მთავარი,სიახლეები

ლიეტუვამ დაასანქცირა პირები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – საგარეო

03.03.2025
ლიეტუვამ დაასანქცირა პირები, რომლებმაც ცრუ ჩვენება მისცეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – საგარეო

დღეს, 3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხოთ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში ფიგურირებენ.

„შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე, დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას.

ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც თითქმის 100 დღეა აპროტესტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სისტემურ ქმედებებს, რომელიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.

ამასთან,  დღეს ესტონეთმაც დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: