განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებს, რომლებმაც ავტორიზაცია უნდა გაიარონ, ლეპტოპებს უყიდიან – ტენდერი 21 მილიონი ლარით

09.06.2023 • 1158
სკოლებს, რომლებმაც ავტორიზაცია უნდა გაიარონ, ლეპტოპებს უყიდიან – ტენდერი 21 მილიონი ლარით

2023 წელს იმ საჯარო სკოლების კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვა იგეგმება, რომლებსაც პირველ ეტაპზე უწევთ ავტორიზაციის გავლა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტომ ლეპტოპების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 21 169 590 ლარია, ერთი ლეპტოპის ფასი – 1 545 ლარი.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაიწყო საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესი. სკოლის მიერ აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლისთვის მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს ავტორიზაციის სტანდარტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურის ნაწილში.

ასევე, საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დამტკიცებულია შედეგებზე ორიენტირებული პროგრამა – „საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარება“, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, განავითაროს ციფრული კომპეტენციები და მოახდინოს სასკოლო ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაცია“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტებში.

სააგენტოს ინფორმაციით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად „ჩატარდა ფასთა კვლევა საჯარო სკოლებისათვის პორტაბელური კომპიუტერების შესყიდვასთან დაკავშირებით.  ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო და დადგენილ ვადაში შემოთავაზება წარმოადგინა სამმა კომპანიამ“.

პირობის მიხედვით, ლეპტოპების სააგენტოსთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღის ვადაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, „პროექტის განხორციელებისას რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით“ სატენდერო პირობებში გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა პირობა, მათ შორის:

  • „შემოთავაზებული საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, მაღალი ხარისხის, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით;
  • მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს ლეპტოპებზე არანაკლებ ერთწლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი – შეცვალოს ლეპტოპი ახლით;
  • შესყიდვის ობიექტზე მწარმოებელი უნდა ავრცელებდეს არანაკლებ 1-წლიან გარანტიას. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელ ორგანიზაციას;
  • პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 1-ელი იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს კომპიუტერული ან ციფრული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება, არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით, მათ შორის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 5 მილიონი ლარის ოდენობით;
  • იმისათვის, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესები და არ წარმოიშვას გაუმართლებელი რისკები, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია პრეტენდენტთა მიმართ ფინანსური შესაძლებლობების შესახებ მოთხოვნის დაწესება, კერძოდ: ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2020, 2021, 2022 წლების განმავლობაში უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ფინანსური ბრუნვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: