„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაგონში.
„შუქიც არ აქვთ, ერთ მოხუცს ძველი მობილური ტელეფონი მოუძებნია და იქიდან დაგვირეკა მოხალისეებს, გვიშველეთო. ამ ორ ოჯახში ორი მოხუცია, სხვებთან მივიტანეთ საკვებიც და მედიკამენტებიც.
ამ მოხუცებისთვისაც გამზადებული გვაქვს მედიკამენტები, მაგრამ ვერ ვახერხებთ გადაადგილებას,“ – ამბობს ვაკო ხუნდაძე.
გურიაში ერთი კვირაა დიდთოვლობაა. ჩაკეტილია არაერთი სოფელი. თოვლის საფარის სიმაღლე რიგ სოფლებში ორ მეტრზე მეტია.
გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას.
ტექსტში ასევე ნათქვამია:
„როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ასევე საქართველოს სხვა უწყებებთან.
ამავდროულად BMBF-ი ღიაა დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესახებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ.
გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება და კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ უფლებას აკადემიური თავისუფლების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ, რაც საქართველოსთვის, როგორც გაეროს წევრისთვის, ვალდებულებას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ დიალოგი მეცნიერებსა და კვლევაში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოებრივ სტრუქტურებთან საქართველოში და მხარი დავუჭიროთ ევროპასთან დაახლოებას.
დარწმუნებულები ვართ, რომ სტუდენტების გაცვლა საქართველოსა და გერმანიას შორის არის მნიშვნელოვანი წვლილი ევროპასთან დაახლოებაში, ამიტომ ეს გაცვლა გაგრძელდება.
ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ კვლევისა და კავშირების შესაძლებლობები გერმანელ მეცნიერებსა და მათ ქართველ პარტნიორებს შორის. პროექტებისა და ინდივიდუალური დაფინანსება კვლავაც გაგრძელდება. ამით ჩვენ ასევე ვუგზავნით სიგნალს იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ევროპულ, კოსმოპოლიტურ საქართველოს.
BMBF-ი რეკომენდაციას უწევს გერმანიის უნივერსიტეტებს, კვლევით და განმახორციელებელ ორგანიზაციებს ასევე შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან სამართლებრივი შესაძლებლობების ფარგლებში. აკადემიური თავისუფლებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება თავად მეცნიერებას ეკისრება,“- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ის, რომ გერმანიის მთავრობა აჩერებდა საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას, ამის თაობაზე განცხადება 26 თებერვალს გერმანიის საელჩომ გააკეთა. ამ განცხადების მიხედვით, გერმანიის განათლების სამინისტრომ გაყინა საქართველოს სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის განვითარება.
„მათ შორისაა სტუდენტური მობილობა, კვლევა და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის პროგრამებში. ამის მიზეზია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საქართველოში და ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერება. ქართველებმა, რომლებსაც გერმანულ უნივერსიტეტებში უსწავლიათ მეტწილად გერმანული სტიპენდიებით, იციან, ეს რა დანაკარგიცაა.
ეს ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლების სამინისტროს მოქმედ დაფინანსებას საქართველოზე, რომელიც თითქმის ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ასევე ჯერ არ ეხება მოქმედ სასტიპენდიო პროგრამებს, როგორიცაა DAAD. თუმცა გერმანია სინანულით აკვირდება და გადახედვის პროცესშია საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის“, – დაწერა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28 თებერვლის 21 საათიდან პირველი მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით მცირე ნალექი, მთაში თოვა, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება; მთიან ზონაში ზვავსაშიშროება;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან რაიონებში:
დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 12 – 17 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა: 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 და 3 მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს.
ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა.
„სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს.
ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს.
ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა.
არჩევნებში ორი კანდიდატი, აჭარის არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ წევრი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, არჩილ გუჩმანიძე მონაწილეობდნენ. აკადემიური საბჭოს წევრებმა, ერთის გარდა, მხარი დაუჭირეს ტიტე აროშიძის კანდიდატურას.
არჩილ გუჩმანიძემ არჩევნებამდე განაცხადა, რომ უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების შემდეგ, „ოცნების“ მაღალჩინოსნები დაემუქრნენ და სთხოვდნენ, მოეხსნა თავისი კანდიდატურა.
ISFED-ის განცხადებით, მათ შეისწავლეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული მასალები და გამოავლინეს არსებითი დარღვევები რექტორის არჩევნებთან მიმართებით.
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, აკადემიური საბჭო თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, სიითი უმრავლესობის შემადგენლობით ირჩევს რექტორს.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოქვეყნებული მასალები შეისწავლა და გამოავლინა მნიშვნელოვანი დარღვევები. არჩევნები არსებითი პრინციპების დარღვევით ჩატარდა.
დარღვეულია მნიშვნელოვანი პრინციპები, კერძოდ – გამჭვირვალობის და მიუკერძოებლობის, რადგან ამ არჩევნებში მონაწილეობდა დაინტერესებული პირი, ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, რომელიც იყო იმ აკადემიური საბჭოს წევრი, რომელმაც ახალი რექტორი აირჩია.
როგორც ბსუ-ში განაცხადეს, პაატა აროშიძის აცილებას არ ითვალისწინებდა დებულება, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს აცილების ვალდებულება გააჩნია.
კანონში წერია, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზნებისთვის კი ნათესავად ითვლება და ან ძმა.
აქედან გამომდინარე, პაატა აროშიძეს ვალდებულება ჰქონდა საკუთარი ძმის არჩევნებში აერიდებინა მონაწილეობა“- ამბობს ადვოკატი მეგი ბაკურიძე.
ISFED-ის განცხადებით, ბსუ-ის რექტორის ასარჩევად გამართულ კონკურსში, ასევე, დაირღვა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები.
ხმის დათვლის პროცესში დამსწრე პირებს, მედიის წარმომადგენლებს, კანდიდატებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს იმ მიზეზით დაატოვებინეს დარბაზი, რომ ხმის დათვლის პროცედურა ფარულად უნდა ჩატარებულიყო.
„საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.
უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, სასწავლო -კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა.
შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტებში პროცესები წარიმართოს გავლენებისგან თავისუფლად და სამართლიანად“.
არჩილ გუჩმანიძემ ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს.
„წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა“ – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.
არჩევნები სტუდენტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. სტუდენტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რექტორად „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის დანიშვნა უნივერსიტეტის მიტაცების მცდელობაა „ქართული ოცნების“ მხრიდან.
გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ტიტე აროშიძე აქტიურად იყო ჩართული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში. რუსული კანონის საპარლამენტო განხილვების დროს ის აქტიურად იყო ჩართული ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში, წინასაარჩევნოდ კი, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ტიტე აროშიძე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში ბავშვებს ომით აშინებდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 874 560 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
ტანკი – 10 222 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 21 234 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 23 847 ერთეული [+54]
MLRS – 1 303 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 087 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 274 ერთეული [+172]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 085 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 38 994 ერთეული [+126]
სპეცტექნიკა – 3 763 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
44 834 უპილოტო საფრენი აპარატი
600 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 932 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 523 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 149 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 305 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა.
გერმანიას საქართველოს დასახმარებლად წლების განმავლობაში 1.5 მილიარდზე მეტი ევრო აქვს დახარჯული.
მათ შორის მილიონებია დახარჯული საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად და ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ბოლო წლებში რამდენჯერმე, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა.
მაგალითად, 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, გერმანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.5 მილიონი ევრო გამოუყო, გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი შეისყიდეს.
გასულ წელს გერმანიის მთავრობის დახმარება უფრო მასშტაბური იყო. 2024 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტი და ტექნიკა გადასცეს.
გერმანიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 33 წლის წინ დამყარდა. ამ დროს ჩაეყარა საფუძველი ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას ბუნდესვერსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის.
ბოლო 22 წელია ბუნდესვერი მხარს უჭერს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას.
ამ მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მრავალმხრივი დახმარება გაეწია. მაგალითად, შეიქმნა სერჟანტთა სკოლა, თავდაცვის სამინისტროს გადაეცა სამხედრო მასალები, ტრანსპორტი და სხვა მოწყობილობები.
გერმანიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში.
„ბათუმელები“ გთავაზობთ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოძიებულ ინფორმაციას ბოლო წლებში როგორ და რა ფორმით დაეხმარა გერმანიის ფედერაციული მთავრობა საქართველოს თავდაცვის ძალებს.
2016 წელი
2016 წლის 29 დეკემბერი, გერმანიის მაშინდელმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი 24 სატვირთო მანქანა გადასცა.
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პირადად ჩაიბარა ტექნიკა.
სატვირთო მანქანები აღჭურვილი იყო მასობრივი განადგურების იარაღისგან თავდაცვისთვის განკუთვნილი მოწყობილობებით. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 400 000 ევროს შეადგენდა.
რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან საქართველომ 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ გერმანული მხარის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში საქართველოს თავდაცვის მინისტრს გადასცემს საჩუქარს, 400 000 ევროს ღირებულების 24 სატვირთო მანქანას 2016 წელი, 30 დეკემბერი
„ეს საჩუქარი რადიაქტიური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის [რქბ-თავდაცვის] საკუთარი სისტემის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა გერმანიის მხარე ვალდებულებას იღებს, მოამზადოს შესაბამისი ქართული ასეულის სამხედროები რქბ-თავდაცვის სფეროში და ასწავლოს მათ გადაცემული აღჭურვილობის გამოყენება.
ამით საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიღებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომლის გამოყენებაც არა მარტო სამხედრო სფეროში, არამედ სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების დროს შეიძლება, მაგალითად განსაკუთრებით მიუვალ ადგილებში გაჩენილი ხანძრის შემთხვევაში.
გერმანია და მისი შეიარაღებული ძალები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი ნატოში ინტეგრაციის გზაზე,“ – წერია გერმანიის საელჩოს მიერ 2016 წელს გავრცელებულ ინფორმაციაში.
2017 წელი
2016 წელს შეიქმნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა – DIB, რომელიც არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი.
გერმანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის პროექტის ლიდერი ქვეყანაა.
სკოლის დაარსების დღიდან გერმანელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობდნენ DIB-ის განვითარების პროცესში. ამავდროულად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო სკოლის ძირითადი ფინანსური კონტრიბუტორი, კერძოდ, გერმანიამ 740 ათასი ევროთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.
2020 წელი
2020 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება გადაეცა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი შეისყიდეს.
ტექნიკის გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ტექნიკის გადაცემას ესწრებოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა: „გერმანულმა მხარემ, „შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის Enable and Enhance Initiative-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს.
2024 წელი
2024 წლის 18 იანვარს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფისათვის განკუთვნილი ტექნიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის „პარტნიორების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში შეისყიდეს.
„გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროშიც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში ნატოს-თან დაახლოების გზაზე,“ – ვკითხულობთ გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. 2024 წლის 18 იანვარს ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა ერთად დაათვალიერეს.
გარდა თავდაცვის სფეროში გაწეული მრავალმილიონიანი საგრანტო დახმარებისა, გერმანიის მთავრობა სერიოზულ ფინანსურ დახმარებას უწევდა საქართველოს სხვა სფეროებშიც.
„ხელისუფლება არ რეაგირებს საქართველოს მიერ ევროპული გზის დატოვებასა და პროტესტების დარბევაზე. შევაჩერეთ ენერგეტიკის, ასევე ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის დაფინანსება,” – დაწერა საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს.
განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა.
გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავგიის ქუჩის პირველ ჩიხში მდებარეობს. ტერიტორია შემაღლებულ ფერდობზეა, საიდანაც ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება.
ბათუმის საკრებულოში ქალაქის მერიისგან გაგზავნილ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „საპროექტო მიწის ნაკვეთზე დაგეგმილია საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, მათში საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, ასევე ავტოსადგომებისა და გამწვანების ადგილების მოწყობა.
დამტკიცებულ განაშენიანების დეტალურ გეგმაში იცვლება შემდეგი: კოტეჯები ჩანაცვლდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მაქსიმალური სიმაღლე შეადგენს 56,4 მეტრს.
შენობები 4, 5, 7 და 9-სართულიანი იქნება.
საცხოვრებელი კომპლექსი – განაშენიანების დეტალური გეგმიდან. ამ გეგმის მიხედვით აშენდება თითო ორ-ხუთ და შვიდსართულიანი კორპუსი და 4 ცხრასართულიანი კორპუსი.
გდგ-ს დოკუმენტის მიხედვით, აშენდება სულ 650 საცხოვრებელი ბინა [ჯამში 31 000 კვ.მ.] და 176 ავტოსადგომი [მიწისქვეშა სართულში 112 და მიწისზედა 64].
„განაშენიანების ინტენსივობის კ2 კოეფიციენტის გადამეტებისათვის მაკომპენსირებელი განისაზღვროს [შეთანხმებული პროექტის მიხედვით გადამეტებული] კ 1/2 მაჩვენებლის 10 პროცენტის ოდენობით საცხოვრებელი ფართობით ან იმავე ოდენობის სხვა მაკომპენსირებელი ღონისძიებით“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
თავდაპირველი პროექტის მიხედვით კომპლექსი ორ მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს [კოტეჯს] აერთიანებდა.
არსებული და საპროექტო ხედები / ფოტო გდგ-დან
გიორგი ჭყონია „ქართული ოცნების“ დეპუტატია არალეგიტიმურ პარლამენტში. ის „ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველიცაა. მან „ოცნებას“ 2024 წელს 51 000 ლარი, 2023 წელს კი – 60 000 ლარი შესწირა.
საერთო ჯამში 2016 წლიდან 2024 წლის ჩათვლით გიორგი ჭყონიას 461 000 ლარი აქვე შეწირული „ოცნებისთვის“.
გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან.
„ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება.
„მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ ავტომრბოლელთა სპორტული კლუბი] ბიჭები მოაწვდიან ნელ-ნელა ადგილობრივებს“, – უთხრა „ბათუმელებს” ვაკო ხუნდაძემ.
ვაკო ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთშია და სოფელ კალაგონის მიმართულებით ცდილობს გზის გაწმენდას სხვა მოხალისეებთან ერთად.
„გუშინ გვიან ღამე ჩამოვედით. ღამის პირველი საათის მერე ვცდილობთ რამდენიმე მიმართულებით გასვლას. ღამის ხუთ საათამდე „ოფროუდის“ ბიჭები ცდილობდნენ ამოსვლას. ვერ ამოვიდა ვერც ერთი დიდი გამავლობის მანქანა.
არის ადგილები, სადაც თოვლის საფარი 2,5-3 მეტრია… ზემოხეთში გუშინდელი ღამიდან ვცდილობთ ასვლას და ძლივს მოვახერხეთ. ავედით ნახევარი გზა ზემოხეთის მიმართულებით და გავწმინდეთ გზა, მაგრამ სამწუხაროდ, მეტს ვეღარ მივდივართ.
კალაგონის მიმართულებით ახლა ვიწყებთ გაწმენდას, შეთანხმებული ვართ მძიმე ტექნიკის ნაწილში და ვნახოთ, იქნებ როგორმე ავიდეთ.
კალაგონში შვიდი მოსახლეა ჩარჩენილი და აუცილებლად უნდა მოვახერხოთ როგორმე ასვლა. სავარაუდოდ ავალთ გვიან, ღამე”- გვეუბნება ვაკო ხუნდაძე.
სოფელი ზემოხეთი. ფოტო: ვაკო ხუნდაძე
იგი ამბობს, რომ ზემოხეთში ცხოვრობს მოსახლე, რომელსაც ინსულტი აქვს გადატანილი და უკვე რამდენიმე თვეა ლოგინადაა. ვაკო ამ ოჯახს პირად იცნობს და მისი თქმით, მოქალაქეს საჭირო წამლებს მალე მიაწვდიან.
მოხალისე ამბობს, რომ სოფელ სერში გასვენებაა და ამიტომ ამ სოფელშიც აუცილებელია გზის გაწმენდა:
„სამწუხაროდ, მოხალისეების რაოდენობა ჩვენთან არ არის საკმარისი, მდგომარეობა კი ნამდვილად კრიტიკულია. ხალხი დახმარებას ითხოვს. არის სოფლები, სადაც შეშა არ აქვს ზოგ ოჯახს. მწვავედ დგას მედიკამენტების პრობლემა.
სოფელ კოხნარის გადმოსასვლელი კატასტროფულ დღეშია, მაღალი გამავლობის მანქანა თუ არ არის, ვერ ამოვა, გამორიცხულია… ბევრი ლოკაციაა, სადაც პრობლემაა, ტრაქტორი ვეღარ ახერხებს მისვლას და ფეხით გადავადგილდებით”, – ამბობს ვაკო.
გურიაში მოქალაქეების დასახმარებლად მოხალისეები ბათუმიდანაც წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანს, გიორგი წეროძეს „ბათუმელები“ დღეს, იმ დროს ესაუბრა, როცა ის სხვა მოხალისეებთან ერთად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთში მიდიოდა:
„აქ არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია, როგორც სოციალური ქსელებიდან ვიცით, კრიტიკული. მივალთ ადგილზე და გადავამოწმებთ რა ხდება.
ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახი არის ჩარჩენილი, უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან. რაღაც ეტაპზე მოგვიწევს ფეხით გადაადგილება, რადგან ვერ მივა მანქანა”, – ამბობს გიორგი.
როგორც მან “ბათუმელებს” უთხრა, პრიორიტეტულია იმ ოჯახებთან მისვლა, ვინც კავშირზე არ იყვნენ ამ დღეების განმავლობაში, რათა გადამოწმდეს, რაიმე ხომ არ უჭირთ.
მოხალისეები გზის გაგრძელებას ცდილობენ გაუვალ ადგილში. ფოტო: გიორგი წეროძე
„ამ დრომდე ვიყავით შრომაში, ჯურუყვეთში, ნინოშვილში, გულიანში, აგარაკში და ჯუმათში. ამ სოფლებში უკვე მაღალი გამავლობის მანქანით მისვლა შესაძლებელია, თუმცა მანქანა შედის შიდა სასოფლო გზაზე და სახლებამდე მისასვლელი გზები უკვე აღარ არის მისავალი. ამას ფიზიკურად ვერ შეძლებდნენ, არ არის ამ რაოდენობის ტექნიკა და მაგიტომ.
შესაბამისად, არის სახლები, რომლებიც არის მოწყვეტილი გარე სამყაროს, რადგან პირობითად, ცხოვრობენ მოხუცი ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ნიჩბებით გაწმინდონ სახლიდან გასასვლელი გზა.
ასეთ ადამიანებთან მივდივართ, მიგვაქვს პროდუქტები, მედიკამენტები, ბავშვები თუ ჰყავთ – ბავშვთა საკვები, ჰიგიენური საშუალებები და ა. შ. ფეხით მივდივართ მოქალაქეებამდე…”, – გვითხრა გიორგი წეროძემ. მისი თქმით, ამ დრომდე ორმოცამდე ოჯახთან მივიდნენ და მიუტანეს საჭირო ნივთები.
„გუშინ შევუერთდით ჩვენ მეგობრებს შრომაში. ძირითადი საჭიროებაა წამლების, რადგან ბევრი ადამიანია ავად. ჩვენიც პრიორიტეტიც ეს არის, წამლების დროზე მიტანა მოსახლეობისთვის. წინასწარ გვაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეები რა წამლები სჭირდებათ და შემდეგ უკვე, რაც საჭიროა, იმ წამლებს ვურიგებთ.
ჩვენ ვაგრძელებთ მოძრაობას წამლებით. ახლა სოფელ ბაღლეფში ვარ. სოფლის ცენტრი გასუფთავებულია, მაგრამ შიდა გზებია კიდევ, სადაც გაკვალულიც კი არ არის გზა და ბევრად მძიმე სიტუაციაა”, – ამბობს ბექა ბოლქვაძე, კიდევ ერთი მოხალისე ბათუმიდან.
სოფელი ბაღლეფი. ფოტო: ბექა ბოლქვაძე
მისი თქმით, ლანჩხუთიდან ჩოხატაურში გადასასვლელი გზაც გაუწმენდავია:
„ოზურგეთში უნდა შეხვიდე, ოზურგეთიდან გადახვიდე ჩოხატაურში. ამინდი გამოვიდა, ახლა შედარებით უკვე გამარტივდება გზების გაწმენდა და იმედია, ტრანსპორტიც შემოვა.
მოხალისეებს გვიწევს შიშველი ხელებით გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს. რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უნდა დავძლიოთ ყველა სირთულე. ახლა მე და გიორგი მეგრელიძე ვართ მარტო. ჩვენ გვაქვს ზამთრის ლაშქრობის დიდი გამოცდილება და სპეციალური აღჭურვილობა. სპეციალური თხილამურები გვაქვს თოვლის, რითაც გვიმარტივდება გადაადგილება თოვლში მივდივართ ისეთ კრიტიკულ ლოკაციებზე, სადაც მანქანით და ფეხით ვერ მიდიან” – გვიყვება ბექა.
ბექამ და გიორგიმ ახლახან მოინახულეს ქალი სოფელ ბაღლეფში, რომელიც 3 კატასთან და ერთ ძაღლთან ერთად ცხოვრობს. მოხალისეებმა მოქალაქეს საჭირო მედიკამენტები მიუტანეს.
AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა, რომლებიც მუდმივად უზიარებენ ერთმანეთს იდეებს და მიღებულ ცოდნას უახლესი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესახებ.
ტექ კომუნისთვის მსგავსი ტიპის შეხვედრას თიბისი უკვე მესამედ მართავს.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა თემას – Securing Infrastructure with AWS Shield & WAF, რომელსაც თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი – გიორგი სემენიხინი გაუძღვება. ის მიმოიხილავს AWS-ის იმ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და შეხვედრის მონაწილეებს პრაქტიკულ გამოცდილებასაც გაუზიარებს.
მომდევნო სესია AWS re:Invent 2024-ის, წამყვანი ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ღონისძიების მიმოხილვა იქნება. AWS-ის წარმომადგენლები მოყვებიან, რომელი ახალი პროდუქტებისა თუ ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოშვება და განვითარება იგეგმება.
შემოგვიერთდით 28 თებერვალს, 16:00 საათიდან, ილიაუნის ტექნოლოგიების T კორპუსში.
ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ტექნოლოგიური წინსვლა და ინოვაციების მხარდაჭერა. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამყარება, ტექ კომუნისთვის მნიშვნელოვანი პროცესია.
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს, თუმცა ის ციხეში ჯერ არ გადაჰყავთ.
საიას განცხადებით ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გადაჰყავთ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში.
„მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.
ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.
დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც, რომელიც პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს საკვების მიღებაზე,“ – აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ადვოკატებმა მზია ამაღლობელი კლინიკაში ინახულეს. ციხეში გადაყვანა თავად მისი სურვილიცაა, თუმცა ჯერჯერობით ის ისევ კლინიკაში რჩება.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ. ადვოკატებიც მის მონახულებას დღეს უკვე ციხეში აპირებდნენ და ამ ვითარებაში გაირკვა, რომ პენიტენციურ სამსახურს ციხეში არ გადაუყვანია.
პენიტენციურ სამსახურში ნეტგაზეთის ზარებს არ უპასუხეს.
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე ოჯახი თავს იკავებს.
აქ მცხოვრებ ადამიანებს შენობაში ნივთები და ტექნიკა აქვთ, ისინი ნივთების გამოტანას ცდილობენ.
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს.
თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს. მისი თქმით, მასზე დაკავების შემდეგ ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია და თურქეთის მოქალაქეა. იგი 2012 წლიდან ბათუმში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს უშედეგოდ.
ვიდრე სასამართლო მუჰაჯირების შთამომავლის ქვეყნიდან გაძევების საკითხს განიხილავს, თემურ ქათამაძემ ლტოლვილის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შსს-მ უარი თქვა. ამჯერად თემურ ქათამაძე შსს-ს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს.
თემურ ქათამაძე დროებითი განთავსების ცენტრში მაქსიმუმ 3 თვის ვადითაა მოთავსებული, თუმცა, როგორც საიას იურისტი მარიამ გაბროშვილი განმარტავს, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ შსს-მ შეიძლება ვადის გახანგრძლივება ითხოვოს.
თემურ ქათამაძე შიმშილობის 30-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს გამოკვლევებზე, თუმცა მალევე დააბრუნეს იზოლატორში. ექიმებმა მისი კლინიკაში დატოვება საჭიროდ არ ჩათვალეს. თემურ ქათამაძე ექიმების ამ დამოკიდებულებასაც აპროტესტებს და დროებითი განთავსების ცენტრში სხვა ექიმების მომსახურებაზე უარს ამბობს.
„სამშობლო უფრო ღირებულია, ვიდრე სიცოცხლე“ – ამბობს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა.
სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია.
„სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით.
შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 წლის… არავინ არ მოსულა, არ უკითხავს ჩვენი ამბავი, არც მერიიდან მოსულა ვინმე. მოვიდნენ მაშველები და მოგვეხმარნენ, მაგრამ სახანძრო ვერ ამოვიდა. თოვლი ახლაც მეტრ-ნახევარია ყველაზე ცოტა.
ბიძაშვილს შევაფარეთ თავი, ყველაფერი გვჭირდება: ტანსაცმელი, საჭმელი…,“ – გვითხრა უშანგი მაჭუტაძემ.
ინფორმაციის განახლება:
მოგვიანებით ამ შემთხვევას ხელვაჩაურის მერი, ზაზა დიასამიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოეხმაურა და დაწერა, რომ „ხანძრის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა“.
„არ ვიცი, ეს რატომ თქვა მერმა, ეტყობა, მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, ხანძრის გაჩენის დროს სახლში იყვნენ ჩემი მამა, დედა, მოხუცი ბაბუა და ჩემი ორი ბავშვი. მე მეუღლესთან ერთად მაღაზიასთან ვიყავი ჩასული და შორიდან დავინახე, როგორ გაჩნდა ხანძარი,“- უთხრა „ბათუმელებს“ უშანგი მაჭუტაძემ.
ხელვაჩაურის მერი თავის ფეისბუქპოსტში არ განმარტავს, რატომ ვერ მოხერხდა გზის გაწმენდა – უგზოობის გამო ადგილზე მეხანძრეებმა ვერ იმუშავეს.
ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის თქმით, შვიდსულიანი ოჯახი ეკომიგრანტია და 2022 წლის მუნიციპალიტეტს ქირით ჰყავს გადაყვანილი.
„ნამდვილად ქირით ვიყავით გასული, მაგრამ ბოლო დროს მერიის მიერ მოცემული 500 ლარით ვეღარ ვიქირავეთ ბინა და ამიტომ ბოლო ორი თვე ისევ სახლში დავბრუნდით, ვეძებდით ახალ ბინას, ხომ იცით უკვე რა ფასებია… მანამდე დევნილების დასახლებაში ვიყავით ქირით, 500 ლარს მიხდიდა მერია და 300 ლარს მე ვამატებდი. ის ბინა გაიყიდა და მოგვიწია იმ ბინის დაცლა, ახალი კი, ამ ფასადაც ვერ ვიპოვეთ.
სახლში დაგვეწვა ავეჯი და სხვა პირადი ნივთებიც, ნაქირავებში არაფერი არ მქონდა წაღებული,“ – გვითხრა უშანგი მაჭუტაძემ.
ხანძრის შედეგად სოფელ ორთაბათუმში სახლი დაიწვადამწვარი სახლი ორთაბათუმშიდამწვარი სახლი ორთაბათუმშიდამწვარი სახლი ორთაბათუმში
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა.
„უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა.
მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა.
„უზრდელი ვინც არის, სხდომის ჩანაწერს მოუსმინე და გაიგებ. უზრდელები მოიკითხე თქვენს გუნდში, რომლებმაც აქ რაღაცები იკადრეს“- ასე უპასუხა გოგუაძის მუქარას ვაჟა დარჩიამ.
მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა. ის სხდომაზე ახალი ინიციატივებით, წარდგენილ საკითხებზე სიღრმისეული განხილვით ან საქმიანი კითხვებით მომხსენებლებთან ნამდვილად არ გამოირჩევა, სამაგიეროდ გამორჩეულად აქტიურია მაშინ, როცა საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები საუბრობენ პრობლემებზე. მინდია გოგუაძის პასუხი ასეთ დროს არა არგუმენტირებული შეპასუხება ან მსჯელობაა, არამედ რეპლიკები და შეძახილები: „გაჩუმდი, ბიჭო“, „შენ ახლა ბევრს ლაპარაკობ“, „ეე, ბიჭო-მეთქი“ , „ჰო, შენ გეუბნები, ბიჭო“ – და ასე შემდეგ. ამის დამადასტურებელი კადრების ნახვა საკრებულოს სხდომების ვიდეოჩანაწერებშია შესაძლებელი.
დღეს ვაჟა დარჩია საკრებულოს სხდომაზე აკრიტიკებდა მერიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო ქალაქის ქუჩების დროული გაწმენდა თოვლისგან და ასევე საუბრობდა იმაზე, რომ ქალაქში არ არიან დაცული ადამიანები შენობებიდან ჩამოვარდნილი თოვლისგან.
„შენ ბიჭო ახლა მართლა რა… 5 თუ 4 საკრებულოს სხდომაა, ადამიანი მოდის იმისთვის, რომ გვიწვევს. მოთმინებასაც საზღვარი აქვს“ – ასეთი რეაქცია ჰქონდა „ოცნების“ კიდევ ერთ წევრს, თენგიზ აფხაზავას დარჩიას კრიტიკაზე.
სიტყვიერ დაპირისპირებამდე „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ზურაბ ნაკაიძე საუბრობდა იმაზე, რომ ის არ არის მომხრე მერიამ თოვლის გამწმენდი სპეცტექნიკა შეიძინოს, რადგან ეს, ნაკაიძის თქმით, ფუჭი ხარჯია.
„მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამის გამო ილანძღებოდა ზოგიერთი.
წინააღმდეგი ვიქნებით ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტექნიკა და დავაყენო 4-5 წელი ტყვილა. ეს არის არასწორი“- თქვა ზურაბ ნაკაიძემ საკრებულოს სხდომაზე.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, დღეს, 27 თებერვალს, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილმა მოძრაობა განაახლა, თუმცა ცვლილებებია შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე:
#1 მარშრუტი: ტაბიძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – კობალაძის ქ. – ხიმშიაშვილის ქ. – ჯავახიშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – ნონეშვილის ქ. – გოგოლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – წერეთლის ქ. – თავდადებულის ქ. – ბაგრატიონის ქ. – სელიმ ხიმშიაშვილის ქ. – ორბელიანის ქ. – ლეონიძის ქ. – ტაბიძის ქ.
# 1ა მარშრუტი: ტაბიძის ქ. – ლეონიძის ქ. – ორბელიანის ქ. – ლერმონტოვის ქ. – ბაგრატიონის ქ. – მელიქიშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – წერეთლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – გოგოლის ქ. – ნონეშვილის ქ. – ბაქოს ქ. – რუსთაველის ქ. – თავდადებულის ქ. – გორგილაძის ქ. – ხიმშიაშვილის ქ. – კობალაძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – ტაბიძის ქ.
#3 მარშრუტი: კაჩინსკების ქ. – მამულაძის ქ. – ინასარიძის ქ. – ფიროსმანის ქ. – შარტავას ქ. – აბუსერიძის ქ. – გრიბოედოვის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – დიმიტრიადის ქ. – რკინიგზის სადგური.
#4 მარშრუტი: ლეონიძის ქ. – ტაბიძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – კობალაძის ქ. – ინასარიძის ქ. – ფიროსმანის ქ. – შარტავას ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – წერეთლის ქ. – ს. აჭარელის ქ.
#6 მარშრუტი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. – ორბელიანის ქ. – შარტავას ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – დიმიტრიადის ქ. – თამარ მეფის გზატკეცილი – ჩაქვი.
#8 მარშრუტი: ლეონიძის ქ. – ორბელიანის ქ. – შარტავას ქ. – ჭავჭავაძის ქ. – წერეთლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – გოგოლის ქ. – ნონეშვილის ქ. – დიმიტრიადის ქ. – თამარ მეფის გზატკეცილი – მახინჯაური.
#10 და # 10ა მარშრუტები: აეროპორტი – ანწუხელიძის ქ. – კაჩინსკების ქ. – ხიმშიაშვილის ქ. – ჯავახიშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – დიმიტრიადის ქ. – თამარ მეფის გზატკეცილი – მახინჯაური – ბაღის ქ.
#12 მარშრუტი: ს. აჭარელის ქ. – წერეთლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – აბუსერიძის ქ. – გრიგოლ ხალვაშის ქ. – ხელვაჩაურის ცენტრი.
#13 მარშრუტი: ორბელიანის ქ. – შარტავას ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – საბაგირო.
#14 მარშრუტი: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. – ბაგრატიონის ქ. – ჯავახიშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ინასარიძის ქ. – მამულაძის ქ. – კაჩინსკების ქ.
#16 მარშრუტი: ს. აჭარელის ქ. – წერეთლის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – აბუსერიძის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – სარფი.
#19 მარშრუტი: ლეონიძის ქ. – ტაბიძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – აბუსერიძის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – წერეთლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – გოგოლის ქ. – ნონეშვილის ქ. – დიმიტრიადის ქ. – რკინიგზის სადგური.
#20 მარშრუტი: თბილისის მოედანი – ჭავჭავაძის ქ. – აბუსერიძის ქ. – აეროპორტის გზატკეცილი – ასფაროსის ქ. – კვარიათი.
#27 მარშრუტი: აღმაშენებლის ქ. – აბუსერიძის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – დიმიტრიადის ქ. – თამარ მეფის გზატკეცილი – ჩაქვი.
„ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მარშრუტების მიმართულებები შესაძლოა პერიოდულად შეიცვალოს.
„უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და განრიგებისთვის, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 0422 24 76 76.
ეტაპობრივად მოხდება ავტობუსების მოძრაობის აღდგენა დარჩენილ მიმართულებებზეც“ – აცხადებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 27 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 05:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სოფელ მახოში მცხოვრებ 250 აბონენტს.
კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა.
„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 28 თებერვლის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს „სოკარი“.
კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან რაიონებში:
დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 12 – 17 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ -2 მარტს აჭარაში ზოგან კვლავ მოსალოდნელია მცირე ნალექი, მთაში კი – მოთოვს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 871 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
ტანკი – 10 209 ერთეული [+8]
ჯავშანტექნიკა – 21 196 ერთეული [+13]
საარტილერიო სისტემა – 23 755 ერთეული [+69]
MLRS – 1 299 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 086 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 27 102 ერთეული [+141]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 38 842 ერთეული [+140]
სპეცტექნიკა – 3 760 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
44 720 უპილოტო საფრენი აპარატი
597 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 756 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 522 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 060 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 139 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს; ასევე მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი გახდა ბენზეს მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი, რომელიც ორ ადგილზე დაზიანდა.
კომპანიის ცნობით წყალმომარაგება დღის ბოლომდე აღდგება.
„ერთ ლოკაციაზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის მილის სარემონტო სამუშაოები მდ. ყოროლისწყლის თავზე მიმდინარეობს“ – წერს „ბათუმის წყალი“.
„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა.
ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ ულტრამემარჯვენეები მოვიდნენ ხელისუფლებაში.
„ჩანს, რომ „დემოკრატიული შუა“ გადანაწილდა რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე ფრთებზე,“ – არჩევნების შედეგები მიხეილ სარჯველაძისთვის აჩვენებს იმას, რომ სწრაფი მოქმედებაა საჭირო.
საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში ვკითხეთ გერმანია-საქართველოს ურთიერთობაზეც: რა ცვლილებას შეიძლება ველოდოთ?
„ბათუმელებმა“ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკის მრჩეველთან, მიხეილ სარჯველაძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო მიხეილ, რა გამოჩნდა გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით? რა როლს იძენს ევროპის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო?
ბუნდესტაგის არჩევნებმა ცხადად წარმოაჩინა, რომ ამომრჩეველმა მმართველი კოალიცია დასაჯა. გარდა ამისა, ცხადია, რომ ცალკეული თემებით, როგორიც, მაგალითად, მიგრაციის საკითხია, გამოწვეული პოლარიზაციით უკიდურესად მემარცხენე და მემარჯვენე ძალებმა ისარგებლეს. კოალიციაში არსებულმა იდეოლოგიურმა კონფლიქტებმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გერმანია საერთაშორისო არენაზე გასული ოთხი წლის მანძილზე პასიურ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ოლაფ შოლცმა, რომელსაც გერმანიის ისტორიაში ყველაზე სუსტ კანცლერად მიიჩნევენ, ვერ აიღო საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქცია, რაც ქვეყნის პოზიციებზეც აისახა. ჩემი აზრით, ეს გერმანული პოლიტიკის დიდი შეცდომა იყო. შეცდომა, რადგან გერმანიამ და ევროკავშირმა მნიშვნელოვანი დრო დაკარგეს იმ გეოპოლიტიკური ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკამ უკვე გამოიწვია.
სავარაუდოდ კავშირის [ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიების ალიანსი] ლიდერი ფრიდრიხ მერცი გახდება გერმანიის კანცლერი და გერმანია გაცილებით აქტიური გახდება. გერმანია შეეცდება, რომ ევროკავშირის გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბების პროცესში ლიდერის ფუნქცია შეითავსოს. ესაა ჩემი მოლოდინი, თუმცა რამდენად შეძლებს, სხვა საკითხია. ევროკავშირის ქვეყნებს და მათ შორის გერმანიას მოუწევს გაცილებით მეტი ხარჯის გაღება. სამხედრო ექსპერტების მოსაზრებით, გერმანიის ხარჯები 2%-დან მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტის – მშპ-ს 3.5%-მდე უნდა გაიზარდოს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, თუმცა გერმანიის გადასახადების გადამხდელებს მოგვიწევს ამ თანხის გადახდა..
როგორც მედიაში ჟღერდება, გერმანიამ თავდაცვის ბიუჯეტი 80 მლრდ-დან 140 მლრდ ევრომდე უნდა გაზარდოს. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ევროკავშირი და, მათ შორის, გერმანია აშშ-ისგან დამოუკიდებელი თავდაცვის ინფრასტრუქტურის შექმნას, რაზეც უკვე ხშირად კეთდება განცხადებები ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ?
თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა ამ მაჩვენებლებით არის მეცნიერების პოზიცია. კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თუ გერმანიას სურს თავად გახდეს თავდაცვისუნარიანი, ამ შემთხვევაში მან უნდა გააორმაგოს სამხედრო ხარჯი. იგივე ეხება მთლიანად ევროკავშირს. კვლევების მიხედვით, ევროკავშირს დამატებით მოუწევს 250 მილიარდი ევროს მობილიზება.
მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის კვლევაში ისიც წერია, რომ ევროკავშირის ქვეყნების მშპ-ის დამატებით 1.5 %-ს ხარჯი უნდა გაიღონ. ეს არ არის უსაშველოდ დიდი თანხა. ამაზე მეტი დაიხარჯა, მაგალითად, პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში. ამჯერად კი, ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, სადაც ევროკავშირი დამოკიდებული იქნება მხოლოდ საკუთარ თავზე.
როგორც ვხედავთ, ტრანსატლანტიკური საყრდენი ერთგვარად ჩამოშლილია, რაც იყო ამ დრომდე ევროპის უსაფრთხოების გარანტია. ფაქტობრივად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა პირველად დარჩა საკუთარ ძალებზე დამოკიდებული. ამ დრომდე ევროკავშირში საკმარისად მსჯელობაც კი არ ყოფილა თავდაცვით ავტონომიაზე, რაც დიდი შეცდომა იყო. ამ გამოწვევების მიხედვით კი, დიდია შანსი, რუსეთი თავს დაესხას ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოს უახლოეს 2-10 წლამდე პერიოდში.
ახლა ევროპელები დარჩენილნი არიან ფაქტიურად ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და არაა გამორიცხული, რუსეთს სურდეს დატესტოს ნატო, როგორც ქმედითუნარიანი ალიანსი. თუ არ ამოქმედდება ნატოს მეხუთე მუხლი – და ალიანსი აგრესიის მსხვერპლ წევრ სახელმწიფოს ჯეროვნად არ დაიცავს – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ნატო აღარ არსებობს.
ფეისბუქპოსტში წერდით, რომ „მერცი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების დიდი გულშემატკივარია, თუმცა მას სტრატეგიის შეცვლა მოუწევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მოლოდინები გერმანიასთან მიმართებაში მაღალია“. რა მოლოდინი არსებობს ამჯერად გერმანიის მიმართ?
გერმანიის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ემყარებოდა ორ ძირითად პრინციპს: ესაა ევროკავშირი და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. თუმცა უკვე გამოჩნდა, რომ აშშ, როგორც უსაფრთხოების გარანტია, გამოეცალა გერმანიას და ევროკავშირს. შესაბამისად, გერმანიას და ევროკავშირსაც მოუწევს სტრატეგიის შეცვლა. ევროკავშირს მოუწევს გახდეს დამოუკიდებელი მოთამაშე სამხედრო თვალსაზრისით, რომელსაც ეყოლება საკუთარი არმია. შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირმა ამაზე ფიქრი დააგვიანა და ქმედებებსაც ჯერ ვერ ვხედავთ,
ახლა, როცა ევროკავშირს უწევს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გერმანიას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს ევროკავშირში. მგონია, რომ მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, პირველ რიგში, მოუწევთ სუვერენიტეტის ნაწილის ევროკავშირისთვის დათმობა, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ევროკავშირი საერთაშორისო წესრიგში ეკონომიკური გოლიათია, უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით – ჯუჯა, რომელსაც, როგორც ვხედავთ, თანასწორ მოთამაშედ არც ტრამპი აღიქვამს და არც პუტინი.
სავარაუდოდ, არჩევნებში გამარჯვებული კავშირი, ანუ მერცის ალიანსი, კოალიციას შექმნის შოლცის პარტიასთან -„სოციალ-დემოკრატებთან“… ვნახეთ, რომ გაიზარდა ულტრამემარჯვენე პარტიის რეიტინგი. ხმების ამგვარი გადანაწილება თქვენთვის რას აჩვენებს, რა არის ამჯერად გერმანელი ამომრჩევლის დაკვეთა?
ჩანს, რომ „დემოკრატიული შუა“გადანაწილდა რადიკალურად მემარჯვენე და რადიკალურად მემარცხენე ფრთებზე. შეიძლება ითქვას, რომ პოლარიზაციამ საფრთხის ქვეშ დააყენა დემოკრატია, რომელსაც რადიკალური ძალები, როგორც წესი, ასუსტებენ.
ყველაზე თვალშისაცემად სოციალ-დემოკრატებმა წააგეს არჩევნები – 10 % დაკარგეს. ეს ისტორიულად ყველაზე ცუდი შედეგია მათთვის.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ძალის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგი კი, არათუ გაიზარდა, გაორმაგდა. მერცის ალიანსმა, მაგალითად, დამატებით 4 % -ით გაიუმჯობესა მაჩვენებელი. გამოჩნდა, რომ ასე თუ ისე დემოკრატიულ პარტიებს უჭირთ პოლარიზაციასთან გამკლავება. ზოგადად მსოფლიოში ავტორიტარული ტენდენციები ძლიერდება – ულტრამემარჯვენე ძალები ერთიანდებიან და ტრამპმა აღნიშნული ტენდენცია კიდევ უფრო გაამძაფრა. უკრაინაში ომის შედეგად მიგრაციის ტალღის გაზრდამ გერმანიაში გაამძაფრა პრობლემები მიგრაციის საკითხებში. ამას ემატება ინფლაცია და ეკონომიკური გამოწვევები – მესამე წელია გერმანიის ეკონომიკური მაჩვენებლები არ იზრდება.
ძირითადად ზუსტად მიგრაციის და ეკონომიკის სფეროში არსებულმა გამოწვევებმა განაპირობა ულტრამემარჯვენე ძალების წარმატება. „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ ხმების უდიდესი ნაწილი აღმოსავლეთ გერმანიაში მიიღო, სადაც საზოგადოება კომუნისტური/ავტორიტარული წარსულის გამო, როგორც ჩანს უფრო მარტივად ექცევა პოპულისტური, ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი პოლიტიკური ძალების ზეგავლენის ქვეშ.
ულტრამემარჯვენე ძალები გაძლიერდნენ არამხოლოდ გერმანიაში, არამედ ავსტრიაში, საფრანგეთში, აღმოსავლეთ ევროპაში. თუ, მაგალითად, ულტრამემარჯვენე ძალები შეძლებენ გერმანიაში ხელისუფლებაში მოსვლას, ეს საერთო სურათს რადიკალურად შეცვლის. მაგალითად, „ალტერნატივა გერმანიისთვის”ითხოვს, რომ გერმანიამ საერთოდ დატოვოს ევროკავშირი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაუქმდეს, გერმანიამ კვლავ დაიწყოს რუსული გაზის შეძენა და ასე შემდეგ. ამ პროცესებმა შესაძლოა ევროკავშირში ძალიან რთული ძვრები გამოიწვიოს, რაც რისკია არამხოლოდ გერმანიისთვის, რომელმაც ყველაზე მეტი სარგებელი ნახა ევროკავშირისგან უსაფრთხოების თუ ეკონომიკური განვითარების კუთხით.
ულტრამემარჯვენეების რეიტინგის ზრდის მიუხედავად, გერმანიაში უმრავლესობა ისევ არის ევროპის ერთიანობის მომხრე და ხედავს იმასაც, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება? რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა გერმანიისთვის?
მთავარი შიდაპოლიტიკური გამოწვევაა სწრაფად სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება. ეს უნდა იყოს სტაბილური და ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უპასუხებს გამოწვევებს მიგრაციის, ეკონომიკის და საგარეო პოლტიკის საკითხებში. ესაა მოსახლეობის დაკვეთა. თუ მიგრაციასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებული პრობლემები არ გადაიჭრება, პოლარიზაცია გამძაფრდება, რაც ულტრამემარჯვენე ძალებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი, მთავარი გამოწვევა იქნება ევროკავშირის თავდაცვით ალიანსად გარდაქმნა და ურთიერთობა აშშ-თან: როგორი უნდა იყოს ეს ურთიერთობა სამომავლოდ, მას შემდეგ, თუ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საბოლოოდ დასრულდება? ასევე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომია: რამდენად შეძლებს ევროკავშირი დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს და რა როლი უნდა ითამაშოს გერმანიამ ამ კონტექსტში. უკრაინის საკითხი ბუნებრივად პირდაპირ კავშირშია ყველა აღნიშნულ თემასთან.
რა იცვლება საქართველოსა და „ქართული ოცნებისთვის“?
საქართველო-გერმანიის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა ბოლო 35 წლის განმავლობაში. ასეთი ცუდი ურთიერთობა გერმანიასთან არასდროს არ გვქონია, არც მაშინ, როცა გერმანიამ ხელი შეუშალა საქართველოს, მიეღო სამოქმედო გეგმა ნატოში გასაწევრიანებლად. ბუნდესტაგის არჩევნებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა – ანალენა ბერბოკი. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თანამდებობის პირი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით და ძალიან პრინციპულ პოლიტიკას ატარებდა.
ასევე, როგორც იცით, გერმანიამ შეაჩერა 237 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები და სანქციები დაუწესა საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებსაც ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე. მიზანმიმართული სანქციების დაწესება მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან გერმანია ზოგადად ფრთხილი საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა და მსგავს ზომებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს.
მე მგონია, რომ იდენტურ, და ალბათ კიდევ უფრო პრინციპულ ხაზს გააგრძელებს გერმანიის ახალი მთავრობა და საკმაოდ მკაცრი, პოლიტიკური ხაზის გატარება მოხდება „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. თუ „ქართული ოცნება“გააძლიერებს საკუთარ ავტორიტარულ რეჟიმს, მგონია, რომ გერმანიის წნეხი მმართველ პარტიაზე კიდევ უფრო გაიზრდება.
ფრიდრიხ მერცი ცნობილია, როგორც უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. იგი უფრო ქმედუნარიანი და პრინციპული პოლიტიკოსია, ვიდრე შოლცი იყო და ის საერთაშორისო არენაზე გერმანიის გააქტიურებას გეგმავს. იმედია, საქართველო კვლავ დარჩება გერმანიის თვალთახედვის არეში და გეოპოლიტიკური ინტერესების გამო ბერლინი „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ, პრო-რუსულ პოლიტიკაზე თვალს არ დახუჭავს.
რა სტრატეგიით აპირებს მერცი უკრაინის დახმარებას, რას უნდა ელოდოს უკრაინა?
შოლცს უჭირდა გადაწყვეტილებების მიღება და ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარდაჭერა სამხედრო თვალთაზრისით, რადგან მისი პარტია, სოციალ-დემოკრატები, წარსულში ზოგადად რუსეთისადმი მეგობრული ურთიერთობით გამოირჩეოდნენ. ამ წარსულის გადმონაშთი შემორჩენელია პარტიის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციებში. შოლცი მხარს უჭერდა უკრაინას, თუმცა ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უჭირდა, მაგალითად, ფრთოსანი რაკეტების „ტაურუსების“ მიწოდების საკითხზე შოლცი მიიჩნევდა, რომ ეს იქნებოდა გერმანიის ჩართვა ომში, რაც გამოიწვევდა რუსეთის უკიდურეს გაღიზიანებას და ვერ გაბედა უკრაინისთვის იმ დახმარების გაწევა, რაც მართლაც სჭირდებოდა უკრაინას გადამწყვეტ მომენტში.
ვფიქრობ, მერცი განსხვავდება შოლცისგან – ის ფრთხილი პოლიტიკოსია, თუმცა ლიდერული თვისებებით განსხვავდება შოლცისგან. მგონია, რომ მერცს გაცილებით მკაფიო მიდგომა ექნება უკრაინის საკითხთან, ვიდრე შოლცს.
ბათუმის მერია ქობულეთის მუნიციპალიტეტს მეორად ავტობუსებს აჩუქებს.
ბათუმი ქობულეთს ორ ერთეულ BOGDAN-ის ტიპის ავტობუსს და ამავე მოდელის ავტობუსების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს.
ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით მუნიციპალიტეტი არ არის უფლებამოსილი მის საკუთრებაში არსებული ქონება საკუთრებაში გადასცეს სხვა მუნიციპალიტეტს, ამიტომ, ავტობუსებს ბათუმი საკუთრებაში გადასცემს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – შემდგომში ქობულეთზე გადასაცემად.
ქონების გაჩუქებაზე საკრებულოს თანხმობაა საჭირო. ბათუმის საკრებულო აღნიშნულ საკითხს 27 თებერვლის სხდომაზე განიხილავს.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე თანახმაა მეორადი ავტობუსები ბათუმისგან აჭარამ მიიღოს საკუთრებაში და გადასცეს ქობულეთს. მეორადი ავტობუსები და სათადარიგო ნაწილები საბოლოოდ შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებას“ გადაეცემა.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ავტოპარკში 2020 წელს BOGDAN- ის ტიპის 13 ავტობუსი იყო, 2023 წელს კი – 6 ავტობუსი.
ბათუმს, ავტოპარკის არაერთხელ განახლების მიუხედავად, საკმარისი მუნიციპალური ავტობუსები არ აქვს. ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო კი, არაერთი ავტობუსის მარშრუტია შეცვლილი.
ამასთან, დიდთოვლობის მიზეზით ბათუმის მერიამ მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა უკვე მესამე დღეა საერთოდ შეაჩერა.
„ვითხოვთ შველას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გამოჩნდა ჩვენთან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჟღენტი.
ნინო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, სოფელს კი არ აქვს გზა, ოჯახებში გამოელიათ საკვები:
„შუქი მოდის პერიოდულად და მალევე მიდის, მობილურების დამუხტვას ძლივს ვასწრებთ…
სანთელი გვჭირდება და საკვებიც დაგველია. გზა ისეთი გაუვალია, მეზობელთანაც ვერ მიხვალ.
ეზოშიც კი ვერ ვახერხებთ გადაადგილებას, არანაირი კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადაუღებლად თოვს,“ – გვითხრა ნინო ჟღენტმა. მან გვითხრა, რომ მერიასთან დაკავშირება ვერ შეძლო.
გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა.
განვითარებულ სტიქიაზე, მთავრობის მხრიდან დაგვიანებული რეაგირების ფონზე, ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თვითორგანიზდნენ, შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და შესაბამისი აღჭურვილობით გაემგზავრნენ გურიაში.
დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ვებგვერდიmoxalise.ge, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ ნახონ დახმარების საჭოროების მქონეთა ადგილმდებარეობა.
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?!
ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია“.
უზენაესი სასამართლო განჩინებებს საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირების გარეშე, ინიციალებით აქვეყნებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მიერ 2023 წელს მიღებულ ამ განჩინების ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ დაზარალებულად მიჩნეული ერთ-ერთი პოლიციელი ქალია.
„ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა შს სამინისტროს… პოლიციის დეპარტამენტის … სამმართველოს … განყოფილების უფროს გამომძიებელ თ. ბ-ზე, კერძოდ, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, გაარტყა ხელი სახეში, ხოლო ფეხი ჩაარტყა ბარძაყში, ასევე – დაზიანებები მიაყენა მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე. ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყო აგრესიული. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად თამარ ბიბილაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
პროკურატურის ბრალდება 2019 წელს მომხდარ ამ შემთხვევაზე ასე გრძელდება:
„ბრალდებულებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკურად იძალადეს შს სამინისტროს…. პოლიციის დეპარტამენტის …. სამმართველოს მე-.. განყოფილების უმცროს დეტექტივ დ. ტ-ზე, კერძოდ, დაზარალებულს ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, ამასთან, ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული იყო პოლიციელი, რის გამოც აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ იყვნენ აგრესიულები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დ. ტ-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
სამივე ინსტანციის სასამართლომ საქართველოში მიიჩნია, რომ ეს ქმედება პოლიციელებზე თავდასხმა არ იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წელს მიღებული განაჩენით, ოთხივე ბრალდებულს „პოლიციელზე თავდასხმის“ [სსკ-ის 353-ე პრიმა] მუხლი გადაუკვალიფიცირეს ჯგუფურად ძალადობის მუხლზე [სსკ-ის 126-ე მუხლი], რაც მსუბუქი კატეგორიის დანაშაულია. ორ ბრალდებულს 7-7 ათასი ლარის, დანარჩენ ორ ბრალდებულს კი, 10-10 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
„2019 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათიდან 22:30 საათამდე დროის შუალედში, …. მდებარე „…” ტერიტორიაზე, ლ. ნ-მ, დ. გ-მ, ნ. ჯ-მ და გ. ჯ-მ, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს დ. ტ-ზე, კერძოდ, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს სხეულისა და სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ასევე – ლ. ნ-მ ფიზიკურად იძალადა თ. ბ-ზე, კერძოდ, ხელისა და ფეხის დარტყმით დაზიანებები მიაყენა სახის, ბარძაყის, მარჯვენა მუხლისა და მარცხენა ხელის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.
ამ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განჩინება 2023 წელს მიიღო.
რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველიგაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნოშუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მან შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელი დღეს, 26 თებერვალს კლინიკა „ვივამედიდან“ საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
„როცა შემიყვანეს ბათუმის სამმართველოში, რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული. სხვა არხზე გადართვა მოვითხოვე. „ტვ პირველი“ ხომ არ ჩაგირთოთო. უბრალოდ, რუსული არხი გადართეთ-მეთქი. შემდეგ „ჯიდიესზე“ გადართეს, ფილმი გადიოდა. ცდილობდნენ ინფორმაცია არ მიმეღო, გარეთ რა ხდებოდა“, – გვიყვება მათე ცენტერაძე, ბათუმელი აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი.
მათე ცენტერაძე 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. იმ დღეს პოლიციამ ბათუმში სულ 12 ადამიანი დააკავა. იზოლატორში მომხდარი ამბების მოყოლის შემდეგ მათემ გვითხრა, რომ დაკავება ერთ-ერთი იყო იმ შიშებს შორის, რაც მას ამ დრომდე ჰქონია:
„საკუთარი თავი ბორკილებით არ წარმომედგინა. გამოსვლის შემდეგ, როცა დაკავების კადრები ვნახე, მივხვდი, რომ ეს შიშიც გადავლახე“.
პოლიციის სამმართველოში
„ძველებური, საბჭოთა შენობაა, მოუწესრიგებელი საპირფარეშო. გრჩება შთაბეჭდილება, რომ იქ ყველაფერი ძველი და გაფუჭებულია“, – ასე აღწერენ პროევროპული აქციების მონაწილეები ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს ინტერიერს. აქ სხვადასხვა ოთახში ანაწილებენ დაკავებულებს, ვიდრე იზოლატორში გადაიყვანენ. მათე ამ ოთახებს კაბინეტებს უწოდებს:
„ერთ-ერთში მომიწია გაჩერება. ვცდილობდი გამეგო, როგორ იყვნენ სხვა დაკავებულები, მესმოდა მათი ხმები. პოლიციელები დაბნეულები და არეულები მოძრაობდნენ, თითქოს არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ“.
„თითის ანაბეჭდები აიღეს, სკანერი არ მუშაობდა. ხან კითხულობდა, ხან – არა. ნახევარ საათზე მეტი მოანდომეს“, – გვიყვება ვაჟა დარჩია. ის ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს. ვაჟა დარჩია ბათუმის საკრებულოს წევრია „ლელოდან“.
ოქმის შევსება – ვინ ასწავლის პოლიციელებს ოქმის შევსებას
დაკავების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პროცედურა დაკავების ოქმის შევსებაა. არაერთი დაკავებული გვიყვება, რომ პოლიციელებისთვის ოქმის შევსება არცთუ მარტივი საქმე ყოფილა. მათგან გავიგეთ, რომ ოქმის შესავსებად ბათუმის მთავარ სამმართველოში „თენგოს ეძებენ“, მისი გვარი არ ვიცით.
„თენგომ იცის“, „თენგოს ჰკითხეთ“ – იხსენებენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, რომლებსაც წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანამდე სამმართველოში გარკვეული დროის გატარება მოუწიათ. როგორც ჩანს, თენგო პოლიციელებს ხმოვანი შეტყობინებებით ასწავლის, როგორ შეავსონ დაკავების ოქმი.
„აღმოჩნდა, რომ არის ვიღაც უხილავი ხელი, თენგო, რომლის გარეშეც, პოლიციელები ვერ ახერხებდნენ იმის დაწერას, რომ თურმე ვეძახდით მონებს, ძაღლებს, რუსებს და ასე შემდეგ. ეს, სინამდვილეში, აქციის არც ერთი მონაწილის მხრიდან არ დაფიქსირებულა. ასე შეადგინეს ეს ფეიკოქმები“, – გვიყვება ვაჟა დარჩია.
ვაჟამ ჯერ ლანჩხუთის, შემდეგ სამტრედიის იზოლატორში, ჯამში 5 დღე გაატარა. მას ჯერ უთხრეს, რომ სტიკერის დაკვრის გამო დააკავეს, თუმცა იმ დღეს აქციაზე ვაჟა დარჩიას სტიკერი არ ჰქონია. ოქმში ჩაწერეს, რომ ის პოლიციელებს შეურაცხყოფდა – ღორებსა და რუსებს ეძახდა.
„დაკავების ოქმს ვინც ავსებდა, არ იცოდა რა ჩაეწერა, ვოისი [ხმოვანი შეტყობინება] გახსნა „ვოთსაფში“ და იქიდან იწერდა. კარნახობდენ: „არ აღმოაჩნდა კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება“ და ასე შემდეგ. ამის დაწერაც კი არ შეეძლო. დაატარებდა ჩემი დაკავების ოქმს, იქნებ ვინმეს მოეფიქრებინა, რა ჩაეწერა.
შემდეგ დაწერეს შაბლონურად – პოლიციელზე დაუმორჩილებლობა და მსგავსი. ამიტომაც ოქმზე ხელი არ მოვაწერე. ჩემს სასამართლოზე გავიგე ამ დაკავების ოქმში დამატებით ინფორმაციაზე, რაც შემდეგ მიუწერიათ“, – გვიყვება მათე ცენტერაძე.
ვაჟა დარჩიამ გვიამბო იმაზეც, რომ პოლიციელები დიდხანს ეძებდნენ ფურცლებს ოქმების დასაწერად: „ფურცლები, ფურცლები, სად არის ბიჭო, ფურცლებიო – დარბოდნენ. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ მუშაობს სამმართველოში გამართულად. კომპიუტერთან, სადაც ოქმი შემიდგინეს, რიგი იდგა, სხვა კომპიუტერებში ოქმის დაწერა ალბათ არ ხერხდებოდა“.
კერენ ესებუა ზუგდიდში პროევროპულ აქციებზე დააკავეს. იმ დღეს დააკავეს მარიამ სიჭინავაც. ჯერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, შემდეგ კი ოქმში დაამატეს 174-ე პრიმა მუხლი, როგორც ახსნეს პიროტექნიკის გამოყენების გამო:
„სამმართველოში შემიყვანეს ოთახში, სადაც იყვნენ ქალი პოლიციელები. ისინი კარგად იქცეოდნენ, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პატივისცემით მოგვექცნენ. სამმართველოში ყოფნის დროს გვესმოდა, როგორ მოვიდნენ ჩვენ მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები, გვესმოდა მათი გამამხნევებელი შეძახილები, რა დროსაც ფანჯრებთან არ მიგვიშვეს. ალკოტესტი გავიარეთ. ჩვენთან ოქმიც ჩვეულებრივად შეავსო დამკავებელმა, უპრობლემოდ. როცა წამაკითხეს, ადგილზე გავიგე, რომ დაამატეს 174-ე პრიმა მუხლი, რაც პიროტექნიკის გამოყენებას გულისხმობს. მინდოდა ადვოკატთან გასაუბრება, რაც, ვფიქრობ, განზრახ გააჭიანურეს.“
კერენ ესებუა
საპირფარეშო
მათეს თქმით, მან სამმართველოში საპირფარეშოთი ისარგებლა, რომელიც ძალიან მოუწესრიგებელი იყო:
„მრცხვენია, რომ პოლიციელებს, რომლებსაც სისტემა ფარად იყენებს დღეს, არ აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები. დღევანდელი პოლიცია არც იმსახურებს, თუმცა შემდგომში აუცილებლად გამოსასწორებელია.
კაბინეტში, სადაც შემიყვანეს, იყო ერთი დივანი, იქ მომათავსეს. კიდევ ორი მაგიდა და ორი კომპიუტერი. იქ იყო სეიფიც, რომელსაც ყველა ფუნქცია ჰქონდა, ყავას და შაქარსაც აქ ინახავდნენ.
რუსული არხის ნახვა, სადაც სიმღერები გადიოდა, სამმართველოს შენობაში მართლა შემაძრწუნებელი იყო. მეტი მნიშვნელოვანი იქ არაფერი არ ყოფილა“.
კერენი გვიყვება, რომ საპირფარეშოსთან დაკავშირებით პრობლემა არ შეუქმნიათ: „უბრალოდ, ის არის, რომ ძალიან ცუდი საპირფარეშოები აქვთ. მიგყვება ქალი პოლიციელი, რომელიც თავადაც თავს უხერხულად გრძნობს და ცდილობს ზურგით დადგეს“.
დაკავებულები ხაზგასმით აღნიშნავდნენ სასამართლოში გადაყვანიდან პროცესის დაწყებამდე მანქანაში ლოდინის პერიოდს. „საშინლად გვშიოდა. 14:00 საათსა და 20 წუთზე გადაგვიყვანეს და 22:30 წუთზე დაიწყო პროცესი“, – ამბობს ვაჟა დარჩია.
გინება და ცემა სამმართველოში
„შემოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი, რამაზ კახაძე. მითხრა – მაინც ხომ დაგაკავეთ, შე… ასეთოო, ანუ შემაგინა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გავიდა და უკან დაბრუნების შემდეგ ყავა ან ჩაიო – შემომთავაზა. ვუპასუხე, შენი გაკეთებული ყავა და ჩაი არ მჭირდება-მეთქი.
შემდეგ შემოვიდა სხვა ორი პოლიციელი, შედარებით კეთილგანწყობილი, მათ დაიწყეს დაკავების ოქმის შევსება, ცდილობდნენ ჩემს დამკავებლებად გაესაღებინათ თავი.
მკითხეს, რაზე დაგაკავესო. გამეცინა, შემთხვევით ჩემ მოწმეობას ხომ არ აპირებთ-მეთქი. არა, ღმერთმა დამიფაროს, მე და შენ სუფრასთან უნდა დავსხდეთ, ბათუმი პატარა ქალაქია და კიდევ შევხვდებითო. სასამართლოზე როცა მივედი, სწორედ ის ადამიანი აღმოჩნდა ჩემი „მოწმე“, რომელიც რეალურად არის ცრუ მოწმე ჩემთვის, სასამართლოსთვის კი სისხლის სამართლის დამნაშავეა“, – გვიყვება მათე.
მათე „სპეცოპერაციას“ უწოდებს მომენტებს, როცა მის მიმართ ჯერ სამმართველოში, შემდეგ იზოლატორში კეთილგანწყობა გამოიჩინეს:
„იყვნენ პოლიციელები, მათ შორის მაღალჩინოსნები, რომლებიც ცდილობდნენ თბილად მომპყრობოდნენ. სპეცოპერაციას ვუწოდებ მე ამას, იმიტომ, რომ ეს იყო სრული სპექტაკლი, რასაც აკეთებდნენ.
გადაყვანის დროს მოვიდნენ ახალგაზრდა პოლიციელები, რომლებსაც უარყოფითი დამოკიდებულება არ ჰქონიათ. მათი განათლების დონე იყო ძალიან დაბალი, პროფესიონალიზმის დონეც. მობილურის ეკრანზე ეყენათ შსს-ს ლოგო და ჩემს გვერდით სქროლავდნენ ტიკტოკს. ამოვარდებოდა ვიდეო: შიშველი ქალები, პოლიციელი, შემდეგ შიშველი ქალები. ეს არის ის სამყარო, რაშიც პოლიციელები არიან გამოკეტილები და მეც თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. ეს ხალხი საერთოდ სხვანაირად ფიქრობდა, უფრო სწორად სხვანაირად აფიქრებინებდნენ ამ ყველაფერს“.
მათეს ვკითხეთ, რას გულისხმობს, როდესაც იყენებს სიტყვას -„აფიქრებინებენ“. იგი გვიყვება, რომ იყო მომენტები, როცა არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ პოლიციელი იყო მხარე, მაგრამ ამავდროულად ხვდებოდა, რომ ისინი პოლიტიკის ნაწილი არიან:
„პოლიტიკა იმდენად არის შესული შინაგან საქმეთა სამინისტროში და იმდენად ცდილობენ, რომ ჩანერგონ რწმენა პოლიციელებში, რომ ცუდი ხალხი ვართ და ჩვენი ბრძოლა არ არის სამართლიანი. ვფიქრობ, ძალიან ბევრს მუშაობენ რიგით პოლიციელებზე და ასრულებინებენ, რაც სურთ უფროსობას“.
ვაჟა დარჩიას თქმით, ბათუმის პოლიციის სამმართველოში ყოფნისას ორჯერ გაიგონა ჩხუბის, დაპირისპირების ხმა: „სამმართველოს ჰოლში ისმოდა ძალიან ცხარე დაპირისპირების, კამათის ხმა. შემდეგ გავიგე, რომ მალხაზ ირემაძეს სცემეს“.
„ჩემი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ ჩაუქრათ“
მათე გვიყვება, რომ მისი გადაყვანისას პოლიციელებს ავტომანქანა ორჯერ გაუჩერდათ:
„პოლიციის მანქანა ქრებოდა გზაში. მატარებლის ლიანდაგზე რომ ჩაქრა, ვუთხარი, ჰა, ახლა რას შვებით, გადადით ან მე გადამიშვით-მეთქი. პირველად ლანჩხუთის იზოლატორში ჩავედით, დიდხანს მოგვიწია მანქანაში გაჩერება, ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა დაკავებულების შესახლება იზოლატორებში. პირველად გხვდება ბადრაგი, რომელიც მართლა კეთილგანწყობილია, მათი მოვალეობაა, რომ ასეთები იყვნენ.
ლანჩხუთის იზოლატორში ექიმი არ ჰყავდათ. უნდა დაერეკათ სასწრაფოსთან და ჩვენი გადაყვანის დროსაც სასწრაფო დაგვხვდა, რომელიც შემდეგ სხვა გამოძახებაზე წავიდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ველოდეთ, როდის დაბრუნდებოდა“.
გადაყვანის მომენტზე ვაჟა დარჩიამაც გაამახვილა ყურადღება. მან გვითხრა, რომ პროევროპულ აქციებზე დაკავებულებიდან ოთხი – თავად ვაჟა, მალხაზ ირემაძე, გოდერძი ფრანგიშვილი და მათე ცენტერაძე 48 საათის გასვლის შემდეგ ლანჩხუთიდან სასამართლოში „ესკორტით გადაიყვანეს“:
„მინივენში ოცამდე პოლიციელი გვდარაჯობდა. მე, მათე, გოდერძი და მახო ვიყავით. თავი ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილე მეგონა. წინ მიდიოდა პატარა მანქანა და გაუთავებელი ინფორმაციის გაცვლა იყო – აქ ჩაუხვიეთ, აქ სუფთაა, აქ არა და ასე შემდეგ“.
კერენს კბილის ჯაგრისი არ მისცეს. აუხსნეს, რომ ვინც 24-48 საათით არის დაკავებული, წესები მისთვის ჯაგრისის გაცემას არ ითვალისწინებს.
იზოლატორში
ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებმა ახლა უკვე იციან, რომ ყველაზე სუფთა და მოწესრიგებული ფოთის იზოლატორია.
„სხვებიც ამბობენ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გაგვიმართლა, რადგან ფოთის იზოლატორში წაგვიყვანეს. იქ ბადრაგის დამოკიდებულებაც კარგი იყო, არ იყვნენ აგრესიულები, გვეუბნებოდნენ, ნუ იფიქრებთ, რომ კრიმინალებად გთვლით, ჩვენი ცხოვრება აქ არ დაწყებულა, უბრალოდ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, ქუჩაში რომ შეგხვდებით გვინდა კარგი დამოკიდებულება გქონდეს ერთმანეთის მიმართო.
საკანში ციოდა, ლეიბისმაგვარი იყო რაღაც, თითქმის ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას. ისეთი შეგრძნება გქონდა, რომ რკინაზე იწექი“, – გვიყვება ლუკა ნაცვლიშვილი. ის 12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დააკავეს.
„ლანჩხუთის იზოლატორში საპირფარეშოდან მოდიოდა აუტანელი სუნი. სენაკის იზოლატორში კი ვიმყოფებოდი სიგარეტის მწეველებთან, რის გამოც ძალიან ჭირდა სუნთქვა“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი.
გოდერძი ფრანგიშვილი
ფოთის იზოლატორში დიდი საკანი დამხვდა, სამი საწოლით, მარტო ვიყავი და ყველა დავისაკუთრე – გვიყვება კერენი. როცა გაიგო, რომ 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გააგრძელე, გადაწყვიტა დროის ეფექტურად გაყვანაზეც ეფიქრა. ის საკანში ვარჯიშობდა, საუბრობდა ინგლისურად, ამბობდა ლექსებს და მღეროდა:
„ვღიღინებდი, ინგლისურად ვლაპარაკობდი, სხვები, რომ არ შემეწუხებინა კონტექსტით. დავიწყე ფიქრი, რომ სისტემა ამ ხერხით ცდილობს გაგვტეხოს, შემდეგ მივხვდი, რომ ეს რეალურად საჭირო გამოცდილებაა, მექნება ცოდნა რას ნიშნავს შიგნით ყოფნა, საჭირო გამოცდილებაა. ვვარჯიშობდი, გაწელვებს ვაკეთებდი, არ ვიყავი მოდუნებული.“
საკანს, საკვებს და ძილის შესაძლებლობას ყველა დაკავებული ერთნაირად აღწერს
„საკანი ძალიან პატარა ოთხი იყო, ორსართულიანი საწოლი დგას, საპირფარეშოა მხოლოდ გამოყოფილი ამ პატარა ოთახში.
ორი სკამია, რომელიც ჩამაგრებულია იატაკზე, შუაში მაგიდაა, სხვა არაფერი არ არის.
გაქვს ფანჯარა, რომელიც ატარებს მზის სინათლეს, მაგრამ მეორე იზოლატორში როცა გადამიყვანეს, იქ ფანჯარა გადიოდა დასასვენებელ ოთახში და რეალურად დღის სინათლე არც შემოდიოდა.
რკინის დიდი კარია, პატარა ფანჯარა აქვს, საიდანაც გახედვა არ შეგიძლია, ბადრაგი ყოველ ხუთ წუთში აქედან გამოწმებს. ყოველ ხუთ წუთში რეკავს მაღვიძარა, ამ პატარა ღია ფანჯრიდან ათვალიერებენ, რამეს ხომ არ აშავებს პატიმარი“, – ამბობს მათე ცენტერაძე.
„არ გაქვს ბალიში, არ გაქვს თეთრეული, საწოლზე გიწევს ძილი და ყველაზე ცუდი რაც არის, შუქი არასდროს არ ქრება. შეუძლიათ, რომ დაუწიონ, მაგრამ არასდროს არ ქრება და განათებს თვალებში, პრაქტიკულად შეუძლებელია ძილი.
შუქი თვალებში გირტყამს და გამორთვა არ შეუძლიათ, დაწევის მიუხედავად მაინც შემაწუხებელია. ყოველ მეორე დღეს, დილის ათ საათზე შემოდის დამლაგებელი. ძალიან გაგვიჭირდა ძილი“, – ამბობს ლუკა. – „როცა გამოკეტილი ხარ ოთხ კედელში და ბევრი საფიქრალი გაქვს, დღის განმავლობაშიც ვეღარ ხარჯავ ენერგიას, ძილი გიჭირს“.
რუსული სუპი „მივინა“, „პაშტეტი“ და გემრიელი ჩაი
„კვებას რაც შეეხება, ლანჩხუთის იზოლატორში ამანათების შემოგზავნა შეიძლებოდა და არ გამისინჯავს არაფერი იზოლატორის საკვებიდან. სამტრედიაში ბადრაგები ატყუებდნენ, ამათ იმდენი რამე აქვთ, უკან გაგატანენო – შესაბამისად გვიწევდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის საკვებით გვესარგებლა.
შეგიძლია აირჩიო სამი საკვებიდან ერთ-ერთი: ეს არის პაშტეტი, ხორცის კონსერვი და წვნიანი ერთჯერადი ქაღალდის ჭიქებში. ამ საკვების აღება შეგიძლია მხოლოდ ერთხელ. ანუ, დილით თუ აიღებ წვნიანს, მერე წვნიანს ვეღარ შეჭამ და უნდა ჩაანაცვლო.
ჩაი შეგიძლია რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ შეუკვეთო. ჩაი მართლა გემრიელი აქვთ. ამას ამბობს ნებისმიერი, ვინც იზოლატორიდან გამოდის.
საკვები არის მართლა საშინელი, ერთი პური ორ ადამიანზე მთელი დღის განმავლობაში. ალუმინის დეფორმირებული თეფშებია, როგორც ფილმებში. პაშტეტი არ გამისინჯავს, მივხვდი, რომ იქნებოდა საშინელება, ხორცის კონსერვი შემოდის ალუმინის დეფორმირებული თეფშით. ალბათ იშიმშილებს ადამიანი, რომელიც ვერ ჭამს მსგავს საკვებს. 60 დღემდე გაზრდა ამ ყველაფრის, საშინელებაა“, – ამბობს მათე.
ლუკა ნაცვლიშვილის თქმით კი, მეგობრებს ფოთის იზოლატორში საკვების შეგზავნის პრობლემა არ ჰქონდათ. „იმდენი შემოგვიგზავნეს, ბადრაგიც შოკში იყო, ასეთი არაფერი გვინახავსო.
ფოთში ერთი პიცერიაა, რამდენიმეჯერ გამოგვიგზავნა პიცა. კოლოფზე მხარდასაჭერი წერილი იყო. ძალიან გამითბა გული“, – ლუკა ნაცვლიშვილი.
ხმა, რომელიც იზოლატორის საკანში აღწევს
„შემოდის სხვა პატიმრების ხმები, თუ ბადრაგს ესაუბრებიან.
მახსოვს მაღვიძარას ხმა, რომელიც ყოველ 5 წუთში რეკავს, რომ ბადრაგი გააფრთხილოს, ჩამოვლის დროაო. ამ ხმას თანდათან ეჩვევი და მელოდიასავით ჩაგესმის, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მაღვიძარა ვეღარ მაღვიძებდა.
ყველაზე კარგი ხმა გავიგონე სამტრედიის იზოლატორში. როცა იქ მიმიყვანეს, მითხრეს, რომ ერთ საკანში ქალი იყო, თან დაამატეს, აქციების მონაწილე არ არისო. როცა ამ გოგონას ხმა გავიგე, ბადრაგს დავუძახე, რომ წყალი ჩაერთო ჩემთვის, წყალს ბადრაგი გირთავს გარედან ხელის დასაბანად და ამ ხმის გაგონებაზე იმ გოგომ დაიყვირა საკნიდან – ბათუმელი აქტივისტები ხართო? – ვპასუხობ, რომ კი, შენ საიდან ხარ-მეთქი, ზუგდიდიდანო! მარიამი ხარ სიჭინავა-მეთქი? – კი, თქვენ გენაცვალეთო – იქიდან დაგვიძახა. ჩვენც იგივე დავუძახეთ“.
ლუკა ნაცვლიშვილმა გვიამბო, რომ ორსართულიანი საწოლის მეორე სართულზე იწვა, ფანჯარა ახლოს იყო და იქიდან აღწევდა წვიმის და ქარის ხმა: „სხვათა შორის, წიგნის კითხვას ძალიან უხდებოდა ეს გარემო“, – ამბობს ლუკა.
საკნების გახსნის და ჩაკეტვის, გასაღებების გადატრიალების, ბოქლომების ჩხაკუნის ხმა, მცირე გადალაპარაკებები: „ჩაი გინდა? – შაქარი რამდენი“, „ხელი მომიწერე“…
„ისმის მაღვიძარას ხმა და იწყება შემოვლა, ღია სარკმლიდან გიყურებენ 5 წუთში ერთხელ, რამდენჯერმე გავძახე, აქ ვარ არ წავსულვარ-მეთქი. ბოლოს თვითონაც იცინოდნენ, კიდევ აქ ხარ კაცოოო“, მეხუმრებოდნენ“, – იხსენებს კერენი.
„წარმოიდგინეთ, ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“
პოლიციის სამმართველოს აღწერისას პროევროპული აქციების მონაწილე ლევან ხორავა გვთავაზობს გავიხსენოთ ქართულ ფილმი – „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“. მისი თქმით, ეს მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, რა ნახეს სამმართველოში დაკავებულებმა. ლევან ხორავა ოფიცერია, მას უმუშავია ძალოვან სტრუქტურაში.
„რაღაც პერიოდში შემოვიდა მოდაში, რომ პოლიციის ჩაცმულობა, აღჭურვილობა, შენობები გამჭვირვალე და ლამაზი უნდა ყოფილიყო. სამმართველოში მივაქციე ყურადღება, აი, რაღაც დივანი რომ დევს და წლების შემდეგ სოფელში რომ წაიღებ ისეთი – როგორ გითხრათ, „ცისფერი მთები, ანუ ტიანშანი“ ხომ გახსოვთ, რა გარემო იყო… ეს არის მიახლოებით.
ძველი საბჭოთა მილიციის შენობაა“.
ლევან ხორავა გვიყვება იმასაც, რომ სამმართველოში იყო დაბნეულობა და უხერხულობაც: „ეს იგრძნობოდა. ასე რატომ დაიჩაჩანაკეს თავი, არ ვიცი“.
ლევან ხორავა, როგორც სისტემის ყოფილი თანამშრომელი, საკანში ცალკე იყო. პოლიციელებს სთხოვა, თანამშრომელი ვარ და ცრუ მოწმეებად არ დამიდგეთო:
„ვუთხარი, რომ იქ კამერები იყო და ყველაფერი გადაღებულია, ხვალ და ზეგ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ, ამიტომ ცრუ მოწმეებად ნუ დამიდგებით-მეთქი. ასეთ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა, მაგრამ ეს მაინც გააკეთეს. არ ვიცი, როგორია მათი სინდისის მდგომარეობა, ერთი პოლიციელი მართლა ძალიან ნერვიულობდა ჩემ პროცესზე, ცუდადაც გახდა. შუბლის ძარღვი არ ჰქონდა გაწყვეტილი. მაგრამ ფაქტია – შედეგი იყო ის, რომ დადგნენ ცრუ მოწმეებად“.
საკანში სათვალის გარეშე და არამწეველი მწველებთან ერთად
„11 დღე ერთ საკანში ვიყავით და ერთმანეთი არ გვინახავს“, – ხუმრობენ ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე. ისინი ლანჩხუთის იზოლატორში ერთ საკანში იყვნენ. მათ საკანში სათვალე არ შეატანინეს, უთხრეს, რომ ეს იზოლატორის წესებს ეწინააღმდეგება. ორივე მათგანი ამბობს, რომ სათვალის გარეშე ძალიან რთული იყო.
ვაჟა დარჩია, მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი სამტრედიაში გადაყვანის შემდეგ ერთ საკანში შეიყვანეს. ვაჟა და მალხაზი ხშირად ეწეოდნენ.
„როგორც გაირკვა საქართველოს არც ერთ დროებით მოთავსების იზოლატორში არ არის არამწეველების ოთახი. ყველა საკანს საერთო სავენტილაციო სისტემა აქვს. მაგალითად, ლანჩხუთის იზოლატორში თუ რომელიმე საკანში სიგარეტს ეწეოდნენ, ჩემს საკანში ცივი ჰაერი ქროდა. ძილის დროს თავზე ვიფარებდი ნაჭერს, რომ თავი დამეცვა ცივი ჰაერისა და მუდმივი შუქისგან.
როცა ცივი ჰაერი ჩერდებოდა, მოდიოდა ცხელი ჰაერი, რაც ცუდად მხდიდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტანში ატანდა, შიგნიდან მაშრობდა, მაქედან დამეწყო ხველება, რომელიც დღემდე ვერ მოვიცილე“, – გვიყვება გოდერძი ფრანგიშვილი. ისიც პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, ჯერ ლანჩხუთის იზოლატორში წაიყვანეს, მოსამართლის გადაწყვეტილებისა და ხუთდღიანი ადმინისტრაციული სასჯელი მისჯის შემდეგ კი – სენაკის იზოლატორში.
გოდერძი ვეგეტარიანელია და წუხს იმაზეც, რომ ციხეში არ არის ჯანსაღი, ვეგანური და ვეგეტარიანული საკვები: „ვიკვებებოდი მხოლოდ ოჯახის წევრების მიერ შემოგზავნილი საჭმლითო“.
დაკავებულებიდან ყველა მათგანს საუბარი სურს რამდენიმე მომენტზე – წუხან, რომ პოლიცია პროპაგანდის მსხვერპლია, როცა აქციის მონაწილეებში მათთან დაპირისპირებულ მხრეს ხედავენ.
ლუკა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მამა პოლიციელი იყო და კარგად იცის, რა არის პოლიციის მუნდირი:
„მამა მეუბნებოდა, იცოდე, არც ერთ პოლიციელს, რომელიც მაქ დგას, სინამდვილეში მაქ დგომა არ უნდაო. მე ვფიქრობ პოლიციელს არ უნდა უწევდეს ივანიშვილის დაცვა, ამაში მონაწილეობა“.
უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა.
„უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე.
ისინი ცდილობენ უკრაინელების გატეხას იმ ილუზიის შექმნით, რომ ჩვენ ყველა განწირულები ვართ და ბრძოლას აზრი არ აქვს.
გაიხსენეთ, იგივე ხდებოდა სამი წლის წინ. მაგრამ მაშინ უკრაინა გადარჩა, მიუხედავად ყველა პროგნოზისა, გათვლებისა და კაპიტულაციის შესახებ დარწმუნებისა. ჩვენი პასუხი იყო ისეთი, რასაც ჩვენგან არც ჩვენი მტრები ელოდნენ და არც მოკავშირეები. ეს იყო იმ მეომრების პასუხი, რომლებიც აჩერებდნენ მტრის კოლონებს, ხშირად სათანადო მომზადებისა და თანამედროვე იარაღის გარეშე, მაგრამ ყველამ იცოდა რატომ და რისთვის იბრძოდა. ეს წინააღმდეგობა გაწია ათასობით უკრაინელმა, რომლებმაც პირველად აიღეს ავტომატი ხელში 2022 წლის 24 თებერვალს.
ჩვენი სახელმწიფოს არსებობის შენარჩუნება არის არა უცხო ლიდერებს შორის შეთანხმებების შედეგი, არამედ ფრონტზე ასობით ათასი ჯარისკაცის ყოველდღიური ტიტანური მუშაობის შედეგი.
რუსებით გარშემორტყმულ მარიუპოლში სრულიად გულგრილი ვიყავით იმის მიმართ, რომ ვიღაც უკრაინას დამარცხებისთვის განწირულად თვლიდა და ელოდა, რომ დავთმობდით ჩვენს ტერიტორიებს და დამოუკიდებლობას. თითოეულმა ჩვენგანმა მიზანმიმართულად და თავდაუზოგავად შეასრულა თავისი საქმე, მიუხედავად ანალიტიკოსთა სკეპტიციზმისა და იმედგაცრუებისა, რის დატესვასაც მათ ცდილობდნენ უკრაინელებში.
ძლიერ მტერთან მძიმე ბრძოლების დროს ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდებოდა არა თანამდებობის პირების შორეულ კაბინეტებში, არამედ სწორედ აქ – ბრძოლის ველზე. და ჩვენ მართალი ვიყავით.
სამი წლის შემდეგ ჩვენც ასევე დარწმუნებული ვართ ამაში. ჩვენ ვიხსენებთ იმ რთულ გზას, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გავიარეთ და გვესმის, რომ გვაქვს რაღაც საამაყო და აბსოლუტურად ზუსტად ვიცით ვისთვის და რისთვის ვიბრძოლოთ.
ამ სამი რთული წლის განმავლობაში უკრაინამ დამოუკიდებლობა შეინარჩუნა არმიის წყალობით, რომლის ნამდვილი მხარდაჭერები მოხალისეები და მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ჯარს ფინანსურად უჭერდნენ მხარს. ეს ნიშნავს, რომ დღეს ქვეყნის ბედი დამოკიდებულია მათზე, ვის მხრებსაც უჭირავთ ფრონტი.
უკრაინელი ჯარისკაცის გამბედაობის შურს მსოფლიოს ნებისმიერი ჯარის კაბინეტის გენერალს. უკრაინის გამბედაობასა და თავდადებას პატივს სცემენ მილიონები. უახლესი სამხედრო დოქტრინა, მსოფლიოს უახლესი გეოპოლიტიკური რუკა, უახლესი ისტორია იწერება სანგრებში – იქ, სადაც უკრაინელი ჯარისკაცი მშვიდობას აახლოებს მტრის სამიზნეზე ზუსტი დარტყმებით“ – წერს პროკოპენკო ფეისბუქზე.
„აზოვი“, რომელსაც მოგვიანებით „აზოვის პოლკი“ უწოდეს, 2014 წელს დაარსდა. „აზოვს“ ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ლეგენდარულ უკრაინულ პოლკს, რომლის ჯარისკაცებიც განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან.
2022 წელს „აზოვის პოლკი“, უკრაინის გენშტაბის ბრძანებამდე დანებების შესახებ, იბრძოდა ქალაქ მარიუპოლში, მესაზღვრეებთან, პოლიციასთან, 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადასთან და მარიუპოლის ტერიტორიულ თავდაცვასთან ერთად.
„ქართული ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებები ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს და კრიტიკული მედიის მდგომარეობას საქართველოში კიდევ უფრო დაამძიმებს,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ შეფასებაში მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებაზე.
2025 წლის 24 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა. ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ ხელისუფლება თავად დაადგენს „მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს“, ასევე შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან, რითაც ფაქტობრივად აიკრძალება კრიტიკული მედიის უდიდესი ნაწილი, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ საერთაშორისო გრანტებისგან შედგება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებით, ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზნებია:
დაასუსტოს ან მთლიანად მოსპოს დამოუკიდებელი სამაუწყებლო მედია მისი ფინანსური შემოსავლების წყაროების შეზღუდვის გზით. ეს აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის პასუხი ქართული მედიის საერთაშორისო მხარდაჭერაზე;
მედიაში შემოღებულ იქნეს ცენზურა ან თვითცენზურა და დაწესდეს შინაარსობრივი კონტროლი კრიტიკული არხების პროდუქციაზე. ცენზორის ფუნქცია ჩაბარდება კომუნიკაციების კომისიას, ორგანოს, რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა თავისი მიკერძოებულობა ხელისუფლების სასარგებლოდ და დამოუკიდებელი მედიის საზიანოდ;
შეუქმნას ხელსაყრელი პირობები რუსულ და ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციის გავრცელებას. თუ აქამდე საზოგადოების ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ნაწილი სამთავრობო არხებზე გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების საპირწონედ კრიტიკული არხების მკვეთრად გამოხატული ანტირუსული კონტენტით სარგებლობდა, ამიერიდან მას ალტერნატიულ და კრიტიკულ კომენტარზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდება.
რა იკრძალება?
საკანონმდებლო ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად, იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების [ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალური სიკეთე] მიღება. შესაბამისად, აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრენინგები, მედიის განვითარების პროგრამები და სხვ. გამონაკლისია მხოლოდ თანხის მიღება კომერციული რეკლამის, ტელეშოპინგის, სპონსორობის და პროგრამაში პროდუქტის [საქონლის/მომსახურების] განთავსებისათვის.
ზემოაღნიშნული გამონაკლისის გარდა, ასევე იკრძალება უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება.
„უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო ან ორგანიზაცია, რომელიც ამა თუ იმ ფორმით სხვა სახელმწიფოსთან არის ასოცირებული. აკრძალული იქნება ასეთი პირის მიერ გაწეული ნებისმიერი სახის დახმარება, განურჩევლად იმისა, რაოდენ კეთილშობილურ და ამ ქვეყნისთვის საჭირო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს იგი,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.
როგორ ამკვიდრებს „ოცნება“ ცენზურას?
„ოცნების“ საკანონმდებლო ცვლილებები მედიის თვითრეგულირების მექანიზმს ამცირებს, რაც არის მედიის დამოუკიდებლობის პირობა დასავლეთის ქვეყნებში და ზრდის კომუნიკაციების კომისიის როლს.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც საქმე ეხება ფაქტის ჯეროვან სიზუსტეს და მასზე პასუხის უფლებას, ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქების ვალდებულებას, ომის პროპაგანდაა, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების გადაცემას, მაუწყებლების წინააღმდეგ საჩივარი პირმა შეიძლება წარადგინოს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, რომლის გადაწყვეტილების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია.
საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი, საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება, როგორც თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ისე კომუნიკაციების კომისიაში.
„თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირის მიერ საჩივრის შეტანა დე იურე კვლავ შესაძლებელი იქნება, მაგრამ ფაქტობრივად ეს ფუნქცია კომუნიკაციების კომისიას გადაეცემა, რადგან თუ მიზანი მაუწყებლის დასჯაა, თითქმის ნულის ტოლია იმის შესაძლებლობა, რომ პირმა საჩივარი თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში შეიტანოს და არა კომისიაში,“ – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“.
დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომისიას შეუძლია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, გარემოებების შესაბამისად, წლიური შემოსავლის 0,5%-ის, 1%-ის ან 3%-ის ოდენობით, შეაჩეროს ან გააუქმოს მაუწყებლის ლიცენზია.
ცვლილების თანახმად, „დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა.“
„ეს ნორმა სხვა არაფერია, თუ არა კომუნიკაციების კომისიის აღჭურვა უფლებამოსილებით, ჩაერიოს მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში, რაც აუცილებლად გამოიწვევს შედეგად ცენზურას ან თუნდაც თვითცენზურას.
ასევე დამატებულია მოთხოვნა, რომ საავტორო პროგრამაში ადეკვატურად იქნეს წარმოდგენილი „ყველა საგულისხმო ალტერნატიული მოსაზრება“. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ფაქტის ან აზრის დამახინჯება და განსხვავებული აზრის არასწორი ინტერპრეტირება. ეს ბუნდოვანი ნორმა საშუალებას მისცემს კომუნიკაციების კომისიას „ფაქტის ან აზრის“ დამახინჯებად მიიჩნიოს მაუწყებლის ნებისმიერი ინტერპრეტაცია,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.
„განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა“
ეს ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს კანონის სპეციალურ მუხლზეც, რომელიც ემსახურება „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას“. TI-ის სამართლებრივი ანალიზით, ეს ნორმა ბუნდოვანია და პირიქით, იგი შეიძლება გახდეს მაუწყებლის გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვის საფუძველი.
„მაგალითად, ერთ-ერთი ნორმის თანახმად, „საჯარო ან კერძო დაწესებულების ტერიტორიაზე ვიდეო-აუდიოჩანაწერის მომზადებისას აუცილებელია შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირის თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია საზოგადოებრივი ინტერესით.“
პირველ რიგში სამაუწყებლო მედიისთვის და განსაკუთრებით საგამოძიებო მედიისთვის, ვიდეო-აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვა ნიშნავს, რომ მას ფუნქცია წაართვა.
ასევე, ამგვარი შეზღუდვის მიზნებისთვის საჯარო და კერძო დაწესებულებების ერთმანეთთან გაიგივება და მათ მიმართ დაცვის ერთი და იგივე სტანდარტის მისადაგება დაუშვებელია, რადგან საჯარო დაწესებულება გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებობს და მათ უნდა შეეძლოთ ვინმეს ნებართვის გარეშე მიიღონ, მათ შორის, აუდიოვიზუალური ინფორმაცია საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ.
მესამეც, როდესაც საქმე ეხება გამონაკლისს, კითხვებს წარმოშობს „საზოგადოებრივი ინტერესის“ ცნების შინაარსი. როდესაც მაუწყებელი ამა თუ იმ მოვლენას აშუქებს, იგი ცხადია „საზოგადოებრივი ინტერესით“ ხელმძღვანელობს. სხვა შემთხვევაში მისი პროგრამები საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესო იქნება. რაში მდგომარეობს საზოგადოებრივი ინტერესი, ეს, საინფორმაციო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის სფეროში მიღებული გადაწყვეტილების საგანი უნდა იყოს.
როდესაც ამგვარი ცნება კანონის ნორმის ნაწილი ხდება, მაშინ ამ საკითხის გადაწყვეტის ფუნქცია მაუწყებლის გარეთ – კომუნიკაციების კომისიაზე გადადის, რაც სარედაქციო პოლიტიკაში კიდევ ერთი გაუმართლებელი ჩარევის საფუძველს წარმოშობს.
ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დემოკრატიულ საზოგადოებაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს საკითხი კერძო სამართლის ფარგლებში, პირის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით უნდა გადაწყდეს და არა მაუწყებლის საქმიანობაში ადმინისტრაციული ჩარევის გზით,“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ შეფასებაში.
გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში.
დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე დახმარება ამ ყველაფრის ტრანსპორტირებაში.
შტაბი მდებარეობს 26 მაისის #31-ში (დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში) ვხსნით შტაბს, რომ დავეხმაროთ გურიისა და აჭარის დაზარალებულ სოფლებს,
“ვისაც შეუძლია გვეხმარება ფულით, რითაც ვიყიდით ფოვერ ბანკებს [პორტატული დამტენები], ბავშვებისთვის თბილ ტანსაცმელს, საკვებს, ჰიგიენურ ნივთებს; ასევე მედიკამენტებსა და საკვებს, რომელიც ადვილად არ ფუჭდება [ნახევარ-ფაბრიკატები: წიწიბურა, კონსერვები] და წავიღებთ ოზურგეთამდე” – ამბობს დავითი.
ვინაიდან მაღალი გამავლობის მანქანები კვლავ პრობლემად რჩება, ბათუმიდან წაღებული ნივთებსა და პროდუქტებს ოზურგეთში, ასევე მოქალაქეების მიერ ორგანიზებულ შტაბებამდე მიიტანენ:
„კონკრეტულ სოფლებში, მაღალი გამავლობის მანქანაც შეიძლება ვერ ავიდეს, ამიტომ ამ ეტაპზე სტრატეგია არის ასეთი, რომ შევაგროვოთ ნივთები და მივიტანოთ ოზურგეთში – მთავარ პუნქტებში, საიდანაც ხალხს შეეძლება გადანაწილება“, – ამბობს დავით ჯინჭარაძე – „ტრანსპორტირებისთვის საჭროა ძალიან მაღალი განმავლობის მანქანა, სხვანაირი მანქანით წამოსვლა იქნება პრობლემა”.
მოქალაქეებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველო:
GE57BG0000000687945900 (დ.ჯ.)
GE12TB7872445064300048 (T.K.)
___
დასავლეთ საქართველოში რამდენიმე დღეა დიდთოვლობაა, გურიაში მოსახლეობას არ მიეწოდება დენი, ბუნებრივი აირი და წყალი. გურიის დასახმარებლად შექმნილ მოხალისეების ჯგუფში არაერთი ადამიანი წერს, რომ დიდთოვლობის გამო ესაჭიროება დროული მხარდაჭერა. ვრცელდება ინფორმაციები, დიდთოვლობის გამო სახლების სახურავების ჩამონგრევაზე.
განვითარებულ სტიქიაზე, მთავრობის მხრიდან დაგვიანებული რეაგირების ფონზე, ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან თვითორგანიზდნენ, შეაგროვეს საჭირო პროდუქტები და შესაბამისი აღჭურვილობით გაემგზავრნენ გურიაში. დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა ვებგვერდი moxalise.ge, სადაც მოხალისეებს შეუძლიათ ნახონ დახმარების მსურველთა ადგილმდებარეობა.
ვებგვერდზე არის ღილაკი – „დახმარების მოთხოვნა“. ამ ღილაკის მეშვეობით დაზარალებულ ადამიანს შეუძლია ითხოვოს მოხალისეებისგან დახმარება.
ბათუმიდან გურიის სოფლებში გუშინ, 25 თებერვალს მოხალისეების ათწევრიანი ჯგუფი გაემგზავრა. ისინი ამჟამადაც გურიაში იმყოფებიან.
ამ ჯგუფის წევრი, გიორგი წეროძე ამბობს, რომ ადგილზე რა საჭიროებებიც გამოიკვეთა არის მედიკამენტები [წნევის მარეგულირებლები, ტემპერატურის დამწევი და ტკივილგამაყუჩებლები], ბავშვებისთვის საკვები [0-1.5 წლამდე ასაკისთვის] და ჰიგიენური საფენები; ასევე, ფოვერ ბანკები და სანათი საშუალებები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ამავე დროს, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მთიან რაიონებში:
დღისით: 4 გრადუსი ყინვა – 1 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
მაღალმთიან ზონაში
დღისით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ღამით: 10 – 15 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, 28 თებერვალსა და პირველ მარტს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა.
„ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი.
მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, „ტავ ჯორჯია“ აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა სპეციალური საშუალებებით, რათა აეროპორტი ნებისმიერ მომენტში ყოფილიყო მზად საჰაერო ხომალდის მისაღებად.
ავიაკომპანიებმა მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გასულ ღამეს მიიღეს“ – აცხადებს „ტავ ჯორჯია“.
—
ბათუმში მესამე დღეა არ მოძრაობს მუნიციპალური ავტობუსები, ტაქსით გადაადგილებაზე კი, მკვეთრად გაიზარდა ფასები; სწავლა/აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია სკოლებსა და ბაღებში. მიზეზად მუნიციპალიტეტის მთავრობა უამინდობას ასახელებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 870 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 170]
ტანკი – 10 201 ერთეული [+19]
ჯავშანტექნიკა – 21 183 ერთეული [+15]
საარტილერიო სისტემა – 23 686 ერთეული [+34]
MLRS – 1 299 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 085 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 961 ერთეული [+194]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 38 702 ერთეული [+120]
სპეცტექნიკა – 3 759 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
656 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
44 616 უპილოტო საფრენი აპარატი
597 საზენიტო სარაკეტო სისტემა
21 742 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 522 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
22 042 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
32 121 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო.
თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება.
მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას ეფუძნება, რომელიც მიმალვის საფრთხეს ასახელებს, თუმცა ქათამაძეს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი აქვს, რაც დადასტურებულია.
საია მიიჩნევს, რომ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიმდინარე სამართალწარმოების გათვალისწინებით, აუცილებელია მისი გათავისუფლება და ნაკლებად შემზღუდავი ზომების გამოყენება, რათა მას შესაძლებლობა ჰქონდეს სრულფასოვნად დაიცვას თავისი უფლებები.
„თემურ ქათამაძე 16 იანვრიდან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დავას საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებით.
თემურ ქათამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა, რაზეც 3 დღის ვადაში ეთქვა უარი. გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად კანონმდებლობა 6-თვიან ვადას განსაზღვრავს, ხოლო დაჩქარებული წესით განხილვისას გადაწყვეტილების მიღების ვადა ერთი თვეა. ამ შემთხვევაში საკითხის განსახილველად სამინისტროს მხოლოდ 3 დღე დასჭირდა.
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას თემურ ქათამაძე, ამჯერად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს და ითხოვს სტატუსის მინიჭებას, რადგან თურქეთში მის წინააღმდეგ მიღებულია დაკავების ბრძანება და მას აქვს საფუძვლიანი შიში, რომ საქართველოდან გაძევების შემთხვევაში შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევების საკითხის განხილვა შეჩერებულია.
გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე თემურ ქათამაძის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ბრძანებას საფუძვლად უდევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა.
საკითხის განხილვისას სამინისტროს და შემდგომ უკვე სასამართლო დაეყრდნო პირის მიმალვის საფრთხეს, ვინაიდან, სამინისტროს მითითებით, თემურ ქათამაძეს არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და შემოსავალი. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოში და არსებობს მისი შემოსავლის ქონის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც.
აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, ასევე, შიმშილობის ამ ვადისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებობს საფუძვლები, რომ გაძევების საკითხის განხილვამდე, ნაცვლად მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისა, გამოყენებულ იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ისეთი ალტერნატიული ზომები, როგორიცაა: პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში რეგულარული გამოცხადება, საქართველოს მოქალაქის თავდებობა, საბანკო გარანტია ან გირაო.
იქიდან გამომდინარე, რომ დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად სხვა ალტერნატიული ზომის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება სამინისტროს გააჩნია, ამ მოთხოვნით მივმართეთ სამინისტროს“, – წერს საია.
დღეს, 26 თებერვალს, კლინიკა ,,ვივამედიდან” მზია ამაღლობელს რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაიყვანენ. პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მზია ამაღლობელის სურვილი იყო.
“მზია ამაღლობელს დღეს გადაიყვანენ კლინიკა “ვივამედიდან” პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დაბრუნება მისი სურვილი იყო როგორც შიმშილობის პერიოდში, ისე ახლაც.
ასევე, მას სურს, ადვოკატებთან ერთად პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში,” – ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.
მზია ამაღლობელმა 38 დღე იშიმშილა. მან შიმშილობა დაკავების დღეს, 12 იანვარს დაიწყო უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად.
შიმშილობის 24-ე დღეს, 4 თებერვალს ის კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისათვის.
ამაღლობელი მალევე ითხოვდა უკან, ციხეში დაბრუნებას, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქამდე ექიმები ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას არ აძლევდნენ.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. თუმცა სააპელაციომ არც ეს საჩივარი განიხილა.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.