მთავარი,სიახლეები

ბათუმში 1000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე კორპუსის ეზოში საპროტესტო წარწერისთვის

06.03.2025 •
ბათუმში 1000 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე კორპუსის ეზოში საპროტესტო წარწერისთვის

დღეს, 6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მოქალაქე თამარ კურატიშვილი 1000 ლარით დააჯარიმა კორპუსის ეზოში შესრულებული წარწერისთვის: „ ირაკლი #ვაფშეარვიცნობ  ბესელიას  გილოცავ დგებუაძე ნათლისღებას“.

„როდის მერეა კორპუსის შიდა ეზო შენობის ფასადი?“ – შეკითხვით მიმართა თამარ კურატიშვილმა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს.

„სხვამ თუ ეს წაიკითხა, მისთვის გასაგები იქნებოდა, რას აპროტესტებდით?“ – სხდომაზე იკითხა მოსამართლემ.
„იმ პერიოდში იყო ეს აქტუალური – ყველამ ნახა ვიდეო, წინა წლებში ერთ-ერთ აქციაზე როგორ უარყოფს დგებუაძე, რომ გრიგოლ ბესელია მისი ნათლიაა… ნათლიის უარყოფაც ამორალური საქციელია. მინდოდა იმის ჩვენება, რომ ეს პოლიციელი იმდენად ამორალურია, ნათლიაც კი უარყო, როცა მას ეს სჭირდებოდა,“- თქვა თამარ კურატიშვილმა.

ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზეც ჟურნალისტ და მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და აქციაზე დაკავებული სხვა პირები არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, თუმცა ირაკლი დგებუაძეს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს.

სასამართლო პროცესი

საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად, 11 იანვრის აქციაზე მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც შენობის ფასადის იერ-სახის დამახინჯებას გულისხმობს. ეს მუხლი პირის დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამიტომაც, მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გააყალბეს და ჩაწერეს, რომ თითქოს ის პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს.

ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვის გაასამართლეს თამარ კურატიშვილიც, თუმცა ირაკლი დგებუაძის უწყებას ამჯერად შეტყობინება მერიის მუნიციპალური ინსპექციისთვის გაუგზავნია, ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კურატიშვილი ამოვიცანით და იმოქმედეთო.

„რატომ ჩათვალეთ, რომ ეს იყო იერ-სახის დამახინჯება?“- მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელს, ბაქარ სირაძეს მიმართა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ.

„არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან გააკეთა წარწერა, ეს არის მუნიციპალიტეტის ტერიტორია,“- უპასუხა მოსამართლეს ინსპექციის წარმომადგენელმა.

„შიდა ეზოს კედელზე გაკეთებული წარწერა შენობის იერ-სახეზე ვერ აისახებოდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, რომელსაც უნდა ჰქონდეს უპირატესი სახე,“- თქვა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა, თამარ წულუკიძემ. ის სასამართლოში თამარ კურატიშვილის ინტერესებს იცავს.

იურისტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ბოლო წლებში ამ მუხლით გათვალისწინებული სახდელი 50 ლარი იყო, რაც ახლა 1000 ლარამდე გაიზარდა.

„გამოხატვის თავისუფლება იმიტომაც არის ფუნდამენტური უფლება, რომ ადამიანებმა ცივილური ფორმით გამოვხატოთ ბრაზის გამოხატვა,“- ბრაზი დაეტყო თამარ კურატიშვილს.

„ფასადი არაა მხოლოდ შენობის წინა მხარე, შეიძლება იყოს გვერდითი ფასადი, შიდა ფასადი…“- დაჯარიმების განმარტება სცადა მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს.

____________________

მთავარ ფოტოზე: წარწერა, რის გამოც თამარ კურატაშვილი 1000 ლარით დააჯარიმეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: