ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ქალაქიდან თოვლის გატანაზე ბათუმის მერიის „სანდასუფთავებამ“ ტენდერი გამოაცხადა

06.03.2025 •
ქალაქიდან თოვლის გატანაზე ბათუმის მერიის „სანდასუფთავებამ“ ტენდერი გამოაცხადა

ბათუმში თოვლი თითქმის დადნა, ქალაქის მერიის შპს „სანდასუფთავებამ“ კი ქუჩების თოვლისგან გაწმენდასა და თოვლის გატანაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტექნიკური დავალების მიხედვით „მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე თოვლის გაწმენდის ან/და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა სახის სამუშაოები“.

„სანდასუფთავების“ მოთხოვნის შესაბამისად, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა შესრულდეს. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული და წინადადებების მიღება 8 მარტს დაიწყება.

„სანდასუფთავება“, თავის მხრივ, ბათუმის მერიის იმ ტენდერის გამარჯვებულია, რომლითაც მას 2025 წლის პირველი იანვრიდან ევალებოდა ქალაქის თოვლისაგან გაწმენდა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 224 ათას 420 ლარია გაწერილი.

ამ თემაზე: 100 ტონა მარილი ბათუმის ქუჩებში – თოვლისგან გზების გასაწმენდად 224 ათასი ლარია ქალაქის ბიუჯეტში

20-21 თებერვალს მოსულ თოვლს ბათუმის მერია ფაქტობრივად ვერ გაუმკლავდა. ვერ გაიწმინდა გზები, ვერ ხერხდებოდა ქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა [გზების თოვლისგან გაწმენდა და ნაგვის გატანა, ორივე „სანდასუფთავების“ ვალდებულებაა]; რამდენიმე დღით გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა, სკოლებში შეწყდა სწავლა.

ბათუმში მკვეთრად გაიზარდა ფასები ტაქსით გადაადგილებაზე. ტაქსის გამოძახების აპლიკაციები ჩვეულებრივზე სამჯერ და ოთხჯერ მაღალ ფასს აჩვენებდა და ამავე დროს, გაზრდილი იყო დაცდის დროც.

ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია „ოცნების“ დეპუტატებისთვის ქალაქის საკრებულოში, მადლობა გადაეხადათ ბათუმის მერიისთვის.

ამ თემაზე: „მადლობა, მადლობა… ქედს ვიხრით ბათუმის მერიის სამსახურების წინაშე,“ – ბათუმის საკრებულოს წევრებმა 27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს:

თებერვალში მოსულ თოვლს „სანდასუფთავება“ უნდა გამკლავებოდა, რისთვისაც მას ცალკე ტენდერი გასული წლის დეკემბერში ჰქონდა გამოცხადებული. ამ ტენდერში გამარჯვებულთან შპს „ბონდი-2009“-სთან კი, ხელშეკრულება 29 ათას ლარზე მიმდინარე წლის 9 იანვარს გაფორმდა.

მიუხედავად ამისა, როგორც „სანდასუფთავების“ განაცხადშია აღნიშნული, საჭირო გახდა დამატებითი ტექნიკის დაქირავება ტენდერის გარეშე, რისთვისაც მერიის კომპანიას დამატებით 56 ათასი ლარის გადახდა მოუწევს [„სანდასუფთავებამ“ ჯამში სამი ხელშეკრულება გააფორმა, აქედან ერთი, 29 ათას ლარზე, კვლავ „ბონდი-2009“-სთან – 27 თებერვალს].

„ბონდი-2009“-სთან „სანდასუფთავებამ“ დამატებით კიდევ ორი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერის გარეშე ჯამში 45 500 ლარზე. ამ თანხით „ტექნიკური მარილისთვის შესარევი ქვიშა“ შეისყიდეს.

„სანდასუფთავების“ განაცხადით, რომელიც 27 თებერვლით არის დათარიღებული, ირკვევა, რომ თოვლის მოსვლიდან 6 დღეში „სანდასუფთავებას“ ქვიშაც გამოელია და ტექნიკური მარილიც:

„2025 წლის 21 თებერვლიდან როგორც ქალაქის მასშტაბით, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე მოვიდა უხვი ნალექი [თოვლის სახით]. შპს „სანდასუფთავება“-ს მიერ ინტენსიურად ჩატარდა გზების გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც გაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით განსაზღვრული ქვიშის ოდენობა. ტექნიკური მარილის მარაგიც ამოწურული იყო საწყობში და მარაგის შევსებამდე ორგანიზაციას მოუწია მეტი რაოდენობით ქვიშის გამოყენება. ასევე, სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოეს დღეებში მოსალოდნელი იყო უხვი ნალექი, ყინვები და ამინდის გაუარესება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება“ – წერს „სანდასუფთავება“.

თოვლის გატანა / ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი / 4, მარტი, 2025 წ.

რაც შეეხება დამატებით ტექნიკის დაქირავებას, შესყიდვების სააგენტოს „სანდასუფთავება“ წერს, რომ მას „ევალება ქუჩების წმენდა თოვლის საფარისგან, რათა სატრანსპორტო საშუალებებმა თოვლის დროს შეუფერხებლად შეძლონ გადაადგილება. ბოლო დღეებში ქალაქ ბათუმში და შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსულმა უხვმა ნალექმა თოვლის სახით განაპირობა გადაუდებელი აუცილებლობით ტექნიკისა და მათი ოპერატორების დაქირავების შესყიდვა.

აღნიშნულ სამუშაოებს ვაწარმოებდით ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე „სანდასუფთავება“-ს საკუთრებაში არსებული ტექნიკით. თუმცა ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით აღნიშნული ტექნიკა საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგა გადაუდებელი აუცილებლობის ვითარება.

მოსული და მოსალოდნელი უხვი ნალექიდან გამომდინარე მოძრაობა შეფერხდებოდა ქუჩებში, რასაც შეეძლო გამოეწვია ავტოავარიები და დროებით ხელი შეეშალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის, რაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა ორგანიზაციის ფუნქციონირებას, რადგან ვერ შეასრულებდა ქალაქ ბათუმის მერიასთან ნაკისრ ვალდებულებებს.“ – წერს „სანდასუფთავება“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 27 თებერვალს.

ამავე განაცხადში „სანდასუფთავება“ ხაზს უსვამს, რომ ვერც საკუთარი და ვერც ტენდერით დაქირავებული ტექნიკით სამუშაოებს ვერ უმკლავდებოდა და ამიტომ გახდა აუცილებელი ტექნიკის დამატებით დაქირავება, უკვე ტენდერის გარეშე:

„მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 21 თებერვლიდან გადაუღებელი ნალექის [თოვლი] გამო შპს „სანდასუფთავება“ ვერ შეძლებდა საკუთარი რესურსით და უკვე არსებული ელექტრონული ტენდერით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ვითარების აღმოფხვრას, ვინაიდან გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა მიმდინარეობდა 24 საათის განმავლობაში, გაფორმდა სამი ხელშეკრულება სხვადასხვა მომწოდებლებთან, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნდათ გზების წმენდისათვის საჭირო სპეცტექნიკა.“

თოვლის გატანის მიზნით ტექნიკის დაქირავებაზე დამატებით ექვსი ხელშეკრულების [სხვადასხვა პირთან] გაფორმების შესახებ „სანდასუფთავებამ“ შესყიდვების სააგენტოს დღეს, 2025 წლის 6 აგვისტოსაც მიმართა. ეს ხელშეკრულებები უტენდეროდ ჯამში 90 000 ლარზეა დადებული [„საფასურის ანაზღაურდება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად“ – წერს „სანდასუფთავება“ სააგენტოს].

„სანდასუფთავების“ განაცხადებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ანალოგიური ვითარების დადგომის შემთხვევაში მერიის კომპანიას არც მომავალში ექნება შესაბამისი ტექნიკა ქუჩების თოვლისგან გასაწმენდად და ასევე, არ იქნება საკმარისი არც ის ტექნიკა, რომელსაც ახალი ტენდერით დაიქირავებს.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ტენდერში გამარჯვებულს ქალაქიდან თოვლის გატანა, დიდი ალბათობით, აღარ მოუწევს, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბრამდე იქნება. დღეიდან ახალ წლამდე პერიოდში კი, იმის ალბათობა, რომ ისეთი თოვლი მოვიდეს, როგორც 21 თებერვალს, დაბალია.

შესაბამისი ტექნიკის არქონის მიუხედავად, ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ სპეცტექნიკის ყიდვის წინააღმდეგია:

რაც შეეხება „სანდასუფთავების“ მიმდინარე ტენდერს, აქ წინადადებების მიღება 2025 წლის 10 მარტს დასრულდება.

ტენდერის ტექნიკური დავალების მიხედვით: 

  • „მომწოდებელი უზრუნველყოფს ყველა ხარჯს სპეცტექნიკის ექსპლუატაციისათვის, საწვავის ხარჯის ჩათვლით; გრეიდერის, წინაციცხვიანი დამტვირთავებისა და თვითმცლელების ტრანსპორტირება, მომსახურების გაწევის ადგილზე.
  • მიმწოდებელმა ტექნიკის ადგილზე მიყვანა უნდა უზრუნველყოს შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 საათის განმავლობაში [შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერი ფორმით].
  • საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს 24 საათიან რეჟიმში.
  • სპეცტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მომწოდებელი ვალდებულია ჩაანაცვლოს იგი სხვა ანალოგიური სპეცტექნიკით.
  • მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელმა უნდა მოახდინოს თოვლის დატვირთვა თვითმცლელებზე. თვითმცლელების საშუალებით უნდა უზრუნველყოს ანახვეტი თოვლის გაზიდვა 15 კმ მანძილზე [ნაგავსაყრელ პოლიგონზე ან შემსყიდველის მითითებულ მისამართზე.]“

ტენდერით დასაქირავებელი ტექნიკის ჩამონათვალი:

  • „გრეიდერი – არანაკლებ 1 ერთეული [სიგრძე არანაკლებ 8000 მმ, დანის სიგანე – არანაკლებ 3000 მმ. შესასრულებელი მომსახურების საათობრივი რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200 სთ].
  • წინაციცხვიანი დამტვირთავი – არანაკლებ 2 ერთეული [მრავალფუნქციური წინა ციცხვი (კოვში). ციცხვის მოცულობა – არანაკლებ 1 კუბური მეტრი. ციცხვის ტვირთამწეობა მაქსიმალურ სიმაღლეზე – არანაკლებ 2500 კგ. ციცხვის აწევის სიმაღლე – არანაკლებ 2500 მმ. შესასრულებელი მომსახურების საათობრივი რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200 საათი].
  • არანაკლებ 18 კუბური მეტრი ტევადობის თვითმცლელი – არანაკლებ 2 ერთეული [რეისების რაოდენობა ჯამურად – არაუმეტეს 200].“

ამავე თემაზე

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

 

მთავარი ფოტო: ბათუმის მერიის შენობა / 6.03.2025

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: