ქობულეთში 65 წლის კაცი მოკლეს

ქობულეთში, სოფელ ლეღვაში, 65 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 8 ოქტომბერს მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, კონფლიქტი მეზობლებს შორის მოხდა. კაცი სავარაუდოდ სანადირო თოფით მოკლეს.

ქობულეთის მერის რწმუნებული სოფელ ლეღვაში, არჩილ რომანაძე ამბობს, რომ 65 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე უკვე მუშაობენ სამართალდამცველები.

„ბათუმელები“ ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

„ქმარი ორსულზე ძალადობდა, ნაყოფი მკვდრად იშვა“ – როგორ გაამართლა მოსამართლემ ბრალდებული?

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გაამართლეს კაცი, რომელსაც პროკურატურა ორსულ ცოლზე ფიზიკურ ძალადობას ედავებოდა. ყოფილი ქმრის წინააღმდეგ სასამართლოს ჩვენება დაზარალებულად მიჩნეულმა ქალმაც მისცა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განჩინებაში ეს ჩაწერეს:

„დაზარალებული ნ. მ–ი ნამდვილად იყო ორსულად და მის ნაყოფს აღენიშნებოდა ზრდის ჩამორჩენა, თუმცა იმის უტყუარად მტკიცება, რომ ნაყოფის განვითარების შეფერხება და დაზარალებულის ნაადრევი მშობიარობა მიზეზობრივად უკავშირდება ლ. კ–ს რაიმე ქმედებებს – შეუძლებელია.

მიუხედავად ნ. მ–ს მტკიცებისა, რომ მეუღლე სისტემატურად უსწორდებოდა ფიზიკურად, რადგან მას ოჯახის შენარჩუნება სურდა, ლ.-მ კი ორსული მიატოვა, რისი გადატანაც ძალიან გაუჭირდა და  ნაადრევად იმშობიარა, ბრალდების მხარემ, რომელსაც პროცესუალურად აკისრია ბრალდების მტკიცების ტვირთი, სასამართლოში ვერ წარმოადგინა სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის მონათხრობს დაადასტურებდა,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებმა: შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მამუკა ვასაძემ 2024 წლის ივლისში მიიღეს. ამ საქმეზე რუსთავის საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2023 წლის სექტემბერში გამოიტანა.

საქმის მასალების მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს შველა საჯაროდ, სოციალურ ქსელში უთხოვია. განცხადება კონკრეტულ პირს უნახავს და პოლიციისთვის მიუმართავს. სასამართლო განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს „გაჩენილ ეჭვებზე“, რადგან პოლიციას საშველად უშუალოდ დაზარალებულმა ქალმა კი არა, სხვა პირმა მიმართა, რომელიც შემდეგ მოწმის სახით დაუკითხავთ.

„აქვე საყურადღებოა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო არა დაზარალებულის, არამედ – მოწმის სახით დაკითხული თ. თ–ს განცხადება, რომელმაც სოციალურ ქსელში ნახა ნ. მ–ს საჯარო შეტყობინებები 2022 წლის თებერვალსა და აპრილში მასზე სავარაუდო ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რისი ერთობლივად გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების დროს გაჩენილი ეჭვები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, In dubio pro reo – პრინციპის საფუძველზე, მართებულად გადაწყდა ლ. კ–ს სასარგებლოდ,“ – ვკითხულობთ განჩინებაში.

მას შემდეგ, რაც ცოლზე ძალადობაში ბრალდებული კაცი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა, რუსთავის პროკურატურის პროკურორს, ლაშა მერაბიშვილს უზენაესი სასამართლოსთვის მიუმართავს. პროკურორმა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება მოითხოვა და ბრალდებული კაცის დამნაშავედ ცნობა.

„…გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება მისი ბრალეულობა. დაზარალებულმა ნ. მ–მა დაადასტურა, რომ ლ. ორსულობის პერიოდში ძალადობდა მასზე, რის გამოც, ნაყოფმა შეწყვიტა ზრდა და მკვდრად იშვა.

დაზარალებულის მონათხრობი თანხვდენილია დედამისის – ჟ. მ–ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვით, ლ. კ–ს მათ სახლში გამოჩენა ყოველთვის უკავშირდებოდა მის ქალიშვილზე ძალადობას. მოწმე მ. წ–მ დაადასტურა, რომ ნ. მ–ი 2022 წლის თებერვალ-აპრილში ნამდვილად იყო ორსულად და მასთან გადიოდა კონსულტაციას. აპრილში გამოიკვეთა ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა.

დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომელიც ასევე მიუთითებს ლ. ს მიერ ოჯახური დანაშაულების ჩადენას,“ – მიუწერია პროკურორს მოსამართლეებისთვის.

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კაცს პროკურატურამ ბრალი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში დასდო წინასწარ შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

„…საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ლ. კ.-მ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. მ.-ს გაარტყა ხელი სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი,“ – აღნიშნული იყო პროკურატურის დადგენილებაში.

„საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის – ბრალდების მხარის – მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, რადგან არ გამომდინარეობს წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასებიდან, რამეთუ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სარწმუნოდ ვერ დადგინდა ლ. კ.–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა,“ – ვკითხულობთ უზენაესი სასამართლოს განჩინებაში.

ბოლო წლებში საიას სასამართლოების მონიტორინგიც აჩვენებს ტენდენციას, რომ სასამართლოში მკვეთრად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა. მოსამართლეები ხშირად გამამართლებელი განაჩენის მიღების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ დაზარალებული ქალი სასამართლოს ჩვენებას არ აძლევს და დუმილს არჩევს.

ამ შემთხვევაში კი დაზარალებულად მიჩნეულ ქალს სასამართლოსთვის ჩვენება მიუცია.

___

ამ თემაზე:

კაცმა ორსულ ცოლს იმის გამო სცემა, რომ სახლს კარგად ვერ ალაგებდა – 3 საქმე სასამართლოდან

 

რუსეთმა ისევ დაარტყა ხარკოვს – არიან დაშავებულები, ნანგრევებს ქვეშ ადამიანებს ეძებენ

დღეს, 8 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში, ხარკოვზე ისევ განახორციელა შეტევა.

ბოლო ცნობებით, რუსეთის დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი. სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შეტევა განხორციელდა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონზე.

ოფიციალური ცნობებით, დარტყმის შედეგად დაზიანებული შენობის ნანგრევებში 6 ადამიანია და მათ გადასარჩენად მაშველები მუშაობენ.

________________

ფოტოზე: ხარკოვი, დარტყმის ადგილი/ტელეგრამი

 

 

ბათუმში 1302 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 7610 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 3694 დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 1449 – ქუთაისში, 1302 – ბათუმში, 1165 კი – ქალაქ რუსთავში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 7610 სამართალდამრღვევიდან 6629 ფიზიკური პირია, ხოლო 981 – იურიდიული პირი.

4706 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 2597 – მიკროავტობუსის, 298 – სატვირთო ავტომობილის, 9 კი – ავტობუსის მძღოლების სახელზე.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.

იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

კანონი საქართველოში 2023 წლის 4 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ოკუპირებულ ყირიმში ნავთობის საცავი იწვის – ხანძარი 2500 კვ მეტრზე გავრცელდა

ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ ფეოდოსიაში, მეორე დღეა იწვის ნავთობის საცავი, სადაც ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული დრონის დარტყმის შედეგად გაჩნდა.

რუსული მედიის ცნობით, ხანძარი 2 500 კვ.მეტრზე გავრცელდა, იწვის ნავთობპროდუქტით სავსე სამი რეზერვუარი.

მედიის ცნობით, ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა ნავთობსაცავის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

7 ოქტომბერს, ღამით, ფეოდოსიაში ნავთობის საცავს ცეცხლი, სავარაუდოდ, უკრაინული თვითმფრინავის დარტყმის შედეგად გაუჩნდა. ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

___________

ფოტო: tass

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ოქტომბრის 21 საათიდან 9 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 22– 27 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 10-11 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 8 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 662 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 340]
  • ტანკი – 8 940 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 17 740 ერთეული [+30]
  • საარტილერიო სისტემა – 19 203 ერთეული [+47]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 973 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 686 ერთეული [+43]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 618 ერთეული [+3]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 185 ერთეული [+83]
  • სპეცტექნიკა – 3 373 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 013 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 544 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 743 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 020 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია ბათუმში გადამზიდავი კომპანიებისთვის

საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – განვიარების და ზრდის პერსპექტივები  – „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის.

  • კონფერენციის მხარდამჭერები „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო გადამზიდავი  კომპანიებისთვის კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება – გაიმართა.

ღონისძიებაზე სპიკერებმა  სატრანსპორტო და ლოჯისტიკური სექტორის გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს. გადამზიდავი  კომპანიების  როლსა და განვითარების პერსპექტივებზე შუა დერეფანში,სტუმრებს საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი , ირაკლი ნემსაძე ესაუბრა. კონფერენციაზე  ხაზი გაესვა დაზღვევის  – როგორც ფინანსური რისკებისგან დაცვის საკითხის მნიშვნელობას. ექსპედიტორებს საშუალება ჰქონდათ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ შეთავაზებას  გასცნობოდნენ, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო გადამზიდავების საჭიროებებს ითვალისწინებს და მათზეა მორგებული.

მონაწილეებს სიტყვით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ნოდარ ყანჩაველმა მიმართა და საწვავის ბაზრის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

კონფერენციის ბოლოს ექსპედიტორებს, საშუალება მიეცათ  ინდივიდუალური საკონსულტაციო სესიები განეხილათ ექსპერტებთან, რისკების მართვის და საბაჟო-საგადასახადო საკითხებზე.


კონფერენცია – საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი – ზრდა და განვითარება

კონსტანტინე მანჯგალაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ NLI ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე: „ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი საგრძნობლად გაიზარდა და უმნიშვნელოვანეს როლს ვასრულებთ აზიისა და ევროპის დაკავშირებაში, უნდა ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ სექტორის განვითარებას აფერხებს.   სატრანზიტო დერეფნის გამართულად ფუნქციონირებისთვის  აუცილებელია რისკების  მინიმუმამდე დაყვანა. ერთადერთი მექანიზმი კი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა. ამ შეხვედრაზე ჩვენ განსაკუთრებით გავუსვით ხაზი მცირე და საშუალო კომპანიების პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობას, რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვრთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ , მცირე გადამზიდავებს და ავუხსენით რა როლი აქვს მათი პასუხისმგებლობის დაზღვევას და რა სარგებელი მოაქვს დაზღვევას მათთვის, რომ გაზარდონ კლიენტების ბაზა და გაიუმჯობესონ კომერციული მდგომარეობა. მიგვაჩნია, რომ სადაზღვევო მექანიზმების სრულყოფილად ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას და მეტი ტვირთის მოზიდვას. ამ მიმართულებით ცნობიერების გაზრდას ჩვენ მომავალშიც შევუწყობთ ხელს სხვადასხვა აქტივობით.

კონფერენციაში მონაწილეობა დასავლეთ საქართველოში მოქმედმა 200-მდე მცირე და საშუალო გადამზიდავმა კომპანიამ მიიღო. კონფერენციის მხარდამჭერები   „სოკარი“ და აუდიტორული კომპანია  „გრანთ თორნთონი“ იყვნენ.

ინფორმაცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტის ეტაპების და შესასწავლი საკითხების შესახებ

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ ატარებს საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს. აუდიტირების პროცესს, მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების ლაბორატორია „Pro V&V” ჩაატარებს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და იმ ორი კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია.

საარჩევნო ადმინისტრაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, შესაბამისობის აუდიტის კიდევ ერთხელ განხორციელებით, გაითვალისწინოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა და საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ელექტრონული საშუალებების მუშაობის პრინციპებზე, უსაფრთხოებაზე და დაცულობის უმაღლეს სტანდარტებზე. ამავდროულად, ამ პროცესის განხორციელებით, საარჩევნო ადმინისტრაციას სურს კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მის საქმიანობაში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტი.

შესაბამისად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს წარმოგიდგინოთ დეტალური ინფორმაცია შესაბამისი ეტაპების და აუდიტს დაქვემდებარებული საკითხების შესახებ.

კერძოდ, შესაბამისობის აუდიტი განხორციელდება სამ ფაზად:

პირველ ეტაპზე:

  • კომპანია შეისწავლის ელექტრონულ ტექნოლოგიების საწყის კოდში განხორციელებულ ცვლილებებს შუალედური არჩევნებიდან დღემდე და დაადგენს მათ შესაბამისობას ქართულ კანონმდებლობასთან. ასევე, მიმოიხილავს, რეკომენდაციების გათვალისწინებით ასახულ ცვლილებებს საწყის კოდში, წინა პერიოდში განხორციელებული აუდიტის შემდგომ.
  • სრულად შესწავლილი იქნება ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის ფუნქციები. კერძოდ, ზუსტად ასახავს თუ არა ხმის მთვლელი აპარატი ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებულ არჩევანს და ტექნოლოგიურად, პრაქტიკულად და თეორიულად შეუძლებელია თუ არა შეიცვალოს ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანი.
  • ასახავს თუ არა აპარატის მიერ დაბეჭდილი ყველა ქვითარი რეალურ ინფორმაციას, შესაძლებელია თუ არა ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის რაიმე სახით იდენტიფიცირება, დაკავშირებულია თუ არა აპარატი რამე სახით ინტერნეტთან და ასევე, ვერიფიკაციის აპარატთან. ამასთანავე, დაცულია თუ არა აპარატი, რაიმე ზემოქმედებისგან უცხო სახის მოწყობილობით.
  • კომპანია კიდევ ერთხელ მოიკვლევს, ჩართულია თუ არა ვერიფიკაციის აპარატები ინტერნეტში, ასახავს თუ არა ყველა აპარატის მიერ დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია ან ამომრჩევლის მიერ არჩევნებში მონაწილეობის დამადასტურებელი ქვითარი რეალურ ინფორმაციას. ისევ შეუძლებელია თუ არა ორმაგი ვერიფიკაცია და არიან თუ არა აპარატები სინქრონიზებული ლოკალური ქსელით. კომპანია ასევე შეისწავლის შესაძლებელია თუ არა ერთი პირის დუბლირება სხვადასხვა უბნებზე.
  • დამატებითი შესწავლილის საგანი იქნება ვერიფიკაციის აპარატებში სიების ჩაწერის კომპონენტი. მოიცავს თუ არა მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი სიების ჩაწერის ტექნოლოგიურ საკითხებს, როგორ იქნება შესაბამის უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიანი სია გააქტიურებული ვერიფიკაციის აპარატებში კენჭისყრის დღეს და არის თუ არა კენჭისყრის გახსნისას დაბეჭდილი ამომრჩეველთა სია, მხოლოდ ის მონაცემები რომელსაც ელექტრონული მოწყობილობა ამუშავებს დღის განმავლობაში. ასევე, კენჭისყრის დაწყებიდან/გახსნიდან და ამასთანავე, კენჭისყრის მიმდინარეობისას შესაძლებელია თუ არა უკვე ჩაწერილ სიებში რაიმე სახის ცვლილების განხორციელება.
  • სპეციალური პლანშეტის შემთხვევაში კიდევ ერთხელ შესწავლილ იქნება, არის თუ არა ცესკოს სერვერებთან კავშირი უსაფრთხო და შეუძლებელია თუ არა შედეგების გადაგზავნა სხვაგან გარდა ცესკოს სერვერებისა, თუ შედეგები არ არის გენერირებული ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატიდან, შეუძლებელია თუ არა პლანშეტიდან შედეგების გადმოგზავნა. ასევე, აუდიტმა უნდა დაადასტუროს, რომ შედეგების გადაგზავნის პროგრამას არ შეუძლია შეცვალოს შედეგები.

მეორე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან ელექტრონული მოწყობილობების საარჩევნოდ მომზადების პროცესს ცესკოს ახლად აშენებულ სასაწყობო სივრცეში, რათა მოხდეს დადასტურება, რომ აპარატებში ასახული საარჩევნო ინფორმაცია, შეესაბამება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებს და საერთაშორისო სტანდარტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის დაკვირვება შესაძლებელი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის,  პირდაპირ ეთერში ცესკოს YouTube არხზე.

მესამე ეტაპზე:

  • „Pro V&V”-ის წარმომადგენლები აპარატურის მუშაობას დააკვირდებიან უშუალოდ კენჭისყრის დღეს, სადაც დაადგენენ, რამდენად შესაბამისობაში იქნება ელექტრონული მოწყობილობების ფუნქციონირება საწყის კოდთან, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, ცესკოს მიერ დადგენილ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ პროცესი სრულად აუდიტირებადია, საარჩევნო სიების მონიტორინგი მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამავდროულად, კენჭისყრის დღეს, ყოველ უბანზე ამოიბეჭდება  ამომრჩეველთა ის სია, რომელიც განკუთვნილია ამ უბნისთვის და გამოიკვრება საჯაროდ გადამოწმების მიზნით ე.წ. კედლის სიებთან ერთად.

ამასთანავე, პროცესში არსებობს ქაღალდის კვალი, როგორც ამომრჩევლის რეგისტრაციის, ისე ხმის დათვლის და შედეგების გადმოგზავნის პროცესში და ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგები გადაითვლება ხელით, რაც გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი კომპონენტია.

კუნძულის მოწყობამდე „ამბასადორი“ ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“, რომელმაც ბათუმში ხელოვნური კუნძული უნდა ააშენოს, გეგმავს, რომ 4-5 ცათამბჯენი უკვე მოწყობილ ნახევარკუნძულზე ააშენოს, დანარჩენ ტერიტორიას კი, რომელიც ხელოვნურად ამის შემდეგ უნდა მოაწყოს ზღვაში, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] პროცედურის დასრულების შემდეგ აითვისებს.

ხელოვნურად შექმნილი მიწა ზღვაში [ერთ-ერთი ნახევარკუნძული], რომელსაც „ამბასადორი“ აშენებს
ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამ ეტაპზე სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს.

ამ განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში კი განსახილველად და სკოპინგის დასკვნის მისაღებად გარემოს ეროვნულ სააგენტოშია გადაგზავნილი.

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ თვლის, რომ სკოპინგის დასკვნის მიღებამდე შესაძლებელია 4-5 შენობის მშენებლობა უკვე მოწყობილ [ხელოვნურად შექმნილ] ნახევარკუნძულზე, ხოლო დანარჩენი ფართობს აითვისებს სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ.

„ორ ნახევარკუნძულზე, ერთ კუნძულზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებამდე შესაძლოა განხორციელდეს არაუმეტეს 4-5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დანარჩენი ფართობის ათვისება განხორციელდება აღნიშნულ დოკუმენტზე სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

ამ დოკუმენტების მიხედვით, ეს 4-5 შენობა-ნაგებობა ჯამურად განთავსდება 8,4 ჰექტარზე, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად [ამჯერად სულ საუბარია 99 797 კვ.მ ფართობზე]:

სიტუაციური ნახაზი / ყვითელი ფერით მონიშნულია ტერიტორია [99 797 კვ.მ] სადაც „ამბასადორი“ 5 ცათამბჯენის მშენებლობის დაწყებას გეგმავს მანამდე, ვიდრე ხელოვნურ კუნძულს ააშენებს. ეს ტერიტორია უკვე ხელოვნურად მოწყობილ მიწაზეა / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან
„გთხოვთ სიტუაციური ნახაზის შესაბამისად წარმოდგენილ ტერიტორიაზე ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ. დაფიქსირდეს შესაძლებლობა დავიწყოთ სანებართვო პროცედურები განაშენიანების დეტალური გეგმის ამ ნაწილზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ წარმოდგენილი სიტუაციური ნახაზის შესაბამისად მონიშნულ ტერიტორიაზე [ჯამური ფართობით 99 797 კვ.მ.] განაშენიანების დეტალურ გეგმაში შესაძლებლად დააფიქსიროთ 5 შენობა-ნაგებობაზე შესაბამისი სანებართვო პროცედურების წარმოება.

გარემოს ეროვნილი სააგენტოს მიერ გაცემული სკოპინგის შემდგომ დაგვიმტკიცოთ განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, ხოლო განაშენიანების დეტალური გეგმა დაგვიმტკიცოთ პირობიანი ვალდებულებით. კერძოდ ის გავრცელდეს ხსენებული სექტორის მოცემულ არეალზე და დანარჩენ ნაწილზე გდგ ძალაში შევიდეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ სგშ-ს დამტკიცების შემდეგ“, – წერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს 2024 წლის 27 სექტემბრით დათარიღებულ წერილში.

ზოგადად, განაშენიანების გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] სკოპინგის ანგარიში ეხება მთლიანად როგორც ასაშენებელი ნახევარკუნძულებისა და კუნძულის ტერიტორიას, ასევე ორ მიწის ნაკვეთს ბარცხანა-ბენზეს სანაპირო ზოლში. ამ ნაკვეთებიდან ერთი ბათუმის მერიის საკუთრებაშია, ხოლო მეორე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

1. ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის მოსაწყობად „ამბასადორზე“ გადაცემული 1 443 223 კვ/მ ტერიტორია ზღვაში [იასამნისფერი]; 2. აჭარის საკუთრებაში და „ამბასადორზე“ იჯარით გადაცემული 3 445 კვ/მ ტერიტორია [წითელი ფერით] და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პლაჟის ზოლი – 27 046 კვ/მ [ყვითელი ფერით]
პროექტის მიხედვით, „ხელოვნურად შექმნილი ტერიტორიის [მიწის] ფართობი ჯამში იქნება 84 ჰა, ხოლო დანარჩენი გამოყენებული იქნება დამცავი მოლების და შიდა აკვატორიის მოსაწყობად. შეიქმნება 84 ჰა ფართობის, ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნებისაგან იზოლირებული, ახალი ტერიტორია.“

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

განაშენიანების კონცეფციაში აღნიშნულია, რომ „ხელოვნური კუნძულის ტერიტორიის გამოყენება მოხდება კომერციული, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.“

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

„ამბასადორის“ კონცეფციის მიხედვით, „ურბანული განვითარების კოეფიციენტებისა და ბაზრის ათვისების მაჩვენებლების გათვალისწინებით, კუნძულზე მოაზრებულია 2.36 მილიონი კვადრატული მეტრი საერთო ფართობის განვითარება“.

ნახევარკუნძულებზე ჯამში 24 მაღალსართულიანი [40-50 სართული] შენობის აშენებაა დაგეგმილი. უშუალოდ კუნძულზე კი დაბალი განაშენიანება იქნება [ვილებისთვის].

ხელოვნური კუნძულისა და ნახევარკუნძულების განაშენიანების კონცეფცია / ფოტო სკოპინგის ანგარიშიდან

ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 14 აგვისტოს გასცა:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

„ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ამჯერადაც და ადრეც დოკუმენტებში ხშირად მიუთითებს, რომ ხელოვნური ნახევარკუნძულებისა და კუნძულის შექმნა „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილი მყარი ნატანის მკვეთრად შემცირების ფონზე, ინტენსიურად მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის და სანაპირო ტერიტორიის მიტაცების პროცესი.“

აქ აღსანიშნავია, რომ სპეციალისტების მიერ რეკომენდებულია მდინარის [განსაკუთრებით ჭოროხის დელტასა და მის მიმდებარედ არსებული] ნატანი მასალა [ქვიშა/ხრეში] აუცილებლად იქნას გამოყენებული მხოლოდ ბათუმის სანაპირო ზოლისა და პლაჟების შესანარჩუნებლად.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ მშენებლობისთვის ხრეშის მოპოვების უფლება ჭოროხიდანაც მისცა.

ამ თემაზე:

რას სთხოვენ „ამბასადორს“ დამატებით – ხელოვნური კუნძულის გზშ დამტკიცებულია

 

არჩევნებს წელს უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც დააკვირდებიან

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები არამხოლოდ საუბნო კომისიებში მიმდინარე პროცესს დააკვირდებიან, არამედ უბნიდან 100 მეტრის რადიუსშიც გაკონტროლებენ ვითარებას, როგორც ამას საარჩევნო კოდექსი ითხოვს. ყველას არა, თუმცა რამდენიმე ორგანიზაციას და პოლიტიკურ გაერთიანებას დამკვირვებელი უბანთან 100 მეტრის რადიუსშიც ეყოლება.

როგორც გვეუბნებიან, გარე პერიმეტრის დამკვირვებლები შესაბამისი ტექნიკითაც აღჭურვეს, რომ დარღვევების შემთხვევაში მათი დაფიქსირება შეძლონ, გადიან ტრენინგებსაც. გარდა ამისა, კოალიციები ამზადებენ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც პერიოდულად მივლენ უბნებზე ვითარების გასაკონტროლებლად.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ დრომდე არსებული პრაქტიკით, ეს ჩანაწერი კოდექსში ვერ სრულდებოდა, რადგან როგორც კონტროლი, ასევე რეაგირებაც არ იყო ეფექტური.

გარე პერიმეტრთან დაკავშირებით კოდექსი კიდევ ერთ შეზღუდვას აწესებს. კერძოდ, კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე დაუშვებელია სააგიტაციო მასალის განთავსება და მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას ექვემდებარება.

აქამდე არსებული პრაქტიკით, სახელისუფლებო პარტიების წარმომადგენლების მობილიზებას საარჩევნო უბანთან ახლოს, მათ შორის ამომრჩევლის აღრიცხვას ვერც საარჩევნო კომისია და ვერც პოლიცია აკონტროლებდა სათანადოდ. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა თითქმის ყველა უბანზე და რეაგირება იმდენად არაეფექტური იყო, რომ დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად, უბანთან ამომრჩეველს კოორდინატორები უბნის დახურვამდე უპრობლემოდ აღრიცხავდნენ. ე.წ. უბნის ბიჭები კი თავის საქმეს აკეთებდნენ.

იყო შემთხვევები, როცა დამკვირვებლებმა უბანთან შეკრების დაშლის მოთხოვნით პოლიციას მიმართეს, ზოგ შემთხვევაზე გამოძიებაც კი დაიწყო, თუმცა რა შედეგი დადგა არ ვიცით.

„სამართლიანი არჩევნების“ ანალიტიკოსის, შოთა ნარსიას ინფორმაციით, ორგანიზაციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები უბნების გარე პერიმეტრზეც ეყოლება. კოალიციებს კი ეყოლებათ დამკვირვებლები, რომლებიც გარე პერიმეტრსაც გააკონტროლებენ და მობილური ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ უბნებზე პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, მათივე დამკვირვებლის შეტყობინების საფუძველზე გამოჩნდებიან.

უბნიდან 100 მეტრის რადიუსში პროცესის დაკვირვების გამოცდილება ამ დრომდე მხოლოდ „სამართლიან არჩევნებს“ აქვს. ვგულისხმობთ ისეთ გამოცდილებას, როცა დამკვირვებლები საარჩევნო დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ პროცესს საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში და შედეგები ანგარიშებში ასახეს:

„გარე დაკვირვება პირველად 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე განვახორციელეთ. ვგულისხმობ მთელი დღის განმავლობაში სტატიკურ დაკვირვებას, გარე პერიმეტრზე გვყავდა დამკვირვებელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდა მიმდინარე ტენდენციებს და გვაწვდიდა ინფორმაციას.

წელს ვაპირებთ გაზრდილი მასშტაბით დავაკვირდეთ გარე პერიმეტრებს. ვაკვირდებოდით შუალედურ არჩევნებზეც და მიგნებები გვაქვს ამ მხრივ. საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია პირთა შეკრება საარჩევნო უბნის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს ამომრჩევლის შეკრებას, რომლებიც ხმის მისაცემად არიან მისული – იგულისხმება სხვა პირების შეკრება, რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩეველს ან აგიტაციას ატარებენ.

როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში გამოვავლინეთ, რომ უბნების მნიშვნელოვან ნაწილთან შეინიშნებოდა საეჭვო პირთა შეკრება. საეჭვო შეკრებაში ჩვენ სწორედ ისეთ შეკრებას მოვიაზრებდით, რაც იყო ხანგრძლივი, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, იყო კოორდინირებული და მიზნად ისახავდა აღრიცხვას, კონტროლს ან მობილიზებას. ამომრჩევლის აღრიცხვას კრძალავს საარჩევნო კანონი და მსგავსი შემთხვევებიც გამოვავლინეთ.

ასევე გამოვავლინეთ უბანთან სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევები და ეს გამოიხატებოდა ე.წ. ტალონების გადაცემით, განსაკუთრებით მეორე ტურისთვის, ასვე ბათუმის საარჩევნო ოლქში შეინიშნებოდა ეს ტენდენცია. სავარაუდო ფულის გადაცემის გარკვეული შემთხვევები, ეს არის ჩვენი მიგნებების ის ნაწილი, რაც სამართალდარღვევებს შეიცავს“, – გვიყვება შოთა ნარსია, „სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი.

ისევე როგორც ყოველ არჩევნებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ [საია] დააკვირდება. ამისთვის ორგანიზაცია უკვე ემზადება, თუმცა მთელი დღით უბნიდან ასი მეტრის რადიუსში დამკვირვებელი არ ეყოლება და უბნის დამკვირვებლის ინფორმაციას დაეყრდნობა. საჭიროების შემთხვევაში კი ადგილზე გავა მობილური ჯგუფი.

„დავაკვირდებით ისე, როგორც ამ დრომდე ვაკვირდებოდით, გვეყოლება უბნის დამკვირვებელი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს მიმდებარედ არსებულ პროცესებსაც და საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებს მობილურ ჯგუფს.“

საიას ანალიტიკოსის, ნიკა ოდიკაძის თქმით, უბანთან კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ დაინტერესებული პირების კონტროლს ართულებს ისიც, რომ ხშირად კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებლები დამკვირვებლებად არიან რეგისტრირებულები და ბეიჯებით მოძრაობენ უბანთან.

კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განმარტებით, წელს დამკვირვებლებს განსაკუთრებული როლი ექნებათ, რადგან „განსაკუთრებული არჩევნებია და განსაკუთრებულად იგრძნობა, რომ განსაკუთრებული ზეწოლა ხდება ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვაზე.“

„ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ უბნებთან ყოველთვის არიან კოორდინატორები, თუ გაურკვეველი მენტალობის მქონე ადამიანები, ე.წ. ძველბიჭებს ვისაც ეძახიან, არ ვიცი მათ ნორმატიულ დონეზე რა შეიძლება ვუწოდო. ისინი რეკავენ და აიძულებენ ადამიანებს მოსვლას უბანში ან აკონტროლებენ, რომ ოპოზიციის მომხრეები არ მოვიდნენ.

ბუნებრივია, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები, ოპოზიციის წარმომადგენლები აფიქსირებენ ამას, ჩვენ ვაკეთებთ შეტყობინებას და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. 100 მეტრის რადიუსში თუ არის განხორციელებული, ეს, რა თქმა უნდა, სამართალდარღვევაა. 100 მეტრის რადიუსს რომც გასცდეს, თუ ჩვენ დავაფიქსირებთ, რომ არის ამომრჩეველზე ზემოქმედება, ამაზეც მოვახდენთ რეაგირებას – ჩვენ, საქართველოს მასშტაბით, პრაქტიკულად ყველა უბანზე გვეყოლება წარმომადგენელი და ყველას ექნება ინფორმაცია, რომ მსგავსი ქმედებები დააფიქსირონ და ამაზე მოვახდენთ რეაგირებას“.

მობილური ჯგუფები ეყოლება, როგორც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“, ასევე კოალიციას „ცვლილებებისთვის“.

___

ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 7 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 661 630 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 8 933 ერთეული [+14]
  • ჯავშანტექნიკა – 17 710 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 19 156 ერთეული [+64]
  • MLRS – 1 223 ერთეული [+7]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 972 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 643 ერთეული [+65]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 615 ერთეული [+2]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 102 ერთეული [+96]
  • სპეცტექნიკა – 3 364 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 33 013 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 544 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 743 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 27 020 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ – EU-ს ელჩი „ოცნების“ ბანერებზე | კვირის დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ

____

„აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ – გასულ კვირას ყველაზე ზუსტი სახელი “ქართული ოცნების” ბანერებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უწოდა. მანვე თქვა, რომ არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს.

საუბარია ბანერებზე, რომელზეც 26 სექტემბრიდან ქვეყნის მმართველმა პარტიამ რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის, ათასობით უდანაშაულო ადამიანისა და ეკლესიების ნგრევის კადრები გამოსახა და გაავრცელა. 

სწორედ გასულ კვირას, პირველ ოქტომბერს, გამოქვეყნდა გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც, რომელში აღწერილია რუსეთში უკრაინელი სამხედრო ტყვეები სისტემატური წამების და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. 

იმ დროს, როცა „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების სანქცირების შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ გაჟღერებული განცხადებები შედარებით დააზუსტა, გასულ კვირას ივანიშვილი აშშ-ს არწმუნებდა, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ მას არ გულისხმობს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი ამბობდა, რომ „უნდა დალაგდნენ ყველასთან, მათ შორის გლობალურ ომის პარტიასთან“.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ფონ დერ ლაიენმა დაწერა: „ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში შედგა – მომავალი არჩევნები უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის და გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისთვის“.

ზურაბიშვილი იმავე დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსაც ესტუმრა.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, მიმდინარე კვირის ყოველი დღე დიდი პოლიტიკური ამბებით იყო სავსე, მაგრამ მოულოდნელი ცვლილება ოთხშაბათს, 2 ოქტომბერს მოხდა – ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მისი ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის, ასევე „აირჩიე  ევროპას“ და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ისინი საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა უწოდა, „ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მიღებულ ამ აუცილებლობას“ წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება. კობახიძემ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, გადაეხედა თავისი გადაწყვეტილებისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გარდა არჩევნებზე დაკვირვების მისიისა, კორუფციის საკითხებზეც მუშაობს. ამ დრომდე ორგანიზაცია ნეპოტიზმში ამხელდა პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, კახა ბექაურს, გიორგი კალანდარიშვილს და თავად რაჟდენ კუპრაშვილს.

არავინ იცის, ეს გადაწყვეტილება „ოცნების“ პოლიტიკური კურსის რყევაა თუ ძალაუფლების გამყარების მორიგი მცდელობა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „აირჩიე ევროპას“ გუნდებისთვის სადამკვირვებლო სტატუსის აღდგენა შეგვიძლია კვირის ამბად დავასახელოთ.  

რა პროცესები უძღოდა წინ საკვანძო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კვირის მოვლენებში ამოიკითხავთ. გთავაზობთ გასული კვირის დაიჯესტს, რაც საქართველოს პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის უკეთესად გააზრებაში დაგეხმარებათ.

ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი:

PACE-ს 24 წევრი: როგორც ჩანს, „ოცნება“ არჩევნების მოსაპარად ემზადება
მეტი: https://netgazeti.ge/news/745104/ 

კითხვები უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ხმის უფლებასთან დაკავშირებით – “ჩემი ხმა” უწყებებისგან პასუხს ელის
მეტი: https://netgazeti.ge/news/745050/ 

ომბუდსმენი მოუწოდებს ცესკოს, უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს
მეტი: https://netgazeti.ge/news/745159/

„ოცნების“ მილიონერების სია საპარლამენტო არჩევნებისთვის
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/546419/ 

„მოუთმენლად ველით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს მოსახლეობა“ – პოლონეთის პრეზიდენტი
https://netgazeti.ge/news/744723/ 

პრეზიდენტი: „26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის“
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744720/ 

ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოში არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს 
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/ads/546751/ 

ოპოზიცია აჭარის ტელევიზიაში ეთერს ითხოვს და რიჟვაძეს და ბოლქვაძეს დებატებში იწვევს
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/546978/ 

ჩვენი პარტიის წევრი მასწავლებელი „ოცნების“ ზეწოლის გამო სტაციონარშია გადაყვანილი – მეზვრიშვილი
მეტი: https://netgazeti.ge/news/745074/ 

„კოალიციამ ცვლილებებისთვის“ რუსთავში პირველი ყრილობა გამართა
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744731/  

შეიქმნა საიტი, სადაც შეამოწმებთ, რომელი პარტიის ხედვები ემთხვევა თქვენსას
მეტი: https://netgazeti.ge/news/745171/   

Პ ო ლ ი ტ ი კ ა: 

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი
მეტი: https://netgazeti.ge/news/745197/ 

ივანიშვილი აშშ-ს არწმუნებს, რომ “გლობალური ომის პარტიაში” მას არ გულისხმობს 
მეტი: https://netgazeti.ge/news/744660/ 

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა
მეტი: https://netgazeti.ge/life/745126/ 

„პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მომენტში შევხვდი“ – შარლ მიშელი
მეტი: https://netgazeti.ge/news/744950/ 

ცდილობდა თუ არა ირაკლი კობახიძე აშშ-ში ტრამპთან შეხვედრის ორგანიზებას
მეტი: https://netgazeti.ge/news/744817/

ცენზურის კანონს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო, მაგრამ არც ხელი მოაწერა
მეტი: https://netgazeti.ge/news/744764/ 

„არასწორი ინფორმაციაა“ – პრემიერი აშშ-ის საელჩოს ქარდებს აკრიტიკებს
მეტი: https://netgazeti.ge/news/745121/ 

კალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის საელჩოს „დიდი პრობლემა აქვს“
მეტი: https://netgazeti.ge/news/745319/ 

აფხაზეთის საქართველოში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, ბოდიში ვერ შეცვლის სიტუაციას – ჩირიკბა
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744629/

შუქრუთელები თბილისში პროტესტს განაგრძობენ 
მეტი:https://netgazeti.ge/news/743995/ 

ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live
მეტი:https://batumelebi.netgazeti.ge/news/547023/ 

ი ნ ტ ე რ ვ ი უ:

„ახლა ჩვენი ბედი წყდება, თაობა შეუჩვეველია რუსულ მმართველობას“ – ახალგაზრდები არჩევნებს აკვირდებიან
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/546931/ 

რა შემთხვევაში ვერ უშველის არჩევნების გაყალბება „ოცნებას“ – ინტერვიუ
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/546657/ 

რატომ მივდივარ არჩევნებზე – ბათუმელი სტუდენტები, რომლებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/546839/ 

უ ც ხ ო ე თ ი  ს   ა მ ბ ე ბ ი:

„არჩევნები გადამწყვეტია საქართველოსა და EU-ს ურთიერთობებისთვის“ – ფონ დერ ლაიენი
მეტი: https://netgazeti.ge/news/744955/ 

ისრაელში ტერაქტის 7 მსხვერპლიდან ერთ-ერთია ქართველი ილია ნოზაძე
მეტი: https://netgazeti.ge/news/744865/ 

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა
მეტი: https://netgazeti.ge/news/744714/ 

მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744250/ 

საგარეო უწყება დუმს ლავროვის განცხადებაზე
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744508/ 

პუტინმა აფხაზეთს “გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღე” მიულოცა
მეტი: https://netgazeti.ge/news/744367/ 

რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი პუტინთან არსებულ საბჭოში შეიყვანეს
მეტი: https://netgazeti.ge/news/745239/

ლავროვმა ცხინვალელ მინისტრს დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება
მეტი: https://netgazeti.ge/news/745217/ 

„შეგვეძლო გვეცხოვრა ერთ სახელმწიფოში, რუსეთში!“ – რუსული პროპაგანდა კობახიძის განცხადებაზე
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/546938/ 

მარკ რუტემ ნატო-ს გენმდივნის პოსტი ოფიციალურად დაიკავა
მეტი: https://netgazeti.ge/news/744582/ 

ლიეტუველი მინისტრი და ევროსაბჭოს მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს
მეტი:https://netgazeti.ge/news/744970/ 

სომხეთი მოსკოვს შორდება, “ოცნების“ მთავრობა კი რუსეთისკენ გადაიხარა – ჰელსინკის კომისია
მეტი: https://netgazeti.ge/news/745166/ 

რუსეთის დაზვერვის უფროსი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს
მეტი: https://netgazeti.ge/news/745140/ 

რუსი პროპაგანდისტი „ოცნების“ დეპუტატებს 85 გმირად მოიხსენიებს
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/news/547156/   

უ კ რ ა ი ნ ა:

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 ოქტომბერი
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/546966/ 

უკრაინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა 93 უკრაინელი ტყვე განზრახ მოკლეს
მეტი:  https://netgazeti.ge/news/745317/ 

იმიტირებული სიკვდილით დასჯა – გაეროს ანგარიში უკრაინელი ტყვეების გამოცდილებაზე
მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/546823/ 

უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ვუჰლედარის ცენტრს მიაღწიეს
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744711/ 

რუსეთმა ზაპოროჟიე დაბომბა
მეტი:  https://netgazeti.ge/news/744259/ 

სამ თვეში უკრაინაში ომის შედეგად 589 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/546852/ 

გ ა მ ო კ ი თ ხ ვ ა:

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ არჩევნების წინ დასაქმებული სოცდაუცველი დამკვირვებლები
მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/546717/ 

„პუტინი თუ კაი კაცი იყო, აქამდე რატომ არ იყო კაი კაცი“ – გამოკითხვა ხულოში
მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/546692/ 

ძალიანაც სასიამოვნოა, კობახიძეს რომ გააუქმეს მიწვევა ამერიკელებმა – გამოკითხვა ხულოში | ნაწილი II
მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/546811/  

ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან
მეტი:  https://batumelebi.netgazeti.ge/news/547047/

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ არჩევნების წინ დასაქმებული სოცდაუცველი დამკვირვებლები
მეტი:   https://batumelebi.netgazeti.ge/news/546717/ 

კ ვ ი რ ი ს  ა მ ბ ა ვ ი:

ანტიკორუფციულმა ბიურომ TI-ის და ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
მეტი: https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/546817/

კრიტიკული ტელევიზიები 2-ჯერ დასაჯა სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხზე  – „მედიაომბუდსმენი“

„ქართული ოცნების” მოთხოვნით მარეგულირებელმა და სასამართლომ ერთსა და იმავე საკითხის გამო, ორჯერ დასაჯა კრიტიკული ტელევიზიები: „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „ტელეკომპანია პირველი“. სასამართლო უპირობოდ აკმაყოფილებს კომუნიკაციების კომისიის ყველა მოთხოვნას – აღნიშნულია „მედიამბუდსმენის“ ახალ ანგარიშში.

„მედიაომბუდსმენი“ წინასაარჩევნო პერიოდში, 2024 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

„მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის მთავარი მიგნებაა ასევე:

  • მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ითხოვს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ პოლიტიკური რეკლამის განთავსებას, სამ კრიტიკულ მაუწყებელს არ აქვს შესაძლებლობა კომუნიკაციების კომისიიდან რეკომენდაციები მიიღოს.
  • სექტემბრის თვეში გამოქვეყნებული მასალებით კომუნიკაციების კომისიის გამოცემის – „მედიაკრიტიკის“ სარედაქციო პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მმართველი პარტიის ხედვებთან.

საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე გამხდარა დავის საგანი მაუწყებლების მხრიდან იმ რეკლამის განთავსებაზე უარი, რომელიც კონკრეტული მაუწყებლების აზრით, სიძულვილის ენას შეიცავს. სამმა ტელევიზიამ – ტვ პირველმა, „ფორმულამ“ და „მთავარმა არხმა“ 5 ოქტომბერსაც უთხრა უარი „ქართულ ოცნებას“ განეთავსებინა წინასაარჩევნო ბანერები და ვიდეორგოლები, სადაც ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული.

საინტერესოა კომუნიკაციების კომისიის რეაგირება წინა შემთხვევაზე:

მაგალითად,  „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაციების კომისიისთვის 2024 წლის 12 სექტემბერს მიუმართავს საჩივრით „ტვ პირველის“, „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ იმიტომ, რომ ამ ტელევიზიებმა უფასო პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე მმართველ პოლიტიკურ პარტიას უარი უთხრეს.

მაუწყებლების განმარტებით, სადავო უფასო პოლიტიკური რეკლამა შეიცავს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზებას, ან მოწოდებას ძალადობისკენ. გარდა ამისა, მათ მიმართა რეკლამაში გამოსახულმა ერთ-ერთმა პირმა, ეკა გიგაურმა და მოსთხოვა, ამოეღოთ სადავო რეკლამა, ვინაიდან რეკლამაში მისი გამოსახულება უნებართვოდ იყო გამოყენებული.

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებული იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.

კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩივარი და პარტიის პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა და დასამტკიცებლად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

2024 წლის 15 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ სამ მაუწყებელს
შეუდგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და დააჯარიმა 5000-5000 ლარით. მაუწყებლებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მიღებული დადგენილებები, სააპელაციო სასამართლომ საჩივრები განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და უცვლელად დატოვა,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში „ქართულ ოცნებას“ ისევ მიუმართავს კომუნიკაციების კომისიისთვის. „ოცნებამ“ სამივე ტელეკომპანიის ხელახლა დაჯარიმება მოითხოვა. მედიაომბუდსმენი შენიშნავს, რომ სასამართლოს წინა გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ იყო შესული, როცა კომისიამ ჩათვალა, რომ მაუწყებლები ვალდებული იყვნენ, ეთერში განეთავსებინათ სადავო, უფასო პოლიტიკური რეკლამა – ტელევიზიები კვლავ 5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს.

ამ შემთხვევაში სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ოქმის შემდგენი მხარის მოთხოვნა და „მთავარი არხი“ დაავალდებულა ეთერში განათავსოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისთვის წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა.

ახლა, როცა უკვე „ქართული ოცნება“ კრიტიკული ტელევიზიების ეთერიდან ითხოვს ახალი  სარეკლამო მასალის განთავსებას, თუ როგორ ინგრევა უკრაინა და შენდება საქართველო, მაუწყებლებმა „ქართული ოცნების“ ამ კონკრეტული რეკლამის შეფასება კომუნიკაციების კომისიას სთხოვეს. მაუწყებლების აზრით, „ქართული ოცნება“ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, მათ შორის რეკლამის შესახებ საქართველოს კანონს.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში წერია:

  • არაეთიკური რეკლამა – რეკლამა, რომელიც ფიზიკურ პირთა ეროვნების, რასის, პროფესიის, სოციალური კუთვნილების, ასაკის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და ფილოსოფიური მრწამსის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, ხელყოფს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ხელოვნების ობიექტებს, ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს, ბღალავს სახელმწიფო სიმბოლიკას (დროშა, გერბი, ჰიმნი), საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას, რელიგიურ სიმბოლოებს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, მათ საქმიანობას, პროფესიას ან საქონელს.

2024 წლის 5 ოქტომბერს მარეგულირებელ ორგანოს მაუწყებლებისთვის უპასუხია, რომ „კომისია მოკლებულია შესაძლებლობას წინასწარ, ადმინისტრაციული წარმოების პროცესს მიღმა შეაფასოს კონკრეტული მასალა და გასცეს მისი ეთერში განთავსება/განუთავსებლობის შესახებ რეკომენდაცია.”

მედიის ადვოკატირების კოალიციამ სოლიდარობა გამოუცხადა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. კოალიციის შეფასებით, „მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწყობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც „აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს“.

„მედიაომბუდსმენი“ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის კუთხით პარალელს 2016 წლის შემთხვევასთან ავლებს – 2016 წლის 14 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში  პოლიტიკური პარტიის – „ცენტრისტები ხაჩიშვილი-ბედუკაძე“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი განთავსდა. აღნიშნულ რეკლამაში პოლიტიკური პარტია საქართველოს მოქალაქეებს რუსულ პენსიას, საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების დაკანონებას და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონის მიღებას ჰპირდებოდა. ვიდეოში ჩანდა რუსეთის პრეზიდენტი და რუსული ტანკები. მას შემდეგ, რაც „ცენტრისტების” წინასაარჩევნო რეკლამამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ის ეთერიდან მოხსნა.

მწვავე საჯარო დისკუსიების ფონზე, 2016 წლის 15 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიამ გაავრცელა განცხადება: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლიდან გამომდინარე, მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია შეისწავლოს პოლიტიკური პარტიის მიერ განსათავსებლად წარდგენილი სარეკლამო რგოლის კანონთან შესაბამისობა და შემდგომ განათავსოს წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლი ეთერში.

მართალია, წინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელია წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთი პოლიტიკური სუბიექტი, თუმცა მაუწყებელი უფლებამოსილია სადავო შინაარსის მქონე წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის თაობაზე მიმართოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლის ეთერიდან მოხსნის შემდეგ გააკეთა.

კომისიამ იქვე მიუთითა, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 45-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შეფასება და დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ცესკოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამდენად, ცხადია, რომ მაუწყებლები ერთი მხრივ, რჩებიან პოლიტიკური წნეხის და ფინანსური სანქცირების რეჟიმში, მეორე მხრივ კი ხელი არ მიუწვდებათ ობიექტური რეგულირების სერვისზე, ნათელ, განჭვრეტად და სამართლიან წესებზე,“ – აღნიშნულია „მედიაომბუდსმენის“ მონიტორინგის ანგარიშში.

„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობის შეფასების კიდევ ერთი ტესტია. საანგარიშო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზით, იმ შედეგების მიხედვით, რომლითაც მმართველი პარტიის მოთხოვნით, კომისიამ და შემდეგ სასამართლომ ორჯერ დასაჯეს კრიტიკული მედიასაშუალებები, ამასთან, კომისია არ აძლევს შესაძლებლობას მაუწყებლებს, ხელი მიუწვდებოდეთ ნათელ და განჭვრეტად წესებზე, რეკომენდაციებსა და რჩევებზე კანონმდებლობის შესასრულებლად. ამ გარემოებების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ კომისია რჩება ინსტრუმენტად მედიის მოთვინიერებისა და დასჯისათვის.

გარდა ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა, კომისია იყენებს კიდევ ერთ ბერკეტს – „მედიაკრიტიკას“ მედიის შინაარსობრივი განხილვისა და ჟურნალისტების მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულებების წასახალისებლად,“ – ვკითხულობთ „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშში.

აშშ-სთან პარტნიორობა გადამწყვეტია საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვებისა და ოჯახებისთვის  

ავტორი: ნათია კაპანაძე

___

თამარ ბიბილაშვილი სპეციალური განათლების მასწავლებელია, უკვე 21 წელია ამერიკაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სოციალიზაციისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში ეხმარება, ასევე ასწავლის მშობლებს არჩევანის გაკეთებას ბავშვების სასარგებლოდ.  

რა როლი აქვს სახელმწიფო პოლიტიკას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და ოჯახების ცხოვრებაში? – გთავაზობთ ინტერვიუს თამარ ბიბილაშვილთან ამერიკული გამოცდილების და მოქმედი კარგი პრაქტიკის შესახებ. 

  • ქალბატონო თამარ, გვიამბეთ თქვენზე, რას საქმიანობთ ამერიკაში?

მე სპეციალური განათლების მასწავლებელი ვარ და უკვე 21 წელია ამერიკაში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ვეხმარები საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. საქართველოში  ფიზიკოსი ვიყავი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი და ამერიკაში მწვანე ბარათიც სწორედ ჩემი ძირითადი საქმიანობით მივიღე, როგორც ექსტრაორდინარმა მეცნიერმა. მოხდა ისე, რომ ამ განსაკუთრებული ბავშვების გამო სპეციალურ განათლებაშიც გავაკეთე მასტერის (მაგისტრის) სამეცნიერო ხარისხი და პროფილი შევიცვალე.

2003 წლიდან ვმუშაობ საჯარო განათლების სპეციალურ სკოლაში სპეციალური განათლების მასწავლებლად 5-12 წლის ასაკის ბავშვებთან, ხოლო 2005 წლიდან პარალელურად ადრეული ჩარევის სააგენტოებში (Early Intervention) სპეციალური განათლების ინსტრუქტორად 0-3 წლის ბავშვებთან. 

ინტერესი ამ ბავშვების მიმართ აღმეძრა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, როდესაც გავიგე, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობის, სილვესტერ სტალონეს შვილს სპექტრი დაუდგინდა. მაშინ პირველად გავიგე ეს ტერმინი. ჩემი ინტერესი კი გაღრმავებული იყო იმით, რომ მეორად ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის საგანი მქონდა არჩეული.

ადრეულ წლებში საქართველოში აუტიზმის სპექტრის ბავშვებზე ინფორმაცია ნაკლებად იყო გავრცელებული. ამ ბავშვებს ამა თუ იმ მიზეზის გამო ძირითადად სახლებში ამყოფებდნენ და საზოგადოებრივ ადგილებში ნაკლებად აჩენდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, მიუხედავად  ამ სფეროში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯებისა, სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება სპექტრის ბავშვებთან მეტ-ნაკლებად ისევ აღინიშნება. ამის მიზეზი კი საზოგადოებაში არსებული მცდარი შეხედულებებია. 

ძალიან ვბრაზდები, როცა აუტიზმის სპექტრის ბავშვებს ავადმყოფებს უწოდებენ. სინამდვილეში ისინი არიან კომუნიკაციის განსხვავებული უნარების მქონე ბავშვები. ჩემი მიზანია, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები, რომელთაც მე „ვარსკვლავებად“ ვთვლი, გავხადო დამოუკიდებელი ბავშვები და ცხოვრებისთვის წარმატებულ გზაზე დავაყენო. 

  • შეგიძლიათ ჩვენ მკითხველებს გააცნოთ, რა როლს ასრულებს ამერიკა, როგორც სახელმწიფო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების და მათი ოჯახების ცხოვრებაში? 

აუტიზმის სპექტრის ქოლგაში შედიან ბავშვები, ვისაც აქვთ ასპერგერის სინდრომი (Asperger’s syndrome), ქენერის სინდრომი (Kanner’s syndrome), რეთის სინდრომი (Rett syndrome, ბავშვთა დეზინტეგრაციული დარღვევა (Childhood Disintegrative Disorder CDD), ტიპური განვითარების დარღვევა (Pervasive Developmental Disorder Not Otherwise Specified PDD-NOS). აღნიშნული სპექტრები იყოფიან სამ ჯგუფად: მაღალფუნქციური, დაბალფუნქციური და კლასიკური აუტიზმის სპექტრის  ბავშვები.  

ამერიკის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო მთავარ როლს ასრულებს ამ ბავშვების განვითარების პროცესში. ბავშვთა სრული სოციალიზაციისთვის ბრძოლა აქ არ არის დაკავშირებული მშობლების სამედიცინო ცოდნასა, თუ მათ ფინანსურ შესაძლებლობებთან (განსხვავებით საქართველოსგან).

მართალია, საქართველოში არის უფასო სახელმწიფო პროგრამები, მაგრამ მოიცავს მხოლოდ ასეთი ბავშვების მცირე რაოდენობას. სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩენილი ბავშვები დამოკიდებული არიან მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა შტატს თავისი რეგულაცია აქვს – წარმატებული პროგრამების რაოდენობით ნიუ ორკის და კალიფორნიის შტატები ლიდერები არიან.

ამერიკაში აუტიზმის სპექტრის ბავშვების განათლებას ასაკის მიხედვით ემსახურება სხვადასხვა ორგანიზაცია და სააგენტო. კერძოდ: 0-3 წლის ასაკში ადრეული ჩარევის სააგენტოები (early Intervention), 3-5 წლის ასაკში სკოლამდელი სპეციალური სააგენტოები (CPSE), 5-21 ასაკში სპეციალური განათლების საჯარო სკოლები. ეს ყველაფერი უფასოა მშობლებისთვის და სწავლება ფინანსდება სახელმწიფო დაზღვევისა და სახელმწიფო განათლების სისტემის მიერ.

21 წლის ზემოთ, არსებობენ შესაბამისი დაწესებულება-ორგანიზაციები, რომლებიც ბავშვებს ეხმარებიან კოლეჯში ჩაბარებას ან მათ განაწილებას სხვადასხვა სამუშაო ადგილებში. 

ბავშვთან ადრეული ჩარევის სააგენტო (Early Intervention) იწყებს მყისიერ მუშაობას მშობლების მიმართვის შემდეგ, როდესაც მშობელი შეამჩნევს რომ მისი ბავშვი არ ფუნქციონირებს ტიპური განვითარების შესაბამისად, ან  ვითარდებოდა და მერე  უცბად დაიწყო უკუქცევა, ან თუ პედიატრი აძლევს რეკომენდაციას მიმართოს სააგენტოს. 

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვის შემდგომი განვითარებისათვის ადრეულ ჩარევას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. 

სააგენტოსთვის მიმართვის შემდეგ ბავშვის მდგომარეობის შეფასებას იწყებს მულტიდისციპლინური გუნდი. გადაფასების შემდეგ ბავშვს მისი საჭიროების მიხედვით ენიშნება:

  • სპეციალური განათლების ლიცენზირებული ინსტრუქტორის მიერ ჩატარებული გაკვეთილები (სპეცგანათლების ლიცენზირებული მასწავლებელი) კვირაში 1-20 საათის რაოდენობით.  გამონაკლის შემთხვევაში, ეს შეიძლება 35 საათსაც კი აღწევდეს.
  • ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტების მიერ ჩატარებული კვირაში 30-წუთიანი 1-3 თერაპიები
  • ლოგოპედის სერვისები კვირაში 30 წუთიანი 1-5 თერაპიები. მასწავლებლები  ბავშვს თერაპიებს უტარებენ მშობლის სურვილის მიხედვით ან სახლში ან საბავშვო ბაღში. ეს ყველაფერი არის უფასო, რომელსაც სახელმწიფო ჯანდაცვა აფინანსებს.

მინდა ხაზი გაუსვა, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვებში თუ ჩარევა მოხდება ადრეულ, „ოქროს“ 0-3 წლის დიაპაზონის ასაკში, ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვების 95-97% ახერხებს კომუნიკაციის სირთულეების გადალახვას და მდგომარეობიდან გამოსვლას. ასეთი ადრეული ჩარევა მაღალი შესაძლებლობაა ბავშვი გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.

