მთავარი,სიახლეები

უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ – ინტერვიუ 

09.06.2023 • 2706
უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ – ინტერვიუ 

რა ხდება უკრაინაში მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ რუსულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს და სამხრეთ უკრაინის ნაწილი დატბორეს. რა ვითარებაა ბახმუტთან – დაიწყო თუ არა უკრაინის კონტრშეტევა, რომელსაც დიდი ხანია ელის ყველა.

„ბათუმელები“ ამ თემაზე გადამდგარ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს ესაუბრა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია. ვახტანგ კაპანაძე ორჯერ იყო საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი. ამჟამად ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინამ ჩამოაყალიბა 12 სპეციალიზებული კონტრშეტევითი ბრიგადა, რომელთაგან 9 აღჭურვილია დასავლური იარაღით, 3 კი არსებული აღჭურვილობით, ამასთან, ამ დანაყოფებს  უერთდებიან გამოცდილი უკრაინული დანაყოფები. რა ტიპის დანაყოფებია და რამდენი ჯარისკაცი შედის თითოეულში?

საბრძოლო დანაყოფები შედგება 4-5 ბატალიონისგან. ერთ ბატალიონში 500 კაცია. სადღაც ჩათვალეთ ერთი ბრიგადა არის 2500-3000 კაცი. ადრე იყო ნათქვამი, რომ 8 თუ 9 ბრიგადაა. ახლა გაიზარდა ეს რაოდენობა. არ არის გამორიცხული, რომ ისევ გრძელდება ბრიგადების მომზადება.

შეიძლება უფრო მცირეც იყოს ბრიგადა ან უფრო დიდიც, მაგალითად 8 ათას კაცამდე. გააჩნია რა შემადგენლობის იქნება და რა დანიშნულების.

მე ვიცოდი, რომ 65 ათასი კაცი ჰყავდათ მობილიზებული უკრაინელებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უკრაინელებისგან არაფერი ინფორმაცია არ გამოდის. ასე, ნაგლეჯ-ნაგლეჯ ინფორმაციიდან თუ რაღაცას გამოვიტანთ, უცხოელებიდან, ისიც არ არის ზუსტი. საკმაო ძალებია მობილიზებული იმისათვის, რომ განახორციელოს უკრაინამ კონტრდარტყმა. რომელიც ჩემი ღრმა რწმენით უკვე დაწყებულია.

  • რას ნიშნავს ეს 12 სპეციალიზებული ბრიგადა?

სპეციალიზებულში გააჩნია რა იგულისხმება. მაგალითად, სპეციალიზებულად თუ ჩაითვლება ის, რომ ეს არის გარღვევისთვის მომზადებული დარტყმითი ბრიგადები.

ერთიანი ბრიგადით დღეს არავინ ომობს. არის ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფი და საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი. ნარევია, შესასრულებელი ამოცანიდან გამომდინარე. შეიძლება იყოს მექანიზებული დანაყოფი, ჯავშანსატანკო დანაყოფი ან ქვეითი დანაყოფი. რომელიც იქნება შესაბამისი გაძლიერებით. მიჭირს თქმა, ამ სპეციალიზებულში რა იგულისხმება. დღეს ისეა არეული, გათქვეფილი ერთმანეთში, რომ რუსი მედესანტეები სანგრებში სხედან, უკრაინელი სპეცდანიშნულების რაზმები ბახმუტს იცავდნენ და ა.შ.

ასე რომ, ძალიან ძნელია თქმა, რამდენად სპეციალიზებულია და რამდენად კონკრეტული ამოცანისთვის შექმნილი დანაყოფები არიან.

ჩემი აზრით, ეს მაინც არის გარღვევისთვის მომზადებული დანაყოფები. რომელიც გაძლიერებულია ჯავშან საშუალებებით. იმედი მაქვს, რომ გაძლიერებულია ასევე საინჟინრო საშუალებებით.

  • „9 ბრიგადა აღჭურვილია დასავლური იარაღით“ – რას ნიშნავს ეს, რა რესურსია?

ეს მაინც არის ჯავშანტექნიკა და არტილერია. აბა თვითმფრინავებს არ აძლევენ ჯერჯერობით. ის, რაც აქვთ, თავმოყრილია ამ დანაყოფებში. როგორც გვახსოვს, საუბარი იყო ლეოპარდზე, რომელიც მიიღეს. მათი რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა. ასევე ფრანგული, ბორბლებიანი ტანკი. ასევე არის ბრიტანული ჩელენჯერები. ეს ტექნიკაა ძირითადად.

  • ბოლო ცნობებით უკრაინულმა ძალებმა 7-8 ივნისს, შეზღუდული, მაგრამ მნიშვნელოვანი შეტევა განახორციელეს დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში. თუმცა, ჩანს რომ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. რა ტიპის რუსული ძალებია განლაგებული ზაპოროჟიეში? ეს იყო სრული კონტრშეტევა, თუ რეზერვის ნაწილი იყო ამაში ჩართული?

ზოგადად, შეტევა მოიცავს რამდენიმე ღონისძიებას. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები უკვე ნატოს სტანდარტით მოქმედებენ. 4 ივნისიდან დაწყებული იყო ე.წ. ფორმირების მოქმედებები. ეს გულისხმობს მომზადებას შეტევის ძირითადი ღონისძიებისთვის.

4 ივნისიდან ფორმირების ღონისძიებები თანდათანობით გადაიზარდა იმ შეტევაში, რომლის ამოცანაც, ჩემი აზრით, იყო თავდაცვის ზღუდის გარღვევა და შემდეგ აი, ამ გარღვევის მონაკვეთში, ძირითადი ძალების შემოყვანა.

გამოიკვეთა ორი მიმართულება – ერთი არის კურსკის მიმართულება, რომელიც წარმოადგენს დამხმარეს და რუსების ყურადღების გადასატან მიმართულებას. მეორეა სამხრეთით, დონეცკიდან ზაპოროჟიეს მიმართულება, რომელიც, ჩემი აზრით, მთავარი დარტყმის მიმართულებად ჩამოყალიბდა.

ბახმუტში უკრაინელებმა მიაღწიეს მცირე წარმატებას, 1 – 1.5 კილომეტრში შეძლეს რუსების თავდაცვაში შეღწევა. მაგრამ, ზოგადად, დიდ წარმატებას ვერ მიაღწიეს უკრაინელებმა. მე ვერ ვიტყოდი, რომ უკუგდებულია, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერც წარმატებას ვერ აღწევენ.

აღმოჩნდა, რომ უკრაინელები არ არიან აღჭურვილი იმ რაოდენობის განაღმვის შესაძლებლობით, რაც მათ მისცემდა დანაღმული ველების გადაკვეთის საშუალებას – ძალიან მჭიდროდ არის დანაღმული სივრცეები.

ძალიან დიდი ტერიტორიები აქვთ დანაღმული რუსებს. შესაბამისად, უკრაინელებმა გარკვეული ოდენობის ტექნიკა დაკარგეს აი, ამ დანაღმულ ველზე. იძულებული არიან გამოიყენონ არსებული გზები და არსებულ გზებზე, რუსები საცეცხლე ზემოქმედება ახორციელებენ, რაშიც რუსებს დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაოდენობრივი თვალსაზრისით.

  • ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა 8 ივნისს დასავლეთის მიერ მიწოდებული ტექნიკა დაკარგეს. „ტექნიკის დაკარგვა, მათ შორის დასავლური აღჭურვილობის, კონტრშეტევის დასაწყისში არ არის უკრაინის კონტრშეტევის მომავალი პროგრესის მაჩვენებელიო“, – თუ არის ცნობილი რა ტიპის ტექნიკა დაკარგეს და რა გავლენას იქონიებს ეს საერთო სურათზე?

რაც აჩვენეს და ნამდვილად შეიძლება ითქვას, აფეთქებული ტექნიკიდან იყო ფრანგული ბორბლებიანი ტანკი. უკრაინა არაფერს ამბობს და რუსებს მე არ ვენდობი.

შოიგუს თქმით, „8 თუ 9 ერთეული ლეოპარდი აუფეთქეს. მე ამას ვერ დავიჯერებ, რადგან ზოგი იძახის, კომბაინები ააფეთქეს, ლეოპარდი გვეგონა და ა.შ.

არ ვიცი, ვერ გეტყვით, ძალიან რთულია.

სად გამოიყენოს დასავლური ტექნიკა, არც ომის კვლევის ინსტიტუტის გასარჩევი არაა და არც ჩვენი. ეს არის უკრაინელების გადასაწყვეტი, სად და როგორ გამოიყენოს დასავლური ტექნიკა. გამოიყენება ზუსტად ამ კონტრშეტევისთვის. აბა როდემდე უნდა შეენახათ? აბა ვისთვის არის ის ტანკი? ტანკი შეიძლება აფეთქდეს, შეიძლება არ აფეთქდეს. რა სურათებსაც ვხედავ, ეს არის აფეთქებული ჰამერები და ჯავშანტრანსპორტიორები. ვერ ვიტყვი, რომ მასიურად იყო გამოყენებული უცხოეთიდან მიცემული ტექნიკა.

აბა გარღვევა როგორ უნდა განახორციელონ უკრაინელებმა, თუ არ გამოიყენეს ეს ტექნიკა? რისთვის ჰყავთ?

სამწუხაროდ, უკრაინელებმა ამ შეტევით პერიოდში დაკარგეს საინფორმაციო უპირატესობა. როცა შენ ხარ ჩუმად და არაფერს ამბობ, ამას იყენებს მოწინააღმდეგე და ათას ტყუილ-მართალს ამბობს. იმავეს ალაპარაკებს მოკავშირეებს, რომლებიც არ არიან ინფორმირებულები. მე ეს მიმაჩნია უკრაინელების შეცდომად, რომ თვითონ არიან ჩუმად და არ ხდება იმის ახსნა მოსახლეობისა თუ გარედან მოთვალთვალისთვის.

  • ნოვა კახოვკის კაშხლის აფეთქება რას ნიშნავს? იყო ვარაუდი, რომ შეტევა მზადდებოდა და ამისთვის ხელის შეშლა სცადეს რუსებმა? თქვენ რას ფიქრობთ?

თვალნათელია, წარმოუდგენელია, აბსურდია, ოქსიმორონია ის, რომ თქვა – „შეტევაში მყოფმა დანაყოფებმა დატბორეს ის გზა, რომელიც თვითონ უნდა გადაელახათ“. ეს აბსოლუტურად არასწორია. ტყუილია. ჯერ ერთი ერთადერთი ხიდი იყო დნეპრზე, რომელიც არ იყო დანგრეული და რაღა მაინც და მაინც იმას ააფეთქებდა უკრაინა?

რატომ მოახვედრებდნენ წყალქვეშ იმ კუნძულებს, რომელსაც ძალიან წარმატებით იყენებდნენ მოწინააღმდეგის მხარეზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ფარულად გადასაყვანად. ეს წყალქვეშ მოექცა ახლა და წინასწარ მომზადებული მცურავი საშუალებებიც წაიყოლა ამ წყალმა. მინიმუმ 1 – 1.5 თვე, დნეპრის მარცხენა ნაპირი ხერსონის რაიონში არ არის საომარი მოქმედებებისთვის გამოსაყენებელი. მით უმეტეს შეტევაში მყოფი დანაყოფებისთვის.

ის, რომ აქეთა მხარეს ბაზაა და ხერსონის მოსახლეობა, ეს ყველაზე ნაკლებად რუსებს ადარდებთ. ეს რუსების გაკეთებულია. ამით თავი დაიზღვიეს უკრაინელების მხრიდან ხერსონის მიმართულებაზე შეტევისგან. ხერსონის მიმართულება არის მთავარი მიმართულება ყირიმისკენ.

  • ეს წყალმოვარდნა და მისი შედეგები ომის წარმოებას რამდენად შეუშლის ხელს?

რუსები არ აპირებდნენ შეტევას – არც ფიქრობდნენ თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რუსების მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ შეინარჩუნონ ის, რაც დაკავებული აქვთ. რუსებისთვის სამხედრო თვალსაზრისით არაფერი არაა ხელისშემშლელი.

ის, რომ დაიტბორა რუსების პოზიციები და რუსების ტექნიკა განადგურდა, ეს არის ყველაზე ნაკლები საწუხარი რუსებისთვის და ყველაზე ნაკლები ზარალი ამ შემთხვევაში.

რაც შეეხება ზოგადად ომის მსვლელობაზე ამის გავლენას, ეს უბრალოდ დროში წელავს. წყალდიდობის ტალღა ჩაივლის და ჩავა ზღვაში. კახოვკასთან წყლის დონემ უკვე დაიწყო დაწევა. დაიკლებს წყალი და ისევ დაუბრუნდება კალაპოტს დნეპრი.

მაგრამ ეს შეუძლებელს ხდის უკრაინელების მხრიდანა შეტევას ამ ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი ზარალი მიიღო ეკოლოგიამ და მოსახლეობამ. სამხედრო ზარალი ყველაზე ნაკლებია.

  • ზოგადი სურათი როგორია ახლა უკრაინაში მიმდინარე ომში?

არის მცირე წარმატებები. აქ საუბარია მეტრებზე და მაქსიმუმ რამდენიმე კილომეტრზე, წინ წაწევაზე. ესაა ბახმუტის ფლანგები. ბახმუტში უკრაინელებმა ისევ მოახერხეს შეღწევა და ე.წ. თვითმფრინავის რაიონში არის შეტაკებები. ფლანგებზე აქვთ გარკვეული წინსვლა რუსებს.

უკრაინელები ცდილობენ ბახმუტის ფლანგები შეავიწროონ. თვითონ გავიდნენ ფლანგებზე, რათა ბახმუტი მოაქციონ ალყაში. შესული არიან გარეუბნებში. რუსები, ჯერჯერობით, იბრძვიან ბახმუტისთვის. ბახმუტი გახდა გაუთავებელი აბსურდის თეატრი. არის იდეოლოგიურ-ემოციური დატვირთვის მატარებელი და არავითარი სამხედრო დატვირთვის მატარებელი ბახმუტი არაა.

გარკვეული წარმატება აქვს უკრაინას ზაპოროჟიე-დონეცკის საზღვარზეც.

  • სკეპტიკოსებში არის მოსაზრება, რომ თუ გაიწელა ეს ომი, ევროპა – ნატო და დასავლეთი დაიღლება და 2024-ში აღარ დაუჭერს უკრაინას მხარს ასე აქტიურად. შეეცდება გაყინოს კონფლიქტი. თუ დასავლეთი შეიძლება დაიღალოს და მოჰბეზრდეს, რა ამოუწურავი რესურსი შეიძლება ჰქონდეს ამ ფონზე რუსეთს?

ევროპას რესურსები არ ამოეწურება, რუსეთი უფრო მძიმე დღეში იქნება. თუმცა შეიძლება ხალხი გადაიღალოს. მოსალოდნელია მოსახლეობის პოლიტიკური გადაღლა. ამის დიდი იმედი აქვს რუსეთს.

2024-ში იქნება არჩევნები ამერიკაში. აქტიურდებიან ჯგუფები, რომლებიც რუსეთისადმი სიმპათიებით არიან, ანუ უკარინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგეები არიან. ეს ფაქტია.

ამიტომ ვამბობ – უკრაინელების მხრიდან ეს კონტრშეტევა უნდა იყოს და იმედი გვაქვს იქნება, გადამწყვეტი შედეგის მომტანი, რათა ახალი ბიძგი მისცეს მის მხარდაჭერას. თუ გაიწელა და შევიდა სტრატეგიულ ჩიხში ეს ომი, გაიყინა ეს დაპირისპირება, ომისგან გადაღლა ნამდვილად იქნება. ამომრჩეველი წყვეტს ბევრ საკითხს. ამომრჩეველი თუ დაიღალა, იგივე ევროპის, შესაბამისად ეს აისახება პოლიტიკოსებზეც.

  • რატომ ფიგურირებს კონფლიქტის გაყინვის იდეა? ამ ფონზე არის ნიშნები, რომ შეიძლება  გაიყინოს?

თუ ეს კონტრშეტევა არ მოიტანს მნიშვნელოვან წარმატებას, ადვილი შესაძლებელია, რომ მსოფლიომ იფიქროს კონფლიქტის გაყინვაზე.

მაგალითები არის კორეაში. ასეთივე გაყინული კონფლიქტია ინდოეთ-პაკისტანს შორის, გაყინული კონფლიქტი იყო 30 წლის განმავლობაში სომხეთი-აზერბაიჯანს შორის ყარაბაღში. ასე რომ, გაყინული კონფლიქტი და ნაკლები სისხლი, შეიძლება  ერჩივნოთ ასე გაუთავებელ, დაუსრულებელ ომს.

მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა, უნდა დაველოდოთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ უკრაინელები მოახდენენ წინსვლას, გარღვევას და შემდგომ წარმატების განმტკიცებას გარკვეულ მონაკვეთებში, შეტევებში ნათელი პოზიტივები რომ გამოჩნდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: