ბათუმი,მთავარი,სიახლეები

100 ტონა მარილი ბათუმის ქუჩებში – თოვლისგან გზების გასაწმენდად 224 ათასი ლარია ქალაქის ბიუჯეტში

21.02.2025 •
100 ტონა მარილი ბათუმის ქუჩებში – თოვლისგან გზების გასაწმენდად 224 ათასი ლარია ქალაქის ბიუჯეტში

ბათუმში დღეს, 21 თებერვალს დილიდან თოვს. თოვლის საფარმა ქალაქის ქუჩებში გადაადგილების პრობლემა უკვე შექმნა.

სინოპტიკოსების პროგნოზით ბათუმში თოვა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, ამასთან, სანაპირო ზოლში ღამით 1-5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზის გაწმენდის სამუშაოები წუხელ ღამით დაიწყო და გრძელდება.

„მერიის ყველა სამსახური არის მობილიზებული და საჭიროებისამებრ ჩართულია სამუშაოებში. მათ შორის უკვე გაწმენდილ გზის მონაკვეთებზე იყრება ტექნიკური მარილიც,“ – გვითხრეს ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს ცხელ ხაზზე.

კონკრეტულად რომელ ქუჩებზეა დაგეგმილი მარილის დაყრა, ეს ინფორმაცია ცხელ ხაზზე ვერ მივიღეთ.

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 21.02.2025

ბათუმის მერიას 2025 წლისთვის „ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდისა და მოყინვის საწინააღმდეგო სამუშოებისთვის“ ჯამში 224 ათას 420 ლარი აქვს გათვალისწინებული ქალაქის ბიუჯეტიდან. შესაბამისი ხელშეკრულება კი თავად მერიისვე შპს „სანდასუფთავებასთან“ აქვს გაფორმებული 2024 წლის 27 დეკემბერს.

ამ ხელშეკრულების მიხედვით „სანდასუფთავებამ“ შემდეგი სამუშაოები უნდა შეასრულოს:

  • მოყინვის საწინააღმდეგო სამუშაოები – მთლიანობაში 100 ტონა მარილის დაყრა ქალაქის ქუჩებში, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან ჯამში 75 ათასი ლარი დაიხარჯება [1 ტონა მარილის დაყრაში – 750 ლარი];
  • თოვლის წმენდა დანიანი სპეცმანქანით ან ბულდოზერით – მთლიანობაში 1 100 საათი [ჯამში 132 ათასი ლარი; 120 ლარი – 1 საათში];
  • თოვლის წმენდა გრეიდერით – სულ 100 საათი [ჯამში 17 ათას 420 ლარი; 174,2 ლარი 1 საათი].

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, „სანდასუფთავებამ“ 2025 წლის განმავლობაში სხვა სამუშაოებიც უნდა შეასრულოს, მათ შორის „ქალაქის ქუჩების, პარკების, მოედნების დასუფთავება, მორწყვა-მორეცხვა, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქალაქში მოძრაობის აღკვეთის მომსახურება“. ჯამში კი, ხელშეკრულება 13 მილიონ 44 ათას 990 ლარზეა გაფორმებული [ამაში შედის ქუჩების თოვლისგან გაწმენდა და მარილის დაყრაც].

„მოქალაქეებს შეუძლიათ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს დაუკავშირდეს მათ ვებგვერდზე მითითებულ ცხელ ხაზზე“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ინფორმაციისთვის:

  • ბათუმის მერიის ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად მობილურზე აკრიფეთ: 0 800 000 810
  • შპს „სანდასუფთავების“ დისპეჩერია – მობ.: 577 495 959
  • ბათუმის კეთილმოწყობის სამსახურის ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად კი, მობილურზე აკრიფეთ: 0422 24 64 02

ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 21.02.2025

ამავე თემაზე:

ძლიერი ქარი და თოვაა მოსალოდნელი აჭარაში და ზღვის სანაპირო ზოლში – სააგენტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: