ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართება მოთხოვნით – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
„მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, დღის 2 საათზე დაიწყება.
აქციის მონაწილეები სასამართლოსთან დღის პირველი საათიდან შეიკრიბებიან.
წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.
ამ სხდომაზე მოსამართლე ასევე განიხილავს მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ შუამდგომლობას.
მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია. იგი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
- რა ხდება?
ბათუმის პოლიციის უფროსზე სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით, რომელიც არის მძიმე კატეგორიის დანაშაული და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ნათლად აჩვენებს, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელზე თავდასხმა არ არის.
ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა – „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი]. სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ წარმოადგენს სამართალდარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.
მითითებული გაყალბებული ოქმის საფუძველზე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მოითხოვა მზია ამაღლობელის პატიმრობა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სწორედ ამ გაყალბებული ოქმის საფუძველზე მზია ამაღლობელს უკანონოდ შეუფარდა პატიმრობა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვეს. თუმცა, 14 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაუშვებლად ცნო შუამდგომლობა მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. 19 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ მზია ამაღლობელის საჩივარი კვლავ დაუშვებლად მიიჩნია.
ამავე თემაზე:
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?