განათლება,მთავარი,სიახლეები

გამოცდაზე მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს – დირექტორობის კანდიდატი

08.06.2023 • 10319
გამოცდაზე მაღალი ქულა ავიღე, მაგრამ გასაუბრებაზე დამბლოკეს – დირექტორობის კანდიდატი

სკოლის დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის მასწავლებელი მანანა მიქავა აპროტესტებს. მან დირექტორობის გამოცდაზე მაღალი ქულები მიიღო, თუმცა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა. ის ფიქრობს, რომ მისი კანდიდატურა ხელისუფლების მიმართ მისი კრიტიკული განწყობების გამო დაბლოკეს.

მანანა მიქავა აპირებს გაასაჩივროს განათლების მინისტრის ბრძანება და საკუთარი უფლებებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

„ფაქტობრივად, გასაუბრებაზე არ დასმულა ისეთი კითხვა, რაზეც არ მქონდა ადეკვატური პასუხი. რადგან გამოცდა მაღალი ქულით (60-ზე მეტი ქულა, უმაღლესი 80 იყო) ჩავაბარე, ვფიქრობდი, რომ გასაუბრებაზეც არ შემიქმნიდნენ პრობლემას.

აპლიკანტთა უმეტესობას არ ჰქონდა დირექტორად მუშაობის გამოცდილება და, შესაბამისად, ეს არ უნდა ყოფილიყო პრობლემა. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ ჭრილში მიიღეს გადაწყვეტილება ჩემთან დაკავშირებით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მანანა მიქავა.

მისი თქმით, ის მხარს არ უჭერდა რუსული კანონის მიღებას, მხარდაჭერას გამოხატავდა საპროტესტო აქციების მიმართ და ხშირად აკრიტიკებს სისტემას.

„ვფიქრობ, ეს იყო ერთგვარი ხელშემშლელი ფაქტორი. სიმართლე გითხრათ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ თანამდებობაზე დამნიშნავდნენ, მოლოდინი მქონდა, რომ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპზე შემიქმნიდნენ პრობლემას. არ მეგონა, რომ ასე ხელაღებით დაბლოკავდნენ ჩემს კანდიდატურას და არ მომცემდნენ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობასაც კი“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, გასაუბრებაზე არ ყოფილა პოლიტიკური მინიშნებები, თუმცა ისაუბრა სკოლებში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე.

„ერთადერთი, როცა მკითხეს, რატომ გადაწყვიტეთ დირექტორობაო, გულწრფელად ვუთხარი, რასაც ვფიქრობდი.

ონაარის სკოლაში მცირე დატვირთვა მაქვს, ამიტომ წლებია სხვაგან ვეძებ სამსახურს, თუმცა ნეპოტიზმისა და კორუფციის გამო ვერ ვსაქმდები. ამიტომ მინდოდა ვყოფილიყავი ისეთი დირექტორი, რომელიც სკოლაში პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩევდა კადრებს და არა ნეპოტიზმით.

მაღალკვალიფიციური კადრების აყვანა სწორედ დირექტორის პრეროგატივაა, რომ ამით აამაღლოს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხი.

გარდა ამისა, შედეგების გამოცხადებამდე ზუგდიდის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, რომ მერიაში უნდა მიეტანათ კანდიდატების სიები. როცა ვიკითხე, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი, მითხრა: ჩვენ თუ არა, აბა ვინ არის შუაში.

ალბათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვისზეც იტყოდნენ, რომ მათი მხარდამჭერია, იმის მიხედვით დააკმაყოფილებდნენ კანდიდატებს“, – ამბობს მანანა მიქავა.

2022 წელს, როცა სუს-ის ფაილები ხელმისაწვდომი გახდა მედიისთვის, აღმოჩნდა ჩანაწერები სკოლის დირექტორების შესახებაც, სადაც სუს-ი იმის მიხედვით წყვეტდა, ვინ უნდა ყოფილიყო სკოლის დირექტორი, იყო თუ არა ესა თუ ის პირი ხელისუფლების მხარდამჭერი.

მანანა მიქავას თქმით, ეს სქემა რეალური რომაა, საკუთარ თავზე უკვე გამოცადა.

„თვალნათელი გახდა ჩემთვის და ეჭვიც აღარ მეპარება, რომ სუს-თან ან „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე არ ნიშნავენ სკოლის დირექტორებს. საკუთარმა გამოცდილებამ დამარწმუნა ამაში.

მაგრამ, თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ და ასე მივაჩუმათებთ, არ გვექნება შესაბამისი რეაგირება, განათლების სისტემაში არაფერი შეიცვლება. მათ სჭირდებათ სისტემაში ისეთი დირექტორები, ვინც მათ პოლიტიკურ ნებას აღასრულებენ. ფაქტობრივად, არც აინტერესებთ რამე შეცვალონ.

ჩემ ირგვლივ ბევრია ისეთი, ვინც ასევე კრიტიკულადაა განწყობილი სისტემის მიმართ და როგორც ვიცი, ბევრი გარეთ დატოვეს“, – ამბობს მიქავა.

საქართველოში ორი ათასზე მეტი საჯარო სკოლაა, დირექტორთა კონკურსში 1839 აპლიკანტი მონაწილეობდა. მათგან გასაუბრების ეტაპზე გადავიდა მხოლოდ 755 და 24-მა პროცენტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა.

„გასაუბრების ეტაპი ვინც გადალახა, მათ  წინ კიდევ აქვთ მესამე ანუ დანიშვნის ეტაპი. ვაკანსიები უნდა გამოცხადდეს სკოლებში და შემდეგ სამეურვეო საბჭომ უნდა აირჩიოს კანდიდატები.

თუ მეორე ეტაპზე თუნდაც თვალის ახვევის მიზნით ვინმე კრიტიკულად განწყობილი კანდიდატი გადაიყვანეს, ვფიქრობ, დანიშვნის ეტაპზე მაინც შეუქმნიან პრობლემას, რადგან არავის აქვს იმის ილუზია, რომ ობიექტურად აირჩევენ სამეურვეო საბჭოები დირექტორებს.

სამინისტროს დონეზე არ ჩატარდა ობიექტურად გასაუბრებები და სკოლებს ვინ მისცემს იმის უფლებას, სამეურვეო საბჭომ აირჩიოს თავისი სურვილით კანდიდატურა.

ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლების მეოთხედიც ვერ დაიფარება გამოცდაჩაბარებული კადრებით და უმეტესობაში ისევ დარჩებიან მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც ხელისუფლების ნების აღმსრულებლები არიან.

ვფიქრობ, ხელისუფლებას არ აწყობს არჩევნების წინა წელს ახალი კადრების შემოდინება სკოლებში, ვინც მათ მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი, რადგან ვერ გამოიყენებენ საარჩევნო რესურსად“, – გვეუბნება მანანა მიქავა.

პროცედურების მიხედვით, აპლიკანტს გასაუბრების შედეგების გასაჩივრება ერთი თვის შუალედში, სასამართლოში შეუძლია.

„თუმცა ვის სასამართლოში ვასაჩივრებთ? მურუსიძის ხომ? ამიტომ არც ამისგან მაქვს დიდი მოლოდინი, თუმცა მაინც არ ვაპირებ, დავნებდე და გავჩერდე.

სულ რომ შიმშილობა მომიწიოს სამინისტროს წინ, არ ვაპირებ ამ უსამართლობაზე თვალი დავხუჭო“, – ამბობს მანანა მიქავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: