მთავარი,სიახლეები

აშშ-ის მიერ დახმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება რეგიონში – ISW

02.03.2025
აშშ-ის მიერ დახმარების შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება რეგიონში – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის [ISW] უახლეს ანგარიშში აღნიშნულია, რომ აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინაში მნიშვნელოვნად ზრდის რუსეთის შანსს, მოიგოს ომი, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს რუსული აგრესიის გაძლიერება და ახალი ტერიტორიების მიტაცება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებენ ისეთ ამერიკულ სისტემებს, როგორიცაა Patriot-ი, HIMARS-ი და ATACMS-ი, რათა დაიცვან ქვეყანა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან, გაანადგურონ მტრის მიწოდების ჯაჭვები და შეარყიონ რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული პოტენციალი.

„აშშ-ს სამხედრო და ფულადი დახმარების შეწყვეტა, რომელიც მიმართულია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, შეიძლება დაეხმაროს რუსეთს, მოიპოვოს უპირატესობა უკრაინაში ბრძოლის ველზე, რაც გაზრდის რუსეთის გამარჯვების ალბათობას უკრაინაში.

რუსეთი გამოიყენებს აშშ-ის მიერ უკრაინისადმი დახმარების შეწყვეტას, რათა მიიტაცოს მეტი ტერიტორიები უკრაინაში და შეეცდება ამოწუროს ევროპული მხარდაჭერა – ეს მიდგომა პუტინმა გამოკვეთა თავის გამარჯვების თეორიაში.

აშშ-ის დახმარების შეწყვეტა უკრაინისთვის და რუსეთის შემდგომი მიღწევების შესაძლებლობა, გაამყარებს პუტინის რწმენას, რომ რუსეთს შეუძლია დაიპყროს და გააკონტროლოს უკრაინა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის – ნატოს წევრი ქვეყნებიც“ – წერს ISW-ი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარების შეწყვეტა ძირს უთხრის პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებულ მიზანს – დამყარდეს მდგრადი მშვიდობა უკრაინაში. ამავე დროს, უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა გამოიწვევს აშშ-ის გავლენის შემცირებას მსოფლიოში და გაამხნევებს აშშ-ის მოწინააღმდეგეებს.

ISW-ი მიუთითებს რუსეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბლოკზე, რომელიც მიზნად ისახავს შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების დამარცხებას მთელს მსოფლიოში:

„შეერთებული შტატების დახმარება უკრაინაში არის აშშ-ის ერთგულების დემონსტრირება, დაიცვას დემოკრატიები მიმდინარე და მომავალი აგრესიისგან მთელ მსოფლიოში…

რუსეთის ხელმძღვანელობით, ბლოკი ეძებს მარტივად სამართავ განხეთქილებებს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს შორის, რათა მოახდინოს შეერთებული შტატების იზოლაცია და დასუსტება გლობალურ ასპარეზზე, რაც მოწინააღმდეგეებს გაძლიერების და აშშ-თვის იმის კარნახის საშუალებას აძლევს, თუ სად და როგორ შეიძლება ჩაერთოს მსოფლიო მოვლენებში შეერთებული შტატები“ – წერენ ანალიტიკოსები.

ამავე დროს, ISW-ი ხაზგასმით წერს, რომ ომის დამთავრების მთავარი დაბრკოლება არის პუტინი და არა ზელენსკი.

ზელენსკი ადასტურებს თავის მზაობას მოლაპარაკებების გზით უკრაინაში სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად… პუტინი და კრემლის სხვა მაღალჩინოსნები, პირიქით, მუდმივად ადასტურებენ განზრახვას უკრაინის ომის თავდაპირველი მიზნებისადმი, ეს არის უკრაინის სრული კაპიტულაცია, უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის შეცვლა პრორუსული მარიონეტული მთავრობით და უკრაინის ერთგულება ნეიტრალიტეტისა და დემილიტარიზაციისადმი – წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.

_____________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/ EPA-EFE

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: