1921 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა, უზენაესი სასამართლოს ზედიზედ 5 თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან სტალინური რეპრესიების ჩათვლით პერიოდში საქართველოში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეების კარიერა, ძირითადად, დახვრეტით სრულდებოდა.
ამ 5 მოსამართლის შესახებ საკმაოდ მწირი მონაცემები საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზეც იძებნება:
- დავით ხელთუფლიშვილი – 1921 წელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. „დავით ხელთუფლიშვილი ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა და იგი 1921 წელს დახვრიტეს. მისი ბიოგრაფიული მონაცემები, სამწუხაროდ, ვერ იქნა მოპოვებული,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ინფორმაციის განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ „ბათუმელებს“ ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ირემაძე დაუკავშირდა და უთხრა, რომ დავით ხელთუფლიშვილი არ დაუხვრეტიათ. ირაკლი ირემაძის თქმით, უზენაეს სასამართლოს ინტერნეტგვერდზე მცდარი ინფორმაცია აქვს გამოქვეყნებული და ამის შესახებ იგი სასამართლოს 2018 წელს დაუკავშირდა. ირაკლი ირემაძეს უზენაესი სასამართლო ინფორმაციის ჩასწორებას დაჰპირდა, თუმცა უშედეგოდ.
„საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს – სენატის თავმჯდომარე დავით ხელთუფლიშვილი 1921 წლის თებერვლის დასაწყისში გარდაიცვალა. სრულიად უსაფუძვლოდ შემდგომში გაჩნდა ცნობა, რომ ეს პიროვნება დახვრიტეს კომუნისტებმა. თუმცა აქ აშკარად ისტორიის გაყალბებაა. ცნობილი იურისტი რესპუბლიკის პირობებში გარდაიცვალა, მის სამოქალაქო პანაშვიდს კი ასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის მთელი მთავრობა და დამფუძნებელი კრება. ხელთუფლიშვილი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა საბჭოთა ოკუპაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე,“ – მოგვწერა ირაკლი ირემაძემ.
- გალაქტიონ ვაშაძე – ბოლშევიკური რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლი გახდა უზენაესი სასამართლოს შემდეგი თავმჯდომარეც. ის გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს გამხდარა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მონაცემებით, იგი 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს. მას ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციური ტროცკისტული ორგანიზაციის წევრობა.
- კონსტანტინე ცინცაძე – 1924-1926 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. „1927 წელს გახდა ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლი – გადაასახლეს ჯერ ბახჩისარაიში, შემდეგ – იალტაში, სადაც 1931 წელს გარდაიცვალა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
- ალექსანდრე კაჭარავა – ისიც ბოლშევიკური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ალექსანდრე კაჭარავა 1926-1928 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. „დაიღუპა 1937 წელს ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.
- ივანე ბოლქვაძე – 1931-1937 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, დაიღუპა 1938 წელს, ისიც ბოლშევიკურ-ტოტალიტარული რეჟიმის რეპრესიების შედეგად. ივანე ბოლქვაძე 1937 წლის 10 ივნისს დააპატიმრეს და დახვრიტეს 1938 წელს.
ამ პერიოდის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს შორის რეპრესირებული მხოლოდ ილარიონ ტალახაძე არ ყოფილა. ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო 1928-1931 წლებში.
„დიდი სამამულო ომის წლებში მუშაობდა რესპუბლიკის პროკურორად, უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუშაობა საქართველოში სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე შეფასებულია უარყოფითად,“ – აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით კი, ილარიონ ტალახაძე ჯერ აქტიურად იბრძოდა 1924 წელს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აჯანყების ჩასახშობად, 1937 წელს კი იგი იყო „დიდი წმენდის“ ერთი მთავარი მონაწილე.
1938 წლის შემდეგ რეპრესიების სერია უზენაეს სასამართლოში სრულდება – ქვეყანა და მართლმსაჯულებაც უკვე სრულად რუსეთის პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება. მოსამართლეებიც მშვიდად არიან. წლების შემდეგ უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეებს წლობით აღარ ცვლიან, მაგალითად, 1972 წლიდან 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აკაკი კარანაძე.
ამ თემაზე:
1921 წლის ოკუპაცია – არის მსგავსება ასი წლის წინანდელ მოვლენებსა და დღევანდელობას შორის?