„უკრაინული ძალები აწარმოებენ კონტრშეტევას ფრონტის სულ მცირე სამ ადგილას და მიაღწიეს ტერიტორიულ გამარჯვებას 10 და 11 ივნისს“ – წერს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 11 ივნისის მიმოხილვაში.
ანალიტიკოსები ეყრდნობიან უკრაინულ და რუსულ ღია წყაროებს. კერძოდ, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის რაიონში, ხოლო რუსული წყაროები წერენ, რომ უკრაინის სახმელეთო შეტევები გრძელდება ბახმუტის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე.
„გეოლოკაციური კადრები და რუსული წყაროები აჩვენებდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი ველიკა ნოვოსილკას სამხრეთით, სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დონეცკის ოლქის დასავლეთით. რუსული წყაროების ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეტევას ორიხოვის სამხრეთ-დასავლეთით ზაპოროჟიას ოლქში და უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს წარმატებას ამ მხარეში“ – წერია მიმოხილვაში.
ISW-ი ასევე წერს, რომ ზოგიერთი რუსული წყაროს ცნობით, ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცრისფერ ზონაში“ ან სადავო ტერიტორიებზე და უკრაინული ძალები მოქმედებენ იმ ადგილებში, რომლებიც რუსეთს სრულად არ ჰქონდა დაკავებული. „რუსული წყაროები უკრაინის ტერიტორიულ წინსვლას, სავარაუდოდ, მოიხსენიებენ როგორც „ნაცრისფერი ზონების“ ხელში ჩაგდებას, რათა შეამცირონ უკრაინის მიღწევები და არ გაავრცელონ ინფორმაცია უკრაინული ძალების მიერ რუსეთის თავდაცვითი ხაზების გარღვევის შესახებ“ – წერენ ანალიტიკოსები.
ISW-ი ასევე წერს, რომ რუსული ძალები აგრძელებენ შეზღუდულ სახმელეთო შეტევებს კრემინას სამხრეთით, ასევე შეტევა გრძელდება ბახმუტის ირგვლივ და ავდიივკა-დონეცკის ხაზზე.






