ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია

11.05.2023 •
სასურველია, გოდერძის უბნის დაგეგმარება ჯვრის კომპოზიციიდან გამოვიდეს – კონცეფცია

ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გოდერძის უღელტეხილის უბნის დაგეგმარება „სასურველია ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს“. ამის შესახებ წერია კონცეფციაში, რომელიც კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ადგილების განვითარებას ეხება.

იქვე აღნიშნულია, რომ არის საკმარისი მონაცემები „გოდერძის უღელტეხილი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიის ძეგლად იქნეს აღიარებული“.

ბეშუმის გენერალური გეგმის კონცეფციის მიხედვით, „გოდერძის უღელტეხილის უბანი განსაკუთრებული ფუნქციისა და პროფილის არეალია, რომლის ფართობი 115,3 ჰექტარია, სადაც 158 საზაფხულო სადგომია“.

„ამ უბნის მნიშვნელობა აღემატება მის არსებულ, ან, თუნდაც, პერსპექტიულ რაოდენობრივ მაჩვენებლებს. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ამ უბნის ისტორიულ-კულტურული და საკომუნიკაციო-ინფრასტრუქტურული პოზიცია როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე დღევანდელობაში“ – აღნიშნულია კონცეფციაში.

„უწინარესად, ეს არის არეალი, სადაც საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე აჭარის მხრიდან შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა პირველად იქადაგა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუდგა მესხეთის გზას.

ისტორიკოსების ცნობით, „აფსარიდან ანდრია პირველწოდებული აჭარის გავლით წასულა ქართლისკენ. აჭარაში მიმავალი გზა კი სოფელ კიბეში (ჭოროხის მარჯვენა სანაპირო) იწყებოდა და დარისპარაულით მთავრდებოდა (ახლა დარისპარაული მთავრდება გოდერძის უღელტეხილის მისადგომებთან)“.

ამ მიდამოებში ანდრია მოციქულს რკინის ჯვარი აღუმართავს.

ეს მონაცემები საკმარისია საიმისოდ, რომ გოდერძის უღელტეხილი ეროვნული მნიშვნელობის ისტორიის ძეგლად იქნეს აღიარებული, რის აღმნიშვნელიც მონუმენტური ჯვრის ნიშნის აღმართვა შეიძლება გახდეს. სასურველია, ამ უბნის დაგეგმარება ჯვრის არქიტექტურული კომპოზიციიდან გამოვიდეს.“ – წერია კონცეფციაში.

ამავე კონცეფციის მიხედვით, გოდერძის უღელტეხილის უბნის განვითარების თვალსაჩინო გარემოებაა ისიც, რომ მასზე იკვეთება ზემო აჭარის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა:

„ეს ერთგვარი საგზაო „ჯვარედია“, რასაც ქმნის საავტომობილო გზის ბათუმი-ახალციხე და ბეშუმისკენ მიმავალი გზის, „მწვანე ტბის“ ახლად რეაბილიტირებული გზის თავმოყრის კვანძი. ეს გეგმარებითი კვანძი, ისევე, როგორც მასთან ახლოს მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი, განაპირობებს გოდერძის უღელტეხილის უბნის ფუნქციურ პროფილს – სატრანსპორტო მომსახურების ობიექტები, ტურისტულ-საინფორმაციო და გამანაწილებელი დაწესებულებები, კვების ობიექტები, „ბელვედერები“. ამასთან, ტრადიციული ყოფის ობიექტების განვითარება ხსენებულ ქალაქგეგმარებით ამოცანებს უნდა შეესაბამებოდეს.“

კურორტი ბეშუმი-გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმის და ამ არეალში მოქცეული სამი ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების შედგენაზე კონკურსი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა გამოცხადებული.

გენგეგმის კონცეფცია კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთმა“ მოამზადა.

ხულოს მერიის ინფორმაციით, ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა დაბა ხულოში 2023 წლის 19 სექტემბერს გაიმართება.

_____________________

ფოტო: გენგეგმის კონცეფციიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: