100 დღეზე მეტია ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.
ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურას საქმეში აქვს ერთადერთი კადრი, სადაც ჩანს, როგორ აწნის ქალი სილას კაცს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო თავდასხმა, ხოლო „ოცნების“ ხელისუფლებას წინასწარ, მოსამართლისგან დამოუკიდებლად გამოაქვს განაჩენი და ამტკიცებს, რომ „მზია ამაღლობელი უმკაცრესად დაისჯება“.
პლატფორმა „კომენტარის“ რედაქტორი, მართლმსაჯულების მკვლევარი სოფო ვერძეული ხსნის, რომ „მზია ამაღლობელის ქმედება იყო ღირსების დაცვის ქმედება“ და შეუძლებელია ეს თავდასხმად განვიხილოთ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კადრებს და ამ მომენტს წინ უძღვის მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც ჩაკარგულია ამ საქმეში. ბუნებრივია და ჩვენთვის ყველასთვის ცხადია, რომ მზიას მოქმედებას წინ უძღოდა ისეთი რამ, რაც ძალიან შეურაცხყოფდა მას.
ისიც ცხადია, რომ სილა, რომელსაც მზია იყენებს და, ზოგადად, სილის გაწვნაც, არის რაღაცა კუთხით ღირსების დაცვის გამოხატულება. ეს არ არის ძალადობრივი სილა. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ მზიას მოქმედებაში, ეს მისი მხრიდან არ იყო ვიღაცისთვის ტკივილის მიყენების ან ძალადობის განზრახვა.
ეს მზიას მხრიდან იყო საკუთარი ღირსების დაცვის ქმედება და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამას წინ უძღვის მოვლენები, რომელმაც ის ჩააგდო ამ მდგომარეობაში, რომ მისი ღირსების დაცვა ამ ფორმით გადაწყვიტა და ვიცით კიდეც, წინ რა უძღოდა – მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ის ხედავს მის გარშემო პოლიცია აკავებს მის ახლობლებს, მეგობრებს სრულიად უსაფუძვლოდ და ამ კონტექსტმა მას გადაადგმევინა ეს ნაბიჯი.
სამართლებრივადაც და მორალურადაც ჩემთვის ცხადია, რომ მზიას საქმის კვალიფიკაცია არის სრული აბსურდი სწორედ იმის გამო, რომ სილა, რომელიც ჩვენ კადრებში ვნახეთ, არ არის ძალადობრივი სილა. ის არის ღირსების დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი.
მზიას მოტივაცია და მიზანი არ ყოფილა პოლიციელის დაზიანება. და ვერც იქნებოდა, იმიტომ, რომ არ ყოფილა იმ ინტენსივობის ქმედება, რომელსაც შეუძლია რაღაცა ტიპის ტანჯვა, ტკივილი გამოიწვიოს, ვინც არ უნდა იყოს მისი ადრესატი და მით უმეტეს, როცა პოლიციელზეა საუბარი.
ჩემთვის ნათელია, რომ მზიას საქმე არის სრულად შეკერილი, ის არის რეჟიმის პატიმარი და ამ საქმის მოტივაცია პოლიტიკურია და არა სამართლებრივი.
თუ ასეთი აბსურდულია ეს საქმე, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ გადაწყვიტა რეჟიმმა, რომ მზია ჰყავდეს პატიმრად.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებლად უნდა გავიხენოთ მზიას საქმიანობა და „ბათუმელების“ საქმიანობა. არამხოლოდ რეგიონში, საქართველოს მასშტაბით.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, დამოუკიდებელი და ეთიკური მედია, რომელიც აშუქებდა და აშუქებს ყველაზე მწვავე პრობლემებს რეგიონში და საქართველოს მასშტაბითაც.
ეს მედიასაშუალება აფხიზლებს საზოგადოებას და ესაუბრება ყველაზე დაჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობაზე ქვეყანაში. ეს პოლიტიკურად ძალიან მწვავე იყო ხელისუფლებისთვის.
თუმცა მხოლოდ ეს არგუმენტი არ არის პასუხი ამ კითხვაზე.
მე ვფიქრობ, რომ ძალაუფლება, მზიას ტყვეობაში დატოვებით, ცდილობს საზოგადოებას გაუგზავნოს მესიჯი, რომ მას შეუძლია ყველაზე აბსურდულ სამართლებრივ საქმეშიც კი დაიცვას თავისი პოზიცია და ქალი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს სრულიად უკანონოდ ტყვეობაში.
ამით ის თავის ძალაუფლებას აჩვენებს საზოგადოებას და ეუბნება, რომ ყველაზე აბსურდული სამართლებრივი ბრალდებითაც, მას შეუძლია იმდენად დიდი ძალაუფლება აქვს და იმდენად მტკიცეა თავის ძალაუფლებაში, რომ შეუძლია მზია ამაღლობელი 100 დღეზე მეტი დროით ჰყავდეს პოლიტიკურ პატიმრად.
ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს იმას, რომ მზია ამაღლობელი რჩება პოლიტიკურ პატიმრობაში, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ არ წყდება მისი სოლიდარობის მიზნით აქციები: ადამიანები გამოხატავენ სოლიდარობას და ყველას ძალია კარგად ესმის, რომ თუ დღეს ვინმე აღშფოთებულია მზიას მხრიდან სილის გაწვნით, რეალურად ეს აღშფოთება არაფერს არ ეფუძნება, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ბოლო თვეების განმავლობაში ძალადობის – მართლა ძალადობის, რეალური ძალადობის, ბევრად მძიმე კადრები ნახა, რომელზეც, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს აღშფოთება არ გამოუხატავთ, რომლებიც დგებუაძეს იცავენ.
თუ ვინმეს ძალადობა მართლა აღელვებს, მაშინ ეს უნდა გამოიხატოს იმ პოლიტპატიმრების სოლიდარობაში, იმ ნაცემი და სახისძვლებდამტვრეული ადამიანების სოლიდარობაში, ვისაც უმოწყალოდ უსწორდებოდა პოლიცია თბილისის ქუჩებში და სხვა ქალაქებშიც.
მზიას სილის გაწვნა არ არის ძალადობრივი აქტი, ეს არის მზიას მხრიდან საკუთარი ღირსების დაცვის აქტი და შეუძლებელია ჩვენ ის გავუთანაბროთ ძალადობის იმ შინაარსს, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა იცნობს.
იმისთვის, რომ პოლიციელზე თავდასხმად რაღაც ქმედება განვიხილოთ და დავაკვალიფიციროთ, მას უნდა ჰქონდეს რეალური შინაარსი, ძალადობრივი მიზანი. ამოცანა, რომ თავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავს დაესხა პოლიციელს რაღაც მიზნით – ან თავი დააღწიო მისგან, ან შურისძიება განახორციელო, ან როგორც მოწმე მოიშორო და ა.შ.
ფაქტია, რომ არცერთი ეს არგუმენტი და ქმედება მზიას ქმედებაში არ იკვეთება.
- სასამართლო
ბუნებრივია, ყველა ეს საქმე, როგორც მზიას ისე სხვა პოლიტპატიმრების თავს იყრის სასამართლოში და პრინციპში მთელი უკანონობა ფორმდება სასამართლოებში. სასამართლოა ის, რომელიც ხელს აწერს საბოლოოდ უკანონობას. სასამართლომ მზიას აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა ისე, რომ მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენაც კი ფორმალურად დადასტურებული არ იყო.
ამიტომ მთელი ეს არგუმენტები, რომ შეიძლება მისი მხრიდან განმეორებით გადაცდომა ან დანაშაული ყოფილიყო ჩადენილი და ა.შ. ფორმალურადაც კი არ იყო სამართლებრივად დადასტურებული.
რაც შემდეგ მოჰყვა მზიას საქმეს, მათ შორის მედიაში პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან ამ საქმის დეტალებზე საუბარი, რომ თითქოს რაღაც დამატებით იციან, ასევე აჩვენებს, რომ ეს საქმე სასამართლოში და მართლმსაჯულებაში კი არ განიხილება, რეალურად სადღაც სხვაგან წყდება და სასამართლო ამ ყველაფერს ტექნიკურად, ნოტარიუსივით აფორმებს.
ეს ჩვენთვის ახალი არაა.
დღეს სასამართლო სისტემას სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“, ის იღებს დავალებებს და ასრულებს მას საკუთარი პირადი უსაფრთხოების მიზნით. რაღაცნაირად სასამართლო და „ქართული ოცნება“ ამ უსაფრთხოების გარანტიებს უცვლიან ერთმანეთს.
ასეთი საქმეები არის ყველაზე კარგი ტესტი, სადაც მოწმდება ერთგვარი შეთანხმება პოლიტიკურ ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას შორის. მზიას საქმე ამის ნათელი დადასტურებაა.
ახლახან ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიციელმა მოქაჩა თმაში ახალგაზრდა გოგოს და მიაყენა ტკივილი. ამის შემდეგ რა მოხდა? ეს ადამიანი დაინიშნა მინისტრის პირველ მოადგილედ.
ამიტომ შეუძლებელია ჩვენ ვლაპარაკობდეთ ძალადობაზე, ვგმობდეთ ძალადობას და არ გვახსენდებოდეს რეალურად ის ადამიანები, რომლებიც არიან ძალადობის მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან, განსხვავებით დგებუაძისგან, რომელმაც მზია ამაღლობელისგან სილა მიიღ წინარე ქმედებების გამო. ამ ჟესტით მზია იცავდა მხოლოდ საკუთარ ღირსებას და არანაირი მიზანი მისთვის ტკივილის მიყენების, ბუნებრივია, არ ჰქონია.