ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელი ხიდი, გარკვეულ მონაკვეთში გადახსნილია.
ხიდი ფოლადისა და რკინა-ბეტონისგან შედგება. ერთ მონაკვეთზე სწორედ ბეტონებს შორის არსებულ ფოლადის გადაბმებში ხიდი გადახსნილია.
ფოლადის გადაბმებს შორის დაშორება საკმაოდ დიდია და ეს ერთი შეხედვითაც ჩანს.
იმ ნაწილში, სადაც ფოლადის კბილანები დაშორებულია ერთმანეთს, ადვილად შესამჩნევია ხიდის ქვემოთა ნაწილიც.
ხიდზე ავტომანქანები გადაადგილდებიან, ანუ მოძრაობა არ არის შეფერხებული, თუმცა ის, რომ ხიდი დაზიანებულია, ამის შესახებ არსად არ არის მინიშნება.

გონიოს ხიდი ერთ-ერთ მონაკვეთზეა შუაზე გახსნილი.
ხიდის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არსად არ არის განთავსებული.
ფოტო: ბათუმლები/როინ გუნდაძე

ხიდზე ფოლადის კბილანები ასე უნდა იყოს შეერთებული, თუმცა გარკვეულ მონაკვეთზე ეს მთლიანობა დარღვეულია.
ფოტო: ბათუმელები/როინ გუნდაძე
„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს და ჰკითხა, აქვს თუ არა ინფორმაცია ხიდის დაზიანების თაობაზე და რა კონკრეტული ღონისძიებები მიმდინარეობს ამ დაზიანების აღმოსაფხვრელად?
„როგორც ჩვენმა სპეციალისტებმა მითხრეს, ხიდი არ არის დაზიანებული. ეს ხიდის სადეფორმაციო ნაკერია და ხან გაწეულია და ხან შეერთებული.
ამ შემთხვევაში არ არის დაზიანებული, ხიდის დრეკადობისთვის და მეტი გამძლეობისთვის არის ნაკერი მოძრავი“-გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

გონიოს ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი გადახსნილია.
ხიდზე არ არის შეჩერებული ავტომობილების მოძრაობა.
ფოტო: ბათუმელები/როინ გუნდაძე
საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ხიდი ფოლადის და რკინა-ბეტონისგან შედგება და მდინარე ჭოროხზე, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 112-ე კმ-ზე მდებარეობს.
ხიდის სიგრძე 450 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 11,5 მეტრი.
ხიდი 1989 წელს აიგო და მისი რეაბილიტაცია 2013-2014 წლებში განხორციელდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ზიმო“ ასრულებდა, თუმცა რეაბილიტაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობდა.
აღნიშნულ წლებში, გონიოს ხიდის აღდგენისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 2 მილიონ 399 ათას 573 ლარი უნდა დახარჯულიყო.
იხილეთ ვიდეო:






