სიახლეები

„რუსებს არ ვპასუხობ რუსულად“ – 22 წლის სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბულვარში მუშაობს

10.06.2023 • 42107
„რუსებს არ ვპასუხობ რუსულად“ – 22 წლის სტუდენტი ბათუმიდან, რომელიც ბულვარში მუშაობს

22 წლის სტუდენტი, გიორგი გორჯელაძე უკვე სამი თვეა ბათუმში, სამომხმარებლო სფეროში მუშაობს. მის სამსახურს ხშირად სტუმრობენ რუსეთის მოქალაქეები, გიორგი მათ მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად ელაპარაკება. ამბობს, რომ ეს პროტესტია.

ამ სამი თვის განმავლობაში ერთი შემთხვევა ახსენდება, როცა რუსმა ტურისტმა გააპროტესტა ის, რომ თავის ენაზე არ დაელაპარაკნენ:

„შემოვიდა გოგო, მესაუბრებოდა რუსულად, მე მას ინგლისურად ვპასუხობდი. მკითხა ქართველი ხარო? – ვუთხარი, რა თქმა უნდა-მეთქი. სად ცხოვრობო, ბათუმში-მეთქი. რატომღაც აღშფოთდა, ქართველი ხარ და რუსული არ იცი, რუსულად არ მელაპარაკებიო? – მე კითხვა უკან დავუბრუნე, საქართველოში ხარ და ქართული რატომ არ იცი-მეთქი, უპასუხოდ დამტოვა და წავიდა.“

გიორგის აზრით, ის, ვინც საქართველოში ჩამოდის, მით უფრო ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, ელემენტარული დიალოგებისთვის უნდა მოემზადოს. თუმცა თუ ესეც არ შეუძლია, მაშინ საკომუნიკაციო ენა ინგლისური უნდა იყოს.

„ჩვენ მაინც მასპინძელი ერი ვართ და თუ ელემენტარული დიალოგი არ გამოსდით ქართულად, ვცდილობ ინგლისურ ენაზე ვესაუბრო – მათ საერთოდ არ ველაპარაკები რუსულ ენაზე.

მეც გამაჩნია ქვეყნის წინაშე ჩემი წილი პასუხისმგებლობა: რა თქმა უნდა, არ უნდა ვესაუბრებოდეთ მათ რუსულად იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია რუსეთი მიერ. ასე გამოვხატავ მე მათ მიმართ პროტესტს“.

მიუხედავად იმისა, რომ მაშინ პატარა იყო, ამბობს, რომ მწარედ ახსოვს ყველაფერი, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა საქართველოში, ყველაფერი, რაც მოისმინა და წაიკითხა. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული ემოცია. სწორედ აქედან გამომდინარე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება დაივიწყო ის, რაც შენს ირგვლივ ხდება:

„ყველასთან ვცდილობ, რომ დიალოგი დავიწყო მშობლიურ ენაზე, განსაკუთრებით რუს ტურისტებთან. ჩემი აზრით, ეს მართებული გზაა. „გამარჯობის“ შემდეგ უკვე გააჩნია სტუმარი რა ენაზე მელაპარაკება: თუ რუსულენოვანი შემოდის,  ალტერნატიულ გზად ვიყენებ ინგლისურს, მათ არ იციან ქართული. ეს ლოგიკურია, ჩვენც რომ მივდივართ სხვა ქვეყნებში, ყველა ეროვნების ადამიანი გველაპარაკება საკუთარ ენაზე“.

გიორგი გვიყვება, რომ ის და მისი მეგობრები შორს არიან „პოლიტიკური სიღრმეებისგან“, მაგრამ გული სწყდებათ, როცა ხედავენ, თუ ზოგი ქართველი როგორ ცდილობს, რუსებს ასიამოვნოს და მათ რუსულად ესაუბრება:

„პოლიტიკის სიღრმეებით არ ვინტერესდებით, დღევანდელ პოლიტიკაში ცუდის იქეთ ვერაფერი დავინახე, სამწუხაროდ. ჩემი მეგობრები ისევე ფიქრობენ, როგორც მე. ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, როცა [ქართველები] ცდილობენ რუსებს ასიამოვნონ და მათ ენაზე ესაუბრებიან. ეს არის უპატივცემულობა, ჩემი აზრით. ამ ადამიანებმა საერთოდ არ იციან ჩვენი ქვეყნის ისტორია, მათ დაავიწყდათ თანამოქალაქეები, რომლებმაც ძალიან დიდი სიმწარე გამოიარეს.

ვურჩევდი გადახედონ საქართველოს ისტორიას, ოკუპანტი რუსეთის გამო ჩვენ როგორი დღეები გამოვიარეთ, გაიხსენონ ის მშობლები, ის ბავშვები – ჩემთვის მაგალითად შეუძლებელია ამის დავიწყება. მე ახლა 22 წლის ვარ, ძალიან პატარა ვიყავი იმ დროს, მაგრამ ვიცი რა გამოვიარეთ“.

გიორგი მიიჩნევს, რომ არა თუ არ ღირს რუსეთის მოქალაქეებთან ერთად ბიზნესის წამოწყება, არამედ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისგან რაიმე სარგებლის მიღებაც კი, მაგალითად ბიზნესის „აწყობა მათ ხარჯზე“:

„ჩვენ არ გვინდა მათგან არანაირი სარგებელი, თუნდაც ბიზნესი ავაწყოთ მათ ხარჯზე. მით უფრო არ გვჭირდება ვასიამოვნოთ მათ – ჩემი აზრით, დღეს საქართველოში ასე არ უნდა ხდებოდეს. მინიმუმ, მათ უნდა ვესაუბრებოდეთ ქართულ ენაზე, არ უნდა ვუწყობდეთ ხელს არაფერში. ცხადია, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია მაინც.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: