მთავარი,სიახლეები

84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

05.03.2025 •
84 წლის კაცის 13-წლიანი დავა მთავრობის წინააღმდეგ გონიოს მიწებზე – რა თქვა უზენაესმა სასამართლომ

ბათუმელმა ლადო მჟავანაძემ 13-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ სასამართლო დავა მთავრობას უზენაეს სასამართლოში მოუგო. 84 წლის ლადო მჟავანაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილება გონიოს დასახლებაში კიდევ 83 ოჯახზე აისახება.

საუბარია ბათუმში, გონიოში მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 84 ოჯახს 1986 წელს გადასცეს, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია. სადავო მიწის ნაკვეთები დარეგისტრირდა ჯერ ხელვაჩაურის, ხოლო შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

ლადო მჟავანაძეს მიწის საკუთრების აღიარებაზე უარი ბათუმის მერიის მიწის კომისიამ 2016 წელს უთხრა. ეს საქმე ლადო მჟავანაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2023 წელს მოიგო, თუმცა ბათუმის მერიამ და სხვა უწყებებმა გადაწყვეტილება მოხუცს ზემდგომ ინსტანციებში გაუსაჩივრეს.

„ეს საქმე გამოხატავს, რა დრო სჭირდებათ ადამიანებს სამართლის მისაღწევად – 10 და 15 წელია ამისთვის საჭირო. მთავარი ტრაგედია სახელმწიფო ინსტიტუტების არათანმიმდევრულობაა, ერთ სახელმწიფო უწყებას ერთი პოზიცია აქვს, მეორეს – მეორე. არ შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე სახელმწიფო ქონების სააგენტო სხვა რამეს ამბობდეს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო – სხვას, მერია და საკრებულო – კიდევ სულ სხვას,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

ეს ორგანიზაცია იცავდა სასამართლოში ლადო მჟავანაძის ინტერესებს.

უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ბათუმის მერიის მიწის საკუთრების აღიარების კომისიას, ასევე საჯარო რეესტრს გაეგზავნება აღსასრულებლად, თუმცა ანა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, საჯარო უწყებებმა ახალი მიზეზი მოიფიქრონ და გონიოელებს, მათ შორის 84 წლის ლადო მჟავანაძეს, მიწების დარეგისტრირებაზე ისევ უარი უთხრან.

„დავით კოპინაძემ [ბათუმის მერიის მიწის კომისიის თავმჯდომარე] ერთ-ერთ სხდომაზე განაცხადა, რომ არ აპირებს ამ მიწის საკუთრების აღიარებას. არ ვიცით, რას გადაწყვეტს იგი, როცა უკვე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს,“ – დასძინა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებთან“.

ამ საქმეზე ლადო მჟავანაძის ერთ-ერთი მოპასუხე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ის იყო, რომ გონიოში მდებარე მიწების საინვესტიციოდ გამოყენება სურდა.

„გონიოელებისთვისაც მისაღებია, რომ პლაჟთან ახლოს იყოს კარგი გარემო, მაგრამ უნდა არსებობდეს ერთიანი გეგმა… სახელმწიფოს ასევე შეეძლო სამართლიანი კომპენსაციის პრინციპით ემოქმედა – კომპეტენტურ და დამოუკიდებელ აუდიტს შეეფასებინა ამ მიწის ნაკვეთების ღირებულება და შემდეგ მიეღოთ შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება,“ – გვითხრა ანა ბერძენიშვილმა.

ამ თემაზე:

85 წლის კაცის ათწლიანი ბრძოლა ბოსტნის დასაკანონებლად – სასამართლოს არ ნიშნავენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: