მთავარი,სიახლეები

ვინც ბავშვებს ასწავლის, ტრანსპორტს მართავს, ალაგებს ქუჩას, მათ აზრს არავინ ეკითხება – ალექს ჩიღვინაძე

27.04.2025 •
ვინც ბავშვებს ასწავლის, ტრანსპორტს მართავს, ალაგებს ქუჩას, მათ აზრს არავინ ეკითხება – ალექს ჩიღვინაძე

„სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს – ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“. მსგავსი მედიის არსებობა, მათ, ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი. სამაგალითოდ არის დასჯილი“, – ამბობს ალექს ჩიღვინაძე, მწერალი და დრამატურგი. მან მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეზე თავისი დამოკიდებულება გაგვიზიარა და პროტესტზეც ისაუბრა.

ალექს ჩიღვინაძეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციაზე შევხვდით.

„დღეს იმ სისასტიკეში, რაშიც თავი ამოვყავით, იმ ავტორიტარიზმში, რომელშიც გვიწევს ახლა ცხოვრება, უბრალოდ ახლა გახდა აშკარა, თორემ რეალურად პროცესის წინაშე ვიყავით. მოულოდნელი და გაუგებარია ის, რომ ასე უცებ მოხდა ეს ყველაფერი, გაუგებარია ადამიანურად. შეუძლებელია ადამიანმა იცოდეს, რომ მზია ამაღლობელი ზის ასზე მეტი დღეა უკვე არაფრის გამო…

მათაც კი უჭირთ იმ საბაბის გამართლება, რაც თვითონ მოიგონეს, ჯერ სილა იყო, შემდეგ ზარი, რომელიც გაისმა სადღაც შორიდან.

რატომ არის მზია უკანონო პატიმარი – მგონია, რომ ამის ახსნა საზოგადოებას არ სჭირდება. ძალიან რთულია მოძებნო სიტყვები ამის ასახსნელად. ეს იმდენად აშკარაა, ეს იმდენად ადამიანურია, ამას არც სჭირდება არანაირი ახსნა – ნახეთ, როგორ ცდილობენ ამ პატიმრობის გამართლებას. პროპაგანდა გვეუბნება, აი თავს დაესხა პოლიციელს, როგორ დაესხა თავს პოლიციელს, როცა არ არის დაზარალებული, აუწითლდა თუ არა ლოყა კონკრეტულ პოლიციელს? – კადრებში ჩანს, რომ არ აუწითლდა, თუ ამ კამათში შევალთ, მაგრამ ამ კამათში როგორ უნდა შევიდეთ…

ჩვენ ვნახეთ: მზია დააკავეს იმის გამო, რომ მან კედელზე მიაკრა ფურცელი, ამ ფურცელს კვალიც კი არ დაუტოვებია და ის ამის გამო შეიყვანეს, შენობაზე რაღაც ფურცლის გაკვრის გამო, რომელიც კვალსაც კი არ ტოვებს, არც კი აზიანებს შენობის ფასადს. შეიძლება ამის გამო ადამიანი დააკავო. ეს იყო ხომ საწყისი წერტილი და მგონია, რომ სხვა სარჩული აქვს ამ ყველაფერს, ეს არის „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომელიც ყოველთვის წერს და აშუქებს სიმართლეს, არის პრინციპული და მისაბაძი. შესაბამისად, მსგავსი მედიის არსებობა ამ ტიპის რეჟიმებს არ აწყობთ და სწორედ ესაა მზიას პატიმრობის მიზეზი.“

ალექს ჩიღვინაძე მიიჩნევს, რომ მზიას მსგავსად სამაგალითოდ არის დასჯილი ყველა პოლიტპატიმარი:

„მზიას გარდა ის 50 პატიმარი, თუნდაც მეტი სამაგალითოდ არიან დასჯილები, რადგან ამბობენ, რომ ისინი არიან მსხვერპლი და ჩვენ ჰუმანურად უნდა მოვექცეთ მათ, მაგრამ სრულიად გაუგებარი ბრალდებით. ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს არ იცნობენ, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არიან დაკავებულები, მაგრამ არ არსებობს მათ მიერ დაზარალებული, არ არსებობს ის ზიანი, რაზეც ლაპარაკობენ. საღი აზროვნება და ნამუსი ვისაც შერჩენია ხვდება, რეალურად რაშია საქმე, თუმცა ძალიან რთულია.

აი ასეთი აშკარაა თითქოს ერთი შეხედვით, მაგრამ ამის გასაგებადაც ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს, იმიტომ, რომ ამის წინააღმდეგ, ჩვენი უფასო სიმართლის წინააღმდეგ წლებია უამრავი ფული და პროპაგანდის სხვადასხვა საშუალება ართულებს ამ ყველაფერს.

ალექს ჩიღვინაძის აზრით, პროტესტი ახალ, უფრო ორგანიზებულ ფაზაში უნდა გადავიდეს:

„საჭიროა პროტესტის უფრო ორგანიზებულ ფაზაში გადასვლა. რაც შეეხება მუხტს, პროტესტს და წინააღმდეგობას, ის ადამიანები არსად წასულან, ასიათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში თვეების წინ, ისინი ისევ საქართველოში ცხოვრობენ და ისევ აქვთ პროტესტის განცდა და შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდა ეს.

არის ადამიანური მომენტი, მათ უწევთ გაუმკლავდნენ ყოველდღიურ პრობლემებს. ჩათვალეს, რომ ყოველდღიურ პროტესტს შეიძლება რაღაც უეცარი შედეგი არ მოჰყვეს, მაგრამ კალაპოტი მიეცემა ამ ყველაფერს. ისინი ეძებენ საჭირო მომენტს, გონივრულ ადგილს და დროს, როდესაც შეძლებენ თავისი პროტესტის დაფიქსირებას, მათ დააფიქსირეს მათი ხმა და არავინ შეისმინა – დღეს ეს აშკარაა.

ჩვენ უკვე წლებია ვუყურებთ, რომ ადამიანები, ვისზეც რეალურად დგას ეს ქვეყანა, მათზე, ვინც ასწავლის ბავშვებს, ვინც მართავს ტრანსპორტს, ვინც ალაგებს ქუჩებს, ამ ადამიანების ხმა არ ისმის, რაც არ უნდა თქვან, რაც არ უნდა მოითხოვონ, მათ აზრს არავინ ეკითხება.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: