტალღების მიმართულება სანაპირო ხაზის ექსპოზიციის მიმართ განაპირობებს სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ, მდინარე ნატანების შესართავამდე არსებული ნატანის ნაპირგასწვრივ ნაკადს. მისი ხარჯი შეადგენს დაახლოებით 20 ათას მ3 /წელიწადში.
„იშვიათი, ჩრდილო-დასავლეთი მიმართულების ღელვები გადააადგილებს მდინარე ნატანების ქვიშას შესართავიდან სამხრეთისაკენ და მისი გავლენის არეალი შემოიფარგლება დაახლოებით 1კმ-ით, ქ. ქობულეთის ჩრდილოეთით. ამგვარად, ქობულეთის სანაპირო ზონას პლაჟშემქმნელი ნატანი მიეწოდება მდინარეებიდან – დეხვა, კინტრიში და აჭყვა. მისი ჯამური წლიური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 10-11 ათას მ 3-ს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვილი მასალის დანაკარგი ცვეთაზე ყოველ ერთ 30 გრძივ კილომეტრზე შეადგენს დაახლოებით 1 ათას მ3-ს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქობულეთის 10 კმ-იან სანაპირო ზონაში სამხრეთიდან ტალღებით გამოტანილი ნატანის მოცულობა საკმარისია მხოლოდ ცვეთაზე დანაკარგების საკომპენსაციოდ“, – ნათქვამია კონცეფციაში.
ამ კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი ეკოლოგიისა და გარემოს მიმართულებით ეკოლოგი ლევან ზაზაძეა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 215 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +980]
ტანკი – 3 926 ერთეული [+17]
ჯავშანტექნიკა – 7 631 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 3 736 ერთეული [+19]
MLRS – 601 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 362 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 300 ერთეული [+37]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 183 ერთეული [+7]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 461 ერთეული [+33]
სპეცტექნიკა – 509 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 11 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
442 თვითმფრინავი
238 ვერტმფრენი
4 571 უპილოტო საფრენი აპარატი
426 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 900 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 084 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 885 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, უკრაინამ ჩამოაყალიბა 12 სპეციალიზებული კონტრშეტევითი ბრიგადა. მათაგან 9 აღჭურვილია დასავლური იარაღით, 3 კი არსებული აღჭურვილობით, ამ დანაყოფებს უერთდებიან გამოცდილი უკრაინული დანაყოფები. რა ტიპის დანაყოფებია და რამდენი ჯარისკაცი შედის თითოეულში?
22 წლის სტუდენტი, გიორგი გორჯელაძე უკვე სამი თვეა ბათუმში, სამომხმარებლო სფეროში მუშაობს. მის სამსახურს ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები, გიორგი მათ მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკება. ამბობს, რომ ეს პროტესტია.
ამ სამი თვის განმავლობაში ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა რუსმა ტურისტმა გააპროტესტა ის, რომ თავის ენაზე არ დაელაპარაკნენ:
„შემოვიდა გოგო, მესაუბრებოდა რუსულად, მე მას ინგლისურად ვპასუხობდი. მკითხა ქართველი ხარო? – ვუთხარი, რა თქმა უნდა-მეთქი. სად ცხოვრობო, ბათუმში-მეთქი. რატომღაც აღშფოთდა, ქართველი ხარ და რუსული არ იცი, რუსულად არ მელაპარაკებიო? – მე კითხვა უკან დავუბრუნე, საქართველოში ხარ და ქართული რატომ არ იცი-მეთქი, უპასუხოდ დამტოვა და წავიდა.“
გიორგის აზრით, ის, ვინც საქართველოში ჩამოდის, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, ელემენტარული დიალოგებისთვის უნდა მოემზადოს. თუმცა თუ ესეც არ შეუძლია, მაშინ საკომუნიკაციო ენა ინგლისური უნდა იყოს.
„ჩვენ მაინც მასპინძელი ერი ვართ და თუ ელემენტარული დიალოგი არ გამოსდით ქართულად, ვცდილობ ინგლისურ ენაზე ვესაუბრო – მათ საერთოდ არ ველაპარაკები რუსულ ენაზე.
მეც გამაჩნია ქვეყნის წინაშე ჩემი წილი პასუხისმგებლობა: რა თქმა უნდა, არ უნდა ვესაუბრებოდეთ მათ რუსულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთი მიერ. ასე გამოვხატავ მე მათ მიმართ პროტესტს“.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა იყო, ამბობს, რომ მწარედ ახსოვს ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოში, ყველაფერი, რაც მოისმინა და წაიკითხა. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ემოცია. სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება დაივიწყო ის, რაც შენს ირგვლივ ხდება:
„ყველასთან ვცდილობ, რომ დიალოგი დავიწყო მშობლიურ ენაზე, განსაკუთრებით რუს ტურისტებთან. ჩემი აზრით, ეს მართებული გზაა. „გამარჯობის“ შემდეგ უკვე გააჩნია სტუმარი რა ენაზე მელაპარაკება: თუ რუსულენოვანი შემოდის, ალტერნატიულ გზად ვიყენებ ინგლისურს, მათ არ იციან ქართული. ეს ლოგიკურია, ჩვენც რომ მივდივართ სხვა ქვეყნებში, ყველა ეროვნების ადამიანი გველაპარაკება საკუთარ ენაზე“.
გიორგი გვიყვება, რომ ის და მისი მეგობრები შორს არიან „პოლიტიკური სიღრმეებისგან“, მაგრამ გული სწყდებათ, როცა ხედავენ, თუ ზოგი ქართველი როგორ ცდილობს, რუსებს ასიამოვნოს და მათ რუსულად ესაუბრება:
„პოლიტიკის სიღრმეებით არ ვინტერესდებით, დღევანდელ პოლიტიკაში ცუდის იქეთ ვერაფერი დავინახე, სამწუხაროდ. ჩემი მეგობრები ისევე ფიქრობენ, როგორც მე. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, როცა [ქართველები] ცდილობენ რუსებს ასიამოვნონ და მათ ენაზე ესაუბრებიან. ეს არის უპატივცემულობა, ჩემი აზრით. ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია, მათ დაავიწყდათ თანამოქალაქეები, რომლებმაც ძალიან დიდი სიმწარე გამოიარეს.
ვურჩევდი გადახედონ საქართველოს ისტორიას, ოკუპანტი რუსეთის გამო ჩვენ როგორი დღეები გამოვიარეთ, გაიხსენონ ის მშობლები, ის ბავშვები – ჩემთვის მაგალითად შეუძლებელია ამის დავიწყება. მე ახლა 22 წლის ვარ, ძალიან პატარა ვიყავი იმ დროს, მაგრამ ვიცი რა გამოვიარეთ“.
გიორგი მიიჩნევს, რომ არა თუ არ ღირს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ბიზნესის წამოწყება, არამედ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისგან რაიმე სარგებლის მიღებაც კი, მაგალითად ბიზნესის „აწყობა მათ ხარჯზე“:
„ჩვენ არ გვინდა მათგან არანაირი სარგებელი, თუნდაც ბიზნესი ავაწყოთ მათ ხარჯზე. მით უფრო არ გვჭირდება ვასიამოვნოთ მათ – ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ასე არ უნდა ხდებოდეს. მინიმუმ, მათ უნდა ვესაუბრებოდეთ ქართულ ენაზე, არ უნდა ვუწყობდეთ ხელს არაფერში. ცხადია, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მაინც.“
ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმში, კაფეებში ხმაურის გადაჭარბების შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები განსაკუთრებით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხმაურის გადაჭარბების გამო ჩივიან და კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის გამოძახებისა და რეაგირების შემდეგაც არაფერი იცვლება.
„მთელი ღამე ხმაურია, მღერიან, ცეკვავენ – ბოლო ხმაზე მუსიკებია. დასვენების საშუალებას არ გვაძლევენ. რამდენჯერმე მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას, მაგრამ უშედეგოდ. დააჯარიმეს და გააგრძელეს ისევ ხმაური“, – გვწერს მოქალაქე „ბათუმელების“ ფეისბუქის გვერდზე.
ინსპექციის ინფორმაციით, ხმაურის ნორმების გადაჭარბების გამო წელს ცხელ ხაზზე 70 შეტყობინება დაფიქსირდა. მათ შორის სპეციალური აპარატით გაზომვის შედეგად 32 შემთხვევაში გამოვლინდა დარღვევა.
ინსპექციის განმარტებით, აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი სამსახური ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმზე გადავა: „ხმაურმზომი აპარატი შევიძინეთ, რაც მორიგე ჯგუფებს 24 საათიან რეჟიმში მუშაობის საშუალებას მისცემს.“
ხმაურის ნორმების გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე – 598 85 15 20.
თავდაპირველად სამართალდამრღვევს ეძლევა გაფრთხილება. განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირი 150, იურიდიული პირი კი 500 ლარით ჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ისევ უნდა დაუკავშირდეთ მუნიციპალურ ინსპექციას.
გასათვალისწინებელია, რომ აკუსტიკური ხმაურის მონიტორინგი არ ვრცელდება დღის საათებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებსა და თვითმმართველობასთან შეთანხმებულ ღონისძიებებზე.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობა შეზღუდულია. ლუკა ასათიანის ქუჩის კვეთიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩის კვეთამდე გზა ჩაკეტილია.
აბაშიძისა და თავდადებულის ქუჩების კვეთში, აჭარის ტელევიზიის წინ, სცენის მონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მემედ აბაშიძის ქუჩა დღესსცენის მონტაჟი
როგორც ადგილზე გვითხრეს, კომპანია, რომელიც მემედ აბაშიძის #40-ში მდებარეობს, კაფეს პრეზენტაციას, შემდეგ კი კონცერტს გეგმავს.
გზის ჩაკეტვას სჭირდება მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე პოლიციის თანხმობა. კონკრეტულად ვინ და რა ვადით მიმართა უწყებებს გზის ჩაკეტვის თხოვნით, „ბათუმელები“ არკვევს და ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.
გზის შესაძლო ჩაკეტვასთან დაკავშირებით უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.
ჩვენი ინფორმაციით კი, მემედ აბაშიძის ქუჩაზე სასტუმროს ეზოში კაფე ტერიტორიის მესაკუთრის მოიჯარემ გახსნა.
ბათუმი , მემედ აბაშიძის #40
აქ კაფე ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს, თუმცა მისი პრეზენტაცია დღეს, 10 ივნისს არის დაგეგმილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მემედ აბაშიძის #40-ში მოიჯარედ შპს „ეს ფი ბარ ვესთ“ ფიქსირდება, კომპანიას ახლა სახელი უკვე შეცვლილი აქვს და „მანდარინ ქლაბ ჰაუსი“ ჰქვია.
კომპანიის მფლობელები ლატვიისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეები არიან, კომპანიის დირექტორად კი საქართველოს მოქალაქე გიგლა მოსიძე და რუსეთის მოქალაქე სტეპან ლანინი ფიქსირდებიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 214 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +890]
ტანკი – 3 909 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 7 607 ერთეული [+7]
საარტილერიო სისტემა – 3 717 ერთეული [+15]
MLRS – 600 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 362 ერთეული [+3]
თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 263 ერთეული [+16]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 176 ერთეული [+5]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 428 ერთეული [+18]
სპეცტექნიკა – 507 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 10 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
441 თვითმფრინავი
238 ვერტმფრენი
4 563 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 841 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 071 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 856 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რა ხდება უკრაინაში მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს და სამხრეთ უკრაინის ნაწილი დატბორეს. რა ვითარებაა ბახმუტთან – დაიწყო თუ არა უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხანია ელის ყველა.
„ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ამჟამად ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინამ ჩამოაყალიბა 12 სპეციალიზებული კონტრშეტევითი ბრიგადა, რომელთაგან 9 აღჭურვილია დასავლური იარაღით, 3 კი არსებული აღჭურვილობით, ამასთან, ამ დანაყოფებს უერთდებიან გამოცდილი უკრაინული დანაყოფები. რა ტიპის დანაყოფებია და რამდენი ჯარისკაცი შედის თითოეულში?
საბრძოლო დანაყოფები შედგება 4-5 ბატალიონისგან. ერთ ბატალიონში 500 კაცია. სადღაც ჩათვალეთ ერთი ბრიგადა არის 2500-3000 კაცი. ადრე იყო ნათქვამი, რომ 8 თუ 9 ბრიგადაა. ახლა გაიზარდა ეს რაოდენობა. არ არის გამორიცხული, რომ ისევ გრძელდება ბრიგადების მომზადება.
შეიძლება უფრო მცირეც იყოს ბრიგადა ან უფრო დიდიც, მაგალითად 8 ათას კაცამდე. გააჩნია რა შემადგენლობის იქნება და რა დანიშნულების.
მე ვიცოდი, რომ 65 ათასი კაცი ჰყავდათ მობილიზებული უკრაინელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინელებისგან არაფერი ინფორმაცია არ გამოდის. ასე, ნაგლეჯ-ნაგლეჯ ინფორმაციიდან თუ რაღაცას გამოვიტანთ, უცხოელებიდან, ისიც არ არის ზუსტი. საკმაო ძალებია მობილიზებული იმისათვის, რომ განახორციელოს უკრაინამ კონტრდარტყმა. რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უკვე დაწყებულია.
რას ნიშნავს ეს 12 სპეციალიზებული ბრიგადა?
სპეციალიზებულში გააჩნია რა იგულისხმება. მაგალითად, სპეციალიზებულად თუ ჩაითვლება ის, რომ ეს არის გარღვევისთვის მომზადებული დარტყმითი ბრიგადები.
ერთიანი ბრიგადით დღეს არავინ ომობს. არის ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. ნარევია, შესასრულებელი ამოცანიდან გამომდინარე. შეიძლება იყოს მექანიზებული დანაყოფი, ჯავშანსატანკო დანაყოფი ან ქვეითი დანაყოფი. რომელიც იქნება შესაბამისი გაძლიერებით. მიჭირს თქმა, ამ სპეციალიზებულში რა იგულისხმება. დღეს ისეა არეული, გათქვეფილი ერთმანეთში, რომ რუსი მედესანტეები სანგრებში სხედან, უკრაინელი სპეცდანიშნულების რაზმები ბახმუტს იცავდნენ და ა.შ.
ასე რომ, ძალიან ძნელია თქმა, რამდენად სპეციალიზებულია და რამდენად კონკრეტული ამოცანისთვის შექმნილი დანაყოფები არიან.
ჩემი აზრით, ეს მაინც არის გარღვევისთვის მომზადებული დანაყოფები. რომელიც გაძლიერებულია ჯავშან საშუალებებით. იმედი მაქვს, რომ გაძლიერებულია ასევე საინჟინრო საშუალებებით.
„9 ბრიგადა აღჭურვილია დასავლური იარაღით“ – რას ნიშნავს ეს, რა რესურსია?
ეს მაინც არის ჯავშანტექნიკა და არტილერია. აბა თვითმფრინავებს არ აძლევენ ჯერჯერობით. ის, რაც აქვთ, თავმოყრილია ამ დანაყოფებში. როგორც გვახსოვს, საუბარი იყო ლეოპარდზე, რომელიც მიიღეს. მათი რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა. ასევე ფრანგული, ბორბლებიანი ტანკი. ასევე არის ბრიტანული ჩელენჯერები. ეს ტექნიკაა ძირითადად.
ბოლო ცნობებით უკრაინულმა ძალებმა 7-8 ივნისს, შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელეს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში. თუმცა, ჩანს რომ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. რა ტიპის რუსული ძალებია განლაგებული ზაპოროჟიეში? ეს იყო სრული კონტრშეტევა, თუ რეზერვის ნაწილი იყო ამაში ჩართული?
ზოგადად, შეტევა მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ. 4 ივნისიდან დაწყებული იყო ე.წ. ფორმირების მოქმედებები. ეს გულისხმობს მომზადებას შეტევის ძირითადი ღონისძიებისთვის.
4 ივნისიდან ფორმირების ღონისძიებები თანდათანობით გადაიზარდა იმ შეტევაში, რომლის ამოცანაც, ჩემი აზრით, იყო თავდაცვის ზღუდის გარღვევა და შემდეგ აი, ამ გარღვევის მონაკვეთში, ძირითადი ძალების შემოყვანა.
გამოიკვეთა ორი მიმართულება – ერთი არის კურსკის მიმართულება, რომელიც წარმოადგენს დამხმარეს და რუსების ყურადღების გადასატან მიმართულებას. მეორეა სამხრეთით, დონეცკიდან ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, მთავარი დარტყმის მიმართულებად ჩამოყალიბდა.
ბახმუტში უკრაინელებმა მიაღწიეს მცირე წარმატებას, 1 – 1.5 კილომეტრში შეძლეს რუსების თავდაცვაში შეღწევა. მაგრამ, ზოგადად, დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს უკრაინელებმა. მე ვერ ვიტყოდი, რომ უკუგდებულია, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერც წარმატებას ვერ აღწევენ.
აღმოჩნდა, რომ უკრაინელები არ არიან აღჭურვილი იმ რაოდენობის განაღმვის შესაძლებლობით, რაც მათ მისცემდა დანაღმული ველების გადაკვეთის საშუალებას – ძალიან მჭიდროდ არის დანაღმული სივრცეები.
ძალიან დიდი ტერიტორიები აქვთ დანაღმული რუსებს. შესაბამისად, უკრაინელებმა გარკვეული ოდენობის ტექნიკა დაკარგეს აი, ამ დანაღმულ ველზე. იძულებული არიან გამოიყენონ არსებული გზები და არსებულ გზებზე, რუსები საცეცხლე ზემოქმედება ახორციელებენ, რაშიც რუსებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაოდენობრივი თვალსაზრისით.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა 8 ივნისს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკა დაკარგეს. „ტექნიკის დაკარგვა, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის, კონტრშეტევის დასაწყისში არ არის უკრაინის კონტრშეტევის მომავალი პროგრესის მაჩვენებელიო“, – თუ არის ცნობილი რა ტიპის ტექნიკა დაკარგეს და რა გავლენას იქონიებს ეს საერთო სურათზე?
რაც აჩვენეს და ნამდვილად შეიძლება ითქვას, აფეთქებული ტექნიკიდან იყო ფრანგული ბორბლებიანი ტანკი. უკრაინა არაფერს ამბობს და რუსებს მე არ ვენდობი.
შოიგუს თქმით, „8 თუ 9 ერთეული ლეოპარდი აუფეთქეს. მე ამას ვერ დავიჯერებ, რადგან ზოგი იძახის, კომბაინები ააფეთქეს, ლეოპარდი გვეგონა და ა.შ.
არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან რთულია.
სად გამოიყენოს დასავლური ტექნიკა, არც ომის კვლევის ინსტიტუტის გასარჩევი არაა და არც ჩვენი. ეს არის უკრაინელების გადასაწყვეტი, სად და როგორ გამოიყენოს დასავლური ტექნიკა. გამოიყენება ზუსტად ამ კონტრშეტევისთვის. აბა როდემდე უნდა შეენახათ? აბა ვისთვის არის ის ტანკი? ტანკი შეიძლება აფეთქდეს, შეიძლება არ აფეთქდეს. რა სურათებსაც ვხედავ, ეს არის აფეთქებული ჰამერები და ჯავშანტრანსპორტიორები. ვერ ვიტყვი, რომ მასიურად იყო გამოყენებული უცხოეთიდან მიცემული ტექნიკა.
აბა გარღვევა როგორ უნდა განახორციელონ უკრაინელებმა, თუ არ გამოიყენეს ეს ტექნიკა? რისთვის ჰყავთ?
სამწუხაროდ, უკრაინელებმა ამ შეტევით პერიოდში დაკარგეს საინფორმაციო უპირატესობა. როცა შენ ხარ ჩუმად და არაფერს ამბობ, ამას იყენებს მოწინააღმდეგე და ათას ტყუილ-მართალს ამბობს. იმავეს ალაპარაკებს მოკავშირეებს, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები. მე ეს მიმაჩნია უკრაინელების შეცდომად, რომ თვითონ არიან ჩუმად და არ ხდება იმის ახსნა მოსახლეობისა თუ გარედან მოთვალთვალისთვის.
ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქება რას ნიშნავს? იყო ვარაუდი, რომ შეტევა მზადდებოდა და ამისთვის ხელის შეშლა სცადეს რუსებმა? თქვენ რას ფიქრობთ?
თვალნათელია, წარმოუდგენელია, აბსურდია, ოქსიმორონია ის, რომ თქვა – „შეტევაში მყოფმა დანაყოფებმა დატბორეს ის გზა, რომელიც თვითონ უნდა გადაელახათ“. ეს აბსოლუტურად არასწორია. ტყუილია. ჯერ ერთი ერთადერთი ხიდი იყო დნეპრზე, რომელიც არ იყო დანგრეული და რაღა მაინც და მაინც იმას ააფეთქებდა უკრაინა?
რატომ მოახვედრებდნენ წყალქვეშ იმ კუნძულებს, რომელსაც ძალიან წარმატებით იყენებდნენ მოწინააღმდეგის მხარეზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ფარულად გადასაყვანად. ეს წყალქვეშ მოექცა ახლა და წინასწარ მომზადებული მცურავი საშუალებებიც წაიყოლა ამ წყალმა. მინიმუმ 1 – 1.5 თვე, დნეპრის მარცხენა ნაპირი ხერსონის რაიონში არ არის საომარი მოქმედებებისთვის გამოსაყენებელი. მით უმეტეს შეტევაში მყოფი დანაყოფებისთვის.
ის, რომ აქეთა მხარეს ბაზაა და ხერსონის მოსახლეობა, ეს ყველაზე ნაკლებად რუსებს ადარდებთ. ეს რუსების გაკეთებულია. ამით თავი დაიზღვიეს უკრაინელების მხრიდან ხერსონის მიმართულებაზე შეტევისგან. ხერსონის მიმართულება არის მთავარი მიმართულება ყირიმისკენ.
ეს წყალმოვარდნა და მისი შედეგები ომის წარმოებას რამდენად შეუშლის ხელს?
რუსები არ აპირებდნენ შეტევას – არც ფიქრობდნენ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რუსების მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეინარჩუნონ ის, რაც დაკავებული აქვთ. რუსებისთვის სამხედრო თვალსაზრისით არაფერი არაა ხელისშემშლელი.
ის, რომ დაიტბორა რუსების პოზიციები და რუსების ტექნიკა განადგურდა, ეს არის ყველაზე ნაკლები საწუხარი რუსებისთვის და ყველაზე ნაკლები ზარალი ამ შემთხვევაში.
რაც შეეხება ზოგადად ომის მსვლელობაზე ამის გავლენას, ეს უბრალოდ დროში წელავს. წყალდიდობის ტალღა ჩაივლის და ჩავა ზღვაში. კახოვკასთან წყლის დონემ უკვე დაიწყო დაწევა. დაიკლებს წყალი და ისევ დაუბრუნდება კალაპოტს დნეპრი.
მაგრამ ეს შეუძლებელს ხდის უკრაინელების მხრიდანა შეტევას ამ ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი ზარალი მიიღო ეკოლოგიამ და მოსახლეობამ. სამხედრო ზარალი ყველაზე ნაკლებია.
ზოგადი სურათი როგორია ახლა უკრაინაში მიმდინარე ომში?
არის მცირე წარმატებები. აქ საუბარია მეტრებზე და მაქსიმუმ რამდენიმე კილომეტრზე, წინ წაწევაზე. ესაა ბახმუტის ფლანგები. ბახმუტში უკრაინელებმა ისევ მოახერხეს შეღწევა და ე.წ. თვითმფრინავის რაიონში არის შეტაკებები. ფლანგებზე აქვთ გარკვეული წინსვლა რუსებს.
უკრაინელები ცდილობენ ბახმუტის ფლანგები შეავიწროონ. თვითონ გავიდნენ ფლანგებზე, რათა ბახმუტი მოაქციონ ალყაში. შესული არიან გარეუბნებში. რუსები, ჯერჯერობით, იბრძვიან ბახმუტისთვის. ბახმუტი გახდა გაუთავებელი აბსურდის თეატრი. არის იდეოლოგიურ-ემოციური დატვირთვის მატარებელი და არავითარი სამხედრო დატვირთვის მატარებელი ბახმუტი არაა.
გარკვეული წარმატება აქვს უკრაინას ზაპოროჟიე-დონეცკის საზღვარზეც.
სკეპტიკოსებში არის მოსაზრება, რომ თუ გაიწელა ეს ომი, ევროპა – ნატო და დასავლეთი დაიღლება და 2024-ში აღარ დაუჭერს უკრაინას მხარს ასე აქტიურად. შეეცდება გაყინოს კონფლიქტი. თუ დასავლეთი შეიძლება დაიღალოს და მოჰბეზრდეს, რა ამოუწურავი რესურსი შეიძლება ჰქონდეს ამ ფონზე რუსეთს?
ევროპას რესურსები არ ამოეწურება, რუსეთი უფრო მძიმე დღეში იქნება. თუმცა შეიძლება ხალხი გადაიღალოს. მოსალოდნელია მოსახლეობის პოლიტიკური გადაღლა. ამის დიდი იმედი აქვს რუსეთს.
2024-ში იქნება არჩევნები ამერიკაში. აქტიურდებიან ჯგუფები, რომლებიც რუსეთისადმი სიმპათიებით არიან, ანუ უკარინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგეები არიან. ეს ფაქტია.
ამიტომ ვამბობ – უკრაინელების მხრიდან ეს კონტრშეტევა უნდა იყოს და იმედი გვაქვს იქნება, გადამწყვეტი შედეგის მომტანი, რათა ახალი ბიძგი მისცეს მის მხარდაჭერას. თუ გაიწელა და შევიდა სტრატეგიულ ჩიხში ეს ომი, გაიყინა ეს დაპირისპირება, ომისგან გადაღლა ნამდვილად იქნება. ამომრჩეველი წყვეტს ბევრ საკითხს. ამომრჩეველი თუ დაიღალა, იგივე ევროპის, შესაბამისად ეს აისახება პოლიტიკოსებზეც.
რატომ ფიგურირებს კონფლიქტის გაყინვის იდეა? ამ ფონზე არის ნიშნები, რომ შეიძლება გაიყინოს?
თუ ეს კონტრშეტევა არ მოიტანს მნიშვნელოვან წარმატებას, ადვილი შესაძლებელია, რომ მსოფლიომ იფიქროს კონფლიქტის გაყინვაზე.
მაგალითები არის კორეაში. ასეთივე გაყინული კონფლიქტია ინდოეთ-პაკისტანს შორის, გაყინული კონფლიქტი იყო 30 წლის განმავლობაში სომხეთი-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში. ასე რომ, გაყინული კონფლიქტი და ნაკლები სისხლი, შეიძლება ერჩივნოთ ასე გაუთავებელ, დაუსრულებელ ომს.
მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, უნდა დაველოდოთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები მოახდენენ წინსვლას, გარღვევას და შემდგომ წარმატების განმტკიცებას გარკვეულ მონაკვეთებში, შეტევებში ნათელი პოზიტივები რომ გამოჩნდეს.
ურბანული პოლიტიკის სამსახურები მუნიციპალიტეტებში სინამდვილეში ბევრს არაფერს განსაზღვრავენ და მათი მოვალეობა უმეტესწილად სამშენებლო პროექტების კანონთან შესაბამისობის დადგენით შემოიფარგლება.
ურბანულ პოლიტიკას თითქმის არ/ვერ ცვლიან მერებიც, ამიტომაც მათი შეცვლა ქალაქში რეალურად არაფერს ცვლის. მხოლოდ იმის შედარება შეიძლება, ვინ რამდენი სამშენებლო ნებართვა გასცა ან რამდენი შენობა დაანგრევინა.
სტრატეგია, ხედვა – ფაქტობრივად არ არსებობს. კანონის შესაბამისად ხომ მერიის რიგით იურისტსაც შეუძლია ნებართვის გაცემა, ტენდერის გამოცხადება, შესრულებული პროექტის ჩაბარება. მერის როლი რა არის, რაში გვჭირდება მერი, თუ მას ექსკლუზიური უფლების გამოყენება, პოლიტიკის შემუშავება რეალურად არ შეუძლია? – ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს.
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი ამ ყველაფერს თავადაც ასე გვიხსნის ხოლმე: „ყველაფერი კანონის შესაბამისად“. თითქოს ვთხოვდეთ რაიმე უკანონოდ გააკეთოს.
ქობულეთის მერი ლევან ზოიძე კი ტელეფონსაც კი არასდროს პასუხობს.
ქობულეთის საკრებულოში ინიცირებული საკითხებით თუ ვიმსჯელებთ, ლევან ზოიძის მიდგომაც იგივეა, რაც არჩილ ჩიქოვანის. უარზე არც საკრებულოა, პროექტებს ამტკიცებს და ამტკიცებს…
მომავალ სხდომაზე, 14 ივნისს, ქობულეთის საკრებულო ერთი სამშენებლო პროექტის განაშენიანების გეგმისა და ოთხი პროექტის კონცეფციის დამტკიცებას გეგმავს. აქედან 4 პირდაპირ სანაპიროზე, ერთი კი სანაპიროსთან ახლოს იგეგმება.
საგულისხმოა, რომ ამავე კვლევებში [გეგმა/კონცეფცია] წერია რიგი გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც მუნიციპალიტეტს სწორედ გადაჭარბებული სამშენებლო პროცესი აყენებს. ასეთია, მაგალითად, ნაპირის წარეცხვის, პარკინგის ადგილების არასაკმარისი ოდენობის პრობლემები.
ქობულეთის სანაპიროს ნაწილი აჭარის მთავრობამ ინვესტიციის განხორციელებისა და მშენებლობის პირობით გაყიდა, ნაწილს კი ადგილობრივები ყიდიან. შედეგად ქობულეთის სანაპიროზე, ისევე როგორც ბათუმში, ორსართულიანი სახლები ქრება და ცათამბჯენები ჩნდება.
14 ივნისს დასამტკიცებელ პროექტებს შორის არის შპს „ჰოლდინგის“ პროექტიც, კომპანია ქობულეთის სანაპიროზე, დავით აღმაშენებლის #836ა -ში, მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს და ქობულეთის მერიას მიწის ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმა წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო ტერიტორია სამ საკადასტრო ერთეულს მოიცავს.
საპროექტო ტერიტორიიდან შავ ზღვამდე პირდაპირი მანძილი 195 მეტრია.
კომპანიის მიერ წარდგენილ გენგეგმაში წერია, რომ საპროექტო ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კერძო საცხოვრებლებს უკავია, ნაწილზე კი ადგილობრივ მცხოვრებებს მცირე ბაღ-ბოსტნები აქვთ მოწყობილი. საპროექტო ფართობი 4435 კვ.მეტრია.
საპროექტო მიწის ნაკვეთები
ქობულეთის განაშენიანების გეგმის მიხედვით, საპროექტო ნაკვეთები მდებარეობს საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელ ზონაში, კომპანია განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადაჭარბებას აპირებს.
გენგეგმის მიხედვით, საპროექტო მიწის ნაკვეთებზე დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, სპორტული მოედნის, აუზის, გამწვანების ადგილებისა და ავტოსადგომების მოწყობა.
პროექტის რენდერი
პროექტი 311 ბინის მშენებლობას მოიაზრებს, ამას დაემატება კომერციული ფართობები. პარკინგისთვის კი ე.წ. ნულ სართულზე [მიწის ქვეშ] 122 ადგილი იქნება განთავსებული, ღია სივრცეში კი – 35 ადგილი.
ეს ნიშნავს, რომ კომპანია რეალურად პარკინგისთვის 35 ადგილს ითვალისწინებს, ე.წ. ნულ სართულზე კი პარკინგიდან ინვესტორი, მის მიერვე წარდგენილი გაანგარიშებით, მილიონზე მეტის ამოღებას გეგმავს.
აბაშიძის ქუჩაზე, პირდაპირ ზღვის სანაპიროზე, 19 ჰა ფართობზე, რამდენიმე სხვადასხვა ზომის, მათ შორის, 60- სართულიანი შენობის მშენებლობას გეგმავს შპს „შავის ზღვის სამოთხე“. ამ პროექტზე დეტალურად „ბათუმელები“ შემდეგ კვირაში გამოაქვეყნებს.
ესკიზი
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში, აბაშიძისა და მეგენეიშვილის ქუჩების მიმდებარედ არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთზე მშენებლობას შპს „როგანტინი რეალ ესტეიტი“ გეგმავს.
ესკიზი
ქობულეთში, ფიროსმანის #9-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს შპს „გონიო 2020“.
მონიშნულია ადგილი, სადაც კომპანია მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობას გეგმავს
„რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებული კომპანია „სევერი“ მიუსაფარ ცხოველთა მოვლასთან და ნაგავსაყრელის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებს აჭარის მუნიციპალიტეტებში. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე „სევერმა“ 4,979,714 ლარი მიიღო, საიდანაც 99%-ზე მეტი თანხა, გამარტივებული შესყიდვების, უკონკურენტო ტენდერების ან სხვა პრეტენდენტთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე დაერიცხა“ – წერსარასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.
„გამჭვირვალობამ“ დღეს, 9 ივნისს გამოაქვეყნა ინფორმაცია სახელწოდებით – „5 მილიონი ლარი რუს ბიზნესმენებთან დაკავშირებულ კომპანიას აჭარის მუნიციპალიტეტებიდან“.
„გამჭვირვალობა“ წერს, რომ კომპანია „სევერი“ 2011 წლის თებერვალში საქართველოს მოქალაქემ, სულეიმან ფარაჯევმა და უკრაინის მოქალაქემ, კირილო ნოვაკმა დააფუძნეს, ამავე წლის ნოემბერში კი კომპანიის 30-30% რუსეთის მოქალაქეებმა ანდრეი ბალაშოვმა და ილდარ ნევეროვმა შეიძინეს. 2012 წელს კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვალერი ლიტვინენკო იყო, შემდეგ – ესტონეთის მოქალაქე ალიას გუნარი, ხოლო ბოლო, 2022 წლის ნოემბრის ცვლილებებით, ჯემალ გოგიტიძე გახდა. ამავე ცვლილებით, ილდარ ნევეროვმა თავისი წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს, რომელიც დღეს კომპანიის 90% წილს ფლობს, 10%-ის მფლობელი კი უკრაინის მოქალაქე კირილო ნოვაკია.
2022 წლის ნოემბერში ილდარ ნევეროვმა თავისი 50% წილი დაუთმო ანდრეი ბალაშოვს საქართველოში რეგისტრირებულ კიდევ ერთ კომპანიაში. შპს „ტიორი“ (Tyor) ნევეროვმა და ბალაშოვმა 2011 წლის აპრილში დააფუძნეს, სატენდერო პირობებით განსაზღვრულ, სპეციალურ ავტომანქანას „სევერი“ სწორედ ამ კომპანიისგან ქირაობდა. შარშან ნოემბერში ნევეროვი „ტიორის” დირექტორობიდანაც გადადგა. ნევეროვმა და ბალაშოვმა მანამდე კვიპროსზე დააფუძნეს მსგავსი სახელწოდების ოფშორული კომპანია – Tyor Commercial Inc., რომლის შესახებ ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა კონსორციუმის (ICIJ) ბაზაში იძებნება. საქართველოში მათ „ტიორი” იმავე მისამართზე დაარეგისტრირეს, რომელზეც რამდენიმე კვირით ადრე „სევერი” დაფუძნდა.
„გამჭვირვალობის“ცნობით, ილდარ ნევეროვი არის ეკოლოგიისა და ბუნებათსარგებლობის საკითხების საზოგადოებრივი ბიზნეს-ომბუდსმენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებულ მეწარმეთა დაცვის საბჭოს რწმუნებულის აპარატში. ამ ორგანიზაციას წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ბორის ტიტოვი, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ დასანქცირებულ პირთა შორისაა.
„ამავდროულად, ნევეროვი 2010 წლიდან საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი და ამავე ორგანიზაციის ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარეა. „საქმიანი რუსეთი” მუდმივმოქმედი ეკონომიკური ფორუმია, რომელსაც პერიოდულად იწვევს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ეკონომიკურ და ფინანსურ სტრატეგიაზე სასაუბროდ.
დღეს ნევეროვი არის რუსული სახელმწიფო კომპანიის, Arktikugol-ის დირექტორი. ეს კომპანია მუშაობს არქტიკის განვითარების პროგრამაზე, მოიპოვებს ქვანახშირს შპიცბერგენის არქიპელაგზე და ცდილობს მისი ექსპორტის მოცულობის გაზრდას მაშინ, როდესაც ეს პროდუქცია ნაწილობრივ სანქცირებულია.
საყურადღებოა, ის გარემოება, რომ ილდარ ნევეროვი იყო სააქციო საზოგადოება „ბანკ სპუტნიკის” დირექტორთა საბჭოს წევრი. ამ კომპანიას აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა 2022 წლის 27 მაისს სანქცია დაუწესა. ეს სანქცია რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო არ დაუწესებიათ და იგი გამოიწვია ბანკის ურთიერთობამ ჩრდილოეთ კორეასთან.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ომი და სანქციები” დასასანქცირებელ პირთა რიცხვში განიხილავს ილდარ ნევეროვის ბიზნესპარტნიორს, ნიკოლაი რუზავინს, რომელიც წლების განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი. ნევეროვი და რუზავინი ერთად ფლობენ კვიპროსზე რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანიას – Siberia Metals Ltd, რომლის შესახებ ინფორმაცია ასევე იძებნება გამომძიებელი ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ცნობილ საგამოძიებო პროექტში (Panama Papers, Pandora)“ – წერს „გამჭვირვალობა“.
ორგანიზაციამ შეისწავლა „სევერის“ უკონკურენტო გამარჯვებები მუნიციპალურ შესყიდვებშიც.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, დაფუძნებიდან მალევე, 2011 წლის 29 სექტემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ „სევერს” უზუფრუქტით გადასცა ბათუმში, კახაბერის დასახლებაში 12,208 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 511 კვ.მ. 4 ნაგებობა იდგა. კომპანიამ სწორედ ამ ტერიტორიაზე მოაწყო ვოლიერები მიუსაფარი ცხოველებისთვის, მათ მოვლასთან და ევთანაზიასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. 2013 წლიდან „სევერი” აქტიურად ჩაერთო მუნიციპალურ შესყიდვებში და დღემდე არის ცხოველთა მოვლის, სტერილიზაციის, ვაქცინირების და სხვა პროცედურების მიმწოდებელი უკონკურენტო კომპანია.
2014 წლიდან „სევერი“ უკონკურენტოდ იგებს ბათუმის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციის მიზნით გამოცხადებულ მუნიციპალურ შესყიდვებსაც. აჭარის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ეს კომპანია ემსახურება – მათ ბათუმის ნაგავსაყრელზე შემოაქვთ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შეკრებილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, ჯამში, 2013 წლიდან დღემდე, „სევერი“ 73 სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდა, 69-ში გაიმარჯვა, მათ შორის 63-ში უკონკურენტოდ, 6-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე. ჯამში მან 4,816,286 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში კომპანიასთან 163,428 ლარის 39 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები გააფორმეს. ერთი შემსყიდველი მუნიციპალიტეტი ზუგდიდი იყო, „სევერის” ყველა დანარჩენი კონტრაქტორი აჭარის მუნიციპალიტეტები ან/და მუნიციპალური იურიდიული პირები არიან.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებთან, განსაკუთრებით კი რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორთან, ილდარ ნევეროვთან დაკავშირებული კომპანია „სევერის” უპირატესი მდგომარეობა აჭარის მუნიციპალიტეტების შესყიდვებში, სატენდერო პირობების მასზე მორგება, კონკურენციის შეზღუდვა საგამოძიებო სტრუქტურების მიერ მოკვლევის დაწყების საფუძველი უნდა გახდეს.
2023 წელს იმ საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა იგეგმება, რომლებსაც პირველ ეტაპზე უწევთ ავტორიზაციის გავლა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ლეპტოპების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 169 590 ლარია, ერთი ლეპტოპის ფასი – 1 545 ლარი.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. სკოლის მიერ აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლისთვის მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილში.
ასევე, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დამტკიცებულია შედეგებზე ორიენტირებული პროგრამა – „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება“, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, განავითაროს ციფრული კომპეტენციები და მოახდინოს სასკოლო ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.
სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად „ჩატარდა ფასთა კვლევა საჯარო სკოლებისათვის პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვასთან დაკავშირებით. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და დადგენილ ვადაში შემოთავაზება წარმოადგინა სამმა კომპანიამ“.
პირობის მიხედვით, ლეპტოპების სააგენტოსთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღის ვადაში.
ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.
სააგენტოს ინფორმაციით, „პროექტის განხორციელებისას რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით“ სატენდერო პირობებში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა პირობა, მათ შორის:
„შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით;
მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს ლეპტოპებზე არანაკლებ ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი – შეცვალოს ლეპტოპი ახლით;
შესყიდვის ობიექტზე მწარმოებელი უნდა ავრცელებდეს არანაკლებ 1-წლიან გარანტიას. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ ორგანიზაციას;
პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 1-ელი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ან ციფრული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით;
იმისათვის, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები და არ წარმოიშვას გაუმართლებელი რისკები, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია პრეტენდენტთა მიმართ ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნის დაწესება, კერძოდ: ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020, 2021, 2022 წლების განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ფინანსური ბრუნვა.
დღეს, 9 ივნისს, ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, წყლის მილი გასკდა და ასფალტის ნაწილი ჩავარდა. დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანა, ორმოში ჩავარდა მუნიციპალური ავტობუსიც. ირგვლივ მდებარე შენობებზე, საცხოვრებელ და კომერციულ ფართობებზე, ჩამსხვრეულია მინები.
ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. გზის სავალი ნაწილი ამჟამად სავსეა ქვა-ღორღით.
პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ბათუმის წყლის“ ცნობით, დაზიანდა 225 მმ-იანი, ცენტრალური, სასმელი წყლის მილი.
ამჟამად შემთხვევის ადგილზე მოვიდა მძიმე ტექნიკა და დაიწყებენ სამუშაოებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ დღეს ამ ქუჩაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ბათუმის მერიის ადგილზე მოსული წარმომადგენლის თქმით, „ბათუმის წყალი“ აღნიშნულ ადგილას სამუშაოებს არ აწარმოებდა.
__________
ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა გორგილაძის ქუჩიდან:
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის პროგრამის მოსარგებლეთა არეალი ფართოვდება.
აჭარაში თვალის ბადურას მძიმე დაავადებების მკურნალობის დაფინანსება ახალი თაობის ძვირადღირებული ანტიანგიოგენური მედიკამენტებით მიმდინარე წელს დაიწყო. აქამდე პროგრამის ბენეფიციარებო სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები იყვნენ.
კლინიკა „საგიტარიუსში“ განმარტავენ, რომ ეს მკურნალობა გამოიყენება ისეთი დაავადებების მკურნალობისთვის, როგორიცაა, მაგალითად: დიაბეტური რინოპათია, ბადურის ვენის ოკლუზიები და ცისტოიდური მაკულარული შეშუპებები. მკურნალობის მიზანია მხედველობის ფუნქციის და შრომისუნარიანობის შენარჩუნება.
სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისიდან პროგრამით სარგებლობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის და 200 000 -მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ყველა მოქალაქეს შეეძლება.
„მიმდინარე წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო თვალის ბადურას ძვირადღირებული, მაღალფექტური ანგიოგენეზური მოქმედების პრეპარატების დაფინანსება. პროგრამა საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა, შასაბამისად გათვალისწინებული იყო ვიწრო სოციალურ ჯგუფებზე. პაციენტების მომართვიანობის და მედიკამენტის მაღალეფექტურობის გათვალისწინებით, მივიღეთ მოსარგებლეთა არეალის გაფართოების გადაწყვეტილება“, – ამბობს მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე.
პროგრამის ფარგლებში პაციენტებს მედიკამენტების ღირებულება უფინანსდებათ სრულად. პროგრამა ვაუჩერული მეთოდით ხორციელდება. პაციენტს აქვს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება. მოსარგებლე, ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის, ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა მთლიანად განახლდა, თუმცა გზაზე პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებიც.
გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია „ერ ტე დე“-სთან გზების დეპარტამენტს ხელშეკრულება 19 399 999 ლარზე აქვს გაფორმებული. ამ თანხის ნახევარზე ოდნავ მეტი – 9 778 106 ლარი, კომპანიისთვის უკვე გადარიცხულია.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და მშენებელ კომპანია „ერ ტე დეს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ბოლო ცვლილებით, 31 მაისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა…
„გზის საფარის დაგება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა დასრულდეს… თუმცა ამინდმა თუ ხელი არ შეგვიწყო, ეს ვადა შესაძლოა ივნისის ბოლომდე გადაიწიოს. გზის დასრულების შემდეგ დაიწყება მისი კეთილმოწყობა – ნიშნები და ასე შემდეგ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ კომპანია „ერ ტე დეში“.
ხალვაშის გამზირი, რომელიც ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია, პერიოდულად, სხვადასხვა მონაკვეთში, 2023 წლის მაისიდან იყო გადაკეტილი. გზის გახსნის თარიღი გზების დეპარტამენტმა რამდენჯერმე გადაავადა. ბოლო თარიღი 9 ივნისის დილის 8 საათი იყო.
აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27,6 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ კვარტალში აჭარაში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამში 58 184 100 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 30 494 600 აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აჭარაში პანდემიამდე და შემდეგ:
2019 წელი – 193 271 300 აშშ დოლარი
2020 წელი – 78 482 000 აშშ დოლარი
2021 წელი – 84 938 200 აშშ დოლარი
2022 წელი – 116 542 800 აშშ დოლარი
საქასტატის ახალი მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კი, 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 13.7%-ით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტალის მონაცემებს 53.3%-ით აღემატება.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით [2023-ის I კვარტალში]:
პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2%-ს შეადგენს,
მეორე ადგილზეა – იაპონია [63.2 მლნ აშშ დოლარი],
მესამეზე – აშშ [54.7 მილიონი დოლარით],
მეოთხე და მეხუთე ადგილებს თურქეთი და რუსეთი ინაწილებენ.
საქსტატის განმარტებით, „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება საქართველოს რეგიონების მიხედვით წარმოებს საწარმოთა „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის“ სტატისტიკური გამოკვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შერჩეული საწარმოების ფაქტობრივი მისამართების მიხედვით. რაც შეეხება საფინანსო სექტორს [კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და სადაზღვევო კომპანიები], მონაცემები მიკუთვნებულია მთლიანად თბილისზე“.
დღეს, 9 ივნისს, რუსეთში, ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ ვორონეჟში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და საცხოვრებელ სახლს დაეცა.
რუსული მედიის ცნობით, შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა მათი ჰოსპიტალიზება საჭირო არ გამხდარა.
რუსული გამოცემა „ტასი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამიზნე იყო საავიაციო ქარხანა, მაგრამ სიგნალი დაახშეს და დრონი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა.
ვორონეჟში აფეთქებას გამოეხმაურა კრემლიც. პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი აგრძელებს თავდასხმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ შენობებზე“.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები 8 ივნისის მიმოხილვაში წერენ, 4 ივნისიდან უკრაინამ ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას დასავლეთ დონეცკის ოლქში, დონეცკის ოლქის საზღვრის მახლობლად, შეზღუდული ლოკალიზებული კონტრშეტევების დროს 4 ივნისიდან.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტევა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში 7-8 ივნისის ღამეს, მაგრამ, როგორც ჩანს, წარმატებისთვის არ მიუღწევიათ და რუსულმა ძალებმა, როგორც ჩანს, დაიბრუნეს თავდაპირველი პოზიციები 8 ივნისისთვის.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა 8 ივნისს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკა დაკარგეს.
„ტექნიკის დაკარგვა, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის, კონტრშეტევის დასაწყისში არ არის უკრაინის კონტრშეტევის მომავალი პროგრესის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადაჭარბებული დასავლური ან სხვა აღჭურვილობის დანაკარგების გავლენა“, – წერს ISW-ი.
ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, რუსმა გენერალ-მაიორმა პოპოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ნაღმებმა „ძალიან მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშეს 8 ივნისს უკრაინის წინსვლის შეკავებაში. ISW-ის მოჰყავს ასევე CNN-ის ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ნაღმები უკრაინულ ჯავშანტექნიკას ანადგურებენ.
ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდასხმები დასავლეთ ზაპოროჟიეში 8 ივნისს არ ასახავს უკრაინის შესაძლებლობების სრულ მასშტაბს მიმდინარე კონტრშეტევაში.
„უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, შედგება სხვადასხვა მასშტაბის შეტევისგან, მათ შორის ლოკალიზებული თავდასხმებისგანაც. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ჩამოაყალიბა 12 სპეციალიზებული კონტრშეტევითი ბრიგადა, რომელთაგან 9 აღჭურვილია დასავლური იარაღით, 3 – არსებული აღჭურვილობით და ამ დანაყოფებს თითქმის უეჭველად შეუერთდებიან გამოცდილი უკრაინული დანაყოფები.
როგორც ჩანს, უკრაინამ აამოქმედა მხოლოდ კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის განკუთვნილი ძალების რეზერვის ნაწილი“, – წერს ISW-ი.
ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებაზე განლაგებული რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, უფრო კარგად მომზადებული დაჯგუფებაა და ნაკლებად სავარაუდოა, ასახავდეს რუსული დაჯგუფებების თავდაცვით შესაძლებლობებს ფრონტის სხვა ადგილებში.
„ამ სექტორში რუსული თავდაცვა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რუსეთის მთლიანი თავდაცვითი შესაძლებლობების მაჩვენებელი, რადგან უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევით ოპერაციებს“, – წერს ISW-ი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივნისის 21 საათიდან 10 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 11-12 ივნისს აჭარაში საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით კი უმეტესად უნალექო ამინდი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად“ – აცხადებს უწყება.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 213 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010]
ტანკი – 3 901 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 7 600 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 3 702 ერთეული [+34]
MLRS – 599 ერთეული [+4]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 359 ერთეული [+4]
თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 247 ერთეული [+13]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 6 410 ერთეული [+26]
სპეცტექნიკა – 502 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 9 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
440 თვითმფრინავი
238 ვერტმფრენი
4 555 უპილოტო საფრენი აპარატი
424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
9 798 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 122 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
5 062 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
10 838 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აპროტესტებს. მან დირექტორობის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ის ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო დაბლოკეს.
მანანა მიქავა აპირებს გაასაჩივროს განათლების მინისტრის ბრძანება და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.
„ფაქტობრივად, გასაუბრებაზე არ დასმულა ისეთი კითხვა, რაზეც არ მქონდა ადეკვატური პასუხი. რადგან გამოცდა მაღალი ქულით (60-ზე მეტი ქულა, უმაღლესი 80 იყო) ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ გასაუბრებაზეც არ შემიქმნიდნენ პრობლემას.
აპლიკანტთა უმეტესობას არ ჰქონდა დირექტორად მუშაობის გამოცდილება და, შესაბამისად, ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჭრილში მიიღეს გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა მიქავა.
მისი თქმით, ის მხარს არ უჭერდა რუსული კანონის მიღებას, მხარდაჭერას გამოხატავდა საპროტესტო აქციების მიმართ და ხშირად აკრიტიკებს სისტემას.
„ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი ხელშემშლელი ფაქტორი. სიმართლე გითხრათ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპზე შემიქმნიდნენ პრობლემას. არ მეგონა, რომ ასე ხელაღებით დაბლოკავდნენ ჩემს კანდიდატურას და არ მომცემდნენ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობასაც კი“, – ამბობს მანანა მიქავა.
მისი თქმით, გასაუბრებაზე არ ყოფილა პოლიტიკური მინიშნებები, თუმცა ისაუბრა სკოლებში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე.
„ერთადერთი, როცა მკითხეს, რატომ გადაწყვიტეთ დირექტორობაო, გულწრფელად ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.
ონაარის სკოლაში მცირე დატვირთვა მაქვს, ამიტომ წლებია სხვაგან ვეძებ სამსახურს, თუმცა ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო ვერ ვსაქმდები. ამიტომ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი დირექტორი, რომელიც სკოლაში პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩევდა კადრებს და არა ნეპოტიზმით.
მაღალკვალიფიციური კადრების აყვანა სწორედ დირექტორის პრეროგატივაა, რომ ამით აამაღლოს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხი.
გარდა ამისა, შედეგების გამოცხადებამდე ზუგდიდის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მერიაში უნდა მიეტანათ კანდიდატების სიები. როცა ვიკითხე, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი, მითხრა: ჩვენ თუ არა, აბა ვინ არის შუაში.
ალბათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვისზეც იტყოდნენ, რომ მათი მხარდამჭერია, იმის მიხედვით დააკმაყოფილებდნენ კანდიდატებს“, – ამბობს მანანა მიქავა.
2022 წელს, როცა სუს-ის ფაილები ხელმისაწვდომი გახდა მედიისთვის, აღმოჩნდა ჩანაწერები სკოლის დირექტორების შესახებაც, სადაც სუს-ი იმის მიხედვით წყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის დირექტორი, იყო თუ არა ესა თუ ის პირი ხელისუფლების მხარდამჭერი.
მანანა მიქავას თქმით, ეს სქემა რეალური რომაა, საკუთარ თავზე უკვე გამოცადა.
„თვალნათელი გახდა ჩემთვის და ეჭვიც აღარ მეპარება, რომ სუს-თან ან „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ ნიშნავენ სკოლის დირექტორებს. საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა ამაში.
მაგრამ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ და ასე მივაჩუმათებთ, არ გვექნება შესაბამისი რეაგირება, განათლების სისტემაში არაფერი შეიცვლება. მათ სჭირდებათ სისტემაში ისეთი დირექტორები, ვინც მათ პოლიტიკურ ნებას აღასრულებენ. ფაქტობრივად, არც აინტერესებთ რამე შეცვალონ.
ჩემ ირგვლივ ბევრია ისეთი, ვინც ასევე კრიტიკულადაა განწყობილი სისტემის მიმართ და როგორც ვიცი, ბევრი გარეთ დატოვეს“, – ამბობს მიქავა.
საქართველოში ორი ათასზე მეტი საჯარო სკოლაა, დირექტორთა კონკურსში 1839 აპლიკანტი მონაწილეობდა. მათგან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 755 და 24-მა პროცენტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.
„გასაუბრების ეტაპი ვინც გადალახა, მათ წინ კიდევ აქვთ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპი. ვაკანსიები უნდა გამოცხადდეს სკოლებში და შემდეგ სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს კანდიდატები.
თუ მეორე ეტაპზე თუნდაც თვალის ახვევის მიზნით ვინმე კრიტიკულად განწყობილი კანდიდატი გადაიყვანეს, ვფიქრობ, დანიშვნის ეტაპზე მაინც შეუქმნიან პრობლემას, რადგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ ობიექტურად აირჩევენ სამეურვეო საბჭოები დირექტორებს.
სამინისტროს დონეზე არ ჩატარდა ობიექტურად გასაუბრებები და სკოლებს ვინ მისცემს იმის უფლებას, სამეურვეო საბჭომ აირჩიოს თავისი სურვილით კანდიდატურა.
ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლების მეოთხედიც ვერ დაიფარება გამოცდაჩაბარებული კადრებით და უმეტესობაში ისევ დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ხელისუფლების ნების აღმსრულებლები არიან.
ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნების წინა წელს ახალი კადრების შემოდინება სკოლებში, ვინც მათ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რადგან ვერ გამოიყენებენ საარჩევნო რესურსად“, – გვეუბნება მანანა მიქავა.
პროცედურების მიხედვით, აპლიკანტს გასაუბრების შედეგების გასაჩივრება ერთი თვის შუალედში, სასამართლოში შეუძლია.
„თუმცა ვის სასამართლოში ვასაჩივრებთ? მურუსიძის ხომ? ამიტომ არც ამისგან მაქვს დიდი მოლოდინი, თუმცა მაინც არ ვაპირებ, დავნებდე და გავჩერდე.
სულ რომ შიმშილობა მომიწიოს სამინისტროს წინ, არ ვაპირებ ამ უსამართლობაზე თვალი დავხუჭო“, – ამბობს მანანა მიქავა.
ინსულტი მწვავე სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.
ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნევროლოგი თამარ თურმანიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი იშემიური ინსულტის განვითარებიდან სამი საათის განმავლობაში მოხვდება საავადმყოფოში, შესაძლებელია მისი თანამედროვე მეთოდით მკურნალობა, რომლის შედეგადაც თრომბი იშლება, სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში აღდგება და ხშირ შემთხვევაში პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს, ყოველგვარი ინვალიდობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ექიმი ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობა მათ დაგვიანებით მიმართავს, რა დროსაც მკურნალობა ხდება ძველი, შედარებით უფრო ნაკლებ ეფექტური მეთოდით.
ქალბატონო თამარ, რა არის ინსულტი და რა მოვლენაა ტრანზიტორული იშემიური შეტევა?
ზოგადად, ინსულტი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.
სისხლძარღვოვანი პათოლოგია შეიძლება იყოს ორი სახის – იშემიური დაზიანება და ჰემორაგიული დაზიანება. იშემიური დაზიანების დროს ხდება სისხლის ნაკადის შეწყვეტა ტვინის გარკვეულ უბანზე იმის გამო, რომ მოხდა სისხლძარღვის დაცობა თრომბით – ემბოლიით, ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით. ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევა და შედეგად სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში.
რაც შეეხება ტრანზიტორულ, ანუ გარდამავალ იშემიურ შეტევას, ამ დროს ხდება ინსულტის ნიშნების ჩამოყალიბება, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლაგდება, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ თავისით უკუგანვითარდეს. ტრანზიტორული იშემიური შეტევა იშემიური ინსულტის ნიშანია, ამ დროს ხდება სისხლძარღვის დახშობა თრომბით, იგივე ათეროსკლეროზული ცვლილებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში თავისით იხსნება. ანუ სისხლმომარაგება, რომელიც თავის ტვინს შეუწყდა, თავისით აღდგება 24 საათის განმავლობაში და ნევროლოგიური დეფიციტი, რომელიც დაიწყო, აღარ ყალიბდება.
რა ხდება ამ დაზიანებების მიზეზი?
იშემიური ინსულტის რისკფაქტორებია: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგია, განსაკუთრებით ე.წ. მოციმციმე არითმია; ხანდაზმულობა, რადგან ამ დროს იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, ასევე, მავნე ჩვევები, სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ზოგადად, ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის რისკფაქტორებიც იგივეა.
ჰემორაგიული ინსულტის წამყვანი რისკფაქტორია მაღალი არტერიული წნევა, შესაძლებელია სრულიად ჯანსაღ სისხლძარღვებში, მაღალი არტერიული წნევის ფონზე, მოხდეს სისხლძარღვის რღვევა და სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში; ასევე შესაძლებელია იყოს რაღაც სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ანევრიზმა, არტერიო-ვენური მალფორმაცია, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლებელია ასევე განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა.
რა ნიშნებით ამოიცნობა ინსულტი?
ინსულტის ამოცნობა ძალიან მარტივია, არის რამდენიმე წამყვანი ნიშანი, რომლებიც ძირითადად ჩნდება ჰემორაგიული თუ იშემიური ინსულტის დროს. ამ ნიშნების გამომხატველი აბრევიატურაა FAST და იშიფრება შემდეგნაირად:
Face – სახის ასიმეტრია
Arm – რომელიმე მხარეს კიდურის მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დაკარგვა
Speach – მეტყველების დარღვევა/მოშლა. მეტყველების პრობლემა შეიძლება იყოს როგორც წარმოთქმის (მეტყველება საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ ჩვენს ნათქვამს იგებს), ისე გაგების (სენსორული აფაზია ჰქვია ამას, როცა ჩვენს ნათქვამსაც ვერ იგებს და ვერც გადმოგვცემს);
Time დრო – უნდა გვახსოვდეს, რომ ინსულტისას დროს აქვს გადამწყვეტი როლი.
ტკივილი ახასიათებს ინსულტს?
იშემიურ ინსულტს არ ახასიათებს ტკივილი, პირიქით, ამ დროს პაციენტი ვერ გრძნობს ხელს, ფეხს, სახეს; ტკივილი ახასიათებს ჰემორაგიულ ინსულტს, უეცარი, ძალიან მწვავე ტკივილი თავის არეში – პირველი ნიშანია, ეს ხდება მაშინ, როცა სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა.
რამდენად საშიშია გარდამავალი იშემიური შეტევა?
ტრანზიტორული იშემიური შეტევა ინსულტზე არანაკლებ საშიში მდგომარეობაა. პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში, რადგან ძალიან მაღალია რისკი, რომ ტრანზიტორული იშემიური შეტევიდან 24 საათის განმავლობაში ის კიდევ განმეორდეს და ჩამოყალიბდეს ინსულტი. მომდევნო დღეებში ეს რისკი იკლებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ჩვეულებრივ, ჩამოყალიბებული ინსულტით პაციენტებს, ასევე პაციენტებს ტრანზიტორული იშემიური შეტევითაც, აუცილებლად ვუტარებთ ყველა გამოკვლევას და ვათავსებთ კლინიკაში. ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას და კვლევას. კვლევები საჭიროა მიზეზის დასადგენადაც, რათა, თუ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინსულტი.
მართალია, ტრანზიტორული იშემიური შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი აღარ გვჭირდება; ხშირად, სანამ პაციენტი კლინიკაში შემოვა, არის აბსოლუტურად ნორმალური ნევროლოგიური სტატუსით, ყველანაირი ნევროლოგიური დეფიციტი ალაგებულია, მაგრამ ვეყრდნობით ოჯახის წევრის გადმოცემას, მაგალითად: 10 წუთის განმავლობაში ვერ მეტყველებდა, მოძრაობა ხელში შეეზღუდა მაგრამ აღდგა… სიმპტომებიდან ასახელებენ ყველას ან რამდენიმეს, რომელიც კლინიკაში მოსვლამდე ალაგდა. ამ დროს ვეყრდნობით მათ მონათხრობს, გასაგები ხდება, რომ ეს იყო ტრანზიტორული იშემიური შეტევა, პაციენტს აუცილებლად ვათავსებთ კლინიკაში, ვიწყებთ მკურნალობას და კვლევას.
როგორია მკურნალობა ინსულტის სხვადასხვა ფორმის დროს?
ტრანზიტორული იშემიური შეტევის დროს პაციენტს კლინიკაში ვათავსებთ დაახლოებით 4-5 დღე. მკურნალობას ვიწყებთ ისე, როგორც მოწოდებულია მწვავე ინსულტის დროს – ანტიაგრეგატული მკურნალობა, ე.წ. ძველი მეთოდი. იმის გამო, რომ არ ჩამოყალიბდა იშემიური დაზიანება, აქ თრომბოლიზისს ვერ გამოვიყენებთ, მკურნალობა მედიკამენტურია.
რაც შეეხება იშემიურ ინსულტს, იშემიური ინსულტის მკურნალობაში არის თანამედროვე მეთოდი, თუ პაციენტი ინსულტის განვითარებიდან მალევე მოხვდება კლინიკაში, მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში, მკურნალობა ხდება თრომბოლიზისით – იგივე სისტემური თრომბოლიზი. ანუ არის თრომბოლიზური ნივთიერება [თრომბის დასაშლელი საშუალება], რომელიც შეგვყავს პაციენტთან ინტრავენურად, რის შედეგადაც ძალიან მალევე იშლება ჩამოყალიბებული თრომბი. ეს მეთოდი გვეხმარება, რომ არ განვითარდეს ამ ნაწილის იშემია [დახშობა], რომელიც დაწყებულია და პაციენტი, ყოველგვარი დეფიციტის გარეშე, ძალიან მალე გაეწეროს ბინაზე. ეს ნივთიერება კეთდება ერთი საათის განმავლობაში წვეთოვნად, გადასხმის სახით.
ჰემორაგიული ინსულტის დროს გააჩნია ქსოვილებშია ჩაღვრილი სისხლი, თუ მის მფარავ შიგნითა და გარეთა გარსებს შორის (სუბარაქნოიდული ჰემორაგია), ასევე მნიშვნელობა აქვს, რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი.
ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს თუ არა კონკრეტული შემთხვევა, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა არტერიული მალფორმაცია, ანევრიზმა – ამ დროს ტარდება სწრაფი ანგიოლოგიური ოპერაციები ანევრიზმისა და მალფორმაციების დასახშობად, ამას კლიპირება ჰქვია.
თუ არის ქსოვილშიდა სისხლჩაქცევა, გააჩნია რა რაოდენობის სისხლის ჩაქცევაა, იმის მიხედვით წყდება საკითხი, არის საჭირო მისი ქირურგიული მოშორება, თუ შესაძლებელია მისი მედიკამენტური მკურნალობა.
რამდენად ხშირია ინსულტის მქონე პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა?
სამწუხაროდ, დღემდე ხდება, რომ პაციენტი ინსულტის ნიშნებიდან/განვითარებიდან მეორე დღეს მოჰყავთ ექიმთან, ან დილას რომ დაემართება, საღამოს მოჰყავთ და ძალიან დიდი დრო გაჰყავთ დახმარების აღმოჩენამდე.
ძალიან სამწუხაროა, როცა ყველა რესურსი არის თანამედროვე მეთოდით მკურნალობის, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ვერ ხერხდება მისი გამოყენება.
იშემიური ინსულტის დროს სასურველია პაციენტი პირველი 3 საათის განმავლობაში მოხვდეს კლინიკაში და ჩვენ შევძლებთ ამ თანამედროვე მეთოდით მკურნალობას, ეს არის ძალიან წარმატებული მეთოდი, პაციენტი გადარჩება სიკვდილს, შეზღუდულ შესაძლებლობებს. რამდენიმე წელია ამ მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობა გვაქვს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დაბალია დროული მომართვიანობა, პაციენტების 90% მოდის დაგვიანებით.
დაგვიანების შემთხვევაში რა მეთოდია მკურნალობის?
დაგვიანების დროს თრომბოლიზისი არ ხერხდება და მკურნალობა ხდება ძველი მეთოდით. ეს არის სტანდარტული, ანტიაგრეგატული მკურნალობა და რეაბილიტაცია. ანტიაგრეგატული მკურნალობა არის იგივე მედიკამენტური მკურნალობა. ესეც თრომბოლიზური თერაპიაა, მაგრამ ისეთი ეფექტური და სწრაფად მოქმედი არ არის, როგორიც ტრომბოლიზისი, როცა ინტრავენურად შეგვყავს ნივთიერება. აქ ხდება ისევ თრომბის დასაშლელი მედიკამენტის მიწოდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ის არ არის ასეთი ეფექტური, ნელა მოქმედია და ასეთ 100-პროცენტიან ეფექტს არ გვაძლევს.