ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სახიფათო პლაჟი – რატომ არ გააქვთ ხრეში ბათუმის კონცხიდან

15.09.2024 •
სახიფათო პლაჟი – რატომ არ გააქვთ ხრეში ბათუმის კონცხიდან

ბათუმის კონცხთან პლაჟის უსაფრთხოებისთვის ჭარბი ნატანის ამოღება და გატანაა აუცილებელი, რის შესახებაც აჭარის გარემოს დაცვის სამმართველო ერთი წელია დოკუმენტებს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ათანხმებს.

ჭარბი ნატანის კონცხიდან ამოღებისა და მახინჯაურის სანაპიროსთან ჩაყრის პროექტთან დაკავშირებით სკრინინგის განცხადებით სამმართველომ სააგენტოს 2023 წლის ოქტომბერში მიმართა, თუმცა იმავე წლის დეკემბერში შეწყვიტეს – „ტექნიკური საკითხების დაზუსტების გამო“. ამის შემდეგ ხელახლა წარდგენილი განცხადება კი სააგენტომ დაახარვეზა.

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს. ამას შესაძლოა კატასტროფული შედეგიც კი მოჰყვეს. ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი [თუმცა ეს მოხდა იმ დროს, როცა პლაჟზე არავინ იმყოფებოდა].

აჭარის გარემოს სამმართველომ გარემოს ეროვნულ სააგენტოს ხელახალი [განახლებული] განცხადებით 2024 წლის 4 სექტემბერს მიმართა.

განცხადებას თან ახლავს „ჰიდრობიოლოგიური და იქთიოლოგიური კვლევის ანგარიშიც“, რომელიც სააგენტომ მოითხოვა.

ამ ანგარიშის მიხედვით „ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან [დაგროვილი ჭარბის აკუმულაციური უბნებიდან] მასალის ამოღებას და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე განთავსების პროექტის ფარგლებში, შესწავლილია შავი ზღვის იქთიოფაუნა და ფსკერული ჰიდრობიონტები რაზე დაყრდნობითაც მომზადდა შემდეგი დასკვნები:

  • ლიტერატურულ და საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ბათუმის და მახინჯაურის საპროექტო მონაკვეთებში გავრცელებული იქთიოფაუნა მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და უმეტესად წარმოდგენილია სეზონურად მიგრირებადი სახეობებით. წარმოდგენილი თეზების სახეობები დაცული არ არის საქართველოს წითელი ნუსხით; შესაბამისად, კრიტიკული მნიშვნელობის ჰაბიტატები არ ფიქსირდება;
  • საპროექტო ლოკაციაზე წყალქვეშა ფერდის და ფსკერული მასის მუდმივი აკუმულაციის გამო ჰაბიტატი საკმაოდ ღარიბია ფსკერული ჰიდრობიონტებით; რაც იქთიოფაუნის მუდმივი სამყოფელის არარსებობაზე მიგვანიშნებს.
  • წარმოდგენილ ჰაბიტატში ფსკერული ჰიდრობიონტების და იქთოფაუნის მუდმივი საცხოვრისი არ გვხვდება; ლოკაცია მნიშვნელოვანი საკონსერვაციო ღირებულების არ არის და საპროექტო საქმიანობით ზემოქმედებას ადგილი ფაქტობრივად არ ექნება.
  • მახინჯაურის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების თანახმად, ჰიდრობიონტების რიცხოვნობა და ბიომასა მხოლოდ „მახინჯაური 1“ სადგურზეა შედარებით მრავლად წარმოდგენილი. „მახინჯაური 2“  და „მახინჯაური 3“ სადგურებში აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და ფაქტობრივად ჰიდრობიონტებით ღარიბი ჰაბიტატებია.
  • ფონური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბენთოფაუნაზე, იქთიოფაუნასა და შავი ზღვის ძუძუმწოვრებზე ზემოქმედების მასშტაბი მნიშვნელოვანი არ არის. დაგეგმილი საქმიანობის შედეგად, ზიანის მასშტაბი შესაძლოა უმნიშვნელოდ შეფასდეს;
  • შავ ზღვაში საკვლევი მონაკვეთების ბიომრავალფეროვნების ფონური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჰიდრობიონტებზე პრევენციული ღონისძიებების შემუშავება რეკომენდებულად არ იქნა მიჩნეული.“

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სკრინინგის პროცედურა განაახლა. სააგენტომ უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა კონცხიდან ჭარბი ხრეშის ამოღებას და მახინჯაურთან ისევ ზღვაში ჩაყრას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] ანგარიშის მომზადება. სამუშაოების დაწყება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდობიდან, გასული წლის მონაცემების მიხედვით, ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი იყო ამოსაღები. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროზე დაყრას კი, წინასწარი გათვლებით 3,5 მილიონი ლარი სჭირდებოდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ბათუმის კონცხის სახიფათო ადგილებიდან ხრეშის გატანას 6 თვე დასჭირდება

 

მთავარი ფოტო: პლაჟი ბათუმის კონცხთან / „ბათუმელების“ არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: