მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე

29.04.2025
სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს ბავშვის ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება – PHR ბინების ჩხრეკაზე

„სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR.

ორგანიზაცია ეხმიანება დღეს, 29 აპრილს, პოლიციის მიერ ფიზიკური პირების სახლების ჩხრეკას, რაც ბავშვის თანდასწრებით განხორციელდა.

„2025 წლის 29 აპრილს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დაიწყეს უფლებადამცველთა და სამოქალაქო აქტივისტთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ორსული მარიამ ბაჯელიძე თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად.

საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ტარდება მაშინ, როდესაც ადგილზე იმყოფებიან ბავშვები ან ორსული ქალები, შეუთავსებელია ბავშვთა უფლებებთან და მათ საუკეთესო ინტერესებთან. სახელმწიფოს ევალება, რომ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებების დროს გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მათი ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება.

ამასთან, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები წარმოადგენს იმ რეპრესიული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების დაშინებას, დისკრედიტაციასა და საჯარო სივრცეში მათი საქმიანობის შეზღუდვას“ – აცხადებს PHR.

ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფო ვალდებულია:

▪️ თავი შეიკავოს უფლებადამცველთა საქმიანობის გამო მათი უფლებების დარღვევისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედებისგან;

▪️ დაიცვან უფლებადამცველები მესამე პირების მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან;

▪️ გაატარონ  ღონისძიებები უფლებადამცველთა მიერ საკუთარი უფლებების (მათ შორის, მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა დაცვის) სრული რეალიზაციის ხელშესაწყობად;

▪️ შექმნან უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემო, სადაც უფლებადამცველებს  ექნებათ დაცულობის განცდა და დაუბრკოლებლად საქმიანობის შესაძლებლობა.

ნაცვლად ამისა სახელმწიფო აგრძელებს რეპრესიებს, რათა დაასუსტოს ქალი უფლებადამცველების და  აქტივისტების საქმიანობა“ – აცხადებს PHR.

___________________

მთავარ ფოტოზე: PHR-ის მიერ მომზადებული ილუსტრაცია/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: