მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

16.11.2022 • 1626
როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია –  ინტერვიუ

საქართველოში ინსულტი სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, ინსულტი უნარშეზღუდულობის რიგით მესამე მიზეზია მსოფლიოში. 

ინსულტის დროს ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს  თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში.

ექიმი-რეაბილიტოლოგი ნესტან შაშიკაძე ამბობს, რომ ინსულტის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფ რეაგირებას, მედიკამენტურ თერაპიას, კლინიკაში გადაყვანას და ა.შ.

„თუ, მაგალითად, თრომბული მასები გახდა იმის მიზეზი, რომ ინსულტი განვითარდა და სისხლძარღვების გამავლობა არის შეზღუდული, ძალიან სწრაფად რეაგირებაა საჭირო, სიმპტომების განვითარებიდან საავადმყოფოში მოხვედრამდე თუ 2-3 საათის შუალედია, კარგ შედეგს გვაძლევს ამ თრომბული მასების დაშლის და სისხლძარღვების გამავლობის მენეჯმენტი, შედეგად მცირდება ტვინის იშემია და ბუნებრივია, დიდ ხანს არ გრძელდება ტვინის დაზიანება. პერიფერიაზეც და სხვაგანაც კლინიკურ სურათს ეს უფრო მსუბუქს ხდის ან ადვილად  აალაგებს ხოლმე“  – ამბობს ექიმი.

ყველა ინსულტი არის სხვადასხვაგვარი და შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ თავის ტვინის რომელ უბანში ვითარდება და რა მოცულობის არის დაზიანება.
ინსულტის შედეგად პაციენტს შეიძლება დარჩეს სხეულის ნახევარში სისუსტე; ბალანსის დარღვევა და სიარულის პრობლემები; ხელის, ფეხის, მკლავისა და ტერფის გამოყენების შეზღუდვა; ასევე ყლაპვის პრობლემა; ფიქრისა და კომუნიკაციის პრობლემები და სხვა.  

  • ქალბატონო ნესტან, რა განსაზღვრავს იმას, დარჩება თუ არა რომელიმე უნარი შეზღუდული პაციენტს ინსულტის შემდეგ?

მთავარი განმსაზღვრელი იმისა, თუ როგორი გამოსავალი იქნება, არის დროის ფაქტორი, როგორც მედიკამენტური თერაპიის ან/და ქირურგიული ჩარევის, ასევე შემდგომი რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

ცხადია, აქ მნიშვნელობა აქვს, რა მოხდა თავის ტვინში, რამდენად მძიმეა დაზიანება – ამის მიხედვით შესაძლებელია ჩვენ რაღაც პროგნოზებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ზუსტად არასოდეს ვიცით, კონკრეტული სიმპტომი, როგორც ინსულტის რეზიდუალური (ნარჩენი) მოვლენა, დარჩება პაციენტს თუ არა.

ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის თავად პაციენტის რესურსზე. გარდა ამისა, აღდგენით პერიოდში საჭიროა სწორი შრომა, რაშიც პირველი არის ადრეული ინტერვენცია.

ადრე სრულიად სხვა რაღაცას ეძახდნენ ადრეულ ინტერვენციას და ახლა ეს ნიშნავს, რომ 24 – 32 საათში, როცა ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დასტაბილურდება, უკვე შეგვიძლია დავიწყოთ პაციენტთან მუშაობა. ეს ცოტა აოცებთ ხოლმე ადამიანებს, მაგრამ ჩვენ ვუხსნით, რომ მუშაობის დაწყება არ ნიშნავს პაციენტი წამოვაყენოთ და ვარბენინოთ, მუშაობა ნიშნავს განვახორციელებინოთ პაციენტს სწორად პოზიციონირება, გადატრიალება-გადმოტრიალება, ყრდნობა – ხელზე წამოდგომა… ისეთი მარტივი ფუნქციური უნარები, რომელთა ვარჯიშიც პაციენტმა აუცილებელია რომ დაიწყოს ადრე, რათა მან შეძლოს ფეხზე წამოდგომა.

რაც უფრო ადრე ვიწყებთ ინტერვენციას, მით უკეთესია გამოსავალი და ეს ძალიან ბევრი კვლევით არის დადასტურებული.

  • რა დროში ხდება რეაბილიტაცია?

სტატისტიკა ამბობს, რომ ინსულტის დადგომიდან პირველი 12 თვის განმავლობაში არის სწრაფი აღმასვლა, ანუ 12 თვე სულ უმჯობესდება და უმჯობესდება მდგომარეობა, ჩვენ ამას ვეუბნებით ხოლმე პაციენტებს თამამად, არ არის ეს ტყუილი დაპირება.

