უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე გაათავისუფლეს, რომელიც 2022 წლის მარტიდან ოკუპირებული იყო რუსეთის მიერ.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს დღეს, 12 ივნისს, უკრაინის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 35-ე ბრიგადის კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალარის განცხადებებზე დაყრდნობით.
„ოდესის საზღვაო ქვეითებმა, კონტრშეტევის ფარგლებში, გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი სტოროჟევოე, რომელიც ოკუპირებული იყო 2022 წლის მარტიდან.
დასახლების გაწმენდის შედეგად ორმოცდაათამდე რაშისტი განადგურდა, ოთხი ტყვედ აიყვანეს. დღეს ისევ ფრიალებს ეროვნული დროშა და ასე იქნება ყველა დასახლებაში, სანამ არ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას“.
უკრაინის საზღვაო ქვეითებმა კონტრშეტევა დილის 5 საათზე დაიწყეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების არტილერიით პასუხის მიუხედავად, უკრაინელებმა მოახერხეს ინიციატივის საკუთარ ხელში აღება.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW), ღია მონაცემებზე დაყრდნობით, თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს, რომ უკრაინელმა ჯარებმა აიღეს ბლაგოდატნოე, მაკაროვკა და ამ ადგილას მდებარე სულ მცირე ორი სოფელი, მათ შორის არის სტოროჟევოეც.






