განათლება,მთავარი,სიახლეები

არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

22.04.2023 • 10035
არ აქვს აზრი ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას – მასწავლებელი

გუშინ, 21 აპრილს, დაახლოებით 150 მასწავლებელი განათლების მინისტრ გიორგი ამილახვარს შეხვდა. მასწავლებლები ამ შეხვედრას რამდენიმე კვირა დაჟინებით ითხოვდნენ.

მასწავლებლების პროტესტი სქემაში შესული ცვლილებების დაგვიანებით დამტკიცებამ გამოიწვია, რის გამოც პედაგოგები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ. მათი თქმით, მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტის – პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვას ვეღარ ასწრებენ.

პედაგოგებმა მინისტრთან პორტფოლიოს საკითხის გარდა სკოლებში არსებულ კორუფციაზე, მასწავლებლის პენსიაზე, უმოქმედო სამეურვეო საბჭოებსა და სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

მინისტრთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ონარიის საჯარო სკოლის ქართულის წამყვანი მასწავლებელი მანანა მიქავაც. ის  ამ შეხვედრის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.

მისი თქმით, შეხვედრაზე განათლების მინისტრმა მხოლოდ მოისმინა და საკუთარი აზრი არაფერზე გამოუთქვამს.

„დიალოგის ან დისკუსიის სახე ამ შეხვედრას არ ჰქონდა, ძირითადად ჩვენი, მასწავლებლების კითხვებს და პრეტენზიებს ისმენდა. დუმილის რეჟიმში იყვნენ ძირითადად – მინისტრმა თავიდანვე თქვა, რომ ახლა ვერცერთ კითხვაზე ვერ ექნებოდა პასუხი.

დაგვპირდა, რომ უახლოეს დღეებში მოგვაწვდის პასუხებს იმ ძირითად კითხვებზე, რაც გაჟღერდა შეხვედრაზე“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფკავშირების წარმომადგენელმა სცადა სიტყვა დაეძრა პორტფოლიოს ელექტრონულ სისტემაში ატვირთვის გადავადებაზე, რასაც მასწავლებლების პროტესტი მოჰყვა.

„დარბაზი ერთსულოვნად წინ აღუდგა მის მცდელობას და სიტყვაც კი არ დაასრულებინეს ამ საკითხზე პროფკავშირების წარმომადგენელს. ჩვენ ვითხოვთ, რომ პორტფოლიოს კომპონენტი არ იყოს დაკავშირებული მასწავლებლის სტატუსის ცვლილებასთან და პორტფოლიო უბრალოდ დარჩეს მასწავლებლის თვითგანვითარების ინსტრუმენტად.

ჩვენ გვინდა, რომ წლის დასაწყისში დაიგეგმოს პორტფოლიოს საკითხები და შემდეგ გვითხრან, რაში ვართ ძლიერი, რა უნდა გავაუმჯობესოთ, როგორ უნდა დავგეგმოთ უკეთ სასწავლო პროცესი და ასე შემდეგ.

გვინდა, რომ ყოველწლიურად იყოს უკუკავშირი განათლების სამინისტროსა და ჩვენ შორის“, – ამბობს მანანა მიქავა.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე გაჟღერდა მოსაზრება, რომ მასწავლებელს ჰქონდეს არჩევანი, როგორ აიმაღლოს სტატუსი – „ვისაც სურს, აირჩიოს პორტფოლიო და ვისაც სურს, ჩააბაროს გამოცდა.

თუ ახლა მოვითხოვთ, რომ წელს მოგვანიჭეთ სტატუსები პორტფოლიოს გარეშე და მომავალ წელს პორტფოლიოთი – ეს მასწავლებლების ისევ არათანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს და ამით უკვე ძალიან დავიღალეთ.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შემუშავდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ისეთი სტრატეგიული გეგმა, რომელიც გარკვეული წლები, მინისტრის შეცვლის მიუხედავად, ხელშეუხებელი იქნება და რაღაც შედეგს დადებს. ეს უნდა იყოს მიზნობრივად დაგეგმილი და არა ქაოსურად, როგორც ახლაა“, – გვითხრა მანანა მიქავამ.

მისი აზრით, განათლების სამინისტრო იქნება თუ მასწავლებელთა სახლი, პედაგოგებს მათზე მორგებული ტრენინგები უნდა შესთავაზონ და მხოლოდ ამის შემდეგ მოითხოვონ გამოცდები.

მანანა მიქავას თქმით, მინისტრთან შეხვედრისას ასევე დაისვა საკითხი სკოლებში ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემაზე.

„ნეპოტიზმი, კორუფცია, ფიქტიური სამეურვეო საბჭოების საკითხი, ასევე დავსვით პედაგოგების პენსიის საკითხიც, რადგან ახალგაზრდა კადრებმა აუცილებლად უნდა ჩაანაცვლონ ძველი კადრები, თუ გვინდა, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს ხარისხიანი.

ვისაც სურს გასვლა პროფესიიდან და თავს იკავებს მხოლოდ ფინანსური საჭიროების გამო, მიეცეთ ღირსეული პენსია, რომ გზა დაუთმონ ახალგაზრდებს.

საუბარი იყო სკოლებში ბავშვთა კვებაზეც, რადგან ბავშვებს ვერ დავუწყებთ ჩვენ მაღალ მატერიებზე საუბარს, თუ ისინი მშივრები არიან. არაფორმალური განათლება ძირითადად გაკვეთილების შემდეგ მიმდინარეობს და მშიერ მოსწავლეს არ აქვს არც სურვილი და არც თმენის უნარი, რომ დაესწროს სხვადასხვა ღონისძიებას.

ასევე გაჟღერდა საკითხი, რომ მრავალშვილიან მასწავლებლებს შეუმცირდეთ საშემოსავლო და, ზოგადად, გაუმჯობესდეს მასწავლებლის დაზღვევა. რადგან არის შემთხვევები, როცა გარკვეული შემოსავლის ფონზე მასწავლებელს სახელმწიფო დაზღვევა ეხსნება“, – ამბობს მანანა მიქავა.

როგორ ფიქრობთ, ამ მოთხოვნებიდან რას დააკმაყოფილებს სამინისტრო? – ვკითხეთ მანანა მიქავას.

მისი თქმით, სამინისტროსთან მათი შეხვედრა არ ყოფილა პირველი და ზაფხულში გაჟღერებული მოთხოვნების ნაწილი მათ სასარგებლოდ გადაწყდა.

„მაგალითად, დადებითად გადაწყდა ის, რომ 1 საათით გაზარდეს გამოცდის დრო და შეამცირეს საგამოცდო ლიტერატურა.

ახლაც იმედი გვაქვს, რომ რაღაც ცვლილებები იქნება. ის ნაწილი მაინც დაკმაყოფილდება, რაც პორტფოლიოს ეხება. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით მინისტრისგან ინფორმაციას, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ პორტფოლიოს ატვირთვის ვადები გავა.

ხედავთ ალბათ სოციალურ ქსელებში რამხელა პროტესტია პორტფოლიოს გამო. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს ტალღა უბრალოდ ჩაცხრება და ამ უსამართლობას დავუშვებთ“, – ამბობს მიქავა.

რაც შეეხება განათლების ხარისხს, მისი თქმით, სკოლებში სწავლის ხარისხი იმ შემთხვევაში გაუმჯობესდება, თუ სკოლები ფინანსურად და მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნება.

„მესამე თაობის ეროვნული გეგმის განხორციელებას რომ ითხოვენ, ეს გულისხმობს სკოლების ტექნიკურად და მატერიალურად აღჭურვას. კეთებით სწავლებას რესურსი სჭირდება, რომელიც ძალიან ბევრ სკოლას არ აქვს.

ასევე, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს დირექტორების შერჩევას, რადგან ისინი განსაზღვრავენ სკოლაში როგორი იქნება სწავლება. თუ დირექტორმა არ მოიზიდა სკოლაში პროფესიონალი კადრები, ცალკეული მასწავლებლები ვერ აამაღლებენ სწავლების ხარისხს.

ჩვენ იმაზეც კი არ გვაქვს ინფორმაცია, გადის თუ არა სკოლა წლის ბოლოს ეროვნულ მიზანზე. ამაზე კვლევებს არ ვიცნობთ. წესით, დირექტორებმა უნდა იცოდნენ ეს, მაგრამ დირექტორების უმეტესობა არ არის დაინტერესებული სასკოლო ცხოვრებით, მოირგეს სკამები იმისთვის, რომ თვითონ მიიღონ ფინანსური სარგებელი.

ამიტომ არ აქვს ნაყიდი პორტფოლიოების ატვირთვას აზრი. თუ ახლა ატვირთეს, გგონიათ, ყველა მასწავლებელი ინდივიდუალურად იმუშავებს? თუ აკვირდებით, სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „მოგვიწესრიგებენ პორტფოლიოს“.

ფასიც კი ვიცით უკვე, 400 ლარი ღირს პორტფოლიოს მომზადება. ადრე კვლევები იყიდეს და ისე აიმაღლეს სტატუსები, ახლა პორტფოლიოებს იყიდიან. ასე ვერ შევცვლით სწავლის ხარისხს“, – ამბობს მანანა მიქავა.

მასწავლებლები განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას პორტფოლიოსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მომდევნო კვირაში ელოდებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: