დღეს, 29 აპრილს, დილას, პოლიციამ რამდენიმე პირის სახლი გაჩხრიკა. მათ შორისაა „ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი და უფლებადამცველი ალეკო ცქიტიშვილი, რომელიც ჯერ ავტობუსიდან ჩამოსვეს და გაჩხრიკეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, შემდეგ კი სახლი გაუჩხრიკეს და წაიღეს ლეპტოპი.
„სამსახურში მივდიოდი, ჩამომიყვანეს ავტობუსიდან და ქუჩაში გამჩხრიკეს. ამოიღეს მობილური ტელეფონი და ჩხრეკის დასრულებისას გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას.
ამოვიდნენ სახლში და გაჩხრიკეს სახლიც და წაიღეს ჩემი სამსახურებრივი ლეპტოპი და ასევე, რამდენიმე ჩანაწერი.
როგორც განჩინებაში წავიკითხე, ეს არის 318-ე მუხლი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე.
მე ვარ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის წევრი, მაგრამ უკვე ეჭვი მაქვს, რომ აქ უკვე საუბარია არა მარტო „ადამიანის უფლებათა სახლზე“, არამედ წევრ ორგანიზაციებზეც, – „ადამიანის უფლებათა ცენტრზე“, „საფარზე“ და სხვა წევრ ორგანიზაციებზე, რომლებიც წარმოვადგენთ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლს“ და რეპრესიები იქნება ჩვენ წინააღმდეგაც უახლოეს პერიოდში. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს რეპრესიები გაგრძელდება.
საქმიანობას ვაგრძელებთ, არავის არ ეშინია ივანიშვილის რუსული რეჟიმის და მისი დაქირავებული მსახურების, რომლებიც დღეს იყვნენ ჩემთან „სტუმრად“. შესაბამისად, ეს ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ გაგრძელდება“ – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.
დღეს, დილის ცხრა საათამდე პოლიცია, პროკურატურის წარმომადგენლები და სუს-ი შევიდა ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკის მიზნით და ასევე მარიამ ბაჯელიძის სახლში, რომელიც 7 წლის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ბაჯელიძე, „სირცხვილიას“ ყოფილი წევრი, 6 თვის ფეხმძიმეა.
- რა ხდება?
29 აპრილს, დილას, ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის („სირცხვილიას“ ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა დაიწყო. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც საპროტესტო აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.
მოგვიანებით, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რომ ჩხრეკა „გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით“ ჩაატარეს.
„სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
თითქმის ყველა ადამიანი, ვის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, მიუთითებს, რომ გამომძიებლის მთავარ ინტერესს ტელეფონების და კომპიუტერული ტექნიკის ამოღება წარმოადგენდა და სხვა მხრივ სახლებში ჩხრეკას ზედაპირული ხასიათი ჰქონდა.
ჩხრეკის საფუძვლად პროკურატურა მუხლებს ასახელებს, რომლებზეც პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული “ნეიტრალური საქართველოს” მიმართვის საფუძველზე. ამ ორგანიზაციის ლიდერი ვატო შაქარაშვილია.






