მთავარი,სიახლეები

მოსამართლემ გიორგი კირთაძე მტკიცებულებების გარეშე, „შინაგანი რწმენით” დააჯარიმა

06.03.2025
მოსამართლემ გიორგი კირთაძე მტკიცებულებების გარეშე, „შინაგანი რწმენით” დააჯარიმა

დღეს, 6 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გიორგი კირთაძეს ასევე ჩამოართვა იარაღის ტარების უფლება 3 წლით.

გიორგი კირთაძე 12 იანვარს საპროტესტო აქციაზე დააკავეს მაშინ, როცა იქ პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას აკავებდნენ.

შსს-ს წარმომადგენლის, მარიამ კერესელიძის მტკიცებით, გიორგი კირთაძემ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია პოლიციელებს ელენე ხოშტარიას დაკავების დროს.

„ერთი ვიდეომტკიცებულება მაინც შეგიძლიათ მაჩვენოთ, სადაც ჩანს ჩემი მხრიდან ხელშეშლა?“- შსს-ს წარმომადგენელს მიმართა გიორგი კირთაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ აქციას პირდაპირ ეთერშიც კი გადასცემდნენ, გარდა ამისა, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ.

ეს ვერც შსს-ს წარმომადგენელმა უარყო, თუმცა მან შესვენების დროს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მოსამართლემ მტკიცებულებების ერთობლიობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მათ შორის, იმ მოქალაქის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელსაც გიორგი კირთაძის დაკავების დროს უკითხავს: „იმიტომ აკავებთ, რომ წინ გადაგიდგათ?“

შსს-მ ამ საქმეზე მხოლოდ ერთი მოწმე პოლიციელი წარმოადგინა.

შსს-მ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებებიც, სადაც ჩანს, რომ გიორგი კირთაძე საპროტესტო აქციას ესწრება. სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეო შსს-ს არ წარმოუდგენია.

ამ საქმეზე მკაფიოდ გამოჩნდა, რამდენად ერთიერთში ასრულებს პროკურატურის და შსს-ს მოთხოვნას სასამართლო – მაგალითად, კანონის მიხედვით, თუ სასამართლო კონკრეტულ ქმედებაში სამართალდარღვევას დაინახავს, სახდელის ფორმა და ზომა თავად სასამართლომ უნდა განსაზღვროს.

გიორგი კირთაძის საქმეში კი, გარდა იმისა, რომ მტკიცებულება შსს-ს არ წარმოუდგენია, შსს-ს წარმომადგენელმა, მარიამ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ის გიორგი კირთაძის დაჯარიმებას და იარაღის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.

„დაჯარიმდეს და ჩამოერთვას იარაღის ტარების უფლება,“- გაიმეორა მოსამართლე სალიხ შაინიძემაც.

დამაჯერებლობისთვის მოსამართლემ დასძინა – „შინაგანი რწმენის საფუძველზე“ მივიღე გადაწყვეტილებაო.

დარბაზში ჩაიცინეს.

მოსამართლეს ეს აღარ შეუმჩნევია.

იხილეთ ვიდეო:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: