ბათუმის მერია ახალი მიკროავტობუსებისთვის ავტომატური საკეტების ყიდვას აპირებს 

ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ახალ მიკროავტობუსებზე კარების საკეტების შეცვლას გეგმავს. უფრო ზუსტად, მიკროავტობუსის კარზე, რომელიც მექანიკურად იღება და იკეტება, ავტომატურ ელექტრონულ საკეტს დაამონტაჟებენ.

რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან საკეტების მონტაჟზე ჯერ უცნობია. „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსის კარის ავტომატური საკეტი მექანიზმის მონტაჟის ფასის დასადგენად ამ ეტაპზე ბაზარს იკვლევს.

ტექნიკური დავალების მიხედვით: „მგზავრის შესასვლელი კარის ავტომატური საკეტი მექანიზმი წარმოადგენს მოწყობილობას, რომელიც მონტაჟდება უშუალოდ მიკროავტობუსის კარზე და უზრუნველყოფს კარის ავტომატურ გაღება-დაკეტვის პროცესს. მოწყობილობის მართვა ხდება მხოლოდ მძღოლის მიერ ღილაკის მეშვეობით. მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მექანიზმის ძრავები დაფარული უნდა იყოს ლითონის ფირფიტით.“

დაინტერესებულმა პირებმა „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ თავიანთი წინადადებები – შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულების შესახებ, 2024 წლის 16 ოქტომბრამდე უნდა წარუდგინონ.

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ მიკროავტობუსების ტექმომსახურეობის ფასის დასადგენადაც იკვლევს ბაზარს.

100 ახალი მიკროავტობუსის [კატეგორია: M2, ბრენდი: FORD, მოდელი: Transit 460E, გამოშვების წელი: 2024] შესასყიდად ბიუჯეტიდან 16 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კარის ავტომატური საკეტი კი, ტენდერში თავიდან არ იყო მოთხოვნილი [შესაბამისად, მისი ფასი ამ თანხაში არ შედის].

მიკროავტობუსები ბათუმში 2024 წლის ივლისში შემოიტანეს და წინასაარჩევნოდ ახალ ხაზებზე სექტემბრიდან დანიშნეს.

გარდა იმისა, რომ მუნიციპალური ავტობუსების კარები მექანიკურად იღება და იკეტება, არცერთი ეს მიკროავტობუსი არ არის ადაპტირებული შშმ პირებზე:

ეტლით მოსარგებლე ადამიანები არ გაგვითვალისწინეს – არაადაპტირებული მიკროავტობუსები ბათუმში

ახალი მიკროავტობუსები ბათუმში უკვე არსებულ მუნიციპალურ სამარშრუტო ხაზებზე არ დაუნიშნიათ. მათი ნაწილი ბათუმის ტერიტორიაზე რამდენიმე ახალ ხაზზე მოძრაობს, უმეტესობა კი – ბათუმისა და ხელვაჩაურის სოფლების დამაკავშირებელ ახალ ხაზებზე.

რა მარშრუტით მოძრაობენ ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფლებში მუნიციპალური მიკროავტობუსები

აღსანიშნავია, რომ არსებულ, ანუ „ძველ“ სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ლიცენზიას/ნებართვას ბათუმის მერია კონკურსის წესით გასცემს, სადაც ბოლო წლებში თითქმის ერთი და იგივე კერძო კომპანიები იმარჯვებენ.

ბოლო აუქციონის პირობის მიხედვით ბათუმში ყოველდღიურად ჯამში 250 მიკროავტობუსი უნდა მოძრაობდეს „ძველ“ ხაზებზე, თუმცა მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და თითქმის არცერთ ხაზზე არ არის დაცული ინტერვალი მიკროავტობუსებს შორის.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დღეს ხაზებზე ყოველდღიურად დაახლოებით 150-მდე მიკროავტობუსი თუ მოძრაობს, ლიცენზიას კი ვადა პირველ დეკემბრამდე აქვს. შესაბამისად, ახალი კონკურსია გამოსაცხადებელი, რომელიც დეკემბრამდე დასრულებული უნდა იყოს.

მერიაში ამბობენ, რომ კონკურსის პირობებზე მუშაობენ, თუმცა, მოსალოდნელია „ძველი“ სამარშრუტო ხაზების შემცირება, რასაც საკრებულოს დადგენილება სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ „ძველ“ ხაზებზე მოძრავი მიკროავტობუსების კარები ავტომატურ საკეტებზეა, მერიაში ამბობენ რომ ეს მათი მოთხოვნა არ ყოფილა. იქნება თუ არა ახალ საკონკურსო პირობებში ავტომატური საკეტის ვალდებულება – ამ კითხვაზე ბათუმის მერიაში ვერ გვიპასუხეს.

რაც შეეხება ბათუმის ტერიტორიაზე მოძრავ ახალ მიკროავტობუსებს, მათი სამარშრუტო ხაზები ჯერ საკრებულოს დამტკიცებული არ აქვს. მერიაში ამბობენ რომ ეს საცდელი ხაზებია და დასამტკიცებლად საკრებულოს ცოტა მოგვიანებით წარუდგენენ.

„რაც შეეხება ხელვაჩაურის სოფლებში მოძრავ მიკროავტობუსებს, ხელშეკრულება ხელვაჩაურის მერიასთან არის გაფორმებული“ – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

ამავე თემაზე:

ბათუმი 100 მიკროავტობუსს იყიდის

 

 

„ვალდებულებების შესრულებამდე არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა“ – ბრიფინგი ბათუმში

„მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა,“ – განაცხადა დღეს, 11 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე აზა გაბუნიამ, რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრია.

ბრიფინგზე გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგისკენ მოუწოდეს, რომ კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

საუბარია ახალ ცათამბჯენებზე – ბათუმში ხელოვნური კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.

„14 აგვისტოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს  გადაწყვეტილების  ბრძანების შესაბამისად, „ამბასადორ ბათუმი აილენდს” ახალი ვალდებულებები დაეკისრა, ნაწილის შესასრულებლად  სამთვიანი პერიოდი მიეცა, მითითებული ვადის ამოწურვამდე ერთი თვეა დარჩენილი, თუმცა არცერთი ვალდებულება ამ დრომდე  არ არის შესრულებული.

ამ ფონზე კომპანია ნახევრად მშენებარე კუნძულზე 5 ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვას ითხოვს,“ – განაცხადა აზა გაბუნიამ.

„ჩემთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრისთვის, ინფორმაცია ამ პროექტზე არის დამალული, დახურული,“ – ამბობს ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი და „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის წევრი.

ვაჟა დარჩია და აზა გაბუნია

„ეს კუნძული საერთოდ ამოღებულია ბათუმის გენერალური გეგმის დოკუმენტიდან, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს სამომავლოდ ქალაქის ურბანულ პოლიტიკას და მასში ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილია 2 მილიონ ლარზე მეტი.

წარმოუდგენელია ქალაქში შენდებოდეს ცალკე ქალაქი და ის არ იყოს ასახული დოკუმენტში, რომელიც ასახავს ქალაქის სამომავლო ურბანულ პოლიტიკას,“ – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

12 ოქტომბერს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასო იქნება – „ნოტები შემოდგომიდან“

შაბათს, 12 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გიორგი გაბრიჩიძის სახელობის ზღვისპირა პარკში ღონისძიება – „ნოტები შემოდგომიდან“ გაიმართება.

12 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებისათვის ბაღში შესვლა უფასო იქნება.

ბოტანიკური ბაღის ცნობით, „ნოტები შემოდგომიდან“ წელს ბოტანიკური ბაღის გეგმურ ღონისძიებათა სიაში შევიდა საქართველოს ტრადიციული მეღვინეობა-მევენახეობის დარგის კიდევ უფრო პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, და ამასთან, ბაღის ვიზიტორთა მზარდი ინტერესიდან გამომდინარე.

ღონისძიებაში 30-ამდე კერძო პირი და ორგანიზაცია მონაწილეობს.

ქობულეთში კაცმა მეზობელი წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოკლა – პროკურატურის ვერსია

პროკურატურამ ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, კიდევ ერთი პირის მიმართ მკვლელობის მცდელობის, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე“.

პროკურატურა წერს, რომ შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ „8 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი ოჯახური კონფლიქტის დროს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას, რის შემდგომაც ბრალდებულმა მეზობლად მცხოვრები მამაკაცი წარსულში არსებული უთანხმოების გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

ბრალდებულმა ასევე მეორე პირის მიმართ მოკვლის განზრახვით გასროლა განახორციელა“.

ბრალდებული იმავე დღეს, ცხელ კვალზე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია მკვლელობის იარაღი, და ასევე, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ორი პირის მიმართ), 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

არჩევნებში ხმის მისაცემად 8 საათის გზაზე მივდივარ – სტუდენტი ბათუმიდან

წელს არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს 18 წლის ნათია ვანაძე. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო მმართველობის მეორე კურსზე სწავლობს.

ნათიას არჩევნებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. სტუდენტი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მივა არჩევნებზე.

  • ნათია, რატომაა თქვენთვის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

მინდა ეს მთავრობა დასრულდეს.

ჩემი აზრით, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებზე წასვლა, რადგან ჩვენი ერთი ხმა ყველაფერს ცვლის. ჩვენ ვართ ის, ვისაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია და როცა არ მოგწონს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, უნდა შევცვალოთ.

ვფიქრობ, არ გამოგვადგება ნიჰილისტური დამოკიდებულება თუ გვექნება. თუ ფიქრობ, რომ 3-4 მილიონ ადამიანში ერთი ხმა არაფერს შეცვლის, იმედგაცრუება, პარტიების ხედვებზე ინფორმაციის ნაკლებობა… პირიქით, საზოგადოებას უნდა მოვუწოდოთ, დავარწმუნოთ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის ბედისთვის.

ჩვენ გვინდა, შევცვალოთ მომავალი. ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში, გვქონდეს უკეთესი განათლება, გვქონდეს ურთიერთობა ევროპის წამყვან ქვეყნებთან და ვფიქრობ, არჩევნები მთავარი ბერკეტია, რომელიც ამ და სხვა დადებით ცვლილებებს მოგვიტანს.

ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკეთებთ არჩევანს ევროპასა და რუსეთს შორის. რა გვინდა – ევროპა, როგორც განვითარების სიმბოლო, თუ რუსეთის ჭაობი.

თუ დავრჩებით ამ ხელისუფლების პირობებში, მგონია, რომ არაფერი გამოგვივა და მომავალი წაგვერთმევა ახალგაზრდებს. აუცილებელია, ყველა მივიდეთ არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ვთქვათ რა გვინდა.
  • როგორი განწყობაა ბათუმელ ახალგაზრდებში თქვენი დაკვირვებით? აპირებენ წასვლას?

კი. ჩემი ყველა მეგობარი თუ ნაცნობი მიდის არჩევნებზე. ყველა ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით არჩევნებს, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით.

ისეთი მონდომებულები არიან ახალგაზრდები… ვიცი, რომ ბევრ პროექტში მონაწილეობენ. მეც ვმონაწილეობ, სადაც ვეცნობი, როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მაგალითად, აუცილებლად უნდა გავაფერადოთ და არ შემოვხაზოთ ჩვენი არჩევანი, შემდეგ კი სხვებს ვაცნობთ.

  • უნივერსიტეტში, ლექციებზე თუ საუბრობთ, განიხილავთ მოახლოებულ არჩევნებს?

კი, სხვათა შორის განიხილება. ჩვენ ახლა გვაქვს საუნივერსიტეტო პროექტი და გვინდა, რომ არჩევნებამდე მოვასწროთ. ეს იქნება იმიტირებული არჩევნები უნივერსიტეტში, რაც სტუდენტებს მისცემს ცოდნას.

  • თუ ცდილობთ ოჯახის წევრების, ნათესავების დათანხმებას, ყველა მათგანი წავიდეს არჩევნებზე?

ჩემს მშობლებს და ბებია-ბაბუას ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ არჩევნებზე. აქ არ ვარ ჩაწერილი და ხმის მისაცემად მივდივარ სოფელში, რომელიც 8 საათის მანძილზეა. არჩევნებზე წავალ ბებოსთან ერთად ნინოწმინდაში, სოფელ სპასოვკაში.

  • მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას ეტყოდი?

რატომ აკეთებენ ამას? – ჩემი პირველი კითხვა ეს არის.

რატომ გვართმევენ გამიზნულად მომავალს?

სად არიან მათი შვილები? – ევროპაში. სად იღებენ განათლებას? – ევროპაში. „დაბალ რგოლებს“ გვჩაგრავენ და ჩვენთვის არ ემეტებათ?!

  • პირველ რიგში რა გინდათ შეიცვალოს არჩევნების შემდეგ?

პირველ რიგში განათლების სისტემას მოვაწესრიგებდი. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია კორუფციის აღმოფხვრა. ეს მინდა, რომ შეიცვალოს.

  • რა როლი აქვთ ამ პროცესში უნივერსიტეტებს?

უნივერსიტეტები უნდა იყვნენ მობილიზებული, რომ გაავრცელონ არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ჩაატარონ შეხვედრები, ტრენინგ-კურსები, რომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მაგრამ ეს ჩვენ უნივერსიტეტში არ იგრძნობა და თვითმმართველობიდან ხომ – საერთოდ.

ჩვენ ევროპული მომავლისკენ მივისწრაფვით. დიდი განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის, თუ როგორი თავისუფლები არიან… ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ახლა და ვფიქრობ, ბოლომდე ვიბრძოლებთ.

უნივერსიტეტების თვითმმართველობები აქტიურები უნდა იყვნენ ახლა, აღელვებდეთ მიმდინარე პროცესები და ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.

  • თუ იყავით რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე?

აქციებზე მისვლით გამოვხატავდი, რა მინდა. გამოვხატავდი, რომ ევროპული მომავლისთვის ვიბრძვი. ისევ წავალ აქციებზე, თუ ამის საჭიროება გახდება.

ვფიქრობ, ყველა უნდა გავიდეს აქციებზე, ვისაც შინაგანი პროტესტი აქვს და დადგეს ხალხის გვერდით. არ უნდა მოვექცეთ „ზემოდან“ ზეწოლის ქვეშ. არ უნდა შეგვეშინდეს.

ამავე თემაზე:

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ოქტომბრის 21 საათიდან 12 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 13 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 666 340 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 8 953 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 17 800 ერთეული [+35]
  • საარტილერიო სისტემა – 19 322 ერთეული [+59]
  • MLRS – 1 229 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 329 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 837 ერთეული [+70]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 398 ერთეული [+84]
  • სპეცტექნიკა – 3 396 ერთეული [+10]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 419 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 607 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 470 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 988 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 145 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას წერენ საკონსტიტუციოს მოსამართლეები რუსულ კანონზე – განსხვავებული აზრი

ორი მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონი უნდა შეეჩერებინა. ამ მოსამართლეებმა „რუსული კანონის საქმეს“ განსხავებული აზრი დაურთეს.

ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ, მას ამ კანონის შეჩერება შეეძლო, თუმცა 2024 წლის 9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებაზე უარი თქვა. რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა. კიდევ ერთი მოსამართლე, ირინა იმერლიშვილი კი, სარჩელის განხილვაში არ მონაწილეობდა.

რატომ მიიჩნია ორმა მოსამართლემ, რომ რუსული კანონი უნდა შეჩერებულიყო? – „ბათუმელები“ მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თემურ ტუღუშის „განსხვავებულ აზრს“ სრულად გთავაზობთ:

გამოვხატავთ რა ჩვენი კოლეგებისადმი – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრებისადმი პატივისცემას, ამავე დროს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 ოქტომბრის №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერთან დაკავშირებით.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს: ა) გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და ბ) (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

2. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ (მედია) ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც მოეთხოვებათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი კი ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტებად არანებაყოფლობით რეგისტრაციის შესაძლებლობას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე.

3. რაც შეეხება (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების განმსაზღვრელ ნორმებს, ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი და მე-6 მუხლი ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განაცხადისა და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას.

გასაჩივრებული ნორმა ადგენს, თუ რა კატეგორიის ინფორმაცია უნდა აისახოს ხსენებულ დეკლარაციაში, ხოლო მისი ფორმა მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ და მასში დეტალურად მიეთითება ინფორმაცია, ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ, მათ შორის, ორგანიზაციის მიერ გაწეული ხარჯების მიმღებ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი, სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა). საფინანსო დეკლარაცია ქვეყნდება საჯაროდ.

ამავე დროს, სადავო კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ანიჭებს უფლებამოსილებას, კანონით დადგენილი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმების მიზნით, ჰქონდეს წვდომა ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემის, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული მიზნით კი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, საჭირო ინფორმაცია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირისგან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულებისგან.

4. მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონში გამოყენებული ტერმინები, მათი ნეგატიური შინაარსის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ აყენებს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების დამოუკიდებლობას და წარმოაჩენს მათ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ხსენებული სახელდება იწვევს (მედია) ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას და ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ორგანიზაციებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით ფუნქციონირება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ რეპუტაციას და ხელს შეუშლის საქმიანობის განხორციელებაში.

ამგვარი ზიანის გამოსწორება კი, თავის მხრივ, შეუძლებელი იქნება შემდგომში, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

5. ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების კონტექსტში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე აპელირებდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება, მოიპოვოს და გაასაჯაროოს ნებისმიერი ხასიათის პერსონალური მონაცემი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. აღნიშნული კი წარმოშობს როგორც ორგანიზაციაში დასაქმებულთა, ასევე მესამე პირთა პირადი ცხოვრების ხელყოფისა და ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეშლის რისკებს.

6. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე და მიიჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პერიოდში, (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა არ წარმოადგენს შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, აღნიშნული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მოხდება დამდგარი შედეგების უკუქცევა და იმ მდგომარეობის აღდგენა, რაც არსებობდა სადავო ნორმების ამოქმედებამდე. ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, სადავო რეგულირებებისათვის მოქმედების ძალის შენარჩუნება იმგვარად შეარყევს ამ ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობას და დააზიანებს მათ რეპუტაციას, რომ, შედეგად, მოხდება მათი საქმიანობის პარალიზება (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე–58-ე პარაგრაფები).

ორგანიზაციაში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საკანონმდებლო ბაზის სისტემური ანალიზის, სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილებებისა და სადავო რეგულირების პრაქტიკაში გამოყენების გათვალისწინებით, არ იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გამო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე და, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საფუძველი (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 69-ე–74-ე პარაგრაფები).

7. მიგვაჩნია, რომ ჩვენმა კოლეგებმა, წინამდებარე საქმის ფარგლებში, არასწორად შეაფასეს ის შედეგები, რომლებიც შეიძლება, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციებისათვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაციას.

სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, სახელმწიფოს მიერ (მედია) ორგანიზაციებისთვის ცალსახად ნეგატიური კონოტაციის მქონე სახელის დარქმევა და ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, a priori მოიაზრებს რა მათ სხვა სუბიექტების ინტერესების გამტარებელ პირებად, რაც ფუნდამენტურად აზიანებს (მედია) ორგანიზაციების საქმიან რეპუტაციას, სანდოობას და საზოგადოებაში აჩენს მათდამი მტრულ, მასტიგმატიზებელ დამოკიდებულებას.

მიგვაჩნია, რომ ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით, სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულებას, სახელმწიფოს მიერ/მისი სახელით შექმნილი სტიგმის ქვეშ ფუნქციონირებას, ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ შეუქცევადად დაარღვიოს (მედია) ორგანიზაციების უფლებები, რომელთა აღდგენა ვერ მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი.

8. გარდა ამისა, ჩვენი პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე უნდა შეეჩერებინა იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

ამ კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და სხვა საკანონმდებლო აქტები, რომელთა ანალიზის შედეგადაც დაასკვნა, რომ მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება მისთვის პრობლემური პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება.

რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემულ კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. ამასთანავე, სადავო კანონით (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის ფარგლებს ვერ ამცირებს სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგება, რამდენადაც სადავო ნორმები ინფორმაციის მოპოვების უფლებასა და ფარგლებს დამოუკიდებლად აწესრიგებს.

ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება, სადავო ნორმებიდან მომდინარე შეზღუდვის შინაარსთან და სახელმწიფოს მიერ მოპოვებადი/გამოქვეყნებადი ინფორმაციის ფარგლებთან მიმართებით, არსებითად მცდარია. მივიჩნევთ, რომ სადავო ნორმების შინაარსის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ეძლევა, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების და საჯაროდ გამოქვეყნების უფლება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მყისიერი და შეუქცევადად დარღვევის საფრთხე.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხზე მსჯელობისას უნდა დადგინდეს, შეიცავს თუ არა სადავო ნორმების მოქმედება გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალურ და მყისიერ საფრთხეს, შესაძლებელია თუ არა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გზით, ამგვარი საფრთხის თავიდან აცილება, რამდენად არსებობს გამოუსწორებელი შედეგის დადგომის თავიდან აცილების სხვა, ალტერნატიული შესაძლებლობა, ისევე, როგორც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით, სხვა პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხეც (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის №1/7/681 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“;

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 20 მაისის №1/3/452,453 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

ხსენებულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, განსხვავებული აზრის ავტორები, ცალ-ცალკე შევაფასებთ სადავო ნორმების მოქმედების საჭიროებას, როგორც სუბიექტთა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების საკითხთან მიმართებით.

1. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება

10. მოსარჩელეთა პოზიციით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭება იწვევს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათ დამოუკიდებლობას, ობიექტურობასა და სანდოობას, აგრეთვე ხელს უშლის ორგანიზაციების ეფექტიან ფუნქციონირებას, რაც, საბოლოო ჯამში, განაპირობებს მათი უფლებებისა და თავისუფლებების შეუქცევადად დარღვევას.

11. სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის გადასაწყვეტად, აუცილებელია, უპირველესად, გაანალიზდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული სუბიექტების – (მედია) ორგანიზაციების ინსტიტუციური მახასიათებლები, როლი და ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო შემდეგ შეფასდეს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ საქმიანობაზე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებასა და ამ სახელით რეგისტრაციის ვალდებულებას.

12. სადავო კანონის მოქმედება ვრცელდება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მედია ორგანიზაციებზე. საქართველოს კანონმდებლობით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოადგენს საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს.

ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებს/მასში გაერთიანებულ პირებს ამოძრავებთ საერთო იდეების რეალიზებისა და მიზნების მიღწევის სურვილი, ხოლო ამ მიზნების მიღწევის ეფექტიან, ხშირ შემთხვევაში კი, უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს გარკვეული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბება და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების გაერთიანება/მოზიდვა, სხვაგვარად, დამოუკიდებელი სუბიექტუნარიანობის მქონე იურიდიული პირის დაფუძნება. სათანადო ფორმით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი მისი დამფუძნებლების, თანამშრომლების, ისევე როგორც მასთან საქმიან თუ სხვა ტიპის ურთიერთობაში მყოფი პირების მხრიდან აღიქმება/უნდა აღიქმებოდეს როგორც წესდებით განსაზღვრული, საკუთარი მიზნების მისაღწევად შექმნილი დამოუკიდებელი სუბიექტი.

13. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შესაძლოა, შეიქმნას მრავალი სხვადასხვა მიზნის მისაღწევად, იქნება ეს ადამიანის უფლებების, მათ შორის, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა და ადვოკატირება, არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნა, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მმართველობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა თუ სხვა.

ამ მიზნების მიღწევა კი შეუძლებელია იზოლირებულად, სახელმწიფო სტრუქტურებთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან თანამშრომლობის, საზოგადოების წევრებთან კომუნიკაციისა და მათი ჩართულობის გარეშე.

როგორც ზემოხსენებული ორგანიზაციები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული საზოგადოებების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებაში, ისე საზოგადოებრივი აზრი, სოციუმის დამოკიდებულება ამ ორგანიზაციებისადმი ახდენს ფუნდამენტურ გავლენას მათ რეპუტაციასა და საქმიანობის ეფექტიანობაზე.

14. ამდენად, (მედია) ორგანიზაციების ფუნქციონირების იმანენტური ნაწილია თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საკუთარი სახელით, დამოუკიდებლად მოქმედება/პოზიციონირება და საზოგადოების მხრიდან მათი ამგვარად აღქმადობა. სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი მედია საშუალებების, ისევე, როგორც სოციალურ ურთიერთობებში ჩართული თუ ხელისუფლების საქმიანობის გარედან შემფასებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიმართ დამოუკიდებლობის აღქმადობის დაკარგვამ შესაძლოა, გამოიწვიოს მათი საქმიანი რეპუტაციისა და ავტორიტეტის შელახვა, პროფესიული უნარებისა და შესაძლებლობების დაკნინება, დისკრედიტაცია და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შეფერხება.

15. ამ კუთხით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მისი მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს – (მედია) ორგანიზაციებს ანიჭებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს. სხვისი ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად მოხსენიება, თავისთავად, იწვევს ასოციაციას, რომ ესა თუ ის პირი მოქმედებს არა დამოუკიდებლად, თვითდასახული მიზნების მისაღწევად, არამედ სხვა პირის მითითებით/დავალებით.

16. სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინების მკვეთრად უარყოფით შინაარსზე მიუთითებდა განმწესრიგებელ სხდომაზე მოწვეული სპეციალისტიც – ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ენობრივი მონაცემების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების გამგე – მარინა ბერიძე.

კერძოდ, სპეციალისტის განმარტებების, ისევე, როგორც მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი კვლევის – „საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ლინგვისტური ანალიზის“ თანახმად, ტერმინოლოგიური და კორპუსლინგვისტური მეთოდებით ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სადავო კანონში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს: „უცხოურ ძალას“ და „ინტერესების გამტარებელს“ ქართულ ენობრივ და სოციალურ-კულტურულ სივრცეში გააჩნიათ მკვეთრად უარყოფითი/ნეგატიური მნიშვნელობა.

17. სადავოდ გამხდარი ტერმინები, პრაქტიკულად, ახდენს განურჩევლად ყველა ორგანიზაციის მიკერძოებულ სუბიექტებად წარმოჩენას, ხაზს უსვამს რა ამ ორგანიზაციების სხვაზე დამოკიდებულებას და გამორიცხავს ორგანიზაციის/მისი დამფუძნებლების ავტონომიურ ნებელობას. ნორმატიულ დონეზე სახელმწიფოს ამგვარმა პოზიციონირებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაცია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათი სანდოობა და საზოგადოებაში გაჩნდეს მათდამი მტრული, მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება.

18. ანალოგიური პოზიციაა გამოთქმული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის თაობაზე“ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის დაჩქარებული წესით მომზადებულ დასკვნაში, რომლის თანახმადაც, კანონს შემოაქვს სპეციფიკური კატეგორია და იარლიყი იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც დაფინანსების ნაწილს უცხოეთიდან იღებენ, ცალკეული სუბიექტების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ გამოყოფამ კი შესაძლოა, შელახოს მათი რეპუტაცია და მათ მიმართ უნდობლობის ატმოსფერო გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ იძლევა საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ დაფინანსება გავლენის ტოლფასია, უბრალო იარლიყიც კი საკმარისი იქნება ორგანიზაციის სტიგმატიზაციისა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მისთვის ძირის გამოთხრისათვის (იხ., ხსენებული დასკვნის 71-ე–72-ე პარაგრაფები).

19. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სახელდება არა მხოლოდ უარყოფს (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობას, არამედ მათ წარმოაჩენს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად. ზემოხსენებული სტატუსის მინიჭებით, სადავო კანონის რეგულირების ქვეშ მოქცეული ორგანიზაციები წარმოჩენილია, როგორც სხვაზე დამოკიდებული სუბიექტები, რომლებიც ასრულებენ/შეასრულებენ უცხო ძალის მითითებებს და იმოქმედებენ, მათ შორის, საქართველოს ინტერესებთან შეუსაბამოდ.

20. არ გამოირიცხება, რომ რიგი (მედია) ორგანიზაციები, კონკრეტულ შემთხვევებში, მართლაც ასრულებდნენ უცხოური ძალის მითითებებს, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ბუნებრივი მდგომარეობა არის საკუთარი მიზნების შესაბამისად საქმიანობა. ასეთად ქმნის მას კანონმდებლობა და, შესაბამისად, როგორც წესი, ამ განწყობით მოქმედებენ მისი დამფუძნებლები და ასეთია მათ მიმართ საზოგადოების აღქმა.

მაგალითად, ერთ-ერთი მოსარჩელის ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს საზოგადოების გაძლიერება და მისი ინკლუზიურობისა და ინფორმირებულობის გაზრდა. ამ მიზნით, ინსტიტუტი მუშაობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, იცავს ადამიანის უფლებებს, ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგვას და ამზადებს ინფორმაციულ ანგარიშებს, ხარისხიან კვლევებს და რეკომენდაციებს; ინსტიტუტი ადვოკატირებას უწევს ახალ ინიციატივებს და არსებული პოლიტიკის, კანონებისა და პრაქტიკის რეფორმებს.

მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ გააჩნია საკუთარი, მკვეთრად გამოხატული მიზნები და ამოცანები, როგორც კი იგი მოექცევა სადავო კანონის მოქმედების სფეროში, მიიჩნევა, რომ ამ ორგანიზაციის მიზნები ნიველირდება და იგი მოქმედებას იწყებს სხვა პირის მითითებებით/მისი ინტერესებისათვის.

21. სადავო კანონი შემოსავლის (20%-ზე მეტი) წყაროს ინტერესებსა და ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებს შორის ტოლობის ნიშნის დასმით, დამოუკიდებელი ორგანიზაციების სანდოობისა და ობიექტურობის პრეზუმფციის უარყოფას ახდენს, რამდენადაც ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის ან/და მედია ორგანიზაციებისათვის დაფინანსების მიღება წარმოადგენს (და ასეთად აღიქმება კიდეც) საკუთარი მიზნების განხორციელებაში ხელშეწყობის მექანიზმს და არა სხვისი მიზნების მსახურების ინსტრუმენტს.

22. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს, რომ საქართველოში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული მოტივაციითა და მიზნებით (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 51-ე პარაგრაფი). რიგ შემთხვევებში, კონკრეტული (მედია) ორგანიზაციების დაფინანსების მიზანი შეიძლება მართლაც იყოს უცხოელი დამფინანსებლის ინტერესების გატარება/ლობირება. ამგვარი ორგანიზაციებისათვის სადავო კანონში მითითებული სახელდების – უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მინიჭებას, შესაძლოა, ჰქონდეს სოციუმის ინფორმირების მიზანი, რათა საზოგადოების წევრები გაფრთხილებული იყვნენ, იცოდნენ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ქმედებებს ახორციელებს სხვა, უცხოური ძალის სახელით/მისი მითითებების შესაბამისად.

თუმცა სადავო კანონში გამოყენებული ტერმინები, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების ფაქტს, ყველა შემთხვევაში, აიგივებს უცხოური ძალის ინტერესების გატარებასთან და ერთ სიბრტყეში მოიაზრებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეალურად მოქმედებენ სხვა, უცხოური სუბიექტების მითითებით/დავალებით და იმ (მედია) ორგანიზაციებს, რომლებიც დამოუკიდებლად, საკუთარი მიზნების მისაღწევად საქმიანობენ.

შედეგად, ის საერთო ფასეულობები, იდეები და ინტერესები, რომლის გარშემოც პირები ერთიანდებიან და ნებაყოფლობით პლატფორმას ქმნიან, სადავო ტერმინოლოგიით დაკნინებულია, არ იწოდება ეროვნულად, ორგანიზაციების საქმიანობა დაყვანილია დამფინანსებლებისათვის მარტოოდენ მომსახურების გაწევამდე.

23. ამდენად, სადავო ტერმინოლოგიით, კანონის ფარგლებში მოქმედი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ასოცირდებიან არა ეროვნული ფასეულობების დამცველ, საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის აუცილებელ ელემენტებად, არამედ ცხადდებიან უცხოური ინტერესების მსახურებად და ამ ძალას დაქვემდებარებულ სუბიექტებად.

24. ამასთანავე, სადავო ნორმები არა მხოლოდ ახდენს (მედია) ორგანიზაციების ნეგატიურ კონტექსტში სახელდებას, არამედ ასევე მოითხოვს მათგან, თავად მიმართონ სახელმწიფო ორგანოებს, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსის მისაღებად.

როგორც აღინიშნა, ხსენებული სახელდება დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახველია, აქვს მათი ობიექტურობისა და სანდოობის შელახვის და ამ ორგანიზაციების ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეშლის პოტენციალი. აღნიშნულის აღქმადობა კიდევ უფრო მწვავდება, როდესაც (მედია) ორგანიზაციას აიძულებენ, თავად მიმართოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, სადავოდ ქცეული სტატუსის მისაღებად და დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში, მაშასადამე, ასეთად მოახდინოს თვითიდენტიფიცირება/თვითაღიარება.

25. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში, ორგანიზაციებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში მოუწევთ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსით საქმიანობა. ხსენებულმა კი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი რეპუტაცია და ხელი შეუშალოს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას.

26. მასტიგმატიზებელი ტერმინების ენაში განგრძობადად გამოყენების შესაძლო შედეგებზე ასევე მიუთითებდა სპეციალისტი მარინა ბერიძე, რომელმაც განმარტა, რომ ენობრივ კორპუსში ტერმინების ამა თუ იმ შინაარსით დამკვიდრებას ხელს უწყობს მათი მრავალჯერადი გამოყენება, ხოლო, თუკი უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინი ასოცირდა კონკრეტულ სუბიექტთან, ძალიან დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს სოციუმის ცნობიერებიდან ამ ასოციაციური კავშირის გაქრობას.

ნორმატიულ დონეზე სუბიექტთა კონკრეტული კატეგორიისათვის მასტიგმატიზებელი სახელდების მინიჭება და, მით უფრო, ამავე სახელწოდებით რეესტრში რეგისტრაცია, ბუნებრივად ზრდის მათი გამოყენების სიხშირეს, შედეგად კი, ხელს უწყობს ენაში კონკრეტული ტერმინების/ამ ტერმინთან დაკავშირებული ასოციაციების ჩამოყალიბებას და საზოგადოების ცნობიერებაში დამკვიდრებას.

27. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა გააჩნია სრულყოფილი დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბების, სამართლის უზენაესობისა თუ კონსტიტუციური უფლებების სათანადოდ რეალიზების თვალსაზრისით.

ამგვარი ტიპის ქვეყნებში (მედია) ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების/განვითარების, საჯარო გადაწყვეტილებების მიღებისა და მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის/ინფორმირებულობის კუთხით, თუმცა ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა, მით უფრო, საზოგადოების რიგითი წევრების მონაწილეობის უზრუნველყოფა რთული ან შეუძლებელი იქნება, თუკი სოციუმში არ იარსებებს (მედია) ორგანიზაციებისადმი ნდობა, რწმენა იმისა, რომ ეს ორგანიზაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად.

საზოგადოების მხრიდან ნდობის მოპოვება და არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულების დაძლევა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა ამის საპირისპიროდ, ისედაც ფრაგმენტირებულ საზოგადოებაში, შედარებით მარტივია (მედია) ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებით, მათდამი ნდობის გაქრობა და მტრული გარემოს შექმნა.

28. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ (მედია) ორგანიზაციებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს ანიჭებს სახელმწიფო. უდავოა, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა და საჯაროდ გაცხადებული პოზიციები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესზე.

ბუნებრივია, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ნდობა სახელმწიფოს სახელით შესრულებული მოქმედებების მიმართ და არსებობდეს მათი სისწორის პრეზუმფცია. შესაბამისად, სახელმწიფოს ოფიციალურ ქმედებებს და გამოხატულ პოზიციებს აქვთ საზოგადოების აზრზე, მის ფორმირებაზე ზემოქმედების პრეტენზია/პოტენციალი.

სახელმწიფოს მიერ კონკრეტული (მედია) ორგანიზაციებისათვის უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელის დარქმევამ, მათი დამოუკიდებლობის უარყოფამ და ყველა მათგანის უცხოური ძალების მითითებების/ინტერესების შემსრულებლებად წარმოჩენამ, შესაძლოა, საზოგადოებაში გააჩინოს (მედია) ორგანიზაციებისადმი მასტიგმატიზებელი დამოკიდებულება, ხოლო ამ ნეგატიური დამოკიდებულების, სოციუმის ცნობიერში დამკვიდრებული უარყოფითი ასოციაციების შეცვლა შესაძლოა, ვერ მოხდეს ძალიან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

29. ამასთან ერთად, სადავო კანონით, იმ (მედია) ორგანიზაციებისათვის, რომლებიც საკუთარი ნებით არ დარეგისტრირდებიან მათი რეპუტაციის შემლახავი სტატუსით, ითვალისწინებს როგორც ამ სტატუსის იძულებით მინიჭებას, ისე კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო, მკაცრი ფინანსური სანქციების დაკისრების შესაძლებლობას.

შედეგად, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ სუბიექტებს, მათი ნებითა თუ ნების საწინააღმდეგოდ, მაინც ენიჭებათ მასტიგმატიზებელი სახელი და ამ სტატუსით უწევთ ფუნქციონირება. ამასთანავე, მათ შეიძლება დაეკისროთ საკმაოდ დიდი რაოდენობის ფინანსური სანქციები და ამით დამატებით შეფერხდეს მათი საქმიანობა.

ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონში გამოყენებულმა უარყოფითი კონოტაციის მქონე ტერმინებმა, ამგვარი სახელით რეესტრში რეგისტრაციამ და რეპუტაციის შემლახავი სტატუსის ხანგრძლივმა ასოცირებამ (მედია) ორგანიზაციებთან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს (მედია) ორგანიზაციების სანდოობა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას და, რიგ შემთხვევებში, გამოიწვიოს კიდეც მათი პარალიზება, რაც, საბოლოო ჯამში, მიუთითებს გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რეალური საფრთხის არსებობაზე.

30. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად სახელდებისა და ამავე სახელით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულების დამდგენი ნორმების შეჩერების საკითხთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის პოზიცია ბუნდოვანია, რამდენადაც საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილში წარმოდგენილია არა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელი სამართლებრივი მსჯელობა, საკუთარი შეფასება, არამედ იმის აღწერა, თუ რა მიაჩნია მოსარჩელე მხარეს უფლების შეზღუდვად.

კონსტიტუციურ სარჩელებსა და განმწესრიგებელ სხდომაზე გამოთქმული არგუმენტების რეზიუმირების მიღმა, არ იკვეთება უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიცია, თუ რა ასპექტში ხდება სადავო ნორმებში გამოყენებული ტერმინებით მოსარჩელეთა უფლებების შეზღუდვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების თანახმად, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გაქარწყლდება ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც, მოსარჩელის აღქმით, შეიძლება მოჰყვეს სადავო კანონის მოქმედებას (უარყოფითი კონოტაციის მქონე სტატუსის ქვეშ საქმიანობა, რაც საფრთხეს უქმნის მათ დამოუკიდებლობას, არყევს მათდამი ნდობას და აზიანებს საქმიან რეპუტაციას) და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 57-ე პარაგრაფი).

ამ მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს დამატებით არ დაუსაბუთებია, თუ როგორ შეიძლება გამოსწორდეს მოსარჩელეთათვის, თვეების ან წლების განმავლობაში მასტიგმატიზებელი სტატუსით რეგისტრაციის შედეგად შელახული რეპუტაცია და საქმიანობის შეფერხებით გამოწვეული ზიანი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შეუჩერებლობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოპასუხე მხარემაც კი ვერ დაასახელა, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს (მედია) ორგანიზაციების ამ კონკრეტული ტერმინით სახელდება/რეგისტრაცია, ამის საპირისპიროდ კი, მოსარჩელეები მკაფიოდ მიუთითებდნენ მათი უფლებების შეზღუდვის ფაქტებსა და შეუქცევადი ზიანის მიყენების რისკზე.

31. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსარჩელეები, გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტის დასადასტურებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდნენ, მათ შორის, (მედია) ორგანიზაციების როლზე უახლოს მომავალში გასამართი არჩევნების დაკვირვების/გაშუქების პროცესში. უფრო კონკრეტულად კი, მიუთითებდნენ, რომ სადავო ნორმები მიზნად ისახავს მათ სტიგმატიზებას, რათა მათ მიერ საარჩევნო პროცესის დაკვირვება/გაშუქება და აზრის გამოთქმა საზოგადოებაში აღქმული არ იყოს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის პოზიციონირებად.

32. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ზოგადად, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების პრაქტიკული უზრუნველყოფა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ჯეროვნად არის ინფორმირებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და პოლიტიკური აქტორების თაობაზე, რაც მას აძლევს შესაძლებლობას, არჩევნებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი, განსხვავებული და, მათ შორის, საპირისპირო მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

ამ მხრივ, მედია ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს, ვინაიდან სწორედ ის გვევლინება უმთავრეს ინფორმაციულ წყაროდ ამომრჩევლებისთვის, რომელიც ქმნის წინაპირობებს ფართო ინფორმაციაზე დაყრდნობილი ინდივიდუალური პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბებისთვის. საარჩევნო გარემო მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად, როდესაც საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული და მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებს სხვადასხვა ინფორმაციასა და განსხვავებულ მოსაზრებებს მიმდინარე თემებზე, მათ შორის, ცხადია, პოლიტიკური საარჩევნო სუბიექტების შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1483 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-35).

33. სწორედ საარჩევნო პერიოდში ერთიორად იზრდება (მედია) ორგანიზაციების მიერ კონსტიტუციური საჯარო წესრიგით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების გზით, „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების საჭიროებაცა და მნიშვნელობაც. კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების მიერ საკუთარი თავის უცხოური ინტერესების გამტარებლად თვითიდენტიფიცირებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მათი ობიექტურად აღქმა, ხელი შეუშალოს მათ სანდოობას. ხსენებულმა კი, შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის, დაკვირვების შედეგების და პოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობა.

34. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, ნეგატიური კონოტაციის სახელით რეგისტრაციის ვალდებულებით, შესაძლოა, შეუქცევადად დაზიანდეს (მედია) ორგანიზაციების რეპუტაცია და ხელი შეეშალოს მათი საქმიანობის განხორციელებას. გამოუსწორებელი და მყისიერი ზიანის საფრთხე კი, განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება არჩევნების პროცესის დაკვირვების/გაშუქების და „საზოგადოებრივი დარაჯის როლის“ ეფექტიანად შესრულების შესაძლო შეფერხების კუთხით, რამდენადაც სადავო კანონით გათვალისწინებული სახელით რეგისტრაციას შესაძლოა, მოჰყვეს (მედია) ორგანიზაციების სტიგმატიზება, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობას, მათ მიმართ კონკრეტული სანქციების გამოყენება, რამაც, ასევე შესაძლოა, ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას.

ამასთანავე, ცხადია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება გამორიცხავს უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელით ორგანიზაციების რეგისტრაციას, რაც არსებითად შეამცირებს სადავო ნორმების მასტიგმატიზებელ პოტენციალს.

35. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილების მიღებისას საკონსტიტუციო სასამართლო, გამოუსწორებელი შედეგის დადგომის შესაძლებლობასთან ერთად, მხედველობაში იღებს იმ ინტერესებს, რომლებიც შესაძლოა, შეილახოს/საფრთხის ქვეშ დადგეს ნორმის/ნორმების მოქმედების შეჩერებით. მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება რაიმე ინტერესი, რომელსაც შეიძლება ემსახურებოდეს სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეული ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად სახელდება და ამ სახელით რეესტრში რეგისტრაცია.

განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, რომ ხსენებული სახელის გამოყენება რაიმე მიზანს არ ემსახურება და სადავო კანონის მიზნები თანაბრად მიიღწევა ნებისმიერი ნეიტრალური კონოტაციის სახელის გამოყენებით.

36. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო კანონით გათვალისწინებული სახელდება არის თვითმიზნური ხასიათის და რაიმე ლეგიტიმური ინტერესის მიღწევას არ ემსახურება. უფრო მეტიც, ნეიტრალური ტერმინოლოგიის ნაცვლად, მკაფიოდ უარყოფითი კონოტაციის მქონე სახელწოდებით მოხსენიება, ბუნებრივად მიანიშნებს სტიგმატიზაციისა და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების სურვილზე.

სადავო ნორმების მოქმედების პირობებში კი, ნდობისა და რეპუტაციის შემლახავი სახელწოდებით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის გავლის ვალდებულება, ნამდვილად შეუქცევადად დაარღვევს (მედია) ორგანიზაციების უფლებებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების შესაძლო არაკონსტიტუციურად ცნობა ვერ გამოიწვევს შეუქცევადად დარღვეული უფლებების აღდგენას.

2. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნება

37. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე ითხოვდა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ რიგი ნორმების მოქმედების შეჩერებას, რომლებიც არეგულირებს (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომისა და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების საკითხებს.

სადავო ნორმები აწესრიგებს, ერთი მხრივ, ორგანიზაციის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტის მიერ სახელმწიფოსათვის გარკვეული ინფორმაციის (სარეგისტრაციოდ განკუთვნილი განაცხადი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილებას/ვალდებულებას, გამოიკვლიოს და შეისწავლოს აღნიშნული ინფორმაცია და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

იმავდროულად, განაცხადის/საფინანსო ინფორმაციის შესწავლა-გამოკვლევის მიზნით, ისევე, როგორც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან/და სადავო კანონის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის მიზნებისათვის, სადავო ნორმები აგრეთვე განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, მოიძიოს ყველა საჭირო ინფორმაცია, პირის განსაკუთრებული კატეგორიის/სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ჩათვლით.

თავის მხრივ, ყველა პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ ორგანოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

38. განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილ პირს, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ისევე, როგორც სახელმწიფო დაწესებულებისგან, შეუძლია, სავალდებულო წესით მოითხოვოს, პრაქტიკულად, ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის მიღება.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო მოწესრიგება ხელს უშლის (მედია) ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა, ამავდროულად, წარმოშობს კონფიდენციალური და პირადი ხასიათის ინფორმაციის გასაჯაროებისა და, შედეგად, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით დაცული სფეროს გამოუსწორებელი დაზიანების საფრთხეს, როგორც (მედია) ორგანიზაციებში დასაქმებულთათვის, ასევე საქმიანი პარტნიორებისა და მესამე პირთათვის.

39. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სადავო ნორმების მოქმედების არშეჩერების არგუმენტად გამოიყენა, მათ შორის, კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები და მიუთითა, რომ აღნიშნულის შედეგად მოსარჩელე მხარეს აღარ მოეთხოვება იმ პირადი მონაცემების წარდგენა/გასაჯაროება, რომელსაც მიიჩნევდა პრობლემურად.

რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით ჩვენი კოლეგების პოზიციას, რომ სადავო კანონის შინაარსი და ფარგლები შეიძლება შემცირდეს მის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად. (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის საკითხს სადავო ნორმები დამოუკიდებლად აწესრიგებს, მათ შორის, ადგენს, რომ უფლებამოსილ პირს შეუძლია, კონკრეტული მიზნებისათვის, მოითხოვოს/მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.

იმ პირობებში, როდესაც სადავო ნორმებით მკაფიოდაა დადგენილი უფლებამოსილი პირის მიერ მოპოვებადი ინფორმაციის შინაარსი და ფარგლები, გაუგებარია რა გავლენას ახდენს მასზე კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები. ასევე ვერ დავეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას სადავო ნორმებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების ურთიერთმიმართების თაობაზე, რამდენადაც იგი არსებითად მცდარია.

40. ამ კუთხით, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხის სრულყოფილად გადასაწყვეტად, აუცილებელია, შეფასდეს თუ რა ტიპის ინფორმაციაზე წვდომა გააჩნია სახელმწიფოს, კანონში არსებობს თუ არა რაიმე ქმედითი მექანიზმი პირთა სენსიტიურ ინფორმაციაზე სახელმწიფოს წვდომის/ამ ინფორმაციის გასაჯაროების პრევენციისათვის და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში აღმოჩენას და შემდგომში მის გასაჯაროებას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეუქცევადად დარღვევის ჭრილში.

2.1. ვისგან და რა ინფორმაციის მოპოვება/გამოქვეყნება შეუძლია სახელმწიფოს

41. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურას, რომლის მიზანიცაა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია, ამგვარი ორგანიზაციების გამოვლენა და კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგი. თითოეულ შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უჩნდება საჭირო ინფორმაციის შესწავლის/მოძიების უფლებამოსილება, ხოლო, შესაბამის სუბიექტს განაცხადის, დეკლარაციისა თუ მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.

42. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტებს (კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებს) უდგენს რეესტრში სარეგისტრაციო განაცხადის (რომელიც იმავდროულად არის სუბიექტის საფინანსო დეკლარაცია) წარდგენის ვალდებულებას.

აღნიშნულ განაცხადში უნდა აისახოს ინფორმაცია განაცხადის ავტორის საიდენტიფიკაციო მონაცემების, ადგილსამყოფლის მისამართის, ვებგვერდის მისამართის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია განაცხადის ავტორის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის წყაროს, ოდენობისა და მიზნის, ისევე, როგორც წინა კალენდარული წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნის შესახებ და განაცხადის შევსების თარიღი.

თავის მხრივ, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირების შემთხვევაში, წარდგენილი განაცხადი და მასში დაფიქსირებული ზემოთ მითითებული ინფორმაცია სათანადო ვებგვერდზე უნდა განთავსდეს და საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ამ კუთხით, განაცხადში მითითებული ინფორმაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე საჯაროდ ხდება ხელმისაწვდომი და შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ სენსიტიურ ინფორმაციას.

43. ამასთანავე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.

44. სადავო ნორმების თანახმად, უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მოძიება გულისხმობს, მათ შორის, ინფორმაციის მოთხოვნას ნებისმიერი პირის, ორგანოს, ორგანიზაციის და დაწესებულებისათვის, ხოლო ამ უკანასკნელთ ევალებათ თავის ხელთ არსებული ინფორმაციის წარდგენა.

ამდენად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზი მიუთითებს, რომ იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის სტატუსს, სახელმწიფოს აქვს როგორც მათი რეგისტრაციის მიზნებისათვის ინფორმაციის მოძიების უფლებამოსილება, ისე მოძიებული ინფორმაციის ნაწილის (მათ შორის, ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების) ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება.

ამის მიღმა, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგისათვის, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაცია მოსთხოვოს ნებისმიერ პირს. ამდენად, ფაქტობრივად, შეუზღუდავია იმ სუბიექტთა წრე, რომლისგანაც სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა.

45. ამასთანავე, თავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი ზემოხსენებული მუხლები განსაზღვრავს თუ რა ტიპის ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია უფლებამოსილ პირს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

კერძოდ, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. თავის მხრივ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი კი უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას, სქესობრივ ცხოვრებას, ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს სისხლის სამართლის პროცესში, მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დანაშაულის მსხვერპლად ცნობას, პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას, აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს, რომლებიც ფიზიკური პირის უნიკალური იდენტიფიცირების მიზნით მუშავდება.

46. ამდენად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცესში წარდგენილი განაცხადის/ფინანსური დეკლარაციის შესწავლა-გამოკვლევისათვის, აგრეთვე უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის ფარგლებში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოიძიოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, კომერციული ინტერესების შემცველი ინფორმაცია და ისეთი სენსიტიური კატეგორიის მონაცემი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას, პოლიტიკურ შეხედულებებს, რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს, პროფესიული კავშირის წევრობას, ჯანმრთელობას და სქესობრივ ცხოვრებას. ხოლო ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მოძიება/მოთხოვნაც უფლებამოსილ პირს არ შეუძლია, ესაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოება.

47. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო კანონის აღსასრულებლად გამოცემული კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ან/და სხვა საკანონმდებლო აქტებში არსებული მოწესრიგებებიდან გამომდინარე, რამენაირად მცირდება იმ ინფორმაციის მოცულობა/კატეგორია, რომელზე წვდომაც სახელმწიფოს გააჩნია.

48. რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო აქტებზე მითითებას, რომლებითაც დაცულია ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის უფლებები, ამ მხრივ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო მუხლები ექსპლიციტურად მიუთითებს, რომ კანონის მიზნებისათვის უფლებამოსილ პირს შეუძლია, მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი (ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, რელიგიასთან და ა.შ.), გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა. რადგანაც არც ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით, იმთავითვე არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ცხადია, რომ სადავო კანონი უფლებამოსილ პირს ანიჭებს მისი მოთხოვნის უფლებას.

ამასთანავე, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან მიღებულ (გამოცემულ) ნორმატიულ აქტს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არ დაუსაბუთებია, რომ არსებობს მოსარჩელე მხარის მიერ პრობლემურად მიჩნეული სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაზე, მათ შორის, ჟურნალისტური წყაროს, იურიდიული დახმარების მიმღები პირისა თუ პაციენტის შესახებ მონაცემებზე წვდომის ამკრძალავი, სადავო კანონზე უფრო გვიანდელი ან უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივი აქტი.

49. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვერ გავიზიარებთ ჩვენი კოლეგების პოზიციას, სადავო ნორმების საფუძველზე მოპოვებული/გამოქვეყნებული ინფორმაციის ფარგლებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული დებულებები, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, უშვებს ნებისმიერი პირისაგან ყველა კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა.

2.2. ინფორმაციის მოპოვების/გასაჯაროების შედეგად პირთა უფლებების შეუქცევადი დარღვევის საფრთხე

50. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმების საფუძველზე, სახელმწიფოს შეუძლია, ინფორმაციის წარდგენა სავალდებულოდ მოსთხოვოს, არა მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, არამედ ნებისმიერ პირს, ორგანოს, ორგანიზაციას და დაწესებულებას. ხოლო, მოთხოვნილი ინფორმაცია შეზღუდული არაა რაიმე კატეგორიით და, მათ შორის, შეიძლება, ეხებოდეს პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებს, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებას, ჟურნალისტურ წყაროსა და საქართველოს კონსტიტუციით განსაკუთრებულად დაცულ მონაცემებს.

გარდა ამისა, რეესტრში საჯაროდ გამოქვეყნებას ექვემდებარება კანონში მითითებული მთელი რიგი მონაცემები, რომლებიც, თავის მხრივ, შესაძლოა, უკავშირდებოდეს სახელშეკრულებო, ფინანსურ თუ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ და კომერციული ინტერესების შემცველ ინფორმაციას.

51. ამდენად, აშკარაა, რომ ზემოხსენებული სადავო ნორმები სახელმწიფოს წვდომას უქვემდებარებს ინდივიდთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების საკმაოდ მგრძნობიარე და უაღრესად პერსონალურ სპექტრს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით განსაკუთრებული ხარისხით დაცულ, ინტიმურ განზომილებას მიკუთვნებულ ინფორმაციას, მე-19 მუხლით გარანტირებულ კომერციული ინტერესის შემცველ მონაცემებს და სხვა.

ამგვარი ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლა, რომ აღარაფერი ითქვას მათ გასაჯაროებაზე, როგორც წესი, კრიტიკულად ამცირებს ინდივიდების ავტონომიურობის, დაცულობის შეგრძნებას. სახელმწიფოს მიერ კონტროლის განცდამ და ინდივიდების ღრმად პირადული ინფორმაციის საზოგადოების წინაშე გასაჯაროების საფრთხემ, თავის მხრივ, შესაძლებელია, გამოიწვიოს ადამიანების მხრიდან საკუთარი ქმედებებისათვის მომეტებული თვითკონტროლის დაწესება (მაგალითად, მათ შორის, ჟურნალისტურ წყაროდ გახდომაზე უარის თქმა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების (მათ შორის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სერვისების) საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან მიღებისაგან თავის შეკავება და სხვა).

52. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის უპირობო მოთხოვნაა, დაიცვას ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება და, აღნიშნული უფლებების განხორციელება დააზღვიოს სახელმწიფოს, საზოგადოებისა თუ სხვა, ნებისმიერი გარეშე პირების ჩარევისაგან, რათა შესაძლებელი გახდეს ინდივიდის მიერ საკუთარი ცხოვრების თავისივე შეხედულებისამებრ წარმართვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-55). ამასთან ერთად, იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ინდივიდის შესახებ ინფორმაციის ფლობას/მის დამუშავებას, ამ პროცესიდან მომდინარე თავისთავადი რისკების გათვალისწინებით, აუცილებელია არსებობდეს მყარი გარანტიები, რათა მონაცემების დამუშავება განხორციელდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-27, 28).

53. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, სადავო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე შემზღუდველ, გამფილტრავ მექანიზმს ორგანიზაციებში დაცული ინფორმაციის მოძიების თაობაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის აკრძალვისა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი ნორმა არ შეიცავს გარანტიებს მეტისმეტად პირადი ხასიათის ინფორმაციის სახელმწიფოს ხელში გადასვლის/გასაჯაროების პრევენციისათვის.

54. ჩვენმა კოლეგებმა, სადავო ნორმებიდან მომდინარე რისკების არარსებობის საილუსტრაციოდ, მიუთითეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კონკრეტულ მაგალითებზე. მათი განმარტებით, ცალკეულმა ორგანიზაციებმა, როგორც ჩანს, პირთა უფლებების დაცვის ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე, დაფარეს რიგი პერსონალური მონაცემები იმგვარად, რათა ვერ მოხდეს პირთა იდენტიფიცირება. მაგალითად, ააიპ „საზოგადოება მომავალი თაობისთვის“ ხარჯების უწყისში ანაზღაურების მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი მხოლოდ ინიციალებით – „თ.ა“ არის აღნიშნული.

გარდა ამისა, არის შემთხვევები, სადაც სათანადო გრაფაში კონკრეტული ფიზიკური პირის სახელის და გვარის ნაცვლად გაკეთებულია პირის არამაიდენტიფიცირებელი ჩანაწერი, მაგალითად, ააიპ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ უწყისში ვხვდებით ჩანაწერს – „აფხაზური მხარის კონსულტანტი“ (იხ., საოქმო ჩანაწერის სამოტივაციო ნაწილის 70-ე პარაგრაფი).

55. რა თქმა უნდა, ვეთანხმებით კოლეგების სულისკვეთებას, რომ მონაცემთა გამოქვეყნებისას უნდა მოხდეს პირთა უფლებების დაცვა და არ გასაჯაროვდეს სენსიტიური ინფორმაცია, პირის უფლებების/ინტერესების დამაზიანებელი მონაცემები. თუმცა, ბუნებრივია, ვერ გავიზიარებთ პოზიციას, რომ ამა თუ იმ ფორმით ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რაიმენაირად ცვლის სადავო ნორმებით დადგენილ ნორმატიულ წესრიგს ან ანეიტრალებს მისგან მომდინარე საფრთხეებს. დღევანდელი მოცემულობითაც, სახელმწიფოს, სადავო ნორმების საფუძველზე, შეუძლია, კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა) და შემდგომ გაასაჯაროოს კანონში მითითებული მონაცემები ყოველგვარი დაფარვისა თუ დაშტრიხვის გარეშე.

უფრო მეტიც, სადავო კანონში საერთოდ არ იკითხება გასაჯაროებას დაქვემდებარებული ინფორმაციის რაიმე ფორმით დაფარვის ვალდებულება და ამგვარი ქმედება შეიძლება, კანონსაწინააღმდეგოდ იქნეს მიჩნეული. სათანადო საკანონმდებლო გარანტიების ნორმატიულ დონეზე რეგლამენტირების გარეშე, მხოლოდ კანონის მოქმედებას დაქვემდებარებულ სუბიექტთა მიერ ნორმის გამოყენების პრაქტიკაზე მითითება ვერ გამოდგება პირთა უფლებების დარღვევის საფრთხის არარსებობის სადემონსტრაციოდ.

ზოგადად, ის ფაქტი, რომ კონკრეტულმა ორგანიზაციამ არ მიუთითა თანხის მიმღები სუბიექტის სახელი და გვარი, ბუნებრივია, თავისთავად, არ ნიშნავს, რომ კანონი მას ხსენებულ შესაძლებლობას აძლევდა. მეტი თვალსაჩინოებისათვის, აღვნიშნავთ, რომ №1829 კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელედ მითითებული 122 სუბიექტიდან არც ერთმა არა თუ წარუდგინა რაიმე სახის ინფორმაცია საჯარო რეესტრს, არამედ, ამ დრომდე, საერთოდ უარი თქვა რეგისტრაციაზე. შესაბამისად, ჩვენს კოლეგებს ხსენებული ფაქტი იმავე წარმატებით შეეძლოთ გამოეყენებინათ იმის არგუმენტად, რომ კანონი არ ადგენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას.

56. სადავო ნორმების მოქმედების პირობებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციის შესახებ წარდგენილი განაცხადების საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ყოველგვარი ინფორმაციის დიფერენცირების, გადარჩევისა თუ რაიმე ფორმით გამიჯვნის გარეშე. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და შესაბამის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა რიგი (მედია) ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია.

ამასთანავე, გარდა იმ (მედია) ორგანიზაციებისა, რომლებმაც ნებაყოფლობით მიმართეს შესაბამის უწყებას რეგისტრაციის გავლის შესახებ, სადავო კანონი, ასევე ითვალისწინებს მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში ნებისმიერი პირისაგან ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. ამდენად, ცალსახაა, რომ სადავო ნორმებით, არათუ იქმნება პირის უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, არამედ, რიგ შემთხვევებში, იგი რეალიზდა კიდეც.

57. მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ამა თუ იმ პირის შემოსვლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ან/და სახელმწიფო ორგანოებისა და ფართო საზოგადოებისათვის გამჟღავნდება ჟურნალისტური წყაროსა თუ ბენეფიციართა ვინაობა, საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურადაც რომ ცნოს, ხსენებული ინფორმაცია გამჟღავნებულად დარჩება.

იმავდროულად, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულების ამოქმედების მომენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტამდე, დროის სვლასთან ერთად, იზრდება როგორც სახელმწიფოსათვის გადაცემული და შემდგომში გასაჯაროებას დაქვემდებარებული/გასაჯაროებული ინფორმაციის მოცულობა, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციით საზოგადოებაში გავრცელების მასშტაბი.

აქედან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ ხსენებული განაცხადების გამოქვეყნება, ისევე, როგორც საჯარო რეესტრის მხრიდან კონფიდენციალურ და სენსიტიურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, მით უმეტეს, გასაჩივრებული კანონით გათვალისწინებული ფორმითა და მასშტაბებით, კონსტიტუციურ უფლებებში ისეთ ჩარევას წარმოადგენს, რომელიც ქმნის გამოუსწორებელ ზიანს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს გასაჯაროებული ინფორმაციის საჯარო სივრციდან და საზოგადოების ცნობიერებიდან გაქრობას.

58. ერთმნიშვნელოვანია ისიც, რომ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, ხსენებული ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიწოდების ვალდებულება აღარ ექნება სადავო კანონის მოქმედების სფეროში მოქცეულ ორგანიზაციებს. ამდენად, სადავო ნორმების მოქმედების ფარგლებში, მკაფიოდ იკვეთება, პირთა ძირითადი უფლებების შეუქცევადად დარღვევის საფრთხე, ხოლო გასაჩივრებული დებულებების მოქმედების შეჩერება შესაძლებელს გახდის ამ საფრთხის პრევენციას.

2.3. სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებით მესამე პირების უფლებებისა და საჯარო ინტერესების შეზღუდვის საფრთხე

59. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო გამოუსწორებელი შედეგის დადგომის საფრთხესთან ერთად, მხედველობაში იღებს ნორმის შეჩერების შედეგად სხვათა უფლებებისა და საჯარო ინტერესების დაზიანების რისკებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის №1/3/509 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების მოქმედების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა უცხოური დაფინანსების მიმღები პირების შემოსავლებისა და ხარჯების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

60. უნდა აღინიშნოს, რომ მოპასუხე მხარე მიუთითებს ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის ზოგად მნიშვნელობაზე და მას განიხილავს, როგორც თვითმიზანს. გამჭვირვალობას, საზოგადოების წვდომას ამა თუ იმ ინფორმაციაზე კონსტიტუცია თავისთავად ფასეულობად მიიჩნევს საჯარო დაწესებულებაში დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, თუმცა სახელმწიფოს ევალება, ამ შემთხვევაშიც კი, გაითვალისწინოს პირადი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება.

საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციისაგან განსხვავებით, კერძო პირების ხელთ არსებული მონაცემების ხელშეუხებლობა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სიკეთეს, ამ უფლების არსებობის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს. კონსტიტუცია პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას – ხსენებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებას, უშვებს მხოლოდ მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, პროპორციულობის პრინციპის დაცვით.

61. კონსტიტუციური გადაწყვეტით, კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია არ შეიძლება, გასაჯაროვდეს მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ „გამჭვირვალობა კარგია“. პირადი ცხოვრების კონსტიტუციური უფლებით დაცულ ინფორმაციასთან მიმართებით, მოქმედებს არა ამ ინფორმაციის გამჭვირვალობის, არამედ მისი კონფიდენციალურობის პრეზუმფცია და სახელმწიფოს მხრიდან უნდა დასაბუთდეს არა ის, თუ რატომ უნდა იყოს ეს ინფორმაცია დაცული, არამედ ის, თუ რა მნიშვნელოვანი ინტერესების მისაღწევად ხდება მისი გასაჯაროება.

ბუნებრივია, პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას სრულად გამოფიტავს და არარად აქცევს მიდგომა, რომლის თანახმადაც, პირადი და ოჯახური ცხოვრების სენსიტიურ ასპექტებთან, კომერციულ და პროფესიულ საიდუმლოებასთან, ფინანსურ თუ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება, გამოქვეყნდეს მარტოოდენ ინდივიდების პირადი ინტერესის დასაკმაყოფილებლად. ის, რომ ზოგიერთ ადამიანს სხვა პირების ფინანსები აინტერესებთ, სახელმწიფოს არ აძლევს თავისთავად კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას, მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მოიპოვოს და საჯარო გახადოს პირადი ინფორმაცია.

62. შესაბამისად, სადავო ნორმის შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რამდენად არის მიმართული მნიშვნელოვანი ინტერესის დაცვისაკენ. ხოლო, შემდგომ შეეფასებინა ხსენებული ინტერესი არის თუ არა იმ მნიშვნელობის, რომლის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში, მიღწევაც გადაწონიდა სადავო ნორმის მოქმედების შედეგად პირადი ცხოვრების უფლებისათვის პოტენციური გამოუსწორებელი ზიანის მიყენების რისკებს.

63. ჩვენმა კოლეგებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ გარდა გამჭვირვალობის თავისთავადი სარგებლიანობისა, მოპასუხეს არ მიუთითებია რაიმე ინტერესზე, რომელსაც სადავო ნორმები იცავს ან/და საფრთხეებზე, რომელთა პრევენციასაც სადავო ნორმები ახდენს.

ამავე დროს, მრავალი წელია საქართველოში ხსენებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და საქმის განხილვისას არ გამოკვეთილა, თუ რა საფრთხეები შექმნა ხსენებულმა ფაქტმა, რა განაპირობებს ამ ინფორმაციის დაუყოვნებლივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასაჯაროების აუცილებლობას. ფაქტობრივად, სადავო ნორმების შეუჩერებლობით, პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ხდება კონკრეტული მიზნის იდენტიფიცირების გარეშე. ამდენად, აშკარაა, რომ მოცემულ საქმეზე არ გამოკვეთილა მესამე პირების უფლება ან/და საჯარო ინტერესი, რომლის დაზიანების საფრთხის არსებობამაც, შეიძლება, გამორიცხოს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.

64. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, №3/3/1828,1829,1834,1837 საოქმო ჩანაწერით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ სადავო ნორმების მოქმედება, რომლებიც ითვალისწინებს გასაჩივრებულ კანონს დაქვემდებარებული (მედია) ორგანიზაციების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას და (მედია) ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები

გიორგი კვერენჩხილაძე

თეიმურაზ ტუღუში

„რა ეკონცერტება მთავრობას? კონცერტის ფულით ბინა მოგვცენ“ – უსახლკაროებმა ბათუმში აქცია გამართეს

„რა ეკონცერტება მთავრობას?“ – იკითხეს უსახლკაროებმა, რომლებმაც ბათუმში დღეს, 10 ოქტომბერს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. წინა აქციებისგან განსხვავებით, დღევანდელ აქციაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოჩნდა და ბათუმის ვიცე-მერიც.

დღეს ბათუმში „ქართული ოცნება“ კონცერტს მართავს. დაგეგმილია მმართველი პოლიტიკური პარტიის შეხვედრაც მოსახლეობასთან.

უსახლკაროების თქმით, მათ ხელისუფლების დაპირებების აღარ სჯერათ, რადგან 2 წელია მართავენ აქციებს და მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია, განცხადებებით კი, ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. უსახლკაროები ბინების გადაცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები გოგოლის ქუჩაზე შეიკრიბნენ, სადაც ბიზნესმენმა გალიფ ოზთურქიმ კორპუსები უკანონოდ ააშენა. ისინი ითხოვენ, ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს და თუ სხვა მისამართზე არ აძლევენ ბინას, უკანონოდ აშენებული კორპუსები გოგოლის ქუჩაზე დემონტაჟის ნაცვლად მათ გადასცენ. უსახლკაროები ამბობენ, რომ ის ფული, რასაც ახლა ქირაში იხდიან, ბიზნესმენს გადაუხდიან.

უსახლკაროებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, მერაბ ბლადაძე ეუბნება, რომ ოზთურქის ეს პირობა აწყობს, თუმცა „ბათუმელებთან“ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა და უშუალოდ ოზთურქის ადვოკატმა თქვეს, რომ არანაირი მსგავსი მოლაპარაკება არ არსებობს და ის, რასაც მერაბ ბლადაძე აქციის მონაწილეებს ეუბნება, მხოლოდ „ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა

უსახლკაროების აქცია გოგოლის ქუჩაზე

„გვითხრეს მოდით გოგოლის ქუჩაზე, თუ არ შეგვიშვეს, ძალდატანებით დავიკავოთ ადგილებიო,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ. ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოვიდა დღევანდელ აქციაზე.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ორგანიზატორები ეუბნებიან, რომ ოზთურქს ეს ქონება ჩამოართვეს და აშენებული კორპუსები უნდა დაინგრეს.

„ასე კერძო საკუთრების ჩამორთმევა და ბინების გადაცემა არ ხდება, ჩვენ ამ ოჯახებს ვთავაზობთ, რომ ინდივიდუალურად განვიხილავთ, სამუშაო ფორმატში მათ საჭიროებებს. ვთავაზობთ, რომ განხილვის პროცესში ჩაერთვებიან ის უფლებადამცველები, რომლებსაც ისინი ენდობიან,“ – გვითხრა ბათუმის ვიცე-მერმა, ნუკრი დეკანაძემ.

რატომ არ შეისწავლა ამ დრომდე, ამდენი წელი ამ ადამიანების საჭიროებები ბათუმის მერიამ? – ვკითხეთ თანამდებობის პირს.

ნუკრი დეკანაძე

„გარკვეულწილად შესწავლილია, ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპი განცხადებების მიღების, ათეულობით ოჯახმა დააკმაყოფილა კრიტერიუმი, დიდმა ნაწილმა კი ვერ დააკმაყოფილა. ეს გავითვალისწინეთ და გავამარტივეთ კრიტერიუმები, გავამარტივეთ იგივე ოჯახის შემოსავლების შესახებ კრიტერიუმი, ასევე მოთხოვნა საზღვრის კვეთაზე, ოჯახის წევრების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კრიტერიუმები, ავტომობილის ყოლა-არყოლასთან დაკავშირებული კრიტერიუმები…

გამარტივებული კრიტერიუმების საფუძველზე ხელახლა უნდა მოხდეს რეგისტრაცია. შესაძლებელია, ბევრი აქ მყოფი ოჯახებიდან აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ამიტომაცაა საჭირო ინდივიდუალური განხილვა,“ – გვიპასუხა ნუკრი დეკანაძემ.

„კიდევ რამდენი წელიწადი გჭირდებათ?“ – ბათუმის ვიცე-მერს მიმართა მოქალაქე დანიელ ბურკაშვილმა, რომელიც ნუკრი დეკანაძის კომენტარს ისმენდა.

„შეგიძლიათ ჩაერთოთ პოლიტიკაში და მოხვიდეთ,“ – მიმართა უსახლკაროს ბათუმის ვიცე-მერმა და აქციის სხვა მონაწილეებთან გადაინაცვლა.

„თქვენ ზურგი შემაქციეთ, ეს გამოსავალი არ არის,“ – მიმართა ჩინოვნიკს უსახლკარომ.

დანიელ ბურკაშვილი

„აქამდე ვერაფერი გაუკეთებიათ და რაღა ახლა გააკეთებენ? ჩვენ მერიას ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ შედეგი ნულია, რაც თავი მახსოვს, სულ ნაქირავებში ვართ,“ – გვიპასუხა დანიელ ბურკაშვილმა.

„იაფი სახლის“ პროგრამა, რაზეც ბათუმის ვიცე-მერი აქციის მონაწილეებს ესაუბრა, იმ ადამიანებზეა გათვლილი, ვინც დასაქმებულია, შემოსავალი აქვს და ყოველთვიურად კონკრეტული თანხის გადახდას შეძლებს. ამ პროგრამის შეცვლილ კრიტერიუმებზე ინფორმაციას ნახავთ აქ.

უსახლკაროების აქციაზე კი დგანან მარტოხელა დედები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი ადამიანები…

„ჩვენ სოციალურად დაუცველები ვართ, შუახევის სოფელ გოგინაურში დამასაქმეს 300-ლარიან პროგრამაში, სოფლის გზას ვალაგებთ, დღეში 2-3 საათი მიწევს მუშაობა, ეს პროგრამაც სრულდება, როგორც გავიგე. მაზლის სახლში ვცხოვრობ, 8-სულიანი ოჯახი ვართ, წასასვლელი არსად მაქვს, სადმე თუ არ ვიმუშავეთ, ლუკმა-პურის ფულს ვერ ვშოულობთ, რამე ხელობას ვისწავლი და ქალაქში დავსაქმდები, ბინა რომ მქონდეს,“ – გვითხრა ქეთევან ფუტკარაძემ.

„12 წელია ამ ხელისუფლებისგან ისმის პროგრამები და დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი მიუწვდომელია უსახლკაროებისთვის. აქ არიან ოჯახები, რომლებსაც 20-ჯერ აქვთ შეტანილი მერიაში განცხადებები. მათ მიიღეს პასუხი, რომ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ. პროგრამები კი არა, მერიის ბალანსზე რომაა ბინები ჩაკეტილი, ის ბინები მიეცით ხალხს,“ – ამბობს ნაილე ბეჟანიძე, ის ორგანიზაციას „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ წარმოადგენს.

ეს ორგანიზაცია იმ უსახლკაროების ინტერესებს იცავს, რომლებიც 2024 წლის 29 სექტემბერს შეიჭრნენ ქობულეთში, ბუკნარში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში.

„25 ოჯახია იქ შეჭრილი და დღეს მე-13 ღამეს გაათენებენ იქ, არავინაა პასუხისმგებელი, იქ არც შუქია და არც წყალი. ერთი სანუგეშო სიტყვა იმ ხალხისთვის ხელისუფლებიდან არავის უთქვამს.

დღეს მისულან ქობულეთის მერი და სხვა წარმომადგენლები, ორი თვის ბინის ქირას გადაგიხდითო. არავითარი ქირა. იქ შეჭრილ ოჯახებს ყველას ეკუთვნის საცხოვრებელი ფართობი და ღირსეული ცხოვრების გარემო, რასაც კანონი ითვალისწინებს.

დღეს ბიძინა ივანიშვილი ხვდება ხალხსო. მასთან მიახლოების საშუალებას არ მოგვცემენ, მაგრამ ჩვენს ხმას მას აუცილებლად გავაგონებთ. რა ეკონცერტება ამ მთავრობას? მაგ ფულით ხალხი დააკმაყოფილეთ,“ – გვითხრა ნაილე ბეჟანიძემ.

ნაილე ბეჟანიძე

„მინდა ვუთხრა მთავრობას, რომ დემოკრატია ასეთი ბავშვების გვერდში დგომით იწყება, ის მთავრობა შემირცხვენია, რომელიც უსახლკაროების გვერდით არ დადგება“ – ეტლიანი უსახლკარო ბიჭის გვერდით დგება მოქალაქე დავით აზნაურიშვილი. ის სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა დღევანდელ აქციას.

„პენსიონერი ვარ, კიდევ სოციალურს ვიღებთ და ასე ვიხდით ქირის ფულს, შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებში. იმათაც არ აქვთ სახლ-კარი, ხან სად არიან, ხან – სად. მინდა სადმე სიმშვიდე ვნახო და ერთი პატარა ოთახი მომცენ.

ჩემს შვილიშვილს ერთი სათამაშოც არ აქვს,“ – ეს კიდევ ერთმა უსახლკარომ, მაყვალა ვაშაყმაძემ გვითხრა.

მაყვალა ვაშაყმაძე

უსახლკარო ადამიანების ნაწილს დღეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ხელახლა მიმართავენ განცხადებებით ბათუმის მერიას და აჭარის მთავრობას.

EU-სთან ვიზის გაუქმების საფრთხის პარალელურად, პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი გააფართოა

„ქართული ოცნების“ მიერ დისკრიმინაციული და რეპრესიული კანონების მიღების შედეგად, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის შესაძლო გადახედვის ფონზე, რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმს აფართოებს.

დღეს, 10 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ, რითაც გაამარტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლისა და გასვლის პროცედურა. ცვლილებები შევიდა 2023 წლის 10 მაისს გამოქვეყნებულ განკარგულებაში, როდესაც რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა.

განკარგულების თანახმად, რუსეთის ფედერაციაში შესვლაზე უვიზო რეჟიმი ამიერიდან ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ჩადიან „რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში დროებით, 90 დღეზე მეტი ხნის ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.

რუსეთის პროპაგანდისტული მედია ინტერფაქსი განმარტავს, რომ აქამდე, კონკრეტულად ამ კატეგორიის [შრომითი მიგრანტები და სტუდენტები] საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონდათ ვიზის გარეშე რუსეთში შესვლის ან რუსეთი დატოვების უფლება.

დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე.

„ამიერიდან მოქალაქეთა მითითებულ კატეგორიებს შეუძლიათ ეწვიონ რუსეთს „მათი პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დაბრუნებისთვის)“, – წერს ინტერფაქსი.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გაჩერება შეუძლიათ გადაბმით -365 დღის განმავლობაში.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებზე კვლავ ძალადობენ – სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში

დღეს, 10 ოქტომბერს, მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. წლევანდელი კამპანიის თემაა სტიგმა და დისკრიმინაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმართ. თუმცა საქართველოში, ამ პრობლემაზე მწვავედ დგას წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემები.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სწორედ სისტემური პრობლემებია, რაც არ იძლევა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას საქართველოში:

„ამ დრომდე მწვავედ დგას სტაციონარული ფსიქიატრიული სერვისების გადატვირთულობის საკითხი, რაც პირდაპირ კავშირშია საწოლ ფონდის დეფიციტთან და თანამედროვე თემზე დაფუძნებული სერვისების ნაკლებობასთან. 

არ შეიძლება არ აღინიშნოს ამ დაწესებულებების დიდ ნაწილში გამოკვეთილი მძიმე თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, რაც არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და პაციენტთა ღირსეული მკურნალობის პირობებს. თემზე დაფუძნებული ამბულატორიული ფსიქიატრიული სერვისები გეოგრაფიულად არათანაბრადაა განაწილებული და სრულად ვერ ფარავს შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირს” – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში ადასტურებს, რომ საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები:

არ შეინიშნება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, სადაც პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები და უგულებელყოფილია მათი სამართლებრივი დაცვის გარანტიები. მიუხედავად კანონმდებლობით მკაფიოდ განსაზღვრული უფლებისა, ნებაყოფლობითი სტატუსის მქონე პაციენტები საკუთარი ნებით სტაციონარს ვერ ტოვებენ. ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს არ
შეესაბამება.

„ბენეფიციარებისთვის დაწესებული მთელი რიგი შეზღუდვები შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუტოლდეს. გამოწვევაა ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენება და გვერდითი ეფექტების მართვა; გარდაცვლილი პაციენტების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება“, – წერია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშის მიმოხილვაში, რომელიც 2024 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა.

გთავაზობთ სახალხო დამცველის ანგარიშებში გამოყენებულ რამდენიმე ფოტოს, საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი| თბილისი | 2024 წელი:

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი | 2023 წელი:

 


მთავარ ფოტოზე: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. 2023 წელი

ამავე თემაზე:

პროგრამაში ჩართული კლინიკებიდან მხოლოდ 6-ს აქვს პროტოკოლები – აუდიტი ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროზე

როგორ მკურნალობენ ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანებს – „მაღალი ხარისხის წამლები არ შემოდის“

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – აქცია მოსამართლეებს, რომლებმაც რუსული კანონი არ შეაჩერეს

„გადაწყვეტილება აკვარიუმშია“ – სტუდენტებმა ამ და სხვა ლოზუნგებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია დღეს, 10 ოქტომბერს გამართეს. საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის მოქმედების შეჩერებაზე.

სტუდენტების აზრით, მოსამართლეებმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულეს.  მათ მოსამართლეებს დაუტოვეს აქციაზე გამოტანილი პლაკატები.

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს სარჩელს რუსული კანონის წინააღმდეგ. არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. ვიდრე სასამართლო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს კანონის შეჩერება შეეძლო, მაგრამ ამ უწყებამ ეს არ გააკეთა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლიდან ორ მოსამართლეს – გიორგი კვერენჩხილაძეს და თემურ ტუღუშს განსხვავებული აზრი ჰქონდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რუსული კანონის მოქმედება უნდა შეეჩერებინა.

რუსული კანონი ძალაში დატოვეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობენ: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები [სულ 38 დეპუტატი], „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები [სულ 122 მოსარჩელე]], შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და „სტუდია მონიტორი“.

ამ თემაზე:

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

 

„შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფუძნებული რესტორანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ფართოვდება

„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხარისხის მენიუ. ყველაფერი, რასაც კი მომხმარებელი დააგემოვნებს, საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამგვარი მიდგომით მიაღწია „შემომეჭამამ“ იმას, რომ უკვე 4 ობიექტითაა წარმოდგენილი.

შეიძლება ითქვას, ჩვენს რესტორნებში ერთგვარი კომუნისტური იერია, თითქოს სასადილოს განწყობა იგრძნობა… ზოგს ჰგონია, წარსულს მივტირით, არადა მხოლოდ გაშარჟება და დაცინვაა. დღემდე იუმორით ვუდგებით ამ ყველაფერს“, — აღნიშნავს ოთო მგალობლიშვილი.

ამის მიღმა კი „შემომეჭამას“ კონცეფცია ღია სამზარეულოს პრინციპზეა აგებული. თითოეულ ობიექტში ისეა სივრცე განაწილებული, რომ მომხმარებლები ხედავენ, რა ხდება სამზარეულოში. ასე მეტი ნდობა ჩნდება: ჩვენი მიდგომაა, მომხმარებელს მივცეთ ის, რასაც იმსახურებს. როცა ადამიანი ფულს იხდის, მხოლოდ მაღალი ხარისხის, გემრიელი პროდუქცია უნდა მიაწოდო“.

საინტერესოა, რომ „შემომეჭამას“ სამზარეულოში პროფესიონალი მზარეულები არ მუშაობენ. სანაცვლოდ, დიასახლისები უფრო არიან, რომელთაც პროფესიული გამოცდილება არ აქვთ. საკვებიც ასეთია ‚ ყველაფერი ხელით მზადდება, ცომი ხელით იზილება და ბრტყელდება. ამიტომაცაა, რომ სიმყუდროვე და სითბო „შემომეჭამასთვის“ განუყოფელი ცნებებია. თუკი მომხმარებელს რაიმე არ მოეწონა, აუცილებლად ახლიდან უმზადებენ კერძს და ცდილობენ, ისე კომფორტულად აგრძნობინონ თავი, როგორც სახლში. ვცდილობთ, მეგობრულად ვიყოთ ჩვენს მომხმარებლებთან, რადგან გვესმის, რომ მათ გარეშე ვერ ვიარსებებდით. ასე ვთქვათ, ერთმანეთს ვაცოცხლებთ“.

რა თქმა უნდა, „შემომეჭამას“ განვითარება სწორხაზოვანი არ ყოფილა, არამედ დროთა განმავლობაში გარკვეული გამოწვევები იჩენდა თავს. მათ შორისაა პანდემიის პერიოდი, როდესაც ახლად გახსნილი ობიექტის დახურვა მოუწიათ დროებით, მაგრამ პირველ ფილიალს არცერთი დღით არ შეუწყვიტავს მუშაობა. მიტანის სერვისზე ვმუშაობდით, რადგან მაშინ მხოლოდ ამის საშუალებას გვაძლევდა იმდროინდელი რეგულაციები და კანონი. არც თანამშრომლები გაგვიშვია, პირიქით, დავიმატეთ და მალევე ხელფასების გაზრდაც მოვახერხეთ“. 

რეალურად, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება „დაეხმარა“ კიდეც „შემომეჭამას“ ცნობადობის გაზრდაში. ასე ვთქვათ, სირთულეები სათავისოდ შემოატრიალეს და პროგრესის მუხტად აქციეს. უბრალოდ, როგორც ოთო აღნიშნავს, თავისი ბიზნესის მიმართ ისეთი დამოკიდებულება აქვს, თითქოს შვილს ზრდის და უვლის. იმავენაირი ზრუნვა სჭირდება ყველას და ყველაფერს, თანამშრომლები დაწყებული, ინფრასტრუქტურით დამთავრებული. ნერვიულობ, თან იმდენ რაღაცაზე ხარ დამოკიდებული… ჩვეულებრივი ცოცხალი ორგანიზმია. სხვების სამსახური 9-დან 6-მდე გრაფიკში თუა მოქცეული, ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ. თან სულ გიწევს მომხმარებლებთან ურთიერთობა — ნაწილი კმაყოფილია, ნაწილი უკმაყოფილოა, ვიღაცას დაუგვიანეს, ვიღაცისთვის ზედმეტად მარილიანია. როგორც ექიმი ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, დაახლოებით ასეთივე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მუდმივად“.

საგულისხმოა, რომ განვითარების ამგვარ ტემპში უდიდესი როლი ითამაშა თიბისის მხარდაჭერამ. „შემომეჭამას“ დაარსების დღიდანვე დაიწყო ამ ორი ბრენდის პარტნიორობა და დღემდე აქტიურად გრძელდება. ორი ბიზნეს სესხი გვაქვს აღებული — ორივე შემთხვევაში საკმაოდ ოპერატიულად და მარტივად გავიარეთ ეს პროცესი, ბევრი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის გარეშე. სწორედ თიბისის მხარდაჭერით გავხსენით მესამე ფილიალი, შემდეგ კი „აწარმოე საქართველო“-სთან მოლაპარაკებაშიც დაგვეხმარნენ. ვფიქრობ, სამომავლო წინსვლაშიც ყოველთვის დაგვეხმარებიან“.

რაც შეეხება სახელს, არ უნდოდათ, ინდუსტრიაში ფართოდ გავრცელებული და სტანდარტული სახელწოდება შეერჩიათ. კონცეფციიდან და ინტერიერის დიზაინიდა გამომდინარე, მიხვდნენ, რაღაც იუმორისტული ვერსია უნდა შეერჩიათ. ამიტომაც, მოიწონეს „შემომეჭამა“ — თან ლამაზი და თან სახალისო სიტყვა.

დღეისათვის კი ეს სახელი უკვე ოთხი ფილიალით ამაყობს. როგორც ოთო ამბობს, ამგვარ ზრდასთან ერთად, შრომისა და თავდადების დონემაც იმატა, რადგან ძალიან რთულია, 4 ობიექტში ისეთივე ხარისხის შენარჩუნება, როგორც ამას ერთი რესტორნის შემთხვევაში აკეთებ. ცნობილია, რომ რაოდენობაში ხარისხი იკარგება. ჩვენი მიზანიც ისაა, რომ გეგმები გავზარდოთ, მაგრამ ხარისხი უცვლელად შევინარჩუნოთ. ვფიქრობ, ჩვენს თაობაში რაღაც სტანდარტი დავაწესეთ გემოებში და გვსურს, ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ“.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 10 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 665 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 080]
  • ტანკი – 8 945 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 17 765 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 19 263 ერთეული [+41]
  • MLRS – 1 225 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 976 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 767 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 619 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 314 ერთეული [+74]
  • სპეცტექნიკა – 3 386 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 335 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 582 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 560 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 908 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 098 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ოდესაში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ივანიშვილი ჩიხშია – შესაძლოა დასავლეთში დაკარგოს ყველაფერი, რუსებთან კი არხეინად ვერ იცხოვრებ | ინტერვიუ

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ არჩევნების შედეგების მიხედვით უნდა უზრუნველყოს „ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება“.

„ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი. ის მოგვიყვა, რა შანსი რჩება ახლა ივანიშვილს პოლიტიკურ ველზე მოქმედებისთვის.

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო კახა, რას აჩვენებს ევროპარლამენტისგან მკაფიო გზავნილი „ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე“? 

ეს ტერმინი „გადაბარება“ არ უნდა იყოს აპრიორი ისე გაგებული, თითქოსდა „ქართული ოცნება“ წააგებს არჩევნებს და სხვა მოვა. ევროპარლამენტისთვის მთავარია, არ იყოს წინააღმდეგობა, როცა ძველი ხელისუფლება ამთავრებს ფუნქციონირებას და ახალი მოდის.

არჩევნები უნდა იყოს დემოკრატიული და არ უნდა იყოს წინააღმდეგობა ხელისუფლების გადაბარებაზე. მათ ეს სიმპტომები დაინახეს – „ქართული ოცნება“ შეიძლება გაუძალიანდეს ნებისმიერი სახის ცვლილებას.

  • ევროპარლამენტი მომხრეა ბიძინა ივანიშვილის პერსონალური დასანქცირების. შესაძლოა, არჩევნებამდე დაასანქცირონ ივანიშვილი? 

არჩევნებამდე ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეეცდებიან, არ შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში სანქციების გამო – შესაძლოა, განაწყენებულმა „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ აღარ შემოუშვას დამკვირვებლები ქვეყანაში და აბსოლუტურად შეიცვალოს გარემო.

ევროპარლამენტის რეზოლუცია უფრო გაფრთხილებაა, ეს არის ევროკავშირის განწყობის მაჩვენებელი. საუბარია არა მარტო განწყობაზე, არამედ იმაზე, რეალურად რა მოხდება არჩევნების შემდეგ.

რეალურად არჩევნებამდე არანაირ სანქციებს არ დააწესებენ, რადგან მთავრობები მოქმედებენ არა განზრახვებით, არამედ მიზანშეწონილობით – ამ დროს ძალიან ბევრი რამ იწონება, მათ შორის, სტაბილურობა არჩევნების დროს.

  • თქვენ აღნიშნეთ „გაფრთხილება“. რა შედეგზეა გათვლილი ევროპარლამენტის ასეთი მკაცრი გაფრთხილება? 

ევროპარლამენტი აჩვენებს, რომ მზად არიან ევროკავშირის ქვეყნები „ქართულ ოცნებასთან“ გაწყვიტონ ყველანაირი ურთიერთობა და მოაქციონ იზოლაციაში მთელი ქვეყანა იმ შემთხვევაში, თუ არ ჩატარდება გამჭვირვალე არჩევნები. მეორეა ის, რომ ოპოზიცია შეაგულიანონ და რაც მთავარია: მოსახლეობას მკაფიოდ დაანახონ , რომ რა სისულელეებსაც ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის, აშშ-ს შესახებ, არ რჩება ევროკავშირს უყურადღებოდ. ევროპარლამენტი ცდილობს, საქართველოში ამომრჩეველს ჰქონდეს სწორი ინფორმაცია.

როდესაც „ქართული ოცნება“ მანიპულირებს და რაღაცას აბრალებს ევროკავშირს, თუ ის უპასუხოდ დარჩება, ამ მანიპულაციამ შესაძლოა გაჭრას. ამიტომაც მნიშვნელოვანია საქართველოში საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია იმაზე, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს „ქართულ ოცნებასთან“.

  • რა გამოჩნდა „ქართული ოცნების“ რეაქციებიდან, მათთვის რამდენად ანგარიშგასაწევია ევროპარლამენტის გაფრთხილება? 

შეუძლია „ქართულ ოცნებას“, რომ არ გაუწიოს ანგარიში, მაგრამ მოიმკიან ქარიშხალს. ევროპარლამენტი სახუმარო არ არის. ის ევროკავშირში ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია თავისი რანგით. ევროპარლამენტის უგულებელყოფა ისევ საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციაა.

  • რეზოლუციაში ამჯერადაც მოხვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლების საკითხი. ამ მოთხოვნის გააქტიურება რას უკავშირდება? 

მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ევროპის სახალხო პარტიის წევრი და მოქმედებს პარტიული სოლიდარობა. ევროპის სახალხო პარტია უდიდესი ფრაქციაა ევროპარლამენტში და, როგორც ჩანს, მოითხოვეს კატეგორიულად, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა ყოფილიყო ამ რეზოლუციაში.

  •  ფიქრობთ, რომ რეზოლუციაში მითითებულ სხვა საკითხებსაც არ გაითვალისწინებს „ქართული ოცნება“? მაგალითად, რომ უნდა შეწყდეს პოლიტიკური ოპონენტების დაშინება, ან შეწყდეს ანტიდასავლური გზავნილები… 

საქართველოს ხელისუფლება არჩევნებამდე არაფერს არ გააკეთებს. არჩევნების შემდეგ კი, იმედი გამოვთქვათ, რომ ხელისუფლება შეიცვლება. თუ არ შეიცვლება ხელისუფლება, უკვე სხვა პირობებში აღმოჩნდება ქვეყანა. შესაძლოა, ევროკავშირმა საერთოდ დახუროს ურთიერთობები საქართველოსთან.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები, „გორბის“ კვლევას თუ არ ჩავთვლით, რაც მართლაც ძალიან არასერიოზულია, აჩვენებს, რომ ოპოზიცია იგებს ჯამურად ამ არჩევნებს. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მივიღებთ სხვა სახის რეზოლუციებს, რომელიც იქნება ბევრად მწვავე. მივიღებთ სანქციებსაც.

შესაძლოა, შეჩერდეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაც, რადგან არავინ დაიჯერებს დასავლეთში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციებისა და ძალადობის გარეშე მოახერხა ხელისუფლებაში დარჩენა მეოთხე ვადით.

  • ევროპარლამენტი ასე ხედავს „ქართული ოცნების“ შანსს, რომ ის არჩევნებს აგებს? 

კი, რეზოლუციაში ეს იკითხება.

თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში და გააჯანჯლებს ხელისუფლების გადაცემას, შექმნის ბარიერებს და გამოიყენებს ძალადობას, მაშინ ჩვენ უკვე გვექნება სხვა რეაქცია ევროკავშირიდან. მაშინ იქნება სანქციები ევროკავშირიდან.

თუ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ გადასცემს ოპოზიციას ხელისუფლებას, ჩვენ მივიღებთ სულ სხვა ვითარებას და ვნახავთ საქართველოს სწრაფ დაახლოებას ევროპასთან, ამ შემთხვევაში შესაძლოა, „ქართული ოცნებაც“ დარჩეს ოპოზიციის სახით პარლამენტში.

ბევრი სცენარია, რომლის წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით ვხედავთ აშკარად, რა მოხდება ყველა შესაძლო სცენარის შემთხვევაში. ჩემი აზრით, სანქციები იქნება მიღებული ყველა შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში.

  • ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ესე იგი, არჩევნები გაყალბდა? 

კი, ამას ნიშნავს, რომ მან გააყალბა არჩევნები, გამოიყენა რაღაც ისეთი მეთოდები, ძალადობრივი, რომლითაც მიიღო ეს შედეგი. ისინი უყურებენ კვლევებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ „ოცნებას“ დიდი ჩამორჩენა აქვს.

ამავდროულად, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამის აღიარებას. ის ეძებს გზებს გაყალბებისთვის. ეს რომ ასე არ იყოს, არ დაიწერდა 60 %-ს „გორბის“ მეშვეობით. ის ამზადებს თავის ამომრჩეველსაც იმისთვის, რომ შემდეგ თქვას, გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გამოკითხვის შედეგს დაემთხვა არჩევნების შედეგიო.

ეს ყველაფერი ძაბავს სიტუაციას და ძაბავს პოლიტიკოსებს ევროკავშირშიც. მათაც გაუჩნდათ ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას.

ევროკავშირი გვეუბნება, რა მოხდება, თუ მაინც „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს ამომრჩეველი მხარს დაშინებით და ასე შემდეგ. ასეთ შემთხვევაში უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ საქართველოს შეუწყდება ევროკავშირში გაწევრიანების შანსი. საზოგადოებამ უნდა მოინდომოს მოგება. მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ამის თქმა, რომ სტატუს-კვო ამ შემთხვევაში ვერ შენარჩუნდება – წავა გაუარესებისკენ.

  • რა ბერკეტია ევროკავშირის ხელში სანქციები, ეს შეაჩერებს ივანიშვილს? 

რეზოლუციაში ჩანს, რომ ევროკავშირი მზადაა, ივანიშვილს დაუწესონ ძალიან სერიოზული სანქციები. რა თქმა უნდა, ივანიშვილს აქვს ორბანის და ფიცოს იმედი, მაგრამ ეს არის ამ ეტაპის მოცემულობა. თუ არჩევნები გაყალბდა საქართველოში და  ევროკავშირმა პრაქტიკულად დაკარგა საქართველო, ეს იმდენად სერიოზული საკითხია, როგორც აიძულეს ორბანს უკრაინასთან მიმართებით დათმობაზე წასულიყო, იგივე მოხდება აქაც.

იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი გახდება საქართველო, ივანიშვილი ვერ გაექცევა ევროკავშირის და აშშ-ს სანქციებს. ამის ჩვენება, რა თქმა უნდა, ღიად და დაუფარავად ხდება ამ რეზოლუციით და იმით, რომ 17 ოქტომბერს ასევე იქნება ევროსაბჭოს  დასკვნაც საქართველოზე.

ამ მინიშნებამ გარკვეულწილად შესაძლოა დააფიქროს ივანიშვილი: ღირს თუ არა არჩევნების გაყალბება მასშტაბურად, ღირს თუ არა ხელისუფლების უზურპაცია.

  • გამოდის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ უნდა იძალადოს, სხვაგვარად ის ხელისუფლებაში ვერ დარჩება? 

კი, უნდა იძალადოს, შედეგად კი ის დაკარგავს მთელ ფინანსურ სახსრებს, რაც გააჩნია, მისი ბიზნესი ბევრი დაიხურება, ინვესტორებიც დაიწყებენ ფულის გატანას. ამ შემთხვევაში, ივანიშვილი ჩამოეკიდება რუსეთის ბიზნესგარემოს, რაც მას რეალურად არ სურს.

ეს იმოქმედებს საინვესტიციო კლიმატზე, პროექტებზე, საქართველოს ერთადერთი გამოსავალი დარჩება, რომ აი, ომში მყოფ რუსეთს ბოლომდე ჩაეხუტოს. ეს იქნება კატასტროფა ეკონომიკურად, რადგან ეკონომიკურად რუსეთიც გაჭირვებულ დღეშია.

მოსახლეობაც გაახელს თვალს და დაინახავს, რაც ხდება. ამ კატასტროფაზე თავის არიდება შეიძლება მხოლოდ ერთი გზით: ძალაუფლება მშვიდობიანად გადააბაროს, რასაც ეუბნებიან ივანიშვილს ამ რეზოლუციაში.

სხვა შემთხვევაში ვითარდება ძალიან ცუდი სცენარით ვითარდება მათთვის და საქართველოსთვისაც.

  • გამოდის, ჩიხშია ივანიშვილი? ევროკავშირი მასთან პარტნიორობას გამორიცხავს, რუსეთმა კი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი არცკი განიხილებაო… 

დიახ, ეს სრული ჭეშმარიტებაა. ივანიშვილმა თავისი თავი შეიყვანა ჩიხში, თუმცა მას იმდენი ფული აქვს, სადღაც შეაფარებს თავს. მისი პარტიის წევრები, პარტნიორები, ვინც ხელი მოითბეს, ისინი დარჩებიან მოწყვლად მდგომარეობაში.

ამ კონტექსტში მთელი „ოცნება“ აღმოჩნდა ჩიხში.

  • თქვენ ახსენეთ უზურპაცია. როგორ შეძლებს ივანიშვილი ძალაუფლების მისაკუთრებას, თუ მას ქვეყნის შიგნით არ ექნება მხარდაჭერა და არც ქვეყნის გარეთ რუსეთის გარდა? 

საქართველოში ძალაუფლების უზურპაცია დღევანდელ დღეს მარტივად ვერ მოხდება, თუ არ იქნება რუსეთიდან ძალიან დიდი ჩარევა. ეს კი დროებითი და ცუდი გამოსავალია, რადგან რუსეთი აგებს ომს.

ვგულისხმობ მოდელს, რაც გაითამაშა ლუკაშენკომ ბელარუსში, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოების დიდმა რაოდენობამ: ჟურნალისტებმა, ოპოზიციონერებმა დატოვეს ქვეყანა, ან მოხვდნენ ციხეებში… ასეთი სცენარი საქართველოში საეჭვოა, რადგან ბელარუსში მოსახლეობის 50 % ეთნიკურად რუსია. მათი იდენტობა უფრო რუსულია, ვიდრე ის, რომ ევროპაში უნდათ. მათთვის რუსებთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ღირებულებები. საქართველოში კი ასე არაა, არავის არ უნდა საქართველოში რუსეთის ნაწილი გახდეს საქართველო.

თუ ამ გზას აირჩევენ, ცუდ მდგომარეობაში ჩადგებიან, რადგან მოსახლეობის არანაირი მხარდაჭერა არ ექნებათ. არანაირი მხარდაჭერა საქართველოს რუსიფიკაციას არ ექნება ამ ქვეყანაში. მით უმეტეს, რუსული ინტერვენციის შემთხვევაში არც ჯარი არ გაჩერდება და მოითხოვს წინააღმდეგობის გაწევას.

ეს გზა არ იმუშავებს საქართველოში ბელარუსისგან განსხვავებით, თუმცა დიდ პრობლემებს კი შეუქმნის ქვეყანას. რაღაც მომენტში რუსებმა აღარც კითხონ შეიძლება ივანიშვილს, ისე აიღონ ხელში მმართველობა. თუმცა რუსეთი ახლა დასუსტებულია საკმაოდ.

ქვეყნის შიგნით სერიოზული მხარდაჭერის გარეშე, რუსეთმა რომ დააპიროს ინტერვენცია და მარიონეტული რეჟიმის ძალით დამკვიდრება, ეს მათთვის ძალიან სარისკო შეიძლება იყოს, რადგან მარტივად ამის ძალა მას შეიძლება არ ეყოს. სამხედრო ძალაც შეიძლება არ ეყოს. არა მგონია, რუსები მაინცა და მაინც ასეთ სცენარზე გაჰყვნენ ივანიშვილს.

ივანიშვილსაც ურჩევნია, ისევ ივაჭროს დასავლეთთან, რომ არ დაუწესონ სანქციები და ყველაფერი არ წაართვან. ამიტომაც, მას შეუძლია თქვას, რომ დარჩება საქართველოში და უბრალოდ პოლიტიკას შეეშვება, ან წავა საქართველოდან და დარჩება თავისი ბიზნესები.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის დავალებას შეასრულებს მთლიანად, ივანიშვილი რისკის ქვეშ დგება – პრაქტიკულად უნდა დაკარგოს ყველაფერი, რაც აქვს დასავლეთში, რუსეთი კი არ არის ადგილი, სადაც იფიქრებ, რომ აი, რუსებთან გავაგრძელებ ცხოვრებას არხეინად. ვხედავთ, რომ რუსეთი უკვე ართმევს ბევრ ოლიგარქს ფულს საკუთარი არმიის მხარდასაჭერად. ივანიშვილმა იცის, რომ პუტინი მასაც წაართმევს ფულს, რადგან მას თავისი იდეაფიქსი აქვს: უნდა ომი მოიგოს უკრაინაში.

ამიტომაც, არ მგონია, რომ ივანიშვილს აწყობდეს მთლიანად რუსეთზე ჩამოკიდება.

  • თქვენი აზრით, თავად რუსეთმა რატომ შეუწყო ხელი ივანიშვილს ახალი პოლიტიკური მანიპულაციის შექმნაში? ივანიშვილმა თქვა, ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ლავროვმა კი, ეს საკითხი არ განიხილებაო. 

იმიტომ, რომ რუსეთი ახლა ბევრად უფრო დარდობს სტაბილურობაზე ჩრდილო კავკასიაში. აფხაზეთი და ოსეთი მას სჭირდება ჩრდილო ოსეთის ლოიალურობისთვის. თუ რუსეთი ასე მარტივად უღალატებს აფხაზებს და ოსებს, რუსეთის მხარდაჭერით შეიქმნა ეს მისწრაფებები დამოუკიდებლობაზე, მაშინ რუსეთმა შეიძლება მიაყენოს საკუთარ თავს ზიანი. რუსები ფიქრობენ, რომ ახლა წამგებიანია საქართველოსთან ისევ რაღაც ავანტიურისტული თამაში გააბან.

ეს ძალიან ძლიერი დარტყმა აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მათ აღარ აქვთ ევროინტეგრაციის საპირწონე იდეა – მაგალითად, სანაცვლოდ ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ვიბრუნებთ. ამ არჩევნებზე „ოცნება“ დავით-გარეჯის გარეშე დარჩა, რამაც მას წინა არჩევნები მოაგებინა. ეტყობა, აზერბაიჯანელებმაც დაუქნიეს თითი საქართველოს მთავრობას, ხომ არ გაგიჟებულხართო. აფხაზეთსა და ოსეთზე კი, ყველა უკვე კარგად მიხვდა, რომ „ოცნების“ გზავნილები ბლეფია.

რუსეთს უკრაინაში რეალურად ძალიან უჭირს. მეორე ფრონტის გახსნა და საქართველოში ახალი კონფლიქტის დაწყება კი, მარტივი საკითხი არ არის. რუსები იმასაც ხვდებიან, რომ მცირედი დახმარება საქართველოს ხელისუფლებას ვეღარ უშველის. შესაძლოა, რუსები უკვე ეძებენ ახალ გზებს ახალ ხელისუფლებასთან. ისინი სააკაშვილსაც არ უჭერდნენ მხარს თავის დროზე, მაგრამ როცა დაინახეს, რომ მოდის ხელისუფლებაში, ივანოვი გამოუგზავნეს.

„ოცნება“ ომით ბათუმში უკვე ბავშვებსაც აშინებს

„ეს ყველაფერი, ომის უბედურებები“, „წარმოიდგინეთ, ერთი ტყვიის გავარდნამაც კი, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს“, „გვაიძულებენ, რომ აუცილებლად ჩავერთოთ იმ ბრძოლაში, რომელსაც ომი ჰქვია“, – ამ ფრაზებით აშინებდა 7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ტიტე აროშიძე ბათუმში პატარა ბავშვებს და მოზარდებს, რომლებიც საგანგებოდ ჰყავდათ შეკრებილი წინასაარჩევნო გზავნილების მოსასმენად. შეხვედრის ამსახველი ვიდეო „ბათუმელებმა“ გადაიღო.

ბავშვებს ომსა და „იძულებით ომში ჩათრევაზე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძე, კობალაძის ქუჩაზე, სპორტულ მოედანზე ესაუბრა.

რატომ აშინებს „ოცნება“ ბავშვებს ომით და რატომ ჰყავთ ისინი ასე აქტიურად ჩართული იმ აგრესიული პროპაგანდის მსმენელებად, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ აწარმოებს?

„ბათუმელები“ ტიტე აროშიძეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა იყო ბავშვების ომით დაშინების მიზანი.

რატომ აშინებთ მცირეწლოვნებს ომით, რატომ ესაუბრებით მათ ტყვიის გავარდნაზე, ომი იწყება ქვეყანაში, თუ ბავშვები თქვენი ამომრჩევლები არიან? – ვკითხეთ მას სატელეფონო საუბრისას.

„ჯერ აიღეთ ნებართვა, რომ ინტერვიუს მართმევთ? მკითხეთ, რომ ინტერვიუ მინდა? ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს“, – გვითხრა ტიტე აროშიძემ და ტელეფონი გათიშა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატებს საარჩევნო აგიტაციის პროცესში აჭარის მთავრობის მინისტრებიც დაჰყვებიან. მაგალითად, ტიტე აროშიძის გვერდით იმ დროს, როცა ის ბავშვებს ტყვიის გავარდნაზე ელაპარაკებოდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძეც იდგა.

შესაბამისად, „ბათუმელებმა“ მასაც ჰკითხა, რამდენად გამართლებულია ბავშვებთან ომსა და ომით გამოწვეულ ტრავმებზე საუბარი? რამდენად მისაღებია მისთვის, როცა პოლიტიკოსები ამ ლექსიკით ესაუბრებიან ბავშვებს, თუნდაც არჩევნების წინ.

ნინო ნიჟარაძეც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

„შეხვედრას ესწრება ყველა ასაკის ადამიანი და ყველა თემაზე არის ხაზგასმა. კონკრეტულად ბავშვებს ომზე არავინ ესაუბრება“, – გვითხრა მან.

დავუკავშირდით აჭარის განათლების მინისტრსაც, რომელიც ასევე აქტიურადაა ჩართული საარჩევნო კამპანიაში, თუმცა მაია ხაჯიშვილმა „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

მინისტრს ტექსტური შეტყობინებაც გავუგზავნეთ და ვკითხეთ, რამდენად ამართლებს ის იმ ფაქტს, რომ ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს მმართველი პარტიის წარმომადგენელი და მათი ფსიქიკისთვის მატრავმირებელ თემაზე ელაპარაკება?

თუმცა მაია ხაჯიშვილმა ამ კითხვებს არც წერილობით უპასუხა.

ბათუმის მერი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზე, სადაც ბავშვებს ომსა და „ტყვიის გავარდნაზე“ ესაუბრებიან/ფოტო: „ბათუმელები“.

ადამიანის უფლებების ადვოკატი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ბავშვებს აქვთ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები და მათ შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო უფლებები.

იმავე სამართლის თანახმად, უფროსები ვალდებულები ვართ, მათი პოლიტიკური უფლებები დავიცვათ და ხელი შევუწყოთ საერთაშორისო სამართლის ნორმისა და კონვენციით გათვალისწინებული ბავშვთა უფლებების დაცვას. თუმცა ის, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შეხვედრაზეა ასახული, უხეშად არღვევს ბავშვთა უფლებებს.

„ეს არის ბავშვის სამოქალაქო, პოლიტიკური უფლების დამახინჯება, რადგან თუ ბავშვს მისთვის შეუსაბამო ინფორმაციას შეუსაბამო ფორმით და გაუგებრად აწვდი, ეს ნიშნავს, რომ არღვევ მის სამოქალაქო  უფლებებს. ბავშვს არ ესმის რაზეა ლაპარაკი, მისთვის გაუგებარი ფორმატით აწვდი, პირდაპირ არ მიმართავ მას. კადრებში ვხედავთ, რომ უფროსებისთვის გათვალისწინებულ ტექსტს ეუბნება ბავშვებს და ამით არღვევს მათ სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

როგორც ანა არგანაშვილი ამბობს, მსგავსი ფორმით ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდება არასწორია, რადგან მათ ვესაუბრებით დამაშინებელი კონტექსტით, „რომელიც ასევე ძალიან ახლოსაა დეზინფორმაციასთან“.

„ჩვენ, ევროკავშირისგან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისგან არაერთხელ მოვისმინეთ, რომ ომის რიტორიკა არ არის დასაბუთებული და ეს არის ყალბი ინფორმაცია.

შესაბამისად, გამოდის, რომ რადგან ბავშვი პატარაა და ვერ გეწინააღმდეგება, ვერ გისვამს კრიტიკულ კითხვებს, ამით სარგებლობ და ამიტომ არის ეს ბავშვის უფლებების დარღვევა.

მესამე ასპექტია ის, რომ როდესაც ბავშვს არ ესმის საკითხი, მაგრამ ამ დროს იძულებულია გაჩერდეს იმ გარემოში, სადაც ომზე ელაპარაკები, რა თქმა უნდა, ბავშვი ისტრესება, რადგან ხდება გაუგებარი აგრესიის სამიზნე.

ომი, სროლა, იარაღი – მისთვის გაუგებრად იყენებ ამ ტერმინებს და ეს შეიძლება იყოს ემოციური წუხილის გამომწვევი ბავშვისთვის.

ის ვერ გადაამუშავებს ასეთი ფორმატით მიწოდებულ ინფორმაციას და შესაძლოა დასჩემდეს შფოთვა, არა მარტო ამ ინფორმაციასთან კავშირში, არამედ მის ყოველდღიურ საქმიანობებს შეუშალოს ხელი. ამიტომ, რაც ამ ვიდეოში ხდება, ბავშვის უფლებებს ნამდვილად არღვევს“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ბავშვთან სასაუბროდ მიდის, ის ვალდებულია მას ესაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც უშუალოდ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება.

„ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში საარჩევნო ასაკი 16 წლამდე ჩამოვიდა და ბავშვებს შეუძლიათ 16-17 წლიდან უკვე ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში. მაგრამ ბავშვებს უნდა ესაუბრო იმაზე, რას გააკეთებ, მაგალითად, მათი უკეთესი განათლებისთვის, როგორ იზრუნებ მათ ჯანმრთელობაზე, გარემოზე, იმაზე, რაც რეალურად აწუხებს ბავშვს და ვალდებულებაც გაქვს, რომ მათ ამაზე ესაუბრო.

მაგრამ შენ თუ დაამახინჯებ და სადღეგრძელოებად მიაწვდი ამ თემებს ან შიშს ჩაუნერგავ, ეს იქნება სრული მანიპულაცია. ტოკენიზმს ვუწოდებთ ამას (ტოკენიზმი (Tokenism) – ინგლისური სიტყვაა და უმცირესობების ცრუ ჩართულობასა და ფორმალური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას ნიშნავს), როდესაც ბავშვებს იყენებენ ფასადურად და არა იმიტომ, რომ მათ აზრს პატივს სცემ. ეს არის ბავშვის უფლებების დამახინჯება.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ სამოქალაქო პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა, ასე იყო მარტის აქციების დროსაც  და ეს თემა ძალიან მანიპულაციურად გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ“. ამის გამო ბავშვებს შეეძლოთ ეჩივლათ კიდეც მათთვის.

გარდა ამისა, როცა ბავშვი მონაწილეობს აქციაში, მისი უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული.

აი, ამ ყველაფრის გათვალისწინება იქნებოდა რეალური მონაწილეობა ამ ბავშვებისთვის და არა ის, რაც ჩვენ ვნახეთ, რადგან ეს არის ბავშვის უფლებების დარღვევა“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

________________

მთავარი ფოტო: „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ბათუმში, სადაც ტიტე აროშიძე ბავშვებს ომის დაწყებით აშინებს. მარჯვნივ – ფატი ხალვაში [უმაღლესი საბჭოს დეპუტატი], არჩილ ჩიქოვანი [ ბათუმის მერი] და ნინო ნიჟარაძე [აჭარის ჯანდაცვის მინისტრი] /ფოტო: „ბათუმელები“.

დამანგრეველი ეფექტი – შშმ აქტივისტი „ოცნების“ ანტიგენდერულ გზავნილებზე

ანტილიბერალური დეზინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში, საზოგადოებაში გენდერული როლებისა და იდენტობების შესახებ მავნე სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს.

შშმ აქტივისტის, დეა ერემაშვილის თქმით, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოში მცხოვრებ შშმ ქალებსა და გოგოებზე, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად მოიაზრება.

ანდიგენდერული პროპაგანდა, ანტილიბერალურ და ღიად ჰომოფობიურ გზავნილებთან ერთად, აქამდე საქართველოში კონსერვატიული ულტრამემარჯვენე ჯგუფების პრეროგატივა იყო, დღეს კი ამ ნარატივის მთავარ მწარმოებლად უშუალოდ მმართველი ხელისუფლება გვევლინება. 

დეა ერემაშვილი სამი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსს“ ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია, რომლის წევრების უმრავლესობაც შშმ ქალები ან მათი ოჯახის წევრები არიან, შშმ ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობს.

დეა ამბობს, რომ ქვეყანაში თანასწორობის პრინციპები არც აქამდე იყო სათანადოდ დაცული, მაგრამ ბოლო დროს მთავრობის მიერ გაჟღერებული ანტიგენდერული და ჰომოფობიური ნარატივები, რეპრესიულ და დისკრიმინაციულ კანონების სერიასთან ერთად, კიდევ უფრო საგანგაშო პერსპექტივას სახავს ქალების, მათ შორის შშმ ქალების კეთილდღეობის თვალსაზრისით: 

„ის ფაქტი, რომ მთავრობის წარმომადგენლები გენდერსა და სქესზე აკეთებენ ნეგატიურ აქცენტს, მიმართულია ქალების დისკრედიტაციისკენ. კვოტებიც გააუქმეს, ქალებს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს პარლამენტში და რეაქცია იყო ნული. ეს ჩვენც გვეხება. 

აი, რომ გვეუბნებიან, თითქოს დასავლეთი გვახვევს გენდერულ თანასწორობას თავს და ამის გამო ინგრევა ოჯახები. მაგალითს გეტყვით, ჩვენ გვქონდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო ვიდეო გაკეთებული, რაზედაც მოგვწერეს, ოჯახებს ანგრევთო, ანუ ქალებს თუ აღარ ვტოვებთ ძალადობაში და ვცდილობთ გავარიდოთ – „ოჯახებს ვანგრევთ“.

დეა ეხმიანება ბოლო დროს მთავრობის მიერ წინასაარჩევნო გამოსვლებსა თუ საკანონმდებლო ცვლილებებში პროპაგანდირებულ ანტიგენდერულ ნარატივს და ამბობს, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა ახალისებს მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების და მასთან ერთად – „კარგი ქალის“ კრიტერიუმების არსებობას საზოგადოებაში.

ეს კი განსაკუთრებით უსამართლო პირობებში აყენებს შშმ ქალებს, ვინაიდან, როდესაც ქალის მთავარ ღირსებად ზრუნვა და საოჯახო საქმე განიხილება, შშმ ქალები, რომლებმაც შეიძლება ვერ შეასრულონ საზოგადოების ასეთი დაკვეთა, ავტომატურად საზოგადოების ნაკლებ ფასეულ წევრებად მოინიშნებიან. 

„ზრუნვა მხოლოდ ქალის საქმედ არის აღქმული. სამწუხაროდ, პატრიარქატი, რელიგია საზოგადოებას კარნახობს, რომ ქალი უნდა იყოს მორჩილი, იზრუნოს ოჯახის დანარჩენ წევრებზე… თითქოს ქალი, რომელმაც ოჯახი არ შექმნა, არ არის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. მთავრობა ამას უკვე პირდაპირ ამბობს.

ახლა შშმ ქალებზე დავფიქრდეთ. ასეთი რეალობა გვაქვს დღეს: როცა ოჯახები ხედავენ, რომ შშმ ქალი ვერ ზრუნავს ისე ოჯახის წევრებზე, როგორც „სტანდარტია“, ვერც „თხოვდება“ და ვერ ასრულებს „ბუნებრივ მოვალეობას“ – ვერ აჩენს შვილს, არ თვლიან საჭიროდ, მასში ინვესტიცია ჩადონ და, მაგალითად, რაღაც განათლება მისცენ. თვლიან, რომ ვერ გამოიყენებს და რატომ უნდა „დახარჯონ რესურსი“.

დეა ერემაშვილი ასევე ამბობს, რომ შშმ ქალებისთვის პერსონალური ავტონომიის ნაკლებობა მნიშვნელოვანი პრობლემაა, რისი მიზეზიც საზოგადოებაში დამკვიდრებული ეიბლისტური [უარყოფითი სოციალური წინასწარგანწყობა და დისკრიმინაცია შშმ პირების მიმართ] დამოკიდებულებებია: მაგალითად ის, რომ შშმ ქალები ყოველთვის სხვებზე არიან დამოკიდებული და არ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება საკუთარ სხეულსა და ცხოვრებაზე.

„ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევა აჭარაში, სოფელს არ დავასახელებ, დაახლოებით 20 წლის გოგო არის სენსორული შეზღუდვის მქონე და იმის ნაცვლად, რომ ესწავლა სპეცსკოლაში, მიეღო განათლება და არსებული მწირი რესურსი გამოეყენებინა საკუთარი თავისთვის, დღეს მან წერა-კითხვაც არ იცის, არც ჟესტური ენა. ის ოჯახში არის სხვა ბავშვების ძიძა. მამამ გადაწყვიტა, რომ მას განათლება არ სჭირდება. დედა კი ხვდება, რომ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, მაგრამ რადგან გარემო ასე კარნახობს, არ ეწინააღმდეგება მას.

ესეც ხომ რეალურად იმ პოლიტიკის გაგრძელება და შედეგია, რასაც თუნდაც სასულიერო და საერო მთავრობები ტირაჟირებენ“, – ამბობს დეა.

დეა განმარტავს, რომ „შშმ ქალთა ალიანსის“ შექმნის მიზანი სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებაა, რის წინაშეც დღეს რეგიონში მცხოვრები შშმ ქალები და გოგოები დგანან. თუმცა, მიუხედავად ამ უნიკალური, სპეციფიკური საჭიროებებისა, შშმ ქალებს სხვა ქალებთან საერთო ჩაგვრა აერთიანებთ.

„შშმ ქალები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქალები, რა თქმა უნდა, განიცდიან სექსუალურ, ეკონომიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას. შშმ ქალებს თანმდევი გამოწვევებიც აქვთ მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო და ინტერსექციურ, ანუ ერთი მხრივ შეზღუდული შესაძლებლობების, მეორე მხრივ კი გენდერის ნიშნით ჩაგვრას განიცდიან.

სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო არ აწარმოებს ზუსტ/სეგრეგირებულ სტატისტიკას, რომ გაგვეგო, რამდენი შშმ ქალია ძალადობის მსხვერპლი. ჩვენი გამოცდილებით რომ ვისაუბრო, ამჟამად ძალადობის 7 ქეისი გვაქვს, საიდანაც უმეტესი ნაწილი სექსუალური ძალადობაა, ორი შემთხვევა კი – ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა.

მიუხედავად შშმ ადამიანების უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის ვალდებულებისა, რომელიც საქართველოს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი დოკუმენტით აქვს ნაკისრი, შშმ ქალები და გოგოები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება საქართველოში.

სხვადასხვა კვლევისა თუ ანგარიშის თანახმად, ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობაა, რომელიც გამოწვევებს დაუპირისპირდებოდა და გააუმჯობესებდა შშმ ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობას.

ნაცვლად ამისა, საქართველოს მთავრობამ რუსული კანონი მიიღო, რომელიც სრულად ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას და ეს იმ დროს, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც შშმ ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებებია – ძირითად სამუშაოს სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეწევიან.

„რუსულმა კანონმა კარგად გამოავლინა, თუ რას ფიქრობს შშმ თემზე მთავრობა, როცა ტყუოდა თითქოს შშმ თემის წევრებს არ ეხებოდათ ეს კანონი. მიმდინარეობდა დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს შშმ თემის წევრები ვერ ვაცნობიერებდით, როცა რუსული კანონის წინააღმდეგ ვაწერდით ხელს“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

აქტივისტის შეფასებით, ქვეყანაში სუსტი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მიზეზი, პოლიტიკაში ქალების დაბალი წარმომადგენლობაა. გენდერული დეზინფორმაციაც საჯარო სივრცეში აქტიური პირების, განსაკუთრებით კი ქალების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად არის ქცეული.

მედიის განვითარების ფონდის (MDF) 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ „სექსისტური შინაარსის შემცველი კომენტარების/პოსტების ყველაზე დიდი წილი, როგორც ტრადიციულ, ასევე, სოციალურ მედიაში პოლიტიკას უკავშირდებოდა და უმეტესწილად საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს, ასევე, ქალ აქტივისტებს და უფლებადამცველებს მიემართებოდა“. 

დეა ასევე ამბობს, რომ შშმ თემი საკმაოდ მოწყვლადია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ, სანდო ინფორმაციის წყაროებზე კი ფიზიკური ბარიერების გამო ხელი არ მიუწვდებათ:

„ინკლუზიური განათლება, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, მხოლოდ სიტყვიერადაა ინკლუზიური, რეალურად კი მაინც კერძო პირის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად ხარისხიან განათლებას მიიღებს ბავშვი. არ გვაქვს პოლიტიკური სტანდარტი, რეგულაცია.

შესაბამისად, შშმ თემი დეზინფორმაციის მიმართ არის ძალიან მოწყვლადი – არ აქვს უნარები, რომელიც ამ ადამიანებს მისცემს საშუალებას, გადაამოწმონ ესა თუ ის ინფორმაცია, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ხშირ შემთხვევაში ინტერნეტიც ცუდი ხარისხისაა.

ხშირია ჰომოფობიური ნარატივები. ანტიგენდერული ნარატივიც კარგად ფესვგადგმულია შშმ თემში. როდესაც ქალების უფლებებზე ვიწყებდი მუშაობას, ხშირად გაშარჟებული იყო ეს მიმართულება თუნდაც შშმ კაცების მიერ. იყო პერიოდი, მეც ვერ ვაცნობიერებდი, რაში სჭირდება შშმ ქალებს ცალკე დაცვა“, – ამბობს დეა. 

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ცესკოსა და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ადმინისტრაციული რესურსების შესახებ საარჩევნო კოდექსის 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული და სასამართლო წარმოების დროს მემორანდუმში მითითებული განმარტებებით იხელმძღვანელებენ.

დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანი პრაქტიკა რომელიც 2010 წლიდან დამკვიდრდა და მას შემდეგ ჩატარებულ ყველა საერთო არჩევნებზე ტრადიციად იქცა, ხელს უწყობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ საკითხების ერთგვაროვან აღქმას და ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.

მემორანდუმს ხელი დღეს იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილმა მოაწერა, რომლებსაც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გავლილი აქვთ რეგისტრაცია. თუმცა დოკუმენტებზე ხელმოწერა იქნება ღია და დარეგისტრირების შემდგომ ყველა მსურველს ექნება საშუალება შემოუერთდეს მას.

ბათუმში 20 ოქტომბერს ევროპული მარში გაიმართება ახალგაზრდების ორგანიზებით

„საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „კიდევ ერთხელ გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამ სლოგანით გაიმართება საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მარში ბათუმში 20 ოქტომბერს.

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია ახალგაზრდული მოძრაობა „პერსპექტივა“.

„სურვილი გვაქვს, რომ დედაქალაქის მარშს შევუერთდეთ, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს გაიმართება თბილისში.

რადგან ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა წავიდეთ თბილისში, აქ, ჩვენს მშობლიურ ქალაქში, ახალგაზრდები კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენს სათქმელს, რომ ჩვენი თვითმიზანი არის ევროკავშირი“ – ამბობს ლინდა ცინცაძე, ახალგაზრდული მოძრაობის წევრი.

მისი თქმით, მოძრაობის წევრები სოციალური მედიის საშუალებით, ასევე პირისპირ შეხვედრისას მოუწოდებენ ადამიანებს, რომ შეუერთდნენ ევროპულ მარშს.

„ასევე, წინასაარჩევნოდ დავდივართ ქალაქში კარდაკარის პრინციპით, ვხვდებით საზოგადოებას, ახალგაზრდებს და ვაწვდით ინფორმაციას ევროპული მარშის შესახებ“ – ამბობს ლინდა.

ევროპული მარში ბათუმში 18:00 საათზე დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან, 19:00 საათზე კი მარში გადაინაცვლებს ევროპის მოედანზე.

____________

ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“ ბათუმში, 2024 წლის გაზაფხულზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ენმ: ბათუმში „ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს ხალხის პარტიულ შეხვედრაზე მისაყვანად

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, „ქართული ოცნება“ ბათუმში პარტიულ ღონისძიებაზე მისაყვანად ხალხს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში აგროვებს.

ამის თაობაზე დღეს, 9 ოქტომბერს, პარტიაში ბრიფინგი გამართეს.

პარტიის წევრის, ნიკა ქაშიბაძის განცხადებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში ხელმძღვანელები დასაქმებულებს ეუბნებიან, რომ აღრიცხავენ, თუ ვინ დაესწრება და ვინ არა პარტიულ შეხვედრას:

„ამაზე ინფორმაცია ამ სტრუქტურებში დასაქმებულმა ჩვენმა ამომრჩევლებმა მოგვაწოდეს, თუმცა მათ დაფიქსირება არ სურთ, რომ სამსახურში პრობლემები არ შეექმნათ“ – განაცხადა ნიკა ქაშიძემ.

მისი თქმით, „ხელისუფლება ცდილობს ძალადობით გამოიყვანოს ხალხი ივანიშვილთან შესახვედრად. საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებზე, სკოლების მასწავლებლებზე და საჯარო მოხელეებზე ახორციელებენ ზეწოლას, რომ 10 ოქტომბერს წავიდნენ ქართული ოცნების აქციაზე.

ზეწოლა ხორციელდება მუნიციპალიტეტების მერების, მინისტრების, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, რესურსცენტრების ხელმძღვანელების, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელების მხრიდან.

გუშინ თორნიკე რიჟვაძე შეხვდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელს და უშუალოდ გასცა დავალება, რათა ყველა საჯარო მოხელე გავიდეს ივანიშვილთან შესახვედრად.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუდენტს, მასწავლებელსა და საჯარო მოხელეს, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე და აქციაზე გასვლაზე.

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეფასება მიეცეს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს“ – განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ ბრიფინგზე.

ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც ბავშვს სცემა, 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – პროკურატურა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურა ეხმიანება ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტს, რომლის შესახებაც ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გუშინ, 8 ოქტომბერს გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმე არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“ – წერს პროკურატურა.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 3031 საარჩევნო უბანი, მათ შორის 2263 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 768 საარჩევნო უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 52 000-ზე მეტი  წევრი განახორციელებს, საიდანაც 26 000-ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი.

დღეს მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის აღნიშნულ კოდექსში შევიტანეთ ცვლილება და საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის სტანდარტი კიდევ უფრო ავამაღლეთ. მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის  კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას  და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. მივცეთ  ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები უკვე აქტიურად ახორციელებენ საკუთარ უფლებამოსილებას და მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს.

6 ოქტომბრის მდგომარეობით 3031 საარჩევნო უბანში სულ არჩეულია/დანიშნულია  საუბნო საარჩევნო კომისიების 51 256 ხელმძღვანელი პირი/წევრი. აქედან საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩეულია 26 044 (3031 კომისიის თავმჯდომარე, 3029 თავმჯდომარის მოადგილე, 3028 მდივანი, 16 956 წევრი), ხოლო შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ დანიშნულია 25 212 წევრი.

აქედან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დანიშნულია 3030 წევრი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ მიერ – 3024, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მიერ -2952, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3002, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – 3013; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ („გირჩი“) – 1295; „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 3015; „ევროპელი სოციალისტები“ – 2997; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ – 2884.

ამასთან, კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, საოლქო საარჩევნო კომისიები, ირჩევენ გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ სპეც-ჯგუფის 2-2 წევრს იმ საარჩევნო უბნებში, რომლებშიც ერთზე მეტი გადასატანი ყუთი მოემსახურება კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს. ამ მიზნით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ჯამში არჩეულია სპეც-ჯგუფის 1245 წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას – თამარ კორძაია

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას,“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას რუსული კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით.

დღეს, 9 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ხედავს ამ კანონის მავნე შედეგებს, როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით.

ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე. თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის პერსპექტივას ევროკავშირის წევრობის თვალსაზრისით,“ – თქვა თამარ კორძაიამ.

 

ამავე თემაზე:

რა გადაწყვიტა 2014 წელს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე – ამონარიდები

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, მკვლელობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს“ – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატე“

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება. ამასთან არსებით განხილვაში მიიღო ოთხივე საკონსტიტუციო სარჩელი.

იურისტი საბა ბრაჭველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონის არ შეჩერებასთან დაკავშირებით, კრიტიკულად აფასებს და მუხლობრივად გამოყოფს ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომლებიც საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილებამ გამოკვეთა.

გთავაზობთ იურისტის მოსაზრებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

საბა ბრაჭველი: „საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს არგუმენტები ასეთია:

  1. მოსარჩელეთა რეპუტაციულ ზიანზე – არსებითი განხილვების (თვეების, შეიძლება წლების) შემდეგ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო, გავაუქმებთ მას და ზიანიც აღმოიფხვრებაო. ანუ, ჩვენს გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება დამდგარი შედეგების უკუქცევა, მოსახლეობას მყისიერად აღუდგება ნდობა ამ ორგანიზაციებისადმი, თანამშრომლობას ისევ დაიწყებს და ზიანიც აღარ იარსებებსო (II-57);
  2. მონიტორინგის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით – რაკი აქამდე მონიტორინგი არავის მიმართ არ დაწყებულა, ვერ ვხედავთ ამის გამო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების საფრთხესო (II-64);
  3. ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით – ანალოგიურად, რაკი აქამდე ჯარიმა არც ერთ ორგანიზაციას არ დაკისრებია, სასამართლომ პრობლემა ვერც იმაში დაინახა, რომ მომავალში დაკისრებული ჯარიმის გამო მრავალი ორგანიზაცია საქმიანობას ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს (II-65);
  4. მთავრობას რომ უჩნდება ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა – სასამართლო, კანონის ტექსტის ნაცვლად, საჯარო რეესტრის უფროსის ზეპირ განმარტებას ენდო (II-69) და მიუთითა, რომ ორგანიზაციები, ვინც დეკლარაციის შევსებისას ფიზიკური პირების მონაცემები სრულად არ მიუთითეს, აქამდე არ დაჯარიმებულანო (II-70-72);
  5. ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით – სასამართლომ აქ ორი არგუმენტი თქვა. პირველი: ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს მართალია აღარ გამოთქვამს, მაგრამ პროცესის რომელი ტექნიკური მხარე ზიანდება, ეს ვერ დავინახეთო. მეორე არგუმენტი იმდენად საოცრებაა, რომ უნდა დავაციტირო: “სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს. შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს”. ანუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს იმის გაცნობიერებაზე, რომ ხელისუფლების შტოს წარმოადგენს და ისეთივე პასუხისმგებლობა გააჩნია რუსული კანონის არშეჩერებასთან დაკავშირებით, როგორც – პარლამენტს, რომელმაც ეს კანონი მიიღო (II-73).

საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

  1. საკონსტიტუციო სასამართლო (კონკრეტულად ის 6 მოსამართლე, ვინც ამას ხელი მოაწერა), რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა;
  2. სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის;
  3. საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა;
  4. ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არა უშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში“.

საკონსტიტუციომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

დღეს, 9 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც არ შეაჩერა რუსული კანონის მოქმედება.

„არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარეების შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე“, – წერია სასამართლოს დადგენილებაში.

ამავე გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად  მიიღო ოთხივე კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც სასამართლოში იყო შესული.

რუსულ კანონზე საკონსტიტუციოში დავობს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები (სულ 38 დეპუტატი), ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, ა(ა)იპ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ და სხვები (სულ 122 მოსარჩელე), შპს „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ და ა(ა)იპ „სტუდია მონიტორი“.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, 8 მოსამართლიდან ორს ჰქონდა განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე,“ – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

შესაბამისად, რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მხოლოდ ამ ორმა მოსამართლემ – გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა დაუჭირეს მხარი.

კიდევ ერთ მოსამართლეს კი განსხვავებული აზრი აქვს დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებაში.

„საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით,“ – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

მოსამართლეთა მიერ დაწერილი განსხვავებული მოსაზრებები ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი არაა.

რუსული კანონის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს შემდეგმა მოსამართლეებმა: ვასილ როინიშვილმა, მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და ხვიჩა კიკალიშვილმა.  

კიდევ ერთი მოსამართლე – ირინა იმერლიშვილი სარჩელის განხილვაში არ მონაწილეობდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 8 მოსამართლე სამი დღის განმავლობაში, 29-31 აგვისტოს, უსმენდა მოსარჩელეებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარდგნენ და სცადეს სასამართლოს დარწმუნება იმაში, რომ რუსული კანონი, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, შეუთავსებელია ადამიანის უფლებებთან და ანადგურებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

ოთხივე მოსარჩელე ითხოვდა, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა რუსული კანონი. მოსარჩელეთა თქმით, ამ შემთხვევაში გადარჩებოდა სამოქალაქო და მედიასექტორში მომუშავე ასობით ორგანიზაცია.

ოდესაში რუსეთის დრონების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

რუსეთის შეიარაღებული ძალები ზედიზედ მესამე დღეა დრონებით უტევენ ოდესას.

ოდესის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ოდესის რეგიონში თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დრონების შეტევის შედეგად დაზიანდა ცხრასართულიანი შენობა და, ასევე, სამედიცინო დაწესებულების ფასადი, გაჩნდა ხანძარი, რომლის ჩაქრობაც მეხანძრეებმა სწრაფად შეძლეს.

____________________

ფოტო: ოდესის პროკურატურა/ტელეგრამი

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 9 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 664 120 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
  • ტანკი – 8 944 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 17 751 ერთეული [+11]
  • საარტილერიო სისტემა – 19 222 ერთეული [+19]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 973 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 718 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 618 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 240 ერთეული [+55]
  • სპეცტექნიკა – 3 385 ერთეული [+12]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 130 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 559 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 858 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 074 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ცეკვის დარბაზში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, ხოლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასწავლებლის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს. ის პერიოდულად მასწავლებელსა და ბავშვს შორის დგას და ცდილობს ბავშვი მასწავლებლის აგრესიისგან დაიცვას. არის კადრი, სადაც ჩანს, როგორ იშორებს ქალს ცეკვის მასწავლებელი ხელის კვრით და ერთ მომენტში ფეხსაც ურტყამს. ინფორმირებული პირის თქმით, ეს ქალი მასწავლებლის მეუღლეა, რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობს და „ის მეუღლეს [ცეკვის მასწავლებელს] ეხმარებოდა“.

სქრინი ვიდეოკადრებიდან

მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გვითხრეს, მას აქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც მან დირექტორს უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

მომხდარის შესახებ ბავშვის ოჯახმა ჩვენთან გასაუბრება არ ისურვა. ბავშვის მამა ოპოზიციური პარტიის წევრია, აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და გვითხრა, რომ არ სურს ეს ამბავი ვინმემ გამოიყენოს.

ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ინციდენტის დღეს, ცეკვის გაკვეთილის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს ბიცოლამ მიაკითხა, ბავშვი მას ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა, ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანების კვალიც.

მეორე დღეს, დილით, დედა ბავშვის მამიდასთან ერთად მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ მასწავლებელი მათთან „აგრესიულ შეტევაზე ისე გადავიდა, დიალოგიც კი არ დაწყებულა. შემდეგ კი მან ქალებისკენ ხელით გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას“.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის თანამშრომლები დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჩადგნენ, ვითარება რომ განემუხტათ. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც. დაიწყო გამოძიება. შენობაში განთავსებულმა კამერებმა ეს ინციდენტიც დააფიქსირა. გავიგეთ ისიც, რომ მერაბ დოლიძე თავადაც ადანაშაულებს და უჩივის ბავშვის მამიდას „მასზე ძალადობისა და პერანგის შემოხევისთვის“.

მომხდარის შესახებ მასწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, თამარ მესხიძეს ვკითხეთ, მან ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ დაუყოვნებლივ მიიღო მასწავლებლის გათავისუფლების გადაწყვეტილება:

„პოლიცია იყო გამოძახებული, ამოიღეს კადრები, მაშინვე მქონდა რეაგირება. მანამდე ამ მასწავლებლის მიმართ საჩივარი, განცხადება, რაიმე მსგავსი არ მოსულა ჩემამდე. როცა არის შინაგანაწესის უხეში დარღვევა, არის ძალადობა, მე მოვიქეცი კანონის შესაბამისად. რაც შეეხება ვიდეო ჩანაწერების შესწავლას, ჩანაწერები ჩვენთან ინახება ათი დღით. რა თქმა უნდა, ჩატარდა მოკვლევა, კადრები ამოღებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე კადრები, სწორედ ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ მასწავლებელი“.

გვითხრეს ისიც, რომ მერაბ დოლიძე მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს. ეს დაწესებულების დირექტორმაც დაგვიდასტურა:

„დიახ, მეც გავიგე, რომ რაღაც დოკუმენტები წაიღო. პირადადაც მითხრა, ვაპირებ გავასაჩივრო თქვენი გადაწყვეტილება, ადვოკატმა მირჩიაო. მეც ვურჩიე ადვოკატი სწორად შეარჩიე-მეთქი. არანაირი საფუძველი არ აქვს და ეს არასწორი ქმედებაა. სასამართლოდან ჯერ არაფერი მოსულა, თუმცა მე მზად ვარ ნებისმიერი სიტუაციისთვის, რომ გავცე პასუხი სამართალდამცავებსაც და მომჩივანსაც.

ეს მოხდა საღამოს 6 საათის შემდეგ, მე სამსახურში ვარ ცხრამდე, ვიდრე ყველაფერი არ დამთავრდება. იმ დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა, სტუმრები მყავდა თბილისიდან და ექვსი საათის შემდეგ წავედი, სწორედ მაშინ მომხდარა. დამირეკეს და მივედი მალევე, პატრული ჯერ კიდევ არ იყო მოსული.

ისევ ვამბობ, უარესი კადრებია მეორე დღის, ოღონდ აქ ქალბატონები არიან – დედა და მამიდა. ის არ გავიდა დიალოგზე მშობელთან. როცა მშობელი მოდის და პასუხს გთხოვს ძალადობასთან დაკავშირებით, უნდა დაელაპარაკო. პირდაპირ აგრესიაზე გადავიდა.

მანამდე, იმ საღამოსვე [როცა ფაქტი მოხდა], ჰქონია აგრესიული სატელეფონო საუბარი მშობელთან. ქალბატონები მოვიდნენ რეპეტიციის დროს. როცა ძალადობის ფაქტი გაქვს, შეგიძლია პირდაპირ მიიღო გადაწყვეტილება. მე არ ვამბობ შემთხვევაზე, როცა ვიღაც შემოვიდა საჩივრით, აქ ფაქტები არსებობს“, – ამბობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი.

ბავშვის უფლებებს ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს:

„მე არ ვესწრებოდი აღკვეთ ღონისძიებას. როცა დაზარალებული დაიკითხება სასამართლო პროცესზე, დავიცავ მის ინტერესებს. როგორც ვიცი, ბრალდებულს შეეფარდა გირაო, რადგან პროკურორს არ ჰქონდა პატიმრობის შუამდგომლობა. ჩვენ წინასწარ ვერ ვიტყვით კონკრეტული პირი დამნაშავეა თუ არა, მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია. იმედი მაქვს პროკურატურა შეძლებს ბრალდების დამტკიცებას, ამაზე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრეთ“.

დაზარალებული მოზარდის ადვოკატის ვთხოვეთ შეეფასებინა ის მტკიცებულებები, რაც საქმეში არსებობს. ვიდეოკადრები, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტი:

„მტკიცებულებების შეფასება, არის თუ არა პირი დამნაშავე, სასამართლოს პრეროგატივაა“ – თქვა ადვოკატმა.

ჩვენ დავუკავშირდით ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძესაც. მან გვითხრა, რომ ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის და ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ნახეთ ვიდეო: 

YouTube video player

შეხვედრა ცესკოში სახალხო დამცველთან და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სახალხო დამცველთან და მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან, ასევე ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად გააცნო ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის მიერ ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით უკვე განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სახალხო დამცველის აპარატს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. მან დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ეთნიკურ უმცირესობების ინფორმირების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები.

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა არჩევნებში თანაბარ მონაწილეობას ეხებოდა. მან ასევე ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის განხორციელებული პროექტების, მათი ინფორმირების, ტრენინგების, სწავლების ცენტრთან ერთად ადმინისტრირებული სერტიფიცირების პროცესის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მათთვის გასაგებ ენაზე ჩატარდა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში გამოეცადათ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა. შეხვედრის მონაწილეებს გადაეცათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ახალი საინფორმაციო ბროშურები, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი, რომელიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა ნათარგმნი.

რა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, რომელიც ამომრჩეველს ურეკავს – იურისტის განმარტება

აქვს თუ არა უფლება რომელიმე პარტიას, ამომრჩეველს დაურეკოს და ჰკითხოს, არის თუ არა მისი მხარდამჭერი? – არაერთი მოქალაქე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს და ჰკითხეს: ხართ თუ არა „ოცნების“ მხარდამჭერი?

„ბათუმელებმა“ სცადა ერთ-ერთ კოორდინატორთან დაკავშირება, ვინც ამომრჩეველს დაუკავშირდა, თუმცა ტელეფონზე არ გვიპასუხეს.

ჟურნალისტმა, რომელსაც „ქართული ოცნების“ შტაბიდან დაურეკეს, კოორდინატორთან სატელეფონო საუბარი ჩაიწერა. ის აპირებს კოორდინატორს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან უჩივლოს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ პირადი ტელეფონის ნომერი პარტიის წარმომადგენლისთვის ნებაყოფლობით არ მიუცია.

YouTube video player

საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების დიდი გამოცდილების მქონე იურისტი, სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასიის“ დამფუძნებელი – ირმა პავლიაშვილი განმარტავს, რა სახის პასუხისმგებლობა ელის „ოცნების“ კოორდინატორს, ან რა უნდა უპასუხოს მოქალაქემ ზარს პოლიტიკური პარტიიდან?

„თუ პარტიიდან დარეკავენ, ამომრჩეველმა უნდა უთხრას, საიდან მოიპოვა პარტიამ მის შესახებ პერსონალური ინფორმაცია, როცა მას თანხმობა არ გაუცია.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, თუ პირმა კანონის დარღვევით მოიპოვა და ამუშავებს პირის პერსონალურ მონაცემებს.

მეორე საკითხია ის, რომ ამომრჩევლის ნება ფარულია. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს ამომრჩეველზე  იმგვარი ზემოქმედება ან ნებაზე კონტროლი, რომელიც ამომრჩეველს შეუქმნის მოლოდინს, რომ მას გააკონტროლებენ,“ – განმარტავს ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი

იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ფიზიკურმა პირმაც, რომელიც პარტიის სახელით ურეკავს მოქალაქეს, უნდა იცოდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ:

„თუ პერსონალური მონაცემები პირის თანხმობის გარეშეა მოპოვებული და ასევე თანხმობის გარეშე მუშავდება, ამას სჭირდება შესწავლა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას.

მსგავს შემთხვევებს სწავლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.

პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების უფლება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს კანონის დაცვით. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, ნების ფარულობა ნიშნავს არამხოლოდ იმის ფარულობას, თუ რომელ კონკრეტულ სუბიექტს უჭერს მხარს კონკრეტული ამომრჩეველი, ასევე მივიდა თუ არა, მაგალითად, არჩევნებზე, ან აპირებს თუ არა მისვლას არჩევნებზე. არჩევნებზე მისვლა არის უფლება და არა ვალდებულება.

ასევე, საარჩევნო კანონმდებლობით საჯაროა ის მონაცემი, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაშია წარმოდგენილი. დაინტერესებულ პირებს, რომელთაც უფლება აქვთ იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესში, შეუძლიათ, რომ გამოითხოვონ და კანონიერების ფარგლებში მოახდინონ ამ მონაცემების დამუშავება. როცა საუბარია სატელეფონო ზარებსა და ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ამომრჩევლის თანხმობის გარეშეა მოპოვებული, მნიშვნელოვანია, რა გზებით მოხდა ამ ინფორმაციის მოპოვება“, – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს.

ქობულეთის მერის რწმუნებული სოფელ ლეღვაში, არჩილ რომანაძე ამბობს, რომ 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები.

„ბათუმელები“ ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს:

„დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. კ–ს რაიმე ქმედებებს – შეუძლებელია.

მიუხედავად ნ. მ–ს მტკიცებისა, რომ მეუღლე სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად, რადგან მას ოჯახის შენარჩუნება სურდა, ლ.-მ კი ორსული მიატოვა, რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდა და  ნაადრევად იმშობიარა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მონათხრობს დაადასტურებდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მამუკა ვასაძემ 2024 წლის ივლისში მიიღეს. ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის სექტემბერში გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს შველა საჯაროდ, სოციალურ ქსელში უთხოვია. განცხადება კონკრეტულ პირს უნახავს და პოლიციისთვის მიუმართავს. სასამართლო განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს „გაჩენილ ეჭვებზე“, რადგან პოლიციას საშველად უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა კი არა, სხვა პირმა მიმართა, რომელიც შემდეგ მოწმის სახით დაუკითხავთ.

„აქვე საყურადღებოა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულის, არამედ – მოწმის სახით დაკითხული თ. თ–ს განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში ნახა ნ. მ–ს საჯარო შეტყობინებები 2022 წლის თებერვალსა და აპრილში მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. კ–ს სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მას შემდეგ, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, რუსთავის პროკურატურის პროკურორს, ლაშა მერაბიშვილს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. პროკურორმა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ბრალდებული კაცის დამნაშავედ ცნობა.

„…გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. მ–მა დაადასტურა, რომ ლ. ორსულობის პერიოდში ძალადობდა მასზე, რის გამოც, ნაყოფმა შეწყვიტა ზრდა და მკვდრად იშვა.

დაზარალებულის მონათხრობი თანხვდენილია დედამისის – ჟ. მ–ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ლ. კ–ს მათ სახლში გამოჩენა ყოველთვის უკავშირდებოდა მის ქალიშვილზე ძალადობას. მოწმე მ. წ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ი 2022 წლის თებერვალ-აპრილში ნამდვილად იყო ორსულად და მასთან გადიოდა კონსულტაციას. აპრილში გამოიკვეთა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა.

დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ასევე მიუთითებს ლ. ს მიერ ოჯახური დანაშაულების ჩადენას,“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კაცს პროკურატურამ ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში დასდო წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

„…საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. კ.-მ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ.-ს გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. კ.–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ბოლო წლებში საიას სასამართლოების მონიტორინგიც აჩვენებს ტენდენციას, რომ სასამართლოში მკვეთრად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოსამართლეები ხშირად გამამართლებელი განაჩენის მიღების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაზარალებული ქალი სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს და დუმილს არჩევს.

ამ შემთხვევაში კი დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია.

___

ამ თემაზე:

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

 

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

დღეს, 8 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვზე ისევ განახორციელა შეტევა.

ბოლო ცნობებით, რუსეთის დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შეტევა განხორციელდა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე.

ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაზიანებული შენობის ნანგრევებში 6 ადამიანია და მათ გადასარჩენად მაშველები მუშაობენ.

________________

ფოტოზე: ხარკოვი, დარტყმის ადგილი/ტელეგრამი

 

 

ბათუმში 1302 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 3694 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1449 – ქუთაისში, 1302 – ბათუმში, 1165 კი – ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან 6629 ფიზიკური პირია, ხოლო 981 – იურიდიული პირი.

4706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2597 – მიკროავტობუსის, 298 – სატვირთო ავტომობილის, 9 კი – ავტობუსის მძღოლების სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონი საქართველოში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის – ხანძარი 2500 კვ მეტრზე გავრცელდა

ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, მეორე დღეა იწვის ნავთობის საცავი, სადაც ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად გაჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძარი 2 500 კვ.მეტრზე გავრცელდა, იწვის ნავთობპროდუქტით სავსე სამი რეზერვუარი.

მედიის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ნავთობსაცავის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

7 ოქტომბერს, ღამით, ფეოდოსიაში ნავთობის საცავს ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად გაუჩნდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

___________

ფოტო: tass

Exit mobile version