დღეს, 29 აპრილს, 6 თვის ფეხმძიმე მარიამ ბაჯელიძესთან, რომელიც სახლში 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დილის ცხრის წუთებზე, სახლში მივიდნენ და ჩხრეკა დაიწყეს.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში მარიამ ბაჯელიძე, რომელიც „სირცხვილიას“ ყოფილი წევრია, ამბობს, რომ დაახლოებით ცხრის წუთებზე კარზე ბრახუნი იყო, ქალის ხმა იყო, რომელმაც უთხრა, რომ იყო მეზობელი, თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მეზობელი არ იყო და ასევე დაინახა სამი ადამიანი, მათ შორის, თვალი მოჰკრა პოლიციის სამხრე კამერებსაც.
„ვკითხე, რა ხდება მეთქი და მერე მითხრეს, რომ პროკურატურიდან არიან და აქვთ ჩხრეკის უფლება, მათ შორის უფლება აქვთ, რომ ძალისმიერი მეთოდით შემოვიდნენ სახლში, ამიტომ სჯობს, რომ კარი გავუღო.
ადვოკატთან დაკავშირება ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე და იმის გამო, რომ 7 წლის შვილთან ერთად ვიყავი სახლში, დამატებითი სტრესის თავიდან არიდების გამო, სახლში შემოვუშვი.
მათი მთავარი მიზანი იყო, ამოეღოთ ჩემი მობილური ტელეფონი. დავიწყე ვიდეოს გადაღება და შემდეგ გავედი ლაივში, ამან ძალიან გააღიზიანა ისინი და მითხრეს, რომ არ მქონდა გადაღების უფლება და უნდა ჩამოერთვათ ტელეფონი, არ ვაძლევდი ნებით, მაგრამ წამართვეს“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.
მარიამ ბაჯელიძის თქმით, მას უთხრეს, რომ არიან საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებაზე და, ასევე, უხსენებს კანონი უცხოეთიდან დაფინანსების შესახებ.
ვუთხარი, რომ ეს ვატო შაქარაშვილის მიერ წამოწყებული აფიორის ნაწილია-მეთქი? და დამეთანხმნენ, რომ იგივე საქმეა. ამასობაში გავიგე, რომ ნანუკა ჟორჟოლიანთანაც შესულან და მივხვდი, რომ სპეცოპერაციის მასშტაბი უნდოდათ რომ წარმოეჩინათ და შემდეგ უკვე დაიწყეს სახლის ჩხრეკა.
მითხრეს, რომ ეძებდნენ რაიმე ტიპის ელექტრონულ ნივთს და ასევე ეძებდნენ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებას ან ასევე ნივთს და როცა მოვიდა ადვოკატი, შემდეგ აღარ მოჰყოლია ამას რაიმე განსაკუთრებული მოქმედებები, ძალიან ზედაპირულად ჩაატარეს, იცოდნენ, რომ მობილური იყო მთავარი რაც უნდა ამოეღოთ. ლეპტოპზე მეუბნებოდნენ, რომ შეგვიძლია არც წავიღოთო, მაგრამ, ბოლოს იმსჯელეს და გადაწყვიტეს რომ ლეპტოპიც წაეღოთ.
ტელეფონის მიმართ ჰქონდათ განსაკუთრებული ინტერესები, მეუბნებოდნენ, კოდს თუ გვეტყვი უფრო მალე დაგიბრუნებთ, ცხადია, რომ არ ვუთხარი კოდი.
თითქოს ცდილობდნენ კეთილგანწყობის შენარჩუნებას, მაგრამ ის, რომ დილით შემოვარდნენ, ფაქტობრივად მძინარეს დაგვადგნენ, ამის საჭიროება რეალურად არ იყო.
წყნარად რომ მოსულიყვნენ და მოეთხოვათ, ამ მობილურსაც მივუტანდი, ამხელა ძალა რომ არ მოსულიყო და კარი არ ჩამოეღოთ ბრახუნით, ასევე წყნარად დავუღებდი, მაგის პრობლემა არ მქონდა, რადგან დასამალი არაფერი არ მაქვს“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.
მისი თქმით, ეს ჩხრეკაც არის დაშინების მცდელობა.
„ასევე, მათ ამომრჩეველს თუ მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადამიანებს უნდათ აჩვენონ, რომ თითქოს ქვეყანაში არსებობს ჯგუფი თუ ჯგუფები, რომლებიც ქვეყნის საბოტაჟირებას ცდილობენ.
ამ ფარსს რაც დღეს მოხდა, სხვა დანიშნულება არა მგონია, რომ ჰქონდეს. მე რომ კრიმინალი არ ვარ, ამაში დარწმუნებული ვარ, თავადაც არიან დარწმუნებული, რომ კრიმინალის სახლში არ შემოსულან და აქ რაიმე განსაკუთრებული არ დახვდებოდათ“ – ამბობს მარიამ ბაჯელიძე.
- რა ხდება?
29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.
მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.
„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.
ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.
ვიდეო:






