აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ აჭარაში ახალი კულტურის სამინისტრო შექმნა და მინისტრად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ელისო ბოლქვაძე დანიშნა, რომელიც მე-10 მოწვევის პარლამენტში კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო.
აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ახალი სამინისტროს შექმნის მიზეზად აჭარაში კულტურის დიდი პოტენციალი დაასახელა.
ელისო ბოლქვაძე ერთ-ერთია „ქართული ოცნების“ იმ 85 დეპუტატთაგან, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა.
ერთი მხრივ, ელისო ბოლქვაძე მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ პოლიტიკას, მეორე მხრივ კი, ხშირად მოგზაურობს ევროპაში.
2024 წლის მაისში მას პარიზის აეროპორტში ქართველმა ემიგრანტებმა „მონა“ დაუძახეს და ასე შეახსენეს, რომ ის ემსახურებოდა არა საქართველოს, არამედ კრემლის ინტერსებს. „შენ რა გინდა პარიზში? შენ მოსკოვში უნდა მიდიოდე, მონა“ – უთხრეს მას ემიგრანტებმა.
„ოცნების“ მინისტრად დანიშნულმა ელისო ბოლქვაძემ პირველი მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა, შემდეგ კი – არალეგიტიმურ მთავრობას.
„განსაკუთრებული ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო, შემდეგ ჩვენს პრემიერს ირაკლი კობახიძეს და რა თქმა უნდა, ბათუმი, აჭარა ეს არის ის რეგიონი, სადაც კულტურა, კულტურის პოტენციალი იქნება ძალიან განვითარებადი და გავაკეთებთ ძალიან საინტერესო პროექტებს,“ – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ელისო ბოლქვაძე UNESCO-ს მშვიდობის ელჩია. მას შემდეგ, რაც მან „ოცნების“ რუსულ პოლიტიკას დაუჭირა მხარი, საქართველოს პენცენტრმა წერილით მიმართა UNESCO-ს და მოუწოდა, ჩამოერთვათ მისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსი.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლქვაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ხელმომწერია, არ იმსახურებს ამ სტატუსს.
აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში კულტურის სამინისტროსთვის 44 482 700 ლარია გამოყოფილი, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობის გრაფაში 1 893 ადამიანია მითითებული. ამავე ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის კულტურის სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასებისთვის წელს 21 634 600 ლარი დაიხარჯება.
2024 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის 118,3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აქედან, სამინისტროში დასაქმებული 2 385 პირისთვის კი ხელფასებში ჯამში – 29,7 მილიონი ლარი.
მიმდინარე 2025 წელს აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროსთვის 116,3 მილიონი ლარია გამოყოფილი. აქედან 528 დასაქმებულის ხელფასებისთვის, ჯამში, 15,3 მილიონი ლარი დაიხარჯება.
თუ წინა წელს გაერთიანებულ სამინისტროში ჯამში დასაქმებულთა რაოდენობას გაყოფილ ორ სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობას შევადარებთ, 2025 წელს განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში 36-ით მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული, ვიდრე წინა წელს იყო.
სამივე სფეროში კი ჯამში 42 მილიონით მეტი ლარი უნდა დაიხარჯოს ბიუჯეტიდან 2025 წელს, ვიდრე 2024 წელს დაიხარჯა.