სწორი ინტერვენციის შემთხვევაში 12 თვე თქვენ ძალიან დიდი ნაბიჯები უნდა გადადგათ გაუმჯობესებისკენ, 12-24 თვის შემდეგ კიდევ შესაძლებელია რაღაცების დასწავლა და მდგომარეობის გაუმჯობესება. დასწავლა იმას არ ნიშნავს, რაღაც წავიკითხოთ და დავიმახსოვროთ, არამედ როცა ვიმეორებთ რაღაც კონკრეტულ აქტივობას, რაც განმეორების შემდეგ ავტომატურ ხასიათს იძენს, ადვილდება შეზღუდულ ფუნქციასთან გამკლავება და უმჯობესდება შეზღუდვა.

  • როდის არის მაღალი რისკი იმასა, რომ გარკვეული შეზღუდვა რეაბილიტაციის შემდეგაც დარჩეს პაციენტს ხანგრძლივად/მუდმივად?

ზუსტი პროგნოზირება არავის შეუძლია.

ბუნებრივია, როცა დასაწყისშივე ვხედავთ, რომ მსუბუქად მიმდინარეობს პოსტინსულტური პროცესი,  პაციენტს მსუბუქი დაზიანება, მსუბუქი დარღვევა დარჩა, ის მეტად ექვემდებარება ისეთ აღდგენას, რომ აღარ იყოს  რაღაც კლინიკური ნიშანი შემორჩენილი, მაგრამ რაც უფრო მძიმეა დაზიანება, მეტი შანსია, რომ დარჩეს ნარჩენი მოვლენა.

თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მართავ შემდეგში ამ ნარჩენ მოვლენას. შესაძლოა დარჩეს არა მსხვილი, არამედ ნატიფი მოტორიკის პრობლემა, მაქსიმუმ შეიძლება ბარათი ვერ ჩააცურო საბარათეში, ანუ ეს შეიძლება არ იყოს ისეთი მსხვილი კლინიკური სიმპტომი, რომელიც შესამჩნევი იქნება ან რაღაცაში ხელს შეგიშლის.

  • რამდენად ხშირია, როცა რეაბილიტაციის გარეშე უბრუნდება ფუნქცია პაციენტს?

ხანდახან არის ხოლმე, რომ პაციენტის ოჯახის წევრს გადაწყვეტილი აქვს 10 დღეში რეაბილიტაციის დაწყება და გვეუბნება, რომ პაციენტმა აამოძრავა უკვე ხელ-ფეხი და ფეხზეც წამოდგა, ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რეაბილიტაცია.

მთავარია, ასრულებს თუ არა პაციენტი ყოველდღიურ ფუნქციურ აქტივობებს, ეზღუდება თუ არა ცხოვრების ხარისხი, თუ ამ ორ რაღაცაში აქვს შეზღუდვა, მაშინ სჭირდება დახმარება.

არის მთელი ტესტები, შეფასების კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა დავადგინოთ, სჭირდება თუ არა ამ ადამიანს ვიღაცამ ავარჯიშოს, გააკეთოს რაღაც ინტერვენციები თუ არა; რა თქმა უნდა, ეს ხდება მისი მკურნალი ექიმის მიერ ჰემოდინამიკური სისტემებისა და მდგომარეობის კონტროლით, ეს უკვე სხვა პრეროგატივაა, იმიტომ, რომ ინსულტი ყოველთვის არის ერთ-ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი შემდეგი ინსულტისთვის და ბუნებრივია, უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ არ არის საჭირო ჩაერიო ფუნქციური უნარებით [რეაბილიტაციით], თუ პაციენტს არ აქვს კონკრეტული ჩივილი იმ ორი მიმართულებით.

ყველა კონკრეტული შემთხვევა არის ინდივიდუალური, თუმცა ერთი რამ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 3-5 წელიც რომ იყოს გასული, რაღაც დადებითს მაინც მოიტანს კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც არის სხვადასხვა ფუნქციაზე ორიენტირებული.

  • რას მოიცავს რეაბილიტაცია?

როცა ექიმი ეუბნება პაციენტს, რომ მას სჭირდება მასაჟი, ეს არ არის მთლად სწორი. პაციენტს სჭირდება გუნდური მიდგომა და რეაბილიტაციის გუნდმა უნდა გადაწყვიტოს ამ კონკრეტული პაციენტისთვის რა იქნება უმჯობესი, რომელი სტრატეგიები, რაზე იქნება სამუშაო, იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი წევრი ჰყავს გუნდს, ცენტრში მდგომი წევრი კი არის პაციენტი და მისი ოჯახი, ამას პაციენტზე ცენტრირებული მიდგომა ჰქვია, სწორედ მის ირგვლივ ბრუნავს რეაბილიტაციის მთელი გუნდი.

რეაბილიტაციის გუნდში არიან: ექიმი-რეაბილიტოლოგი, ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ენა-მეტყველების თერაპევტი და ნებისმიერი მოწვეული კონსულტანტი – დიეტოლოგიდან დაწყებული სოციალური მუშაკით დამთავრებული, რომელიც ჩვენ გვჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში.

  • ექიმი-რეაბილიტოლოგი აკეთებს შეფასებას, მედიკამენტურ თერაპიას განიხილავს, რეაბილიტაციის გეგმას წერს;
  • ფიზიკური თერაპევტი უფრო მსხვილი მოტორული მობილობის ხელშეწყობაზე მუშაობს, ფუნქციურ აქტივაციაზე;
  • ოკუპაციური თერაპევტი, იგივე ერგოთერაპევტი, მუშაობს ზედა კიდურის ფუნქციის აქტივაციაზე, ჯდომზე, ნატიფი მოტორული უნარებისა და გარემოს მორგება/ადაპტაციაზე, ასწავლის პაციენტს, როგორ გააკეთოს კომპენსირება იმ წუთას არსებული დარღვევით;
  • მეტყველების თერაპევტი კომუნიკაციაზე ზრუნავს და თუ ადამიანი ვერ მეტყველებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას კომუნიკაცია არ უნდა ჰქონდეს. კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდები არსებობს, რითაც შეგვიძლია მასთან კონტაქტი დავამყაროთ და შევთავაზოთ ეს მეთოდები როგორც მას, ისე მისი ოჯახის წევრებს. მას კომუნიკაციის გარდა ასევე ეხება ყლაპვა, კვება;
  • ფსიქოლოგი კოგნიტიურ უნარებზე მუშაობს და დეპრესიის შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის ინტერვენციას იყენებს.

 რეაბილიტაციის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს სხვადასხვა სტრატეგიით.

მაგალითად, არსებობს მოტორიკის სასწავლი/ხელშემწყობი სტრატეგიები, როცა რაღაცას ვერ ვაკეთებ, მაგრამ თუ სწორად მასწავლეს როგორ ვავარჯიშო ეს კონკრეტული უნარი, შესაძლებელია, რომ მოტორული დასწავლა განვახორციელო და გამიუმჯობესდეს ზოგადი ფუნქციური მდგომარეობა.

ასევე, შეიძლება ვერ ვამოძრავებ სახსარს კარგად, მაგრამ თუ კონკრეტული სტრატეგიები იქნება გამოყენებული სახსრის მოძრაობაზე, კუნთის ძალის მომატებაზე, ბალანსზე და ზოგადად, მოძრაობის კონტროლის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, რაღაც გაუმჯობესებას მივაღწევთ მობილობაში, ორიენტაციაში, გადაადგილებაში, ბალანსში და ა.შ.

აქ შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის პოზიციონირება, დაზიანებული კიდურის ფორსირებული გამოყენება, სხვადასხვა ტიპის ჩარევა, ნეიროგანვითარებითი მეთოდები და კიდევ ბევრი სტრატეგია, რაც შეიძლება შევთავაზოთ პაციენტს.

  •  როგორია ოჯახის წევრების როლი რეაბილიტაციის პროცესში?

ჩვენი როლი მათთან მიმართებაში პირველ რიგში არის განათლება და მათ კითხვებზე პასუხის გაცემა, ასევე იმის გაგება, თუ რა მოლოდინი აქვთ რეაბილიტაციისგან, რა არის მათი მიზანი.

ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეთ ოჯახის წევრებს ადამიანის მიმართ, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც უნარის შეზღუდვა აქვს. ჩვენ ვახსენებთ ოჯახს, რომ ეს არის იგივე ადამიანი, უბრალოდ სხვანაირად შეიცვალა მისი ფუნქციური მდგომარეობა, ამიტომ ნუ მოუჩლექთ ენას, ნუ მისცემთ ბურთს ხელში სათამაშოდ, ისე ნუ მოექცევით, თითქოს 2 წლის ბავშვთან გქონდეთ საქმე.

უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა პრობლემა იყოს მეტყველების მხრივ, ეს არის აფაზია და არა დემენცია – ვერ მეტყველებს, მაგრამ აზროვნებს.

ოჯახის წევრები ეხმარებიან პაციენტს, შეასრულოს ფუნქციური აქტივობები. ეს არ ნიშნავს, რომ დაავალოთ ადამიანს დღეში 100 აზიდვის გაკეთება, არამედ ვთხოვოთ – დააწექი ხელებს და წამოდექი დღეში სამჯერ, ან ცოტა ხანი იდექი და მერე დაჯექი, შეეცადე, კარი გააღო იმ ხელით, რომელიც არის დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ხელით თავისუფლად შეგიძლია გაღება. ასევე ვაფრთხილებთ პაციენტს, არ აიღოს ხელში ცხელი სითხით სავსე ჭიქა ან დანა, რაც ამ მომენტში საფრთხის მომცველია, მაგრამ ხელი უნდა იყოს აქტიური – თმა უნდა დაივარცხნოს, მშრალი საჭმელი პირთან მიიტანოს, გაიწმინდოს კბილები და ა.შ.

 ხშირად დაზიანებულ ხელში არასაკმარისი მოჭერის გამო პაციენტებს უჭირთ ჯაგრისის ტარის დაჭერა, რა დროსაც ვთხოვთ ოჯახის წევრებს, დაეხმარონ ტარის გამსხვილებაში, ანუ ადაპტირება მოვახდინოთ. ვასწავლით, რომ დაამაგრონ ჯაგრისის ტარზე ბავშვის ველოსიპედის რეზინის სახელური. ნებისმიერი კოვზის, ჩანგლის, ჯაგრისის სახელურის გამსხვილების შემდეგ ამ ადამიანს უმარტივდება მისი გამოყენება, ნაკლები ჩაჭიდებითაც.

ოჯახის წევრები ასეთ დროს უნდა იყვნენ კრეატიულები, იმიტომ, რომ როცა ბინაზე ვუტოვებთ პროგრამას პაციენტს, ჩვენ იქ ვერ მივიტანთ იმ მოწყობილობებს, რაც ცენტრში არსებობს.

მაგალითად, როცა დღეში ოთხჯერ უნდა წამოაყენონ ოჯახის წევრებმა პაციენტი, მაგრამ პაციენტი ჩავარდნილ საწოლზე წევს, ბუნებრივია გაუჭირდება იქიდან წამოდგომა, ამიტომ ვეუბნებით ოჯახის წევრებს – როცა წამოდგომას დააპირებთ, შეაცურეთ ქვემოდან რაღაც მყარი ფიცარი, თუნდაც ეს იყოს ნარდი და ადვილად წამოაყენებთ. სწორედ ეს არის ადაპტირება.

  •  ვინ არიან აჭარაში რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარები?

იმისთვის, რომ ადამიანი მოხვდეს ამ პროგრამაში, უნდა ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. ამ სტატუსის მოპოვების შემდეგ შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს ან თავის ნევროლოგს, თუკი ეს ნეირორეაბილიტაციაა, რომელიც დაუწერს მას ფორმა 100-ს, აღწერს მის მდგომარეობას და რეკომენდაციაში ჩაუწერს, თუ რატომ სჭირდება ამ ადამიანს რეაბილიტაცია. ამ ორი საბუთით და პირადობით ადამიანი [პაციენტის ოჯახის წევრი] მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და მცირე მოსაცდელი პერიოდის შემდეგ იღებს ვაუჩერს.

პაციენტი თავად ირჩევს, რომელ ცენტრში სურს მას რეაბილიტაციის გავლა.

შშმ სტატუსი განისაზღვრება იმ დეფექტებით, რასაც უტოვებს ინსულტი ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ამ ადამიანს.

პროგრამის ფარგლებში 600-ლარიანი ვაუჩერია გათვალისწინებული თითოეულ ბენეფიციარზე. წელს, მაგალითად, სამჯერ დაუფინანსდათ 15-დღიანი თერაპიის კურსი.

რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში თერაპიების ნაწილი სარეაბილიტაციო ცენტრში ტარდება, ნაწილი – პაციენტის საცხოვრებელში. თუ მძიმე პაციენტი არ არის, მოდის ხოლმე, მაგრამ ზოგიერთს ჩვენ ვაკითხავთ.

პაციენტთან ძირითადად ექიმისა და ფიზიკური თერაპევტის ვიზიტი ხორციელდება. როცა პაციენტს ოდნავ გაუუმჯობესდება მობილობა, შემდეგ მოჰყავთ ცენტრში.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ პაციენტს მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ სამედიცინო მომსახურებისათვის ინდივიდუალურად შემუშავებული გეგმის მიხედვით მიეწოდება კომპლექსური სერვისი – ფიზიკური თერაპევტის, რეაბილიტოლოგის, ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ლოგოპედის, შრომითი თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის და სხვა საჭირო სპეციალისტების მომსახურება.

პროგრამის ბენეფიციარები შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების გარდა არიან ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და ომის ვეტერანები. პროგრამა აჭარაში რეგისტრირებული პირებისთვისაა ხელმისაწვდომი. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: