მთავარი,სიახლეები

ბათუმში გარემონტებული ბაღები ისევ სარემონტოა, მივმართავთ ანტიკორუფციულ სამსახურს – ოპოზიცია

12.06.2023
ბათუმში გარემონტებული ბაღები ისევ სარემონტოა, მივმართავთ ანტიკორუფციულ სამსახურს – ოპოზიცია

„ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღების დეფიციტია და პრაქტიკულად, ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი, სამი საბავშვო ბაღი, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ დაკეტილია და ახლა დამატებით ხარჯავენ მილიონებს“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი  „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ესენია: ბათუმის მე-13, 31-ე და 33-ე საბავშვო ბაღები.

რეზო ხარაზის თქმით, მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 747 ათას 658 ლარი დაიხარჯა, თუმცა შენობა ერთ წელიწადში ავარიულად გამოაცხადეს და სამი წელია დაკეტილია.

„ახლა შენობის აღდგენაზე დამატებით მილიონ 218 ათას 509 ლარია გამოყოფილი.

31-ე საბავშვო ბაღზე 892 ათას 258 ლარი დაიხარჯა. დღეს კი, დამატებით ერთი მილიონ 170 ათას 899 ლარი უნდა დახარჯონ ისევ. თითქოს გაარემონტეს და ახლა, ბაღი თავიდან გასარემონტებელია.

დღეს ვიყავი 33-ე  საბავშვო ბაღთანაც, რომელიც 2018 წელს გაიხსნა და ერთი მილიონ 998 ათას 427 ლარი დახარჯეს. თუმცა, გახსნიდან მალევე გაუჩნდა ბზარები შენობას, ახლა, როგორც ვიცით, ბიუჯეტიდან ისევ გამოყეს ერთი მილიონ 753 ათას 296 ლარი“ – ამბობს რეზო ხარაზი.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ მან გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურასაც მიმართა, თუმცა, მისივე თქმით, აღნიშნულ უწყებას მოკვლევაც კი არ დაუწყია.

„ახლა ვაპირებთ მივმართოთ ანტიკორუფციულ სამსახურს და გვაინტერესებს, დაიწყებენ თუ არა მოკვლევას ამ ფაქტებზე“ – ამბობს რეზო ხარაზი.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“  ვერ უთხრეს, ზუსტად რამდენი ბავშვია საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილი ბათუმში ბოლო მონაცემებით. გაერთიანების დირექტორი დათო დიასამიძე ამბობს, რომ კვირის ბოლომდე მონაცემებს დაამუშავებენ და ზუსტად ეცოდინებათ ეს რიცხვი.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებში მიმდინარე სამუშაოებს, მისი თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღები სექტემბრისთვის გაიხსნება.

„ყოველწლიურად 3-4 ბაღი უნდა გარემონტდეს, რათა დავაკმაყოფილოთ ავტორიზაციის მოთხოვნები.

130-მდე ადგილი გვაქვს ბაღებში: თამარის დასახლებაში, მახინჯაურსა და ჩაქვში, მაგრამ ბავშვები არ მიდიან. ტრანსპორტირებასაც ვთავაზობთ, მაგრამ…

ახლა სარემონტოდ ვუშვებ მე-14, მე-4 ბაღს და ეს ბავშვები უნდა გადანაწილდნენ.

ახალი ბაღი გაიხსნება ჩაქვში, ცენტრთან მისვლამდე, ერთი ბარცხანაში და მესამე „აგროჰაბის“ უკან, ბაგრატიონზე, ყველა არის ცხრაჯგუფიანი ბაღი“- ამბობს დათო დიასამიძე.

მისი თქმით, მე-13, 33-ე და 31-ე საბავშვო ბაღები მშენებლებმა 15 სექტემბრისთვის უნდა ჩააბარონ. „31-ე შეიძლება 15 დღე დაგვიანდეს და დანარჩენი ჩაგვბარდება“ – ამბობს დიასამიძე.

საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია 2030 წელს უნდა გაიარონ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: