მთავარი,სიახლეები

უკრაინამ ფრონტის 3 მიმართულებაზე კონტრშეტევა განახორციელა – ISW

09.06.2023 • 1555
უკრაინამ ფრონტის 3 მიმართულებაზე კონტრშეტევა განახორციელა – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები 8 ივნისის მიმოხილვაში წერენ, 4 ივნისიდან უკრაინამ ჩაატარა კონტრშეტევითი ოპერაციები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორში.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ტაქტიკურ წარმატებას დასავლეთ დონეცკის ოლქში, დონეცკის ოლქის საზღვრის მახლობლად, შეზღუდული ლოკალიზებული კონტრშეტევების დროს 4 ივნისიდან.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტევა დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში 7-8 ივნისის ღამეს, მაგრამ, როგორც ჩანს, წარმატებისთვის არ მიუღწევიათ და რუსულმა ძალებმა, როგორც ჩანს, დაიბრუნეს თავდაპირველი პოზიციები 8 ივნისისთვის.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა 8 ივნისს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკა დაკარგეს.

„ტექნიკის დაკარგვა, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის, კონტრშეტევის დასაწყისში არ არის უკრაინის კონტრშეტევის მომავალი პროგრესის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს გადაჭარბებული დასავლური ან სხვა აღჭურვილობის დანაკარგების გავლენა“, – წერს ISW-ი.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, რუსმა გენერალ-მაიორმა პოპოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ნაღმებმა „ძალიან მნიშვნელოვანი როლი“ ითამაშეს 8 ივნისს უკრაინის წინსვლის შეკავებაში. ISW-ის მოჰყავს ასევე CNN-ის ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ნაღმები უკრაინულ ჯავშანტექნიკას ანადგურებენ.

ამავე დროს, ISW-ი აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდასხმები დასავლეთ ზაპოროჟიეში 8 ივნისს არ ასახავს უკრაინის შესაძლებლობების სრულ მასშტაბს მიმდინარე კონტრშეტევაში.

„უკრაინის კონტრშეტევა, სავარაუდოდ, შედგება სხვადასხვა მასშტაბის შეტევისგან, მათ შორის ლოკალიზებული თავდასხმებისგანაც. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ ჩამოაყალიბა 12 სპეციალიზებული კონტრშეტევითი ბრიგადა, რომელთაგან 9 აღჭურვილია დასავლური იარაღით, 3 – არსებული აღჭურვილობით და ამ დანაყოფებს თითქმის უეჭველად შეუერთდებიან გამოცდილი უკრაინული დანაყოფები.

როგორც ჩანს, უკრაინამ აამოქმედა მხოლოდ კონტრშეტევითი ოპერაციებისთვის განკუთვნილი ძალების რეზერვის ნაწილი“, – წერს ISW-ი.

ანალიტიკოსები ასევე წერენ, რომ ამ კონკრეტულ მიმართულებაზე განლაგებული რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, უფრო კარგად მომზადებული დაჯგუფებაა და ნაკლებად სავარაუდოა, ასახავდეს რუსული დაჯგუფებების თავდაცვით შესაძლებლობებს ფრონტის სხვა ადგილებში.

„ამ სექტორში რუსული თავდაცვა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რუსეთის მთლიანი თავდაცვითი შესაძლებლობების მაჩვენებელი, რადგან უკრაინა აგრძელებს კონტრშეტევით ოპერაციებს“, – წერს ISW-ი.

_______________

ფოტო: unian.net

გადაბეჭდვის წესი


ასევე: