ცესკო ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი.

უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განვმარტავთ:

  • ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია.
  • ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს.

მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

  • ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა

ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) მიხედვით ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ამომრჩევლის მისამართზე დაფიქსირებული სხვა ამომრჩევლის მონაცემები არის მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ვინაიდან ეს ამომრჩეველი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

  • ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

თუ ამომრჩეველი არ გაივლის რეგისტრაციას ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდებიან იმ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ამერიკული კომპანია PRO V and V ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად „სხვადასხვა უბნისთვის არსებულ ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა დუბლირება შეუძლებელია“. აქედან გამომდინარე, საარჩევნო უფლების მქონე ამომრჩეველი, მხოლოდ კანონით დადგენილი წესებით და ვადების გათვალისწინებით ხვდება ამომრჩეველთა სიებში.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 657 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 230]
  • ტანკი – 8 908 ერთეული [+15]
  • ჯავშანტექნიკა – 17 627 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 18 965 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 212 ერთეული [+8]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 965 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 494 ერთეული [+101]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 820 ერთეული [+70]
  • სპეცტექნიკა – 3 333 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 816 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 524 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 569 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 915 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

სამ თვეში უკრაინაში ომის შედეგად 589 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან

„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება.

გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას.

დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.

შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი რუსულ კანონსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის შეფერხებაზე, რომელიც ამ კანონით არის გამოწვეული.

აღმოჩნდა, რომ სამოქალაქო განათლების პედაგოგის აზრით, რუსული კანონი „საერთოდ არ არის რუსული“.

„მე ვერ დაგეთანხმები, რომ ეგ რუსულია, რადგან კარგად ვიცი, იმ კანონში რა წერია… მოსწავლეებმა გვთხოვეს, განვიხილოთ რა არის ეს რუსული კანონი, ჩვენ განვიხილეთ და რატომღაც  მოსწავლეებიც ვერ ხედავენ ამაში რაიმე საგანგაშოს.

ერთადერთი, საგანგაშოს მე ვხედავ იმაში, რომ პირად მონაცემებზე წვდომა უნდა იყოს შეუზღუდავი“, – ამბობს პედაგოგი თინათინ იაკობაძე.

მას ვკითხეთ, თუ რა მონაცემებს ან ვის შეფასებებს ეყრდნობა, როცა ამბობს, რომ კანონი არ არის რუსული, რადგან კანონების შემფასებელი, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია.

„ვენეციის კომისია არ ცხოვრობს საქართველოში, არც ის ლატვიის პრეზიდენტი არ ცხოვრობს საქართველოში, არც ევროკომისიის წევრები ცხოვრობენ საქართველოში და არ იცნობენ აქაურ სიტუაციას“, – განაცხადა პედაგოგმა.

თუმცა აქ ცხოვრობს ივანიშვილი და ის ამბობს, რომ მისაღებია ეს კანონი მისთვის, თქვენთვისაც ამიტომ არის მისაღები? – ისევ ვკითხეთ პედაგოგს.

„ივანიშვილი არ ცხოვრობს აქ და არც საქართველოში გამდიდრებულა და თუ ივანიშვილზე უნდა მელაპარაკოთ, მაშინ დავასრულოთ…“

„ჩემი განათლების შეფასება თქვენი საქმე არ არის… რომელ კომპეტენტურობაზე მესაუბრებით, რომელთა დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ შეაჩერა რუსეთ-უკრაინის ომი…“ – ამბობს თინათინ იაკობაძე.

არ ფიქრობთ, რომ რუსული კანონით ან ანტიდასავლური განცხადებებით ევროპას ვშორდებით? – ისევ დავეკითხეთ მას.

„თუ ევროპისგან დაშორებაში იმას გულისხმობს, რომ ოჯახის სიწმინდეს მეტი ყურადღება ექცევა, ოჯახურ ღირებულებებს მეტი ყურადღება ექცევა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ოჯახური სიწმინდეების დაცვა, მე ვფიქრობ, უფრო შეგვიყვანს ევროპაში, რადგან ასეთი ოჯახებიდან უფრო ჩამოყალიბებული თაობა იზრდება“, – ამბობს პედაგოგი.

ევროპაში სახელმწიფოებს აქვთ სპეციალური პროგრამები ოჯახების გასაძლიერებლად. მათ შორის მარტოხელა დედების გასაძლიერებლად, ბავშვებს უქმნიან თანაბარ გარემოს განვითარებისთვის, საქართველოში კი ვერ ვხედავთ მსგავს პროგრამებს. ძალიან ბევრი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში, სკოლაში დადის მშიერი, სად ხედავთ, რომ ოჯახის სიწმინდეზე მუშაობს ხელისუფლება და მათზე ზრუნავს? – ისევ ჩავეკითხეთ პედაგოგს.

„რაც ჩამოთვალეთ, რა თქმა უნდა, მაგ მხრივ მწვავე პრობლემაა ქვეყანაში, მაგრამ განვითარების ეტაპზე მყოფ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ასე უცებ ვერ აღმოიფხვრება, ამას დრო სჭირდება.

ევროპაში გრანტებს მიზანმიმართულად ხარჯავენ და საქართველოში, რომ შემოდის სად მიდის? როცა მოქალაქეობის პედაგოგს არ მაქვს სკოლაში ნორმალური პირობები და რესურსები და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 600 ლარი არ აქვს, სსსმ ბავშვებს რაღაცები შევუძინოთ, ვერ გავიგე აქ რა ხდება“, – ამბობს პედაგოგი.

მას ვკითხეთ, თუ რატომ არ უსვამს იმავე კითხვებს ხელისუფლებას? თუმცა ის ამ პრობლემების მოგვარებაში არა ხელისუფლების, არამედ არასამთავრობოების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„რატომ არის ხელისუფლებისთვის (ეს კითხვები), არასამთავრობო ორგანიზაცია რისთვის ხარ, რისთვის იღებ იმ გრანტებს… ხელისუფლება აკეთებს მის საქმეს“.

@batumelebi.netgazeti

ხელისუფლება რომ დავიქირავეთ, აკეთებენ საქმეს. არასამთავრობო რისთვის ხარ? – სამოქალაქოს პედაგოგი სოფელ ღორჯომიდან

♬ original sound – Batumelebi | Netgazeti – Batumelebi | Netgazeti

 

ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live

ბათუმის მერიასთან უსახლკაროები აქციას მართავენ. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. აქციის მონაწილეებთან ერთად არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძეც. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

უსახლკაროები ბათუმის მერის, ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ.

აქციის წევრები ითხოვენ, მერიამ ისინი საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს. მათ დღეს ასევე გააჟღერეს მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე უკანონოდ აშენებულ კორპუსებთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეები სთხოვენ მთავრობას, მოელაპარაკოს მესაკუთრე კომპანიას ამ კორპუსების დათმობაზე, შემდეგ კი ისინი ამ კორპუსებში შეასახლოს.

კომპანიის მფლობელი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქია, რომელიც დაკავებულია.

დღეს, 3 ოქტომბერს, უსახლკაროები აქციაზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასაც ითხოვდნენ. ერთ-ერთმა თქვა ისიც, რომ საცხოვრებლის გადაცემას კანონიერად ითხოვენ და არსად შეჭრას არ აპირებენ.

მერაბ ბლადაძემ თავის გამოსვლაში მოუწოდა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებს საკვებით და ღამით გასათბობად საჭირო ნივთებით დაეხმარონ, რადგან დაშლას არ აპირებენ.

2024 წლის აგვისტოში ბათუმის მერიამ უსახლკაროთა რეგისტრაციის წესი შეცვალა. ახალი წესის მიხედვით, შეიცვალა ჩანაწერი ქირით ცხოვრების ვადის თაობაზე. ძველი წესის მიხედვით, განმცხადებელს ბათუმში ქირით მინიმუმ 6 თვით უწყვეტად ცხოვრების ცნობა უნდა წარედგინა კომისიისთვის, ეს ვადა ერთ წლამდე გაიზარდა. ასევე, მოთხოვნებიდან ამოიღეს ჩანაწერი „ოჯახური დასაბუთება“. მერიაში მიიჩნევენ, რომ ეს სუბიექტური და არარელევანტურია.

ახალი წესის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ბათუმის საკრებულოს სხდომას რამდენიმე უსახლკარო ესწრებოდა, სხდომის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ვერც მანამდე არსებული წესით ახერხებდნენ რეგისტრაციას და ახალი წესი მათ „საერთოდ არ გამოადგებათ.“

ამავე სხდომაზე გავიგეთ ისიც, რომ მანამდე არსებული წესით ბათუმში მხოლოდ ცხრა უსახლკარომ მოახერხა უსახლკაროდ დარეგისტრირება.

„საბა“ 2024-ის ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 74 საკონკურსო წიგნიდან 13 ფინალისტი გამოავლუნეს.

„საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს კონკურსი 22 -ედ ტარდება.

2024 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2024 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  1. ბაჩანა ჩაბრაძე, ალფრედ ჟარისა და გიიომ აპოლინერის „პატაფიზიკა სცენაზე“

(არილი)

  1. გიორგი კახიშვილი, ჰესიოდეს „სამუშაონი და დღენი“ (არილი)
  2. გიორგი ლობჟანიძე, ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი (წიგნი მესამე)“

(სულაკაურის გამომცემლობა)

  1. გიორგი ხარაიშვილი, ელიზაბეტ სტრაუტის „ოჰ, უილიამ!“ (პალიტრა L)
  2. ელისაბედ (დოდო) ყვავილაშვილი, ხორხე ლუის ბორხესის „ალეფი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

  1. ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“ (დიოგენე)
  2. თამარ ლომიძე, ჰანა არენდტის „აიხმანი იერუსალიმში“ (დიოგენე)
  3. თეა შურღაია, ირაჯ ფეზეშქზადის „ბიძაჩემი ნაპოლეონი“ (დიოგენე)
  4. კატია ვოლტერსი, ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნი“ (ინტელექტი)
  5. მაია ფანჯიკიძე, თომას ბერნჰარდის „ძველი ოსტატები“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

  1. პაატა ჯავახიშვილი, დავიდ დიოპის „სულიერი ძმა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. რუსუდან ღვინეფაძე, ფრანც კაფკას „დღიურები“ (ალეფი)
  3. ხათუნა ცხადაძე, იტალო კალვინოს „ობობას ბუდეების ბილიკი“ (სულაკაურის

გამომცემლობა)

ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაში ეთერს ითხოვს და რიჟვაძეს და ბოლქვაძეს დებატებში იწვევს

საქართველოში დათბება და უნალექო ამინდია მოსალოდნელი – სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 4-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი იქნება.

უნალექო ამინდია მოსალოდნელი ქართლშიც (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი). ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) უმეტესად უნალექო ამინდია იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, უნალექოდ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 656 710 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 8 893 ერთეული [+6]
  • ჯავშანტექნიკა – 17 596 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 18 906 ერთეული [+37]
  • MLRS – 1 204 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 964 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 393 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 750 ერთეული [+58]
  • სპეცტექნიკა – 3 330 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 3 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 734 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 479 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 507 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 824 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

იმიტირებული სიკვდილით დასჯა – გაეროს ანგარიში უკრაინელი ტყვეების გამოცდილებაზე

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ახლა ჩვენი ბედი წყდება, თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას“ – ახალგაზრდები არჩევნებს აკვირდებიან

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიას, რომელიც 28 ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაციის თხოვნით.

30 სექტემბრის მონაცემით, კოალიციის სადამკვირვებლო მისიაში 1820 მოქალაქეა რეგისტრირებული.

„ბათუმელები“ სამ მოხალისე დამკვირვებელს ესაუბრა, რომლებიც არჩევნებს აჭარაში დააკვირდებიან და დაიცავენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს.

მათე კონჯარია პროფესიით ოპერის მომღერალია. ის ამჟამად სხვადასხვა არასამთავრობოსთან თანამშრომლობს ახალგაზრდული მიმართულებით.

„დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში, დააკვირდეს არჩევნებს, რათა ამ არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიანად და აღსრულდეს მოქალაქეების ნება. რომ ავირჩიოთ ისეთი მთავრობა, რომელიც დემოკრატიული იქნება და არჩეული მოქალაქეების მიერ,“ – ასე ხსნის მათე მოტივს, თუ რატომ გადაწყვიტა მან მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრაცია.

2024 წლის არჩევნები მათე კონჯარიასთვის მეორე არჩევნები იქნება, რომელსაც დააკვირდება. პირველად 2021 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე იყო დამკვირვებლად.

„ვურჩევდი ყველას, რომ მიიღოს მსგავსი გამოცდილება – ყოველ 4 წელიწადში ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ეს ერთი დღე არის ამ 4 წლის განმავლობაში, რომელიც წყვეტს ქვეყნის ბედს. უხეშად რომ ვთქვა, ერთი დღის გატარება, თუნდაც 24 საათი, ქვეყნის ბედის გადასაწყვეტად, ძალიან მცირე გადასახადია, რომელიც შენი ქვეყნისთვის შეიძლება გაიღო მოქალაქემ,“ – ამბობს მათე კონჯარია.

მათე საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომელიც ახლა დგას საქართველოს წინაშე და ხაზს უსვამს თითოეული მოქალაქის ვალდებულებას, მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს საკუთარი არჩევანი ქვეყნის სასარგებლოდ.

„პირველ რიგში, მთავარია მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენთვის სასურველი კანდიდატი გავაფერადოთ. ასევე დამკვირვებლობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს და დავეხმაროთ მოქალაქეებს მათი ხმის დაცვაში.

მინდა ჩემს თანატოლებს მოვუწოდო, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში, იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ბევრად უფრო დაფასდება დემოკრატიული მმართველობა. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ უფრო დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში იცხოვრონ. არჩევნების შემდეგ მათაც ექნებათ საშუალება იტრაბახონ იმით, რომ მათაც დადეს ერთი აგური ჩვენი დასავლური დემოკრატიის შენებაში,“ – ამბობს მათე კონჯარია.

მესამეჯერ იქნება დამკვირვებლის სტატუსით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თორნიკე ჯავახაძე. ის აქამდე ორჯერ იყო დამკვირვებელი 2018 საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. თორნიკე პროფესიით ტურისტული გიდი და მთარგმნელია.

„გარდა იმისა, რომ ისედაც დაინტერესებული ვარ სოციალურ-პოლიტიკური საკითხებით, ახლა ვთვლი, რომ ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენი ქვეყანა ახლა ერთგვარ გზაგასაყარზე დგას. ერთი არის ევროკავშირთან, ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების საშუალება, მეორე მხრივ არის ჩარჩენა იმ წუმპეში, სადაც გარკვეული ჯგუფი ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის სახით, ცდილობენ დაგვტოვონ.

ყველა მოქალაქემ, ვისაც მეტ-ნაკლებად აქტიურობა შეუძლია, რაღაც წვლილი მაინც უნდა შეიტანოს, რომ არჩევანი ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოსი იყოს სწორი. ამისათვის საჭიროა არჩევნების სწორად ჩატარება და მინიმუმამდე შემცირება იმ რისკისა, რომ შეძლოს მმართველმა პარტიამ არჩევნების სათავისოდ გამოყენება. უბნებზეც და უბნის გარეთ დაკვირვება ამის პრევენციას მოახდენს,“ – ამბობს თორნიკე ჯავახაძე.

თორნიკე ხაზს უსვამს ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობას და ამბობს, რომ ყველა ახალგაზრდა უნდა მივიდეს არჩევნებზე.

„ახლა თუ ვინმეს ბედი წყდება, წყდება ახალგაზრდების ბედიც. რადგან ჩვენი თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას, ახალ თაობას არ გვაქვს რუსული ტიპის ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება, ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს. რადგან ჩვენი არჩევანი დასავლეთთან დაახლოებაა, ამისთვის საჭიროა ვიაქტიუროთ და მივიდეთ არჩევნებზე.

ვისთანაც მაქვს საუბარი, ყველას ვეუბნები, რომ მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი არჩევანი. ჩემი დაკვირვებით ახლა უფრო მეტი ახალგაზრდაა დაინტერესებული პოლიტიკით და არჩევნებით, ვიდრე აქამდე რომელიმე არჩევნებზე იყო. ისეთ საუბრებსაც შევსწრებივარ, სადაც ძალიან ქილიკობენ მმართველ პარტიაზე.

ველოდები, რომ მათი პროტესტი მხოლოდ ქილიკის დონეზე არ დარჩება და ასახვას პოვებს არჩევნების შედეგში,“ – ამბობს თორნიკე ჯავახაძე.

მოხალისე დამკვირვებლებად რეგისტრაცია გრძელდება. მოხალისედ რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულადაც, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე – wewote.ge

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი სტუდენტი წელს პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ისევე როგორც ჩვენი რესპონდენტები, რომლებიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.

„ბათუმელებმა“ სტუდენტებს ჰკითხა, მიდიან თუ არა არჩევნებზე, როგორია მათი მოლოდინი და ყველაზე მეტად რა უნდათ, რომ შეცვალოს ამ არჩევნებმა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ეს განათლების სისტემაა. მგონია, რომ დღევანდელი განათლების სისტემა ადამიანების დაჩლუნგების პროცესს ემსახურება. როცა ერი იქნება განათლებული, არც ჩვენი მოტყუება იქნება მარტივი, არც უფლებების წართმევა და არც არჩევანის.

განათლებული ერი წარმართავს სახელმწიფოს და ინდივიდუალურ წარმატებასაც“, – გვეუბნება 21 წლის ნინო მელაძე, ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტი.

„რა თქმა უნდა ვღელავ, ქვეყნის ბედი ხომ ჩემი ბედიცაა“, – ამბობს ნინო. წელს ის პირველად იღებს არჩევნებში მონაწილეობას.

სტუდენტის თქმით, ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მათთვის მისაღები მომავლის შესაქმნელად სწორედ არჩევნებში მონაწილეობაა:

„სტუდენტების სწავლის, განვითარების, პროფესიული განათლების, დამოუკიდებლობის, ძლიერი ერის შექმნის პოტენციალი. ამ ყველაფრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, რისი შესრულებაც სტუდენტებს შეგვიძლია, ჩვენი ხმის დაფიქსირებაა”.

ნინო მელაძე, სტუდენტი.

ბევრი იმედგაცრუება დამიგროვდა და ქვეყნის წარსულ გამოცდილებებზეც კარგად ვიციო, გვითხრა სტუდენტმა.

„…მჯერა, რაც უფრო გაღელვებს შენი სამოქალაქო ვალის მოხდის აუცილებლობა და ქვეყნის განვითარებისკენ სწრაფვა, მით უფრო მნიშვნელოვანია შენი ხმა.

ჩემი ახლო მეგობრების 99% დარწმუნებით ვიცი, რომ წავა არჩევნებზე. ბევრი დაბნეულობა და ნერვიულობა იგრძნობა ყველგან, ძირითადად არჩევანის სისწორეზე. ჩემი თანატოლების ნაწილი თვლის, რომ მათი არჩევნებზე გამოცხადება აუცილებელი არაა და არაფერს ცვლის. რაც შემიძლია მათ დასარწმუნებლად ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ ეს ნიჰილიზმი დიდხნიანი არასწორი პოლიტიკის ერთ-ერთი პროდუქტია“ – ამბობს ნინო.

ივეტა ბერიძე 19 წლისა და ბსუ-ს საჯარო მმართველობის მე-2 კურსზე სწავლობს. ივეტაც ღელავს, რადგან ეს არჩევნები მისთვისაც პირველია:

„ვაანალიზებ პასუხისმგებლობას, რომ უკვე ის მოქალაქე ვარ, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილების პროცესებში აქტიურად ჩართვა. ამ არჩევნების შედეგი გადაწყვეტს ქვეყნის მომავალს. შესაძლოა, დადებითად, შესაძლოა უარყოფითად.

ჩვენ, ახალგაზრდებმა, ვიცით რა გვინდა და ვიცით, რომ ჩვენს ერთ ხმასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

არჩევნებზე წასვლა ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ ძველად იმ ადამიანს იდიოტად მოიხსენიებდნენ ვინც პოლიტიკაში არ ერთვებოდა და ვფიქრობ, მართალიც იყო. არ ვამბობ, რომ იდიოტები არიან ნიჰილისტები, მაგრამ მაინც… ყველა მოქალაქე უნდა წავიდეს და დააფიქსიროს თავის ხმა, რომ მერე არ ჰქონდეთ პრეტენზია…”, – გვეუბნება ივეტა.

ივეტა ბერიძე, სტუდენტი.

როგორც ივეტასგან ვიგებთ, მისი მეგობრების უმრავლესობისთვის პირველი არჩევნებია და მის მსგავსად ღელავენ.

„პირველ რიგში მინდა, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და გვქონდეს იმის საშუალება, რომ ხმამაღლა და თავისუფლად დავაფიქროთ ჩვენი პოზიციები, განსხვავებული ხედვები. არ მინდა, საბჭოთა კავშირში დავბრუნდეთ.

ვინც პირველად ვირჩევთ წელს, ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ, არავის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ და დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი“ – ამბობს ივეტა.

არჩევნებს პირველად დააკვირდება და ხმას მისცემს ბსუს-ს კიდევ ერთი სტუდენტი, 19 წლის სალომე ჯორბენაძე. ის ეკოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტია.

სალომე ხმას ხულოში, მის სოფელში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცემს და არჩევნებსაც ხულოში გახსნილ რომელიმე საარჩევნო უბანზე დააკვირდება.

სალომეს ვკითხეთ, რატომ გადაწყვიტა დამკვირვებლად დარეგისტრირებულიყო:

„ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები. ყველა უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, იმიტომ, რომ ეს ჩვენ ცხოვრებას ეხება. ვიფიქრე, ჩემ წილ ვალდებულებას მოვიხდიდი.

მინდა სამართლიან გარემოში ვიცხოვრო და ამ გარემოს შექმნაში მეც ვმონაწილეობდე. ამიტომაც დავრეგისტრირდი დამკვირვებლად, ამიტომაც მივდივარ არჩევნებზე”, – ამბობს სტუდენტი.

სალომეს თქმით, სტუდენტების, ახალგაზრდების მონაწილეობას მოახლოებულ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:

„ჩვენმა ხმამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი მომავალი გვექნება. პირველად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა არ ვღელავ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი თანატოლი მივა არჩევნებზე, რადგან ამ ყველაფერში ბევრი ახალგაზრდაა აქტიურად ჩართული.

ტრენინგებზე რომ ვაკვირდები, უამრავი ახალგაზრდა ვართ. ძალიან მახარებს მათი ენთუზიაზმის დანახვა. ჩემი ტოლა გოგონები ატარებენ ტრენინგებს და სხვებს უხსნიან არჩევნებთან დაკავშირებულ დეტალებს. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად აჟიტირებული ვარ და აღარ ვნერვიულობ. ყველა პროცესში ჩართულები ვართ”.

სალომე ჯორბენაძე, სტუდენტი.

სალომე გვეუბნება, რომ მის გარშემო, ყველა მიდის არჩევნებზე. არჩევანის გაკეთებას აპირებს მისი ყველა კურსელიც:

„მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი თბილისში წავიდა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ არჩევნებისას ჩამოვა და ხმას მისცემს. სერიოზულად აღვიქვამთ ამ პროცესში ჩვენი თანამონაწილეობის საჭიროებას და შესაბამისად, ახალგაზრდების მონაწილეობაც მაღალი იქნება, ვფიქრობ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ცოდნაც გვაქვს…”

სალომეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა:

„ეს მთავრობა უნდა გადადგეს, სხვანაირად არ გამოვა. ჩვენი ქვეყნის 50%-ზე მეტს ქალები შეადგენენ, ამიტომაა აუცილებელი მათი მონაწილეობა არჩევნებში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალი პოლიტიკოსების რაოდენობა მცირეა, მათი ამ პროცესში მონაწილეობა სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისა და თანასწორობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა”, – ამბობს სტუდენტი.

მარიამ გორგაძე ფსიქოლოგიის მე-4 კურსზე სწავლობს ბსუ-ში. ის 21 წლისაა. მართალია, ჩემთვის პირველი არჩევნებია, რომელშიც მივიღებ მონაწილეობას, თუმცა ნამდვილად არ ვღელავო, გვეუბნება ის.

სტუდენტი ამბობს, რომ აქტიურად ადევნებს თვალს ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიებს თვალს, რათა გადაწყვიტოს ვის დაუჭერს მხარს.

მარიამ გორგაძე, სტუდენტი

„ამ ხელისუფლების პირობებში ახალგაზრდები ვწყდებით ევროპისკენ მიმავალ გზას. მშვენივრად ვიცით ისიც, თუ როგორი მავნებელია ჩვენთვის „ქართული ოცნების“ მიღებული რუსული კანონი. ასევე ვხედავ, რომ ამერიკიდან, ევროპიდან სხვადასხვა სანქციები მოდის თუნდაც უნივერსიტეტებთან, სასწავლო მიზნებთან დაკავშირებული. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში, მივიდეთ არჩევნებზე.

ჩემს გარშემო ყველა მიდის არჩევნებზე. ყველა ჩემთან ერთად იდგა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე და ყველა აქტიურად ვართ ჩართულები მიმდინარე პროცესებში”, – გვითხრა მარიამმა.

სტუდენტს პირველ რიგში მოქალაქეების გაუსაძლისი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მიმართულებით უნდა ცვლილება. ამბობს, რომ ყოველდღე უყურებს ადამიანებს, რომლებსაც ღირსების შემლახავ პირობებში, უკიდურეს სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, რაც მასზე ძალიან მოქმედებს. ძალიან ბევრი ბავშვი ითხოვს მოწყალებასო – გვითხრა მარიამმა.

იგი ფიქრობს, რომ საქართველოში ქალების უფლებები ისედაც შელახულია და „თუ რუსულ რეჟიმს კიდევ ერთხელ ავირჩევთ, დავბრუნდებით ხანაში, სადაც ქალების სიტყვას ფასი საერთოდ არ ჰქონდათ და უბრალოდ გამრავლების ობიექტებად იყვნენ ქცეული”.

მარიამი ჩვენთან საუბრის ბოლოს იხსენებს, თუ როგორ ჩაუკეტეს სტუდენტებს უნივერსიტეტის შესასვლელი კარი რუსული კანონის გაპროტესტებისას – ჩემთვის წარმოუდგენელია უნივერსიტეტმა სტუდენტებს კარები დაუხუროსო – დასძინა მან.

ამავე თემაზე: 

„შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე

საქართველოში არჩევნების მოახლოების პარალელურად, რუსი პროპაგანდისტები სულ უფრო ბევრს მსჯელობენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ქართული წარმომავლობის რუსი პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნებისგან“ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის დალაგების, კონკრეტული მოდელის ნახვას ისურვებდა.

„პარტია ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ მზად არის ყოფილ ავტონომიებთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება და, რა თქმა უნდა, მინდა ვნახო მინიმუმ სამოქმედო გეგმა და მომავლის მონახაზი – შემოთავაზებულია თუ არა კონფედერაციის შექმნა შვეიცარიის მოდელით (იქაც მთები და სამი მთავარი ერია, სხვათა შორის), თუ სხვა რამეზეა საუბარი“, – წერს ის.

კანდელაკმა ამ ტექსტს ფოტოდ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა და გერბი დაურთო და დაწერა, რომ საბჭოთა საქართველო კრახამდე მიიყვანა ზვიად გამსახურდიას ნაციონალიზმმა.

„შეგახსენებთ, რომ რუსეთი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სისხლიან ავანტიურამდე ოფიციალურად არ ცნობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობას, რითაც გზას ტოვებდა შერიგებისა და იოსებ სტალინის მიერ გავლებულ საზღვრებთან დასაბრუნებლად. და ახლაც, როცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კოსოვოსა და ტაივანისგან განსხვავდებიან მხოლოდ იმ სახელმწიფოების რაოდენობით, რომლებმაც აღიარეს მათი დამოუკიდებლობა, სიტუაცია შეიძლება უკეთესობისკენ წარიმართოს ყველა ხალხისთვის, ვინც საბჭოთა საქართველოში ცხოვრობდა“.

რუსმა სამხედრო კორესპონდენტ-პროპაგანდისტმა, ალექსანდრე სლადკოვმა, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადების საპასუხოდ დაწერა, რომ არ ღირს „ძლივს დაწყებული დიალოგში… პირობების წაყენება“ – „რუსული (რუსული, საბჭოთა) ბაზები იდგნენ ამიერკავკასიაში და იდგებიან მუდამ, როგორც ომის არარსებობის მთავარი ფაქტორი; ჩვენი ბაზები მშვიდად დგანან. მოდიან ამერიკელები – ომი იწყება“.

29 სექტემბერს, საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს კვლავ ეჭვნარევი ტონით გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული არხის – Соловьев live-ის თანაწამყვანი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი.

„ირაკლი კობახიძემ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა მათ იცხოვრონ „ერთ ქართულ სახელმწიფოში“. მისი თქმით, საქართველომ უნდა „აღადგინოს ყველა დანგრეული ხიდი“. თუმცა, ჩვენ დიდი ხნის წინ შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში – რუსეთში!“ – წერს ის.

გარდა ამისა, დღეს, 2 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ 4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მოსკოვში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრებს შეხვდება.

მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს.

„მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე. აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე“, – თქვა ზახაროვამ.

იმიტირებული სიკვდილით დასჯა – გაეროს ანგარიში უკრაინელი ტყვეების გამოცდილებაზე

უკრაინის პროკურატურა აცხადებს, რომ პაკროვსკის მიმართულებით რუსმა ოკუპანტებმა 16 უკრაინელი ჯარისკაცი დახვრიტეს. პროკურატურა აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება სამხედრო დანაშაულის ფაქტზე.

უკრაინის პროკურატურა მიუთითებს ტელეგრამში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან ავტომატის ჯერით რუსები დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს. პროკურატურა აცხადებს, რომ ეს ქმედება არის ჟენევის კონვენციების უხეში და ცინიკური დარღვევა და კვალიფიცირდება, როგორც მძიმე საერთაშორისო დანაშაული. განცხადება პროკურატურამ პირველ ოქტომბერს გამოაქვეყნა ტელეგრამზე.

ასევე, პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიში, რომელში ნათქვამია, რომ რუსეთში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს სისტემატურ აწამებენ და არასათანადოდ ეპყრობიან.

მისიამ წინა, მსგავსი ანგარიში 2023 წლის მარტში გამოაქვეყნა. მას შემდეგ მისმა სპეციალისტებმა გამოჰკითხეს 169 გათავისუფლებული უკრაინელი სამხედრო, ხუთი გათავისუფლებული უკრაინელი სამედიცინო მუშაკი, და ასევე, 205 რუსი სამხედრო ტყვე უკრაინაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ტყვეობიდან გათავისუფლებულმა 169 უკრაინელმა გაეროს ექსპერტებს უამბო წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოცდილების შესახებ.

უკრაინელი სამხედრო ტყვეები აღწერენ სასტიკი ცემის, ელექტროშოკის, სექსუალური ძალადობის, დახრჩობის, იძულებითი გადაჭარბებული ვარჯიშის, ძილის ნაკლებობის, იმიტირებული სიკვდილით დასჯის, ძალადობის, მუქარისა და დამცირების ფაქტებს.

არტილერისტები და გარკვეული ქვედანაყოფების სამხედრო პერსონალი სასტიკ მოპყრობას ექვემდებარებოდნენ.

გაეროს ექსპერტებისთვის ცნობილი გახდა რუსეთის ფედერაციაში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 38 ადგილის შესახებ, სადაც სამხედრო ტყვეებს მასობრივად სცემენ ტყვედ ჩავარდნის პირველივე დღეს, სავარაუდოდ, „სულისკვეთების გატეხის მიზნით“.

ანგარიშში დასახელებულია 69 ადგილი, სადაც დასტურდება უკრაინელი ტყვეების ყოფნა არაადამიანურ პირობებში, სადაც ტყვეებმა დაიკლეს არსებული წონის ნახევრამდე, იყო არასათანადო სამედიცინო მომსახურება, სითბოსა და ტანსაცმლის ნაკლებობა. ჰიგიენურ პირობებთან ერთად, ამ ფაქტორებმა გამოიწვია ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები, კბილების დაკარგვა, ტუბერკულოზი და სხვა დაავადებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გაერომ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება რუსეთის ხელისუფლების მიერ რუსული სამხედროების ან ჩინოვნიკების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ პატიმრების წამებაზე. მეტიც, რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო პერსონალი, მაგალითად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, საჯაროდ ემუქრებიან უკრაინელ სამხედროებს, მათ შორის სიკვდილით დასჯით.

გაეროს ექსპერტები ჯერ კიდევ ვერ შედიან რუსეთში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც პატიმრები იმყოფებიან, თუმცა კიევი უზრუნველყოფს ასეთ ხელმისაწვდომობას: ანგარიშის ავტორებს შეეძლოთ ესაუბრათ 205 რუს სამხედრო ტყვესთან უკრაინულ ბანაკებში. მათგან 104 გამოკითხული უჩიოდა წამებას – თითქმის ყველა შემთხვევაში საქმე ეხებოდა ცემას ტყვეობის ადრეულ სტადიაზე ან ოფიციალურ ბანაკებში ტრანზიტის დროს, სადაც დაკავების პირობები „შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“.

თუმცა გაეროს მისიამ გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ბანაკში გაგზავნამდე რუსი პატიმრები ხანდახან თვეობით რჩებიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში, ხან კი არაოფიციალურ „სარდაფებში“.

„უკრაინის მთავრობა აგრძელებს პირობებისა და გარანტიების გაუმჯობესებას, მაგალითად, უზრუნველყოფს პატიმრებისთვის სატელეფონო ზარებს [რუსეთში, ოჯახთან]“, – ნათქვამია ანგარიშში.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ, ანგარიშის ავტორებს, რუსი ტყვეების ძალადობისა და მკვლელობის ფაქტზე დაწყებული ხუთი სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარე გამოძიებაზე აცნობა – 16 აგვისტოს მდგომარეობით. თუმცა, ამ გამოძიების ფარგლებში ოფიციალური ეჭვი არავის მიმართ არ ყოფილა.

 

ხელვაჩაურისკენ მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტი დროებით იცვლება

ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში  5 დღის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა იზღუდება ფრიდონ ხალვაშის გამზირის მონაკვეთზე (ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 4-ე კმ).

ბათუმის ავტოტრანსპორტის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში, დღეიდან, ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი N12 მუნიციპალური ავტობუსი და N400, 401, 402, 403, 404, 405, 406, 407, 408, 409, 410, 411, 412, 413, 414, 415, 416, 417, 418, 419, 447, 448, 22 მიკროავტობუსები ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზით იმოძრავებენ.

____________

ფოტო არქივიდან.

რა თქვა განათლების ახალმა მინისტრმა კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე

საქართველოს განათლების ახალი მინისტრი ალექსანდრე წულაძე იქნება. ის დღეს, 2 ოქტომბერს წარადგინეს აღნიშნულ თანამდებობაზე.

ალექსანდრე წულაძე მოქმედი მოსამართლე იყო, როცა განათლების სამინისტროში 2023 წლის დეკემბერში, მაშინდელი მინისტრის გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ალექსანდრე წულაძისგან რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა არ არის საჯაროდ ცნობილი, უცნობია მისი პოზიციაც სკოლაში კვების დანერგვასა თუ სხვა პრობლემურ საკითხებზე.

თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ალექსანდრე წულაძესთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ, მისი პასუხი იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის განსაზღვრაზე.

2019 წელს ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი იყო. გასაუბრებაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ მას ჰკითხა, მისი აზრით, რა შეიცვალა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში უარესობისკენ, რაზეც ალექსანდრე წულაძემ უპასუხა, რომ „ქორწინების განსაზღვრების შეცვლის აუცილებლობა არ ყოფილა“.

„ადამიანის უფლებების ნაწილში, პირადად ჩემი შეხედულებით, ქორწინების დეფინიციის, როგორც აი, ამ სამოქალაქო ინსტიტუტის ამ ხარისხში აყვანა არ იყო აუცილებელი კონსტიტუციით, რადგან ამით არათუ ჩვენ განვსაზღვრავთ პირებს ვისთანაც შეგვიძლია (ქორწინება) და ეს მხარეთა თანასწორობაზე და სამოქალაქო სამართლის ყველა პრინციპის გამტარებელი ინსტიტუტია, არამედ შეგვიძლია ხელშეკრულებაც დავდოთ ხომ ამ ადამიანებთან და აქედან გამომდინარე, როგორც ცივილისტმა, არ მიმაჩნდა, რომ კონსტიტუციაში ამის ჩაწერის აუცილებლობა იყო“,- ამბობდა ალექსანდრე წულაძე.

2022 წელს ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე წულაძემ ხელფასის სახით საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 116 620 ლარი მიიღო. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან, როგორც სასწავლო მოდულის ხელმძღვანელმა კი, – 10 305 ლარი.

2023 წელს კი, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ანაზღაურების სახით 129 532 ლარი მიიღო.

მინისტრის მოადგილის პოსტზე კი, დანიშვნიდან სამ დღეში, მისი ანაზღაურება 694.89 ლარი იყო. მიმდინარე წლის დეკლარაცია წულაძეს ჯერ არ წარმოუდგენია.

____________

ამ თემაზე:

განათლების მინისტრმა პირველ მოადგილედ მოქმედი მოსამართლე დაინიშნა

სამ თვეში უკრაინაში ომის შედეგად 589 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს უახლესი ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში უკრაინაში ომის შედეგად 589 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2685 დაშავდა.

დაღუპულთა შორის 324 კაცი იყო, 238 – ქალი, 14 გოგო და 13 ბიჭი.

გაერო წერს, რომ წინა სამ თვესთან შედარებით დაღუპულთა რიცხვი 45 პროცენტით გაიზარდა. ყველაზე სასტიკი დღე იყო 8 ივლისი, როდესაც რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 43 მშვიდობიანი მოქალაქე.

გაერო აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში 6 აგვისტოს. გაერო წერს, რომ დაადგინა ზოგიერთი დაღუპულის ვინაობა, თუმცა შეზღუდული საჯარო ინფორმაციის გამო ორგანიზაცია ვერ ასახელებს მსხვერპლის რაოდენობას. აქვე, გაერო აღნიშნავს, რომ სთხოვეს რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეეწყოთ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისთვის, თუმცა ეს თხოვნა დღემდე არ დაკმაყოფილდა.

31 აგვისტოს მდგომარეობით, გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიამ უკრაინაში (HRMMU) დაადასტურა, რომ ომის გამო 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში დაიღუპა 11,743 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 24,614.

______________

ფოტოზე: კიევი, 2022 წელი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/MIGUEL A. LOPES

 

საპატრულო პოლიციას არანაირი შეტყობინებები არ გაუგზავნია მოქალაქეებთან – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 2 ოქტომბრის, დილიდან საპატრულო პოლიციის ცხელ ხაზზე მოქალაქეების ზარები შევიდა, რომლებიც ამბობენ, რომ პირად მეილებზე პოლიციისა სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

პოლიცია მეილების დაგზავნას არ ადასტურებს.

„საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა,  მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში.

ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ“, – აცხადებს შსს.

ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალო საქართველოს” და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

„ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ რომ გამოვიყენო დისკრეცია და გამჭვირვალობა საქართველოს და ეკა გიგაურს გავუუქმო ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ორგანიზაციას და ეკა გიგაურს დაევალდებულათ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის,“ – ეს განცხადება დღეს, 2 ოქტომბერს გააკეთა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის ამ განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება, სადაც კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიიღო.

ანტიკორუფციულმა ბიურომ 24 სექტემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლითაც TI, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“ და მისი დამფუძნებლები „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ ცნო.

ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იყო საფრთხე, რომ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI) ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვეღარ დააკვირდებოდნენ.

 

ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება:

  • მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
  • იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე დგას 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი.

საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველი შეიყვანება სპეციალურ სიებში, რომელშიც შეიტანება ამომრჩევლების შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

იმ საარჩევნო უბნებში, რომლებიც უკვე შექმნილია საზღვარგარეთ,  სპეციალურ სიაში ამომრჩევლების შეყვანა ხდება, თუ:

  1. სხვა ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველი დგას  საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველს აქვს რეგისტრაციის მისამართი საქართველოში:
  • ასეთი ამომრჩეველი 2024 წლის 26 სექტემბრამდეც ნებისმიერ პერიოდში შეძლებდა და ახლაც შეუძლია საკუთარი მონაცემების გადამოწმება ამომრჩეველთა სიაში, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილია საარჩევნო უბნები.
  1. ამომრჩეველს აქვს საზღვარგარეთ რეგისტრაცია (მისი რეგისტრაციის მისამართი არის სხვა ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთი, აშშ, ქალაქი ნიუ-იორკი და ა.შ):
  • ეს ამომრჩევლებიც შედიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, მაგრამ, ვინაიდან, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღემდე 30 დღით ადრე (26 სექტემბერი), სწორედ ამ ვადის შემდეგ ხდება მათი გადანაწილება იმ ქვეყნების მიხედვით, სადაც გაიხსნა საარჩევნო უბნები და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, მათ შეუძლიათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში.
  1. ამომრჩეველი, რომელიც დადგენილ ვადაში გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას შესაბამის საარჩევნო უბანში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან დადგება საკონსულო აღრიცხვაზე მიმდინარე წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

 საბოლოო მონაცემებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის 8 ოქტომბერს, ხოლო შესაბამისი სახელმწიფო უწყებები (სერვისების განვითარების სააგენტო, შსს და სხვა) კი – 9 ოქტომბერს. აღნიშნული მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიები მიიღებს საბოლოო სახეს.

ამ ეტაპზე, ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულია სპეციალურ სიაში შესაყვანი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით. საბოლოო სიების დამუშავების შემდეგ ინფორმაცია განთავსდება სხვა ქვეყანაში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით.

საყურადღებოა, იმისათვის რომ, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩეველი მოხვდეს სიაში აუცილებელია ის ფლობდეს 7 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედ საქართველოს მოქალაქის  პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო ხმის მიცემის უფლების განხორციელებას კი შეძლებს, თუ აღნიშნული რომელიმე დოკუმენტი ასევე ძალაში იქნება 26 ოქტომბრის მდგომარეობით.

აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ საკონსულო პორტალ geoconsul.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხს.  ცალკეულმა  პირებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 128 000-მა თანამემამულემ გაიარა, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 65 508 ამომრჩევლის მონაცემი გადასცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ვებგვერდის geoconsul.gov.ge სტატისტიკური მაჩვენებელი აღრიცხავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც 2015 წლიდან ისარგებლა ამ ვებგვერდით, მათ შორის დადგა საკონსულო აღრიცხვაზე.

ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის უფლება აქვთ არა მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს, არამედ საქართველოს არასრულწლოვან მოქალაქეებს, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებს და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირებსაც, რომლებიც არ შედიან საარჩევნო უფლების მქონე პირთა კატეგორიაში. შესაბამისად, ვებ-გვერდის სტატისტიკური მაჩვენებელი (128 000 პირი) მოიცავს ყველა ამ კატეგორიის ადამიანს 2015 წლიდან. ეს სტატისტიკა მოიცავს იმ პირებსაც, ვინც თავის დროზე ამ ვებგვერდის მეშვეობით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე და შემდეგ მოიხსნა, თუმცა როგორც აღნიშნული ვებ-გვერდით მოსარგებლე, კვლავ რჩება სტატისტიკურ მონაცემში.

შესაბამისად, ვებ-გვერდზე მოცემული მაჩვენებელი ასახავს იმ პირთა რაოდენობას, ვინც ზოგადად ისარგებლა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სისტემით და არ გახლავთ ამჟამად საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების სტატისტიკა.

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 სექტემბერს გადმოსცა ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 68 024 პირის შესახებ, გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ სიაში მყოფ 2 516 პირს არ ჰქონდა ვალიდური დოკუმენტები და  საარჩევნო უფლება, შედეგად საბოლოო ჯამში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 65 508 ამომრჩევლის მონაცემების საფუძველზე 42 ქვეყანაში შექმნა 60 საარჩევნო უბანი.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 655 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130]
  • ტანკი – 8 887 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 17 579 ერთეული [+32]
  • საარტილერიო სისტემა – 18 869 ერთეული [+14]
  • MLRS – 1 204 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 963 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 348 ერთეული [+26]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 692 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 3 318 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 2 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 590 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 471 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 463 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 794 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ვუჰლედარის ცენტრს მიაღწიეს

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის

„ოცნების“ სია მილიარდერი ექსპრემიერით, ბიძინა ივანიშვილით იწყება, სიის ნახევარზე მეტი კი მილიონერია, რომლებიც ბიზნესში უფრო წარმატებულნი არიან, ვიდრე პოლიტიკაში. მოქმედი პარლამენტარებიდან უმეტესობა, რომლებიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდნენ, სხდომებს არ ესწრებოდნენ, თუ ესწრებოდნენ, არ აქტიურობდნენ.

„ოცნების“ ახალი სახეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სიის მიხედვით პოპულარული სპორტსმენები და ხელოვანებიც არიან, მეტწილად კი ბიზნესიდან მოსული პოლიტიკოსები. მათგან უმეტესობა მილიონერია.

„ოცნების“ სიაშია მილიონერი ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი. BK constraction-ის დამფუძნებელი მე-16 ნომრად ჩაწერეს. მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და რუსეთის მოქალაქეც არის. ბერეკაშვილი კიდევ რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და თანამფლობელია. სამშენებლო ბიზნესშია 2017 წლიდან, 2003-2009 წლებში მუშაობდა „ბიქეი კაპიტალის“ აღმასრულებელ დირექტორად მოსკოვში, 1999 წლიდან 2003 წლამდე კი საინვესტიციო საბანკო სექტორში ნიუ იორკსა და ლონდონშიც უმუშავია.

პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა და მილიონერია ზაალ დუგლაძეც. ზაალ დუგლაძე ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. აქვს ღვინის ბიზნესი. „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრ, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 8 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს.

„ოცნების“ სიაშია მოქმედი პარლამენტარი გოჩა ენუქიძე. ის ორჯერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ორჯერ „ქართული ოცნების“  წარდგენით გახდა ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი. გოჩა ენუქიძე მილიონერია. ის რამდენიმე კომპანიის მფლობელი და თანამფლობელია. მისი ერთ-ერთი კომპანია ბათუმში, ზღვასთან ახლოს, ცათამბჯენებს აშენებს.

გოჩა ენუქიძე და მისი ოჯახი რამდენიმე კომპანიისა და დიდძალი უძრავი ქონების მფლობელები არიან. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენუქიძე ასევე ფლობდა „ტესლას“ აქციებსაც.

ილია ინჯია მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და ბიზნესმენ ფრიდონ ინჯიას ვაჟია. მამა, ფრიდონ ინჯია, მილიონერია. ფრიდონ ინჯია და მისი მეუღლე ფლობენ უძრავ ქონებას თბილისში, ბათუმში, კასპში, მარტვილში. მისივე ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ინჯიას დანაზოგი რუსულ ბანკებშიც აქვს. მართვაში გადაცემული წილებიდან გასულ წელს ფრიდონ ინჯიას მეუღლემ მილიონზე მეტი ლარი მიიღო შემოსავლის სახით.

სიაშია ბიზნესმენი ვასილ ჩიგოგიძეც, ისიც მილიონერია. ის ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის, რომელიც 2020 წელს, როცა პარლამენტის წევრი გახდა, უკვე ფლობდა არაერთ უძრავ ქონებას თბილისში, ბაკურიანსა და საგურამოში.

გიორგი ჭყონია და მისი პარტნიორები წლებია „ოცნების“ შემწირველები არიან. ის ერთ-ერთია იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც 2022 წელს, აჭარის მთავრობასთან ერთად იმყოფებოდა კუნძულ მალიორკაზე. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ეს ვიზიტი სწორედ ბათუმელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს.

გიორგი ჭყონიას კომპანიები: შპს „გზა“, შპს „ბათუმი ცენტრალი“ და შპს „შატო კვირიკე“ აქტიურად მონაწილეობენ სახელმწიფო შესყიდვებში, საიდანაც 2011-2023 წლებში, შემოსავლის სახით, მიიღეს 335 მილიონ 638 ათას 719 ლარი.

გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ბიზნესმენის საქმიანობაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ. 

2016 წლიდან 2023 წლის ჩათვლით პირადად გიორგი ჭყონიამ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 400 000-ზე მეტი ლარი შესწირა.

კორუფციის მკვლევრები დიდი ხანია მისი მხრიდან სახელმწიფო რესურსების საეჭვო გამოყენების ფაქტებზე წერენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის მიხედვით, გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს.

გიორგი ხახუბია მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2023 წელს გახდა, შუალედური არჩევნების შედეგად, როგორც ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი. ამ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ხახუბიას მამა, დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

პარლამენტში  შესვლამდე გიორგი ხახუბია მუშაობდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში. ხახუბია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის – მისი და მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანში, ფოთში, ჩოხატაურში, ბათუმში.

„ოცნების“ სიაში არიან მილიონერები:

  • ისკო დასენი,
  • გოდერძი ჩანქსელიანი,
  • გიორგი ბარვენაშვილი,
  • ანზორ ბოლქვაძე და სხვები.

ანზორ ბოლქვაძე არაერთხელ მოხვდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში, როგორც სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებული პირი. მაგალითად, 2021 წელს „გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა კვლევა „მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს“.

საინფორმაციო ბრიფინგი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ მათ, სრულფასოვნად ჩაერთონ კომისიების მუშაობაში, რადგან აღნიშნული პროცესის მასშტაბურობა ყველა წევრის ჩართულობას საჭიროებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის ზედა ზღვრის ზრდის გამო, გამსხვილდა ზოგიერთი საარჩევნო უბანი. შესაბამისად, ამომრჩეველთა ნაწილს ამ არჩევნებზე ხმის მიცემა გასულ არჩევნებისგან განსხვავებულ ლოკაციაზე მოუწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ამომრჩევლებმა დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და წინასწარ იცოდნენ სად არის მათი საარჩევნო უბანი.

ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 8 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აქტიურობისა და ამომრჩეველთა ერთიან სიებში მონაცემების გადამოწმებისკენ.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის და სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით. მათ შორის წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მონაცემების გადამოწმებას ცესკოს ახალი მობილური  აპლიკაციის საშუალებითაც სთავაზობს. ამ სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Voters Georgia – Cesko და გაეცნოთ თქვენ და ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოთ საარჩევნო უბნის მისამართი და გაიგოთ სად უნდა მისცეთ ხმა 26 ოქტომბერს.

მნიშვნელოვანია, რომ ვებგვერდზე voters.cec.gov.ge ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებ ამომრჩევლებს ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდით ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ხოლო საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, ფიქსირდებიან მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

იურიდიული მისამართისა და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მქონე პირებმა ცვლილების განხორციელების მიზნით უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს). ხოლო იძულებით გადაადგილებულმა პირმა ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების მიზნით – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

გვინდა მივმართოთ რეგისტრაციიდან მოხსნილ, რეგისტრაცია ძალადაკარგულ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, დროულად მიმართონ სააგენტოს 5  ოქტომბრის ჩათვლით, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. სხვა შემთხვევაში ამომრჩეველი, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

ასევე გვინდა შევახსენოთ პროცედურები საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს. როგორც ცნობილია, ცესკომ უკვე შექმნა საზღვარგარეთ 42 სახელმწიფოს 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბანი. იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე არ იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და არ აქვს რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მას აქვს შესაძლებლობა 7 ოქტომბრის ჩათვლით, საარჩევნო მიზნებისთვის გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებაში, ან შესაბამის სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შემდეგაც მას ექნება საშუალება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე: https://www.geoconsul.gov.ge/

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა ან პასპორტი. ამომრჩეველი ხმის მიცემას ასევე შეძლებს საკანონმდებლო დონეზე არსებული საგამონაკლისო შემთხვევებისას (რწმენის გამო,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) გაცემული მოქმედი არაელექტრონული (ე.წ. ,,ლამინირებული’’) პირადობის მოწმობითაც, რომლის ჯამური რაოდენობა, სერვისების განვითარების სააგენტოს მოწოდებული მონაცემების თანახმად, შეადგენს მხოლოდ 394-ს. აქვე შეგახსენებთ, რომ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდა 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

ამასთანავე შეგახსენებთ ინფორმაციას გადასატანი საარჩევნო ყუთისა და ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის პროცედურასთან დაკავშირებით.

ამომრჩეველმა  გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება  09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე. სიახლეა, ის რომ წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მან, ადაპტირებული საარჩევნო უბნის მოთხოვნის მიზნით, უნდა მიმართოს წერილობით ან ზეპირი განცხადებით, შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა. ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ განახლებული ინფორმაცია განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „საარჩევნო რუკა“ https://ems-map.cec.gov.ge/.

„გაოგნებულები და გაბრაზებულები ვართ“ – ილიაუნის რექტორი პირობით აკრედიტაციაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა, ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა – როგორც ადგილობრივმა, ასევე უცხოელმა ექსპერტებმა ყველა სტანდარტში უმაღლესი შეფასება მისცეს. „გაოგნებულები და გაბრაზებულებიც ვართ“, – ამბობს ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე „ბათუმელებთან“.

  • ქალბატონო ნინო, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტის განცხადება, სადაც ამბობთ, რომ პრინციპულად არ ეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს და რატომ?

განცხადებაშიც ვთქვით, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია ავტორიზაციის საბჭოს წერილობითი გადაწყვეტილება. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან ზეპირად რასაც გამოგვიცხადებენ, იგივე გადაწყვეტილება უნდა გამოგვიგზავნონ.

ერთი პრინციპული ამბავია, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არანაირად არ ეფუძნება მთელ იმ პროცესს და დოკუმენტაციას, რაც მათ ხელთ ჰქონდათ.

საბჭოს გადაწყვეტილებას რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს საფუძვლად. ჩვენ გვაქვს უმაღლესი შეფასებები ყველა სტანდარტში. მათ კი, ისე, რომ ახალი გარემოებები არ გამოუვლენიათ, ეს სტანდარტები შეცვალეს. თავისთავად, ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა. იმიტომ, რომ თუ ცვლი სტანდარტებს, მაშინ უნდა აცნობო ამის შესახებ უნივერსიტეტს და განმარტო, რის საფუძველზე ცვლი. მათ ეს ჩვენ არ განგვიმარტეს.

ვფიქრობ, ამას რაღაც სხვა საფუძველი უდევს, რადგან ავტორიზაციის პროცესში მათ არ გამოუძიებიათ დამატებითი გარემოებები. ეს აჩენს ეჭვს, რომ საბჭოს სხვა მიზანდასახულობა ჰქონდა. ამას აუცილებლად გავიგებთ, როცა გვექნება წერილობითი გადაწყვეტილება.

სიმართლე გითხრათ, ამ პროცესში ჩვენ მარტო არ ვართ. გაოგნებული ვართ ყველანი. გაოგნებული ვართ როგორც ჩვენ, გაოგნებულები არიან ექსპერტებიც, თუკი ვინმეს საგანმანათლებლო სფეროში უმუშავია, ყველანი, ასევე, ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც, რადგან ილიას უნივერსიტეტი 14 სხვადასხვა საბაკალავრო. სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებაზე ახორციელებს საერთაშორისო პროგრამებს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ამ პროცესის მონაწილეები და ისინიც გაოგნებულნი არიან.

ეს არ არის ასეთი მარტივი, რადგან „ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი“ გახლავთ ევროპის ხარისხის მიმნიჭებელი ინსტიტუტების (EQF LLL/QF-EHEA) წევრი და ამ ორგანიზაციების წევრობა მას ავალდებულებს, დაიცვას ხარისხის მინიჭების სტანდარტი. ჩვენს შემთხვევაში კი ნამდვილად დარღვეული იყო ყოველგვარი სტანდარტი და რა იყო ამის საფუძველი, აუცილებლად გამოჩნდება, როგორც კი მივიღებთ წერილობით დასკვნას.

  • საბჭოს ყველა წევრი ესწრებოდა ამ სხდომას? რას ამბობდნენ ისინი ამ შეხვედრაზე, ჰქონდათ რაიმე კონკრეტული შენიშვნა.

შეხვედრა მიმდინარეობდა ZOOM-ით, ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი. ჩვენ დაახლოებით 60 ადამიანი დავთვალეთ, ოღონდ ეს იყვნენ ჩვენი პროფესორები, მათ შორის უცხოელი პროფესორები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამიტომ საბჭოს რამდენი წევრი ესწრებოდა, ზუსტად ვერ გეტყვით. კვორუმი რომ არ ყოფილიყო, სხდომა უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა.

  • თქვენ თქვით, რომ საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებთ სააპელაციოში. თუკი ამ პროცესს პოლიტიკური საფუძველი აქვს, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სააპელაციომაც იგივე გადაწყვეტილება დატოვოს ძალაში – მდუმარედ და უარგუმენტოდ. რა ბერკეტი არსებობს, რომ სააპელაციო ვერ გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის?

სააპელაციოს შემდეგ არსებობს სამართლებრივი დავა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ხარისხის ეროვნული ცენტრი არის დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. მან, როგორც ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრმა, უხეშად დაარღვია ამ ორგანიზაციის წესები. ამიტომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამ მიმართულებითაც აპირებენ ბრძოლას, რომლებიც ჩვენზე მეტად არიან შეშფოთებულები. ყველა სტანდარტში გვქონდა დადებითი შეფასება ამ ექსპერტებისგან.

  • არც ერთი არგუმენტი არ მოგისმენიათ ამ შეხვედრაზე, აბა რის საფუძველზე იმსჯელა საბჭომ?

კი, რამდენიმე კითხვა დაგვისვეს და არსებობს ამის ჩანაწერი. თვითონ აწარმოებდნენ ჩაწერას და ეს ჩანაწერი უნდა იყოს გამოყენებული სხდომის ოქმის შესადგენად. ჩვენ იმ დღესვე გავაგზავნეთ მოთხოვნა ცენტრში, რომ არ განადგურდეს ეს ჩანაწერი, რადგან უნდა გამოვიყენოთ სააპელაციო პროცესებისთვის.

დაგვისვეს ისეთი კითხვები, რომლებიც არანაირ შეხებაში არ იყო სტანდარტების აწევა-დაწევასთან.

ერთი რეკომენდაცია იყო, რომ უნივერსიტეტმა ჩაწეროს სტუდენტების რაოდენობა, რომელ ინსტიტუციაში რამდენ სტუდენტს უშვებს პრაქტიკაზე.

კომისიას, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში მუშაობდა ჩვენთან, მაშინ არ ჰქონია ამაზე შენიშვნა, გაიზიარა ჩვენი პოზიცია, რადგან ჩვენ დავუსაბუთეთ, რომ ყველგან, ყველა მემორანდუმში, სადაც იგულისხმება სტუდენტების პრაქტიკა, მითითებული გვაქვს  სტუდენტების რაოდენობაც.

მაგრამ არსებობს მემორანდუმები, რომლებიც წმინდა კვლევითი ხასიათისაა ან არსებობს მემორანდუმები, რომლებსაც ხანგრძლივი ვადა აქვს და საერთოდ იქამდეა დადებული, სანამ ჩვენ, მაგალითად, ინჟინერიის ან მედიცინის პროგრამას დავიწყებდით. ამ მემორანდუმებს მაშინ შევცვლით, როცა გაუვა ვადა.

საქართველოს ეროვნულ არქივთან როცა მაქვს დადებული 15-წლიანი მემორანდუმი, რატომ უნდა შევცვალო, თუკი ის კვლევითი მემორანდუმია.

ამიტომ მათ ეს გაიზიარეს და გადაიტანეს რჩევებში. ახლა ისევ ამაზე დაგვისვეს კითხვა, რომ „ბოლოს და ბოლოს როდის შეცვლით?“ ეს, სიმართლე გითხრათ, სრულიად გაუგებარი კითხვაა.

  • წინა აკრედიტაციის დროს ჰქონდა საბჭოს რაიმე შენიშვნა ან მინიშნებები, რაზეც ახლა გააკეთა აქცენტი თუნდაც?

2018 წელს მივიღეთ სრული აკრედიტაცია ყოველგვარი პირობების გარეშე. ამიტომ ჩვენ ზუსტად იგივე შეფასებას ველოდით ახლაც, რადგან პირიქით, უკეთესი დასკვნა გვქონდა. ყველა სტანდარტში მაქსიმალური შეფასება.

ახლა ვერც ვხვდებით, რამდენად შეგვიცვალეს ეს შეფასებები, რადგან სამწუხაროდ არ გამოგვიცხადეს. უბრალოდ გვითხრეს, რომ მე-4, მე-3, მე-7 და ასე შემდეგ სტანდარტებში შეიცვალა შეფასება. ეს არის ავტორიზაციის წესების ძალიან უხეში დარღვევა, რადგან თუკი რაიმე იცვლება სტანდარტებში, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყვნენ უნივერსიტეტები.

საბჭოს აქვს ამის ვალდებულება. თავმჯდომარემ კი განგვიცხადა, ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება განგვიმარტოთ რა შეფასებებს ვცვლითო. შემდეგ შეხვედრიდან გავიდა, გამოაცხადა რაღაც ტექნიკური შეფერხებააო. როცა დაბრუნდნენ, ჩვენ მივმართეთ აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენელს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას და ვთხოვეთ განემარტა იყო თუ არა ვალდებული საბჭოს ეცნობებინა ჩვენთვის თუკი სტანდარტებს ცვლიდა. ცენტრის წარმომადგენელმა დაგვიდასტურა, რომ კი.

ეს მითითებულია საბჭოს ფუნქციონირების წესებშიც, ასევე ყველა საერთაშორისო წესი ითვალისწინებს ამას, რომელსაც იზიარებს ხარისხის ეროვნული ცენტრიც.

თუკი საბჭოს წერილობით გადაწყვეტილებაში იქნება ისეთი განსხვავებული გადაწყვეტილება, რომელთა შესახებაც არ ყოფილა ზეპირი განხილვისას საუბარი, ეს იქნება ოქმის შეცვლა, ანუ გაყალბება. ოქმში უნდა მოხვდეს მხოლოდ ის, რაც ზეპირ განხილვაზე იყო.

  • გაქვთ მოლოდინი, რომ შეიძლება გააყალბონ სხდომის ოქმი?

ძალიან მარტივად დავადასტურებთ, როცა მივიღებთ იმ ჩანაწერს.

  • შეიძლება, რომ ჩანაწერი გაანადგურონ?

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ არ განადგურდეს ჩანაწერი. ჩვენ არ მოგვცემენ, მაგრამ სასამართლოს შეუძლია გამოითხოვოს.

ჩვენ გამოვიყენებთ სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზას. გავაგრძელებთ მუშაობას, რადგან ეს არის რეპუტაციული ზიანი, რომელსაც უპასუხოდ ვერავის დავუტოვებთ.

არ შეიძლება ასეთი რეპუტაციული ზიანის მიყენება, როცა ამას არანაირად არ იმსახურებს უნივერსიტეტი და როცა ამის საფუძველი არ არსებობს. თუ არსებობს და ამას არ გიმარტავენ, გამოდის, პროცესი მიდის ძალიან დიდი დარღვევებით და რა არის ამის საფუძველი, მალე გამოჩნდება.

  • ქალბატონო ნინო, თუ არ ვცდები, თქვენ იყავით ერთადერთი რექტორი, რომელმაც ღიად გააპროტესტა რუსული კანონი და ილიაუნმა ასევე გამოხატა ღია მხარდაჭერა სტუდენტების მიმართ, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობდნენ. ამის გამო ხდება ეს ყველაფერი? „ქართული ოცნება“ ასე ცდილობს შურისძიებას, დაშინებას ან თქვენ განეიტრალებას?

შარშან, როდესაც ჩემზე იყო პიროვნული თავდასხმა, რაც ასევე ნიშნავდა თავდასხმას უნივერსიტეტზე, სხვათა შორის, იმავე დღეს, როგორც კი ეს მოხდა, გავეცი პასუხი ამ ადამიანებს და ვთქვი, რომ ჩემი პირადი ტრაგედიის გამოყენება უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობაა და არა მარტო მე, მთელმა აკადემიურმა საზოგადოებამ გასცა ამას პასუხი.

ასეთი შეტევებით ჩვენ არ დავზიანდებით. არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მინდა, რომ მქონდეს გადაწყვეტილება, ოქმი და ამის შემდეგ აუცილებლად გავაგრძელებ სამართლებრივ და უმაღლესი სასწავლებლებისთვის დადგენილი აკრედიტაციის ფარგლებში ჩვენი უფლებების დაცვას.

გარდა იმისა, რომ გაოგნებულები ვართ, გაბრაზებულებიც ვართ ყველანი, რადგან ასე არ შეიძლება. ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა და ძალიან დიდი ძალისხმევით ვაშენებთ ინსტიტუციებისადმი ნდობას. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და იმ პროცესების მიმართ ნდობა, რასაც ეს ცენტრი ემსახურება.

  • საბჭოს წევრების მიმართ იმ დღესვე გაჩნდა კრიტიკული კითხვები საზოგადოების მხრიდან, წერდნენ, რომ მათ თავი შეირცხვინეს პროფესიულ წრეებში. ეს ადამიანები ხომ თავად წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტს. როგორ ფიქრობთ, რატომ უღირთ მათ პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობა?

ამიტომ ვამბობ, უნდა მივიღო ჯერ ეს დოკუმენტი, რომ ვთქვა, რა დგას ამის მიღმა.

  • პიროვნული თავდასხმის გარდა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან სულ იყო იმაზე საუბარი, რომ ილიაუნი „ნაცების“ თავშესაფარია, რომ იქ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით ინიშნებიან და მსგავსი ბრალდებები. შემდეგ კი კობახიძემ თქვა, რომ მხოლოდ ორი უნივერსიტეტია ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული – თსუ და KIU. არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება იმ უნივერსიტეტების დასუსტებას ცდილობს, სადაც მეტი თავისუფლება და კრიტიკული ხმა ისმის?

ამ ქვეყანაში არსებობს წვალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ ნაშენები ინსტიტუციები, რომლებიც წყვეტენ, რომელ უნივერსიტეტებს უნდა ჰქონდეთ ავტორიზაცია, ვინ უნდა იყოს მნიშვნელოვანი. ამისთვის კიდევ არსებობს საერთაშორისო რეიტინგები და არა ვიღაც პარტიის თავმჯდომარეები და დირექტორები.

ეს უნდა გადაწყვიტონ ინსტიტუციებმა, თუკი ისინი მოქმედებენ წესებით. როცა ისინი არღვევენ ამ წესებს, მათ ამისთვის მოეთხოვებათ პასუხი.

  • ჩვენ ვხედავთ, ივანიშვილის ხელისუფლება როგორ არყევს იმ ინსტიტუციების მიმართ ნდობას, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს. მათ შორის სასამართლო სისტემა მიტაცებულია. ასეთ პირობებში ვისი იმედი გაქვთ, ვინ იქნება თქვენი დასაყრდენი – სამეცნიერო საზოგადოება, საერთაშორისო ინსტიტუტები? რა არის თქვენი ძალა ამ შემთხვევაში, როგორც რექტორის?

საუნივერსიტეტო საზოგადოება საკმაოდ მტკიცე საზოგადოებაა. ილიაუნის არსებობის ისტორიაში მახსოვს რაღაც რყევები, მაგრამ საუნივერსიტეტო საზოგადოება არ ყოფილა დამარცხებული ამ რყევებში. საერთაშორისოდ გაზიარებული წესების ფარგლებში ვფუნქციონირებთ ჩვენ და ამის შეცვლა ასე მარტივი არ არის. ეს ამ შემთხვევამაც დაადასტურა.

მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან როცა მართალი ხარ, არ გეშინია.

ჩვენ გვერდით დგას მთელი საუნივერსიტეტო საზოგადოება, სტუდენტები და სიმართლე ჩვენს მხარესაა. ეს სიმართლე ასახულია ჩვენი თვითშეფასების ანგარიშში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნაში და შემდეგ პროცედურებში, რომლებიც საბჭომ დაარღვია და ამაში ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით.

10 სამუშაო დღეში უნდა გამოგვიგზავნონ წერილობითი შეფასება და ამის შემდეგ გავაგრძელებთ სამართლებრივ პროცესებს.

  • ბოლოს მაინც გკითხავთ, ორი წელია „ქართული ოცნების“ მხრიდან ვისმენთ ანტიდასავლურ, ანტიევროპულ რიტორიკას. ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ ხარისხის ეროვნულმა ცენტრმაც დაკარგოს სახე და გადააბიჯოს საერთაშორისო სტანდარტებს? 

გამორიცხულია. ეს ასე ვერაფრით ვერ იქნება.

ჩვენ ვითხოვთ მათ მიერ შეთანხმებული, ჩვენთან ერთად დადგენილი წესების მიხედვით ავტორიზაციის პროცესის გაყვანას.

ჩვენ სამართლებრივი ნორმებით დავიცავთ იმას, რაც ჩვენს დასკვნასა და თვითშეფასების ანგარიშში წერია.

________________

ამავე თემაზე:

ილიაუნს ავტორიზაციის პრობლემებს უქმნიან – „ოცნება“ ცდილობს უნივერსიტეტი დაატეროროს“

„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“ 1200 ლარის ოდენობის სტუდენტურ გრანტს გასცემს.

გრანტით სარგებლობა შეეძლებათ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ან აბიტურიენტებს, რომლებიც დასაქმდებიან 1 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ან უკვე მუშაობენ „ვენდისის“, „საბვეის“ და „დანკინის“ რესტორნების ქსელში.

„სტუდენტური გრანტი გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო მეტად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ჯგუფში დასაქმებულ სტუდენტებს, სადაც მათ,  სწავლის პარალელურად მუშაობისთვის, ყველა  საჭირო პირობა აქვთ: ხელსაყრელი ლოკაცია, მოქნილი სამუშაო გრაფიკი, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა და  სხვა მრავალი ბენეფიტი.  სტუდენტები, რომლებიც ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, მყარ საფუძველს ქმნიან არა მხოლოდ კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის მომავლისთვის, შესაბამისად მათი მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია“- აცხადებს გივი გვეტაძე, „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეი“- ის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში.

„ვისოლ ჯგუფი“ დღეს „საბვეის“, „ვენდისის“ და „დანკინის“ ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 121 რესტორნით, ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. წლის ბოლომდე ამერიკული რესტორნების რაოდენობა 130 მდე გაიზრდება. მხოლოდ სარესტორნო მიმართულებით „ვისოლ ჯგუფმა“ 2200-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს.

„ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ყველა მნიშვნელოვანი სიახლისა თუ საქმიანობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია აქტიურად ახორციელებს ან მომავალში განახორციელებს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ვფიქრობ არჩევნებში ჩართულ მხარეებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი და განახლებული ინფორმაცია არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ და გავცვალეთ მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ გასული შეხვედრებისას გამოთქმული მოსაზრებებისა და სადამკვირვებლო მისიების რეკომენდაციების უმრავლესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან გათვალისწინებულია. ამით ვადასტურებთ ჩვენს ღიაობას და ინკლუზიური პროცესის ხელშეწყობას იმისთვის, რომ ჩართულ მხარეებთან აქტიური და ინტენსიური კომუნიკაციით, ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი არჩევნების ჩატარება“, – აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან სხვადასხვა მიმართულებით გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ინფორმირების კამპანიისა და ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების შესახებ, რომელიც ასევე პასუხობს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციას საარჩევნო ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბით ტესტირების შესახებ.

შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა.

სამუშაო პლატფორმის ფარგლებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები პერიოდულად იმართება.

 

„საქართველო სტალინის წინააღმდეგ“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმში

სამშაბათს, 2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმში, „ბიბლუსის“ გალერეაში გაიმართება წიგნის – „საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ“ პრეზენტაცია.

წიგნის ავტორია ლაშა ბუღაძე, რედაქტორი – ირაკლი ხვადაგიანი. წიგნი „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“, იგივე „სოვლაბმა“ გამოსცა.

„საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ“ მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე, სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა. მისი იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როდესაც სტალინის ფიგურა რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში სულ უფრო თვალშისაცემი გახდა. წიგნი წარმოადგენს სოვლაბისა და მწერალ ლაშა ბუღაძის ერთობლივ ნამუშევარს.

წიგნი არ არის აკადემიური ნაშრომი, თუმცა, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მემუარი, სადაც ავტორები პირად გამოცდილებაზე ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა“ – წერია ღონისძიების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში წიგნის წარდგენასთან ერთად გაიმართება დისკუსია „სოვლაბის“ მკვლევრებთან.

დასწრება თავისუფალია.

ოქტომბერში რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26 და 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.

რკინიგზის განცხადებით, რეისების დამატების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადია.

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისი გამოვა ღამის 00:30 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გავა 00:40 საათზე.

წყარო: საქართველოს რკინიგზა

 

რუსეთმა ხერსონის ბაზარი დაბომბა – დაიღუპა 6 ადამიანი

დღეს, პირველ ოქტომბერს, დილით, რუსეთის ჯარებმა არტილერიით დაარტყა უკრაინაში, ქალაქ ხერსონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებასა და ქალაქის ერთ-ერთ ბაზარს.

ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე პროკუდინი Telegram-ზე წერს, რომ ოკუპანტები თავს დაესხნენ ხერსონის საცალო ვაჭრობის ობიექტებს, სადაც ხერსონის მცხოვრებები ყიდულობდნენ პროდუქტებს.

წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად ხერსონში დაიღუპა 6 ადამიანი, არიან დაშავებულები.

ინფორმაცია დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ზუსტდება.

_____________

ფოტო: უკრაინის ეროვნული პოლიცია/ტელეგრამი

 

ბათუმში ხალვაშის გამზირზე მოძრაობა 5 დღით შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შემოვლითი გზისა და ბათუმი-ანგისა ახალციხის ავტომაგისტრალის დაერთების სამუშაოების გამო ხალვაშის გამზირზე მოძრაობა რამდენიმე დღით შეიზღუდება.

„ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 [ხალვაშის გამზირი – ანგისის საავადმყოფოდან ე.წ. „მახოს ხიდამდე“] მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მსუბუქი ავტოტრანსპორტისა“ – აცხადებს დეპარტამენტი.

ამ პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჭოროხის ქუჩაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით.

____________

ფოტო არქივიდან: ბათუმის შემოვლითი გზისა და ხალვაშის ქუჩების დაერთება

ტემპერატურა იკლებს, აჭარაში ორი დღე ავდარი იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის 21 საათიდან 2 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, ჭექა-ქუხილი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ქარი შესაძლოა გაძლიერდეს წამში 22 მეტრამდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 3-4 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 654 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370]
  • ტანკი – 8 883 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 17 547 ერთეული [+44]
  • საარტილერიო სისტემა – 18 855 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 204 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 963 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 322 ერთეული [+98]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 621 ერთეული [+73]
  • სპეცტექნიკა – 3 314 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 558 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 579 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 468 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 450 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 765 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ

„შეუძლებელია არჩევნების გაყალბების გარეშე „ოცნებამ“ არჩევნები მოიგოს. არჩევნების გაყალბებაც ვერ უშველით, რადგან ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას,“ – ამბობს რომან გოცირიძე, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი და ეკონომისტი.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მმართველი პოლიტიკური ძალა არჩევნებს გააყალბებს და ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, „ოცნება“ ვერ დარჩება ხელისუფლებაში, რადგან ხალხი ამის უფლებას არ მისცემს.

გთავაზობთ ინტერვიუს რომან გოცირიძესთან.

  • ბატონო რომან, რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ ?

შექმნილი ვითარება, გეოპოლიტიკური გარემო, რუსეთის უკრაინაში აგრესია, აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლების პირდაპირ მოღალატეობრივი ქცევა, რუსეთის მეგობარ ქვეყნებში ჩაწერა – იცით, რომ რუსეთმა გამოაქვეყნა არამეგობრული ქვეყნების სია და მათ შორის არაა საქართველო.

ბოლო პერიოდის საშინელი განცხადებები, რომ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, მაგრამ თავიდანვე ჩანდა, რომ ბოდიში უნდა მოგვეხადა რუსეთისთვის. ამას დამატებული წარუმატებლობა ყველა მიმართულებით, ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების მცდელობა რუსული კანონის სახით. ამ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს მნიშვნელოვანი გაყალბების გარეშე.

ერთადერთი, რაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება დახმარებოდა, ეს იყო ოპოზიციის დაქუცმაცებული გასვლა არჩევნებში, მაგრამ ოპოზიციამ გამოიჩინა კეთილგონიერება და გარდა ერთი-ორი ახირებული პარტიისა, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან გარეთ (1 %-ზე მეტს აიღებენ), ყველამ შეძლო 4 მსხვილ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანება.

სამწუხაროდ, მეორე მაშველი რგოლი „ოცნებისთვის“ არის წარმატებული პროპაგანდა ომთან დაკავშირებით. დღეისათვის ყურებადი არხი „იმედია“, მოგვწონს თუ არა ეს. შემდეგ მოდის სხვა სამთავრობო არხები – „რუსთავი 2“, „პოსტივი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. ამ პროპაგანდას ვერაფერი დაუპირისპირა ოპოზიციამ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ოპოზიციური არხები, ეს თემა ვერ გადატეხეს პატარა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში. დიდი ქალაქები ოპოზიციურია, მაგრამ პატარა ქალაქებში პროპაგანდა მძლავრობს.

ყველა დიდ ქალაქში წააგო პროპორციული არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ და შემდეგ მანიპულაციებით მიიწერა გამარჯვება. ახლა გაცილებით დიდი იქნება ოპოზიციის უპირატესობა მსხვილ ქალაქებში. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა ლოგიკით უნდა წააგოს, მიუხედავად ამ ომის საფრხის პედალირებისა, იმდენი დანაშაული და შეცდომა აქვთ ჩადენილ-დაშვებული.

დღეს რომ „ოცნებამ“ მოიგოს არჩევნები, კატასტროფა იქნება, პირდაპირ რუსეთს მიგვიერთებენ.

  • რას ეტყოდით იმ ამომრჩეველს, რომელიც არ აძლევს ხმას „ოცნებას“, ევროკავშირში გაწევრიანება მისთვის პრიორიტეტია, თუმცა აქვს შიში, რომ მაინც „ოცნება დარჩება“, რადგან გააყალბებს?

„ქართული ოცნება“ აყალბებდა ყველა არჩევნებს, მაგრამ „ოცნებას“ ყველა მოგებული არჩევნები არ მოუგია გაყალბების გამო.

„ქართულმა ოცნებამ“ მოიგო ყველა წინა არჩევნები, გვინდა თუ არა ამის აღიარება. ოღონდ გააჩნია გაყალბების ხარისხს და რა უპირატესობას აძლევდა გაყალბებით დამატებული მანდატები.

ისმის კითხვა, თუ გაყალბებული იყო არჩევნები, რატომ არ მოჰყვა მას მასობრივი პროტესტი? მოჰყვა ისეთი პროტესტი, რომელიც სწრაფად ჩაცხრა. ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე, ამომრჩეველზე. ამომრჩეველი ყოველთვის გრძნობს, სად მოუვიდა ზედმეტი ხელისუფლებას.

ამომრჩეველი აუცილებლად იგრძნობს, რომ არჩევნები მოგებული იქნა გაყალბების ხარჯზე. ანუ გაყალბების ზომამ მიაღწია ისეთ მასშტაბს, რომელმაც ხელისუფლების არ დათმობა გამოიწვია და რომ არა გაყალბება, მოიგებდა ოპოზიცია. ამას ამომრჩეველი ორგანულად გრძნობს და ამ მომენტში იფეთქებს.

წინა წლებში, რამდენი მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას პროტესტზე, ამ აქციებზე მოდიოდა ოპოზიციის მოყვანილი ხალხი. მთავარი ბარომეტრი ის არის, რომ თბილისი მილიონიანი ქალაქია. პროტესტზე ნაწილი მაინც უნდა გამოდიოდეს. მაგალითად, როგორც მოხდა რუსული კანონის დროს, როდესაც პარტიების როლი იყო უმცირესი და 90 % აქციაზე მიმსვლელი იყო გულწრფელად აღშფოთებული ადამიანი. იქ იყო ევროპული მომავლის წართმევის საფრთხის გამო გამოხატული გულწრფელი პროტესტი.

  • რა შემთხვევაში არ შერჩება „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება?

იმ შემთხვევაში, თუ გაყალბებით ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში და არა ის ვარიანტი, რაც დღემდე ხდებოდა – გაყალბებით მეტ მანდატებს იღებდნენ, მაგრამ გაყალბების გარეშეც იგებდნენ არჩევნებს.

მაგრამ თუ ხელისუფლებაში დარჩენის ფაქტორი გახდა გაყალბება, მაშინ, რა თქმა უნდა, ხალხი გამოვა და გადათელავს ამ ხელისუფლებას.

მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო დამკვირვებლების როლი. როგორი სიტყვებით შეაფასებენ ისინი არჩევნებს.

შეაფასებენ ასე – „არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, მაგრამ არსებითად შედეგზე გავლენა არ მოუხდენია“ ან მეორე, რაც დაიწერა შევარდნაძის არჩევნების დროს, რომელმაც ვარდების რევოლუცია გამოიწვია. შევარდნაძის არჩევნები არ ჩათვალეს ლეგიტიმურად, ისე, როგორც არ ითვლება ლეგიტიმურად ბელარუსის და რუსეთის არჩევნები. უდიდესი მნიშვნელობა ექნება მათ მიერ დაწერილი შეფასების ფორმულირებას.

  • ყველაზე მეტი ხმა „ოცნებამ“ მიიღო 2012 წელს -1 181 862-მა (54,97 %) ადამიანმა დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ ყველა არჩევნებზე კარგავდა ამომრჩეველს. მაგალითად, 928 004-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა 2020 წელს, ხოლო 824 755 ხმა მიიღო 2021 წელს. 2024 წლის არჩევნებზე წინა არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და ასევე იმის, თუ როგორ დააზიანა მმართველმა პარტიამ ქვეყნის ევროპული მომავალი, რა შედეგი შეიძლება დადოს „ოცნებამ?“

2012 წლიდან 2024 წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდა აქ ხმის მიმცემი ამომრჩევლის რიცხვი. ეს ადამიანები წავიდნენ უცხოეთში, ასეულ ათასობით. მათი უდიდესი ნაწილი უკმაყოფილო ხალხია და შეგვიძლია ოპოზიციის მომხრედ მივიჩნიოთ. ამან დაასხა „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალი. ვინაიდან, უცხოეთში წასული ჩვენი მოქალაქეებიდან 2020 წლის არჩევნებში მხოლოდ 12 ათასმა მიიღო მონაწილეობა ანუ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ემიგრანტების მხოლოდ 1%-მა.

დანარჩენი ხალხი სადაა? ეს ხალხი არის საარჩევნო სიაში, მაგრამ არჩევნებში მოდის 2 მილიონი და რეალურად არის 3,6 მილიონი. სად არის ეს მილიონ ექვსასი ათასი?

მხოლოდ 2023 წელს საქართველოდან გავიდა 164 ათასი ადამიანი. ეს ხომ ამომრჩეველია? ეს არის სამუშაო ძალა, რომელიც დაკარგა საქართველომ და აშშ-ში გადავიდა, ან მექსიკის საზღვრით, ან ევროპაში დარჩა არალეგალურად.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 2012-2023 წლებში 800 ათასმა ჩვენმა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. აქედან უცხოეთში დარჩა  316 500-ით მეტი მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. შედარებისთვის, კახეთის მოსახლეობა არის 303 ათასი. ფაქტობრივად ერთი კახეთი დავკარგეთ ამათი მმართველობის დროს.

„ოცნებას“ აწყობს, რომ უმუშევრები და ოპოზიციურად განწყობილები წავიდნენ. ამასთან, ამ ადამიანებს არ უხსნიან საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ.

გაცილებით პატარაა მოლდოვა საქართველოსთან შედარებით და მოლდოვამ უცხოეთში 228 საარჩევნო უბანი გახსნა, ხოლო საქართველოს გახსნილი აქვს 60 უბანი, ოთხჯერ ნაკლები, მაშინ როცა ჩვენი მოსახლეობა მეტია, ვიდრე მოლდოვის. რეალურად „ოცნების“ ინტერესია ქვეყანა დაიცალოს, რადგან უკმაყოფილო ხალხი ტოვებს ქვეყანას.

  • თქვენი ვარაუდით და წინა არჩევნებზე დაკვირვებით, გაყალბების გარეშე რა შედეგის მიღება შეუძლია „ოცნებას?“

რეალური არის ის, რომ წარმოუდგენელია ამ ვითარებაში მოიგონ, მიუხედავად იმისა, რომ მათზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი – ომი და ომის საფრთხის პროპაგანდა, 800 ათასამდე ჩვენი მოქალაქის უცხოეთში წასვლა, რომელთა დიდი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი და რომელთაც ხმის მიცემის უფლება წაართვეს, რადგან უბნებს არ უხსნიან. და, რა თქმა უნდა, მაღალი საარჩევნო ბარიერი.

მაგრამ არსებული განწყობილებით და საერთაშორისო კლიმატით, ეს ფაქტორებიც კი ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“. ანუ მათი მაშველი არის გაყალბება. გაყალბების გარეშე „ქართული ოცნება“ არჩევნებს ვერ მოიგებს. შექმნილ ვითარებაში არ არის საკმარისი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მაშველი რგოლებით ისარგებლოს.

  • წინა მოწვევის პარლამენტში „ოცნებას“ ჰყავდა 30 მაჟორიტარი. ახლა ეს გარანტირებული მანდატები გამოეცალა. რა შანსს აძლევს ეს ფაქტორი ოპოზიციას, მეტი ხმა მიიღოს?

რა შეიცვალა 2020 წელთან შედარებით ოპოზიციის სასარგებლოდ? ორი რამ – ერთი ის, რომ პირდაპირ ღალატის გზას დაადგა „ქართული ოცნება“, იმ წარმოუდგენელი ნაბიჯებით, რაც გადადგა დასავლეთის წინააღმდეგ, ამასთან რუსეთს მხარი დაუჭირა და მეორე, 30 მაჟორიტარის, ფეოდალური სისტემის გაუქმება. ეს არის მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ დარჩეს ხელისუფლებაში.

  • 5 %-იანი ბარიერი რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგებზე?

ეს არის ძალიან მძიმე ბარიერი. ორი პარტია, რომელიც 1 %-ზე მეტს აიღებს და პირობითად ახირებულები ვუწოდოთ, ესენი არცერთ ბლოკში არ შევიდნენ და ამ პარტიების ხმები ოპოზიციისთვის პირდაპირ დაკარგულია. არჩევნების შემდეგ ამ ხმებს გადაინაწილებს „ოცნება“ და ოპოზიცია. მაგრამ ეს უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ის, რომ ესენი რომელიმე ბლოკში შესულიყვნენ.

  • რამდენიმე დღის წინ დაწერეთ, რომ „არ ყოფილა საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის შემთხვევაში ოთხ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტს დაეძლიოს ბარიერი“. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ 4 ოპოზიციური კოალიციიდან ერთი მაინც ბარიერს მიღმა დარჩება?

საქართველოს არჩევნების ისტორიაში, მაღალი ბარიერის პირობებში როცა ჩატარდა არჩევნები და ასეთი არჩევნები იყო 7, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ ბლოკს გადაელახოს ბარიერი. უფრო მეტიც, სულ ორჯერ მოხდა, რომ სამი ოპოზიციური ბლოკი შევიდა პარლამენტში. უფრო ჩვეულებრივი სქემა იყო, იმარჯვებდა ერთი პარტია, რომელიც სახელისუფლებო ხდებოდა და მეორე, რომელიც ოპოზიციაში აღმოჩნდებოდა. ბევრჯერ ყოფილა, როცა მხოლოდ ორი სუბიექტით იყო პარლამენტში პოლიტიკური ძალები წარმოდგენილი.

ამიტომ ოთხი ოპოზიციური ბლოკის შემთხვევაში არის რისკი, რომ ერთი რომელიღაცა პარლამენტს გარეთ დარჩეს. ეს ნიშნავს, ამ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას.

დიდი ალბათობით, ყველა ოპოზიციური ბლოკი გადალახავს ბარიერს, მაგრამ ფაქტია, რომ რისკები არსებობს.

ბარიერი ძალიან სარისკოა, თუმცა ოპოზიციამ მაინც მოახერხა, იმ რაოდენობით მოეზიდა პოლიტიკური პარტიები, რომ რისკი მინიმუმამდე დასულიყო.

  • თქვენი აზრით, რამდენად აქვთ ეს რისკები გაცნობიერებული ამ ოპოზიციურ დაჯგუფებებს და რისი გაკეთება შეიძლება ამ რისკების დასაზღვევად?   

ეს ყველამ  ძალიან კარგად იცის. ამ რისკების დასაზღვევად იყო ყველას სურვილი, რომ გაერთიანებულიყო „ლელო“ და გახარიას პარტია, მაგრამ ძალიან გვიან დაიწყო პროცესი. ტექნიკურად, სამართლებრივად, პოლიტიკურად, ფინანსურად თუნდაც როცა ამდენია დახარჯული ამა თუ იმ ბლოკის ნომრის ცნობადობის ასამაღლებლად, ეს იყო შეუძლებელი.

გაერთიანებაზე მოლაპარაკებები თუნდაც ერთი თვით ადრე რომ დაწყებულიყო, მეტი დრო რჩებოდა მოლაპარაკებებისთვის. ამიტომ ახლა რომელიმე მხარის დადანაშაულება არ იქნება სწორი.

  • ყველა პოლიტიკური მიმომხილველი ამბობს, რომ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში „ოცნება“ საქართველოს გადააქცევს იზოლირებულ, ღარიბ, რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყნად. თქვენი აზრით, რამდენად აქვს ეს ამბავი გათავისებული რიგით ამომრჩეველს?  

სამწუხაროდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის რისკები არ აქვს გაცნობიერებული ყველას, თუ რამდენად ცუდი შეიძლება ეს იყოს. „ოცნების“ დარჩენა  იქნება საერთაშორისო იზოლაციის დასაწყისი.

ყველა საერთაშორისო დახმარება შეწყდება. მაგალითად, 800 მილიონი დოლარი ჩაგვირიცხა სავალუტო ფონდმა, რომ ლარი არ განადგურებულიყო. ამის მეშვეობით შეინარჩუნა ლარმა მდგრადობა. მსგავსი რამ არასდროს მოხდება იზოლირებულ ქვეყანაში. მათ შორის შეჩერდება ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა.

იზოლირებულ ქვეყანაში ძალიან გართულდება გზების და გვირაბების გაყვანა. უვიზო მიმოსვლა გაჩერდება. ფაქტობრივად, საქართველოს მოქალაქე ვიზას ვერ მიიღებს. წინათ კი იყო დიდი რიგები ვიზებზე, თვეობით, მაგრამ ის რიგები საოცნებო გაგვიხდება. ვინაიდან ნებისმიერი განაცხადი ვიზის მიღებაზე ამ ქვეყნების საკონსულოების მიერ იქნება აღქმული როგორც იქ დარჩენა და უკან არ დაბრუნება.

ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა და რუსეთი მძლავრად შემოაბიჯებს საქართველოში.

რატომ დაშალეს ძენწმანის მეჩეთი, რომელსაც ძეგლის სტატუსი აქვს

ქედაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძენწმანის მეჩეთი დაშალეს. ეს მეჩეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ნაწილია.

ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტები გაძვირდა. მეჩეთების რეაბილიტაციის სატენდერო თანხა 650 ათას ლარს შეადგენს.

ადგილი, სადაც ძენწმანის მეჩეთი იდგა

„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, სოფიო სანიკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, ძეგლის სრული დემონტაჟი იყო თუ არა შეთანხმებული სააგენტოსთან, როგორ მოხერხდება ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნება, დაახლოებით რა ვადაში უნდა აღადგინონ ძეგლი, როგორ არის შესაძლებელი ძეგლის ორნამენტების, მოჩუქურთმებული მოაჯირისა და სვეტების შენარჩუნება და ა.შ.

სოფიო სანიკიძე ამბობს, რომ ადგილზე მიმდინარე სამუშოები ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეესაბამება.

„ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების სრული რესტავრაცია იგეგმება პირვანდელი სახით.

მე-19 საუკუნის ბოლოსაა ეს მეჩეთები აშენებული და დამპალია ფაქტობრივად. ვიყავით და ყველაფერი ვნახეთ. ინტერიერის რაღაც ნაწილები დაკარგულია, ჩამოცვენილი, ჩამოშლილი, რაღაც ნაწილები არის საღი.

დაშლილი ნაწილები დაინომრა, რა თქმა უნდა, რესტავრატორების მეთვალყურეობით. გადატანილია ეს ნაწილები გურიაში, სოფელ ზოდში, სადაც გაიწმინდება, დაზიანებული ნაწილები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით… გაცილებით ადრე, წლების წინ უნდა მომხდარიყო ამ მეჩეთების რესტავრირება. ძალიან დაზიანებულია“ – ამბობს სოფიო სანიკიძე.

მისი თქმით, რესტავრაციის პროცესში ჩართულები არიან სპეციალისტები და მეჩეთის დაკარგული ნაწილები ნიმუშის მიხედვით აღდგება. სოფიო სანიკიძის თქმით, მეჩეთი პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს:

„თუ პირვანდელი სახე არ ექნა, მაშინ ის დაკარგავს ძეგლის ღირებულებებს. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე არ იქნება. პროექტის მიხედვით რესტავრირდება და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური პერიოდულად განახორციელებს ზედამხედველობას. როგორც კი დაიწყება დეკორატიული ელემენტების რესტავრირება, იქ უკვე ჩაერთვება ჩვენი რესტავრატორი და თავიდან ბოლომდე გააკონტროლებს ყველაფერს“.

ძენწმანის დაშლილი მეჩეთი

სოფიო სანიკიძეს ვკითხეთ, დაშლილი მეჩეთის კიდევ უფრო დაზიანების საფრთხე ხომ არ არის, რადგან ხის ფიცრები ღია ცის ქვეშ სველდება.

„ნელ-ნელა ხდება ამ ნაწილების გადატანა. ყველა ნაწილი უნდა იყოს გადატანილი. …იმ დღესაც წვიმდა სხვათა შორის და შევწუხდით, რადგან [წვიმა] ესხმებოდა და მართალი ხართ, ისედაც დამპალს რომ დაასხამ წყალს, ხომ სულ გაფუჭდება. ამიტომ მოვითხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად, მნიშვნელოვანი, ფასეული ნაწილები გადაიტანონ პირველ რიგში”.

ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით 2025 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, თვითმმართველობის არჩევნების წინ.

სპეციალისტების შეფასებით, ძენწმანის მეჩეთი განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი ავთენტურობის ხარისხით იქცევს. ის მე-19 საუკუნეში, სავარაუდოდ, პირველ ნახევარშია აგებული და უცვლელი სახითაა შემორჩენილი. მეჩეთს აქვს უნიკალური მხატვრული გაფორმება.

შენობისთვის გამოყენებულია ხე და ქვა, სახურავად კი – კრამიტი.

ძენწმანის მეჩეთი დემონტაჟამდე

კრეატიული კემპი ბიზნესებისთვის დიზაინ ინსტიტუტისგან

თიბისი ბიზნესისა და დიზაინ ინსტიტუტის ინიციატივით, 4 და 5 ოქტომბერს ჩატარდება შემოქმედებით კემპი, რომელიც არის ინტენსიური პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის. კურსი ბიზნესის წარმომადგენლებს დაეხმარება ბიზნესის სტრატეგიის და შემოქმედებითი რესურსების მართვაში.

შემოქმედებით კემპს გაუძღვებიან:

  • კოკა ქამუშაძე
  • ნიკუშა ანთაძე
  • ეკა ბაბუნაშვილი
  • ბეკი ფანცხავა
  • ნინო ეგაძე
  • გიორგი ქვლივიძე

კურსი ჩატარდება ფიზიკურად, 4 და 5 ოქტომბერს, 10:00 დან 16:30 საათამდე დიზაინ ინსტიტუტში.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული – მიზეზი და რეკომენდაციები

დღეს, 30 სექტემბერს, ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 30 სექტემბრიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.“

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში მტვრის შემცველობის მაჩვენებელი დილით გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე დღის პირველი საათისთვის.

ავტომატური სადგურების მიერ ბათუმში 30 სექტემბერს ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] შემცველობის შემდეგი მაჩვენებლები დაფიქსირდა: „ცუდი“ და „დამაკმაყოფილებელი“,

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე მოცემულია ჯანდაცვითი რეკომენდაციებიც.

ამ რეკომენდაციების მიხედვით:

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „ცუდი“, ამ შემთხვევაში:

„ყველამ შეიძლება განიცადოს ზემოქმედება ჯანმრთელობაზე; ხოლო, სენსიტიური ჯგუფების წევრები შესაძლებელია განიცდიდნენ უფრო სერიოზულ ზემოქმედებას, ვიდრე მოსახლეობა ზოგადად;

შემდეგმა ჯგუფებმა თავი უნდა აარიდონ გახანგრძლივებულ ან დატვირთულ გარე ფიზიკურ აქტივობას: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები;

ყველა დანარჩენმა უნდა შეამციროს გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა.“

  • თუ ჰაერში მტვრის ნაწილაკების შემცველობა არის „დამაკმაყოფილებელი“, ამ შემთხვევაში:

„ჰაერის დაბინძურებისადმი სენსიტიური ჯგუფები შესაძლებელია განიცდიდნენ ზემოქმედებას ჯანმრთელობაზე. თუმცა მთელი მოსახლეობისათვის მავნე ზეგავლენა მოსალოდნელი არ არის.

შემდეგმა ჯგუფებმა უნდა შეამცირონ გახანგრძლივებული ან დატვირთული გარე ფიზიკური აქტივობა: გულის ან ფილტვის დაავადებების მქონე პირები ბავშვები და ხანდაზმულები“.

„ტრანსასაზღვრო დაბინძურების“ გარდა აღნიშნული ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელი, დიზელის ძრავები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

მტვრის ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე:

თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

ამავე თემაზე:

ხვალ საქართველოში გაავდრდება – გარემოს ეროვნული სააგენტო

 

 

Exit mobile version