სამი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუ საჭიროა, რომ ბავშვს გაუგრძელდეს სერვისები, მაშინ ბავშვთან მუშაობას განაგრძობენ სახელმწიფო განათლების სისტემის მიერ დაფინანსებული სკოლამდელი სპეციალური სააგენტოები (CPSE) და ასევე სახელმწიფო დაზღვევა.

სსგ სააგენტოებში თავიდან გადაფასების შემდეგ ბავშვს უდგება ინდივიდუალური სასწავლო/განათლების პროგრამა (IEP), რომელიც ზუსტად ასახავს ბავშვის მდგომარეობას და სასწავლო გეგმას, რომლის მიხედვითაც უნდა იმუშაოს მასწავლებელმა. პროგრამის შედგენისას მშობელს აქვს უფლება მოითხოვოს იმ უნარ-ჩვევების სწავლების დამატება, რომელსაც თვითონ თვლის მნიშვნელოვნად ბავშვის კეთილდღეობისთვის. 

ბავშვთან ამჯერად უკვე კვირაში 7-10 საათის მუშაობენ.ასევე ოკუპაციური, ფიზიკური და ლოგოპედის სერვისები – კვირაში არაუმეტეს 5 თერაპია 30 წუთით. ამის პარალელურად, ბავშვს დამატებით ენიშნება განათლების სერვისები კვირაში 35-40 საათი.

ამ შემთხვევაში ბავშვებთან მუშაობენ არა სახელმწიფო განათლების მიერ სპეციალური განათლების ლიცენზირებული მასწავლებლები, არამედ მასწავლებლის დამხმარე ასისტენტი ან პიროვნება, რომელსაც მხოლოდ სკოლის დიპლომი აქვს, თუმცა გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები.

დაზღვევა ასევე უზრუნველყოფს პირადად მშობლის დახმარების სერვისს კვირაში 30-40 საათით, საშინაო საქმეებში, შოპინგში თუ სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. სურვილის შემთხვევაში მშობელს შეიძლება ჰყავდეს სოცმუშაკი და ფსიქოლოგი. ყველა ეს სერვისიც უფასოა. 

5 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, თუ ბავშვს კვლავ სჭირდება სერვისები, ის ამჯერად სწავლას აგრძელებს სპეციალური განათლების სკოლაში, განახლებული ინდივიდუალური განათლების პროგრამით და ჯდება მისი განვითარების შესაბამის კლასში, სადაც რჩება 21-22 წლამდე.

  • როგორ შეადარებდით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის ამერიკულ და ქართულ სახელმწიფო პოლიტიკას?  

ვწუხვარ, რომ ამერიკული გამოცდილების გაზიარებასთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება მაქვს. 2010 წელს საქართველოში გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული აუტიზმის ცენტრი არაჩვეულებრივი ადამიანის, ქალბატონ  სოფიო კერესელიძის მეთაურობით. ეს ცენტრი გარკვეული პერიოდი მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა სპექტრის ბავშვებისთვის.

სამწუხაროდ, შემდგომში სახელმწიფოს მიერ არასათანადო ხელშეწყობის გამო მოვლენები სხვანაირად განვითარდა. ქალბატონი სოფიო დღესაც ცდილობს შეუქმნას აუტიზმის სპექტრის ბავშვებს განვითარებისთვის სათანადო გარემოებები. იმედია, ამჯერად სახელმწიფო ხელს შეუწყობს მის წამოწყებებს.

2012 წლის დასაწყისში საქართველოს განათლების სამინისტროს გავუგზავნე წერილი, რომ მე და ჩემი კოლეგები ამერიკიდან მზად ვიყავით უსასყიდლოდ ჩავსულიყავით საქართველოში და  ჩაგვეტარებინა ტრენინგები ამერიკული სასკოლო სისტემის გამოყენების და დანერგვის შესახებ. წერილში მითითებული მქონდა საკონტაქტო ტელეფონები და ელექტრონული ფოსტები. გული მწყდებოდა, რომ გადიოდა დრო და არავითარი გამოხმაურება ჩემს წერილს არ ყოფილა.

ქალბატონ სოფიოს ენთუზიაზმითა და წარმატებებით ინსპირირებული, იმავე წელს, გვიან შემოდგომაზე ვეწვიე თბილისს. შეხვედრები მქონდა განათლების სამინისტროში ძალიან მაღალი რანგის პირებთან, სადაც ისევ გამოვთქვი ჩემი და ჩემი კოლეგების მზადყოფნა უსასყიდლოდ დახმარებაზე.

სამწუხაროდ, მივიღე მეტად არასერიოზული პასუხი. კერძოდ: წერილი განიხილებოდა შეყოვნებით იმიტომ, რომ თურმე ეს შემოთავაზება ხუმრობა ეგონათ.

მიუხედავად ასეთი პასუხისა, შეხვედრაზე მაინც გავაცანი ამერიკაში სპეცგანათლების სკოლების სწავლების სისტემა და განვუმარტე სპეცკლასების ტიპები/კლასიფიკაცია. რადგან იმ დროს  საქართველოში აქცენტი ძირითადად ინკლუზიური ტიპის კლასების გახსნაზე იყო გაკეთებული, ვეცადე ამეხსნა, როგორი ტიპის ბავშვებისთვის იქნებოდა ეს კლასები წარმატებული და ვისთვის პირიქით – დამღუპველი. 

მოგვიანებით გავიგე, რომ კლასების შექმნისას ჩემი არანაირი რჩევები არ გაითვალისწინეს, რამაც შემდეგში გამოიწვია სპექტრის ბავშვების უკუსვლა. ამ შეხვედრით დამთავრდა ჩემი ურთიერთობა იმ დროს განათლების სამინისტროს თანამშრომლებთან. სამწუხაროდ, საქართველოში დღესაც არ არსებობს ცალკე სპეციალური განათლების სკოლა, რომელიც სხვადასხვა ტიპის აუტიზმის კლასებით იქნებოდა დაკომპლექსებული.

ამერიკაში არსებობს რამდენიმე სახის სპეციალური განათლების კლასები. ეს კლასები კომპლექსდება ბავშვების აუტიზმის სპექტრის სიმძიმის და ფიზიკური განვითარების მიხედვით. 

  1. 12:1:4 ანუ 12 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი, (მაღალ ფუნქციონალური ბავშვები, ვისაც ქცევითი პრობლემები აქვთ);
  2. 12:1:1 ანუ 12 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 4 მასწავლებლის ასისტენტი. (დაბალფუნქციური ბავშვები ფიზიკური შეზღუდვების დამატებით);
  3. 6:1:1 ანუ 6 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი (კლასიკური აუტიზმის სპექტრის ბავშვები);
  4. 8:1:1 ანუ 8 ბავშვი: 1 მასწავლებელი: 1 მასწავლებლის ასისტენტი. (მაღალ ფუნქციონალური  ბავშვები  უფრო მეტი ქცევითი პრობლემებით, ვიდრე 12:1:1 ის ბავშვებს აქვთ);
  5. 8:1:2 ანუ ბავშვი:1 მასწავლებელი: 2 მასწავლებლის ასისტენტი. (ბავშვები, ვისაც სერიოზული ქცევითი და ემოციური დარღვევები აქვთ);
  1. 15:1:1  ანუ  15 ბავშვი:1 მასწავლებელი :1 მასწავლებლის ასისტენტი. [მაღალფუნქციური ბავშვები ვისაც მცირეოდენი ქცევითი დარღვევები აქვთ]
  2. ინტეგრირებული კლასი სადაც ორი მასწავლებელი, სპეცგანათლების და  რეგულარული განათლების ერთდროულად იმყოფებიან კლასში, და  ამავე დროს სპეცბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს  კლასის 40% ან არ უნდა იყოს 12 ბავშვზე მეტი. (მაღალფუნქციური ბავშვები)
  3. ინკლუზიური კლასი სადაც სპეცბავშვი ესწრება რეგულარულ კლასის გაკვეთილებს დამხმარე ასისტენტით  ან  მის გარეშე და ამავდროულად ცალკე ჰყავს სპეცმასწავლებელი, კლასის გარეთ. (მაღალფუნქციური ბავშვები).

ამერიკის საჯარო სპეციალურ სკოლებში ბავშვების კვება უფასოა. ბავშვებს ეძლევათ საუზმე და ლანჩი. ზაფხულში კი, თუ ეს სკოლა 12 თვიანი სწავლების არაა, მაშინ ეძლევათ უფასო კვების ვაუჩერები და ასევე საცხოვრებლის მიხედვით შეუძლიათ მიაკითხონ გარკვეულ სკოლას უფასო საუზმისა და ლანჩისთვის.

ამერიკაში მომუშავე მასწავლებლებისგან განსხვავებით, ქართველ მასწავლებლებს უძნელდებათ აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობა, რადგანაც არ არსებობს არც ზემოთ ჩამოთვლილი კლასის ტიპები და არც სათანადო ოდენობის მასწავლებლის ასისტენტები, რომლებიც უდიდეს როლს ასრულებენ სასწავლო პროცესში. 

მაქვს კარგი ამბებიც. გაზაფხულზე საქართველოდან მეწვივნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან არსებული ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის დირექტორი, ქალბატონი ნინო ოქროსაშვილი და მისი ორი თანამშრომელი – ქეთი დიაკონიძე და მარიამ კოხრეიძე. სამი არაჩვეულებრივი სპეციალისტ – სპეცპედაგოგები, რომლებიც მუშაობენ აუტიზმის სპექტრის ბავშვებთან აღნიშნულ აკადემიაში. 

ნიუ ორკის სპეციალური განათლების მინისტრის თანხმობის შემდეგ მომეცა საშუალება სტუმრებისთვის გამეცნო ნიუ ორკის სპეცსკოლებში სწავლების ტექნიკა/მეთოდები. ისინი პირადად დაესწრნენ  თითქმის ყველა ტიპის კლასის მუშაობას. სტუმრებს გავაცანით ისეთი სკოლის მუშაობის პროგრამაც, სადაც ბავშვები  სპეციალისტდებიან გარკვეულ სამუშაო უნარ-ჩვევებში და სკოლის დამთავრების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, გარანტირებული აქვთ სამუშაო ადგილები.

სპეცბავშვები სკოლაში 21-22 წლამდე რჩებიან. 21 წლიდან კი არსებობს დასაქმების პროგრამები აუტისტური სპექტრის ადამიანებისთვის, რომლებიც ეხმარებიან ან კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში ან იმ სამუშაოების მოძებნაში, რომლებიც მათ შესაძლებლობასა და ინტერესებზე მორგებული.

  • შეგიძლიათ გვიამბოთ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ამერიკაში?

სპეციალური განათლების ბავშვებს აქვთ წვდომა განათლების რესურსებზე – არსებობენ დაწესებულება/პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ბავშვებს კოლეჯის მოძებნასა თუ სამსახურის დაწყებაში. სულ ახლახან კი გამოვიდა რეგულაცია, რომ განათლების 75-ე დისტრიქტის ბავშვებს (აუტიზმზე და მულტი შეზღუდვებიან ბავშვებზე ორიენტირებული განათლების განყოფილება) ეძლევათ კოლეჯში მოხვედრის საშუალება, თუნდაც მხოლოდ აპლიკაციის შევსების საფუძველზე, განსხვავებით სხვა მოსწავლეებისაგან, ვინც კოლეჯში მისაღებად კონკურსში იღებენ მონაწილეობას. 

კოლეჯებში განათლების მიღება უფასო არაა, მაგრამ არსებობს უამრავი ფონდები, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლების მიღებას მინიმალურ ფასებში. 

  • ასისტენტის როლზე რას გვეტყვით?

მათ მასწავლებელთან ერთად უნდა დაგეგმონ გაკვეთილები, შეარჩიონ სწავლების მეთოდი თუ ტექნიკა თითოეული ბავშვისთვის, განსაზღვრონ სწავლის საუკეთესო ფიზიკური გარემოება და ასე შემდეგ. მასწავლებლის ასისტენტი ასევე ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში ბავშვს გაუწიოს დახმარება გადაადგილებაში, კვებასა თუ პირადი ჰიგიენის მოგვარებაში. მასწავლებელი სწავლის დროს ასისტენტს აძლევს ზუსტ მითითებას და აკონტროლებს მის შესრულებას.

ბავშვის წარმატებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სახლში მშობელმა და სხვადასხვა პროგრამის მასწავლებლებმა გააგრძელონ მოთხოვნების და სწავლების იგივე ტაქტიკა. მშობლების როლი ბავშვის ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში აქაც გადამწყვეტია. ბავშვის წარმატებით განვითარებისათვის მშობელი, მასწავლებელი და ასისტენტი უნდა შეადგენდნენ ერთ მყარ გუნდს. 

  • დამხმარე სპეციალისტის ანაზღაურების შესახებ გკითხავთ ქალბატონო თამარ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი კვალიფიკაცია და ანაზღაურება?

სპეციალურ საჯარო სკოლებში მასწავლებლის ასისტენტებს საკმარისია ჰქონდეთ სკოლის ატესტატი და ასევე ჩაბარებული ჰქონდეთ ორი, ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გამოცდა ზოგად, ელემენტარულ უნარ-ჩვევებში. შტატიანი თანამშრომლების ხელფასი ვარირებს განათლების და  სკოლაში მუშაობის სტაჟის მიხედვით, წელიწადში $29700-$36000 ოდენობით.

ასევე არსებობენ მასწავლებლის ასისტენტის შემცვლელები – მათი დღიური ანაზღაურება $177-ია.  ისევე, როგორც სკოლის მასწავლებლის ასისტენტებს, ასევე დაზღვევით დაფარული პროგრამების (3-5 წლის პროგრამები) დამხმარე პირებსაც საკმარისია ჰქონდეთ მხოლოდ სკოლის ატესტატი და განვლილი სათანადო ტრენინგები. მათი ანაზღაურება ვარირებს საათში $19-$30 ფარგლებში.

დამხმარის როლი დასაფასებელი, ერთ-ერთი ძირითადი რგოლია სწავლების პროცესში. მე, პირადად, მყოლია 12-ბავშვიანი კლასები, სადაც 12 დამხმარე მყავდა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სპეციფიკური სამუშაოა. 

  • სახელმწიფო როგორ ზრუნავს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებზე, როგორ ახერხებენ ოჯახები ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შენარჩუნებას?

ამერიკაში  მშობლები ითვალისწინებენ მასწავლებლების რჩევებს, ჰყავთ დამხმარეები ბავშვის სასწავლო თუ  საოჯახო საქმეებში. ჰყავთ სოციალური დამხმარეები, რომლებიც ეხმარებიან მშობლებს გამოწვევების გააზრებაში და თუ საჭიროა ფსიქოლოგიური კონსულტანტებიც ერთვებიან საქმეში. ყველა ეს ხალხი მშობელს ეხმარება ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნებაში.

  • გაჯეტების გამოყენებაზეც გკითხავთ – ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა საქართველოსთვისაც.  

ჩემი უდიდესი თხოვნა და რეკომენდაციაა მშობლებისათვის, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვებს შეეზღუდოთ ელექტრონულ საშუალებებზე უსასრულო წვდომა. ეკრანის შეუზღუდავად ყურებამ შეიძლება ბავშვი აგრესიული და ჰიპერაქტიური გახადოს. სასურველია ეს დრო დავიყვანოთ დღეში 5 – 10 წუთზე და მოიცავდეს ძირითად შემეცნებით გადაცემებს.

  • როგორ ხედავთ ამერიკასთან, როგორ პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობის საჭიროებას აუტისტური სპექტრის ადამიანების კეთილდღეობისთვის? 

ეს პარტნიორობა არის გადამწყვეტი საქართველოში აუტისტური სპექტრის ბავშვების და ოჯახების კეთილდღეობისთვის. როცა ვამბობთ კი ევროპას და არა რუსეთს, აუტისტი ბავშვების ბედითაც უნდა განვსაზღვროთ ჩვენი არჩევანი. ერთ მხარესაა რუსეთი, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანებს „ავადმყოფებად“ მიიჩნევს და მეორე მხარესაა ამერიკული და ევროპული სპეციალური სკოლები, რომლებსაც ადრეული ასაკის ჩარევიდან დაწყებული ადამიანზე ზრუნვის და მხარდაჭერის უდიდესი გამოცდილება აქვს. 

სწორედ ამერიკული ცოდნის გააზრებით, ჩვენი ამერიკული სპეციალისტების გუნდი ქალბატონ ნინო ოქროსაშვილის გუნდთან ერთად ვგეგმავთ საქართველოში პირველი სპეციალიზებული სკოლის აშენება-გახსნას. იმედია, სახელმწიფო ამჯერად  გაითვალისწინებს ამ წამოწყების უდიდეს მნიშვნელობას და მხარში ამოუდგება ინიციატორებს. ასევე გამოწვევაა აუტიზმის სპექტრის ბავშვების გადაადგილება, არ არის დანიშნული მათთვის უფასო სასკოლო ავტობუსები და სხვა. 

  • საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე გვინდა გკითხოთ, მონაწილეობთ არჩევნებში? რა წყდება ამ არჩევნებით განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებისთვის?  

არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ, თუ საკონსულო ამის შესაძლებლობას მომცემს, რადგან აღმოვაჩინე, რომ მოხსნილი ვარ რეგისტრაციიდან მეტად უცნაური და მცდარი მიზეზის გამო. კერძოდ: თურმე საქართველოში დავრჩენილვარ 6 თვეზე მეტი, რაც აბსურდია (სიცილი). ამჟამად  ვცდილობ რეგისტრაციის აღდგენას.  

საქართველოში ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რომ აუტიზმის სპექტრის ბავშვები საზოგადოების ისეთივე სრულყოფილი წევრები უნდა გახდნენ, როგორც სხვები. ამ ბავშვებს პოლიტიკის დონეზე უნდა მიენიჭოთ პრიორიტეტი. აუცილებელია შეიქმნას ადრეული ჩარევის სააგენტოები სახელმწიფო დაფინანსებით, უნდა არსებობდეს სპეციალიზებული სკოლები აუტიზმის  სპექტრის მოზარდებისთვის და დაწესებულებები, რომელიც მათ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებით თუ კოლეჯებით სკოლის დამთავრების შემდეგ. 

უნდა მიექცეს ყურადღება ამ ბავშვების გადაადგილების სატრანსპორტო საშუალებებს და ასევე ადაპტირებული იქნეს საჯარო სივრცეები. სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანების ბედი, მათი ცხოვრების და სიცოცხლის ხარისხი სახელმწიფოზეა დამოკიდებული. 

  • კვების საკითხზე გკითხავთ – იცით, რომ საქართველოში საჯარო სკოლებში ბავშვებს არ კვებავენ. აქ როგორ წყდება კვების საკითხი?

ამერიკის სკოლებში კვება უფასოა. ბავშვებს დილით ეძლევა ორი ტიპის ცივი თუ ცხელი საუზმე. ეს საუზმე შეიძლება იყოს მყარი იმ ბავშვებისთვის, ვისაც ყლაპვის პრობლემა არა აქვთ და ფაფა, ვისაც   ყლაპვის პრობლემა აქვთ. 12 საათზე არის ცივი/ცხელი ლანჩი, ბავშვზე მორგებული რაციონით. აკრძალულია მიწის თხილის კარაქი ალერგიულობის გამო და ასევე რელიგიის პატივისცემის გამო, აკრძალულია ღორის ხორცი.

  • ყველა აღფრთოვანებული ვართ ერთი ცნობილი ვიდეოთი, როცა აუტისტი სტუდენტი ამთავრებს სკოლას. მართლა ასეთი ტოლერანტულია საზოგადოება ამერიკაში?

დიახ, ამერიკაში ნამდვილად ტოლერანტულია საზოგადოება აუტიზმის სპექტრის ადამიანების მიმართ. მსგავსი ამბები რეალობაა. ვისურვებდი ყველამ ნახოს ბეისბოლის სტადიონზე აუტისტი ბიჭის გამხნევების ვიდეოც, როგორ უსმენს საზოგადოება მას, როგორ ამხნევებს და ეხმარება ინტეგრაციაში. სინამდვილეში ეს საზოგადოების თითოეული წევრის მაღალ შეგნებასა და პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. 

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მშობლებს მივმართო: ნუ შეგეშინდებათ, თუ რაიმეს დაინახავთ ბავშვში უცნაურს. თუ თქვენი შვილი არ საუბრობს, ნუ იფიქრებთ: „გაიზრდება და ილაპარაკებს“, ნუ დააყოვნებთ ბავშვის განვითარებაში ჩარევას. ყველას გთხოვთ, ბავშვებს მიეხმაროთ გამოწვევის გათავისებაში. ესენი არიან საოცარი ბავშვები, თავიანთი სამყარო აქვთ, ჩვენ ძალიან ხშირად ვერ ვხედავთ ამ ვარსკვლავების ნათებას. 

„გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე“ – კალაძე ამჯერად ევროკავშირის ელჩს დაესხა თავს

„ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე,“ – აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც ამჯერად ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის დაესხა თავს.

პაველ ჰერჩინსკიმ 2024 წლის 5 ოქტომბერს გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ახალი სარეკლამო რგოლი, რომლის ეთერში გაშვებაზე სამმა ტელევიზიამ: „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ უარი თქვეს. ამ ვიდეორგოლებში ოკუპანტი რუსებისგან დანგრეული უკრაინის კადრებია გამოყენებული. მაუწყებლების თქმით, ისინი ხელს არ შეუწყობენ „ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელების დაცინვას.

„როდესაც ვსაუბრობთ გარე ჩარევაზე, საელჩოების და უცხოელი მაღალჩინოსნების საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ მიუთითებს ამაზე. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია.

კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე.

უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები,“ – განაცხადა კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა.

___

ამ თემაზე:

ხელს არ შევუწყობთ „ოცნების“ რუსულ პროპაგანდას და უკრაინელების დაცინვას — ტელევიზიების ერთობლივი განცხადება

 

 

„დაკავებულია მძღოლი“ – შსს ქედაში ავარიაზე, რასაც 10 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ ბზუბზუსთან მომხდარ ავარიას 10 წლამდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 7 დაშავებული კი, სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში 5 ოქტომბერს მოხდა. ავტომანქანა ხევში გადავარდა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, დაკავებულია მძღოლი, რომელიც ავტომანქანას მართავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად გრძელდება.

შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებს მეცნიერები შეისწავლიან

შავი ზღვის აუზის პროგრამის Interreg NEXT – ის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცხოელ მკვლევრებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესწავლა დაიწყეს.

„პროექტი ორიენტირებულია ისეთი დაბინძურების გამომწვევი ფაქტორების კვლევაზე, როგორიცაა მძიმე მეტალები, მიკროპლასტიკები და სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც ზიანს აყენებს, როგორც ზღვის ბიომრავალფეროვნებას, ასევე ადამიანის ჯანმრთელობას.

პროექტი CARE SEA განხორციელდება 24 თვის განმავლობაში და მოიცავს კვლევით საქმიანობებს დაბინძურების მონიტორინგის, მონაცემების შეგროვებისა და ეკოლოგიური ზიანის შემცირების საკითხებში,“ – აღნიშნულია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ პროექტის წამყვანი პარტნიორია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პარტნიორები არიან: სალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი [საბერძნეთი], „კონსტანტინე სტერეს“ ევროპის პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი [მოლდოვა], ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი [თურქეთი], დუნაის დელტას კვლევისა და განვითრების  ეროვნული ინტიტუტი ტულჩეა [რუმინეთი].

პლასტიკური და მიკროპლასტიკური წყლის დაბინძურების მონიტორინგისა და ინტეგრირებული შეფასების გარდა, ბსუ შეაფასებს ჰაერისა და ჭაობის ჰაბიტატების დაბინძურებას მიკრონაწილაკებითა და მძიმე ლითონებით კოლხეთის დაცული ტერიტორიის რამსარის ჭაობებში და მდინარე ჭოროხში.

ანალოგიურად,  KTU შეაფასებს მიკროპლასტიკების არსებობას და განაწილებას საზღვაო და სანაპირო გარემოში თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ზონაში და მდინარე ჭოროხის მძიმე ლითონის დაბინძურებას თურქეთის საზღვრებში. ამ მდინარის მიკროპლასტიკისა და ქიმიური დაბინძურების შესახებ მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი ჩატარდება ჭოროხის ქართული ნაწილისთვის მიღებულ მონაცემებთან, რომლის მიზანია შეაფასოს თითოეული მხარის წვლილი შავი ზღვის მთლიან დაბინძურებაში.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება პლასტიკური დაბინძურების სიმულაციური მოდელი, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პლატფორმებზე.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ოქტომბრის 21 საათიდან 7 ოქტომბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ;

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-12 მეტრი წამში;

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის ღელვა: 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +25 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 8 და 9 ოქტომბერს აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 6 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 660 470 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 8 919 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 17 679 ერთეული [+21]
  • საარტილერიო სისტემა – 19 092 ერთეული [+55]
  • MLRS – 1 216 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 970 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 578 ერთეული [+49]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 26 006 ერთეული [+101]
  • სპეცტექნიკა – 3 363 ერთეული [+19]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 939 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 532 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 680 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 973 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„მასწავლებელს უთხრეს, შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამო“ – შეხვედრა პედაგოგებთან ბათუმში

ხელისუფლება მასწავლებელს არ ენდობა იმაშიც, თუ რა ტანსაცმელს ჩაიცვამს მასწავლებლის პრემიის დაჯილდოებაზე – უთხრეს, რომ შავ-თეთრი უნდა ჩაიცვას ყველამ, გუშინდელ  დაჯილდოებაზე კი [„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოება], სიჭრელე იყო. ძალიან თვალსაჩინოა ეს განსხვავება,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია, განათლების ექსპერტი და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიმონ ჯანაშია აჭარის რეგიონში მცხოვრებ პედაგოგებს შეხვდა. სიმონ ჯანაშია მიიჩნევს, რომ დიალოგის პროცესში უნდა განვითარდეს შეთანხმებები, შეთანხმებაზე კი, პასუხი პოლიტიკურმა პარტიამ უნდა აგოს. სიმონ ჯანაშიამ მასწავლებლებს თავისი ხედვები გააცნო, მასწავლებლებმა კი მას უთხრეს, რა სჭირდება სკოლას დღეს.

„გამოდის, რომ პროფესიული საზოგადოება ერთმანეთს ენდობა, ვიღაც პოლიტიკური კლასი კი არ ენდობა მასწავლებელს. უნდა, რომ გააკონტროლოს, ვაიმე, არ შევრცხვე ახლა რაღაც მინისტრთა კაბინეტის წინაშეო,“ – დაჯილდოების ღონისძიებაზე მასწავლებლების ჩაცმულობას მიუბრუნდა სიმონ ჯანაშია, რომელსაც შეხვედრის შემდეგ გავესაუბრეთ.

„ნდობით უნდა დაიწყოს ეს პროცესი: მე კი არ ვწყვეტ, ვინ რა უნდა გააკეთოს, არამედ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები. რა იცის პოლიტიკურმა კლასმა, რა უნდა ეცვას მასწავლებელს დაჯილდოებაზე? მასწავლებელს ჩვენ ვანდობთ საკუთარი შვილის აღზრდას და არ ვანდობთ იმას, რა ჩაიცვას?

ჩაცმას როცა არ ანდობ, საკუთარი პროგრამის შემუშავებასაც არ ანდობ, ცხადია. როცა უნდობლობა არსებობს, ამ დროს სახელმწიფო პოლიტიკის მთელი არსი ხდება ის, რომ ხალხმა რაღაც არასწორი არ გააკეთოს მათი გადასახედიდან და საჭიროა კონტროლი. უფრო და უფრო მეტი ფინანსური და ადამიანური რესურსი იხარჯება ამ კონტროლში, განვითარებაზე კი, საერთოდ არ იხარჯება,“ – გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.

სიმონ ჯანაშიას შეხვედრა ბათუმელ პედაგოგებთან ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

„როდის შეიცვლება ხელფასები, გაქვთ ინფორმაცია?“ – ჰკითხა სიმონ ჯანაშიამ მასწავლებლებს.

„ვინ იცის ეს?“ „თქვენ იცით?“ „არჩევნების წინ გაიზრდება“ – წამოიძახეს პედაგოგებმა დარბაზიდან.

სიმონ ჯანაშიას ხედვით, განათლების სისტემის უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ გეგმა არ არსებობს და პედაგოგებს არ აქვთ სტაბილურობის შეგრძნება.

„რომელ სკოლას როდის ანგრევენ და რომელს აშენებენ, გაქვთ ინფორმაცია? ახლა რომ დავძებნოთ ინტერნეტში, მარტივად ვნახავთ, დიდ ბრიტანეთში რომელ სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, რომელს აშენებენ, საქართველოში კი, ვერაფერს გავარკვევთ.

ვერც იმას გავიგებთ, რატომ ჩაუტარეს სკოლა 2 წლის წინ რეაბილიტაცია, თუ ის უნდა დაენგრიათ,“ – უთხრა მასწავლებლებს სიმონ ჯანაშიამ.

განათლების ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ნდობა აღარც მასწავლებლებს აქვთ სისტემის მიმართ.

„ფული იხარჯება იმაში, რომ ახალი მოთხოვნა შესრულდეს, შემდეგ აღმოჩნდება, რომ ამ მოთხოვნების შესრულება თურმე არ ყოფილა საჭირო – ახალი მინისტრი მოვიდა… მასწავლებლები ცდილობენ, რომ მოთხოვნა მთელი ენთუზიაზმით შეასრულონ, მერე ხვდებიან, რომ ეს სწრაფად იცვლება და ენთუზიაზმიც ეკარგებათ, შემდეგ ახალ ინიციატივებს აღარ მიყვებიან. მერე უკვე ცინიკურად ჰყვებიან, ერთმანეთისგან როგორ იწერენ რაღაცას, რაც თავად უნდა შეემუშავებინათ. ეს აჩვენებს იმას, რომ მათ ნდობა აღარ აქვთ ამ პროცესის მიმართ,“ – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ „ბათუმელებთან“.

მასწავლებელმა ხულოდან, ვლადიმერ ხოზრევანიძემ განათლების ექსპერტს ჰკითხა მოსაზრება იმაზე, თუ ვინ უნდა შედიოდეს სკოლაში.

„მე მქონდა მოთხოვნა ერთ-ერთ სკოლაში, რომ შევსულიყავი შეხვედრაზე. სკოლის დირექტორმა მომწერა, რომ თვითონ ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას და უნდა მიმემართა სამინისტროსთვის. განათლების სამინისტრომ მომწერა, რომ სკოლა დამოუკიდებელია და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პრობლემაც ესაა, რატომ უნდა მიემართა სკოლას სამინისტროსთვის? ყველა ხომ არ მიმართავს სამინისტროს? არც სამინისტრო უბრუნებს ყველას იმ პასუხს, რაც მე მივიღე,“ – აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ.

მასწავლებლებმა სიმონ ჯანაშიას ჰკითხეს მოსაზრება სამედიცინო განათლების მიღებაზეც. „ამდენი ექიმი რაში გვჭირდება, ამაზე რას ფიქრობთ?“ – იკითხა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

„ეს რაოდენობა ძირითადად იზრდება უცხოელი სტუდენტების მისაზიდად. პრობლემა, რაც არის ამ სფეროში, არის ის, რომ იწვევენ უცხოელ სპეციალისტებს, მაგრამ საუკეთესო სპეციალისტები მუშაობენ უცხოელ სტუდენტებთან, ქართველ სტუდენტებს ეს სპეციალისტები არ ჰყავთ, ისინი უარეს განათლებას იღებენ, ვიდრე უცხოელი სტუდენტები,“ – უთხრა მასწავლებელს სიმონ ჯანაშიამ.

რა ჩანს მასწავლებლებთან შეხვედრების დროს განათლების ექსპერტისთვის მაშინ, როცა უკვე საარჩევნო სიაში ხართ? – ვკითხეთ შეხვედრის შემდეგ სიმონ ჯანაშიას.

„ჩანს, რომ დემოკრატიულობისკენ სწრაფვა არის საზოგადოების ინტერესი, განათლებაში ჩართული ადამიანების პრობლემა არის ის, რომ პარტია ცდილობს მათ დაქვემდებარებას, მეორეს მხრივ, საზოგადოებას ყელში აქვს ამოსული პოლიტიკოსების დაპირებები, მათ სურთ, პოლიტიკოსები მათთან ერთად თანხმდებოდნენ ერთად გადასადგმელ ნაბიჯებზე,

ერთ-ერთი უკუკავშირი არის ის, რომ სკოლებში ცენტრალიზებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, იმდენად მრავალფეროვანია საჭიროებები, რომ ამის ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ პროგრამებში,“ – გვითხრა სიმონ ჯანაშიამ.

სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე საუბარი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე

სასაცილოა გლობალური ომის პარტიის არსებობაზე ლაპარაკი – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე

„პირიქით, ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა ომი“ – სტუდენტი, რომელიც პირველად მიდის არჩევნებზე

„არჩევნებზე პირველად მივდივარ და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მარტივია არჩევანი,“ – გვითხრა ბაკურ ჭელიძემ, რომელიც ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტია. მას უნივერსიტეტის შესასვლელთან შევხვდით.

YouTube video player

ბაკურ ჭელიძე პირველად მიდის არჩევნებზე. ამავდროულად ის ერთ-ერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიც იქნება „გირჩიდან“.

რატომ არის არჩევანის გაკეთება მარტივი? – ვკითხეთ სტუდენტს.

„სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ არსებობს რაღაც გლობალური ომის პარტია, პირიქით, ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. რაციონალურად რომ შევხედოთ – ეს ასეა იმიტომ, რომ რაც ევროკავშირი შეიქმნა, ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა ომი. ამიტომაც მარტივია არჩევანის გაკეთება,“ – გვიპასუხა ბაკურ ჭელიძემ.

არჩევნებზე ხელისუფლება თუ არ შეიცვალა, წავალთ რუსეთისკენ? – სტუდენტს თავისი მოლოდინის გაზიარებაც ვთხოვეთ.

„რა თქმა უნდა, გეზი ჩრდილოეთისკენ არის, რაც მიუღებელია ისტორიულად და დღევანდელი გადასახედიდანაც: მარტივი გასარჩევია, სად არის განვითარება და სად – უკუსვლა.

ყოველთვის მეხალისებოდა არჩევნების დღე, მაინტერესებდა, ვის მივცემდი ხმას. ენერგიის მარცვალი არსებობს, აქციების შემდეგ მოიმატა ამ მუხტმა, ეს მარცვალი გაღვივდა. იმედი მაქვს, ჩვენთვის კარგად დასრულდება ეს ყველაფერი.

აშშ-ის საელჩომ განაცხადა კიდეც, დემოკრატიები არ კრძალავენ ოპოზიციასო. თუ ვინმე დამნაშავეა, რომელიმე პარტიაში, ეს უნდა დაადგინოს სასამართლომ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციის მთლიან სპექტრს მოიაზრებს, რომ სხვადასხვა პარტია კოლექტიური ნაცმოძრაობაა, რაც სისულელეა და ამის აკრძალვა ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას. ეს დამახასიათებელია ბელარუსისთვის, რუსეთისთვის, მასთან დაახლოებული ქვეყნებისთვის…

მე ჩემს გარშემო არ დამჭირდება მოწოდება მეგობრებისთვის, რომ აი, არჩევნებზე უნდა წავიდეთ,“ – გვითხრა ბაკურ ჭელიძემ.

რა შემთხვევაში ვერ უშველის „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბება?

„რაც უფრო მეტი ადამიანი მივა არჩევნებზე და მისცემს ხმას მათ წინააღმდეგ, უფრო რთულია არჩევნების გაყალბება. ეს მუშაობს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ სისტემაში. ამიტომაც უნდა მივიდეთ არჩევნებზე.

„ქართული ოცნების“ სარჩევნო დაპირებებიდან არ ჩანს ერთი რომელიმე დაპირება, რაც არის მიმართული ქვეყნის განვითარებისკენ, არ ჩანს ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა და ასე შემდეგ. ჩანს მხოლოდ არარსებული პრობლემები, რაც ქუჩაში გამვლელებს რომ ვკითხოთ, ერთსაც არ გაახსენდება, ვის რაში სჭირდება, მაგალითად, კასპში ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვა, როცა ნებადართული ისედაც არაა.

რაც შეეხება ოსებისთვის ბოდიშის მოხდას, ბოდიშს ვერ მოვუხდით მხოლოდ ჩვენი ეროვნული გმირების გამო. ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, ბოდიშის მოხდით ვინმეს ტერიტორიები დაებრუნებინოს,“- გვიპასუხა ბაკურ ჭელიძემ.

საზღვარგარეთ მყოფ ქართველ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ – ცესკო

”საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – აცხადებს ცესკო.

გადაწყვეტილება ცესკომ დღეს, 5 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო.

„საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ“, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ.

ცესკოს თავმჯდომარის თქმით, იმისთვის, რომ დამატებით სიაში ამ კატეგორიის ამომრჩეველი მოხვდეს, აუცილებელია ამომრჩეველი 7 ოქტომბერს, 18 საათამდე საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს.

„2 ლარს ვაგროვებთ, საჭმელი რომ ვიყიდოთ“ – უსახლკაროების 1 კვირა დანგრეულ შენობაში შეჭრიდან

„არავინ მოსულა მთავრობიდან ჩვენს სანახავად, წუხელაც მიტოვებულ შენობაში გავათიეთ ღამე 15-მა ოჯახმა, აქ არც ფანჯარაა, არც კარი, ღამით ცივა, შენობაში წყალიც არაა,“ – ამბობს მაგული ფუტკარაძე, ერთ-ერთი უსახლკარო, რომელიც 1 კვირის წინ ქობულეთში, ბუკნარში მიტოვებულ შენობაში შევიდა საცხოვრებლად.

ერთი კვირაა რამდენიმე უსახლკარო ბუკნარში, ძველ და მიტოვებულ შენობაში რჩება. ხელისუფლებას ამ დრომდე მათ შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. უსახლკარო ადამიანების თქმით, ხელისუფლებიდან მათთან ერთხელ მხოლოდ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე – ედუარდ ნაკაშიძე მივიდა.

უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“
უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“

„დაიწყო დაპირება და არ მოვუსმინეთ, რადგან სამი წელია ეს გვესმის, არავინ დაპირებას არ ასრულებს… მოგვიგზავნეს ადგილობრივებიც, ჩვენც გვინდა სახლ-კარიო, ვუთხარით, ერთად ვიბრძოლოთ მაშინ-მეთქი და წავიდნენ. “ – გვიყვება მაგული ფუტკარაძე, რომელიც მარტოხელა დედაა. მისი შვილი შშმ პირია და ამჟამად კლინიკაშია.

„ვერ დავალევიე ის წამლები, რაც უნდა მიეღო, ამიტომ გახდა ცუდად…

როცა წვიმს, შენობაში წყალი ჩამოდის. გამოძინებას 1-2 საათით თუ ვახერხებთ, ისაა. საჭმელი მოაქვს ზოგჯერ ვინმეს და იმას ვჭამთ, ან 2-2 ლარს ვაგროვებთ, რომ რამე საჭმელი ვიყიდოთ, ეზოში წყალია და იქ ვამზადებთ, გაზის ბალონიც გვაქვს, ყავა რომ მოვამზადოთ.

პოლიცია თავიდან ბევრი იყო, ახლა მხოლოდ პოლიციის ერთი მანქანა დარჩა და რამდენიმე დაცვის პოლიციელი.

უკვე 10-ჯერ ვარ შეჭრილი სხვადასხვა შენობაში ბოლო წლების განმავლობაში, 9-ჯერ გამომაძევეს, ძალით გამომიყვანეს, იძალადეს, ამჯერად არ შეგვხებია არავინ ჯერ-ჯერობით, არც შენობაში შესვლას და გამოსვლას გვიკრძალავს ვინმე. ზოგი მიდის, წესრიგდება და უკან ბრუნდება.

მიტოვებული შენობაა, აქ არაფერია. ჩვენ ყურადღებას ვითხოვთ, სადმე საცხოვრისი მოგვცენ,“ – უთხრა მაგული ფუტკარაძემ „ბათუმელებს“.

უსახლკარო ადამიანები ქობულეთში, ბუკნარში, მიტოვებულ შენობაში შეიჭრნენ ფოტო: ევა ართმელაძე / „ბათუმელები“

უსახლკარო ადამიანები ბათუმში აქციას 2 წელია მართავენ, თუმცა ამ დრომდე ბათუმის მერიიდან, ან აჭარის მთავრობიდან მათი მდგომარეობა არავის შეუსწავლია. უსახლკარო ადამიანები წლებია ნაქირავებში, მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან. მათი ნაწილი მარტოხელა დედა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ან შშმ პირია. ისინი სოციალურ დახმარებას იღებენ. მუნიციპალურ, თუ ცენტრალურ დონეზე ამ დრომდე არ არსებობს პროგრამა, რომელიც ამ კატეგორიის ადამიანებს დააკმაყოფილებს და საცხოვრისს შესთავაზებს.

ხელისუფლებამ მხოლოდ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ნაწილს გადასცა საცხოვრებელი ბინები და წინასაარჩევნოდ მათ გამოყენებას არჩევნებზე ცდილობს.

უსახლკარო ადამიანების მეორე ნაწილმა კი, აქცია ისევ ბათუმის მერიასთან 2024 წლის 3 ოქტომბერს გამართა. ამ აქციის ორგანიზატორი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მერაბ ბლადაძეა. იგი კონკრეტულად ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის მიერ უკანონოდ აშენებული კორპუსების გადაცემას ითხოვს უსახლკაროებისთვის.

მერაბ ბლადაძის თქმით, მას მოლაპარაკება ჰქონდა ოზთურქის წარმომადგენელთან. მერაბ ბლადაძე არ აკონკრეტებს, გალიფ ოზთურქის რომელ წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემთხვევაში, ბიზნესმენი შესაძლოა დათანხმდეს ბათუმში უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის მოქალაქეებისთვის გადაცემას, შესაბამისი თანხის მიღების სანაცვლოდ.

გალიფ ოზთურქი მსჯავრდებულია და ციხეშია. მისი ადვოკატი – მაია ბერიძე და ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელი, რაულ კახაძე კი, მოლაპარაკებას კორპუსების უსახლკაროებისთვის გადაცემაზე გამორიცხავენ.

„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ.

გალიფ ოზთურქისთან მოლაპარაკების არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს ასევე ოზთურქის ადვოკატი მაია ბერიძე.

მერიასთან შეკრებილი უსახლკაროები თავდაპირველად ამბობდნენ, რომ დაშლას არ აპირებდნენ და მოლაპარაკება თუ არ დაიწყებოდა, ოზთურქის კერძო საკუთრებაში შეიჭრებოდნენ, თუმცა 4 ოქტომბერს აქციის ორგანიზატორმა, მერაბ ბლადაძემ განაცხადა, რომ აქციები შეწყდა და 10 ოქტომბრიდან ისევ შეიკრიბებიან.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 ოქტომბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 659 220 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 280]
  • ტანკი – 8 916 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 17 658 ერთეული [+31]
  • საარტილერიო სისტემა – 19 037 ერთეული [+72]
  • MLRS – 1 216 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 970 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 368 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 328 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 16 529 ერთეული [+35]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 613 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 25 905 ერთეული [+85]
  • სპეცტექნიკა – 3 344 ერთეული [+11]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 646 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 32 871 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 580 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 18 527 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 469 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 15 619 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 26 942 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებული ნათია უჩავაა.

დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართა.

ნათია უჩავა  თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელია.

„მადლობა ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს, რომლის გარეშეც მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. ბავშვებო, ვიცი, რომ ახლა ტელეეკრანებთან ხართ, რადგან ღონისძიების განმავლობაში მომდიოდა შეტყობინებები, მიყვარხართ, თქვენია ეს ჯილდო“- ასე მიმართა ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა საკუთარ მოსწავლეებს სცენიდან.

2024 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ ნათია უჩავას გადაეცა.

გამარჯვებული პედაგოგი ფულადი პრიზის სახით 15 000 ლარს მიიღებს საჩუქრად, კამპანიის გენერალური სპონსორის „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან, საუკეთესო ათეულის წევრებს კი „ლიბერთი“ დააჯილდოებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.ეს დაჯილდოება საქართველოში უკვე მერვედ იმართება, რომელიც მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ არის მიმართული და გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

წელს პირველად დაწესდა პრემია „განსაკუთრებული წვლილისთვის“, რომელიც გადაეცა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს ნუკრი კარკაძეს, რომელიც მუსიკის მასწავლებელია.

ასევე გაიცა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ამ ნაწარმოების განსაკუთრებულად სწავლისთვის გადაეცა სამ პედაგოგს. პრემიაზე სულ 11 პედაგოგი იყო ნომინირებული.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები წელს ასევე იყვნენ:

დიმიტრი პოპოვი, სოფიო ქუხილავა, გიორგი ლიპარიშვილი, ნათია ნარსავიძე.

 

„უფსკრულამდე ვერ გავყვები „ოცნებას“ – რას ამბობენ სოცდაუცველები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დაასაქმეს

„სადაც მთავრობაა და საიდანაც დასაქმებული ხარ, არ უნდა უღალატო…“ – სიღარიბეში მცხოვრები მარინა ცეცხლაძე გვიყვება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე თბილისში  ვერ წავედი, მაგრამ ჩემი მეუღლე წავიდაო.

დასაქმებულ სოციალურად დაუცველს უჭირს საუბარი, რის გამო მოუნდა ხულოდან თბილისში სახელისუფლებო პარტიის აქციაზე წასვლა, თუმცა დასძენს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ვალშია, რადგანაც დაასაქმეს.

ახლახან ცესკომ მარინას ქმარი ხულოში, სოფელ ჩაოს საუბნო კომისაში, ნეიტრაულრ [პროფესიულ] წევრად  დასაქმა.

მარინას ხელისუფლებასთან ის დამოკიდებულება აქვს, რის მიღწევასაც „ქართული ოცნება“ ცდილობს: ანგარიშვალდებულება სახელისუფლებო პარტიასთან, რომელიც ბიუჯეტის ფულით რეალურად სიღარიბის დაძლევაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის ნებაზე გავლენა მოახდინოს.

სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში – 2025 წლის აპრილში სრულდება. დასაქმებული სოცდაუცველების ზოგიერთი ოჯახის წევრი კი, საარჩევნო ადმინისტრაციაში დაასაქმეს.

რამდენად ცდილობს „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დასაქმებულ სოცდაუცველებისა და მათი ოჯახის წევრების ნებაზე გავლენის მოხდენას? გვაქვს საქმე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან?

მარინა ცეცხლაძე

მარინა ცეცხლაძე ხულოში, სოფელ ჩაოში ცხოვრობს. ამ პატარა სოფელში სულ 65 კომლია. ძალიან დიდი კრიზისია, იცლება სოფელიო, გვიყვება მარინა და სახლის ეზოში ჩერდება, სამეზობლოს გაჰყურებს, დაცარიელებულ სახლებს ითვლის: ჩემს კუთხეში 20 სახლიდან სამში ცხოვრობენ მხოლოდო…

დაცარიელებულ სოფელში 12 სოცდაუცველი დაუსაქმებიათ. მათი დიდი ნაწილი სოფლის გზას ალაგებს, მათ შორისაა მარინაც.

„გზაზე დავდივარ ნაგვის ყუთებთან, 3-4 ურნასთან ვარ, თუ რამე დავარდნილია, ასევე ხის ტანები დაცვენილი, იმას ვიღებ და ვყრი ნაგვის ყუთებში…

დილით რომ გავდივარ, ასე 2-3 საათი მჭირდება ავლა-ჩამოვლას, რომ არ დანაგვიანდეს სოფელი. სოფელში გადასახედი გაკეთდა, დადიან ტურისტები, სუფთად რომ იყოს, ამიტომ დავდივარ,“- გვიყვება მარინა ცეცხლაძე.

გადასახედი სოფელ ჩაოში, ხულო
დაცარიელებული სოფელი ჩაო

მარინა ცეცხლაძეს სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე ვესაუბრებით, რომლის მიზანი რეალურად სიღარიბის დაძლევა იყო. რას ფიქრობენ დასაქმებულები, რომ არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პროგრამა დასრულდება?

YouTube video player

„არაა მისაღები, თუ ჩერდება. სოფელში არაა ისეთი შემოსავალი, რომ ადამიანმა თავი ირჩინო,“ – სოციალურად დაუცველი გვიხსნის, რომ სოფლის დაცლის ტენდენცია ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. მარინა ცეცხლაძე გვიყვება იმასაც, რომ სოფელში ამ დრომდე საბავშვო ბაღიც არაა და ბიჭი, რომელიც საუბრის დროს აივნიდან გვიყურებს, საბავშვო ბაღის გარეშე დარჩა.

„ჩემი ბიჭი ბაღის გარეშე მყავს, ახლა აშენდა და იმედია, მოესწრება… 5 თვეც რომ მოასწროს, კარგი იქნება… სხვა სოფელში რომ გვეტარებია, დიდი მანძილია, ვერ მოვახერხეთ, ავტომანქანა არ გვყავს.

გვაქვს სიმინდი, იმასაც ნადირი გვიჭამს, თუ სადმე არ წახვედი და არ იმუშავე, ვერანაირად თავს ვერ ირჩენ.  ახალგაზრდობა მიდის… თუ ასე გაგრძელდა, სკოლაც დაიხურება, სად უნდა ვასწავლოთ ბავშვებს?“ – კითხულობს სოფელ ჩაოში მცხოვრები ქალი.

მარინა ცეცხლაძე ანგარიშვალდებულად თავს „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობს.

რატომ არის მისაღები „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, თუ ის ჩვენს ქვეყანას აშორებს ევროპას, გვიკეტავს გზას ევროპისკენ და გვაახლოებს რუსეთს? – ვეკითხებით დასაქმებულ სოცდაუცველს.

„რა ვიცი, პოლიტიკაში მაგდენს ვერ ვერკვევი, ნამდვილად ვერ შევერევი“, –  გვპასუხობს ის და პაუზის შემდეგ ამატებს, ეს 300 ლარი რომ არა, თავადაც მომიწევდა სოფლის დატოვება და სახლის გამოკეტვაო.

  • „მთხოვეს პარტიიდან“ – საუბნო კომისიის „ნეიტრალური“ წევრი

ხულოში დასაქმებულა მარინა ცეცხლაძის მეუღლეც – რამაზ ცეცხლაძე ხულოს მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში მუშაობს გარეგანათებაზე. წელს რამაზ ცეცხლაძე ჩაოს საარჩევნო უბანშიც აირჩიეს ე.წ. ნეიტრალურ წევრად, თუმცა ისიც ამბობს „ქართულ ოცნებასთან“ გრძნობს ანგარიშვალდებულებას.

„დიახ, სამთავრობოა ეს [დასაქმება], მოქმედი მთავრობა ეგაა,“ – დასაქმებულ სოცდაუცველს უკვირს, როცა ვეკითხები: რატომ ემადლიერება „ქართულ ოცნებასთან“, როცა ის ხალხის ფულს, საბიუჯეტო რესურსებს ხარჯავს, სახელმწიფო და პარტია კი, სხვადასხვა რამეა.

„მე დღეს ვხედავ, როგორი სვლა მიდის, იმ სვლას მივყვები,“ – გაღიმებას ცდილობს რამაზ ცეცხლაძე.

რამაზ ცეცხლაძე

საუბნო კომისიის წევრს ვუხსნით, რომ ის „ნეიტრალური წევრია“ და არა რომელიმე პარტიის მხარდამჭერი.

„მე ახლა იმის უფლება არ მაქვს, რომ ვაჟღერო, ნეიტრალურია ჩემი არჩევანი… ჯერ არ ვიცი, ვის დავუჭერ მხარს,“ – განმარტავს რამაზ ცეცხლაძე.

როცა „ქართული ოცნების“ გამო ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა, თქვენ რის გამო დაუჭირეთ მხარი „ქართულ ოცნებას“, როცა ამ პარტიის აქციას თბილისში დაესწარით? – ვკითხეთ სოცდაუცველს.

„მთხოვეს პარტიიდან… თხოვნა იყო, ახლა დამეხმარეო,“ – უხერხულობა დაეტყო რამაზ ცეცხლაძეს.

„მაგრამ თუ ამ პარტიას უფსკრულისკენ მიჰყავს ქვეყანა, რუსეთისკენაც გაჰყვებით?“ – ვკითხეთ ისევ საარჩევნო კომისიის წევრს.

„არა, ბოლომდე ვერ გავყვები, თუ უფსკრულამდე მიდის, უფსკრულამდე მე ვერ გავყვები, შეიცვლება ალბათ რაღაც ნიუანსები,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ ცეცხლაძემ.

40 ათას სოციალურად დაუცველს, ქვეყნის მასშტაბით, 2023 წელს სხვადასხვა სამუშაო გამოუძებნეს. მათი ჯამაგირი თვეში 300 ლარია. ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაოს აღწერა აჩვენებს, რომ მათი დასაქმება ფორმალურია. მაგალითად, საბჭოთა დროინდელ ტანკს ქედაში, წონიარისის ცენტრში, ორი კაცი ალაგებს, სოფელ გულებში კი, ქალი ალაგებს ოთახს, რომელიც სოფლის ცენტრში მოუწყვიათ და იქ შეკრებილი ბიჭები ჯოკერს თამაშობენ.

ჩვენს ტვინში ჩაბეჭდილია, რა მოხდება, თუ ოცნების წინაშე არასწორად მოვიქცევით“ – ეს ხელვაჩაურის სოფელ ჯოჭოში გვითხრა სოცდაუცველმა, რომელიც ასევე ნაგვის ურნებთან მუშაობს. აქ და სხვა სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველებმა „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ზოგიერთი მათგანი „ქართული ოცნების“ კოორდინატორია, ასევე, თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე წაიყვანეს. 

სხვადასხვა სოფელში დასაქმებულ სოცდაუცველებთან გასაუბრება აჩვენებს, რომ მათ რა უნდა გააკეთონ, ეს ხელშეკრულებით კი არ არის განსაზღვრული, არამედ სოფლის თავკაცი განსაზღვრავს. მის ხელშია სოცდაუცველის ისევ უმუშევრად დარჩენაც, როგორც ეს მაგალითად, ხულოში, სოფელ კვატიაში შადიმან ხოზრევანიძის შემთხვევაში მოხდა – კაცი, რომელიც სოფლის ცენტრში ნაგვის ურნას ალაგებდა და იმავდროულად ხელისუფლების კრიტიკით დაკავდა, სოფლის თავკაცმა გაათავისუფლა. 

დასაქმების სააგენტო, რომელიც სოცდაუცველების დასაქმებაზე პასუხისმგებელი ორგანოა, კანონს არღვევს და საჯარო ინფორმაციას სოციალურად დაუცველი ადამიანების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის დეტალების შესახებ არ გასცემს. მაგალითად, რამდენი სოცდაუცველი დასაქმდა სულ ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით? 40 ათასი სოცდაუცველის დასაქმების შესახებ დასაქმების სააგენტო 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში წერდა. 

თუ აქამდე ეს უწყება საჯარო ინფორმაციას პროგრამის დეტალებზე არ გასცემდა, ამჯერად დასაქმების სააგენტოს პრესცენტრმა საერთოდ აღარ უპასუხა „ბათუმელების“ სატელეფონო შეტყობინებებს. ამ საჯარო დაწესებულების ოფიციალურ გვერდზე დაგვპირდნენ, დაგიკავშირდებითო, მაგრამ ეს დაპირებაც არ შესრულდა. 

  • საუბნო კომისიის ე.წ. ნეიტრალური წევრი: კომისიაში „ოცნებიდან“ ვარ… სახლთან მისასვლელი გზა თებერვლიდან არ გვაქვს

„თებერვალში ჩამოიშალა ეს გზა, ვიცი, რომ დამეხმარებიან,“ – სახლისკენ მიმავალ ბილიკზე ჩერდება და იხსენებს, როგორ გადაურჩა მეწყერს როინ შავაძე. ისიც ხულოს სოფელ ჩაოში ცხოვრობს და ჩაოს საუბნო კომისიის ე.წ. ნეიტრალური წევრია. თუმცა თავად კომისიის წევრი ამბობს, რომ კომისიაში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.

მეწყერს მთლიანად ჩამოუშლია გზა, რომლითაც სოფელ ჩაოში ორი ოჯახი სარგებლობდა. 8 თვის გასვლის მიუხედავად, ამ ოჯახებისთვის ხელისუფლებას არც არაფერი შეუთავაზებია. არც საავტომობილო გზა აღუდგენია ვინმეს.

როინ შავაძე

„უიმედოდ არ ვარ, ვიცი, რომ დამეხმარებიან. დიდი იმედი მაქვს ბატონ ანზორის [ანზორ ბოლქვაძე – პარლამენტის წევრი], ასე მითხრა, მაგ საქმეს არ დაგიტოვებ, მაგ სამსახურშიც რომ არ ვიყოო.

უგზოობამ ძალიან გაგვირთულა ყველაფერი, იყვნენ მოსულები, მაგრამ ჯერ უნდა დადგინდეს, აქ ცხოვრება შეიძლება თუ არაო. თუ განსახლება მოხდება, გზას აღარც გამიკეთებენ. ბევრსაც ვერ ვლაპარაკობ, ზოგი დაიღუპა ამ მეწყრის გამო, მე გავასწარი და ცოცხალი ვარ. ბევრჯერ მქონდა შეხვედრა გამგეობაში, 80 პროცენტი მაქვს იმედი, რომ დამაკმაყოფილებენ“, – გვიყვება როინ შავაძე.

ამ ოჯახის შემთხვევაც აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვს „ოცნების“ ხელისუფლებას მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ: მეწყერს გადარჩენილი, საფრთხეში მიტოვებული და 8 თვე უგზოდ დარჩენილი მოქალაქე ისევ „ოცნების“ იმედადაა.

როინ შავაძე ხულოს მერიის ერთ-ერთ ააიპ-ში მუშაობს გარეგანათების ბოძებზე. მისივე თქმით, მისი ცოლი – ნანული შავაძე ააიპმა დაასაქმა სოფელ ჩაოში მოწყობილი ტურისტული ატრაქციის – გადასახედის დამლაგებლად. ნანული შავაძე შინ არ დაგვხვდა. მის შესახებ როინ შავაძე გვესაუბრა:

„300 ლარია მისი ხელფასი, ჩემი ცოტა მეტი… წელიწადში ორი ქორწილი რომ გამოიარო, 300 ლარი ჩაცმაში არ გეყოფა, შვილები მუშაობენ, ისინი ბათუმში არიან.

ნანული 5 თვე იქნება, რაც დაასაქმეს. დღეში ორი საათით ადის გადასახედზე და ასუფთავებს იქაურობას.

მე პირველად ვარ საუბნო კომისიის წევრი. ადრე დამკვირვებელი ვიყავ „ქართული ოცნებიდან“, ახლაც „ოცნებიდან“ ვარ, სწავლება გავიარე, გამოცდებიც ჩავაბარე და 15 ქულა ავიღე,“  – გვიყვება როინ შავაძე.

„ქართული ოცნებიდან“ ხართ, თუ საოლქოდან აგირჩიეს პროფესიული ნიშნით, როგორც ნეიტრალური წევრი? – ჩავეკითხეთ ჩაოში მცხოვრებ მოქალაქეს. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, ის საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქოდან არჩეული წევრია და არ წარმოადგენს რომელიმე პარტიას.

„დასაქმებული რომ ვარ, მე ისევ ჩემს გუნდში უნდა ვიყო, „ოცნებაში“, – გვიპასუხა კომისიის ე.წ. ნეიტრალურმა წევრმა.

მაშინ ნეიტრალური როგორ გამოდიხართ? – ვეკითხებით როინ შავაძეს და დამეწყრილი ეზოს კუთხეში ხის ჩრდილში ვსხდებით.

„სხვა რამე რომ დავიწყო, შეიძლება გზა და ყველაფერი, აღარ მომაქცევენ ყურადღებას, მე იმედი მაქვს მაგისა, რომ კიდევ რაღაცას გამიკეთებენ და ფეხზე დავდგები,“ – გულწრფელობა ეტყობა საარჩევნო კომისიის წევრს.

საარჩევნო კომისიის წევრს ასევე ვკითხეთ, როდის ისწავლა სარჩევნო კანონმდებლობა. „დამკვირვებელი რომ ვიყავ, ვხედავდი, ახლაც ანალოგიურია, დიდი განსხვავება არაფერი არაა,“ – გვიპასუხა როინ შავაძემ.

როინ შავაძის სახლი
ხედი როინ შავაძის ეზოდან
  • „ეს სჭირდება მთავრობას, ხმას მიაცემიებს, ხმას“ – რას ჰყვებიან ხულოში სოცდაუცველების დასაქმებაზე? 

რამდენად სჭირდებოდა სოფელს იმ სამუშაო ადგილების შექმნა წინასაარჩევნოდ, სადაც სოციალურად დაუცველი ადამიანები დაასაქმეს? – ეს სოფელ ჩაოსკენ მიმავალ გზაზე შემხვედრ გურამ გოგოლაძეს ვკითხეთ.

„მთავრობას სჭირდება, რომ ახლა გამეიყენიოს… რაში და ხმას მიაცემიებს, ხმას“ – თითით წრეს ხაზავს ჰაერში მოქალაქე და დასძენს, ამ დაცლილი სოფელში 10-15 კაცი დაასაქმესო.

გურამ გოგოლაძე

„პროგრამაში არიან, ხელფასს ღებულობენ და საქმეზე ვინმე არ არის, გაიგეთ ქართული? ხელისუფლებას ჰყავს ჩადებული ჯიბეში, მეორე მხარეს ფული აქვს, მისცემენ ამ ფულს და ესაა,“ – სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე ხულოს სოფელ დიაკონიძეებში გიორგი სოლომონიძეც გვესაუბრა.

გიორგი სოლომონიძე

გიორგი სოლომონიძე სიმსივნითაა დაავადებული. წუხს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერის ნაცვლად, ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად იხარჯება.

ეს მოქალაქე ყურადღებას ამახვილებს სოფლის კონკრეტულ პრობლემაზეც, რაზეც შესაძლოა სოფლად დასაქმებულმა სოცდაუცველებმა იმუშაონ.

„გზაზე რომ კაცს დანიშნავ, რათ უნდა გზას ამდენი მომსახურება? ორი კაცი მოატრიალე და გაუშვი წყლის არხზე, წყალი არ გვაქვს სოფელში… ამ სოფელში 9 – 10 არიან დასაქმებული, რას მუშაობენ, არ ვიცი, თქვენ ხედავთ რამეს? მოსაცდელს უვლიან ვითომ, რომ გაწვიმდება, იქ ვერ გაჩერდები,“ – უკმაყოფილებას არ მალავს გიორგი სოლომონიძე.

ამ სოფელში დასაქმებული სოცდაუცველები „ბათუმელებს“ იალაღებსა და ჭალებში დახვდა წასული. ერთ-ერთ მათგანს, გია სოლომონიძეს ტელეფონით დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ ბეშუმშია საქმეზე და მოუცლელობის გამო ვერ გვიპასუხებს.

„გზაზე მუშაობს ჩემი მეუღლე, სხვებიც გზას ალაგებენ, მე ასე ვიცი, რასაც დაავალებს სოფლის გამგებელი, იმას აკეთებს…

რასაც ხელფასს იღებს, ის ისევ ბავშვებს სჭირდება – მეზობელ სოფელში დაგვყავს საბავშვო ბაღში, ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი არაა,“ – დაგველაპარაკა დასაქმებული სოცდაუცველის მეუღლე, ცირა ცეცხლაძე.

ცირა ცეცხლაძე, სოფელი დიაკონიძეები

შინ არც ამირან სოლომონიძე დაგვხვდა. ისიც სოცდაუცველია და დიაკონიძეების საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად აურჩევიათ პროფესიული ნიშნით. ამირან სოლომონიძემ ტელეფონზე გვიპასუხა:

„წინა არჩევნებზეც ვიყავი საოლქოდან, პენსიაში ვარ და სხვაგან აღარ ვმუშაობ, რძალი მუშაობდა და ახლა ველოდები ისევ დაასაქმებენ…

ინდივიდუალურად სიმპათია გამაჩნია ხელისუფლებაზე, მაგრამ აგიტაცია-პროპაგანდა არა, ნეიტრალური ვიქნები მე. სოციალურზე კი არაა, რომ სარგებელს ვიღებთ, მთავარია ის, რომ ხელისუფლება სწორად იქცევა. მე, მაგალითად, დადებითი შეფასება მაქვს ამ ხელისუფლებაზე,“ – ნეიტრალურობის მიუხედავად, კომისიის წევრი ცდილობს „ქართული ოცნების“ მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ღიად დააფიქსიროს.

„ოცნების კოორდინატორი ადრე შეიძლება ვიყავი, აღარ მახსოვს, ბოლო დროებში საოლქოდან ვარ კომისიის წევრი,“ – დაგვემშვიდობა ამირან სოლომონიძე.

ირმა პავლიაშვილი: მე შენ საარსებო საშუალებას გაძლევ, შენ ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც მე მომიტანს სარგებელს

„საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება ხდება იმ თვალსაზრისით, რომ სწორედ მუნიციპალურ სერვისებში დასაქმებული პირების კეთილგანწყობის მიღებას ცდილობენ: მე შენ გარკვეულ საარსებო საშუალებას გაძლევ, საბიუჯეტო დაწესებულებაში გასაქმებ,  შენ საარჩევნო პროცესში ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რაც მე მომიტანს სარგებელს“, – ამომრჩევლის ნებაზე გავლენის მოხდენის მცდელობის რისკებს ხედავს იურისტი ირმა პავლიაშვილი, მას საარჩევნო გარემოს კვლევის და დაკვირვების დიდი გამოცდილება აქვს. ირმა პავლიაშვილი სამოქალაქო ორგანიზაციის „ღია სივრცე კავკასიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ირმა პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი შესასწავლია ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდოდ გამოყენების კუთხითაც. იურისტი განმარტავს, რომ კონკრეტულად წინასაარჩევნო პერიოდში თუ დაფიქსირდება ის, რომ იგივე დასაქმებული სოცდაუცველი იმავდროულად „ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს – საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა შეისწავლოს.

ირმა პავლიაშვილისთვის ცხადია ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა: ხელისუფლება ბიუჯეტის რესურსებით ცდილობს წაშალოს ზღვარი სახელმწიფოს და პოლიტიკურ პარტიას შორის.

„უნდა გაესვას ხაზი საერთაშორისო სტანდარტებს და კოპენჰაგენის დოკუმენტის პრინციპებს, რომლითაც სახელმწიფოს და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა მკვეთრად გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგან. მართალია, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებზე, სოციალური საკითხები უნდა მოაგვაროს, თუმცა მათი გამოყენება არ უნდა ხდებოდეს საარჩევნო მიზნით.

ვხედავთ რისკებს, რომ ერთი მხრივ ადმინისტრაციული რესურსის სახით იყენებენ საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს საარჩევნოდ. საინტერესოა ისიც, რომ ამ სწორედ დაკავშირებული პირები არიან საუბნო საარჩევნო კომისიებში წარმოდგენილი,“ – გვიყვება ირმა პავლიაშვილი. იგი ყურადღებას ამახვილებს საუბარია კომისიის იმ წევრებზე, რომლებსაც საოლქო კომისიები პროფესიული ნიშნით ირჩევენ.

ირმა პავლიაშვილი

„საარჩევნო ადმინისტრაცია პასუხისმგებელია არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე, ერთგვაროვანი პრაქტიკის გამართვაზე და კანონმდებლობის სტანდარტებთან შესაბამისობაზე. მისი წევრები კი, ვალდებული არიან დაიცვან ის პრინციპები, რომელსაც ადგენს, როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონი და საარჩევნო ადმინისტრაციის ეთიკის კოდექსი, რომელიც საუბრობს აპარტიულ და ნეიტრალურ გადაწყვეტილებებზე.

მიუხედავად ამ ადამიანების აღქმებისა, ისინი კანონს უნდა ემორჩილებოდნენ, კანონის უზენაესობას უნდა აღიარებდნენ და არა მათი დამნიშნავი სუბიექტების. თუ მათ გადაწყვეტილებებში გამოიხატება ის, რომ არღვევენ ამ პრინციპებს, შესაბამისი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროთ. შესაძლოა, მათ დაეკისროთ პასუხისმგებლობა, რომ აეკრძალოთ საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმება.

საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულებმა ასევე უნდა იცოდნენ, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი აკრძალული, ამომრჩევლის და მათ შორის მათი ნება თავისუფალი. მათი ნების გაკონტროლების უფლება არავის აქვს,“ – გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

საოლქო კომისიებს არამხოლოდ ხულოში, ქვეყნის მასშტაბით არსად გამოურკვევიათ ე.წ. ნეიტრალური წევრების ღია კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან. პირიქით, საოლქო კომისიებმა ხშირ შემთხვევაში ნეიტრალურ წევრებად „ქართულ ოცნებასთან“ ღიად დაკავშირებული პირები აირჩიეს. ამ კუთხით ხელვაჩაურის საუბნო კომისიების შემთხვევაზე „ბათუმელების“ სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: „ოცნების წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ 

  • „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: ეს, პირველ რიგში, ამ ადამიანების ღირსებას ლახავს 

„ეს მოცემულობა, პირველ რიგში, ამ ადამიანების ღირსების ლახავს, ვინც დაასაქმეს ამ პირობებში, როცა განჭვრეტადი ისიც კი არაა, რამდენ ხანს იმუშავებენ. მათ საქმიანობას ხელშეკრულება კი არა, არამედ სოფლის გამგებელი განსაზღვრავს,“ – გვესაუბრება სალომე შუბლაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი.

კვლევაზე დაყრდნობით ამ ორგანიზაციაში სოცდაუცველების დასაქმების პროგრამაზე მკაფიო შეფასება აქვთ. „ეს არის სახელმწიფო რესურსების, საჯარო რესურსების გამოყენება პარტიული მიზნებისთვის. სინამდვილეში ეს რესურსი უნდა ხმარდებოდეს სიღარიბის რეალურ დაძლევას. პარტიული მოხელეების ხელშია ამ ადამიანებისთვის ინსტრუქციების მიცემა და შესაძლებელი ხდება პროგრამის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.

აბსოლუტურად საფუძვლიანია ეს ეჭვები, რადგან ამ პროგრამის მიხედვით დასაქმებული ადამიანები ღიად გამოხატავენ ლოიალურობას, მადლიერებას „ქართული ოცნების“ მიმართ. მათ აქვთ განცდა, რომ „ქართული ოცნება“ ეხმარება. შესაბამისად, ძალიან მაღალია პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების რისკები,“ – გვითხრა სალომე შუბლაძემ.

სალომე შუბლაძე

სალომე შუბლაძე შენიშნავს, რომ იგივე სოცდაუცველებისთვის შემწეობის მიცემა ბევრად დაზღვეულია რისკებისგან, ვიდრე სოცდაუცველების დასაქმება, რაც 2022 წელს ამოქმედდა იმ პირობით, რომ სახელმწიფო სიღარიბის დაძლევას ეცდებოდა.

„შემწეობის მიცემა დამოკიდებულია აგენტის ოჯახში მისვლაზე, ქულების მინიჭებაზე და პროცედურაზე, რაც ამ პროგრამაში არ გვაქვს. რისკების სრულად დაზღვევა შესაძლოა ვერ მომხდარიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვხედავთ არა იმას, რომ, მაგალითად, ამ ადამიანების მომზადება მოხდეს დასაქმების ღია ბაზარზე გასასვლელად, რასაც მთავრობა თავის დროზე გვპირდებოდა, არამედ იმას, რომ ეს გახდა ფორმალური დასაქმება, დამატებითი გასაცემლის შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის, რაც ასე ემთხვევა 2024 წლის არჩევნებს.

მაშინ, როცა ადამიანი შემწეობის სახით იღებს 60 ლარს, ამ დროს 300 ლარი მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია. ეს ქმნის საფუძველს, რომ ხელისუფლებამ ეს დასაქმება გამოიყენოს არა იმისთვის, რომ ამ ადამიანების კვალიფიკაცია გაიზარდოს, მათ თავად შეძლონ დასაქმება და გაძლიერება, არამედ გამოიყენოს პოლიტიკური მორჩილებისთვის,“ – განმარტავს სალომე შუბლაძე.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი ღირსების საკითხს უბრუნდება ისევ:

„პრობლემა ის კი არ არის, რომ ისინი იღებენ 300 ლარს, მეტსაც უნდა იღებდნენ, მაგრამ პროგრამა უნდა იყოს სამართლიანი, თავად ამ დასაქმებულებისთვის ეს არ არის სამართლიანი მოპყრობა: რადგან სოცდაუცველია, ესე იგი, მას პოლიტიკური არჩევანი შეზღუდული აქვს?

ეს არ არის საჩუქარი და არ არის ვალი, რომელიც უნდა დააბრუნონ. ბიუჯეტიდან გასული ფული უნდა ხმარდებოდეს იმას, რომ მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დღეს ეს რესურსი გამოიყენება უკანონოდ და უსამართლოდ კონკრეტული პარტიის საარჩევნო მიზნებისთვის“.

___

მასალა მომზადებულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრთან“ თანამშრომლობის ფარგლებში

 

„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, შერცხვებათ?“ – ინტერნეტის პრობლემა აჭარის სოფლებში

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ინტერნეტის ხარისხზე წუხან.

რამაზ ბოლქვაძე შუახევის სოფელ ბრილში ცხოვრობს. მას სახლში კომპანია SkyTel-ის ინტერნეტი აქვს. ბოლქვაძე ამბობს, რომ ინტერნეტი ხშირად ეთიშებათ:

„ინტერნეტთან წვდომას აჩვენებს, თუმცა საერთოდ არ მუშაობს, რაც ინტერნეტის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ინტერნეტის მოწოდების შეწყვეტას სისტემური ხასიათი აქვს.

როცა სოფელში ვარ, ძირითადად დისტანციურად ვაკეთებ ჩემს საქმეებს, გასაუბრება იქნება ეს, ლექციაზე დასწრება თუ სხვა. ხშირად, ვერც ერთს ვერ ვესწრები… ინტერნეტი მხოლოდ გართობის საშუალება არაა, მითუმეტეს დღეს. იცით რა არის ყველაზე ცუდი? როდესაც ინტერნეტპაკეტში იხდი დაახლოებით 30 ლარს, შემდეგ კომპანია არ გინაზღაურებს იმ პერიოდს, როცა ინტერნეტი არ მოგეწოდებოდა და საერთოდ არ ინტერესდება, რამდენი ხნის განმავლობაში გქონდა გათიშული”, – ამბობს რამაზი.

მისი თქმით, რთულია განსაზღვრა როდის შეიძლება აღდგეს ინტერნეტის მიწოდება: „შეიძლება ისე ჩაირთოს ერთ საათში, კომპანიაში დარეკვაც არ მოგვიწიოს, ვერ გაიგებ”.

რამაზი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა და იგივე პრობლემები აქვთ მის თანასოფლელებსაც.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ სხვა კომპანიებს არ უნდათ შემოსვლა ასეთ მაღალმთიან სოფლებში და რადგან მხოლოდ თვითონ არიან, ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევიან“ – ამბობს რამაზი.

ხულოს სოფელ ბოძაურში ცხოვრობს მარიკა ვაშაყმაძე. მისი თქმით, ხშირად მოდემი ინტერნეტის მიწოდებას აჩვენებს, თუმცა ინტერნეტი არ მიეწოდებათ.

„ხშირად გვიწევს ოპერატორთან დარეკვა. მეუბნებიან ხოლმე, რომ ტექნიკური ჯგუფი წასულია სარემონტოდ, მაგალითად, საღამოს 9 საათის შემდეგ იქნება და ა.შ.“ – ამბობს მარიკა.

მისი თქმით, ინტერნეტის ხარისხი უამინდობისას კიდევ უფრო უარესდება.

„მახსოვს ზამთარში, მეწყერი რომ ჩამოწვა, სამი დღე გათიშული იყო, არ გვქონდა“ – იხსენებს მარიკა.

მარიკას khuloNet-ის ინტერნეტი აქვს სახლში. იხსენებს, რომ ინტერნეტის ერთთვიანი პაკეტის საფასური ადრე 30 ლარი იყო, შემდეგ კი, მისი თქმით, სიხშირე დაამატეს და საფასურიც 35 ლარამდე გაიზარდა.

მარიკა თავის დაკვირვებასაც გვიზიარებს:

„ინტერნეტი შეფერხებით მოგვეწოდება, როცა ახლოვდება თვის ბოლო, ჩარიცხვის ვადა. ახალ ჩარიცხული როცაა, მაშინ უფრო კარგად მუშაობს. ეს არ არის სწორი, მაგრამ მაშინ რაიმე უკეთესი ვარიანტი უნდა გვქონდეს. ადრე სხვა ქსელი გვქონდა და ალბათ 15 დღე არ გვქონდა თვის განმავლობაში ინტერნეტი. დაკვირვებული ვარ და შაბათ-კვირას უფრო დაბალი სიხშირით მოგვეწოდება ინტერნეტი” – გვეუბნება მარიკა.

აჭარის მთიან სოფლებში მაღალი სიჩქარის ინტერნეტის აუცილებლობაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ ლაშა გელაძე, ტურიზმის ბიზნესის სპეციალისტი. მას საკუთარი მაგალითი აქვს:

„დანისპარაულის ცენტრში, კურორტ გოდერძისთან ახლოს სახლი ავაშენე, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, გაქირავების მიზნით. ყველაფერი რომ დავასრულეთ, დაგვჭირდა ინტერნეტი. სტუმარი რომ მიიღო, ეს აუცილებელია, ინტერნეტის გარეშე დღეს არავინ არსად არ წავა, განსაკუთრებით – უცხოელი სტუმარი.

„ინტერნეტი რომ მოვიკითხე ადგილზე, აღმოჩნდა, რომ სახლის ინტერნეტი, რომელიც ვარგა, არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია „მაგთის“ ან „ჯეოსელის“ Wi-Fi როუტერები, თუმცა ხარისხიანი ინტერნეტის მოწოდება მაინც ვერ ხდება. სხვა გზა ვერ ვიპოვეთ, ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ არსებობს”, – გვეუბნება ლაშა. მისი აზრით, ინტერნეტის გარეშე ყოფნა დღეს უშუქოდ ყოფნის ტოლფასია.

ლაშა გვიყვება იმასაც, რომ მის სახლთან ახლოს ცხოვრობს მისი ძმა, რომელსაც ერთ-ერთი კომპანიის მიერ მოწოდებული ინტერნეტი აქვს სახლში, რომელიც, პრაქტიკულად, არ მუშაობს.

„კარგ ინტერნეტს ისევ დაგვპირდებიან, რადგან ივანიშვილი 2012 წელს რასაც გვპირდებოდა, 2024 წელსაც იმას გვპირდება. არის დაპირებები, რომელიც წინა 3 მოწვევის პარლამენტით ადრე დაგვპირდა და დღესაც იმავეს გვპირდება. ალბათ ახლა იტყვიან, ინტერნეტს შევიყვანთ სოფლებშიო. შერცხვებათ? მოერიდებათ? რამე ხელს შეუშლით თუ რა?!“ – ამბობს ლაშა.

ლაშას აჭარის სოფლებში ხარისხიან ინტერნეტზე დაპირება შემთხვევით არ ახსენდება.

ყველა სოფელში ინტერნეტის შეყვანა „ქართული ოცნების“ 2014 წლის დაპირება იყო. მეტიც 2015 წელსვე ცნობილი გახდა იმ 400-ზე მეტი სოფლის დასახელება, სადაც საწყის ეტაპზე ოპტიკური ქსელის მშენებლობა უნდა მომხდარიყო. ამ სიაში მოხვდა აჭარის 44 სოფელი, მათ შორის ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებიდან.

ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი იყო „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაშიც.

ამავე თემაზე: რა ბედი ეწია დაპირებულ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

2015 წელს ეკონომიკის სამინისტრომ ახალი ააიპი „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა. ეს არის კომპანია, რომელსაც რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო სისტემა უნდა გაეყვანა. რეგიონების ინტერნეტიზაცია დღემდე „ოუფენ ნეტის“ პასუხისმგებლობაა.

„ბათუმელები“ კომპანიას დაუკავშირდა. „ოუფენ ნეტს“ ვკითხეთ, ამ დრომდე რატომ არ მოხდა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის აშენება, რა ეტაპზეა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და ამ დროისთვის არსებული გეგმით, რომელი სოფლების ინტერნეტიზაციაა დაგეგმილი მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში?

აი, რა მოგვწერეს კომპანიიდან:

„საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა ეტაპობრივად ხორციელდება საქართველოს მასშტაბით ყველა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც: ა) მოსახლეობის რაოდენობა 200 და მეტია; ბ) აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და გ) არ გეგმავენ ასეთის მშენებლობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

მიმდინარე ეტაპზე, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასრულებულია 1300 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი – ოზურგეთის, ქობულეთი-ხელვაჩაურის, სამტრედია-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ასევე, აბაშა-სენაკის და წყალტუბო-ვარციხე-ხონის მიმართულებებზე.

დასრულებული და მიმდინარე სამუშაოების მოცულობა, აღნიშნულ ეტაპზე, 2 100 კმ-ზე მეტია.

რაც შეეხება კონკრეტულად აჭარის რეგიონს – დასრულებულია 190 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 52 დასახლებულ პუნქტს და 48 500-მდე მოსახლეს.

ასევე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ქედა-შუახევის მიმართულებაზე, რომელიც მოიცავს 270 კმ ინფრასტრუქტურას, 60 დასახლებულ პუნქტს და 20 200-მდე მოსახლეს“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ჩვენმა რესპონდენტებმა ახსენეს. მათ ვკითხეთ, რა არის აჭარის სოფლებში ინტერნეტის გათიშვის მიზეზი, თუ უნაზღაურებენ აბონენტებს იმ პერიოდის თანხას, როცა მათ არ ჰქონდათ ინტერნეტი კომპანიის მიზეზით; როგორია მათ მიერ მიწოდებული ინტერნეტის სიხშირე და თუ გაუმჯობესდება ის უახლოეს მომავალში?

„ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით და საქართველოს ბევრ ადგილას მცხოვრებ მოსახლეობას მივეცით წვდომა ციფრულ შესაძლებლობებთან, სადაც რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, აქამდე ვერავინ მოახერხა ინტერნეტის მიყვანა და ვიყავით პირველები, ვინც ეს შეძლო. მათ შორის არის სწორედ ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონები.

… თუმცა, სამწუხაროდ ხდება ისე რომ ზოგჯერ წყდება ინტერნეტსერვისის მიწოდება, რაც სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული. ეს შეიძლება იყოს ოპტიკური ხაზის დაზიანება, რაც კომპანიისგან დამოუკიდებლად, გარე პირების მიერ შეიძლება მოხდეს. შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს რადიო სადგური ან მოხდეს დენის გათიშვა, რამაც გამოიწვიოს ინტერნეტ სერვისის დროებით შეწყვეტა.

მნიშვნელოვანია ის, რომ როგორც კი ფიქსირდება ინტერნეტის გათიშვა ჩვენი გუნდი დაუყოვნებლივ იწყებს აღდგენით სამუშაოებს და ისინი 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მოაგვარონ აღნიშნული პრობლემა. ზოგჯერ ამას დრო სჭირდება ისევ და ისევ რთული რელიეფის გამო, ხშირად გადაადგილებაც შეუძლებელია, თუმცა მაინც ყოველთვის ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ პრობლემა და ამისთვის ყველა შესაძლო რესურს ვიყენებთ“, – მოგვწერეს კომპანია SkyTel-იდან.

აქ ამბობენ, რომ კომპანია უნაზღაურებს ყველა იმ აბონენტს ინტერნეტს, ვისაც გარკვეული დროის განმავლობაში წვდომა არ ჰქონია, თუმცა „ბათუმელებისთვის“ მსგავსი ანაზღაურების მაგალითის შესახებ ცნობილი არ არის.

კითხვაზე, ხომ არ განიხილავს კომპანია ინტერნეტის ტარიფის შეცვლას, გაიაფებას, რადგან ბევრ აბონენტს უჭირს გადახდა, SkyTel-ში ასე გვიპასუხეს წერილობით:

„სქაიტელის გუნდის მიზანია მაქსიმალურად ყველა ადამიანმა შეძლოს ინტერნეტ სერვისით სარგებლობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ვზრუნავთ არამხოლოდ ინტერნეტ სერვისის მიწოდებაზე, არამედ იმაზე, რომ მათ შეძლონ გადახდა და ინტერნეტით სარგებლობა. ჩვენ გვაქვს CSR პროექტებიც, რომლის ფარგლებშიც, მაგალითად, აღნიშნულ რეგიონში სოციალურად დაუცველებს უფასოდ ვაძლევთ ინტერნეტს.

სქაიტელში შემუშავებულია კონკურენტული ტარიფები, ყველაზე დაბალი ფასებით სხვა კონკურენტებთან შედარებით, რათა მაქსიმალურად ყველამ შეძლოს ინტერნეტით სარგებლობა“.

ბათუმელები დაუკავშირდი კომპანია KhuloNet-საც, თუმცა სტატიის მომზადების პროცესში ამ კომპანიიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

_____________

ფოტო: „ხულონეტი“/facebook

რუსი პროპაგანდისტი „ოცნების“ დეპუტატებს 85 გმირად მოიხსენიებს

კრემლის პროპაგანდისტები ამჯერად საქართველოში ახალი ჰომოფობიური და რეპრესიული კანონის ამოქმედებას ზეიმობენ. პროკრემლისტური პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს – 85 გმირად მოიხსენიებს და მადლობას უხდის მათ იმისთვის, რომ საქართველო მეზობლებთან შერცხვენას გადაარჩინეს.

„კანონი მიღებულია და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენ მეზობლები და ის ხალხი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, შეშინებულები არიან იმ ტენდენციით, რომელიც საქართველოში იყო; აფხაზები და ოსები არა თუ არ შეგვირიგდებიან, იქ რუსები იქნებიან თუ თურქები – არ დაგველაპარაკებიან, ხელს არ ჩამოგვართმევენ, თუ ჩვენთან სხვაგვარად იქნება, თუ საქართველო გადაეწყობა, გადაეწყობოდა ლგბტ დღის წესრიგზე; ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ არა „ქართული ოცნება“ და ეს 85 გმირი, ვინც დათანხმდა ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ ძალიან შევრცხვებოდით“ – ამბობს ფიფია რუსული პროპაგანდისტული არხის – соловьев live-ის ეთერში.

ფიფია რუსული პროპაგანდისთვის ჩვეული ტერმინებით ცდილობს მსმენელისთვის მტრის ხატის შექმნას და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს საქართველოში „სატანისტებად“ მოიხსენიებს.

„გესმით ხომ, იქ არის კავკასიური რესპუბლიკები. ჩვენ ძალიან ძმური ურთიერთობები გვაქვს, როგორი იქნებოდა მათთან? რა თქმა უნდა, ყველა შეწყვეტდა ჩვენთან საუბარს. რა თქმა უნდა, ეს კომუნიკაცია და სიყვარული სხვა ურთიერთობაში გადავიდოდა; ვის სჭირდება სატანისტების და ელგებეტეშნიკების განთავსება აქ შუაგულ კავკასიაში, რა თქმა უნდა, არავის. ჩვენ სირცხვილისგან გადაგვარჩინეს – მადლობა ყველას“.

აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდა, კარგა ხანია, განსაკუთრებით კი უკრაინაში ომის დაწყებიდან, ამ ტერმინს – „სატანისტები“ იყენებს ყველა იმ ჯგუფის დემონიზებისთვის, ვისაც რუსეთი მტრად მოიაზრებს. იგივე ტერმინით მოიხსენია გასულ წელს, რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე გამოსული ახალგაზრდები საქართველოს ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. 

გადაცემის [Лабиринт Карнаухова] წამყვანი, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, სერგეი კარნაუხოვი ამბობს, რომ „ოცნებობს – იქნებ ერთ დღეს საქართველო გახდეს ის ქვეყანა, რომელიც დააწესებს უმაღლეს ზნეობრივ სტანდარტს“: 

ხალხი, რომელიც დაეშვა ამ ყველაფრამდე… ყველანაირ სიბინძურემდე, სიდამპლემდე, მათ არ აქვთ უფლება იმღერონ საზოგადოებაში, იმღერონ კარაოკე სახლში… 

უნდა იყოს ფილტრაციის სისტემა, ანუ თუ არის აგენტურის/დაზვერვის მონაცემები, რომ ადამიანი ამით არის გატაცებული, მას არ შეუძლია იყოს სადმე, არც პოლიტიკაში, არც საბანკო სექტორში, საერთოდ არსად არ უნდა იყვნენ. ეს ხალხი უარყოფილები არიან და მათ უნდა მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, ისხდნენ ციხეებში ან იცხოვრონ სხვაგან…“

2024 წლის 1 ივლისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მრგვალი მაგიდაც კი გამართა სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, სადაც დეპუტატებმა, მღვდლებმა და სახელმწიფო პროპაგანდისტებმა განიხილეს „რუსეთის მედიაკულტურულ სივრცეში სატანიზმისა და სხვა დესტრუქციული ფენომენების გავრცელების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები“.

სათამაშო ბიზნესის დამოკიდებულ პირთა სიაში 20 369 პირია შეყვანილი – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით – 20 315 განაცხადი.

ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.

კანონმდებლობის თანახმად, აკრძალული პირთა სიაში შედიან სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირები [საჯარო მოხელეები], ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში და საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირები.

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან შევიდა ძალაში.

უკრაინა ადასტურებს თავდასხმას ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობსაცავზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა თავდასხმა რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე ნავთობის საცავზე.

გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 4 ოქტომბერს, ღამით, უკრაინელი სამხედროები ვორონეჟში თავს დაესხნენ საწვავის და საპოხი მასალების შესანახ ბაზას.

საცავში ხანძარი გაჩნდა. ზარალის მასშტაბი უცნობია.

თავდასხმას ადასტურებს რუსეთიც. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ნავთობსაცავის ტერიტორიაზე რუსეთის თავდაცვის სისტემამ უკრაინული დრონი ჩამოაგდო და ხანძარი გაჩნდა.

______________

ფოტო არქივიდან

„ბიაფი“ დასრულდა – საუკეთესო ფილმად გიორგი სიხარულიძის „პანოპტიკონი“ დასახელდა

ბათუმში დასრულდა საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც წელს მეცხრამეტედ გაიმართა.

3 ოქტომბერს ბათუმის თოჯინების თეატრში ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა, სადაც გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა.

მხატვრული ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში, რომელსაც აფასებდა ხუთკაციანი ჟიური, გაიცა შემდეგი პრიზები:

  • საუკეთესო ფილმი – „პანოპტიკონი“, გიორგი სიხარულიძე, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი, 2024
  • საუკეთესო რეჟისურა – მათიას გლასნერი, ფილმისთვის „მომაკვდავი“, გერმანია, 2024
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია, ფილმში „ანტიკვარიატი”, რუსუდან გლურჯიძე, საქართველო/ფინეთი/შვეიცარია/გერმანია, 2024
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – გუსტაფ ჰამარსტენი, ფილმში „ერთად 99“, ლუკას მოოდისონი, შვედეთი/დანია, 2023
  • ჟიურის სპეციალური მოხსენიება – დათა ჩაჩუა, გიორგი სიხარულიძის ფილმში „პანოპტიკონი“, საქართველო/საფრანგეთი/იტალია/რუმინეთი 2024

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო საკონკურსო სექციაში ჟიურიმ დაასახელა შემდეგი გამარჯვებული ფილმები:

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ალდი“, გიორგი არაბული, საქართველო, 2024
  • ჟიურის სპეციალური დიპლომი – „იყავი ვინმე“, მიხალ ტოჩეკი, პოლონეთი, 2024 / „პარალიზი“, ამირ ალი სისიპური , ირანი, 2024

BIAFF 2024 სპეციალური პრიზი კინოში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ქართველ მსახიობს, გია ბურჯანაძეს.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში 3-7 ოქტომბერს გაიმართა.

_____________

ფოტო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიიდან.

რას ამბობს ოზთურქის კომპანია უსახლკაროების აქციაზე – „ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს“

„ეს არის ხალხის ემოციებით ვაჭრობა, ფიზიკურად ბუნებაში ასეთი მოლაპარაკება არ არსებობს. ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ თანამოქალაქეებს, მაგრამ ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით გამოვიყენოთ კანონით მინიჭებული ყველა უფლება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის – „მეტრო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ.

ამ კომპანიაში უსახლკაროების აქციის შესახებ ვიკითხეთ: არის თუ არა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი თანახმა. კონკრეტული პირობით დათმოს საცხოვრებელი კორპუსები ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე?

ოზთურქის წარმომადგენელთან მოლაპარაკებაზე აქციის ორგანიზატორმა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მერაბ ბლადაძემ უსახლკაროების აქციაზე გააჟღერა.

მერაბ ბლადაძე არ აკონკრეტებს, გალიფ ოზთურქის რომელ წარმომადგენელს შეხვდა, მაგრამ ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შემთხვევაში, ბიზნესმენი შესაძლოა დათანხმდეს ბათუმში უკანონოდ აშენებული 9 კორპუსის მოქალაქეებისთვის გადაცემას, შესაბამისი თანხის მიღების სანაცვლოდ.

3 ოქტომბერს ბათუმში, ბათუმის მერიასთან მდებარე სკვერში, უსახლკაროები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ბინით უზრუნველყოფას ითხოვენ, ასევე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის გადადგომას, რადგან აქციის მონაწილეების თქმით, უკვე ორი წელია მერიასთან აქციებს მართავენ და ბათუმის მერმა უსახლკარო ადამიანებს არც კი მოუსმინა.

ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მას 2023 წელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ნარკოდანაშაულისთვის. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ამ დრომდე არ განუხილავს გალიფ ოზთურქის კომპანიის მიერ ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე აშენებული კორპუსების კანონიერების საკითხი.

ხომ არ არის საუბარი საპროცესო შეთანხმებაზე? – არჩილ კახაძემ, გალიფ ოზთურქის ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მსგავს ინფორმაციას არ ფლობს. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ოზთურქის ინტერესების დამცველ ადვოკატსაც. ის ამ საკითხის შესახებ ინფორმაციის მოკვლევას დაგვპირდა.

რაულ კახაძეს ვკითხეთ აქციის მონაწილეების კიდევ ერთ გზავნილზე: თუ ხელისუფლება ოზთურქთან მოლაპარაკებას ვერ შეძლებს, ისინი უკანონოდ აშენებულ კორპუსებში შეიჭრებიან.

„ამ პოლემიკაში შესვლა წყლის ნაყვაა, ვერ შემოვალთ ამ პოლემიკაში. ეს არის ხალხის შეცდომაში შეყვანის მცდელობა… არაცივილური მიდგომაა. თუ ეს კორპუსები დასანგრევია, სახელმწიფო გადაწყვეტს ამას, თუ არაა დასანგრევი, სასამართლო გადაწყვეტს,“ – გვითხრა რაულ კახაძემ.

უსახლკაროები ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას დღესაც აპირებენ.

ბათუმსა და ქალაქის შემოგარენში გაზი არ მიეწოდება 7 ათასზე მეტ აბონენტს

ბათუმში, აეროპორტის დასახლებასა და მიმდებარე სოფლებში 7448 აბონენტს გაზი გუშინ, 3 ოქტომბრის საღამოდან არ მიეწოდება.

„სოკარის“ ცნობით, გაზის გათიშვის მიზეზი ავარიული დაზიანება გახდა, რის შედეგადაც გაზი გაეთიშა ხალვაშის, მაჭავარიანისა და შანიძის ქუჩებზე, სოფლებში: ზანაქიძეებში, შარაბიძეებსა და კაპანდიბში მცხოვრებ აბონენტებს.

„ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 4 ოქტომბრის 10:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – განაცხადეს კომპანიაში.

კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის 21 საათიდან 5 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 25– 30 გრადუსი
  • ღამით: 20– 25 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 6-7  ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

Exit mobile version