მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს სააპელაციო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო 2025 წლის 20 მაისს განიხილავს.

სააპელაციო სასამართლო „მზია ამაღლობელის საქმეს“ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე მხარეების პოზიციებს სასამართლოს სხდომაზე არ მოუსმენს. სასამართლომ გადაწყვიტა, მხარეებთან უშუალო შეხვედრების გარეშე შეისწავლოს საჩივარი და საქმის მასალები.

საუბარია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებაზე: სანამ სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მზია ამაღლობელს უკანონოდ დააკავებდნენ, იგი შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა სტიკერის გაკვრის გამო პოლიციელებს არ აქვთ მოქალაქის დაკავების უფლება.

იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის მასალები გაყალბებულია და ეს სიყალბე ნაწილობრივ მოსამართლე სალიხ შაინიძემ დაადასტურა, მან სამართალდამრღვევად მაინც მზია ამაღლობელი მიიჩნია და ის 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამ ადმინისტრაციულ საქმეზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა.

მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო.

გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ადმინისტრაციულ საქმეზე გაყალბებული ოქმი გახდა მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის საფუძველი. მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია. პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია სამშენებლო ნებართვა 2 მლნ 591 ათასი კვ.მ ფართობის მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 2358 სამშენებლო ნებართვა გასცეს.

ეს წინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია.

სამაგიეროდ ნებართვები ითვალისწინებს 2 მილიონ 591 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტების მასშტაბები იზრდება.

მასშტაბებთან, ასევე სიმჭიდროვის ზრდასთან დაკავშირებით ტენდენცია იზრდება ბათუმშიც. ახალ სამშენებლო კოდექსს ეს უნდა დაერეგულირებინა, თუმცა ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში არსებული რიგი შეღავათების დასაშვებობის პირობებში, მშენებლები ძირითადად სწორედ ამ დათმობაზე წასვლას სთხოვენ ბათუმის მერიას.

ახალი მშენებლობების ქაოსურობისა და მასშტაბების ზრდის გამო ბათუმში სიმჭიდროვის და მასთან დაკავშირებული პრობლემები მწვავედ დგას დღის წესრიგში.

საქსტატის ინფორმაციით, ნებართვების 75.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის თბილისზე; 12.9 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე; 8 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2 პროცენტი – კახეთის რეგიონზე. აჭარის წილი 5.9 პროცენტია.

2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღების საკითხს:

2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით ნაკლებია. 698 ობიექტი მიიღეს ექსპლუატაციაში, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით ნაკლებია.

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.0 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონზე.

ეს საკითხიც მწვავე პრობლემაა ბათუმში, სადაც გასულ წლებში აშენებული კორპუსების უმეტესობა ჩაუბარებელია, თუმცა ამ კორპუსების უმეტესობაში ბინების კერძო მესაკუთრეები ცხოვრობენ.

ამას ემატება უკანონოდ აშენებული ან შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენებული ფართობები, მაგალითად, როცა მშენებელმა ნებართვა 8 სართულის მშენებლობაზე მიიღო და 12 ააშენა, უკანონოდ აშენებულ სართულებზე კი ბინები გაყიდა.

29 აპრილს სახლებში მისვლა და ჩხრეკა „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთი გამოხატულებაა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებით ეხმიანება ფონდების წარმომადგენელთა სახლებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებას.

საუბარია 29 აპრილს, დილის საათებში ჩატარებულ ჩხრეკა-ამოღებაში ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გელა ხელაიას, ლაშა არველაძისა და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელსა ან/და რეგისტრირებულ მისამართებზე.

განცხადებაში საია განმარტავს, რომ 2025 წლის 8 თებერვალს ორგანიზაცია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაიწყო გამოძიება საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში, საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე. 2025 წლის 17 მარტს საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში დააყადაღა – ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“, ასევე, უფლებადაცვითი ორგანიზაციის, ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები.

„აღსანიშნავია, რომ, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა სასამართლოს მიერ განჩინების გაცემიდან 3 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, რაც საგამოძიებო მოქმედების მყისიერებას და საგამოძიებო მიზნობრიობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ პირობებში, როდესაც, რიგ შემთხვევაში 29 აპრილს ჩხრეკის პროცესს არ დაასწრეს ადვოკატები.

საჯაროდ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სამართალდამცავები საცხოვრებელ სახლებში უკვე შესულები იყვნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაწყებული ჰქონდათ, მანამ სანამ მოქალაქეები სრულად გაეცნენ განჩინებას და მათთან მივიდნენ ადვოკატები. მეტიც, მარიამ ბაჯელიძის განცხადებით, საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა მოატყუეს, რომ იყვნენ მეზობლები.

ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა ტელეფონები და კომპიუტერები. სამართალდამცავები არა მხოლოდ უკრძალავდნენ ადვოკატის გარეშე მყოფ მოქალაქეებს ჩხრეკა-ამოღების გადაღებას, არამედ, როდესაც პირები ითხოვდნენ ახსნას თუ რომელი ნორმით იყო აკრძალული გადაღება, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებდნენ. მარიამ ბაჯელიძის ლაივ ტრანსლაციაში ჩანს, რომ ყველა საგამოძიებო უწყების თანამშრომელს არ ჰქონდა სამხრე კამერა. მეტიც, ვიდეოში ჩანს, თუ, როგორ გადაადგილდება ერთ-ერთი მათგანი სხვა ოთახში მარიამის თანხლებისა და სამხრე კამერის გარეშე.

გარდა ამისა, სასამართლოს განჩინებაზე მითითებით სამართალდამცველები ითხოვდნენ ტელეფონების გადაცემას.

გავრცელებულ ვიდეოებში მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ სასამართლოს განჩინებები ზოგადია და არ განუსაზღვრავს საგამოძიებო უწყებას ტელეფონის ამოღების უფლებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განჩინებაში აღნიშნული უნდა იყოს ჩხრეკის ან ამოღების დროს აღმოსაჩენი და ამოსაღები სავარაუდო საგანი, ნივთი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი და მისი გვარეობითი ნიშნები.

ის, რომ ტელეფონი შეიძლება იყოს ინფორმაციის შემცველი საგანი, ეს ობიექტურად განჭვრეტადი და შეცნობადია საგამოძიებო უწყებისთვის, ამიტომ, საიას მიაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში, განჩინებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითება გაკეთებული ტელეფონის ამოღებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ამოღებულ ტელეფონებში შეიძლება ინახებოდეს პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (როგორიცაა, მაგალითად საადვოკატო ან ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია), რაც განსაკუთრებით დაცული მონაცემია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე, რელევანტური საერთაშორისო ხელშეკრულებებით (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით).

იმის გათვალისწინებითაც, რომ 1 თვეზე მეტია გასული ფონდების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან და ანგარიშების დაყადაღებიდან, 29 აპრილს, დილით, ხსენებული პირების სახლებში მისვლა და ჩხრეკა-ამოღების ჩატარება „ქართული ოცნების“ ტერორის კიდევ ერთ გამოხატულებას წარმოადგენს და იგი ობიექტურად მიმდინარე გამოძიების პრეზუმფციითაც კი ვერ შეფასდება როგორც მიზანშეწონილი საგამოძიებო ღონისძიება“ – წერს საია.

______________

ფოტოზე: ჩხრეკა მარიამ ბაჯელიძის სახლში. კადრი ტელეკომპანია „პირველის“ ვიდეომასალიდან.

თურქეთში ინსულტის შემდეგ კაცს მშობლიური ენა დაავიწყდა და დანიურად დაიწყო საუბარი

თურქული მედია საინტერესო სამედიცინო შემთხვევაზე წერს, რომელიც თურქეთში, კონიაში მოხდა.

67 წლის კაცმა, რაჰმი კარადემირმა, რომელმაც ინსულტი გადაიტანა, კონიაში მდებარე საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო ჩარევის შემდეგ მოულოდნელად დაიწყო საუბარი დანიურ ენაზე, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში არ იყენებდა და დაავიწყდა თურქული, მშობლიური ენა.

კაცი დანიაში 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და შემდეგ დასახლდა კონიაში, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში დანიურად აღარ საუბრობდა.

კაცს აპრილის შუა რიცხვებში ორთოპედიულ განყოფილებაში მუხლის ოპერაცია ჩაუტარდა, ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ კი მარჯვენა ხელ-ფეხი მოულოდნელად გაეთიშა და მეტყველებაც შეუფერხდა. დიაგნოსტიკის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი ტვინის მარცხენა მხარეს ერთ-ერთი მთავარი არტერია სისხლის კოლტით იყო დახშული.

თრომბის ამოღების შემდეგ პაციენტს ნევროლოგიური სიმპტომები სწრაფად გაუქრა, თუმცა საუბარი დანიურ ენაზე დაიწყო.

„პაციენტს თურქულად საუბარი აღარ შეეძლო, თუმცა თავისუფლად ფლობდა დანიურ ენას, რომელიც გვეგონა, რომ დავიწყებული ჰქონდა. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია იშვიათი შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ინსულტის შემდეგ კარგავენ ერთ ენას, ხოლო მეორე მოულოდნელად აქტიურდება“ – ამბობს თურქული გამოცემა „ანადოლუსთან“ კლინიკის პროფესორი, გოხან ოზდემირი.

ექიმი ამბობს, რომ მოსალოდნელია პაციენტმა მოკლე ხანში სრულიად აღიდგინოს თურქული ენა.

რაჰმი კარადემირის შვილი ამბობს, რომ მამამისს დანიურად მრავალი წლის განმავლობაში არ უსაუბრია.

„როდესაც მან დანიურად დაიწყო ლაპარაკი, შოკირებული დავრჩით. მას ესმის თურქული, მაგრამ არ შეუძლია საუბარი“.

რაჰმი კარადემირმა თავად ახსნა სიტუაცია შვილს თარგმანის მეშვეობით:

„მესმის თურქული, მაგრამ ვერ ვლაპარაკობ. ვცდილობ სიტყვების დამახსოვრებას, მეხსიერებას ვძაბავ. იმედი მაქვს, ყველაფერი მალე გაივლის. დანიური ჩემს თავშია, მაგრამ თურქული საერთოდ არ მახსოვს“, – თქვა მან.

__________

ფოტოზე: პაციენტი შვილთან ერთად. ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

ბათუმელი მედროშე 2 დღით შიმშილობს – მას ქვეყნიდან აძევებენ

„მითხრა, რომ დღეს და ხვალ სიმბოლურად ისევ შიმშილობს“, – ამბობს ნინა კაკულია, ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მეგობარი.

ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძე დღევანდელი შიმშილობით ფონდების წარმომადგენლების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკას აპროტესტებს, ხვალინდელი შიმშილით კი, სოლიდარობას ჭიათურელ მაღაროელებს  უცხადებს.

გუშინ, 29 აპრილს, პოლიციამ ძალადობრივი დანაშაულის ბრალდებით ჭიათურის პროტესტის 4 ლიდერი დააკავა: აჩიკო ჭუმბურიძე, მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგო გველესიანი. გუშინვე საქველმოქმედო ფონდების დამფუძნებლების სახლებში პროკურატურამ ჩხრეკა ჩაატარა.

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი გუშინ, 29 აპრილს უთხრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმელი მედროშის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ „ოცნების“ მთავრობას თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევება შეუძლია.

მას შემდეგ, რაც თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს, ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მედროშემ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ბათუმელი მედროშის თქმით, ის თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება.

თემურ ქათამაძეს სხვადასხვა ქვეყნისთვის მიუმართავს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად, მათ შორის, საფრანგეთისთვისთვის, რაშიც ნინა კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა – ოთარ ზურაბიშვილი ეხმარება.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

რუსული დრონები უკრაინაში ხარკოვსა და დნეპრს თავს დაესხნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 30 აპრილს, გამთენიისას, უკრაინას რუსეთმა ასზე მეტი დრონით შეუტია. მისი თქმით, შეტევის სამიზნე გახდა ხარკოვი, დნეპრი და უკრაინის სხვა ქალაქები.

„რუსული დრონები მთელი დილის განმავლობაში აგრძელებენ უკრაინის ცაში ფრენას. და ასე გრძელდება ყოველდღე. ჩვენ გვჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები ჩვენი ხალხის დასაცავად, რაც რუსულ საჰაერო ტერორს შეუძლებელს გახდის. ზეწოლამ, და არა მხოლოდ სიტყვებმა ან დარწმუნების მცდელობებმა, უნდა აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ცეცხლი და დაასრულოს ომი“, – წერს ზელენსკი ტელეგრამზე.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, 29 აპრილს, ხარკოვში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 წლის გოგონა და 16 წლის ბიჭი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

დნეპროში დრონის თავდასხმის შედეგად 53 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ამავე დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთმა„ მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა „ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად“.

სირსკის თქმით, რუსეთის მთავარი სამიზნე პაკროვსკის მიმართულებაა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ და ახალ დანაყოფებს აგზავნიან. მისი თქმით, რუსული ჯარები დანაკარგებს განიცდიან და უკან იხევენ გარღვევის მცდელობების შემდეგ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 30 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 951 960 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 100]
  • ტანკი – 10 729 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 22 353 ერთეული [+1]
  • საარტილერიო სისტემა – 27 091 ერთეული [+11]
  • MLRS – 1 374 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 146 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 289 ერთეული [+112]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 611 ერთეული [+179]
  • სპეცტექნიკა – 3 869 ერთეული [+9]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 54 493 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 094 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 554 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 263 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 773 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 აპრილის 21 საათიდან 1 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი სითბო
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 1 გრადუსი ყინვა – 4 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 2 და 3 მაისს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. 

„ბათუმობა 2025“-ზე მომღერლების ჰონორარებში 109 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმის ბიუჯეტიდან 109 ათას 60 ლარის გადაუხდიან მომღერალ-შემსრულებლებს, რომლებსაც „ბათუმობა 2025“-ზე მოიწვევენ. დამატებით 113 ათას 975 ლარი კი ღონისძიების ორგანიზებაში დაიხარჯება.

„ბათუმობის“ ჩატარებას ბათუმის მერია 3-4 მაისს, ბულვარში, საზაფხულო თეატრთან გეგმავს.

ბათუმის კულტურის ცენტრი აღნიშნულ თანხას უტენდეროდ, პირდაპირი წესით დახარჯავს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:

ბათუმობა 2025“-ზე დაგეგმილი კონცერტის მონაწილეები / წყარო: შესყიდვების პორტალი

„ქალაქ ბათუმის კულტურის ცენტრს 2025 წლის 3 და 4 მაისს გათვალისწინებული აქვს ბათუმის ბულვარში, ღია ცის ქვეშ, სახალხო დღესასწაული ,,ბათუმობა 2025″-ის აღნიშვნა და დღესასწაულის ფარგლებში კონცერტის ორგანიზება.

ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს.

ღონისძიებების მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია საჭირო მომსახურებების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში, შესყიდვები ვერ განხორციელდება“ – წერს ბათუმის კულტურის ცენტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.

რაც შეეხება ღონისძიების ორგანიზების ხარჯებს – კულტურის ცენტრს ხელშეკრულებები ჯამში 113 ათას 975 ლარზე აქვს გაფორმებული. აქედან 87 500 ლარზე შპს „ბეტა პრინტთან“ და 26 475 ლარზე შპს „ჯითი ჰოლდინგთან“

„ბათუმობა 2025″ ორგანიზებაზე კულტურის ცენტრს ტენდერები ჰქონდა გამოცხადებული.

ფოტოზე: „ბათუმობა 2024“ – ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ნიკოლოზ წულუკიძე. ფოტო: ბათუმის მერია/facebook

ამავე თემაზე: 

„ბათუმობის“ ჩატარებას მერია 3-4 მაისს გეგმავს – 108 ათასი ლარი ორგანიზებისთვის

 

 

„ივანიშვილის გათვლაა, რომ უკმაყოფილო ხალხი წავა ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა“ – ინტერვიუ

„როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში,“ – დღეს, 29 აპრილს, ხუთი ფონდის წარმომადგენლის და აქტივისტის სახლების გაჩხრეკაზე თავის დაკვირვებას ანალიტიკოსი გიორგი ბადრიძე გვიზიარებს.

პოლიტიკურად რას იგებს ივანიშვილი დაშინების მცდელობით? – ანალიტიკოსის აზრით, ივანიშვილის რეჟიმი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში გვაბრუნებს: „საქართველო პრაქტიკულად დააბრუნეს 20-30-იანი წლების მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს არანაირი სუვერენიტეტი არ ჰქონდა, როცა ნადგურდებოდა მისი კულტურული, პოლიტიკური, ინტელექტუალური ელიტა,“ – მიიჩნევს გიორგი ბადრიძე.

„ბათუმელებმა“ რონდელის ფონდის უფროს მკვლევართან, გიორგი ბადრიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, რის ჩვენება სცადა, თქვენი აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ რეპრესიების გააქტიურებით – დღეს ერთდროულად რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკეს, ხოლო პროკურატურამ გვითხრა, საქმე საბოტაჟთან და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ, მტრულ საქმიანობასთან გვაქვსო. 

ისტორიული მეხსიერება გვეუბნება იმას, რომ ეს უკვე გამოვლილი გვაქვს. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმმა ჩეკისტების სულისკვეთება სრულად გადმოიღო. ესენი მათი პირდაპირი მემკვიდრეები არიან და მიზანიც იგივეა: რუსული, იმპერიული კონტროლის აღდგენა საქართველოში. მაშინ პროლეტარების დიქტატურას აფორმებდნენ მსოფლიო კომუნიზმის იდეალებით, დღეს კი, სასაცილო დეკორაციაა, როცა ზოგჯერ თავს ნაციონალისტებად ასაღებენ – თითქოს იცავენ ეროვნულ, რელიგიურ ინტერესებს და ამ პროცესში გააცამტვერეს საქართველოს სუვერენიტეტი.

ყველაზე მთავარი ისაა, რომ საქართველო პრაქტიკულად დააბრუნეს 20-30-იანი წლების მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს არანაირი სუვერენიტეტი არ ჰქონდა, როცა ნადგურდებოდა მისი კულტურული, პოლიტიკური, ინტელექტუალური ელიტა. დღეს ზუსტად იგივე მდგომარეობაში აყენებენ ესენი ქვეყანას.

  • თქვენი დაკვირვებით, რა პოლიტიკურ შედეგს ელოდება ამით ივანიშვილი, როცა ის ადამიანების დაშინებას ცდილობს? 

რა თქმა უნდა, დაშინება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელმაც გარკვეული ეფექტი უკვე იქონია. მაგალითად, შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც გამოდის აქციებზე.

მოქალაქეების მეორე ნაწილი კი გადის იგივე გზას, რაც გაიარა ჩვენმა საზოგადოებამ 20-30-იან წლებში, როდესაც ეგონათ, რომ ეს რეპრესიები ვიღაც სხვას ეხებოდა და მას არ მიადგებოდნენ. უამრავი ადამიანი, რომელიც მთელი გულით გულშემატკივრობდა რეპრესიებს 30-იან წლებში, შემდეგ ამ რეპრესიებმა თავად შთანთქა. ასე რომ, ეს მათაც შეეხება.

ეს გზა საქართველოს განადგურებისკენ მიდის, ქართველი ხალხის განადგურებისკენ და მისი მიმოფანტვისკენ მსოფლიოში. ეს პროცესი წლებია დაწყებულია: შობადობა შემცირებულია და მას გადააჭარბა სიკვდილიანობამ. ამას დაამატეთ ქართველების ემიგრაცია და უცხოელების უკონტროლო შემოდინება. ეს არის „ქართული ოცნება“, რომელსაც წლების წინ უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

  • ამ დროს, ლტოლვილის სტატუსზეც კი, ბათუმელ მედროშეს და მუჰაჯირების შთამომავალს დღეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა…

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბათუმის სავსეა საქართველოს კანონების დამრღვევი რუსეთის მოქალაქეებით, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

დღეს სრულ სააშკარაოზეა ის, რომ ის ხალხი, ვინც თავს ეროვნულ და ნაციონალისტურად განწყობილად ასაღებდა თავს, აბსოლუტურ სიცრუეშია და დღეს მათი ხმა არ ისმის, როცა ნადგურდება ქვეყანა.

რასაც ივანიშვილმა მიაღწია, არის საქართველოს სრული იზოლაცია მისი მოკავშირეებისა და მეგობრებისგან. საქართველო არის იზოლირებული და დამოკიდებული კრემლის ნებაზე. ეს ნება რომ კეთილი არ არის, დიდი ხანია ნაჩვენები აქვს რუსეთს.

  • თქვენი აზრით, ამ შემთხვევაშიც კრემლის დავალებით გაააქტიურა ივანიშვილმა რეპრესიები? 

არ ვიცი, რა დოზა არის ინსტრუქციებისა ივანიშვილის რეჟიმის ქმედებებზე. ეს არის ჩვეულებრივი ჩეკისტური რეჟიმი, რომელიც მოქმედებს რუსეთის და კრემლის ინტერესებით ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

რუსეთის მიმართ დანებება საქართველოს აქამდეც უცდია და აღმოჩნდა, რომ ამ დანებებამ არამხოლოდ საქართველოს, არამედ რეჟიმის მესვეურებსაც არ მოუტანა კარგი არაფერი, შემდეგ მოუწიათ დაბალანსების პოლიტიკის შემოღება რუსეთის გავლენების დასაბალანსებლად. ვისაც კარგად ახსოვს 90-იანი წლების მეორე ნახევარი, კარგად მოეხსენება, რაზეც ვსაუბრობ.

ასე რომ, ივანიშვილი საკუთარ თავზე გამოცდის რუსეთზე სრულად დამოკიდებულებას.

  • საითკენ მიდის ეს პროცესი? ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მაინც მიიღებს აღიარებას, თუ ის მზადაა იზოლაციისთვის? 

საქართველოში პოლიტიკური იზოლაცია უკვე შემდგარია. იზოლაცია შესაძლოა კიდევ უფრო გაღრმავდეს, თუ ევროკავშირი იძულებული გახდება, უვიზო რეჟიმი გააჩეროს. ეს შესაძლოა მოხდეს იმის გამოც, რომ ივანიშვილის მოკავშირე ორბანის გამო ევროკავშირი ვერ უწესებს სანქციებს პირადად ივანიშვილს. ივანიშვილი პრაქტიკულად ცდილობს, ევროკავშირის სანქციები გადაიტანოს ქართველ ხალხზე. ამ შემთხვევაში, ივანიშვილის გამო საფასურის გადახდა ჩვენ მოგვიწევს.

ივანიშვილი, დიდი ხანია, ცნობილია, როგორც პირადი იზოლაციის მოყვარული. ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში, არც მოგზაურობდა, მისი ოცნება იყო ოლიგარქის ოცნება – საკუთარი ქვეყანა, რომელსაც იგი განაგებს, როგორც თავის ზოოპარკს.

მისთვის პირადად იზოლაცია არ არის არასასურველი ვითარება, მისი რეჟიმის წევრები რას ფიქრობენ ამაზე, თუ ვეღარ იმოგზაურებენ და კორუფციით დაგროვებულ ქონებას ვერ დახარჯავენ დასავლური ცხოვრების ყაიდის უზრუნველსაყოფად – ეს სხვა საკითხია.

ზუსტად რაც ვიცი, ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის სრული იზოლაცია ცივილური სამყაროსგან მიუღებელია. ეს არის სრულიად საპირისპირო იმისა, რისკენაც მივისწრაფოდით საქართველოში მრავალი თაობა და რისთვისაც ვაშენებდით ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს 90-იანი წლების დასაწყისიდან.

ივანიშვილის გათვლა არის იმაზე, რომ უკმაყოფილო ადამიანები წავლენ ამ ქვეყნიდან და მას დარჩება ყმების კასტა – ძალიან ღარიბ ქვეყანაში ადამიანები მასზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახდებიან. უკმაყოფილო ხალხი კი, საბოლოოდ უარს იტყვის წინააღმდეგობაზე და დატოვებს ქვეყანას.

  • ამ მიზნის ნაწილია დღევანდელი დღევანდელი ჩხრეკები, საუბარი საბოტაჟსა და „უცხოეთის მტრულ საქმიანობაზე“? 

ამ რეპრესიების მიზანია, რომ დააშინოს ხალხი, აიძულოს რეჟიმის მოწინააღმდეგეები, წავიდნენ.

ივანიშვილის მიზანია, ქვეყანა დატოვონ იმ ადამიანებმაც, რომლებიც ეკონომიკურად გაუსაძლის მდგომარეობაში არიან.

  • რეპრესიების მიუხედავად გრძელდება პროტესტი. თქვენი აზრით, რა პირობაა საჭირო საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად? 

არათუ დემოკრატია, ჩვენი ერის გადარჩენა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაუწევს წინააღმდეგობას ქართველი ხალხი ამ რეჟიმს. ამ რეჟიმის სამიზნე არ არის დემოკრატიული წეს-წყობილება. სამიზნეა მთლიანად ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ქართველი ერის ყოფნა-არყოფნა.

წინააღმდეგობის გარეშე კი ქართველი ერი უახლოეს ხანში აღარ იარსებებს.

აჭარის პოლიცია 52 ტელევიზორს იყიდის, შენობის რემონტში კი 1 მილიონს უტენდეროდ დახარჯავს 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის რემონტში 1 051 845 ლარს ტენდერის გარეშე გადაიხდის. დეპარტამენტი 52 ახალ ტელევიზორსაც იყიდის, რაზეც ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 30 048 ლარით.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული სტრუქტურული და საშტატო ცვლილების საფუძველზე შეიქმნა 2 ახალი მთავარი სამმართველო და აღნიშნული დანაყოფები უნდა განთავსდეს ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობაში.

„მოცემული შენობის რემონტი შსს-სა და შპს „გეგუ“-ს შორის 2024 წლის მაისში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო. თუმცა, არაერთი გაფრთხილებისა, კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად შესრულება“, – წერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების სააგენტოს.

შსს-სა და „გეგუ“-ს შორის ხელშეკრულება 1 438 731 ლარზე იყო გაფორმებული, თუმცა ამ თანხაში კომპანიას, გარდა აღნიშნული შენობის რემონტისა, ასევე ევალებოდა ბათუმში გრიბოედოვის N4ა-ში მდებარე შენობაში ლითონის კონსტრუქციების მოწყობა და ი. გრიშაშვილის №17-ში მდებარე შენობის წინაფარზე ლამექსისი მინის შეცვლაც.

ეს ხელშეკრულება სამინისტრომ 2024 წლის 30 დეკემბერს შეწყვიტა.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, შპს „გეგუ“-ს მიერ წარმოდგენილი 1 050 539 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ დოკუმენტაცია გადაგზავნილი იქნა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში. ბიუროს დასკვნით კი, ფაქტობრივად შესრულებული იყო 841 415 ლარის სამუშაოები.

ამასთან, შეფითხულ კედლებისა და ჭერის ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი, ასევე, საქვაბე არ იყო სრულყოფილად მოწყობილი, კერძოდ: გათბობის სისტემა მიტანილია ადგილზე, მაგრამ არ არის დამონტაჟებული და  მითითებული სამუშაოები არ ანაზღაურდება, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 54 085 ლარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შსს-მ დაიანგარიშა, რომ „გეგუ“-ს შესრულებული ჰქონდა ჯამში 787 330 ლარის სამუშაოები „რასაც არ ეთანხმება და არ ადასტურებს მომწოდებელი, ამიტომ ორმხრივად დადასტურებული შესრულებული სამუშაოების აქტი და მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნა შედგენილი“-ო.

შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, ავანსად და შემდგომ ეტაპებზე კომპანიისთვის ჯამში გადახდილია 965 355 ლარი. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნითა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით კი, როგორც პოლიციის განაცხადშია აღნიშნული, „გეგუზე“ გადასახდელია გაცილებით ნაკლები – 787 330 ლარი.

„ავანსად გადარიცხული თანხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის საფუძველზე უკან დაბრუნებულია 75 795 ლარი, ხოლო 102 228 ლარი ექვემდებარება შპს „გეგუ“-ს მიერ დაბრუნებას… მოცემულ ეტაპზე უნდა მოხდეს იმ სამუშაოების შესყიდვა, რომელიც ვერ შეასრულა ან უხარისხოდ შეასრულა მიმწოდებელმა 2024 წლის ხელშეკრულების ფარგლებში“, – წერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტი განაცხადში.

ვინაიდან შენობის „დარჩენილი შესასრულებელი სარემონტო სამუშაოებისთვის“ სავარაუდო ღირებულება 1 051 845 ლარია, გამოდის, რომ რემონტი ბიუჯეტს გაცილებით მეტი დაუჯდება, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვლილი.

რაც შეეხება ტელევიზორებს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 52 ცალი ტელევიზორის შეძენაზე ტენდერი 30 048 ლარით აქვს გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2025 წლის 4 მაისს დაიწყება და 6 მაისს დასრულდება.

აჭარის პოლიცია შემდეგი მახასიათებლების მქონე ტელევიზორებს იყიდის:

წყარო: შესყიდვების პორტალი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისიის 2025 წლის 24 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, ტელევიზორების სავარაუდო ფასის დასადგენად დეპარტამენტმა ბაზრის შესწავლით დაადგინა.

„ტექნიკური დოკუმენტაცია გადაეგზავნა 8 კომპანიას. შემოთავაზებაზე დაინტერესება გამოთქვა და წინადადება წარმოადგინა სამმა კომპანიამ:

პრეტენდენტი N1 – წინადადების ჯამური ღირებულება 31578.00 ლარი.
პრეტენდენტი N2 – წინადადების ჯამური ღირებულება 30400.00 ლარი.
პრეტენდენტი N3 – წინადადების ჯამური ღირებულება 30950.00 ლარი.

„აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა სატენდერო კომისიამ და მიიღო გადაწყვეტილება, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება განისაზღვროს ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული საქონლის უმცირესი ფასის შესაბამისად და განისაზღვროს 30 048 ლარით“, – აღნიშნულია ოქმში.

ოქმს ხელს აწერენ სატენდერო კომისიის წევრები. მათ შორის: კომისიის თავმჯდომარე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი და ამავე კომისიის წევრი, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ბუხრაშვილი დეპარტამენტის დირექტორად 2025 წლის აპრილის დასაწყისში დანიშნეს, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობიდან გაათავისუფლეს გრიგოლ ბესელია.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე არიან მთავარი ფიგურანტები უკანონოდ დაკავებული მზია ამაღლობელის საქმეში. ორთავე პოლიციელი ასევე იმ პირებს შორის არიან, რომლებიც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაასანქცირეს.

გრიგოლ ბესელია და ირაკლი დგებუაძე უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბათუმში მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციებზე პროტესტის მონაწილეების დაკავებას. ამასთან, ირაკლი დგებუაძეს აქციის არაერთი მონაწილე ადანაშაულებს ძალადობაში.

ფურთხება, უშვერი გინება, ფეხის სახეში ჩარტყმა – როგორ ექცევა დგებუაძე დაკავებულებს

 

 

„გინახავთ ვინმეს სიამაყით ეთქვას, ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო?“ – გენრი დოლიძე

„ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ და მინდა ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულებში. გინახავთ სუფრასთან ან პირად საუბრებში, ვინმეს სიამაყით ეთქვას – ბაბუაჩემი ჩეკისტი იყოო? ბაბუაჩემი წითელარმიელი იყო და მოუძღოდა რუსეთის არმიას საქართველოს ოკუპაციისთვისო? გინახავთ ვინმეს?

მე არ მინახავს ასეთი ადამიანი. შეიძლება ვინმეს სადმე ოდესმე წამოსცდენია, მაგრამ საკადრის პასუხის მიიღებდა, ალბათ.

გინახავთ ვინმეს ეთქვას, მამაჩემი მხედრიონელი იყო და სამეგრელოს აწიოკებდაო? ასეთი ადამიანების შთამომავლობა მალავს თავის ვინაობას, მალავს საკუთარ წინაპრებს და აი, ასე მოუწევს დღევანდელი „ქართული ოცნების“ ელიტას, ამ რუსული საქმის გამკეთებელ ბინძურ შემსრულებლებს, მათ შთამომავლობას, ვინაობის დამალვა“- ასე მიმართა „დროას“ რეგიონულმა ლიდერმა, გენრი დოლიძემ ბათუმში, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე, 25 აპრილს, საზოგადოებას.

„მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი“.

გენრი დოლიძემ თავისი გამოსვლა მადლობით და ბოდიშით დაიწყო. მან მადლობა უთხრა მზიას, პოლიტპატიმრებს და ისინი თავისუფლებისთვის მებრძოლების ღირსების დამცველებად მოიხსენია:

„მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო მზიას და ყველა პოლიტპატიმარს, ჩვენ იმ დღეს ყველანი იქ ვიყავით და ვართ თვითმხილველები იმ უსამართლობის, რაც თავს დაატყდა მზია ამაღლობელს და დაგვატყდა თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ, რომ მზიამ იმ დღეს ღირსების სილა გააწნა რუსულ პოლიციას და მან გააკეთა თითოეული ჩვენგანის გასაკეთებელი და მის ადგილზე, იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, დარწმუნებული ვარ ასიდან ასი ადამიანი ვერ მოითმენდა და ეს იქნებოდა მისი ინსტინქტური პასუხი, ღირსების პასუხი იმ საზოგადოების შეურაცხყოფისთვის, რომელსაც საჯაროდ, ღიად, შეუფარავად შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი შეხედულების გამო.

სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მზია ამაღლობელი იდეის გამო ზის ახლა ციხეში და ეს იდეა არის მართალი იდეა და სიმართლეს ვერანაირი პოლიციური მანქანა ვერ შეაჩერებს.

მე მას ვუსურვებ მხნეობას, ყველა პოლიტპატიმარს ვუსურვებ მხნეობას, მადლობას ვუხდი და ბოდიშსაც ვუხდი, იმიტომ, რომ მათ გააკეთეს ის, რაც ბევრმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ.

გაცილებით უფრო მეტი ძალისხმევა იყო ალბათ და არის საჭირო, რომ ის ადამიანები მალე გამოვიდნენ და შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს, იმიტომ, რომ გარდა ბრძოლისა, ჩვენ ბევრი რამ გვექნება ერთად გასაკეთებელი, რაც მტრობას დაუნგრევია, უნდა ავაშენოთ ერთად სამოქალაქო საზოგადოებამ, დიდი სიყვარულით თავისუფლებისადმი, ერთმანეთისადმი და ჩვენი მომავალი თაობისადმი“.

გენრიმ საზოგადოებას შეახსენა, თუ როგორ „ალაგებს ისტორია ყველაფერს თავის ადგილზე“:

„მზია ამაღლობელის სახელის და გვარის ამოკითხვის დროს ზუსტად ისევ დაუვლით ჟრუანტელი ჩვენს შვილიშვილებს, ჩვენს შვილებს, როგორც ჩვენ გვივლიდა ჟრუანტელი, იმ ლეგენდარული ფრაზის მოსმენისას – „ასრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“. ზუსტად ისევე იამაყებენ და ისევე დაიკრავს მათ პოსტერებს, ზვიადის იქნება ეს, ანდრო ჭიჭინაძის თუ სხვა, სიმართლისთვის დევნილი ადამიანების ფოტოებს ჩვენი შთამომავლობა, როგორც ჩვენ მარო მაყაშვილის სახელით ვამაყობთ და მის ფრაზებს ვიყენებთ ხოლმე სლოგანებად და ეს თაობებს გადაეცემა.

შეიძლება ჩვენ მოგვკლან, შეიძლება ჩვენ დაგვაპატიმრონ, მაგრამ ჩვენი იარაღი მათგან განსხვავებით არის სიმართლე და ნებისმიერი ადამიანის განადგურებით რეალობას ისინი ვერ შეცვლიან“.

გენრი დოლიძე თავადაც იყო პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი, ის ძალადობაში ბათუმის პოლიციის უფროსს ირაკლი დგებუაძეს ადანაშაულებს.

გენრი დოლიძის საქმე, ისევე როგორც ბევრი სხვა დაზარალებული საქმე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზეა გადაცემული, თუმცა არც მზია ამაღლობელი და არც გენრი დოლიძე დაზარალებულად არ არიან ცნობილი, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კი ერთადერთი პასუხი აქვს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს.

გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

ამ ამბის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია 2024 წელს გამოაქვეყნა.

გოჩა მელაძის თქმით, სისტემა არის უსამართლო როგორც მისი შვილის, ასევე მზია ამაღლობელის მიმართაც და სასამართლო, პოლიცია და პროკურატურა ემსახურება არა ადამიანის უფლებების დაცვას, არამედ პარტიის ინტერესებს.

„2 000-ლარიანი გირაოთი ჰყავთ გამოშვებული ბავშვზე მოძალადე. პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, ჩემი პოლიტიკური პოზიციის და მდგომარეობის გამო დაკავებულია შურისძიებით და ახლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს უნდათ ჩემს შვილზე ძალადობის საქმის განხილვა.

ამ დროს, მზია ამაღლობელი 100 დღეა საპყრობილეშია, ამ ნაძირალა დგებუაძის, ამ უსამართლო სასამართლოსი და უკანონობის პიკის გამო.

რა ხდება, ხალხო, გამარკვიეთ, სად ვცხოვრობთ, საერთოდ კონსტიტუცია არსებობს, სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში? გაოგნებული ვარ“ – თქვა გოჩა მელაძემ.

მისი თქმით, ერთი წლის მანძილზე ვერ მიაღწია სამართალს, რადგან მის შვილზე მოძალადე არ დაუსჯიათ.

„რეალურად, პროკურატურა, პოლიცია, სასამართლო დაკავებულია „ქართული ოცნების“ მარიონეტის მფარველობით. მაშინ, როცა ერთი სილის შემოკვრის გამო ლანძღეს მზია ამაღლობელი და მთელი შს სამინისტრო მოსულია სასამართლოში და ამბობს, (დგებუაძეს) ლოყა აქვს აწითლებულიო.

მაშინ, როცა მოძალადემ ბავშვს სცემა, მთელმა საქართველომ ნახა ეს საშინელი ფაქტი და პროცესი ისევ გადააქვთ. არსებობს ამ ქვეყანაში სამართალი, არსებობს მართლმსაჯულება?“ – თქვა გოჩა მელაძემ 28 აპრილს, ჟურნალისტებთან.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო

ნახეთ ვიდეო:

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – მერია

ბათუმის მერიის ცნობით, 30 აპრილიდან მაისის ბოლომდე ბათუმში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება იმედაშვილის ქუჩაზე, პუშკინისა და წერეთლის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

შეზღუდვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბერიძის ქუჩით.

მერიის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, იცვლება მარშრუტი: #7, #7 ა, #11, რომლებზეც ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით:

  • #7 – ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, პუშკინის, სულაბერიძის ქუჩები;
  • #7 ა – სულაბერიძის, პუშკინის, დემეტრე თავდადებულის, ბარათაშვილის ქუჩები;
  • #11 – ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, დემეტრე თავდადებულის, პუშკინის, სოხუმის ქუჩები.

უკუმიმართულება ყველა მარშრუტზე იგივეა.

„შეზღუდვები უკავშირდება სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელიც მოიცავს გიორგი ბრწყინვალის ქუჩიდან სულაბერიძის, პუშკინისა და იმედაშვილის ქუჩების მონაკვეთებს ბაქოს ქუჩამდე“ – აცხადებს მერია.

სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე

„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR.

ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა.

„2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული მარიამ ბაჯელიძე თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად.

საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან და მათ საუკეთესო ინტერესებთან. სახელმწიფოს ევალება, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მათი ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება.

ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაშინებას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრცეში მათი საქმიანობის შეზღუდვას“ – აცხადებს PHR.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია:

▪️ თავი შეიკავოს უფლებადამცველთა საქმიანობის გამო მათი უფლებების დარღვევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან;

▪️ დაიცვან უფლებადამცველები მესამე პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან;

▪️ გაატარონ  ღონისძიებები უფლებადამცველთა მიერ საკუთარი უფლებების (მათ შორის, მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის) სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად;

▪️ შექმნან უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო, სადაც უფლებადამცველებს  ექნებათ დაცულობის განცდა და დაუბრკოლებლად საქმიანობის შესაძლებლობა.

ნაცვლად ამისა სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“ – აცხადებს PHR.

___________________

მთავარ ფოტოზე: PHR-ის მიერ მომზადებული ილუსტრაცია/facebook

თემურ ქათამაძეს ქვეყნიდან გააძევებენ – მას ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციომ უარი უთხრა

ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს [გაფფარ ილმაზი] სასამართლომ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე საბოლოოდ უარი უთხრა.

ბათუმელ მედროშეს ქვეყნიდან გააძევებენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს, 29 აპრილს, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

„თემურ ქათამაძეს სასამართლომ საბოლოოდ უარი უთხრა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. ეს იქნებოდა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ის ქვეყანაში დარჩენილიყო… დაიწყება გაძევების პროცედურა“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარიამ გაბროშვილმა, ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტია და სასამართლოში თემურ ქათამაძის ინტერესებს იცავს.

მას შემდეგ, რაც თურქეთის მოქალაქეს და ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს – თემურ ქათამაძეს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, ასევე ბინადრობაზე უარი უთხრეს, ბათუმის საპროტესტო აქციების ცნობილმა მედროშემ საქართველოში ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ბათუმელი მედროშის თქმით, ის თურქეთში გარკვეულ იურიდიულ და სათარჯიმნო მომსახურებას უწევდა ფეტულა გიულენის ჯგუფის წევრებს და მას თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში უკანონო პატიმრობა ემუქრება.

„სასამართლომ უარი გვითხრა მოწმეების დაკითხვაზეც, რომლებიც დაადასტურებდნენ მნიშვნელოვან გარემოებებს ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო მტკიცებულებები, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი და შსს-ს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში,“ – გვითხრა იურისტმა მარიამ გაბროშვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბათუმელი მედროშის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მიიღო.

  • რა ხდება?

თემურ ქათამაძე ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია, თურქეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეობას წლებია უშედეგოდ ითხოვს. თემურ ქათამაძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბათუმის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა და აქციებზე საქართველოს დროშით ხელში ჩნდებოდა.

თემურ ქათამაძე ამჟამად შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორშია, მას ქვეყნიდან გაძევება ემუქრება.

იმის გამო, რომ საქართველოდან პროევროპული პროტესტის გამო აძევებენ და ლტოლვილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] პროტესტის ნიშნად 48 დღე შიმშილობდა. ხელახლა შიმშილობა „ბათუმელმა მედროშემ“ 2025 წლის პირველ აპრილს დაიწყო და 5 აპრილს შეწყვიტა. ბათუმელი მედროშის თქმით, ხელახლა შიმშილობით მან სოლიდარობა ჭიათურელ მეშახტეებს გამოუცხადა.

თემურ ქათამაძე 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი შსს-მ მისი საქართველოდან გაძევება მოითხოვა.

თემურ ქათამაძეს არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ბინადრობა. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დაკავების დროს, როგორც თემურ ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ.

________________________________

მთავარ ფოტოზე: თემურ ქათამაძე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ – 29 აპრილი, 2025 წელი. მარიამ გაბროშვილის ფოტო.

არასრულწლოვანი დროულად უნდა განარიდონ მიმდინარე პროცესებს – ომბუდსმენი სახლების ჩხრეკაზე

სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს, 29 აპრილს, რამდენიმე სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, სადაც იმყოფებოდა არასრულწლოვანი, მარიამ ბაჯელიძის 7 წლის შვილი.

„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო.

ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.

სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დღეს 29 აპრილს გავრცელდა.

დღეს, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დილიდანვე დაიწყეს ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის სახლების ჩხრეკა. ასევე პოლიციამ გაჩხრიკა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი, ალეკო ცქიტიშვილი და წაართვა ტელეფონი, შემდეგ კი გაუჩხრიკა ბინა, საიდანაც წაიღეს ლეპტოპი.

  • რა ხდება? 

29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.

ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.

„ჩამომსვეს ავტობუსიდან და გამჩხრიკეს, გამიჩხრიკეს სახლიც“ – ალეკო ცქიტიშვილი

დღეს, 29 აპრილს, დილას, პოლიციამ რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკა. მათ შორისაა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი და უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაჩხრიკეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სახლი გაუჩხრიკეს და წაიღეს ლეპტოპი.

„სამსახურში მივდიოდი, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ამოიღეს მობილური ტელეფონი და ჩხრეკის დასრულებისას გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას.

ამოვიდნენ სახლში და გაჩხრიკეს სახლიც და წაიღეს ჩემი სამსახურებრივი ლეპტოპი და ასევე, რამდენიმე ჩანაწერი.

როგორც განჩინებაში წავიკითხე, ეს არის 318-ე მუხლი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე.

მე ვარ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი, მაგრამ უკვე ეჭვი მაქვს, რომ აქ უკვე საუბარია არა მარტო „ადამიანის უფლებათა სახლზე“, არამედ წევრ ორგანიზაციებზეც, – „ადამიანის უფლებათა ცენტრზე“, „საფარზე“ და სხვა წევრ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოვადგენთ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს“ და რეპრესიები იქნება ჩვენ წინააღმდეგაც უახლოეს პერიოდში. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს რეპრესიები გაგრძელდება.

საქმიანობას ვაგრძელებთ, არავის არ ეშინია ივანიშვილის რუსული რეჟიმის და მისი დაქირავებული მსახურების, რომლებიც დღეს იყვნენ ჩემთან „სტუმრად“. შესაბამისად, ეს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“ – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. 

დღეს, დილის ცხრა საათამდე პოლიცია, პროკურატურის წარმომადგენლები და სუს-ი შევიდა ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის მიზნით და ასევე მარიამ ბაჯელიძის სახლში, რომელიც 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ბაჯელიძე, „სირცხვილიას“ ყოფილი წევრი, 6 თვის ფეხმძიმეა.

  • რა ხდება? 

29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.

ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.

„მეზობელი ვარო“ – 6 თვის ფეხმძიმე ქალთან გასაჩხრეკად პოლიცია დილის 9 საათზე მივიდა

დღეს, 29 აპრილს, 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე, სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.

„ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ბაჯელიძე, რომელიც „სირცხვილიას“ ყოფილი წევრია, ამბობს, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე კარზე ბრახუნი იყო, ქალის ხმა იყო, რომელმაც უთხრა, რომ იყო მეზობელი, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მეზობელი არ იყო და ასევე დაინახა სამი ადამიანი, მათ შორის, თვალი მოჰკრა პოლიციის სამხრე კამერებსაც.

„ვკითხე, რა ხდება მეთქი და მერე მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან და აქვთ ჩხრეკის უფლება, მათ შორის უფლება აქვთ, რომ ძალისმიერი მეთოდით შემოვიდნენ  სახლში, ამიტომ სჯობს, რომ კარი გავუღო.

ადვოკატთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და იმის გამო, რომ 7 წლის შვილთან ერთად ვიყავი სახლში, დამატებითი სტრესის თავიდან არიდების გამო, სახლში შემოვუშვი.

მათი მთავარი მიზანი იყო, ამოეღოთ ჩემი მობილური ტელეფონი. დავიწყე ვიდეოს გადაღება და შემდეგ გავედი ლაივში, ამან ძალიან გააღიზიანა ისინი და მითხრეს, რომ არ მქონდა გადაღების უფლება და უნდა ჩამოერთვათ ტელეფონი, არ ვაძლევდი ნებით, მაგრამ წამართვეს“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

მარიამ ბაჯელიძის თქმით, მას უთხრეს, რომ არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე და, ასევე, უხსენებს კანონი უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ.

ვუთხარი, რომ ეს ვატო შაქარაშვილის მიერ წამოწყებული აფიორის ნაწილია-მეთქი? და დამეთანხმნენ, რომ იგივე საქმეა. ამასობაში გავიგე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთანაც შესულან და მივხვდი, რომ სპეცოპერაციის მასშტაბი უნდოდათ რომ წარმოეჩინათ და შემდეგ უკვე დაიწყეს სახლის ჩხრეკა.

მითხრეს, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს და ასევე ეძებდნენ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას ან ასევე ნივთს და როცა მოვიდა ადვოკატი, შემდეგ აღარ მოჰყოლია ამას რაიმე განსაკუთრებული მოქმედებები, ძალიან ზედაპირულად ჩაატარეს, იცოდნენ, რომ მობილური იყო მთავარი რაც უნდა ამოეღოთ. ლეპტოპზე მეუბნებოდნენ, რომ შეგვიძლია არც წავიღოთო, მაგრამ, ბოლოს იმსჯელეს და გადაწყვიტეს რომ ლეპტოპიც წაეღოთ.

ტელეფონის მიმართ ჰქონდათ განსაკუთრებული ინტერესები, მეუბნებოდნენ, კოდს თუ გვეტყვი უფრო მალე დაგიბრუნებთ, ცხადია, რომ არ ვუთხარი კოდი.

თითქოს ცდილობდნენ კეთილგანწყობის შენარჩუნებას, მაგრამ ის, რომ დილით შემოვარდნენ, ფაქტობრივად მძინარეს დაგვადგნენ, ამის საჭიროება რეალურად არ იყო.

წყნარად რომ მოსულიყვნენ და მოეთხოვათ, ამ მობილურსაც მივუტანდი, ამხელა ძალა რომ არ მოსულიყო და კარი არ ჩამოეღოთ ბრახუნით, ასევე წყნარად დავუღებდი, მაგის პრობლემა არ მქონდა, რადგან დასამალი არაფერი არ მაქვს“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

მისი თქმით, ეს ჩხრეკაც არის დაშინების მცდელობა.

„ასევე, მათ ამომრჩეველს თუ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს უნდათ აჩვენონ, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობს ჯგუფი თუ ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის საბოტაჟირებას ცდილობენ.

ამ ფარსს რაც დღეს მოხდა, სხვა დანიშნულება არა მგონია, რომ ჰქონდეს. მე რომ კრიმინალი არ ვარ, ამაში დარწმუნებული ვარ, თავადაც არიან დარწმუნებული, რომ კრიმინალის სახლში არ შემოსულან და აქ რაიმე განსაკუთრებული არ დახვდებოდათ“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.

  • რა ხდება? 

29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.

მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.

„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.

ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.

ვიდეო:

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 29 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 950 860 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060]
  • ტანკი – 10 728 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 22 352 ერთეული [+14]
  • საარტილერიო სისტემა – 27 080 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 373 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 146 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 177 ერთეული [+94]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 432 ერთეული [+140]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 54 179 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 071 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 553 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 224 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 689 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული” – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ფოტორეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს გაიმართა. პროცესზე აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ბესელია დაკითხეს, რაც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა.

დღეს უნდა დაეკითხათ ბათუმის პოლიციის უფროსიც, ირაკლი დგებუაძე, თუმცა დაცვის მხარემ დგებუაძის დღეს დაკითხვაზე უარი თქვა.

დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღკვეთი ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელისგან დანაშაულის ჩადენის მომატებული საფრთხე არსებობს.

ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას დარბაზიდან საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.

ჟურნალისტი რუსუდან ცხომელიძე მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე
მზია ამაღლობელი
მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები

სასამართლო სხდომაზე, მანამ სანამ მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მზია ამაღლობელმა მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა.

„პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა და თან ახალი. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ შემიძლია ახალი დანაშაულის ჩადენა… შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! იქაც მაქვს კომუნიკაცია. ვერ ვხვდები ამას.

ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“, – თქვა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის ძმა
როგორც გასულ პროცესებზე, მზია ამაღლობელის პროცესზე დარბაზში სიმჭიდროვეა.

მზია ამაღლობელს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“[დგებუაძის სახეში] გარტყმის შემდეგ ისეთი ხმა იყო, მერე საერთოდ დაიშალა აქცია”, – თქვა გრიგოლ ბესელიამ დაკითხვისას.

მოგვიანებით ბესელიამ სასამართლოს უთხრა – “ვიზუალური რამე დაზიანება, სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ნაკაწრი არ ჰქონია [ირაკლი დგებუაძეს]. სიწითლე ჰქონდა, არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება”.

გრიგოლ ბესელია
ამაღლობელის საქმეზე მოსამართლე ნინო სახელაშვილია

ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო.

მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს.

ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ნინო სახელაშვილი ისევ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

მზია ამაღლობელის ოჯახის წევრი
მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესზე

მზია ამაღლობელის პროცესს დღეს ჩეხეთის, პოლონეთის, დანიისა და ესტონეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მზია ამაღლობელეის შემდეგი სასამართლო პროცესები 8 და 16 მაისსაა ჩანიშნული.

მალხაზ ჭკადუა სასამართლო პროცესზე.

დღეს, 28 აპრილს, საიამ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა.

წაიკითხეთ მეტი: 

რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს

 

 

რა თქვა ბესელიამ დგებუაძის გაწითლებულ ლოყაზე – რა ახსოვს და რა დაავიწყდა პოლიციის ყოფილ უფროსს

დღეს, 28 აპრილს, „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა დირექტორმა. საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. ის უკვე სამ თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. მზია ამაღლობელს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

„[დგებუაძის სახეში] გარტყმის შემდეგ ისეთი ხმა იყო, მერე საერთოდ დაიშალა აქცია,“ – აღნიშნა ჩვენების მიცემის დროს გრიგოლ ბესელიამ. – „დარტყმის სიძლიერეზეც ვსაუბრობ და თვითონ ფაქტზეც. ადგე და პოლიციის ხელმძღვანელს ხელი გაარტყა, ასე არ ხდება რა. მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელს თავს რომ ესხმი და შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის მიღებული ფორმა არცერთ ქვეყანაში“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.

ამ საქმის სხვა მოწმე პოლიციელებისგან განსხვავებით, გრიგოლ ბესელიამ თქვა, რომ ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ვიზუალური დაზიანება არ ჰქონია და არ ახსოვს, პოლიციელი სახეზე შეწითლებული იყო თუ არა.

„ვიზუალური რამე დაზიანება, სისხლდენა, სისხლჩაქცევა ან ნაკაწრი არ ჰქონია. სიწითლე ჰქონდა, არ ჰქონდა, არ მიმიქცევია ყურადღება“, – თქვა გრიგოლ ბესელიამ.

გრიგოლ ბესელიამ მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა

„მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ მან არ დაადასტურა სიწითლე,“ – ამბობს მზია ამაღლობელის ინტერესების დამცველი ერთ-ერთი ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი. იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გრიგოლ ბესელია ირაკლი დგებუაძესთან კონტაქტს ადასტურებს.

„სიწითლე არ არის იმგვარი ნიშან-თვისება, რომ ადვილად გამოგრჩეს მხედველობიდან. ეს გარემოება ვერ დაიმალება,“ – გვითხრა პროცესის დასრულების შემდეგ გიორგი ხიმშიაშვილმა.

საიას ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, გრიგოლ ბესელიას ჩვენება თავიდან ბოლომდე შეუთავსებელი იყო ლოგიკასთან, მაგალითად, ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის შემდეგ უშუალოდ გრიგოლ ბესელია აკავებს და დაკავებული ჟურნალისტი პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეჰყავს.

„ეს არ ყოფილა თურმე დაკავება და მზია ამაღლობელი დაუკავებია სხვა პოლიციელს, რომელიც, როგორც კადრში ჩანს, ამ დროს მობილურ ტელეფონში იყურება,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ.

„მზია ამაღლობელის საქმის“ სასამართლო განხილვა

„პრინციპში მან თქვა, რომ როცა გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობდნენ ადამიანი, ეს იყო შეურაცხმყოფელი, მზიას პატიმრობა სწორედაც უკავშირდება ამ გამოხატვის თავისუფლებას,“ – პოლიციის უფროსის ეს გზავნილი, მზია ამაღლობელის კიდევ ერთი ადვოკატის, მაია მწარიაშვილის შეფასებით, კარგად აჩვენებს, რეალურად რის გამოც დააკავეს მზია ამაღლობელი. შემდეგ კი, როცა ის უკანონოდ დააკავეს, „პოლიცია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ბრალდებით ათეთრებს საკუთარ უკანონობას,“ – განმარტავს მაია მწარიაშვილი. იგი იმასაც გვიყვება, რომ დღევანდელ პროცესზე უკვე არათუ პოლიციელი, პოლიციის უფროსიც ამხილა სიცრუეში:

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…

მან ასევე არ იცის, რომ მზიას ადმინისტრაციული დაკავება არის გასაჩივრებული და გასაჩივრებულია მასთან, ის იყო განმხილველი ორგანო, მაგრამ მან ეს პირველად მოისმინა ჩემგან პროცესზე, რომ გადაწყვეტილებაც აქვს მიღებული. ასეთ რაღაცებს ვისმენთ, ცხადია, ეს პროცესი დაცლილია მთლიანად სამართლისგან“, – ამბობს ადვოკატი მაია მწარიაშვილი.

ცრუპენტელა, ცრუ მოწმე, მატყუარა“ – ამ შეძახილებით გააცილეს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია საქალაქო სასამართლოდან.

დღევანდელ პროცესზე მხოლოდ გრიგოლ ბესელიას მოუსმინეს. მისი დაკითხვა თითქმის 5 საათს გაგრძელდა. იმის გამო, რომ სამუშაო საათები ამოიწურა, სასამართლოში მიყვანილი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა ვერ მოხერხდა. ირაკლი დგებუაძე და გრიგოლ ბესელიამ დღეს პოლიციელების და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნების თანხლებით მიიყვანეს სასამართლოში. ბესელიამ და დგებუაძემაც სასამართლო უკომენტაროდ დატოვეს.

ირაკლი დგებუაძე სასამართლოში მიაცილა ვარლამ მალანიამ, რომელიც ჟურნალისტ ლექსო ლაშქარავას გვამის გატაცებაში ფიგურირებდა

ბესელიას დაკითხვამდე კი, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს და საქმეზე „ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დართვა მოითხოვეს:

„ეს იყო მარტივი შუამდგომლობა, რომელზეც ორი აზრი სამართლებრივად არ არსებობს. ირაკლი კობახიძემ თავისი თანამდებობის მიუხედავად ისაუბრა, რომ ფლობს ინფორმაციას მზიას ამაღლობელის ქმედების მოტივსა და მიზანთან დაკავშირებით… ჩვენ დავათვალიერეთ ეს ვიდეო და მოვიტანეთ დათვალიერების ოქმი, ასევე გაგზავნილი გვაქვს კობახიძისთვის გამოკითხვაზე შეთავაზება.

ამ საკითხზე სასამართლო გავიდა სათათბიროდ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ სამართლებრივი თათბირი არ გაიმართება,“ – დასძინა ჯუბა ქათამაძემ, ის საიას იურისტია და სასამართლოში მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.

დღეს, 28 აპრილს, საიამ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ჯუბა ქათამაძე ამბობს, რომ ევროსასამართლოში გასაჩივრებულს საკითხებს შორის ერთ-ერთი განგრძობადი პატიმრობაა: როცა პატიმრობის ვადა გრძელდება, სტანდარტი კი არ უნდა იკლებდეს, პირიქით – იმატებდეს და „მინიმალური სტანდარტი“ საკმარისი აღარ უნდა იყოს.

ასეთია სტრასბურგის სტანდარტი, რომლის გათვალისწინებაზე დღესაც უარი თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. მან მზია ამაღლობელი დაუსაბუთებლად პატიმრობაში დატოვა.

დღეს, 28 აპრილს სასამართლოს ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა

„ყველა დამკვირვებელი ხედავს, რომ ის გამოგონებული სტანდარტიც კი იკლებს, რაც თავიდან გამოიგონეს. უკვე ჩამოექცათ მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და დაიტოვეს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელი როგორც კი გამოვა, თითქოს ჩაიდენს ახალ დანაშაულს,“ – გვიყვება ჯუბა ქათამაძე.

„მე ეჭვი მეპარება, სასამართლომ იცოდეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა,“ – უთხრა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა და დასძინა, სამწუხაროა, სასამართლოსთვის ამის ახსნა რომ მიწევსო.

„მე ვუხსნიდი სასამართლოს, რა სტანდარტით უნდა დაასაბუთოს მან მზია ამაღლობელის პატიმრობა. სასამართლომ თქვა, რომ მზიას ამაღლობელის პატიმრობა დასაბუთებული უნდა იყოს დასაბუთების მინიმალური სტანდარტით. რაც უფრო ხანგრძლივია პატიმრობა, სტანდარტი იწევს მით უფრო მაღლა, ეს არის ორჯერ-ორი ოთხი, მაგრამ სასამართლომ არ იცის ეს.

სასამართლოს არ უთქვამს, რის გამო მოიმატა საფრთხემ, რომ მზია ამაღლობელი ჩაიდენს ახალ დანაშაულს. სამართლებრივად წარმოუდგენელი დასაბუთება მოვისმინე მე დღეს სასამართლოსგან, რომელმაც თქვა, რომ არ სჭირდება არანაირი სტანდარტი,“ – გვითხრა მაია მწარიაშვილმა.

„…ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“, – უთხრა დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

პროტესტი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან

ევროპარლამენტარი პეტიციით მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

„ჟურნალისტები არ უნდა იყვნენ ციხეში მათი საქმიანობის გამო,“ – ევროპარლამენტარი, ავსტრიის მწვანეთა პარტიიდან ლენა შილინგი მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს.

ევროპარლამენტარმა პეტიცია შექმნა , რომელზე ხელის მოწერაც მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ მსურველებს.

„მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ყველაზე მამაცი და დამოუკიდებელი ქართველი  ჟურნალისტია. დღეს ის ციხეში ზის და 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება – თავისუფალი მედიის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

და რა არის მისი „დანაშაული“?

მშვიდობიანი პროტესტის დროს, დაპირისპირება პოლიციელთან. უფლებადამცველი ორგანიზაციები მის ბრალდებას არაპროპორციულად აფასებენ.

ჩვენ ვდგავართ მზია ამაღლობელის გვერდით. მხარს ვუჭერთ მზია ამაღლობელს, მის კოლეგებს ბათუმელები/ნეტგაზეთიდან და ყველა დამოუკიდებელ ჟურნალისტს, რომლებიც საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძვიან,“ – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიცია ორ ენოვანია და მისი ტექსტი ხელმისაწვდომია როგორც ინგლისურად, ისე გერმანულად. პეტიციის ხელმომწერები ხელისუფლება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვენ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი, მოხსნან არაპროპორციული ბრალდებები, ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება მის მიმართ პატიმრობაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო.

რატომ არის მისი საქმე მნიშვნელოვანი?

მზია სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისათვის.

მისი დაპატიმრება აჩვენებს, როგორ დგას საფრთხის ქვეშ პრესის თავისუფლება საქართველოში.

მაღალი თანამდებობის პირებმა დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია და წარმოაჩინეს ის, როგორც „უცხოეთის აგენტი“ და „კრიმინალი“.

მისი დაკავება არის განსხვავებული აზრისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმართული უფრო ფართო მასშტაბის რეპრესიების ნაწილს, რომლის მიზანია სხვების გაჩუმება შიშის დანერგვით.

გამბედაობა არასდროს არ უნდა იყოს კრიმინალიზებული,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

დღეს, 28 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეცვლის საკითხზე იმსჯელა და ის ისევ პატიმრობაში დატოვა.

ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „დგებუაძის ლოყა ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული?“  

„მზია ამაღლობელი ციხეშია სისხლის სამართლის წესით და მას  [4-დან 7 წლამდე] პატიმრობა ემუქრება, იმისთვის, რომ ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

მე მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა – ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია და ჩემი ლოყა ნაკლებად ფასეული, თუ როგორ არის ეს, როგორ ლაგდება, რატომ გვაქვს ამ საკითხზე არაერთგვაროვანი მიდგომა?“ – გვეკითხება თეონა ჭალიძე.

ქალი გვიყვება, რომ მას პოლიციელმა მირიან ქავთარაძემ სილა გააწნა. შემთხვევა 4 დეკემბერს მას შემდეგ მოხდა, როცა ის ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული შეხვედრიდან გამოვიდა.

ეს შემთხვევა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მოხდა. ამ ღამეს დააკავეს პოლიტპატიმარი საბა სხვიტარიძე, რომლის საქმეშიც ქავთარაძე სასამართლომ დაზარალებულად ცნო. საბა სხვიტარიძეს სწორედ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმას ედავებიან.

სხვიტარიძის ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მირიან ქავთარაძემ ხელი დაარტყა თეონა ჭალიძეს და საბა სხვიტარიძე „აუცილებელი მოგერიების პირობებში“ ჩააყენა.

ქალი, რომელსაც პოლიციელმა სილა გააწნა: „ირაკლი დგებუაძის ლოყა უფრო ფასეულია, თუ როგორ არის ეს?“

იმ მომენტში ვიყავი გაოგნებული. მართლა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ასეთი ძალით ვინმეს სახეში გაერტყა. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. ასე ჩავთვალე, რომ ტიტუშკამ გამარტყა. სხვა რა უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, ხომ? მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც უკვე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ თურმე ეს ადამიანი, ვინც გამარტყა იყო გადაცმული პოლიციელი და არა „ტიტუშკა“ აი, მაშინ უფრო მეტად დამეუფლა სხვა გრძნობა – ესე იგი პოლიციელმა, პოლიციურმა სისტემამ გამარტყა. ანუ, იმ ადამიანებმა, რომლებიც წესით უნდა იცავდნენ მოქალაქეებს. 

მან [პოლიციელმა] ხომ ზუსტად იცოდა, რომ სამართალდამცველი იყო და რა უფლებები ჰქონდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მას არ ჰქონდა უფლება ასე მოქცეულიყო“, – ამბობს თეონა ჭალიძე.

თეონა ჭელიძის თქმით, შეხვედრიდან გამოსულებს გარეთ ე.წ. „ტიტუშკები“ დახვდნენ, თუმცა, როგორც შემდგომში გაირკვა, მათ შორის იყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები, რომელთა უმრავლესობას სახე დაფარული ჰქონდა, ან დაფარვას ცდილობდა.

თეონა ჭალიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას 4 დეკემბრის ღამეს იხსენებს:

„როდესაც შეხვედრა დასასრულისკენ წავიდა, მივიღეთ ინფორმაცია გარეთ მყოფი ჩვენი მხარდამჭერებისგან, რომ ე.წ. „ტიტუშკები“ იყვნენ მობილიზებული სასტუმროსთან. ეს ჩვენთვის ახალი არ ყოფილა, რადგან სხვადასხვა აქციაზე, შეხვედრების დროს ხშირად გვინახავს ხელისუფლების მხრიდან  მობილიზებული ე.წ. „ტიტუშკები“, რომელთა მთავარი მიზანი და ამოცანა სწორედ მათთვის მიუღებელი [ხელისუფლებისთვის], განსხვავებული პოზიციის, პოლიტიკური შეხედულებების ადამიანების შეურაცხყოფა, დარბევა,  ფიზიკური ანგარიშსწორებაა. შესაბამისად, მსგავსი მოლოდინი უკვე გვქონდა, სანამ გარეთ გამოვიდოდით…

მე ადრე ჩამოვედი სხვებთან შედარებით. იქ უკვე იყვნენ ჟურნალისტები, შავებში ჩაცმული, ბოლომდე შეფუთული ე.წ. „ტიტუშკები“ და ჩვენი მხარდამჭერები.

ძალიან ხმაური იყო იქ, ოდნავ მოშორებით სპეცრაზმიც იდგა და რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაც მიმდინარეობდა. წყლის ჭავლის მანქანები, სახანძროს მანქანებიც, ყველაფერი, მთელი ტექნიკა იქ იყო. უკვე იყო რაღაც ცუდს მოლოდინი.

როდესაც ეს ადამიანები დავინახე, მივუახლოვდი მათ და ჩავთვალე, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო ჩემი ნაცნობი გადაცმულ ფორმაში, როგორც ტიტუშკა.

იმ წუთას ჩავთვალე, რომ ის იყო და ვიფიქრე, რომ აი, ახლა ვეტყვი, ნუთუ არ გრცხვენია-მეთქი. როდესაც ეს ე.წ. „კაპიშონი“ მოვხადე ამ ადამიანს, ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ის, როდესაც მთელი ძალით მომხვდა სახეში  სილა.

დარტყმა იყო ძალიან ძლიერი, ფიზიკური ტკივილი მაშინვე ვიგრძენი, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო, რომ თავი ვერ შევიმაგრე და წავბარბაცდი. ტროტუარიდან მომიწია ქვევით ჩამოსვლა, თავშეკავების შესაძლებლობა არ მქონდა.

მესმოდა ხმები – „ქალს ხელი რატომ დაარტყი?!“, „გოგოს ხელი რატომ დაარტყი?!“, აი, ეს ორი ფრაზა მახსოვს. სიტუაციას გამომარიდეს ვიღაც ადამიანებმა, რომლებიც იქვე იყვნენ, რადგან იქ უკვე ჭყლეტა იყო და ჩემი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამიანისთვის, კიდევ უფრო მეტი საფრთხე შეიძლება შექმნილიყო“, – იხსენებს თეონა ჭალიძე.

ქალის თქმით, მოგვიანებით, ტელევიზიის საშუალებით გაიგო, რომ პოლიციელია პირი, ვინც სახეში სილა გააწნა.

თეონამ პოლიციელის წინააღმდეგ სპეციალურს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და საქმის გამოძიება მოითხოვა, თუმცა მისთვის ჯერ დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ, არც ის იცის, როგორ მიმდინარეობს გამოძიება:

„არის კადრები, სადაც ჩანს ყველაფერი, თუ როგორ მირტყამს პოლიციელი და იმის მტკიცება პოლიციელისგან, რომ თურმე არ გაურტყამს, ძალიან მტკნარი სიცრუეა. ადამიანს უნდა შეეძლოს იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რასაც ჩადის. წესით მას უნდა აეღო ამაზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩანს, რომ მაგდენი გამბედაობა არ გააჩნია, მხოლოდ ცრუ მოწმეობას დასჯერდა. ამ ცრუ ჩვენებით ადამიანს უსამართლოდ ემუქრება პატიმრობა. ვგულისხმობ პოლიტპატიმარ საბა სხვიტარიძეს, რომელიც ნამდვილად უდანაშაულოა“.

თეონა ჭალიძე ორმაგ სტანდარტზე წუხს, როცა იხსენებს, რომ სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი ციხეშია, სამაგიეროდ პოლიციელ ქავთარაძეს შენიშვნაც კი არ მისცეს: „რა თქმა უნდა, სილის გაწვნისთვის ციხეში არავინ უნდა იჯდეს და ეს საქართველოს კანონმდებლობით არ არის სისხლის სამართლის საფუძველი. მირიან ქავთარაძის, როგორც პოლიციელის შემთხვევაში, მინიმუმ საყვედური მაინც უნდა გამოეცხადებინათ სხვა თუ არაფერი, ხო? მაგრამ, რა თქმა უნდა, ამასაც არ ჰქონია ადგილი.

როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, მეც მაქვს ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა მზია ამაღლობელის საქმეზე. მზია ამაღლობელის საქმე არის ნათელი მაგალითი, რომ ეს რეჟიმი ებრძვის თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ ადამიანებს. სწორედ მზიაა ამის ნათელი სახე. შესაბამისად, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ რეჟიმი შეიცვალოს და ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრების და სწორად ცხოვრების, სწორად განვითარების საშუალება მიეცეს ყველას“.

გაიგე მეტი:

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და მედიამენეჯერი 100 დღეზე მეტია უკანონო პატიმრობაშია. ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

ადვოკატის შეფასება მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებაზე

 

„ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს გავაკეთებ – ეს თუ დანაშაულია, ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში“

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომაზე, მანამ სანამ მოსამართლე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, მზია ამაღლობელმა მოსამართლეს და პროკურორებს მიმართა.

„პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა – მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან. თუ გინდათ ჩემი განწყობა იცოდეთ, ეს არის.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, სიმართლე გითხრათ, პირველი დღიდან, როცა ეს გაჟღერდა ვერ ვხვდები, რას ნიშნავს დანაშაულის ჩადენა და თან ახალი. იმიტომ, რომ ბუნებით კრიმინალი არ ვარ და ყველაფერი ის, რაც კრიმინალთან არის დაკავშირებული მძაგს, ატანა არ მაქვს. ახალი დანაშაული თუ უნდა ჩაიდინო, უნდა დაგეგმო ხო?! ან თუ შემიძლია ახალი დანაშაულის ჩადენა შემიძლია, საპატიმროში რატომ არ შემიძლია?! იქაც მაქვს კომუნიკაცია. ვერ ვხვდები ამას.

ერთადერთი ვიცი, რომ პატიმრობაში თუ არ ვიქნები, ზუსტად ვიცი რას გავაკეთებ. დანაშაულს არ ჩავიდენ, იმიტომ, რომ არ ვარ კრიმინალი. მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის, ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. ეს თუ არის დანაშაული, მაშინ ალბათ უნდა დამტოვოთ პატიმრობაში. ევროინტეგრაციისთვის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ყველაფერს გავაკეთებ,” – თქვა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის მიმართვა მოსამართლეს

დღეს, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში,   მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია.

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა. საიას ცნობით, გასაჩივრებულია მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მის მიმართ ჩადენილი სხვა დარღვევები. კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა:
  • თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი)
  • საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი)
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)
  • გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)
  • კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)
  • უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი)
  • თავისუფლებისა და უსაფთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):

საიას თანახმად, მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად და უკანონოდ — ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის აუცილებლობას. პროკურატურის შუამდგომლობა, ისევე როგორც სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ეფუძნება აბსტრაქტულ რისკებს და მსჯელობას, ნაცვლად საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისა. არც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, არც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვისას და არც წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს არ შეუფასებია რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევას.

მზია ამაღლობელის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა

როგორც ცნობილია, 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი საჩივრით, 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილმა არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. 2025 წლის 13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი. 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა სხვა დანარჩენთან საკითხებთან ერთად იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის შესახებ, თუმცა, მან მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას რაც შეეხება, საიას თანახმად, მზია ამაღლობელის საქმეზე არაერთგზის, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან, დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებულ განჩინებაში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის დასასაბუთებლად გამოიყენა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი ისე, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

საჩივარში აღნიშნულია, რომ მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით,  ხელყოფილი იქნა მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება.

„მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს, მსგავსი პრეცედენტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და წარმოადგენს ცალსახა უკანონობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არ არსებობს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი ტიპის ცალსახა უკანონო გადაწყვეტილებებისგან თავის დაცვას“, — აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მზია ამაღლობელის საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით.

„მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზანს წარმოადგენს მისი სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება მისი ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის და არა სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნების მიღწევა.  ,,ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, მოიხსენია იგი დამნაშავედ და მის წინააღმდეგ გაავრცელა პროპაგანდისტული გზავნილები“, — აცხადებს საია.

საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძის თქმით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი.

„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“, — თქვა ნონა ქურდოვანიძემ.

ღარიბი ოჯახების რაოდენობა ბოლო 3 თვეში ისევ გაიზარდა, „ოცნება“ კი ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს

„2021 წლიდან საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.4 პროცენტია, რაც არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უმაღლესი ნიშნულია“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

ოფიციალური სტატისტიკა კი ამბობს, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი იზრდება.

მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ღარიბი ოჯახების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2 383 ოჯახითაა გაზრდილი.

თუ 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით ქვეყანაში 179 552 ღარიბი ოჯახი იყო, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ღარიბი ოჯახების რაოდენობა 181 935-მდე გაიზარდა.

ამ ოჯახებში მცხოვრებთა რაოდენობას თუ ავიღებთ, გამოდის, რომ დამატებით 2025 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, 9 974 ადამიანი გაღარიბდა და გახდა სახელმწიფო შემწეობაზე დამოკიდებული.

2025 წლის მარტის მდგომარეობით, სოციალურ შემწეობას საქართველოში სულ 700 470 ადამიანი იღებდა, აქედან 250 772 ბავშვია.

ოფიციალური მონაცემებით, გაზრდილია სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობაც.

როგორ ხდება, რომ ქვეყანაში ეკონომიკა და ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა ერთდროულად იზრდება?

რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ეს? და თუ რეალურად იზრდება ეკონომიკა, როგორც ამას „ოცნების“ ხელისუფლება ამტკიცებს, მაშინ ეს რატომ არ აისახება ქვეყნის მოქალაქეებზე?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტს, მარიამ ჯანიაშვილს ესაუბრა.

„ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეკონომიკის ზრდა ქვეყანაში ადამიანების კეთილდღეობასა და სიღარიბის მაჩვენებელზე უნდა აისახოს.

ერთი მხრივ გვყავს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, რომელზეც ძირითადად აპელირებს „ქართული ოცნება“, რადგან საქსტატის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი, უკანასკნელი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა.

რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი და „ქართული ოცნების“ განცხადებები მანიპულაციურია.

სიღარიბე/ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სიღარიბის წილის შემცირება არ ნიშნავს, რომ ადამიანები გამოვიდნენ სიღარიბიდან და უკეთესად ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკეული მაჩვენებლის გათვალისწინებით ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა ისინი სიღარიბის ოფიციალურ სტატისტიკაში ვერ ხვდებიან.

ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებულია. თუ ადამიანი ან ოჯახი დამოკიდებულია მიგრანტი ოჯახის წევრზე და ეს ფულადი გზავნილი წარმოადგენს მის ერთადერთ შემოსავალს, ეს ადამიანებიც ვერ ხვდებიან სიღარიბეში მყოფი მოსახლეობის წილში.

იმავენაირად შეგვიძლია ვთქვათ პენსიონერებზეც. პენსია გაიზარდა (35 ლარით), მაგრამ ეს ადამიანები ინდექსაციის კუთხით შესაძლოა საერთოდ არ ხვდებოდნენ ღარიბი ადამიანების რიგში“, – ამბობს მარიამ ჯანაშვილი.

მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია მიგრაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გადარჩენისთვის: 2023 წლის საქსტატის მონაცემებით საქართველო 163 480 ათასი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში, რაც ბოლო წლებში იყო მაქსიმუმი.

„ეს არის კატასტროფა, რადგან სულ რაღაც 4 მილიონიც არ ვართ ქვეყანაში. ჯერ არ ვიცით ემიგრაციის ახალი მონაცემები რას გვეტყვის. ალბათ ბოლო მონაცემებიც ძალიან მაღალი იქნება.

ემიგრაციიდან გამოგზავნილი დახმარებით არსებობა, რეალურად, ეს არის დაფარული სიღარიბე, „ქართული ოცნება“ კი ხშირად ტოლობის ნიშანს სვამს სიღარიბესა და აბსოლუტურ სიღარიბეზე.

აბსოლუტური სიღარიბე არის ის, როცა შეიძლება საკვები არ გქონდეს. ზოგადად, გამოთვლის მეთოდოლოგია არის ძალიან ბუნდოვანი, რა ზღვარს ქვემოთ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანი აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებად.

ადამიანი შეიძლება ვერ ახერხებდეს გადახდას ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის, თუმცა მაინც არ ჩათვალონ ღარიბად. ეს ადამიანები, ოჯახები, ძალიან ექსტრემალურ სიტუაციაში იმყოფებიან“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

მარიამ ჯანიაშვილი

როცა ერთი მხრივ ლაპარაკია იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდება, მეორე მხრივ კი იზრდება სიღარიბე და საარსებო შემწეობის მიმღებთა ისტორიული მაქსიმუმი გვაქვს ქვეყანაში – 700 ათასზე მეტია ასეთი ადამიანი, რატომ არ ისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

„ძალიან ნათელია, რომ ეს რესურსები არათანაბრად არის გადანაწილებული მოსახლეობაშიც და მთლიანად ქვეყანაში.

საბოლოო ჯამში მიდის ეს ყველაფერი ელიტებთან, რომლებიც სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობით იხვეჭენ მეტ სიმდიდრეს. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება საკვების და ტანსაცმლის ფული არ ჰქონდეთ, თუმცა მათი რეალური მდგომარეობის გაუმჯობესება არავის არ ადარდებს“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

ინფოგრაფიკა/„ბათუმელები“

2024-2025 წლებში „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არაერთი რეპრესიული კანონი მოიღო, რომლებიც მიმართულია საზოგადოების აქტიური ნაწილის გასანეიტრალებლად.

გრანტების წინააღმდეგ მიღებული კანონით, „ოცნების“ მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს ართმევს როგორც ორგანიზაციული, ასევე ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას.

ეკონომიკურად ისედაც მოწყვლადი მოქალაქეების წინააღმდეგ რეჟიმმა აამოქმედა 5 000-ლარიანი ჯარიმები, რაც მძიმე ტვირთად დააწვა საზოგადოებას.

სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება ქმნის სახელმწიფო ფონდს, საიდანაც აპირებს დააფინანსოს ის „არასამთავრობო“ ორგანიზაციები, რომლებიც მას მიმართავენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული სახელმწიფო რესურსით ვერ ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულად განწყობილი ნაწილი და მათ „ოცნების“ ხელისუფლება არც უცხოური გრანტების მიღების შესაძლებლობას მისცეს – რეპრესიული კანონით, ორგანიზაციას ხელისუფლების თანხმობა დასჭირდება უცხოური გრანტის მიღებაზე.

ეს რეპრესიული პოლიტიკა რამდენად იქონიებს მომავალში გავლენას იმაზე, რომ გაიზარდოს ქვეყნიდან წამსვლელთა რიცხვი და ასევე სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების რაოდენობა, როცა ძალაუფლებაში მყოფი გუნდი არც სახელმწიფო რესურსების თანაბარ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და არც ხალხს აძლევს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას?

მარიამ ჯანიაშვილის შეფასებით, ეს, სავარაუდოდ, სამომავლოდ, მწვავედ აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, იმ ადამიანებზეც, რომლებიც წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად მუშაობდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისთვის.

„ამ ორგანიზაციების უკან დგას ძალიან დიდი ადამიანური რესურსი და სწორედ მედიასაშუალებები წარმოადგენენ მნიშვნელოვან აქტორებს, რომ წარმოაჩინონ ის ადამიანები, ოჯახები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან სოციალური მოწყვლადობის წინაშე და იბრძვიან საკუთარი თავის გადარჩენისთვის.

ამიტომ, ამ ორგანიზაციების ეკონომიკურად თუ ფინანსურად დასუსტებით გაიზრდება როგორც სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების რიცხვი, ასევე შესუსტება იმ ადამიანების ხმაც, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა სიღარიბესთან ბრძოლაში“, – ამბობს მარიამ ჯანიაშვილი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევრის, დავით კეშელავასა შეფასებით, ამ შემთხვევაში რამდენიმე საკითხია მნიშვნელოვანი: რამდენად ინკლუზიურია ეს ეკონომიკური ზრდა და როგორი მდგომარეობა გვაქვს სიღარიბის სხვა მაჩვენებლებში.

დავით კეშელავა

„მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი სექტორია ისეთი, სადაც ბოლო წლებში კარგი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, მაინც გვაქვს სექტორები, სადაც ადამიანების დიდი ნაწილია დასაქმებული და ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვქონია.

ასეთია, მაგალითად, სოფლის მეურნეობის სექტორი მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა. ასეთ კატეგორიაშია, მაგალითად ვაჭრობაც, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების დიდ ნაწილზე მაინც არ აისახება.

ასე რომ, შრომითი სექტორები, სადაც ადამიანთა დიდი ნაწილია დასაქმებული, რეალურად ასე სწრაფად არ გაზრდილა.

ჩვენ შემთხვევაში ზრდის მთავარი მაპროვოცირებელი იყო ტრანსპორტირების სექტორი, ნაწილობრივ ვაჭრობის, მაგრამ ეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე არ ისახება.

გარდა ამისა, გაუმჯობესება ჩვენ გვაქვს იმ ადამიანებისთვის, ვინც დასაქმებულია, ეკონომიკურად აქტიურია, მაგრამ ისიც კარგად ვიცით, რომ საქართველოში მოსახლეობის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 1 მილიონ 60 ათასი ადამიანი ან საერთოდ გამოთიშულია შრომის ბაზრიდან, ან უმუშევართა კატეგორიას განეკუთვნება.

ამ ადამიანებზე ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ასახვას ვერ პოვებს, გარდა სახელმწიფო დახმარებისა და ემიგრაციიდან მიღებული შემოსავლისა.

აქტიური ასაკის მილიონზე მეტ ადამიანს პრაქტიკულად არ ეხება ეს ეკონომიკური ზრდა“ – ამბობს დავით კეშელავა.

„სახელმწიფო შემწეობა, რასაც ეს ადამიანები იღებენ, ან სოციალური პროგრამით დასაქმება, მნიშვნელოვანი გარღვევის, ამ ადამიანების სიღარიბიდან ამოყვანისთვის საკმარისი არ არის. არც შრომის ბაზარზე გააქტიურებისთვის არის საკმარისი. უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ეს ადამიანები გამოთიშული არიან შრომის ბაზრიდან ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არსებობს რეალურად და განსაკუთრებით ეს ეხება რეგიონებს – ადამიანთა დიდი ნაწილი აქ დაკარგული მუშახელია.

სახელმწიფო პოლიტიკა უფრო მეტად აქტიური უნდა იყოს, რომ ჩართოს მოსახლეობის ეს ნაწილი ეკონომიკურ საქმიანობაში.

შეუძლებელია სოციალური პოლიტიკით მნიშვნელოვანი ფონის შეცვლა.

ზოგადად, ეკონომიკური თეორია გვეუბნება, რომ თვითონ სექტორებში უნდა გაიზარდოს პროდუქტიულობა და იმ სექტორებიდან, სადაც ადამიანები ნელა იზრდებიან ეკონომიკურად, გადავიდნენ სხვა სექტორებში, სადაც უფრო სწრაფი ზრდის მიღწევაა შესაძლებელი.

ეს რთული ამბავია, რადგან ერთი სექტორიდან მეორეში ადამიანის გადასვლას ან დასაქმებას სჭირდება გარკვეული უნარები. სახელმწიფოს, მათ შორის განათლების სისტემის როლი მნიშვნელოვანია – ხელი უნდა შეუწყონ არა მხოლოდ უმაღლეს განათლებას, არამედ პროფესიული განათლებასაც – ზოგადად, ადამიანების გადამზადების საქმეში სახელმწიფოს დიდი როლი უნდა ჰქონდეს.

რეფორმა აუცილებელია, რომ ინკლუზიური გახდეს ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს“, – ამბობს დავით კეშელავა.

მისი თქმით, დღეს ბიზნესსაქმიანობის უდიდესი ნაწილი თბილისშია. დაახლოებით, მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ზე მეტი მარტო ერთ ქალაქში იქმნება. თუ ამას დავამატებთ აჭარის რეგიონში შექმნილ მთლიან შიდა პროდუქტს, გამოდის, რომ 60%-ზე მეტი მხოლოდ ორ რეგიონშია შექმნილი.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკური აქტივობა ძალიან, ძალიან დაბალია რეგიონების დიდ ნაწილში და შესაბამისად, ნაკლები შესაძლებლობებია დასაქმების.

რასაც ჩვენ ვხედავთ, თვითმმართველობებიც ძალიან დასუსტებულია, რადგან  ფისკალური ავტონომია პრაქტიკულად არ გააჩნიათ, არც კომპეტენცია აქვთ იმისთვის, რომ რეგიონში მნიშვნელოვან ცვლილებებს მიაღწიონ.

ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიგრაცია ხდება სოფლიდან დიდ ქალაქებში და საზღვარგარეთ,“-ამბობს დავით კეშელავა.

მას ასევე ვკითხეთ, როგორ აისახება ეკონომიკაზე ევროინტეგრაციის შეჩერება და იმ დახმარებების გაყინვა, რომელიც საქართველოს უნდა მიეღო გრანტის თუ სესხის სახით დასავლეთის ქვეყნებიდან.

მისი თქმით, შესაძლოა ამ დახმარებების შეწყვეტა მყისიერად არ აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ, უფრო მკვეთრად გამოჩნდება ამის გავლენა.

„ყველაზე ცუდი აქ არის ის, რომ ძირითადად ეს დახმარებები მმართველობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული, რაც გრძელვადიანი პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ექნება ამას გამოვლინებები.

ამ თანხებით ხორციელდებოდა კონკრეტული რეფორმები და თუ ეს რეფორმები ვეღარ განხორციელდება, ეს აისახება ქვეყნის განვითარებაზეც“ – ამბობს დავით კეშელავა.

________________

მთავარ ფოტოზე: ბავშვები სოციალურ დაუცველი ოჯახიდან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 28 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 949 800 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
  • ტანკი – 10 723 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 338 ერთეული [+13]
  • საარტილერიო სისტემა – 27 038 ერთეული [+31]
  • MLRS – 1 373 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 145 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 083 ერთეული [+72]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 292 ერთეული [+1o5]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 821 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 553 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 615 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული” – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ზვიად ცეცხლაძის და: „ის დააკავეს შეთითხნილი ბრალდებით, რადგან ვერ გააჩუმეს“

„მითხარით ეს სამართალია? – ეს არის ქვეყანა, სადაც ღირსეული ადამიანის ადგილი ციხეშია?- როგორც ზვიადი, ასევე ყველა პოლიტპატიმარი არის ღირსეული, წრფელი და გამბედავი ადამიანი. ისინი არ იმსახურებენ ციხეს, ისინი იმსახურებენ თავისუფლებას, მხარდაჭერას,  სამართლიანობას! თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს, მზია ამაღლობელს, სამართლიანობა ყველას, ვისაც უსამართლოდ უსჯიან, საქართველო – არა შიშის, არამედ თავისუფლების ქვეყანაა“, – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ზვიად ცეცხლაძის დამ, ბარბარემ მედიის მხარდამჭერ აქციაზე.

„აქ ვარ იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიყო ჩუმად, როცა ჩემი ძმა, ღირსეული, პრინციპული და თავისუფალი ადამიანი დღეს ზის ციხეში შეთითხნილი ბრალდებით, შელახული უფლებებით. ზვიადი დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ის დააკავეს არა იმიტომ, რომ დაარღვია კანონი, არამედ იმიტომ, რომ თქვა სიმართლე, რომ არ გაჩუმდა, რომ ვერ შეაშინეს და დღეს ცდილობენ მისი ხმით, მისი საქციელით დაგვაშინონ ყველა – გაგვაგებინონ, რომ ვინც იტყვის ხმამაღლა სიმართლეს, იმედიც აღარ უნდა ჰქონდეს.

მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი უკვე 102-ე დღეა ციხეში ზის და ემუქრება 7 წლამდე ციხე მხოლოდ იმისთვის, რომ მოძალადე პოლიციელს მცირედით ლოყა შეუწითლა. ამ ერთი შეხედვით უბრალო მოქმედებას – სილის გაწვნას – ხელისუფლება იყენებს როგორც საბაბს, რომ სასჯელი შეუფარდოს არა ქმედებისთვის, არამედ ადამიანისთვის, ვინც გაბედა და ხმა ამოიღო“.

ბარბარეს თქმით, სისხლის სამართლის კოდექსი ზუსტად ადგენს, რომ ძალადობრივი ქმედება შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად მხოლოდ მაშინ, თუ ის წარმოადგენს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვისო რეალურ საფრთხეს, ან აქვს სისტემური ხასიათი:

სილის გაწვნა, რომელიც იყო ემოციური აფექტის მომენტი, როგორც მედიის წარმომადგენლის რეაქცია იმ უსამართლობაზე, რაც მისი თვალწინ ხდებოდა, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ბრალდება, რაც მზიას წაუყენეს, ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გონივრული საფრთხე ან დაზიანება. მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს ჟურნალისტის რეაქციასთან, ვერ მიეკუთვნება სისტემურ ძალადობას, არც მძიმე დანაშაულს.

ამიტომ ამ საქმეების იურიდიული შეფასება აშკარად გადამეტებულია. მაგრამ სწორედ ასე იქცევა პოლიტიკური სისტემა, როცა მას ეშინია კამერის, სიტყვისა და ახალგაზრდის იდეალის. ისინი დააპატიმრეს არა დანაშაულის გამოა, არამედ თვითმარქვია ხელისუფლების რეპრესიული მექანიზმია. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  საქართველოს კორუფციული სისტემა დანაშაულს კი არ ებრძვის, არამედ კრძალავს ახალგაზრდების პროტესტს და მედიის თავისუფლებას.

ზვიადი და მზია – პოლიტპატიმრები, არა სილის, არამედ სიმართლის გაწვნისთვის დააკავეს. ეს არ არის სამართალი. ეს არის თავისუფალი სიტყვის და პროტესტის ჩახშობა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები და ჟურნალისტები უსამართლოდ დაისაჯონ. ჩვენ არ დავნებდებით, არ გავჩუმდებით, ჩვენ არ დავუთმობთ გზას შიშს, ძალადობას და უსამართლობას“.

28 აპრილს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში განახლდება

ხვალ, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღის პირველ საათზე  მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა განახლდება.

ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამ საქმეზე სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემაც, რომელიც სილის გაწვნის გამო პროკურატურამ დაზარალებულად მიიჩნია.

წინა სასამართლო სხდომებზე აშკარად გამოიკვეთა, რომ პოლიციელები ცრუ ჩვენებას, ასევე ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებას აძლევენ სასამართლოს, მაგალითად, გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელისთვის ხელბორკილი დაედო და ეს პოლიციის დეპარტამენტის მესამე სართულზე მოხდა, მეორე გამომძიებელმა, გიორგი ბჟალავამ კი თქვა, რომ მან დაადო ხელბორკილი მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის პირველ სართულზე.

გამომძიებლებმა ვერ დაასახელეს სამართლებრივი საფუძველი, რის გამო დაადეს ხელბორკილი მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, როცა გამომძიებლებისავე ჩვენებით, მზია ამაღლობელი არავითარ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს არ უწევდა. ხელბორკილის გამოყენება პოლიციელს შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით შეუძლია.

მზია ამაღლობელი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა: ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, პოლიციის დეპარტამენტში კი, მას არ მისცეს წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის უფლება.

გამომძიებელმა თამარ კერესელიძემ სასამართლო სხდომაზე ასევე თქვა, რომ თითქოს მან მზია ამაღლობელს წყალი მაცივრიდან მიაწოდა – ზამთარში, 11 იანვარს.

„მზია ამაღლობელის საქმეზე“ წინა სხდომებიდან გაირკვა ისიც, რომ პროკურატურამ, ან აჭარის ტელევიზიამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა – განჩინების მიხედვით, გამოძიებას ტელევიზიიდან სრულად უნდა ამოეღო საპროტესტო აქციის ამსახველი მასალა. საქმის მასალებში კი, მხოლოდ აჭარის ტელევიზიის 44-წამიანი ვიდეოკადრია, რომელიც „ოცნებამ“ მანიპულაციურად გამოიყენა და რომლის მიხედვითაც მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილას აწნის.

გამომძიებელმა ლევან გოგმაჩაძემ კი მოსამართლეს უთხრა, რომ ის პატაკს დაეყრდნო, როცა მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო. თუმცა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ ამავე პატაკში არაფერი ეწერა პოლიციელის თავდასხმის შესახებ და საგამოძიებოს უფროსი – ბერდია ფერაძე იქ „პოლიციელის შეურაცხყოფის“ შესახებ იუწყებოდა.

  • რა ხდება? 

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.  „მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდება.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ასევე აპირებენ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ევროსასამართლოს მიმართონ.

ადვოკატები ამ საქმის პოლიტიკურ მოტივზე და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზეც საუბრობენ:

„ირაკლი კობახიძემ საჯაროდ და დაუფარავად აჩვენა, რომ იგი პოზიციონირებს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ნებისმიერ ფასად სურს იხილოს ის პატიმრობაში.“ – ასე შეაფასა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადება, როცა მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

 

ირაკლი კობახიძე არღვევს მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფციას – ადვოკატი

“მზიას მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება, ეს იყო საკუთარი ღირსების დაცვის აქტი” – სოფო ვერძეული

100 დღეზე მეტია ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურას საქმეში აქვს ერთადერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ აწნის ქალი სილას კაცს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებას წინასწარ, მოსამართლისგან დამოუკიდებლად გამოაქვს განაჩენი და ამტკიცებს, რომ „მზია ამაღლობელი უმკაცრესად დაისჯება“.

პლატფორმა „კომენტარის“ რედაქტორი, მართლმსაჯულების მკვლევარი სოფო ვერძეული ხსნის, რომ „მზია ამაღლობელის ქმედება იყო ღირსების დაცვის ქმედება“ და შეუძლებელია ეს თავდასხმად განვიხილოთ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კადრებს და ამ მომენტს წინ უძღვის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ჩაკარგულია ამ საქმეში. ბუნებრივია და ჩვენთვის ყველასთვის ცხადია, რომ მზიას მოქმედებას წინ უძღოდა ისეთი რამ, რაც ძალიან შეურაცხყოფდა მას.

ისიც ცხადია, რომ სილა, რომელსაც მზია იყენებს და, ზოგადად, სილის გაწვნაც, არის რაღაცა კუთხით ღირსების დაცვის გამოხატულება. ეს არ არის ძალადობრივი სილა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მზიას მოქმედებაში, ეს მისი მხრიდან არ იყო ვიღაცისთვის ტკივილის მიყენების ან ძალადობის განზრახვა.

ეს მზიას მხრიდან იყო საკუთარი ღირსების დაცვის ქმედება და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამას წინ უძღვის მოვლენები, რომელმაც ის ჩააგდო ამ მდგომარეობაში, რომ მისი ღირსების დაცვა ამ ფორმით გადაწყვიტა და ვიცით კიდეც, წინ რა უძღოდა – მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ის ხედავს მის გარშემო პოლიცია აკავებს მის ახლობლებს, მეგობრებს სრულიად უსაფუძვლოდ და ამ კონტექსტმა მას გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.

სამართლებრივადაც და მორალურადაც ჩემთვის ცხადია, რომ მზიას საქმის კვალიფიკაცია არის სრული აბსურდი სწორედ იმის გამო, რომ სილა, რომელიც ჩვენ კადრებში ვნახეთ, არ არის ძალადობრივი სილა. ის არის ღირსების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი.

მზიას მოტივაცია და მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება. და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ არ ყოფილა იმ ინტენსივობის ქმედება, რომელსაც შეუძლია რაღაცა ტიპის ტანჯვა, ტკივილი გამოიწვიოს, ვინც არ უნდა იყოს მისი ადრესატი და მით უმეტეს, როცა პოლიციელზეა საუბარი.

ჩემთვის ნათელია, რომ მზიას საქმე არის სრულად შეკერილი, ის არის რეჟიმის პატიმარი და ამ საქმის მოტივაცია პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.

თუ ასეთი აბსურდულია ეს საქმე, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა, რომ მზია ჰყავდეს პატიმრად.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გავიხენოთ მზიას საქმიანობა და „ბათუმელების“ საქმიანობა. არამხოლოდ რეგიონში, საქართველოს მასშტაბით.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, დამოუკიდებელი და ეთიკური მედია, რომელიც აშუქებდა და აშუქებს ყველაზე მწვავე პრობლემებს რეგიონში და საქართველოს მასშტაბითაც.

ეს მედიასაშუალება აფხიზლებს საზოგადოებას და ესაუბრება ყველაზე დაჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე ქვეყანაში. ეს პოლიტიკურად ძალიან მწვავე იყო ხელისუფლებისთვის.

თუმცა მხოლოდ ეს არგუმენტი არ არის პასუხი ამ კითხვაზე.

მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლება, მზიას ტყვეობაში დატოვებით, ცდილობს საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ მას შეუძლია ყველაზე აბსურდულ სამართლებრივ საქმეშიც კი დაიცვას თავისი პოზიცია და ქალი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს სრულიად უკანონოდ ტყვეობაში.

ამით ის თავის ძალაუფლებას აჩვენებს საზოგადოებას და ეუბნება, რომ ყველაზე აბსურდული სამართლებრივი ბრალდებითაც, მას შეუძლია იმდენად დიდი ძალაუფლება აქვს და იმდენად მტკიცეა თავის ძალაუფლებაში, რომ შეუძლია მზია ამაღლობელი 100 დღეზე მეტი დროით ჰყავდეს პოლიტიკურ პატიმრად.

ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს იმას, რომ მზია ამაღლობელი რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება მისი სოლიდარობის მიზნით აქციები: ადამიანები გამოხატავენ სოლიდარობას და ყველას ძალია კარგად ესმის, რომ თუ დღეს ვინმე აღშფოთებულია მზიას მხრიდან სილის გაწვნით, რეალურად ეს აღშფოთება არაფერს არ ეფუძნება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობის – მართლა ძალადობის, რეალური ძალადობის, ბევრად მძიმე კადრები ნახა, რომელზეც, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს აღშფოთება არ გამოუხატავთ, რომლებიც დგებუაძეს იცავენ.

თუ ვინმეს ძალადობა მართლა აღელვებს, მაშინ ეს უნდა გამოიხატოს იმ  პოლიტპატიმრების სოლიდარობაში, იმ ნაცემი და სახისძვლებდამტვრეული ადამიანების სოლიდარობაში, ვისაც უმოწყალოდ უსწორდებოდა პოლიცია თბილისის ქუჩებში და სხვა ქალაქებშიც.

"მზიას მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება, ეს იყო საკუთარი ღირსების დაცვის აქტი" - სოფო ვერძეული

მზიას სილის გაწვნა არ არის ძალადობრივი აქტი, ეს არის მზიას მხრიდან საკუთარი ღირსების დაცვის აქტი და შეუძლებელია ჩვენ ის გავუთანაბროთ ძალადობის იმ შინაარსს, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა იცნობს.

იმისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმად რაღაც ქმედება განვიხილოთ და დავაკვალიფიციროთ, მას უნდა ჰქონდეს რეალური შინაარსი, ძალადობრივი მიზანი. ამოცანა, რომ თავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა პოლიციელს რაღაც მიზნით – ან თავი დააღწიო მისგან, ან შურისძიება განახორციელო, ან როგორც მოწმე მოიშორო და ა.შ.

ფაქტია, რომ არცერთი ეს არგუმენტი და ქმედება მზიას ქმედებაში არ იკვეთება.

  • სასამართლო

ბუნებრივია, ყველა ეს საქმე, როგორც მზიას ისე სხვა პოლიტპატიმრების თავს იყრის სასამართლოში და პრინციპში მთელი უკანონობა ფორმდება სასამართლოებში. სასამართლოა ის, რომელიც ხელს აწერს საბოლოოდ უკანონობას. სასამართლომ მზიას აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა ისე, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენაც კი ფორმალურად დადასტურებული არ იყო.

ამიტომ მთელი ეს არგუმენტები, რომ შეიძლება მისი მხრიდან განმეორებით გადაცდომა ან დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და ა.შ. ფორმალურადაც კი არ იყო სამართლებრივად დადასტურებული.

რაც შემდეგ მოჰყვა მზიას საქმეს, მათ შორის მედიაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ამ საქმის დეტალებზე საუბარი, რომ თითქოს რაღაც დამატებით იციან, ასევე აჩვენებს, რომ ეს საქმე სასამართლოში და მართლმსაჯულებაში კი არ განიხილება, რეალურად სადღაც სხვაგან წყდება და სასამართლო ამ ყველაფერს ტექნიკურად, ნოტარიუსივით აფორმებს.

ეს ჩვენთვის ახალი არაა.

დღეს სასამართლო სისტემას სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“, ის იღებს დავალებებს და ასრულებს მას საკუთარი პირადი უსაფრთხოების მიზნით. რაღაცნაირად სასამართლო და „ქართული ოცნება“ ამ უსაფრთხოების გარანტიებს უცვლიან ერთმანეთს.

ასეთი საქმეები არის ყველაზე კარგი ტესტი, სადაც მოწმდება ერთგვარი შეთანხმება პოლიტიკურ ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას შორის. მზიას საქმე ამის ნათელი დადასტურებაა.

ახლახან ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციელმა მოქაჩა თმაში ახალგაზრდა გოგოს და მიაყენა ტკივილი. ამის შემდეგ რა მოხდა? ეს ადამიანი დაინიშნა მინისტრის პირველ მოადგილედ.

ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ვლაპარაკობდეთ ძალადობაზე, ვგმობდეთ ძალადობას და არ გვახსენდებოდეს რეალურად ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან, განსხვავებით დგებუაძისგან, რომელმაც მზია ამაღლობელისგან სილა მიიღ წინარე ქმედებების გამო. ამ ჟესტით მზია იცავდა მხოლოდ საკუთარ ღირსებას და არანაირი მიზანი მისთვის ტკივილის მიყენების, ბუნებრივია, არ ჰქონია.

ვინც ბავშვებს ასწავლის, ტრანსპორტს მართავს, ალაგებს ქუჩას, მათ აზრს არავინ ეკითხება – ალექს ჩიღვინაძე

„სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს – ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მსგავსი მედიის არსებობა, მათ, ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი. სამაგალითოდ არის დასჯილი“, – ამბობს ალექს ჩიღვინაძე, მწერალი და დრამატურგი. მან მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეზე თავისი დამოკიდებულება გაგვიზიარა და პროტესტზეც ისაუბრა.

ალექს ჩიღვინაძეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე შევხვდით.

„დღეს იმ სისასტიკეში, რაშიც თავი ამოვყავით, იმ ავტორიტარიზმში, რომელშიც გვიწევს ახლა ცხოვრება, უბრალოდ ახლა გახდა აშკარა, თორემ რეალურად პროცესის წინაშე ვიყავით. მოულოდნელი და გაუგებარია ის, რომ ასე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, გაუგებარია ადამიანურად. შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს, რომ მზია ამაღლობელი ზის ასზე მეტი დღეა უკვე არაფრის გამო…

მათაც კი უჭირთ იმ საბაბის გამართლება, რაც თვითონ მოიგონეს, ჯერ სილა იყო, შემდეგ ზარი, რომელიც გაისმა სადღაც შორიდან.

რატომ არის მზია უკანონო პატიმარი – მგონია, რომ ამის ახსნა საზოგადოებას არ სჭირდება. ძალიან რთულია მოძებნო სიტყვები ამის ასახსნელად. ეს იმდენად აშკარაა, ეს იმდენად ადამიანურია, ამას არც სჭირდება არანაირი ახსნა – ნახეთ, როგორ ცდილობენ ამ პატიმრობის გამართლებას. პროპაგანდა გვეუბნება, აი თავს დაესხა პოლიციელს, როგორ დაესხა თავს პოლიციელს, როცა არ არის დაზარალებული, აუწითლდა თუ არა ლოყა კონკრეტულ პოლიციელს? – კადრებში ჩანს, რომ არ აუწითლდა, თუ ამ კამათში შევალთ, მაგრამ ამ კამათში როგორ უნდა შევიდეთ…

ჩვენ ვნახეთ: მზია დააკავეს იმის გამო, რომ მან კედელზე მიაკრა ფურცელი, ამ ფურცელს კვალიც კი არ დაუტოვებია და ის ამის გამო შეიყვანეს, შენობაზე რაღაც ფურცლის გაკვრის გამო, რომელიც კვალსაც კი არ ტოვებს, არც კი აზიანებს შენობის ფასადს. შეიძლება ამის გამო ადამიანი დააკავო. ეს იყო ხომ საწყისი წერტილი და მგონია, რომ სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს, ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომელიც ყოველთვის წერს და აშუქებს სიმართლეს, არის პრინციპული და მისაბაძი. შესაბამისად, მსგავსი მედიის არსებობა ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი.“

ალექს ჩიღვინაძე მიიჩნევს, რომ მზიას მსგავსად სამაგალითოდ არის დასჯილი ყველა პოლიტპატიმარი:

„მზიას გარდა ის 50 პატიმარი, თუნდაც მეტი სამაგალითოდ არიან დასჯილები, რადგან ამბობენ, რომ ისინი არიან მსხვერპლი და ჩვენ ჰუმანურად უნდა მოვექცეთ მათ, მაგრამ სრულიად გაუგებარი ბრალდებით. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არიან დაკავებულები, მაგრამ არ არსებობს მათ მიერ დაზარალებული, არ არსებობს ის ზიანი, რაზეც ლაპარაკობენ. საღი აზროვნება და ნამუსი ვისაც შერჩენია ხვდება, რეალურად რაშია საქმე, თუმცა ძალიან რთულია.

აი ასეთი აშკარაა თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ ამის გასაგებადაც ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს, იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგ, ჩვენი უფასო სიმართლის წინააღმდეგ წლებია უამრავი ფული და პროპაგანდის სხვადასხვა საშუალება ართულებს ამ ყველაფერს.

ალექს ჩიღვინაძის აზრით, პროტესტი ახალ, უფრო ორგანიზებულ ფაზაში უნდა გადავიდეს:

„საჭიროა პროტესტის უფრო ორგანიზებულ ფაზაში გადასვლა. რაც შეეხება მუხტს, პროტესტს და წინააღმდეგობას, ის ადამიანები არსად წასულან, ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში თვეების წინ, ისინი ისევ საქართველოში ცხოვრობენ და ისევ აქვთ პროტესტის განცდა და შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდა ეს.

არის ადამიანური მომენტი, მათ უწევთ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. ჩათვალეს, რომ ყოველდღიურ პროტესტს შეიძლება რაღაც უეცარი შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ კალაპოტი მიეცემა ამ ყველაფერს. ისინი ეძებენ საჭირო მომენტს, გონივრულ ადგილს და დროს, როდესაც შეძლებენ თავისი პროტესტის დაფიქსირებას, მათ დააფიქსირეს მათი ხმა და არავინ შეისმინა – დღეს ეს აშკარაა.

ჩვენ უკვე წლებია ვუყურებთ, რომ ადამიანები, ვისზეც რეალურად დგას ეს ქვეყანა, მათზე, ვინც ასწავლის ბავშვებს, ვინც მართავს ტრანსპორტს, ვინც ალაგებს ქუჩებს, ამ ადამიანების ხმა არ ისმის, რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა მოითხოვონ, მათ აზრს არავინ ეკითხება.“

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 აპრილის 21 საათიდან 28 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი;

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში

  • დღისით: 6 – 11 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 29 და 30 აპრილს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 27 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 948 640 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 030]
  • ტანკი – 10 719 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 325 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 27 007 ერთეული [+42]
  • MLRS – 1 373 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 145 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 34 011 ერთეული [+114]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 187 ერთეული [+136]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 821 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 553 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 615 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

“სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული” – რაზე ისაუბრეს ტრამპმა და ზელენსკიმ ვატიკანში

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რატომ არის გადაკეტილი დელფინარუმიდან ბულვარის პრომენადამდე გადასასვლელი

ბოლო ერთი კვირის მანძილზე „ბათუმელებს“ მოქალაქეებმა არაერთი ფოტო და ვიდეომასალა მოაწოდეს, სადაც ასახულია ბათუმის დელფინარიუმის მიმდებარედ, რუსთაველის ქუჩიდან ბულვარის პრომენადამდე შემოღობილი გადასასვლელი და მის მიმდებარედ გამწვანებული ნაწილი. ბულვარის მხარეს ღობე ველობილიკთან წყდება.

მოქალაქეებს აინტერესებთ, რატომ ჩაიკეტა გადასასვლელი და მასთან ერთად ბულვარის მწვანე სივრცე.

შემოღობილია გამწვანებული სივრცე  დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ბულვარის პრომენადამდე 

რუსთაველის ქუჩაზე, სასტუმრო „ჰილტონის“ გვერდით, #40 ა-ში, კომპანია „ორბი“ ცათამბჯენის მშენებლობას  გეგმავს. მიწის ნაკვეთი სამშენებლო ღობით არის შემოსაზღვრული. აქვე, რუსთაველის #42- ში კი შპს „ალიანსმა“ თავისი ცათამბჯენის კარკასის მშენებლობა უკვე დაასრულა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს აწარმოებს. ამ შენობის გვერდით, #44-ში, კიდევ ერთი მიწის ნაკვეთია შემოღობილი, სადაც 180 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას ასევე „ორბი“ გეგმავს.

სწორედ ამ ნაკვეთის უკან შემოღობილია კიდევ ერთი ნაკვეთი და მის გასწვრივ ბულვარის ალეას ნაწილი თავისი ზებრა გადასასვლელით.  ეს ადგილი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და როგორც ადგილზე გვითხრეს, აქ სანიაღვრე არხებს ცვლიან. ვინ ასრულებს სამუშაოებს და როდის დასრულდება ის, ბათუმის მერიაში ვიკითხეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.  

პრომენადის მხარეს წითლად შემოხაზულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია, მის წინ, რუსთაველის ქუჩის მხარეს „ორბის“  მიწის ნაკვეთია, სადაც მშენებლობას იწყებს.

 

„ორბის“ კომპანიებმა აქ, ბათუმის ბულვარსა და ნურის ტბას შორის, „ალიანს ფრივილიჯის“ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე ორი ცათამბჯენის აშენება რამდენიმე წლის წინ დაგეგმეს. სამშენებლო მიწის ნაკვეთების განაშენიანების გეგმა-კონცეფციები ბათუმის საკრებულომ ჯერ კიდევ 2022 წელს დაამტკიცა.

რენდერი – პროექტის საერთო ფართობი: 137072.5 კვ.მეტრია

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას [სგშ-ს] არ დაექვემდებარა.

სგშ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა.  ის მოიცავს სკოპინგს, სგშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან, კონსულტაციების გამართვას და მათგან მიღებული რეკომენდაციებისა და შეფასების შედეგების მხედველობაში მიღებას დოკუმენტის დამტკიცებისას.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საკრებულომ მიწის ნაკვეთების განაშენიანების კონცეფცია სგშ-ს პროცედურების გარეშე დაამტკიცა.

რენდერი

რუსთაველის #44-ში სამშენებლო ნაკვეთის ოფიციალური მფლობელი შპს „ვესტინვესტია“. კომპანიის 100 პროცენტს „ორბი ლოჯისტიკ ჯგუფი“ ფლობს. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 3508 კვ.მეტრია. კომპანია აქ კოშკის ტიპის 61-სართულიანი შენობის აგებას გეგმავს, რომელიც 16 მეტრი სიმაღლის, 3-სართულიან სტილობატზე იქნება განთავსებული. გეგმის თანახმად, მიწისქვეშა სართულზე მოაწყობენ პარკინგს, რომელიც 154 მანქანაზეა გათვლილი. ამ შენობის სიმაღლეც 180 მეტრი იქნება.

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 26 აპრილი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 947 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 110]
  • ტანკი – 10 711 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 22 320 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 26 965 ერთეული [+70]
  • MLRS – 1 372 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 145 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 33 897 ერთეული [+118]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 196 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 46 051 ერთეული [+145]
  • სპეცტექნიკა – 3 860 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 26 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 661 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 53 821 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 048 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 553 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 152 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 34 615 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„პუტინს 9 მაისამდე წარმატების მიღწევა უნდოდა და ხელში არაფერი შერჩა“ – ინტერვიუ გენერალთან

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook
Exit mobile version