მთავარი,სიახლეები

დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

05.03.2025
დაკავება გაყალბებული ოქმით – მზია ამაღლობელის პირველ დაკავებაზე სასამართლო 6 მარტს გაიმართება

6 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 3 საათზეა ჩანიშნული.

4 მარტს ჟურნალისტი და გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი – მზია ამაღლობელი მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა პატიმრობაში დატოვა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის საპროტესტო აქციაზე თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შს სამმართველოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის. მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი კი, მის ადმინისტრაციულ საქმეში არსებული გაყალბებული ოქმი გახდა – ადმინისტრაციული დაკავების ოქმის მიხედვით, მზია ამაღლობელი პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს [ასკ-ის 173-ე მუხლი].

სინამდვილეში კი, დაკავების დროს გადაღებულ და გავრცელებულ ვიდეო კადრში არა მხოლოდ ჩანს, თუ როგორ აკავებს მზიას „სტიკერის“ გაკვრის გამო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, არამედ ისმის კიდევაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრისთვის აკავებენ 150-ე მუხლით.
გარდა იმისა, რომ სტიკერის გაკვრა ადმინისტრაციულ შენობაზე არ არის სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ასევე, არ არსებობს ამავე კოდექსის 150-ე მუხლით პირის დაკავების უფლება. ამდენად, გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელი დააკავა უკანონოდ და იმ სამართალდარღვევის გამო, რომელიც მას არ ჩაუდენია.

მიუხედავად იმისა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენაზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია, სამართალდარღვევაზე მითითებით მოითხოვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების ყველა მკაცრი ზომის გამოყენება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი კი ამ გაყალბებულ ოქმს დაეყრდნო.

ხვალინდელ სხდომაზე შსს-ს წარმომადგენლებმა უნდა ამტკიცონ, რომ მზია ამაღლობელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს – დაკავების დროს გადაღებულ ვიდეოკადრებში კი ჩანს, რომ მზია ამაღლობელი უსიტყვოდ მიჰყვება გრიგოლ ბესელიას, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს.

ადვოკატები ამ საქმეზე მოსამართლის აცილებას ითხოვენ – სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის ნათესავია [დეიდაშვილის სიძე]. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის მიხედვით, „მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის მხარის, ან მისი წარმომადგენლის ნათესავია“.

ნათესავად, კანონის მიხედვით, ითვლებიან დანათესავებული პირები [მოყვრები], ასევე პირები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოჯახურ ურთიერთობაში არიან დაკავშირებულნი.

საიას იურისტის, ირმა აბაშიძის თქმით, მოსამართლე ხვალინდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას აცილების შესახებ შუამდგომლობაზე. მოსამართლეს ამ შუამდგომლობის განხილვა სხდომამდეც შეეძლო. თუ მოსამართლე საქმეს აიცილებს, ამ შემთხვევაში საქმეს სხვა მოსამართლეს გადასცემენ.

ამ თემაზე:

„გამოძიებას უნდა, რომ ქექოს მზიას პირადი და პროფესიული ცხოვრება“ – მაია მწარიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: