მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რა შედეგი აქვს ინსულტის დროულ მკურნალობას | ინტერვიუ ნევროლოგთან

08.06.2023 • 2520
რა შედეგი აქვს ინსულტის დროულ მკურნალობას | ინტერვიუ ნევროლოგთან

ინსულტი მწვავე სამედიცინო მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა ტვინის სისხლით მომარაგება, რაც იწვევს თავის ტვინის ინფარქტს ან სისხლჩაქცევას ტვინში. საქართველოში დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.

ინსულტის ადრეულ ეტაპზე ეფექტურ მართვას შეუძლია სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნევროლოგი თამარ თურმანიძე ამბობს, რომ თუ პაციენტი იშემიური ინსულტის განვითარებიდან სამი საათის განმავლობაში მოხვდება საავადმყოფოში, შესაძლებელია მისი თანამედროვე მეთოდით მკურნალობა, რომლის შედეგადაც თრომბი იშლება, სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში აღდგება და ხშირ შემთხვევაში პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჯანმრთელ რიტმს, ყოველგვარი ინვალიდობის გარეშე. მიუხედავად ამისა, ექიმი ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობა მათ დაგვიანებით მიმართავს, რა დროსაც მკურნალობა ხდება ძველი, შედარებით უფრო ნაკლებ ეფექტური მეთოდით.

  • ქალბატონო თამარ, რა არის ინსულტი და რა მოვლენაა ტრანზიტორული იშემიური შეტევა?

ზოგადად, ინსულტი არის ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.

სისხლძარღვოვანი პათოლოგია შეიძლება იყოს ორი სახის – იშემიური დაზიანება და ჰემორაგიული დაზიანება. იშემიური დაზიანების დროს ხდება სისხლის ნაკადის შეწყვეტა ტვინის გარკვეულ უბანზე იმის გამო, რომ მოხდა სისხლძარღვის დაცობა თრომბით – ემბოლიით, ან ათეროსკლეროზული ცვლილებებით. ჰემორაგიული ინსულტის დროს ხდება სისხლძარღვის მთლიანობის დარღვევა და შედეგად სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში.

რაც შეეხება ტრანზიტორულ, ანუ გარდამავალ იშემიურ შეტევას, ამ დროს ხდება ინსულტის ნიშნების ჩამოყალიბება, რომელიც 24 საათის განმავლობაში ლაგდება, შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ თავისით უკუგანვითარდეს. ტრანზიტორული იშემიური შეტევა იშემიური ინსულტის ნიშანია, ამ დროს ხდება სისხლძარღვის დახშობა თრომბით, იგივე ათეროსკლეროზული ცვლილებით, რომელიც 24 საათის განმავლობაში თავისით იხსნება. ანუ სისხლმომარაგება, რომელიც თავის ტვინს შეუწყდა, თავისით აღდგება 24 საათის განმავლობაში და ნევროლოგიური დეფიციტი, რომელიც დაიწყო, აღარ ყალიბდება.

  • რა ხდება ამ დაზიანებების მიზეზი?

იშემიური ინსულტის რისკფაქტორებია: არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგია, განსაკუთრებით ე.წ. მოციმციმე არითმია; ხანდაზმულობა, რადგან ამ დროს იწყება ათეროსკლეროზული ცვლილებები, ასევე, მავნე ჩვევები, სიგარეტის მოწევა, ჭარბი წონა და ზოგადად,  ცხოვრების არაჯანსაღი წესი. ტრანზიტორული იშემიური შეტევის რისკფაქტორებიც იგივეა.

ჰემორაგიული ინსულტის წამყვანი რისკფაქტორია მაღალი არტერიული წნევა, შესაძლებელია სრულიად ჯანსაღ სისხლძარღვებში, მაღალი არტერიული წნევის ფონზე, მოხდეს სისხლძარღვის რღვევა და სისხლის ჩაქცევა თავის ტვინში; ასევე შესაძლებელია იყოს რაღაც სისხლძარღვოვანი პათოლოგია, ანევრიზმა, არტერიო-ვენური მალფორმაცია, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგია, რომლის დროსაც შესაძლებელია ასევე განვითარდეს თავის ტვინში სისხლჩაქცევა.

  • რა ნიშნებით ამოიცნობა ინსულტი?
ინსულტის ამოცნობა ძალიან მარტივია, არის რამდენიმე წამყვანი ნიშანი, რომლებიც ძირითადად ჩნდება ჰემორაგიული თუ იშემიური ინსულტის დროს. ამ ნიშნების გამომხატველი აბრევიატურაა FAST და იშიფრება შემდეგნაირად:
  • Face – სახის ასიმეტრია
  • Arm – რომელიმე მხარეს კიდურის მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დაკარგვა
  • Speach – მეტყველების დარღვევა/მოშლა. მეტყველების პრობლემა შეიძლება იყოს როგორც წარმოთქმის (მეტყველება საერთოდ არ შეუძლია, მაგრამ ჩვენს ნათქვამს იგებს), ისე გაგების (სენსორული აფაზია ჰქვია ამას, როცა ჩვენს ნათქვამსაც ვერ იგებს და ვერც გადმოგვცემს);
  • Time დრო – უნდა გვახსოვდეს, რომ ინსულტისას დროს აქვს გადამწყვეტი როლი.

 

  • ტკივილი ახასიათებს ინსულტს?

იშემიურ ინსულტს არ ახასიათებს ტკივილი, პირიქით, ამ დროს პაციენტი ვერ გრძნობს ხელს, ფეხს, სახეს; ტკივილი ახასიათებს ჰემორაგიულ ინსულტს, უეცარი, ძალიან მწვავე ტკივილი თავის არეში – პირველი ნიშანია, ეს ხდება მაშინ, როცა სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა.

  • რამდენად საშიშია გარდამავალი იშემიური შეტევა?

ტრანზიტორული იშემიური შეტევა ინსულტზე არანაკლებ საშიში მდგომარეობაა. პაციენტი აუცილებლად უნდა მოთავსდეს კლინიკაში, რადგან ძალიან მაღალია რისკი, რომ ტრანზიტორული იშემიური შეტევიდან 24 საათის განმავლობაში ის კიდევ განმეორდეს და ჩამოყალიბდეს ინსულტი. მომდევნო დღეებში ეს რისკი იკლებს, ამიტომ ჩვენ, როგორც ჩვეულებრივ, ჩამოყალიბებული ინსულტით პაციენტებს, ასევე პაციენტებს ტრანზიტორული იშემიური შეტევითაც, აუცილებლად ვუტარებთ ყველა გამოკვლევას და ვათავსებთ კლინიკაში. ვიწყებთ მედიკამენტურ მკურნალობას და კვლევას. კვლევები საჭიროა მიზეზის დასადგენადაც, რათა, თუ შესაძლებელია, თავიდან ავიცილოთ ინსულტი.

მართალია, ტრანზიტორული იშემიური შეტევა შესაძლოა რამდენიმე წუთს გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ექიმი აღარ გვჭირდება; ხშირად, სანამ პაციენტი კლინიკაში შემოვა, არის აბსოლუტურად ნორმალური ნევროლოგიური სტატუსით, ყველანაირი ნევროლოგიური დეფიციტი ალაგებულია, მაგრამ ვეყრდნობით ოჯახის წევრის გადმოცემას, მაგალითად: 10 წუთის განმავლობაში ვერ მეტყველებდა, მოძრაობა ხელში შეეზღუდა მაგრამ აღდგა… სიმპტომებიდან ასახელებენ ყველას ან რამდენიმეს, რომელიც კლინიკაში მოსვლამდე ალაგდა. ამ დროს ვეყრდნობით მათ მონათხრობს, გასაგები ხდება, რომ ეს იყო ტრანზიტორული იშემიური შეტევა, პაციენტს აუცილებლად ვათავსებთ კლინიკაში, ვიწყებთ მკურნალობას და კვლევას.

  • როგორია მკურნალობა ინსულტის სხვადასხვა ფორმის დროს?

ტრანზიტორული იშემიური შეტევის დროს პაციენტს კლინიკაში ვათავსებთ დაახლოებით 4-5 დღე. მკურნალობას ვიწყებთ ისე, როგორც მოწოდებულია მწვავე ინსულტის დროს – ანტიაგრეგატული მკურნალობა, ე.წ. ძველი მეთოდი. იმის გამო, რომ არ ჩამოყალიბდა იშემიური დაზიანება, აქ თრომბოლიზისს ვერ გამოვიყენებთ, მკურნალობა მედიკამენტურია.

რაც შეეხება იშემიურ ინსულტს, იშემიური ინსულტის მკურნალობაში არის თანამედროვე მეთოდი, თუ პაციენტი ინსულტის განვითარებიდან მალევე მოხვდება კლინიკაში, მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში, მკურნალობა ხდება თრომბოლიზისით – იგივე სისტემური თრომბოლიზი. ანუ არის თრომბოლიზური ნივთიერება [თრომბის დასაშლელი საშუალება], რომელიც შეგვყავს პაციენტთან ინტრავენურად, რის შედეგადაც ძალიან მალევე იშლება ჩამოყალიბებული თრომბი. ეს მეთოდი გვეხმარება, რომ არ განვითარდეს ამ ნაწილის იშემია [დახშობა], რომელიც დაწყებულია და პაციენტი, ყოველგვარი დეფიციტის გარეშე, ძალიან მალე გაეწეროს ბინაზე. ეს ნივთიერება კეთდება ერთი საათის განმავლობაში წვეთოვნად, გადასხმის სახით.

ჰემორაგიული ინსულტის დროს გააჩნია ქსოვილებშია ჩაღვრილი სისხლი, თუ მის მფარავ შიგნითა და გარეთა გარსებს შორის (სუბარაქნოიდული ჰემორაგია), ასევე მნიშვნელობა აქვს, რა გახდა მისი გამომწვევი მიზეზი. 

ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს თუ არა კონკრეტული შემთხვევა, დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა არტერიული მალფორმაცია, ანევრიზმა – ამ დროს ტარდება სწრაფი ანგიოლოგიური ოპერაციები ანევრიზმისა და მალფორმაციების დასახშობად, ამას კლიპირება ჰქვია.

თუ არის ქსოვილშიდა სისხლჩაქცევა, გააჩნია რა რაოდენობის სისხლის ჩაქცევაა, იმის მიხედვით წყდება საკითხი, არის საჭირო მისი ქირურგიული მოშორება, თუ შესაძლებელია მისი მედიკამენტური მკურნალობა.

  • რამდენად ხშირია ინსულტის მქონე პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობა?

სამწუხაროდ, დღემდე ხდება, რომ პაციენტი ინსულტის ნიშნებიდან/განვითარებიდან მეორე დღეს მოჰყავთ ექიმთან, ან დილას რომ დაემართება, საღამოს მოჰყავთ და ძალიან დიდი დრო გაჰყავთ დახმარების აღმოჩენამდე.

ძალიან სამწუხაროა, როცა ყველა რესურსი არის თანამედროვე მეთოდით მკურნალობის, მაგრამ დროის ფაქტორის გამო ვერ ხერხდება მისი გამოყენება.

იშემიური ინსულტის დროს სასურველია პაციენტი პირველი 3 საათის განმავლობაში მოხვდეს კლინიკაში და ჩვენ შევძლებთ ამ თანამედროვე მეთოდით მკურნალობას, ეს არის ძალიან წარმატებული მეთოდი, პაციენტი გადარჩება სიკვდილს, შეზღუდულ შესაძლებლობებს. რამდენიმე წელია ამ მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობა გვაქვს კლინიკაში, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დაბალია დროული მომართვიანობა, პაციენტების 90% მოდის დაგვიანებით.

  • დაგვიანების შემთხვევაში რა მეთოდია მკურნალობის?

დაგვიანების დროს თრომბოლიზისი არ ხერხდება და მკურნალობა ხდება ძველი მეთოდით. ეს არის სტანდარტული, ანტიაგრეგატული მკურნალობა და რეაბილიტაცია. ანტიაგრეგატული მკურნალობა არის იგივე მედიკამენტური მკურნალობა. ესეც თრომბოლიზური თერაპიაა, მაგრამ ისეთი ეფექტური და სწრაფად მოქმედი არ არის, როგორიც ტრომბოლიზისი, როცა ინტრავენურად შეგვყავს ნივთიერება. აქ ხდება ისევ თრომბის დასაშლელი მედიკამენტის მიწოდება, მაგრამ კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, ის არ არის ასეთი ეფექტური, ნელა მოქმედია და ასეთ 100-პროცენტიან ეფექტს არ გვაძლევს.

ამავე თემაზე:

როგორია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია – ინტერვიუ

ინსულტის შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაციას სახელმწიფო დააფინანსებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: