სიახლეები

15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში

26.09.2015 • 8742
15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში

მილიონობით წლის წინ ვულკანური მოქმედების შედეგად მაშინდელი ტყე განადგურდა და გაქვავდა – ასე განმარტავს ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გასწვრივ გაქვავებული ტყის წარმოშობას გეოეკოლოგი და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.

ვულკანის ამოფრქვევისას ტყე იფარებოდა ვულკანური ფერფლით, რომლის სიმძლავრის ქვეშ იქცეოდა ხეები, იმსხვრეოდა ტოტები, ღეროები და ისინი ქვავდებოდნენ.

„გოდერძის განმარხებული ტყე კავკასიის მასშტაბით და, ზოგადად, რეგიონში, ერთადერთია და უნიკალური. ის ინფორმაციულიც არის, მეცნიერულადაც თითქმის შესწავლილია და დადასტურებულია, რომ აქ, დღევანდელისგან განსხვავებით, სითბოს მოყვარული, ნახევრად ტროპიკული ტყეები იყო. გაქვავებულ ტყეს ბუნების ისტორიის კვლევაში, ძალიან დიდი როლი ენიჭება. აქ შეგიძლია გააცოცხლო 15 მილიონი წლის წინანდელი ფლორა“, – ამბობს ჭიჭიკო ჯანელიძე.

ნამარხი ტყე, რომელიც ვულკანოგენურ ქანებში მდებარეობს, იწყება ადიგენის რაიონიდან, სოფელ უტყისუბნიდან და მოიცავს ზემო აჭარასაც, სოფელ რიყეთამდე. ნამარხი ტყის ფართობი დაახლოებით 70-80 კვ/კილომეტრია.

გოდერძის გაქვავებული ხეები უნიკალურია სამუზეუმო ნიმუშებითა და ქალცედონიზებული და ოპალიზებული სახესხვაობებით. ჭიჭიკო ჯანელიძის თქმით, „მცენარეები არის გაქვავებული, მათ მხოლოდ ფორმა, ფაქტურა აქვს შენარჩუნებული თორემ უკვე მთლიანად ოპალიზებული, მინერალიზებული ქანებია. ეს არის მეორადი ოპალი და ის კეთილშობილ, ძვირფას ოპალს არ წარმოადგენს“.

გაქვავებული ხე მთლიანად ჩანაცვლებულია ოპალით და ქალცედონით, ნაპრალები და სიცარიელეები კი ამოვსებულია ქალცედონით და კვარცით. ხის გაქვავება მიმდინარეობდა მისი ორგანული მასალის თითქმის მთლიანი ჩანაცვლებით ისე, რომ სრულიად არ დარღვეულა მისი პირვანდელი სტრუქტურა, ანუ კლდის ქანებში დღეს ხის, ფოთლების ფორმებია შემორჩენილი.

ქალცედონიზებულ ხეებში უფრო კარგადაა დაცული ხის საწყისი სტრუქტურა, ვიდრე ოპალიზებულში. ამასთან, პირველი გამოირჩევა უფრო მაღალი სიმკვრივით და უკეთ იტანს დამუშავებას ნაკეთობათა დამზადების პროცესში, ვიდრე ოპალიზებული ხეები, რომლებიც შედარებით მყიფეა და მსხვრევადი.

გაქვავებულ ხეებს აქვს ყავისფერი, ყვითელი, თეთრი, წითელი და შავი შეფერილობა. ეს ფერები ხშირად ერთსა და იმავე ნიმუშზე ერთდროულად გვხვდება და მორიგეობს ერთმანეთთან, რაც ნედლეულს აძლევს კარგ დეკორატიულ იერსახეს.

ოპალი საქართველოში გარკვეულ ადგილებში, განსაკუთრებით გოდერძზე გვხდება. ამ ოპალის შესახებ გეოქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ფერსმანი წერდა: „მინერალოგიური ბუნებით ისინი მიეკუთვნება ნახევრად ოპალსა და ქალცედონს“. ასეთი სახის ოპალიდან განსაკუთრებით ლამაზია მწვანე ფერის სახესხვაობა.

გოდერძის გაქვავებული ხე სწორედ ოპალიზებულ ხეს, ანუ დამარხული ტყის ხეების ხარჯზე წარმოქმნილ ოპალის ფსევდომორფოზებს წარმოადგენს. გაქვავებული ხე კარგად მუშავდება, პრიალდება და მისგან აწარმოებენ სხვადახვა ნაკეთობას: საფერფლეებს, კულონებს და სხვა სუვენირებს.

ოპალიზებული ხე მსოფლიოში იშვიათობას წარმოადგენს. გარემოს დაცვის სამმართველოს მონაცემებით, აჭარის ტერიტორიაზე დაახლოებით 1500 ტონა ოპალიზებული ხეა.

არის მოსაზრება, რომ გოდერძის საბადოს ათვისება ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას, ხოლო აქ არსებული გვირაბების გაწმენდისა და მოწესრიგების შედეგად შესაძლოა საბადო გახდეს გეოტურიზმისთვის ღირსშესანიშნავი ადგილი.

CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორის რეზო გეთიაშვილის თქმით, გაქვავებული ტყე იმდენად მომხიბვლელია, რომ მათ `სუვენირებად ამტვრევდნენ და მიჰქონდათ”.

რეზო გეთიაშვილის თქმით, შესაძლოა ადრე მოპოვება და გამოყენებაც ხდებოდა  რაღაც ფორმით, `ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია, რომ დღეს მსოფლიოში ასეთი ბუნების ძეგლები საგამომცემლო ბიზნესის ერთ-ერთი წყაროცაა და მათ შესახებ მაღალი დონის პოლიგრაფიული გამოცემები არსებობს”.

„ამ ადგილებში მართლაც არის ხელნაკეთობისთვის გამოსადეგი მასალა – ტუფი, გაქვავებული ხე და სხვა. ე.წ. გოდერძის წყება აჭარაში დროთა განმავლობაში ეროზიის შედეგად გაშიშვლდა და გამოჩნდა. გაქვავებული ტყე ადრე წითელ წიგნში იყო შეტანილი, დღეს კი, როგორც ბუნების ძეგლს, უკვე კანონმდებლობა იცავს. ნამარხ ტყეს ბუნების ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების უფროსმა იზო აბულაძემ.

წითელი წიგნის მიხედვით, ძეგლი მსოფლიო მნიშვნელობისაა – `ბუნების უიშვიათესი საოცრება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოს მიწაზეა მიკვლეული და მას კაჟის ტყესაც უწოდებენ”.

„სტატუსი ნიშნავს, რომ დაცულობის ხარისხი იზრდება… რაღაც პერიოდში, როცა წითელი წიგნი გაუქმდა და შეიქმნა წითელი ნუსხა, ბევრი ბუნების ძეგლი დარჩა დაუცველი. გოდერძის გაქვავებული ტყისთვის სტატუსის მინიჭება არ იყო ახალი აღმოჩენა – ეს იყო უბრალოდ პროცედურა“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი და დასძენს, რომ ძეგლი ტურისტული კუთხითაც საინტერესოა, მათ შორის სამეცნიერო ტურიზმის კუთხითაც: `ამასთან, არიან კოლექციონერებიც, რომლებიც აგროვებენ რაც კი განსხვავებულია და უნიკალურია. აქ არ არის საუბარი, ვთქვათ, ქვა ჩამოტეხო და წაიღო, უბრალოდ, ფოტოს გადაუღებ და წაიღებ…”

„ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონით ძეგლის დაზიანების შემთხვევაში პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ან შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, რომელიც ადიგენისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე [საერთო ფართობი 365 ჰა] მდებარეობს, დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარზმა. თბილისიდან ზარზმა დაშორებულია 240 კმ-ით; სოფელ ზარზმიდან გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი კი – 18 კმ-ით;  ქ. ბათუმიდან გოდერძის უღელტეხილის გავლით ძეგლამდე მანძილი არის 115 კმ [ხანგრძლივობა – 2 საათი და 30 წთ]. ღამის გასათევად კი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ხულოში ან ახალციხეში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გაქვავებული ტყე ჯერჯერობით არც ერთ ტურისტულ მარშრუტში არ არის შეტანილი და იქ არც რაიმე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი.

„2013 წელს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე მხოლოდ გოდერძის ნამარხ ტყეს მიენიჭა ბუნების ძეგლის სტატუსი, თუმცა ასეთი სტატუსი, ჩემი აზრით, შესაძლოა მიენიჭოს ყველასთვის ცნობილ მწვანე ტბას აჭარაში, ასევე შავ ტბას, ქვაკაცას [რომელიც იყო შეტანილი წითელ წიგნში]; ბუნების ძეგლებს შორის უნდა იყოს უთხოვარის 500-წლოვანი ტყეებიც ჩანჩხალოში და სხვ. – ამ ყველაფერზე დღეს ვმუშაობთ“, – განაცხადა “ბათუმელებთან” იზო აბულაძემ.

ქვაკაცა სვეტი გეოგრაფიულ რუკებზე აღნიშნულია როგორც “ქვაკაცის შთენილი-. შუახევიდან მთის ბილიკებით აღმართში, ან გურიიდან (ბახმაროდან ან ვაკიჯვარიდან) მისვლა შეიძლება მხოლოდ ფეხით ან ცხენით. ძეგლი ღირებულია მთელი კავკასიის მასშტაბით. მდ. ჭვანისწყლის მარჯვენა მხარეს მდინარე-ხევასღელის სათავეში აღმართული სხვადასხვა განზომილების სამი შთენილი, გამწკრივებულია ერთ ხაზზე. უდიდესი მათგანის შეფარდებითი სიმაღლე 7 მეტრია, დიამეტრი – 4,5-5 მ. იგი მოგვაგონებს ადამიანის ქანდაკებას, საიდანაც წარმოსდგა მისი სახელწოდება. მეორე შთენილის სიმაღლეა 5 მ, სიგანე – 2 მ. მესამე კი უფორმო ლოდია.

შავი ტბა – “ყარა გიოლი” ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფ. ხიხაძირის საზაფხულო საძოვრებზე [“სარიჩაირი”] მდებარეობს.  ტბის ძირში გამოდის წყარო, რომელსაც, მოსახლეობა სასმელად იყენებს. ტბასთან დაკავშირებულია თამარისდროინდელი ლეგენდა, რომელიც ჩაუწერია ქართველ მეცნიერსა და მოგზაურს თ. სახოკიას: “თამარ მეფეს ერთი ურჩი ზანგი ტყვე ჰყოლია, ზანგი გაქცეულა. თამარს კი მდევარი დაუდევნებია, მდევარს ტყვე შეუპყრია, მაგრამ ტბასთან მისულებს ზანგი ხელიდან გასხლტომიათ და ტბაში ჩამხტარა. მდევრებს ყოველი ღონე უხმარიათ, მაგრამ ვერ უპოვიათ. ასეთ საზარელ შემთხვევებს შემდეგშიც ხშირად ჰქონია ადგილი. სავარაუდოა, რომ, ამის გამო თუ შეარქვა ხალხმა ტბას-შავი ტბა (“ყარა გიოლი“)”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: