არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ ინფორმაციით, აჭარის რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დახმარება ესაჭიროებათ.
ცენტრის განცხადებით, ბოლო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში დაფიქსირებული დიდთოვლობის გამო ადამიანები, განსაკუთრებით კი შშმ პირები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“ ოპერატიულად დაუკავშირდა ორგანიზაციის 300-მდე მომხმარებელს აჭარის რეგიონში და გამოავლინა მათი გადაუდებელი საჭიროებები“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით შშმ პირებს სჭირდებათ:
- 16 პირს/ოჯახს ესაჭიროება პირველადი საკვები პროდუქტები;
- 2 პირს/ოჯახს ესაჭიროება სასმელი წყალი;
- 9 პირს ესაჭიროება სხვადასხვა სახის მედიკამენტები (მათ შორის ტკივილგამაყუჩებლები);
- 6 პირს ესაჭიროება ჰიგიენური საშუალებები (მაგალითად „პამპერსი“, ჭრილობის შესახვევი დოლბანდები და ა.შ.)
- 7 პირს ესაჭიროება სატრანსპორტო მომსახურება და სხვა სახის მხარდაჭერა (ექიმთან ვიზიტი, რეაბილიტაციის პროცედურების გავლა, სხვადასხვა სახის ტექნიკის შეკეთება და სხვა).
„სამწუხაროდ, ზემოთაღნიშნული 40-მდე შშმ პირის საჭიროების დაკმაყოფილებას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ შესაბამისი მუნიციპალიტეტები. ამიტომ ორგანიზაცია მოუწოდებს ყველას, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის ბიზნესსექტორს მათი შესაძლებლობის ფარგლებში დაგვეხმარონ შშმ პირთა ზემოთაღნიშნული საჭიროებების დაკმაყოფილებაში“-აცხადებს „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“.
მათივე ინფორმაციით, შშმ პირების დახმარების მიზნით, თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ორგანიზაციის ანგარიშზე TBC ბანკში: GE40TB7143936020100007
გარდა ამისა სურვილის შემთხვევაში მითითებული ნივთები, პროდუქტი შეგიძლიათ მატერიალური სახით მოიტანოთ ორგანიზაციის ოფისში, სამუშაო დღეებში, 11:00-18:00 საათებში. მისამართზე – ბათუმი, ლერმონტოვის ქ.N67/69.“






