მთავარი,სიახლეები

უკრაინაში ომის გაგრძელებაში პესკოვი ადანაშაულებს “ომის პარტიას” – ამ ტერმინს იყენებს „ოცნებაც“

03.03.2025
უკრაინაში ომის გაგრძელებაში პესკოვი ადანაშაულებს “ომის პარტიას” – ამ ტერმინს იყენებს „ოცნებაც“

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ „კიევის რეჟიმსა და ზელენსკის მშვიდობა არ უნდათ“ და „მათ ომის გაგრძელება სურთ“.

პესკოვის თქმით, 28 თებერვალს თეთრ სახლში მომხდარმა სკანდალმა აჩვენა, თუ რამდენად რთული იქნება ვითარების დარეგულირება უკრაინაში.

„ამ სიტუაციაში აშკარად არ იქნება საკმარისი ვაშინგტონის ძალისხმევა და მხოლოდ მოსკოვის მზადყოფნა; ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი აკლია“ – თქვა მან.

პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ „კოლექტიური დასავლეთი”, რომელსაც კრემლის პროპაგანდა რუსეთისა და მისი ინტერესების ერთ-ერთ უმთავრეს მტრად მოიაზრებს, ნაწილობრივ კარგავს თავის „კოლექტიურობას“ და ქვეყნების ჯგუფებად იშლება, მაგრამ ყველაზე მებრძოლი ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ომს, ინარჩუნებს თავის პოზიციებს. მან ეს ჯგუფი მოიხსენია, როგორც „ომის პარტია“ – სწორედ ამ ტერმინს იყენებს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული განცხადებებისას.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა ნაწილობრივ დაიწყო „კოლექტიურობის“ დაკარგვა, დაიწყო კოლექტიური დასავლეთის ფრაგმენტაცია, ნიუანსირება რიგი ქვეყნებისა და ქვეყნების ჯგუფების პოზიციებში.

რჩება ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც უფრო შეადგენენ „ომის პარტიას“, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომისა და სამხედრო ოპერაციების გაგრძელების უზრუნველსაყოფად“ – თქვა პესკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა:

„რუსული მხარე აგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რათა მიაღწიოს ყველა იმ მიზნებს, რაც თავიდანვე იყო დასახული”, – თქვა მან.

2022 წლის თებერვალში რუსეთი თავს დაესხა უკრაინას. მაშინ კრემლმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იყო „სამშვიდობო ოპერაცია“ „უკრაინის დემილიტარიზაციისთვის“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: