„გვთხოვდნენ რუსულად საუბარს რუსულენოვან მომხმარებელთან, მათთვის მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია, მათ ენაზე უნდა დავლაპარაკებოდით. ეძებდნენ რუსულენოვან მიმტანებს. მთხოვდნენ, ტელეგრამ არხებში დამეწერა, რომ ვაკანსია გვქონდა. ეს უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი იყო“ – გვიყვება მარია ზოიძე, ბათუმში მდებარე კაფე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი.
მარია მათ შორისაა, ვინც „რეტროში“ სამსახური, ერთ-ერთ მიმტანთან დაკავშირებულ სკანდალურ ამბამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა. სწორედ მან გამოაქვეყნა „რეტროში“ დირექტორის, თეიმურაზ ვარშანიძის მიერ მიმტანზე ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ფეისბუქზე.
მარია ამბობს, რომ ამ კადრების აღების მოთხოვნით მის ახლობლებს ურეკავდნენ, შეტყობინებები თავადაც მიიღო, თუმცა ვიდეო არ წაუშლია.
მარია „რეტროში“ 2019 წელს დასაქმდა, მაშინ აბიტურიენტი იყო და უნივერსიტეტისთვის ფულს აგროვებდა. მალევე სტუდენტი გახდა და რიგი გამოწვევების წინაშე დადგა, რის გამოც დროებით მიატოვა სამსახური, შემდეგ კი პანდემია დაიწყო და ყველაფერი დაიკეტა.
პანდემიის აქტიური პერიოდის ჩავლის შემდეგ, როცა კაფეები გაიხსნა, უნივერსიტეტი ისევ ონლაინ სწავლებაზე დარჩა და მარია „რეტროში“ მიმტანის პოზიციაზე დაბრუნდა.
ცოტა ხანში ის სუპერვაიზერი გახდა: „ახალ მენეჯერს ვეხმარებოდი, ისიც თავის მხრივ მასწავლიდა ყველაფერს. მოვეწონე და სუპერვაიზერობა შემომთავაზეს“. მენეჯერის წასვლის შემდეგ კი ეს პოზიცია მარიამ დაიკავა.
მარიას, როგორც მენეჯერს, ზაფხულის აქტიური სეზონისთვის ახალი თანამშრომლებიც მოძებნასაც ავალებდნენ, მოთხოვნა რუსების აყვანა იყო. მარიას ახსოვს ისიც, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამოხატვის უფლება არ მისცეს:
„როცა უკრაინაში ომი დაიწყო ისევ მიმტანი ვიყავი. შეძრული ვიყავი ამ ომის გამო, მეზიზღება რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, მეზიზღება რუსული პოლიტიკა, ოკუპაციის პოლიტიკა. ომის პირველივე დღიდან ვთხოვე ჩემს დირექტორს, რომ დავბეჭდავდი პატარა პოსტერს, დროშას ან ფრაზას, ვთქვათ „სლავა უკრაინეს“, რაც იქნებოდა უკრაინის მხარდამჭერი და გავაკრავ- მეთქი, პასუხად მივიღე, ჩვენ რუსი მომხმარებლებიც გვყავსო.“
მარია გვიყვება, რომ „არ გაღიზიანების პოლიტიკა“ მის სამსახურშიც ჰქონდათ გაზიარებული:
„მიდგომა იყო, რომ რუსები არ უნდა გავაღიზიანოთ არასდროს. ეს ნიშნავს, რომ მოსულ რუს ტურისტს არ მოეწონებოდა ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. იყო კიდევ ის, რომ რუსების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოგვეჩინა“.
ყოფილი მენეჯერი გვიყვება, რომ თანამშრომლის ასაყვანად გასაუბრებისას რუსულის ცოდნა პრიორიტეტად აქციეს:
„ინგლისურის ხსენებამდე ეკითხებოდნენ გამართული ქართული და რუსული თუ იცითო. დიახ, ამას ვეკითხებოდით ყველას, ასე იყო ნორმალური მათთვის. გარდა ამისა ჩემი უფროსი მიგზავნიდა რუსულ ტელეგრამ არხებს, სადაც რუსები იყვნენ, მე სამსახური უნდა შემეთავაზებინა მათთვის. რუსულად უნდა განმეთავსებინა ინფორმაცია, რომ გვქონდა ვაკანსია და შეეძლოთ მოსულიყვნენ. ეს იყო ჩვენი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზი, მე ჩემს დამოკიდებულებას ყოველთვის ღიად ვაფიქსირებდი, არასდროს დამიმალავს.“
მარია ამბობს, რომ მისი პასიურობა რუსულენოვანი თანამშრომლების მოძებნასთან დაკავშირებით დირექტორს არ მოეწონა:
„რუსულენოვან თანამშრომლებს რომ არ ვეძებდი, ამის გამო ბრაზდებოდა კიდეც. თუ დაწერე იმ არხებშიო – მეკითხებოდა. მართლა დავწერე ერთხელ, ვალდებული ვიყავი ეს გამეკეთებინა, რადგან დავალება იყო. ან უნდა დავრჩენილიყავი და მემუშავა, ან უნდა წავსულიყავი, ასეთი იყო გარემო. ან უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მათ უნდათ, ან, თუ არ გინდა – წადი – ეს არის მათი პოლიტიკა. რამდენიმე რუსულენოვანი თანამშრომელი მოვიდა კიდეც. ბოლოს უკვე მენეჯერიც რუსულენოვანი იყო“.
მარია გვიყვება, როგორ ღიზიანდებოდა ადგილობრივი მომხმარებელი, როცა მათ რუსულენოვანი მიმტანი სთავაზობდა მომსახურებას:
„წარმოიდგინეთ, ქართულ რესტორანში შედიხარ და მიმტანი რუსულად გესაუბრება. ეს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელია. ამის გამო ძალიან დაძაბული ვიყავი, რაზეც ჩვენი უფროსის პასუხი იყო, რატომ მიუშვით ქართველთან რუსიო. თან უნდა დაგვემალა, რომ რუსები იყვნენ, უთხარით, რომ უკრაინელები არიანო. როგორ უნდა მოიტყუო? – ყველამ იცის, ყველა ხვდება“.
მარიას თქმით, გაღიზიანებას რუსი მომხმარებელიც ღიად გამოხატავდა, როდესაც ინგლისურად პასუხობდა მათ:
„იძაბებოდნენ, რატომ არ მესაუბრებით რუსულადო. რატომ ვერ გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ვართ ვალდებულები თავიანთ ენაზე ვესაუბროთ. უფროსი ითხოვდა მათთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას, თუ რუსული არ იცით, ნუ მიდიხართ მაგიდებთანო – ამასაც გვეუბნებოდა. ვინც იცის, ის მიუშვით, ნუ უქმნით დისკომფორტსო“.
მარია ცდილობს აგვიხსნას, რომ მის გაღიზიანებას უცხო ქვეყანა ან ენა კი არ იწვევს, არამედ რუსული პოლიტიკა, ოკუპაცია.
„რომ შემოსულიყო მაგალითად ბრიტანელი, ან უკრაინელი, მათ პირადად ჩემგან არ ექნებოდათ არანაირი დისკომფორტი. რუსებს კი მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მე ვალდებული არ ვარ კომფორტი შევუქმნა. ეს არის ჩემი პოზიცია და დარწმუნებული ვარ სხვა თანამშრომლებისაც. იმის ნაცვლად რომ რაღაც შეცვალონ, მოდიან და აქეთ გავიწროებენ შენსავე საწყალ ქვეყანაში.
ჩემი დამოკიდებულება რუსების მიმართ გამოწვეულია არამხოლოდ იმით, რომ ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არამედ იმითაც, რომ ახლა აწარმოებენ ომს უკრაინასთან, სხვანაირად მე არც ვიცნობ იმ ადამიანებს, არცერთს არ ვიცნობ. ჩემთვის საშინელებაა, შევიდე რესტორანში და იქ ვიღაც რუსულად მესაუბროს. მაშინ როდესაც ამდენი სტუდენტია, ვისაც სჭირდება დასაქმება და ანაზღაურება. ქართველი სტუდენტების მიმართ არასდროს ყოფილან ისეთი ჰუმანურები, როგორებიც არიან რუსების მიმართ.
მარია ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოს ახლა „რუსული მთავრობა“ ჰყავს და თავის არგუმენტებზე გვიყვება:
„ახლა, შეიძლება ითქვას, რუსული მთავრობა გვყავს. ასე ვფიქრობ იმის გამო, რომ მთელი თავისი სამყარო ფრენებს უჩერებს და ვიზებს არ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს, ქონებაზე სანქციებს უწესებენ, ჩვენთან კი, ქალაქის პრესტიჟულ უბნებში უკვე ბიზნესი აქვთ და რეკლამებს ვხვდები რუსულ ენაზე“.
კიდევ ერთი რამ, რაზეც მარია საუბრობს, დასაქმებულების უფლებების დარღვევა, მათი მაქსიმალური დატვირთვაა. ამბობს, რომ რეალურად ერთი თვე ასრულებდა იმ მოვალეობებს, რაც მენეჯერს ევალება, შემდეგ კი ფუნქციები დაუმატეს და თანდათან ყველაფერი გართულდა.
მარია გვიყვება, რომ მას შეუთავსეს პიარ-მენეჯერის მოვალეობებიც, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, ასევე, დაავალეს კაფეს დაკეტვა სამუშაოს დასრულების შემდეგ, მანამდე კი შემოსული თანხა უნდა ჩაებარებინა და დაეთვალა, შემდეგ კი ინფორმაცია სპეციალურ ჟურნალებში შეეტანა.
„ხშირად უთანხმოების მიზეზი იყო ის, რომ მთხოვდნენ ფეისბუქის კონტენტი მემართა მე. პიარის სამსახურის თანამშრომელი გაათავისუფლა, არ ვიცი რატომ. მთხოვდნენ, რომ ვიდეოები და ფოტოები განმეთავსებინა სოციალურ ქსელში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ეს მენეჯერის მოვალეობა არ არის, მით უმეტეს სერვისმენეჯერის, თავიდანვე არ ვიყავი ამაზე შეთანხმებული, ვუთხარი, რომ არ შემეძლო, არ ვიცოდი ფეისბუქგვერდის მართვა, არ მაქვს სათანადო გამოცდილება. მაინც მთხოვდნენ, მეორე-მესამე დღეს მიბრაზდებოდნენ იმის გამო, რომ ახალი პოსტი არ მქონდა განთავსებული“.
მარიამ გვითხრა ისიც, რომ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პროფკავშირებმა გამოუცხადეს, მათი პოლიტიკა და ღირებულებები კი არის დასავლური და ევროპული, ამან კიდევ ერთხელ აჩვენა მარიას, რომ ვინც ევროპისკენ არ არის, მას მხარდაჭერაც არ შეუძლია.
„პრემიერ- მინისტრს რომ ეკითხებიან, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტიო და ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა და არ პასუხობს, ისედაც ჩანს და ნათელია, საით მიჰყავს საქართველო. ჩემთვის არ შეიძლება დასავლურ უნივერსიტეტში სწავლა და მათი შვილებისთვის „გარყვნილად“ წოდებული ამერიკაც შეიძლება და ევროპაც. მე არ დამინახავს, რომ მათი რომელიმე შვილი რუსეთში სწავლობდეს“.
მარიას თქმით, არასოდეს დაიწყებს სამსახურს ხელშეკრულების გარეშე და მომზადებულ ხელშეკრულებას აუცილებლად კარგად წაიკითხავს. ახლა 21 წლის მარია ახალი სამსახურის ძიებაშია და ახალი გამოწვევებისთვისაც მზად არის.
________________
3 ივნისს ბათუმში, რესტორან „რეტროს“ მფლობელმა მიმტანს სცემა. ძალადობის დამადასტურებელი კადრები ფეისბუქზე გავრცელდა. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით პოლიციამ გამოძიება 4 ივნისს დაიწყო – სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე. 5 ივნისს კი პოლიციამ დააკავა თეიმურაზ ვარშანიძე, რესტორან „რეტროს“ მესაკუთრე. გამოძიება მას მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავება.
6 ივნისს სასამართლომ „რეტროს“ მესაკუთრე გირაოთი გაათავისუფლა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.
5 ივნისს, ბათუმში რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა ოფიციალურად დატოვა, მათ შორის არიან მზარეულებიც.
ამავე თემაზე:
„რეტრო“ ყველამ დავტოვეთ, რუსების და მფლობელის ნათესავების გარდა – რესტორნის თანამშრომლები


